ბიბლიის თვალსაზრისი
უპირისპირდება რწმენა საღ აზროვნებას?
„რწმენა საღი აზროვნების უარყოფას ნიშნავს“, — დაწერა ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ა. გრეილინგმა. მან ამ სიტყვებით, ფაქტობრივად, შეაჯამა იმ მრავალი მწერლისა თუ ფილოსოფოსის აზრი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ რწმენა და საღი აზროვნება ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
ზოგიერთი რელიგიური შეხედულება საღი აზროვნებისგან საკმაოდ შორს დგას. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი მეცნიერული შეხედულებაც მცდარი აღმოჩნდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა მეცნიერული შეხედულება მცდარია და საღ აზრს არ ექვემდებარება? იქნებ ღირს, რელიგიურ შეხედულებებსაც ამ კუთხით მივუდგეთ. რწმენა, რომელსაც ბიბლია აღგვიწერს, ცოდნის გარეშე არ არსებობს. პირიქით, ის ცოდნასა და საღ აზრს ეფუძნება. განხილვის შედეგად დაინახავთ, რომ ნამდვილი რწმენა არ ეწინააღმდეგება საღ აზროვნებას.
რა არის ნამდვილი რწმენა?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენი თაყვანისცემა „ღვთისთვის მოსაწონი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მას გააზრებულად ვცემთ თაყვანს. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთს თაყვანი უნდა ვცეთ „ისე, როგორც მოაზროვნე ქმნილებებს შეეფერებათ“ (რომაელები 12:1, „იერუსალიმის ბიბლია“). აქედან გამომდინარე, ბიბლიაში აღწერილი რწმენა არ არის ბრმა და საღ აზრს მოკლებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ყველაფერს გულუბრყვილოდ უნდა იჯერებდეს. პირიქით, ის კარგად უნდა აანალიზებდეს ყველაფერს, რის შედეგადაც მას განუვითარდება ღვთისა და მისი სიტყვისადმი ნდობა, რომელიც საღ მსჯელობაზე იქნება დაფუძნებული.
სწორი დასკვნების გასაკეთებლად ზუსტი ინფორმაცია გვჭირდება. ზუსტ ლოგიკურ პრინციპებზე შექმნილმა ყველაზე მძლავრმა კომპიუტერულმა პროგრამებმაც კი შეიძლება ძალიან უცნაურ დასკვნამდე მიგვიყვანონ იმ შემთხვევაში, თუ მასში არასწორი მონაცემებია შეყვანილი. მსგავსადვე, რწმენის ხარისხი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ვისმენთ და რამდენად სარწმუნოა ინფორმაცია, რომლითაც გონებას ვკვებავთ. ბიბლიაში ტყუილუბრალოდ არ არის ნათქვამი: „რწმენა მოსმენილისგან მოდის“ (რომაელები 10:17).
„ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ აუცილებელი პირობაა რწმენისთვის (1 ტიმოთე 2:4). როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, მხოლოდ ჭეშმარიტებას შეუძლია ჩვენი გათავისუფლება მცდარი შეხედულებებისგან, იქნება ეს მეცნიერული თუ რელიგიური (იოანე 8:32). ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ყველა სიტყვა არ დავიჯეროთ (იგავები 14:15). „ყველაფერში დარწმუნდით“, — ნათქვამია ბიბლიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ რამეს დავიჯერებთ, ჯერ უნდა გადავამოწმოთ მართლა ასეა თუ არა (1 თესალონიკელები 5:21). რატომ ღირს ყველაფრის შემოწმება და საკუთარი მრწამსის გაანალიზება? სიცრუეზე დაფუძნებული რწმენა თავის მოტყუებაა. ქალაქ ბერეის ზოგიერთმა კეთილშობილმა მკვიდრმა კარგი მაგალითი დაგვიტოვა იმისა, თუ როგორ უნდა შევიძინოთ ნამდვილი რწმენა. მართალია, მათ გულწრფელად სურდათ იმის დაჯერება, რასაც ქრისტიანი მისიონერები უქადაგებდნენ, მაგრამ ისინი „ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).
როგორ უნდა განვივითაროთ რწმენა ბიბლიისადმი?
თუ ეჭვი გეპარებათ ბიბლიის სანდოობაში, როგორ უნდა დარწმუნდეთ, რომ ის ჭეშმარიტი ცოდნის წყაროა? მაგალითად, როგორ გიჩნდებათ ვინმეს მიმართ ნდობა? ჯერ ალბათ ეცნობით მას, გარკვეული დროის განმავლობაში აკვირდებით მის მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგებს. კარგი იქნება, თუ ბიბლიასაც ამ კუთხით მიუდგებით.a
ბიბლია ნამდვილ რწმენას ასე აღწერს: „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1). გონიერი ადამიანი გულუბრყვილო არ არის. ის მისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას საფუძვლიან ანალიზს უკეთებს და თავის მრწამს ამაზე აფუძნებს. ანალიზის შედეგად მისთვის რეალური ხდება ის, რასაც შესაძლოა თვალით ვერ ხედავს.
როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ის, რასაც იგებთ, ეწინააღმდეგება იმას, რაც აქამდე გჯეროდათ? ამის გამო უნდა უგულებელყოთ ეს ინფორმაცია? ცხადია არა. აჯობებს, თუ დაფიქრდებით იმ არგუმენტებზე, რომელიც შესაძლოა თქვენს შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ბიბლიაში წერია, რომ ჭეშმარიტების გულწრფელად მძებნელებს ღმერთი უბოძებს ცოდნას, გამჭრიახობას და ჭკუას (იგავები 2:1—12).
რწმენა, რომლის განვითარებაშიც ბიბლია გვეხმარება, არ ეწინააღმდეგება საღ აზროვნებას. როგორია თქვენი რწმენა? მრავალს რელიგიური შეხედულებები მემკვიდრეობით გადმოეცა. მათ თავად არასდროს გამოუკვლევიათ, რა უდევს ამ შეხედულებებს საფუძვლად. ცუდი არაფერია იმაში, რომ გამოიკვლიოთ საკუთარი მრწამსი, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი აზროვნება შეესაბამება ღვთის სიტყვას (რომაელები 12:2). ბიბლია გვირჩევს: „შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“ (1 იოანე 4:1). თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, შეძლებთ „დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ“ (1 პეტრე 3:15).
[სქოლიო]
a თუ გსურთ, მიიღოთ სანდო ინფორმაცია ბიბლიის შესახებ, მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.
გიფიქრიათ?
● გამორიცხავს ბიბლია საღ აზროვნებას? (რომაელები 12:1, 2)
● როგორი ცოდნაა საჭირო ნამდვილი რწმენის განსავითარებლად? (1 ტიმოთე 2:4)
● როგორ განმარტავს ბიბლია რწმენას და რას ვსწავლობთ აქედან? (ებრაელები 11:1)
[ჩანართი 29 გვერდზე]
ღმერთი აკურთხებს ჭეშმარიტების გულწრფელ მძებნელებს