მიჰყვებით სიყვარულის „აღმატებულ გზას“?
„ღმერთი სიყვარულია“, — მოციქულ იოანეს ეს სიტყვები წარმოდგენას გვიქმნის ღვთის ყველაზე გამორჩეულ თვისებაზე (1 იოან. 4:8). რომ არა ღვთის სიყვარული, მას ვერასოდეს დავუახლოვდებოდით. კიდევ რა გავლენას ახდენს ჩვენზე ღვთის სიყვარული? ამბობენ, რაც გიყვარს ის გაყალიბებსო. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენზე ისინიც ახდენენ გავლენას, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. ჩვენ ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილი, ამიტომ შეგვიძლია სიყვარული (დაბ. 1:27). მოციქული იოანე წერდა, რომ ჩვენ გვიყვარს ღმერთი, „რადგან მან პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოან. 4:19).
სიყვარულის აღმნიშვნელი ოთხი სიტყვა
მოციქულმა პავლემ სიყვარულს „აღმატებული გზა“ უწოდა (1 კორ. 12:31). რატომ? რომელ სიყვარულს გულისხმობდა პავლე? ამის გაგებაში სიყვარულის აღმნიშვნელი სიტყვების მნიშვნელობების გაგება დაგვეხმარება.
ძველ ბერძნებს სიყვარულის აღმნიშვნელი ოთხი სიტყვა ჰქონდათ: სტორგე, ეროსი, ფილია და აგაპე. როცა იოანემ თქვა, რომ „ღმერთი სიყვარულია“, მან სიტყვა აგაპე გამოიყენა.a თავის წიგნში, პროფესორი უილიამ ბარკლეი წერდა: „აგაპე უფრო გონებას უკავშირდება. ეს არ არის მხოლოდ ემოცია, რომელიც თავისით ჩნდება. ეს არის პრინციპი, რომლითაც შეგნებულად ვცხოვრობთ; აგაპე უპირველესად გააზრებული ნება-სურვილის გამოხატულებაა“ (New Testament Words). მართალია აგაპეს პრინციპები უდევს საფუძვლად, მაგრამ ხშირად მას ძლიერი ემოციაც ახლავს. ვინაიდან არსებობს კარგი და ცუდი პრინციპები, ქრისტიანებმა იეჰოვა ღმერთის მიერ დადგენილი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ. აგაპესა და ბიბლიაში გამოყენებული სიყვარულის აღმნიშვნელი სხვა სიტყვების ერთმანეთთან შედარება უკეთ დაგვანახვებს, როგორი სიყვარულის გამოვლენა გვმართებს ქრისტიანებს.
სიყვარული ოჯახში
თბილ და მოსიყვარულე ოჯახს ვერაფერი შეედრება. ბერძნული სიტყვა სტორგე ხშირად გამოიყენებოდა იმ თბილი გრძნობის აღსაწერად, რაც ოჯახის წევრებს აქვთ ერთმანეთის მიმართ. ქრისტიანებს უყვართ ოჯახის წევრები. პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში ადამიანები „თბილ გრძნობებს მოკლებულები“b იქნებოდნენ (2 ტიმ. 3:1, 3).
სამწუხაროდ დღეს მრავალ ოჯახში არ არის ასეთი სიყვარული. რატომ იკეთებს დღეს ამდენი ქალი აბორტს? რატომ არ ზრუნავს ზოგი ასაკოვან მშობლებზე? რატომ იზრდება კატასტროფულად განქორწინებათა რიცხვი? მიზეზი ერთია — სიყვარულის ნაკლებობა.
ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ „გული ყველაზე ვერაგია“ (იერ. 17:9). ნათესაური სიყვარული გულთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული. მაგრამ საინტერესოა, რომ პავლემ სიტყვა აგაპე გამოიყენა, როცა ქმრებს მოუწოდა, ცოლები ჰყვარებოდათ. მან ეს სიყვარული იმ სიყვარულს შეადარა, რომელიც ქრისტეს აქვს კრების მიმართ (ეფეს. 5:28, 29). ამ სიყვარულს ოჯახის დამფუძნებლის, იეჰოვა ღმერთის მიერ დაწესებული პრინციპები უდევს საფუძვლად.
თუ ნამდვილად გვიყვარს ოჯახის წევრები, უყურადღებოდ არ დავტოვებთ ასაკოვან მშობლებს და პირნათლად შევასრულებთ მშობლის მოვალეობას. სიყვარულის გამოა, რომ საჭიროების შემთხვევაში მშობლები სჯიან კიდეც შვილებს და არ არიან მეტისმეტად შემწყნარებლები (ეფეს. 6:1—4).
რომანტიკული სიყვარული და ბიბლიის პრინციპები
ცოლ-ქმარს შორის არსებული სიყვარული ღვთის საჩუქარია (იგავ. 5:15—17). მაგრამ სიტყვა ეროსი, რომელიც რომანტიკულ სიყვარულზე მიუთითებს, ბიბლიაში არსად გვხვდება. რატომ? რამდენიმე წლის წინ ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „დღეს მთელი მსოფლიო იმავე შეცდომას იმეორებს, რაც ერთ დროს ძველმა ბერძნებმა დაუშვეს. ისინი ეთაყვანებოდნენ ღმერთ ეროსს, მუხლს იდრეკდნენ მის სამსხვერპლოსთან და მსხვერპლს სწირავდნენ . . . მაგრამ ისტორია მოწმობს, რომ ვნებიანი სიყვარულის გაღმერთებამ ადამიანები ზნედაცემულობამდე და გადაგვარებამდე მიიყვანა. შესაძლოა ბიბლიის დამწერებმა ამ მიზეზის გამო არ გამოიყენეს ეს სიტყვა“. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობისას მხოლოდ ფიზიკურმა სილამაზემ რომ არ მიგვიზიდოს, გრძნობები უნდა ვაკონტროლოთ, რაშიც ბიბლიის პრინციპები დაგვეხმარება. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: „მხოლოდ რომანტიკული გრძნობები მაკავშირებს მეუღლესთან ან შეყვარებულთან?“
ახალგაზრდები, რომლებიც ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობენ, ზნეობრივ ნორმებს მაშინაც არ ღალატობენ, როცა „ახალგაზრდული ვნებები“ მომძლავრებული აქვთ (1 კორ. 7:36; კოლ. 3:5). ქორწინება იეჰოვასგან ბოძებული წმინდა ძღვენია. იესომ დაქორწინებულებზე თქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:6). ქორწინებას მთელი სერიოზულობით ვეკიდებით და არ ვფიქრობთ, რომ ცოლ-ქმარი მანამ უნდა დარჩეს ერთად, სანამ ერთმანეთი იზიდავთ. პრობლემების დროს იოლ გამოსავალს არ ვეძებთ; პირიქით, მთელი გულით ვცდილობთ, ღვთის თვისებები ავირეკლოთ და ოჯახური იდილია არაფერს დავარღვევინოთ. ჩვენი მცდელობა აუცილებლად დაჯილდოვდება (ეფეს. 5:33; ებრ. 13:4).
მეგობრული სიყვარული
მეგობრების გარეშე ჩვენი ცხოვრება უინტერესო იქნებოდა. ბიბლიაში ნათქვამია: „ზოგი მეგობარი . . . ძმაზე ახლობელია“ (იგავ. 18:24). იეჰოვას სურს, რომ ნამდვილი მეგობრები გვყავდეს. ჩვენთვის კარგად ცნობილია, როგორი მეგობრობა ჰქონდათ დავითსა და იონათანს (1 სამ. 18:1). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესოს უყვარდა მოციქული იოანე (იოან. 20:2). მეგობრულ სიყვარულს უკავშირდება ბერძნული სიტყვა ფილია. სავსებით ნორმალურია, თუ კრებაში ახლო მეგობარი გვყავს. თუმცა 2 პეტრეს 1:7 მოგვიწოდებს, რომ ძმათმოყვარეობას (ფილადელფია, ნაწარმოებია სიტყვიდან ფილოს, რაც ბერძნულად მეგობარს ნიშნავს და სიტყვიდან ადელფოს, ნიშნავს ძმას) სიყვარული (აგაპე) დავურთოთ. თუ გვინდა, რომ ჩვენმა მეგობრობამ დროს გაუძლოს, ეს რჩევა უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: „ვიყენებ ბიბლიის პრინციპებს მეგობრებთან ურთიერთობაში?“
ღვთის სიტყვა გვეხმარება, მიუკერძოებლები ვიყოთ მაშინაც კი, როცა საქმე მეგობრებს ეხება. ჩვენ ორმაგი სტანდარტი არ გვაქვს დადგენილი — მხოლოდ მეგობრებს არ ვეკიდებით შემწყნარებლურად. მეგობრების შეძენას პირფერობით არ ვცდილობთ. რაც მთავარია, ბიბლია გვეხმარება, რომ გონივრულად ავირჩიოთ მეგობრები და მოვერიდოთ ‘ცუდ საზოგადოებას, რომელიც ხრწნის კარგ ჩვევებს’ (1 კორ. 15:33).
სიყვარულის გამაერთიანებელი კავშირი
ქრისტიანებს მართლაც განსაკუთრებული გრძნობა აერთიანებთ. მოციქული პავლე წერდა: „თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს . . . ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ“ (რომ. 12:9, 10). ქრისტიანებს ერთმანეთის მიმართ უთვალთმაქცო სიყვარული (აგაპე) აქვთ. ეს სიყვარული ცარიელი ემოცია არ არის, მას ბიბლიის პრინციპები უდევს საფუძვლად. პავლე საუბრობდა ძმათმოყვარეობაზე (ფილადელფია) და სათუთ გრძნობებზე (ფილოსტორგოს, შედგენილია ორი სიტყვისგან — ფილოს და სტორგე). ერთი მკვლევარის სიტყვების თანახმად, ძმათმოყვარეობა „თბილი გრძნობაა და სიკეთის კეთებას, თანაგრძნობასა და თანადგომას გულისხმობს“. იეჰოვას თაყვანისმცემლებს იმის წყალობით აქვთ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა, რომ ამ ყველაფერს აგაპეც ემატება (1 თეს. 4:9, 10). ბერძნული გამოთქმა, რომელიც ითარგმნება, როგორც „სათუთი გრძნობები“, ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება და ისეთ სიახლოვეს გულისხმობს, როგორიც ოჯახის წევრებს აქვთ.c
ჭეშმარიტ ქრისტიანებს არა მარტო ოჯახური სითბო და მეგობრული სიყვარული აერთიანებთ, არამედ სიყვარული, რომელსაც ბიბლიის პრინციპები უდევს საფუძვლად. ქრისტიანული კრება ის ადგილი არ არის, სადაც მხოლოდ ხალხის გასაცნობად მივდივართ. ის შეკრული ოჯახია, რომელსაც იეჰოვა ღმერთის თაყვანისცემა აერთიანებს. ჩვენ თანამორწმუნეებს და-ძმებს ვუწოდებთ და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. ისინი ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან, ჩვენ გვიყვარს ისინი და ვცდილობთ, მათთან ურთიერთობის დროს ბიბლიის პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ. მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი გამაერთიანებელი სიყვარულის გაძლიერებას. ასე დავამტკიცებთ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ (იოან. 13:35).
[სქოლიოები]
a აგაპე უარყოფითი მნიშვნელობითაც გამოიყენება (იოან. 3:19; 12:43; 2 ტიმ. 4:10; 1 იოან. 2:15—17).
b გამოთქმაში „თბილ გრძნობებს მოკლებულები“ გვხვდება სიტყვა სტორგე უარყოფითი ნაწილაკით (იხილეთ აგრეთვე რომაელების 1:31).
c „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ სხვა ბერძნული სიტყვებიც ითარგმნა, როგორც „სათუთი გრძნობები“. ამიტომ ეს ფრაზა გვხვდება არა მარტო რომაელების 12:10-ში, არამედ ფილიპელების 1:8-სა და 1 თესალონიკელების 2:8-ში.
[ჩანართი 12 გვერდზე]
რას აკეთებ იმისთვის, რომ ხელი შეუწყო ჩვენი გამაერთიანებელი სიყვარულის გაძლიერებას?