რომაელებისთვის მიწერილი წერილი
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მოციქულმა პავლემ რომაელ ქრისტიანებს მისწერა. პავლეს ავტორობა სადავო არასდროს გამხდარა. ბიბლეისტთა უმრავლესობა აღიარებს, რომ ის არის წმინდა კანონის ნაწილი, გარდა იმ ბიბლეისტებისა, რომელთა მრწამსსაც წიგნში ჩაწერილი არ შეესაბამება. წერილი სრულად ეთანხმება წმინდა წერილების დანარჩენ წიგნებს. პავლეს მრავალი ციტატა და აზრი მოჰყავს ებრაული წერილებიდან. ამიტომ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ წერილი დაფუძნებულია ებრაულ წერილებსა და ქრისტეს სწავლებებზე.
სად და როდის დაიწერა. წერილი დაახლ. ახ. წ. 56 წელს პავლემ, როგორც ჩანს, ტერტიოსის ხელით დაწერა კორინთში (რმ. 16:22) და, შესაძლოა, საპორტო ქალაქ კორინთიდან დაახლოებით 11 კმ-ის მოშორებით კენქრეში მცხოვრებ ფებეს გაატანა (რმ. 16:1). როგორც 1:9—15 მუხლებიდან ჩანს, პავლე ამ დროისთვის რომში ჯერ არ იყო ნამყოფი. აგრეთვე არსებობს მტკიცებები, რომ პეტრე იქ არასდროს ყოფილა (იხ. პეტრეს წერილები).
რომში კრების ჩამოყალიბება. რომში კრება, როგორც ჩანს, ჩამოაყალიბეს იქ მცხოვრებმა იუდეველებმა და პროზელიტებმა, რომლებიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში იყვნენ, წმინდა სულის სასწაულებრივი გადმოსვლის თვითმხილველნი გახდნენ და პეტრესა და იქ შეკრებილი ქრისტიანების წარმოთქმული სიტყვა მოისმინეს (სქ. 2). ან შესაძლოა ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობა მოგვიანებით გაქრისტიანებულებმა გაავრცელეს რომში, რადგან ეს დიდი ქალაქი იმპერიის ცენტრი იყო, ბევრი გადადიოდა იქ საცხოვრებლად და ბევრი მოგზაური და ვაჭარი ჩადიოდა. პავლე პატივისცემით უთვლის მოკითხვებს თავის ნათესავებს, ანდრონიკესა და იუნიას, მასთან ერთად პატიმრობაში მყოფთ, რომელთაც „მოციქულები კარგი სახელით“ იცნობდნენ და რომლებიც პავლეზე დიდხანს ემსახურებოდნენ ქრისტეს. ამ მამაკაცებმა შესაძლოა დიდი წვლილი შეიტანეს რომში ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებაში (რმ. 16:7). იმ დროისთვის, როცა პავლე ამ წერილს წერდა, როგორც ჩანს, კრება უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებული და იმდენად მოძლიერებული იყო, რომ მათი რწმენის შესახებ მთელ ქვეყანაზე ლაპარაკობდნენ (რმ. 1:8).
მიზანი. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ის დაიწერა იუდეველებისა და უცხოტომელებისგან შემდგარი ქრისტიანული კრებისთვის. იმ დროისთვის რომში ბევრი იუდეველი ცხოვრობდა. ისინი იქ იმპერატორ კლავდიუსის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდნენ, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე მათ რომი დაატოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ პავლე რომში არ იყო და პირადად არ ხვდებოდა იმ პრობლემებს, რომლებსაც კრება განიცდიდა, მას კრების მდგომარეობასა და საქმეებს შესაძლოა მისი მეგობრები და თანამშრომლები, პრისკილა და აკვილა, ან ისინი ატყობინებდნენ, ვინც იქიდან ჩადიოდა. მე-16 თავში ჩაწერილი მოკითხვები იმაზე მიანიშნებს, რომ პავლე ამ კრებიდან ბევრს პირადად იცნობდა.
პავლე წერილში კონკრეტულ პრობლემებს განიხილავს და ყურადღებას მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს. იუდეველთა წინააღმდეგობის შესახებ პავლემ მანამდე გალატიის კრებებს მისწერა წერილი, რომელიც იმ იუდეველთა კონკრეტულ მცდელობებს ეხებოდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ იუდაიზმს იცავდნენ და იჟინებდნენ, რომ ქრისტიანობაზე მოქცეულ უცხოტომელებს უნდა წინადაეცვითათ და მოსეს კანონიდან გარკვეული წეს-ჩვეულებები დაეცვათ. რომის კრებაში ასეთ მცდელობებს ადგილი არ ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იუდეველებსა და უცხოტომელებს შორის შური და მეტოქეობა იყო.
აქედან გამომდინარე, ის არ არის რომის კრებისთვის მიწერილი ზოგადი წერილი, რომელსაც კონკრეტული მიზანი არ ჰქონდა, როგორც ამას ზოგი აცხადებს, არამედ ეხება იმ კონკრეტულ პრობლემებს, რომლებშიც დახმარება სჭირდებოდათ. რომის კრება ჩასწვდებოდა პავლეს რჩევასა და მის მნიშვნელოვნებას, რადგან პავლემ იმ კითხვებზე გასცა პასუხები, რომლებიც უეჭველად აწუხებდა მათ. ნათელია, მისი მიზანი იყო, შეეცვალა იუდეველი და უცხოტომელი ქრისტიანების განსხვავებული თვალსაზრისი და ქრისტე იესოში გაეერთიანებინა ისინი. ამასთან, წერილში პავლე გვიხსნის და გვიმდიდრებს ცოდნას ღვთის შესახებ, განადიდებს ღვთის სიმართლესა და წყალობას და საუბრობს ქრისტიანულ კრებასა და კაცობრიობასთან მიმართებით ქრისტეს მდგომარეობაზე.
გულწრფელობა და თბილი გრძნობები. რომაელების მიმართ მიწერილი წერილის ავტორი რომ პავლე იყო, ამის შესახებ ინგლისელმა ბიბლეისტმა დრ. უილიამ პეილიმ აღნიშნა: „ეს წერილი არის სინამდვილეში არსებული გაქრისტიანებული ადამიანების მიმართ ნამდვილი წმინდა პავლეს ძლიერი სურვილის ბუნებრივი შედეგი, რომ მათ მისი თვალსაზრისი გაეთვალისწინებინათ. თუმცა ამ მიმართვაში ჩანს გულწრფელობა და ხასიათი, თუკი შეიძლება ასე ეწოდოს, რომლებსაც ჩემი აზრით, ვერ ატარებდა და ვერ გადმოსცემდა გრძნობებს მოკლებული ყალბი წერილი“ (Horæ Paulinæ, 1790, გვ. 50).
პავლე პირდაპირ უსვამდა ხაზს იუდეველთა მდგომარეობას და ამბობდა, რომ ღვთის თვალში იუდეველებიცა და უცხოტომელებიც ერთნი იყვნენ. ამიტომ მას მოუწია ისეთი რამის თქმა, რასაც იუდეველთა განაწყენება მოჰყვებოდა. თუმცა პავლემ თანამემამულეების მიმართ სიყვარული და თბილი გრძნობები გამოხატა და დელიკატურად მიუდგა ამ საკითხს. როდესაც ის ამბობდა იმას, რაც ერთი შეხედვით კანონს ან იუდეველებს ამცირებდა, შემდეგ წინადადებაში ტაქტიანად არბილებდა ნათქვამს.
მაგალითად, მან თქვა: „ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი, და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე“. შემდეგ დასძინა: „მაშ, რა უპირატესობა აქვს იუდეველს ან რა სარგებლობა მოაქვს წინადაცვეთას? ყოველმხრივ დიდი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მათ ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ“ (რმ. 2:28; 3:1, 2). მან აგრეთვე თქვა: „ვფიქრობთ, რომ ადამიანი რწმენით არის აღიარებული მართლად, კანონით დადგენილი საქმეებისგან დამოუკიდებლად, — და მყისვე დასძინა: განა ვაუქმებთ კანონს რწმენით? არავითარ შემთხვევაში! პირიქით, ვამტკიცებთ კანონს“ (3:28, 31). მან თქვა: „ახლა კი გათავისუფლებულნი ვართ კანონისგან, — და დასვა კითხვა: ნუთუ კანონი ცოდვაა? არავითარ შემთხვევაში! კანონი რომ არა, არ მეცოდინებოდა, რა არის ცოდვა“ (7:6, 7). მე-9 თავის 1—3 მუხლებში ის უდიდეს სიყვარულს გამოხატავს თავისი ხორციელი ძმების, იუდეველების მიმართ: „ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ, ჩემი სინდისი მემოწმება წმინდა სულში, რომ დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი მაქვს გულში. ნეტავი მე ვყოფილიყავი დაწყევლილი და ქრისტესგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ხორციელი ნათესავების გულისთვის“ (აგრეთვე რმ. 9:30—32 შდრ. 10:1, 2-ს; რმ. 10:20, 21 შდრ. 11:1—4-ს).
წიგნის გამოკვლევისას ვიგებთ, რომ ის არ შეიცავს უთავბოლო, უმიზნო მსჯელობას, არამედ აქვს მიზანი და თემა, და მისი მონაკვეთების გაგება მხოლოდ მთლიანი წიგნის გამოკვლევისა და მიზნის გაგების შემდეგ არის შესაძლებელი. პავლემ ხაზი გაუსვა ქრისტეს მეშვეობით ღვთის მიერ გამოვლენილ წყალობას და თქვა, რომ ადამიანი მართლად მხოლოდ ღვთის წყალობისა და საკუთარი რწმენის მეშვეობით ცხადდება. მან აღნიშნა, რომ არც იუდეველსა და არც უცხოტომელს არ ჰქონდა ტრაბახისა და საკუთარი თავის სხვაზე მაღლა დაყენების საფუძველი. პავლემ გააფრთხილა უცხოტომელი ქრისტიანები, არ გაყოყოჩებულიყვნენ იმით, რომ იუდეველების მხრიდან ქრისტეს უარყოფამ მათ სარგებლობა მოუტანა, რადგან იუდეველების დაცემის გამო მიეცათ მათ ქრისტეს „სხეულის“ ნაწილად გახდომის შესაძლებლობა. მან თქვა: „ამიტომ დაინახე ღვთის სიკეთე და სიმკაცრე; მათ მიმართ, ვინც დაეცა — სიმკაცრე, შენ მიმართ კი — ღვთის სიკეთე, თუკი მის სიკეთეში დარჩები, თუ არადა, შენც მოიკვეთები“ (რმ. 11:22).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები რომაელებიდან
წერილში ახსნილია, რომ მართლად აღიარება არც მემკვიდრეობით გადაიცემა და არც მოსეს კანონის დაცვით ხდება, არამედ იესო ქრისტესადმი რწმენისა და ღვთის წყალობის შედეგია.
დაიწერა დაახლ. ახ. წ. 56 წელს, პირველი უცხოტომელის გაქრისტიანებიდან დაახლ. 20 წლის შემდეგ.
მართლად აღიარება იესო ქრისტესადმი რწმენისა და ღვთის წყალობის შედეგია (1:1—11:36)
რწმენა აუცილებელია ხსნისთვის. ბიბლიაში ნათქვამია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.
თუმცა ღმერთი დიდად სწყალობდა იუდეველებს, მათ ვერ მიაღწიეს მართლად აღიარებას მოსეს კანონის საფუძველზე.
იუდეველებიცა და არაიუდეველებიც ცოდვის მონები არიან. „არავინ არის მართალი, აღარავინ“.
უსასყიდლო ძღვენია, რომ იუდეველებიცა და არაიუდეველებიც ღვთის წყალობით მართლებად ცხადდებიან რწმენის მეშვეობით, ისევე როგორც აბრაამი, რომელიც მართლად აღიარების დროს წინადაცვეთილიც კი არ იყო.
ადამიანებმა მემკვიდრეობით მიიღეს ცოდვა და სიკვდილი ერთი კაცისგან, ადამისგან და ერთი კაცის, იესოს მეშვეობით ხდება მრავალი ცოდვილის მართლად აღიარება.
თუმცა ეს არ იძლევა უფლებას, რომ ცოდვას დავემონოთ. ცოდვის მონა ვერ იქნება სიმართლის მონა.
კანონს დაქვემდებარებულნი დაიხოცნენ კანონისთვის ქრისტეს სხეულის მეშვეობით. მათ სულით უნდა იარონ და თავიანთი სხეულის ცოდვილი მიდრეკილებები მოაკვდინონ.
კანონმა გამოააშკარავა ცოდვა. ცოდვისგან ხსნა მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი.
ღმერთი იწვევს ქრისტესთან ერთობაში მყოფთ და მართლებად აღიარებს მათ. ღვთის სული მოწმობს, რომ ისინი მისი შვილები არიან.
ხორციელმა ისრაელმა მიიღო დანაპირები, მაგრამ მათგან უმეტესობა კანონის მეშვეობით ცდილობს გამართლების მიღებას. ამიტომ მხოლოდ ნაწილი გადარჩება. ხსნისთვის აუცილებელია ქრისტესადმი რწმენის სახალხოდ აღიარება.
ზეთისხილის ხის მაგალითი ცხადყოფს, რომ ისრაელის ურწმუნოების გამო არაისრაელები დაემყნენ მასზე, რათა ნამდვილი ისრაელი გადარჩენილიყო.
უმაღლესი ხელისუფლებისადმი, საკუთარი თავისა და სხვებისადმი დამოკიდებულება (12:1—15:13)
წარადგინეთ თქვენი სხეულები ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, განიახლეთ გონება, გამოიყენეთ ღვთისგან ბოძებული ძღვენი ღვთის მსახურებაში, იყავით მოყვარულები და აენთეთ სულით, გაუძელით გასაჭირს და სძლიეთ ბოროტებას სიკეთით.
დაემორჩილეთ უმაღლეს ხელისუფალთ.
გიყვარდეთ ერთმანეთი. წესიერებით იარეთ და ნუ შეადგენთ გეგმებს, როგორ დაიკმაყოფილოთ ხორცის სურვილები.
ნუ გაასამართლებთ სხვებს სინდისთან დაკავშირებულ საკითხებში, ნუ გამოიყენებთ ბოროტად ქრისტიანულ თავისუფლებას და ნუ დააბრკოლებთ სუსტებს.
მიჰბაძეთ ქრისტეს, რომელიც არ ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე. მზად იყავით, ატაროთ სხვების სისუსტეები და აკეთოთ ის, რაც კარგია მათ აღსაშენებლად.
პავლე სიყვარულით ინტერესდება რომის კრებით (15:14—16:27)
წერილის მიწერის მიზეზი ის იყო, რომ პავლეს შეესრულებინა თავისი, როგორც უცხოტომელთა მოციქულის მოვალეობა და უცხოტომელებს ღვთის მოსაწონ მსხვერპლად გახდომა შესძლებოდათ.
ვინაიდან აღარ დარჩა იმ მხარეში ადგილი, სადაც სასიხარულო ცნობა არ ჰქონდა ნაქადაგები, პავლეს სურდა, აესრულებინა დიდი ხნის ნატვრა და ესპანეთისკენ მიმავალს რომში გაევლო მას შემდეგ, რაც მაკედონელი და აქაიელი ძმების მიერ გაღებულ შესაწირავებს იერუსალიმში წმინდებს მიუტანდა.
პავლე მოკითხვებს უთვლის თანამორწმუნეებს და ბევრ მათგანს სახელით მოიხსენიებს, მოუწოდებს ძმებს, მოერიდონ უთანხმოების გამომწვევთ და ბრძენნი იყვნენ სიკეთისთვის.