გქონდეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა!
«მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ [„ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“, აქ]» (რომაელთა 15:5).
1. როგორ შეიძლება ადამიანის აზროვნებამ მის ცხოვრებაზე იმოქმედოს?
აზროვნება ადამიანის ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს ახდენს. უდარდელობა თუ გულმოდგინება, დადებითი თუ უარყოფითი აზროვნება, აგრესიულობა თუ თანამშრომლობა, დრტვინვა თუ მადლიერება დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პიროვნება ამა თუ იმ სიტუაციაში და როგორ რეაგირებენ სხვები მის მოქმედებაზე. თუ ადამიანი სათანადოდ აზროვნებს, ის საკმაოდ რთულ სიტუაციებშიც კი შეიძლება ბედნიერი იყოს. არასწორი აზროვნების მქონე ადამიანს არაფერი ეჩვენება კარგად, მაშინაც კი, როდესაც ობიექტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ყველაფერი შესანიშნავად მიდის.
2. როგორ სწავლობს ადამიანი აზროვნებას?
2 აზროვნების — კარგის თუ ცუდის — სწავლა შესაძლებელია. დიახ, საჭიროა მისი სწავლა. ერთ ენციკლოპედიაში ახალშობილთა შესახებ ლაპარაკისას აღნიშნულია: „აზროვნების სტილი, რომელიც ბავშვს საბოლოოდ ჩამოუყალიბდება, საჭიროა, აითვისოს ანუ ისწავლოს, ისევე როგორც საჭიროა, რომ დაეუფლოს რომელიმე ენას ან სხვა რაიმე სპეციალობას“ (Collier’s Encyclopedia). როგორ ვსწავლობთ აზროვნებას? მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, მასში დიდი წვლილი გარემოსა და საზოგადოებას შეაქვს. მოხსენიებული ენციკლოპედია შენიშნავს: „ჩვენ ვსწავლობთ ანუ ვითვისებთ, ღრუბელივით ვიწოვთ იმ ადამიანების აზროვნებას, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა გვაქვს“. ათასობით წლის წინათ ბიბლიამ მსგავსი აზრი გამოთქვა: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“ (იგავნი 13:20; 1 კორინთელთა 15:33).
სათანადო აზროვნების მაგალითი
3. ვის ჰქოდნა სამაგალითო აზროვნება და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
3 ისევე როგორც სხვა ყველაფერში, იესო ქრისტემ აზროვნების საკითხშიც საუკეთესო მაგალითი მოგვცა. მან თქვა: „მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ“ (იოანე 13:15). იესოს რომ მივბაძოთ, პირველ რიგში, მის შესახებ შემეცნების მიღებაა საჭიროa. იესოს ცხოვრებას იმ განზრახვით ვსწავლობთ, რომ ვაკეთოთ ის, რაც პეტრემ გვირჩია: „ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“ (1 პეტრე 2:21). ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივბაძოთ იესოს. ამაში შედის ისეთივე აზროვნების განვითარება, როგორიც მას ჰქონდა.
4, 5. იესოს აზროვნების რომელი მხარეა გაშუქებული რომაელთა 15:1—3-ში და როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, ამაში მიჰბაძონ იესოს?
4 რა შედის ქრისტე იესოს აზროვნებაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში პავლეს მიერ რომაელებისთვის მიწერილი წერილის მე-15 თავი გვეხმარება. აღნიშნული თავის პირველ მუხლებში პავლე იესოს განსაკუთრებულ თვისებებზე ლაპარაკობს: «ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის. ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე“» (რომაელთა 15:1—3).
5 იესოს აზროვნებას რომ მიჰბაძონ, ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს, მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებას კი არ ეძებდნენ, არამედ მზად იყვნენ სხვების მოთხოვნილებების თავმდაბლად დასაკმაყოფილებლად. მართლაც, თავმდაბლად სხვების მოსამსახურებლად მზადყოფნა ‘ძლიერთათვის’ არის დამახასიათებელი. იესომ, რომელიც სულიერად ნებისმიერ ადამიანზე ძლიერი იყო, საკუთარ თავზე თქვა: „კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). როგორც ქრისტიანებს, ჩვენც გვსურს, სხვებს და მათ შორის „უსუსურთ“ მოვემსახუროთ.
6. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს მაგალითს წინააღმდეგობასა და ლანძღვასთან დაკავშირებით?
6 იესოს მიერ გამოვლენილ სხვა შესანიშნავ დამახასიათებელ თავისებურებას მისი აზრები და საქმეები წარმოადგენდა, რომლებიც ყოველთვის დადებითი იყო. ის არასოდეს უშვებდა, რომ ღვთის მსახურებასთან დაკავშირებით სხვების უარყოფითი აზროვნების გავლენის ქვეშ მოქცეულიყო; ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. თუ ღვთისადმი ერთგულად თაყვანისცემის გამო ლანძღავდნენ ან დევნიდნენ, იესო უდრტვინველად იტანდა ყოველივეს. მან იცოდა, რომ ურწმუნო და ბნელი წუთისოფლისგან წინააღმდეგობა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოყვასთა საამებლად მათი ‘სასიკეთო აღშენებისთვის’ იღწვიან.
7. როგორ გამოავლინა იესომ მოთმინება და რატომ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ასევე?
7 იესომ სხვაგვარადაც გამოავლინა სათანადო აზროვნება. იეჰოვასთან მიმართებაში მას არასოდეს გამოუვლენია სულსწრაფობა, არამედ მოთმინებით ელოდა მისი განზრახვების შესრულებას (ფსალმუნი 109:1; მათე 24:36; საქმეები 2:32—36; ებრაელთა 10:12, 13). იესოს არც თავის მიმდევრებთან გამოუვლენია მოუთმენლობა. მან მოწაფეებს უთხრა: „ისწავლეთ ჩემგან“; რადგან „მშვიდი“ იყო, მის დარიგებებს აღმშენებლობითი და გამომაცოცხლებელი ეფექტი ჰქონდა. ის აგრეთვე „თავმდაბალი“ იყო, ამიტომაც არასოდეს ყოფილა ამპარტავანი ან კადნიერი (მათე 11:29). პავლე მოგვიწოდებს, მივბაძოთ იესოს აზროვნებას ამ კონკრეტულ საკითხში: «ის აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენს შორისაც. ის, თუმცა ღვთის ხატება იყო, მიტაცებად არ თვლიდა [„ფიქრადაც არ მოსვლია“, აქ] ღვთის თანასწორად ყოფნას. არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა» (ფილიპელთა 2:5—7).
8, 9. ა) რატომ უნდა ვიმუშაოთ არაეგოისტური აზროვნების განვითარებაზე? ბ) რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული, თუ ბოლომდე ვერ ვბაძავთ იესოს მიერ დატოვებულ ნიმუშს და რა მხრივ იყო პავლე ამის კარგი მაგალითი?
8 ადვილია იმის თქმა, რომ სხვების მომსახურება და მათი ინტერესების საკუთარზე წინ დაყენება გვსურს, მაგრამ ჩვენი აზროვნების გულრწფელად გამოკვლევამ შეიძლება დაგვანახვოს, რომ გული ბოლომდე არ გვეწევა ამისკენ. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამისა და ევასგან ეგოისტური თვისებები გადმოგვეცა; მეორეც, ვცხოვრობთ წუთისოფელში, რომელიც ეგოიზმის განვითარებას უწყობს ხელს (ეფესელთა 4:17, 18). არაეგოისტური აზროვნების განვითარება ხშირად ისეთი აზროვნების განვითარებას ნიშნავს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს თანდაყოლილ არასრულყოფილ ბუნებას. ამისათვის კი მიზანსწრაფვა და ძალისხმევაა საჭირო.
9 ჩვენმა აშკარა არასრულყოფილებამ, რომელიც მკვეთრად განსხვავდება იესოს მიერ დატოვებული სრულყოფილი ნიმუშისგან, შეიძლება ზოგჯერ გული გაგვიტეხოს. შეიძლება იმაშიც კი შეგვეპაროს ეჭვი, რომ ისეთივე აზროვნების ქონა, როგორიც იესოს ჰქონდა, შეუძლებელია. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ პავლეს ნათქვამ გამამხნევებელ სიტყვებს: „ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება — არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“ (რომაელთა 7:18, 19, 22, 23). მართალია, არასრულყოფილებას პავლესთვის არაერთხელ შეუშლია ხელი ღვთისათვის ისე მსახურებაში, როგორც ეს მას თავად სურდა, მაგრამ მისი აზროვნება — ის, თუ როგორ ფიქრობდა და რას გრძნობდა იეჰოვასა და მის რჯულთან დაკავშირებით — სამაგალითო იყო. ჩვენიც შეიძლება ასეთივე აღმოჩნდეს.
არასწორი აზროვნების გამოსწორება
10. როგორი აზროვნების განვითარებისკენ მოუწოდებდა პავლე ფილიპელებს?
10 სჭირდება თუ არა ვინმეს არასწორი აზროვნების გამოსწორება? დიახ, სჭირდება. ეს აშკარად გამოჩნდა პირველი საუკუნის ზოგი ქრისტიანის მაგალითიდან. პავლე ფილიპელებისთვის მიწერილ წერილში სწორ აზროვნებაზე ლაპარაკობდა. ის წერდა: „არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე [ზეციერ ცხოვრებას პირველ მკვდრეთით აღდგომის შედეგად] ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, ვინძლო მივაღწიო, როგორც მე მომაღწია ქრისტე იესომ. ძმებო, არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის. ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში. ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს“ (ფილიპელთა 3:12—15).
11, 12. როგორ ‘გვიცხადებს’ იეჰოვა სათანადო აზროვნების შესახებ?
11 პავლეს სიტყვები ცხადყოფს, რომ მას, ვინც ქრისტიანი ხდება და არ გრძნობს გამოსწორების აუცილებლობას, არასწორი აზროვნება აქვს. ასეთ ადამიანს არა აქვს ათვისებული ქრისტეს აზროვნება (ებრაელთა 4:11; 2 პეტრე 1:10; 3:14). უიმედოა მისი მდგომარეობა? სულაც არა. ღმერთი დაგვეხმარება აზროვნების გამოსწორებაში, თუ ნამდვილად გვექნება ამის სურვილი. პავლე თავის წერილში დასძენს: „თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ“ (ფილიპელთა 3:15).
12 მაგრამ თუ გვსურს, რომ იეჰოვამ ‘გამოგვიცხადოს’ სათანადო აზროვნების შესახებ, ჩვენც ჩვენი მხრივ რაღაც უნდა გავაკეთოთ. „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციების გამოყენებით ლოცვის შემდეგ ღვთის სიტყვის შესწავლა ‘სხვანაირად მოაზროვნეთ’ იმის საშუალებას მისცემს, რომ სათანადო აზროვნება განივითარონ (მათე 24:45). სულიწმიდით დანიშნული ქრისტიანი უხუცესები, ‘ღვთის ეკლესიის მწყემსნი’, ამ საქმეში დიდი სიამოვნებით გაგიწევდნენ დახმარებას (საქმეები 20:28). რა მადლიერი ვართ იმისათვის, რომ იეჰოვა ითვალისწინებს ჩვენს არასრულყოფილებას და სიყვარულით გვეხმარება! მოდი ხელს ნუ ვკრავთ ამ დახმარებას.
სხვების მაგალითზე სწავლა
13. რას ვსწავლობთ სათანადო აზროვნებასთან დაკავშირებით იობის შესახებ ბიბლიის ცნობიდან?
13 რომაელებისთვის მიწერილი წერილის მე-15 თავში პავლე გვიჩვენებს, რომ ისტორიულ მაგალითებზე დაფიქრება დაგვეხმარება ჩვენი აზროვნების გამოსწორებაში. ის წერს: „ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). იეჰოვას ზოგ ადრინდელ ერთგულ მსახურსაც სჭირდებოდა აზროვნებაში გარკვეული მხარეების გამოსწორება. მაგალითად, იობს მთლიანობაში შესანიშნავი აზროვნება ჰქონდა. მას არასოდეს მიუწერია ბოროტება იეჰოვასთვის და ტანჯვას მისთვის არასოდეს შეურყევია ღვთისადმი რწმენა (იობი 1:8, 21, 22). მაგრამ იობს საკუთარი თავის მართლება ახასიათებდა. ამ თვისების გამოსწორებაში მისთვის დახმარების აღმოსაჩენად იეჰოვამ ელიჰუ გამოიყენა. იობი არ განაწყენებულა მის შენიშვნაზე, არამედ თავმდაბლად მიიღო რჩევა და მაშინვე შეუდგა აზროვნების შეცვლას (იობი 42:1—6).
14. როგორ შეგვიძლია იობივით მოვიქცეთ, როდესაც ჩვენს აზროვნებასთან დაკავშირებით რჩევას გვაძლევენ?
14 როდესაც თანაქრისტიანი თავაზიანად მოგვითითებს, რომ რაღაცაში არასწორი აზროვნება გამოვავლინეთ, იქნება თუ არა ჩვენი რეაქციაც ისეთივე, როგორიც იობისა იყო? დაე იობივით ჩვენც არასოდეს ‘დაგვცდეს ღვთის აუგი’ (იობი 1:22). თუ უსამართლოდ ვიტანჯებით, არასოდეს ვიწუწუნოთ და ვიფიქროთ, რომ იეჰოვაა ამ პრობლემების მიზეზი. მოდი ნუ ვეცდებით საკუთარი თავის მართლებას და გვახსოვდეს, რომ, რა უპირატესობაც უნდა გვქონდეს იეჰოვასთვის მსახურებაში, ჩვენ მაინც მხოლოდ „უსარგებლო მონები ვართ“ (ლუკა 17:10).
15. ა) რა არასწორი აზროვნება გამოავლინა იესოს ზოგმა მიმდევარმა? ბ) როგორ გამოავლინა პეტრემ შესანიშნავი აზროვნება?
15 პირველ საუკუნეში იესოს ზოგმა მსმენელმა არასწორი აზროვნება გამოავლინა. ერთხელ იესომ თქვა რაღაცა, რაც სხვებისთვის ძნელად გასაგები იყო. შედეგად, «ბევრი მის მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა: „მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?“». ასე მოლაპარაკეთ, ცხადია, არასწორი აზროვნება ჰქონდათ. ამან კი ისინი იქამდე მიიყვანა, რომ შეწყვიტეს იესოს სიტყვების მოსმენა. ბიბლიურ ცნობაში ნათქვამია: „მას შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას“. ყველა მოწაფეს ცუდი აზროვნება ჰქონდა? არა. ცნობა დასძენს: «მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ სიმონ-პეტრემ უპასუხა: „უფალო, ვიღასთან წავიდეთ?“». შემდეგ კი, ფაქტობრივად, პეტრემ თავად გასცა საკუთარ კითხვას პასუხი: „საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს“ (იოანე 6:60, 66—68). რა დიდებული აზროვნებაა! როდესაც საღვთო წერილის ისეთ ახსნას ან დეტალებს ვაწყდებით, რომელთა მიღებაც თავიდან შეიძლება გაგვიჭირდეს, განა კარგი არ იქნებოდა ისეთივე აზროვნება გამოგვევლინა, როგორიც პეტრეს ჰქონდა? რამდენად არაგონივრული იქნებოდა, შეგვეწყვიტა იეჰოვასთვის მსახურება ან „საღი სიტყვების ნიმუშის“ საწინააღმდეგოდ გველაპარაკა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა თავიდან ძნელად გასაგებია! (2 ტიმოთე 1:13).
16. რა ამაზრზენი აზროვნება გამოავლინეს იესოს დღეებში მცხოვრებმა იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა?
16 პირველ საუკუნეში მცხოვრებმა იუდეველთა რელიგიურმა წინამძღოლებმა არ გამოავლინეს ისეთივე აზროვნება, როგორიც იესოს ჰქონდა. მათი მტკიცე გადაწყვეტილება, არ მოესმინათ იესოსთვის, მაშინ გამოჩნდა, როდესაც მან ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. სწორი აზროვნების მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის ეს სასწაული იმის უტყუარი დადასტურება იქნებოდა, რომ იესო ღვთის მიერ იყო გამოგზავნილი, მაგრამ ბიბლიაში ვკითხულობთ: «მღვდელმთავრებმა და ფრისევლებმა შეკრიბეს სინედრიონი და თქვეს: „რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულებს ახდენს? თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც“». რა გადაწყვეტილება მიიღეს მათ? „იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი“. გარდა იმისა, რომ იესოს მოსაკლავად შეითქვნენ, ამ ადამიანებმა იესოს სასწაულის ცოცხალი მტკიცების მოსპობაც განიზრახეს. „მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს“ (იოანე 11:47, 48, 53; 12:9—11). რა ცუდი იქნებოდა, თუ ჩვენც მსგავს აზროვნებას განვივითარებდით და გაგვაღიზიანებდა ან გაგვანაწყენებდა ისეთი რამეები, რასაც სინამდვილეში უნდა გავეხარებინეთ! რამდენად საშიში იქნებოდა ეს!
იესოს დადებითი აზროვნების მიბაძვა
17. ა) რა მდგომარეობაში გამოავლინა დანიელმა აზროვნება, რომელიც გამბედაობას ირეკლავდა? ბ) როგორ ცხადყო იესომ, რომ გამბედავი იყო?
17 იეჰოვას მსახურები დადებით აზროვნებას ინარჩუნებენ. როდესაც დანიელის მტრები შეითქვნენ და მეფეს გამოაცემინეს კანონი, რომელიც 30 დღის განმავლობაში ნებისმიერი ღვთისა და კაცის მიმართ თხოვნით მიმართვას კრძალავდა, წინასწარმეტყველმა იცოდა, რომ ეს იეჰოვა ღმერთთან მის ურთიერთობაზე თავდასხმა იყო. არ ილოცა მან 30 დღის განმავლობაში? დანიელი, ჩვეულებისამებრ, დღეში სამჯერ უშიშრად განაგრძობდა იეჰოვასთვის ლოცვით მიმართვას (დანიელი 6:7—18). მსგავსად ამისა, იესოც ვერ დააშინეს მტრებმა. ერთ შაბათ დღეს ის ხელგამხმარ კაცს შეხვდა. მან იცოდა, რომ იქ დამსწრე მრავალ იუდეველს არ მოეწონებოდა, თუ ის შაბათს ვინმეს განკურნავდა. იესომ სთხოვა მათ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოეთქვათ. როდესაც ისინი დადუმდნენ, გამოვიდა და განკურნა ხელგამხმარი მამაკაცი (მარკოზი 3:1—6). როდესაც დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა, მას არასოდეს დაუხევია უკან და ყოველთვის ასრულებდა თავის მოვალეობას.
18. რატომ გვეწინააღმდეგება ზოგი, მაგრამ როგორი უნდა იყოს მათ უარყოფით აზროვნებაზე ჩვენი რეაქცია?
18 დღეს იეჰოვას მოწმეებსაც ესმით, რომ არასოდეს უნდა დაშინდნენ მოწინააღმდეგეთა მხრიდან მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ გამოავლენენ ისეთივე აზროვნებას, როგორიც იესოს ჰქონდა. იეჰოვას მოწმეებს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავთ იმის გამო, რომ ზოგს არა აქვს მათ შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ზოგს კი სძულს მოწმეები ან მათი ცნობა, მაგრამ დაე არასოდეს დავუშვათ, რომ მათმა აზროვნებამ, რომელიც არაკეთილგანწყობილებაში გამოიხატება, ჩვენს დადებით აზროვნებაზე იმოქმედოს. არასოდეს უნდა მივცეთ სხვებს იმის საშუალება, რომ გვიკარნახონ, თუ როგორ ვცეთ თაყვანი ღმერთს.
19. როგორ შეგვიძლია ისეთი აზროვნების გამოვლენა, როგორიც იესო ქრისტეს ჰქონდა?
19 იესო თავისი მიმდევრებისა და ღვთის ღონისძიებების მიმართ ყოველთვის დადებით აზროვნებას ავლენდა, თუმცა ზოგჯერ ამის გაკეთება ადვილი არ იყო (მათე 23:2, 3). ჩვენ კი მის მაგალითს უნდა მივბაძოთ. მართალია, ძმები არასრულყოფილები არიან, მაგრამ არც ჩვენ ვართ სრულყოფილები. სად შეგვიძლია უკეთესი ურთიერთობებისა და ნამდვილად ერთგული მეგობრების პოვნა, თუ არა ჩვენს მსოფლიო საძმოში? იეჰოვას წერილობით გადმოცემული თავისი სიტყვიდან ჩვენთვის ჯერ არ მოუცია ყველაფრის ახსნა, მაგრამ რომელ რელიგიურ ჯგუფს აქვს მეტი გაგება? მოდი ყოველთვის შევინარჩუნოთ სწორი აზროვნება, ისეთი აზროვნება, როგორიც იესო ქრისტეს ჰქონდა. სხვა ყველაფერთან ერთად, ამაში შედის ისიც, რომ ვიცოდეთ, თუ როგორ ველოდოთ იეჰოვას. ამ საკითხზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
[სქოლიო]
a იესოს ცხოვრებასა და მსახურებაზე მოთხრობილია წიგნში „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაკო კოშკის“ მიერ.
შეგიძლიათ განმარტოთ?
• როგორ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე ჩვენი აზროვნება?
• აღწერეთ იესო ქრისტეს აზროვნება.
• რის სწავლა შეგვიძლია იობის აზროვნებიდან?
• როგორი უნდა იყოს ჩვენი აზროვნება მაშინ, როცა წინააღმდეგობას ვაწყდებით?
[სურათები 7 გვერდზე]
სწორი აზროვნებით ქრისტიანი ეხმარება სხვებს.
[სურათი 9 გვერდზე]
ღვთის სიტყვის შესწავლა, რომელსაც ლოცვის შემდეგ ვიწყებთ, ქრისტეს აზროვნების ათვისებაში გვეხმარება.