ხარ „სრულწლოვანი“ ქრისტიანი?
„როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვლაპარაკობდი, ბალღურად ვაზროვნებდი, ბალღურად ვმსჯელობდი“, — წერდა მოციქული პავლე. მართლაც, ერთ დროს ყოველი ჩვენგანი უმწეო ბავშვი იყო, მაგრამ სამუდამოდ ასე არ დავრჩენილვართ. პავლე აღნიშნავდა: „ხოლო როცა მამაკაცი გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე“ (1 კორინთელთა 13:11, აფ).
ამნაირადვე, ყველა ქრისტიანი თავიდან სულიერი გაგებით ბავშვი იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველას შეუძლია ‘მიაღწიოს რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას’ (ეფესელთა 4:13). 1-ლი კორინთელთა 14:20 მოგვიწოდებს: „ძმანო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. . . გონებისთვის. . . სრულწლოვანნი [იყავით]“.
მოწიფული ანუ „სრულწლოვანი“ ქრისტიანების არსებობა დღეს ღვთის ხალხისთვის კურთხევაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ შორის ბევრი ახალია. „სრულწლოვანი“ ქრისტიანები კრებას სიმტკიცეს მატებენ. ისინი დადებით გავლენას ახდენენ იმ კრებაში არსებულ მდგომარეობაზე, რომლის წევრებიც არიან.
მაშინ როდესაც ფიზიკური ზრდა გარკვეულწილად თავისთავად ხდება, სულიერი ზრდა მხოლოდ დროისა და ძალისხმევის შედეგია. გასაკვირი არ არის, რომ პავლეს დროს ზოგმა ქრისტიანმა ვერ შეძლო ‘სრულყოფისაკენ სწრაფვა’, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი ემსახურებოდნენ ღმერთს (ებრაელთა 5:12; 6:1). რა შეიძლება ითქვას შენზე? დიდი ხანია ემსახურები ღმერთს თუ — შედარებით მცირე ხნის მანძილზე, მართებული იქნება, პატიოსნად შეამოწმო საკუთარი თავი (2 კორინთელთა 13:5). ხარ თუ არა მათ შორის, რომლებსაც ნამდვილად შეიძლება ეწოდოთ მოწიფული, ანუ „სრულწლოვანი“ ქრისტიანები? თუ არა, როგორ შეგიძლია გახდე ასეთი?
‘გონებისთვის სრულწლოვანნი’
სულიერ ბავშვებს ადვილად „არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით“. ამიტომ პავლე ყველას მოუწოდებდა: „ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი — ქრისტე“ (ეფესელთა 4:14, 15). როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ებრაელთა 5:14-ში ნათქვამია: „მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“.
აღსანიშნავია, რომ მოწიფულ ადამიანს გრძნობები გაწაფული აქვს ჩვევით, ანუ ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებით. ნათელია, სწრაფად ვერავინ გახდება მოწიფული. სულიერი ზრდა დროს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, შეგიძლია შენს სულიერ ზრდას დიდად შეუწყო ხელი ბიბლიის პირადი შესწავლით, განსაკუთრებით ღვთის სიტყვის სიღრმეების გამოკვლევით. ამ ბოლო დროს „საგუშაგო კოშკი“ განიხილავდა მრავალ ძნელად აღსაქმელ საკითხს. მოწიფული ქრისტიანები თავს არ არიდებენ ასეთ სტატიებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათში „ზოგი რამ. . . ძნელად გასაგებია“ (2 პეტრე 3:16). დიახ, ისინი დიდი სურვილით შეექცევიან მაგარ საზრდოს!
გულმოდგინე მქადაგებლები და მასწავლებლები
იესომ შემდეგი მითითება მისცა თავის მოწაფეებს: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). სამქადაგებლო საქმიანობაში გულმოდგინე მონაწილეობას აგრეთვე შეუძლია წვლილი შეიტანოს შენს სულიერ ზრდაში. რატომ არ უნდა სცადო, სრული მონაწილეობა მიიღო მასში, თუ მდგომარეობა საშუალებას გაძლევს? (მათე 13:23).
დროდადრო, ცხოვრებისეული პრობლემების გამო, ქადაგებისთვის დროის გამოყოფა შეიძლება ძნელი იყოს. მაგრამ, თუ ‘იღვწი’, როგორც მქადაგებელი, ამით ცხადყოფ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ‘სახარებას’ (ლუკა 13:24; რომაელთა 1:16). ამგვარად, შენ შეიძლება „მორწმუნეთათვის ნიმუში“ იყო (1 ტიმოთე 4:12).
უმწიკვლობის დამცველნი
მოწიფულად გახდომა იმასაც ნიშნავს, რომ ძალ-ღონე მოახმარო უმწიკვლობის შენარჩუნებას. ფსალმუნის 25:1-ის თანახმად, დავითმა განაცხადა: „განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით [ანუ უმწიკვლობით]“. უმწიკვლობა არის მორალური სიმტკიცე, სისრულე. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს სრულყოფილებას. თავად დავითმა რამდენიმე სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. მაგრამ, რადგან მან აღიარა მხილება და გამოასწორა თავისი მოქმედება, ცხადყო, რომ შეინარჩუნა იეჰოვა ღმერთისადმი წრფელი სიყვარული (ფსალმუნი 25: 2, 3, 6, 8, 11). უმწიკვლობა სრულ ერთგულებას ნიშნავს. დავითმა თავის ძეს, სოლომონს, უთხრა: «იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი [„სრული“, აქ] გულით» (პირველი ნეშტთა 28:9).
უმწიკვლობის დაცვა იმას ნიშნავს, რომ ‘არ იყო წუთისოფლისა’, არ ჩაერიო პოლიტიკასა და ომებში (იოანე 17:16). აგრეთვე თავი უნდა აარიდო ისეთ ბინძურ ჩვევებს, როგორიც არის სიძვა, მრუშობა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება (გალატელთა 5:19—21). მაგრამ უმწიკვლობის დაცვაში უფრო მეტიც იგულისხმება. სოლომონი გვაფრთხილებდა: «შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს; მცირედი სიბრიყვე უფრო ძვირფასია ზოგჯერ, ვიდრე სიბრძნე და დიდება [„ასევე მოქმედებს მცირედი სიბრიყვე მასზე, ვისაც პატივს სცემენ მისი სიბრძნისა და დიდების გამო“, აქ]» (ეკლესიასტე 10:1). დიახ ‘მცირედმა სიბრიყვემაც’ კი, როგორიც არის უადგილო ხუმრობა ან არშიყობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, შეიძლება ძირი გამოუთხაროს „ბრძენი“ ადამიანის კარგ სახელს (იობი 31:1). მაშასადამე, ცხადი გახადე შენი მოწიფულობა იმით, რომ ისწრაფვი, სამაგალითო იყო ყოველ მოქმედებაში და მოერიდო „ყოველგვარ ბოროტებას“ (1 თესალონიკელთა 5:22).
ერთგულები
„სრულწლოვანი“ ქრისტიანი ერთგულიც არის. როგორც ეფესელთა 4:24-ში ვკითხულობთ, მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებს: ‘შეიმოსეთ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’. ბერძნულ წერილებში დედნის ენაზე სიტყვა „ერთგულებაში“ სიწმინდის, უმწიკვლობის, მოკრძალების აზრია ჩადებული. ერთგული ადამიანი ღვთისმოშიშია. ის გულმოდგინედ ასრულებს ღვთის წინაშე თავის ვალდებულებებს.
რომელია ის ზოგიერთი საშუალება, რომლებითაც ასეთივე ერთგულებას განივითარებ? ერთ-ერთი საშუალებაა შენი კრების უხუცესებთან თანამშრომლობა (ებრაელთა 13:17). იმის აღიარებით, რომ ქრისტე დანიშნულია ქრისტიანული კრების თავად, მოწიფული ქრისტიანი ერთგულებას ავლენს ‘ღვთის ეკლესიის მწყემსებად’ დანიშნული პირების მიმართ (საქმეები 20:28). რა არაგონივრული იქნებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა ან ჩირქი მოგვეცხო დანიშნული უხუცესების ავტორიტეტისთვის! შენ აგრეთვე ერთგულებას უნდა ავლენდე ‘ერთგული და გონიერი მონისა’ და იმ ორგანოების მიმართ, რომელთა მეშვეობითაც სულიერი საზრდოს „დროულად“ განაწილება ხდება (მათე 24:45). ნუ დააყოვნებ „საგუშაგო კოშკსა“ და სხვა პუბლიკაციებში მოცემული ინფორმაციის წაკითხვასა და გამოყენებას.
სიყვარული საქმით გამოხატე
პავლე თესალონიკელ ქრისტიანებს სწერდა: „მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ“ (2 თესალონიკელთა 1:3). სიყვარულის ‘გამრავლება’ სულიერი ზრდის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მხარეა. იოანეს 13:35-ის თანახმად, იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“. ასეთ ძმურ სიყვარულს მხოლოდ ემოციები და გრძნობები არ ახასიათებს. ერთი ბიბლიური ლექსიკონი აღნიშნავს: „სიყვარული შეიძლება მხოლოდ მისით ნაკარნახევი საქმეებით გამოვლინდეს“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words). დიახ, შენ ისწრაფვი მოწიფულობისკენ იმ მხრივ, თუ სიყვარულს საქმეებით გამოხატავ!
მაგალითად, რომაელთა 15:7-ში ვკითხულობთ: „მიიღეთ ერთმანეთი“. ერთ-ერთი საშუალება სიყვარულის გამოსახატავად ის არის, რომ თბილად და სიხარულით შეეგებო თანაქრისტიანებსა და ახალმოსულებს კრების შეხვედრებზე! გაიცანი თითოეული მათგანი. ‘იზრუნე’ სხვებზე (ფილიპელთა 2:4). იქნებ შეგიძლია სტუმართმოყვარეობა გამოავლინო და სხვადასხვა ადამიანი მიიწვიო სახლში (საქმეები 16:14, 15). დროდადრო სხვების არასრულყოფილებამ შეიძლება შენი სიყვარული გამოსცადოს, მაგრამ, თუ სწავლობ ‘სიყვარულით მათ შეწყნარებას’, ამით ცხადყოფ, რომ „სრულწლოვანი“ ხდები (ეფესელთა 4:2).
გამოვიყენოთ ჩვენი ქონება წმინდა თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად
ძველ დროს ღვთის ხალხში ყველა არ ასრულებდა იმ პასუხისმგებლობას, რომ მატერიალურად მხარი დაეჭირა იეჰოვას ტაძრისთვის. ამგვარად, ღმერთმა გაგზავნა ანგია და მალაქია წინასწარმეტყველები ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი ხალხის გამოსაფხიზლებლად (ანგია 1:2—6; მალაქია 3:10). თანამედროვე მოწიფული ქრისტიანები სიხარულით იყენებენ თავიანთ სახსრებს იეჰოვას თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად. მიჰბაძე ასეთებს, გამოიყენე 1-ლ კორინთელთა 16:1, 2-ში ჩაწერილი პრინციპი — რეგულარულად ‘გადადო’ გარკვეული შესაწირავი კრებისა და იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საქმისთვის. ღვთის სიტყვა აღგვითქვამს: „ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის“ (2 კორინთელთა 9:6).
მხედველობიდან ნუ გამოგრჩება სხვა საშუალებაც, რომელიც გაქვს — შენი დრო და ენერგია. შეეცადე ‘მოივაჭრო ჟამი’ ნაკლებმნიშვნელოვანი საქმიანობისგან (ეფესელთა 5:15, 16; ფილიპელთა 1:10). ისწავლე დროის გონივრულად გამოყენება. ამგვარი მოქმედება შენთვის შესაძლებელს გახდის, მონაწილეობა მიიღო სამეფო დარბაზის მოწესრიგებასა და სხვა მსგავს საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს იეჰოვას თაყვანისმცემლობას. შენი შესაძლებლობების ამგვარად გამოყენება დაადასტურებს იმას, რომ „სრულწლოვანი“ ქრისტიანი ხდები.
ისწრაფე მოწიფულობისკენ!
ის მამაკაცები და ქალები, რომლებიც არიან მუყაითები და გონიერები, გულმოდგინე მქადაგებლები, უმწიკვლობის დამცველები, ერთგულები და სიყვარულით აღვსილები, მონდომებულები სამეფოს საქმის ფიზიკურად და მატერიალურად მხარდასაჭერად, ნამდვილ კურთხევას წარმოადგენენ. გასაკვირი არ არის, რომ მოციქული პავლე მოგვიწოდებდა: „დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ“ (ებრაელთა 6:1).
ხარ „სრულწლოვანი“, მოწიფული ქრისტიანი? თუ ჯერ კიდევ სულიერი ბავშვი ხარ ზოგიერთ საკითხში? (ებრაელთა 5:13). ნებისმიერ შემთხვევაში, იყავი გადაწყვეტილებით აღსავსე, გქონდეს ბიბლიის პირადი შესწავლა, იქადაგო და სიყვარული გამოხატო ძმების მიმართ. მიიღე ყოველი რჩევა და მითითება მოწიფული პიროვნებისგან (იგავნი 8:33). მთლიანად შეასრულე შენზე დაკისრებული ყველა ქრისტიანული პასუხისმგებლობა. დროისა და ძალისხმევის შედეგად შენც ‘მიაღწევ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას’ (ეფესელთა 4:13).
[ჩანართი 27 გვერდზე]
„სრულწლოვანი“ ქრისტიანები განამტკიცებენ კრებას. ისინი დადებით გავლენას ახდენენ მასში გამეფებულ ატმოსფეროზე.
[სურათები 29 გვერდზე]
მოწიფულ ქრისტიანებს წვლილი შეაქვთ კრების ატმოსფეროს გაუმჯობესებაში იმით, რომ ინტერესს ავლენენ სხვების მიმართ.