ალბანეთი
ალბანეთი პატარა ქვეყანაა, რომელსაც საკმაოდ მდიდარი, მაგრამ რთული წარსული აქვს. ამ მიწაზე ბევრ ტომსა და ერს დაუდგამს ფეხი; მის დასაპყრობად იბრძოდნენ მსოფლიოს ძლევამოსილი ქვეყნები და ათწლეულების განმავლობაში ის სრულიად მოწყვეტილი იყო სამყაროს. ალბანელი იეჰოვას მოწმეები მრავალ სირთულესა და განსაცდელს ხვდებოდნენ, თუმცა იეჰოვა გვერდში ედგა მათ და ზრუნავდა მათ სულიერ კეთილდღეობაზე. წიგნის ამ ფურცლებზე თქვენ თვალწინ გაცოცხლდება მათი ამაღელვებელი ისტორია და დაინახავთ, თუ როგორ ეხმარებოდა „იეჰოვას ხელი“ ამ მიწაზე მცხოვრებ თავმდაბალ მსახურებს (საქ. 11:21).
საუკუნეების განმავლობაში არაერთი ქვეყანა იბრძოდა ალბანეთის ხელში ჩასაგდებად, რასაც რელიგიური დაპირისპირებებიც მოჰყვა. XVI საუკუნის დასაწყისში ქვეყანა რელიგიურად დაყოფილი იყო, ზოგი მუსლიმანი იყო, ზოგი მართლმადიდებელი, ზოგიც კი — კათოლიკე.
XIX საუკუნის ბოლოს ხალხში ნაციონალური სულისკვეთება გაღვივდა და უამრავი პატრიოტული გაერთიანება ჩამოყალიბდა. იმ დროს ალბანეთში უმრავლესობა გლეხი იყო და ბევრი საკუთარ სიღარიბეში უცხოელებს ადანაშაულებდა. 1900 წლისთვის ხალხში დამოუკიდებლობისა და ავტონომიის მოპოვების ძლიერი სურვილი გაჩნდა, რაც საბერძნეთთან, სერბიასა და თურქეთთან ომის გაჩაღების მიზეზი გახდა. საბოლოოდ, 1912 წელს ალბანეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
მოგვიანებით ალბანეთის მთავრობამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ბოლო მოუღო რელიგიას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტურმა ხელისუფლებამ ყველა რელიგია აკრძალა და ალბანეთი მსოფლიოში პირველ ათეისტურ ქვეყნად გამოაცხადა.
„ჭეშმარიტებას დიდი სიხარულით იღებენ“
ახ. წ. 56 წლამდე პავლე მოციქული წერდა, რომ მან და მისმა თანამსახურებმა გულდასმით იქადაგეს სასიხარულო ცნობა ილირიკონში, რომის ერთ-ერთ პროვინციაში, რომლის ნაწილი დღეს ალბანეთის ტერიტორიაზეა (რომ. 15:19). სავსებით დასაჯერებელია, რომ იმ დროისთვის ზოგმა იმ მხარეში მცხოვრებმა ჭეშმარიტი ქრისტიანობა მიიღო. ისტორიული წყაროები იტყობინებიან, რომ ალბანეთში ქრისტიანობა პირველ საუკუნეში შევიდა.
თანამედროვე ისტორიაში პირველი მონაცემები ამ მხარეში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შესახებ პირველად 1921 წელს დაფიქსირდა, როცა ჯონ ბოსდოიანისმა კუნძულ კრეტიდან ბრუკლინის ბეთელს წერილი მისწერა. ამ წერილში ის იტყობინებოდა, რომ ქალაქ იოანინაში, რომელიც დღეს საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბიბლიის შესწავლის „კლასი“ მოინახულა. იმ პერიოდში ბევრი ალბანელი ახალ ინგლისში (შეერთებული შტატები) გადავიდა საცხოვრებლად, მათ შორის იყვნენ თანას (ნაშო) იდრიზი და კოსტა მიჩელი. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ისინი მალევე მოინათლნენ. ძმა იდრიზი 1922 წელს გიროკასტრაში (ალბანეთი) დაბრუნდა. ის იყო პირველი ალბანელი, რომელიც ჭეშმარიტების გაგების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. იეჰოვამ აკურთხა მისი თავდაუზოგავი მსახურება და ბევრი გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას. მალე მის მაგალითს ამერიკაში მცხოვრები სხვა ალბანელი მოწმეებიც მიჰყვნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ. კოსტა მიჩელი კი ქალაქ ბოსტონში (მასაჩუსეტსი, აშშ) მცხოვრებ ალბანელებთან განაგრძობდა ქადაგებას.
სოკრატ და თანას დიულები (ათან დიულისი) ალბანეთში დაიბადნენ, მაგრამ ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, როცა თურქეთში წაიყვანეს. სოკრატი ალბანეთში 1922 წელს დაბრუნდა. მომდევნო წელს 14 წლის თანასი მის საძებნელად ჩავიდა იქ. ის წერს: «როდესაც ჩვენს ძველ სახლში მივედი, ჩემი ძმა მაშინვე ვერ ვიპოვე. ის 200 კილომეტრის მოშორებით მუშაობდა. მაგრამ ვიპოვე „საგუშაგო კოშკი“, ბიბლია, წიგნის „საღვთო წერილის გამოკვლევა“ შვიდი ტომი და სხვა ბიბლიური ბროშურები. ამ მივარდნილ, მთიან მხარეშიც კი იყვნენ ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები, რომლებიც ამერიკიდან დაბრუნდნენ და თან ბიბლიური ჭეშმარიტება და მისადმი დიდი სიყვარული ჩამოიტანეს». როდესაც ძმები საბოლოოდ ერთმანეთს შეხვდნენ, სოკრატმა, იმ დროისთვის უკვე მონათლულმა ბიბლიის მკვლევარმა, არ დააყოვნა და თავის ძმას, თანასს, ბიბლიური ჭეშმარიტება ასწავლა.
1924 წელს რუმინეთის ოფისს დაევალა, რომ ალბანეთში ახლად დაწყებული სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაეწია მეთვალყურეობა. თუმცა ამ საქმიანობას ალბანეთში ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული ფართო ხასიათი, 1925 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა: «ადგილობრივ ენაზე ითარგმნა და გამოიცა წიგნი „ღვთის ქნარი“ და ბროშურები „ნანატრი მთავრობა“ და „მსოფლიო კრიზისი“ . . . ამ პუბლიკაციების დიდი რაოდენობა უკვე გავრცელდა. ალბანელები ჭეშმარიტებას დიდი სიხარულით იღებენ».
იმ პერიოდში ალბანეთი პოლიტიკურად დაყოფილი იყო. მაგრამ რის თქმა შეიძლება იეჰოვას მსახურებზე? „1925 წელს ალბანეთში სამი კრება იყო. გარდა ამისა, იყვნენ ბიბლიის მკვლევარები, რომლებიც სხვა ძმებისგან იმდენად შორს ცხოვრობდნენ, რომ, ფაქტობრივად, მოწყვეტილები იყვნენ კრებას“, — წერდა თანასი. ის ასევე წერდა, რომ გარშემო მყოფი მოჩხუბარი, ეგოისტი და შურიანი ხალხისგან განსხვავებით ბიბლიის მკვლევარებს ერთმანეთი უყვარდათ. ბევრი ალბანელი ქვეყნიდან გარბოდა, მაგრამ ისინი, ვინც საზღვარგარეთ გაიგო ჭეშმარიტება, უკან ბრუნდებოდნენ, რადგან ერთი სული ჰქონდათ, ნათესავებისთვის ესწავლებინათ ქრისტეს ახლად დამყარებული სამეფოს შესახებ.
იმავე პერიოდში ბოსტონში კვირაობით ალბანურ ენაზე წარმოთქმულ საჯარო მოხსენებებს 60-მდე კაცი ესწრებოდა. ისინი გულდასმით კითხულობდნენ და იკვლევდნენ „საღვთო წერილის გამოკვლევის“ ტომებს. მიუხედავად თარგმანის უზუსტობისა, ისინი საფუძვლიანად იკვლევდნენ წიგნს „ღვთის ქნარი“ (ამ წიგნის სათაური თავიდან თარგმნეს, როგორც „ღვთის გიტარა“). ეს წიგნი უამრავ ალბანელს დაეხმარა ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებასა და რწმენის გაძლიერებაში.
„ნუ შეაწუხებთ!“
1926 წელს „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა, რომ ალბანეთში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 13 ადამიანი დაესწრო. 1927 წლის „წელიწდეულში“ ეწერა: „ალბანეთში მხოლოდ 15-მდე მიძღვნილი ძმაა და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ხალხს გააგებინონ. ამერიკაში დაახლოებით ოცდაათი ალბანელი ძმა ცხოვრობს და მათ ძალიან სურთ, რომ თანამემამულეებს ჭეშმარიტების გაგებაში დაეხმარონ“. ალბანეთში მცხოვრები 15 ძმის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 1927 წელს გახსენების საღამოს 27 ადამიანი დაესწრო, რაც ორჯერ აღემატებოდა წინა წელს დამსწრეთა რაოდენობას.
XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ალბანეთში კვლავ პოლიტიკური არეულობა იყო. მთავრობა, რომელიც მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ფან ნოლიმ ცოტა ხნით ჩაიგდო ხელში, პრეზიდენტმა ახმედ ზოგუმ დაამხო. მან ალბანეთი სამეფოდ, საკუთარი თავი კი ერთპიროვნულ მმართველად, მეფე ზოგ I-ად გამოაცხადა.
1928 წელს ლაზარ ნასონი, პეტრო სტავრო და სხვა ორი ძმა შეერთებული შტატებიდან ალბანეთში ჩავიდნენ „შემოქმედების ფოტოდრამის“ საჩვენებლად. იმავე დროს შეერთებული შტატებიდან ალბანეთში მეფე ზოგ I-ს ორი მღვდელი ესტუმრა, ერთი კათოლიკე იყო, მეორე კი — მართლმადიდებელი.
„გაფრთხილდი! — უთხრა კათოლიკე მღვდელმა მეფე ზოგს. — ამერიკიდან კაცები არიან ჩამოსულები, რომლებიც პრობლემებს შეგიქმნიან“.
მართლმადიდებელი მღვდელი არ დაეთანხმა ამ სიტყვებს. ის იცნობდა ძმებს, რადგან ამ შემთხვევიდან არცთუ ისე დიდი ხნის წინ მათ ბოსტონში მისი ეკლესია დატოვეს. „თუ ალბანეთში ყველა ამ კაცების მსგავსად მოიქცევა, სასახლის კარების ჩაკეტვაც კი არ დაგჭირდებათ!“ — უთხრა მან ზოგს.
„მაშინ დაანებეთ მათ თავი და ნუ შეაწუხებთ!“ — განუცხადა მეფემ.
იმავე წელს ბოსტონში ალბანურ ენაზე გამოიცა „იეჰოვას განსადიდებელი სიმღერები“. ალბანეთში მცხოვრებმა ძმებმა ამ სიმღერების ტექსტები და მელოდიები ისწავლეს. მათი საყვარელი ორი სიმღერა იყო „ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ“ და „წინ საქმისკენ“. იმ წლებში, როცა ძმებს არაერთ სირთულესთან გამკლავება უწევდათ, ეს სიმღერები აძლიერებდა მათ.
ალბანელებს პირდაპირი ლაპარაკი უყვართ. ზოგს შეიძლება მათი საუბარი ცხარე კამათად მოეჩვენოს, სინამდვილეში კი ეს მათთვის ჩვეულებრივი საუბარია. ალბანელები, რომლებიც რაღაცაში არიან დარწმუნებულები, არა მარტო უზიარებენ სხვებს თავიანთ შეხედულებებს, არამედ დამაჯერებლად ლაპარაკობენ მათზე და, ამავე დროს, მათ თანახმადაც მოქმედებენ. ამის თქმა შეიძლება იმ ალბანელებზეც, რომლებიც ჭეშმარიტებას იღებენ.
სირთულეებს კარგი შედეგები მოჰყვა
ალბანეთში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა თანდათანობით უარესდებოდა, რის გამოც სულ უფრო და უფრო მეტი ალბანელი ტოვებდა ქვეყანას. ზოგიერთმა მათგანმა ჭეშმარიტება ახალ ინგლისსა და ნიუ-იორკში გაიგო. სადაც კი ალბანელები მოიყრიდნენ თავს, ჭეშმარიტების მარცვალი ყველგან ითესებოდა და მალევე ღვივდებოდა. ძმები ძალიან გაახარა ბროშურების „სამეფო“ და „კრიზისის“ გამოცემამ ალბანურ ენაზე.
ამ დროს ალბანეთის მთავრობამ ჩვენი ლიტერატურის კონფისკაცია მოახდინა. 1934 წელს „ბიულეტენი“ (ახლა „ჩვენი სამეფო მსახურება“) იუწყებოდა: „სიხარულით გვინდა გაუწყოთ, რომ ახლახან იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მთელ ალბანეთში თავისუფლად შეგვიძლია გავავრცელოთ ჩვენი ლიტერატურა . . . ყველა წიგნი და ბროშურა, რომელიც რაიონის გამგებლებმა ჩამოართვეს ძმებს, ისევ უკან დაუბრუნეს . . . ახლა შვიდმა ძმამ დაიქირავა ავტომობილი და დაშორებულ ქალაქებში ავრცელებენ წიგნებს, სხვა ძმები კი ახლომახლო დასახლებებში ქადაგებენ“. 1935 და 1936 წლებში ძმებმა სულ 6 500 სხვადასხვა დასახელების პუბლიკაცია გაავრცელეს.
„ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი რადიოგადაცემა“
„ვარაუდობენ, რომ ეს იქნება ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი რადიოგადაცემა, — იუწყებოდა ბრიტანეთში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი 1936 წლის დასაწყისში (Leeds Mercury). — ეს იქნება მოსამართლე და მქადაგებელი რუტერფორდის მოხსენება, რომელსაც ის ლოს-ანჯელესში წაიკითხავს“. ჯოზეფ რუტერფორდი, რომელიც იმ დროს იეჰოვას მოწმეების საქმიანობას უწევდა ხელმძღვანელობას, წაიკითხავდა მოხსენებას, რომელსაც მთელ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში რადიოტელეფონით მოისმენდნენ. ეს მოხსენება ტრანსლაციით გადაიცემოდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. „არის ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ამ მოხსენებას ვერ მოისმენენ. — ნათქვამი იყო ზემოხსენებულ გაზეთში. — ეს არის ალბანეთი, სადაც სატელეფონო სისტემა არ არსებობს“.
რამდენიმე კვირის შემდეგ ნიკოლას კრისტომ, რომელიც ბოსტონის ალბანურენოვან კრებაში მსახურობდა, მთავარ სამმართველოს მისწერა: «გვსურს გაცნობოთ ის, რაც ალბანეთიდან ახლახან შეგვატყობინეს. იქაც მოისმინეს მოსამართლე რუტერფორდის მოხსენება „ერების გამოცალკევება“, ასე რომ, იმ ქვეყნების გრძელ სიას, რომლებმაც ეს მოხსენება მოისმინეს, კიდევ ერთი ქვეყანა შეემატა. ამ მოხსენებას უსმენდნენ ორ ადგილზე, . . როგორც ჩანს, რადიომიმღებით . . . ჩვენი მეგობრები გულის ფანცქალით უსმენდნენ ჯოზეფ რუტერფორდის ხმას».
როგორ ატარებდნენ ალბანელი მაუწყებლები კრების შეხვედრებს, მანამ სანამ „საგუშაგო კოშკი“ გამოიცემოდა ალბანურ ენაზე? იმ ალბანელთა უმეტესობას, რომელთაც ჭეშმარიტება მიიღეს, განათლება სამხრეთ ალბანეთში ბერძნულ სკოლებში ჰქონდათ მიღებული. ასე რომ, მათ არ უჭირდათ „საგუშაგო კოშკის“ ბერძნულ ენაზე გაგება. სხვები იტალიურ ან ფრანგულ ენაზე კითხულობდნენ ამ ჟურნალს. ხოლო, როცა კრების შეხვედრა ალბანურ ენაზე ტარდებოდა, ძმები შესასწავლ მასალას შეხვედრაზევე თარგმნიდნენ.
ორშაბათ საღამოს ალბანელი და-ძმები ბოსტონში ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ბერძნულ გამოცემას განიხილავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კრება მათ მშობლიურ ენაზე არ ტარდებოდა, ბევრმა თავიანთი შვილები კარგად აღზარდა ჭეშმარიტებაში და წლების შემდეგ მათმა ვაჟებმა და გოგონებმა, დისშვილებმა და ძმისშვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა სრული დროით მსახურება დაიწყეს. ალბანელი ძმები იმდენად გულმოდგინე მსახურები იყვნენ, რომ მათ ხალხმა „უნჯილორები“ შეარქვა, რაც მახარობლებს ნიშნავს.
ქადაგება მაღალი ფენის წარმომადგენლებთან
1938 წელს, ერთი წლით ადრე, სანამ მეფე ზოგს ტახტიდან ჩამოაგდებდნენ, მისი ორი და ბოსტონს ეწვია. იმავე წლის ჟურნალ „ნუგეშის“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“) დეკემბრის ნომერში ეწერა: „როდესაც ალბანელი პრინცესები ბოსტონში ჩამოვიდნენ, ბოსტონის ალბანურენოვანი კრებიდან ორმა მოწმემ მივაკითხეთ მათ სასტუმროში და ღვთის სამეფოს შესახებ გავესაუბრეთ. მათ გულთბილად მიგვიღეს“.
ეს ორი მოწმე იყო ნიკოლას კრისტო და მისი და ლინა. პრინცესების გარდა ისინი შეხვდნენ ხუთ მაღალჩინოსანს, მათ შორის შეერთებულ შტატებში ალბანეთის ელჩს, ფაიკ კონიცას. ამ შეხვედრამდე ალბანური დელეგაცია გაეცნო სპეციალურ სამქადაგებლო ბარათს, რამაც დაანახვა მათ, თუ რამდენად ფართოდ იყო გავრცელებული ჭეშმარიტება ალბანელებს შორის. „სიხარულით გვინდა გაუწყოთ, რომ უკვე მრავალი წელია, რაც ალბანეთში ამ ცნობას ისმენენ; ათობით ათასი წიგნი გავრცელდა როგორც მაღალ წრეებში, ისე ალბანელ ხალხში მათ სასწავლებლად და სანუგეშებლად“, — ნათქვამი იყო ამ ბარათში.
ალბანეთის ელჩმა კონიცამ პრინცესებს შემდეგი რამ უთხრა: „მათ სურთ, რომ თქვენი გავლენა გამოიყენოთ და ალბანეთში ქადაგებას ხელი არაფერმა შეუშალოს. ეს ახალი რწმენაა. მათ სჯერათ, რომ ამ ქვეყნიერებას [დღევანდელ მსოფლიო სისტემას] მალე ბოლო მოეღება, რის შემდეგაც ქრისტე იმეფებს და მკვდრებიც კი აღდგებიან“.
საიდან იცოდა ბატონმა კონიცამ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა ასე კარგად? ჟურნალ „ნუგეშში“ ნათქვამი იყო, რომ „ერთ მის ნაცნობ იეჰოვას მოწმეს . . . რომელმაც ჭეშმარიტება მრავალი წლის წინ გაიგო . . . არაერთხელ უსაუბრია მასთან ამ თემაზე“.
განსაცდელები II მსოფლიო ომის დროს
XX საუკუნის 30-იან წლებში ალბანეთი იტალიამ დაიპყრო, რის შედეგადაც მეფე ზოგი თავის ოჯახთან ერთად იძულებული გახდა 1939 წელს ქვეყნიდან გაქცეულიყო. იტალიიდან შემოჭრილმა ფაშისტურმა ძალებმა ჩვენი ლიტერატურა აკრძალეს და სამქადაგებლო საქმიანობა არაკანონიერად გამოაცხადეს. იმ დროს ქვეყანაში 50 მაუწყებელი იყო. 1940 წლის ზაფხულში სხვადასხვა დასახელების 15 000 პუბლიკაციის კონფისკაცია მოახდინეს. 6 აგვისტოს ქალაქ კელციურაში ფაშისტებმა 9 ძმა დააპატიმრეს და საკანში ჩასვეს, რომლის ფართობიც სულ რაღაც რვა კვადრატული მეტრი იყო. მოგვიანებით ისინი სხვა ციხეში გადაიყვანეს ქალაქ ტირანაში. ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ისინი რვა თვე ჰყავდათ ციხეში, შემდეგ კი მათ ათი თვიდან ორ წელიწად-ნახევრამდე პატიმრობა მიუსაჯეს.
პატიმრების საკვებზე ოჯახის წევრებს უნდა ეზრუნათ. მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ოჯახის მარჩენლები ისხდნენ ციხეში. როგორღა უნდა ერჩინათ მათ თავი?
„15 დღეში ერთხელ გვაძლევდნენ 800 გრამ გამხმარ პურს, 3 კილოგრამ ნახშირს და საპნის ერთ ნაჭერს, — იხსენებს ნაშო დორი. — მე და ჯანი კომინოს იმდენი ფული გვქონდა, რომ ერთი კილო ლობიო ვიყიდეთ. ნახშირზე ვხარშავდით ლობიოს, რომელსაც სხვა პატიმრები ყიდულობდნენ ჩვენგან პატარ-პატარა პორციებად. ამ ფულით ისევ ლობიოს ვყიდულობდით და ცოტა ხანში ხუთი დიდი ქილა ლობიო გავყიდეთ. ბოლოს იმდენი ფული მოგვიგროვდა, რომ ხორცი ვიყიდეთ“.
1940—1941 წლის ზამთარში საბერძნეთის ჯარები სამხრეთ ალბანეთში შეიჭრნენ და მამაკაცებს აიძულებდნენ, მათთან ერთად ებრძოლათ. ერთ სოფელში ერთმა ძმამ ჯარისკაცებს უთხრა, რომ ვერ შეუერთდებოდა მათ, რადგან ნეიტრალიტეტს იცავდა. ამის გამო ჯარისკაცებმა ის თმით ათრიეს და მანამ ურტყეს, სანამ გონება არ დაკარგა.
— ისევ არ დაგვემორჩილები? — დაჰკივლა გონზე მოსულს ოფიცერმა.
— არავითარ შემთხვევაში! — უპასუხა ძმამ.
იმედგაცრუებულმა ჯარისკაცებმა ძმა გაუშვეს.
რამდენიმე დღის შემდეგ ოფიცერი ძმასთან სახლში მივიდა და სიმამაცისთვის შეაქო. „ცოტა ხნის წინ 12 იტალიელი მოვკალი, რის გამოც მედლით დამაჯილდოვეს, — უთხრა მან ძმას. — მაგრამ სინდისი მქენჯნის. იმდენად მრცხვენია, რომ ამ მედალს ვერც კი ვიღებ ჯიბიდან, რადგან ვიცი, რომ ის ბოროტმოქმედებისთვის მივიღე“.
ახალი მთავრობაც განაგრძობს მოწმეების დევნას
მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთი ომის ქარცეცხლში იყო გახვეული და სიტუაციას ფაშისტები აკონტროლებდნენ, ქვეყანაში კომუნისტური პარტია მალულად იკიდებდა ფეხს. 1943 წელს კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლმა ჯარისკაცებმა დაიჭირეს ერთი ძმა, ჩასვეს სატვირთო მანქანაში, წაიყვანეს ბრძოლის ხაზზე და აიძულებდნენ ხელში შაშხანა აეღო, მაგრამ მან უარი განაცხადა.
— შენ კომუნისტი ხარ! — დაუყვირა მეთაურმა. — ქრისტიანი რომ იყო, შენც მღვდლებივით იბრძოლებდი!
მეთაურმა ჯარისკაცებს უბრძანა ძმა დაეხვრიტათ. ის-ის იყო ჯარისკაცებს ცეცხლი უნდა გაეხსნათ, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა იქვე ჩაიარა და იკითხა, რა ხდებოდა. როცა გაიგო, რომ ძმა ნეიტრალიტეტის გამო ამბობდა უარს ომში მონაწილეობაზე, ჯარისკაცებს უბრძანა, არ დაეხვრიტათ; და ისიც გაათავისუფლეს.
1943 წლის სექტემბერში ფაშისტებმა უკან დაიხიეს და ქვეყანაში გერმანიის ჯარები შეიჭრნენ. მათ ერთ ღამეში ტირანაში 84 კაცი მოკლეს. ასობით ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძმები იმედის მომცემ და გამამხნევებელ ბიბლიური შინაარსის ტექსტებს ბეჭდავდნენ. როცა ამ დაბეჭდილ ტექსტს ვინმეს აძლევდნენ, სთხოვდნენ, წაკითხვის შემდეგ უკან დაებრუნებინათ, რათა სხვისთვისაც მიეცათ. რამდენიმე ბროშურის დახმარებით, რომლებიც გადამალული ჰქონდათ, ძმები ქადაგებას განაგრძობდნენ. ქადაგებისას ისინი ბიბლიის მხოლოდ ნაწილს იყენებდნენ, რადგან 90-იან წლებამდე მათ მთლიანი ბიბლიის თარგმანი არ ჰქონდათ.
1945 წლისთვის უკვე 15 ძმას მოუწია სასჯელის მოხდა. ორი მათგანი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც ერთ-ერთი წამებით მოკლეს. პარადოქსია, რომ მაშინ, როცა ძმებს ალბანეთში იმის გამო დევნიდნენ, რომ ფაშისტურ ბლოკს არ უერთდებოდნენ, შეერთებულ შტატებში ზოგ ალბანელ ძმას იმის გამო აპატიმრებდნენ, რომ ფაშისტური ბლოკის წინააღმდეგ არ იბრძოდნენ.
ლიტერატურა, რომელიც ალბანეთში მოწმეებს ომის დროს ჩამოართვეს, საბაჟოზე ინახებოდა. დაბომბვის დროს ეს შენობა დაინგრა და ლიტერატურა ქუჩაში გაიფანტა. ცნობისმოყვარე გამვლელები წიგნებსა და ბროშურებს იღებდნენ და კითხულობდნენ. რასაკვირველია, ძმებმა დრო არ დაკარგეს და დარჩენილი ლიტერატურა სასწრაფოდ შეაგროვეს.
1944 წელს გერმანელებმა ალბანეთი დატოვეს. მათი ადგილი კომუნისტურმა ჯარებმა დაიკავეს და დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბეს. ძმებმა დაუყოვნებლივ მიმართეს ახალ მთავრობას თხოვნით, რომ რამდენიმე ბროშურის ხელახლა გამოცემის ნებართვა მიეცათ, მაგრამ ისინი ასეთი სიტყვებით გაისტუმრეს: «„საგუშაგო კოშკი“ სამღვდელოების წინააღმდეგ ილაშქრებს, ჩვენ კი ალბანეთში სამღვდელოებას პატივს ვცემთ».
ომი შეწყდა, დევნა კი არა
ახალმა კომუნისტურმა მთავრობამ მაღალი გადასახადები დააწესა და მიისაკუთრა საწარმოები, მაღაზიები, კინოთეატრები და ხალხის კუთვნილი სხვა უძრავი ქონება. ხალხს არ ჰქონდა მიწის ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების უფლება; მთელი მოსავალი მთავრობისთვის უნდა გადაეცათ. 1946 წლის 11 იანვარს ალბანეთი სახალხო რესპუბლიკად გამოცხადდა. არჩევნებში კომუნისტურმა პარტიამ გაიმარჯვა და ჩამოაყალიბა მთავრობა, რომელსაც სათავეში ენვერ ჰოჯა ჩაუდგა.
გაიხსნა მეტი სკოლები, რათა ბავშვებს წერა-კითხვა ესწავლათ, თუმცა მთავრობა კრძალავდა ისეთი ლიტერატურის კითხვას, რომელიც კომუნისტურ იდეოლოგიას არ უჭერდა მხარს. მთავრობამ ჩვენი ლიტერატურის კონფისკაცია მოახდინა. ძმებს მხოლოდ მცირე რაოდენობის ქაღალდი და სულ რამდენიმე საბეჭდი მანქანა ჰქონდათ, მაგრამ ისინი მალე ამ ყველაფრის გარეშეც დარჩნენ, რადგან მთავრობამ ჩამოართვა.
რამდენჯერაც ძმებმა ლიტერატურის დაბეჭდვის უფლება ითხოვეს, იმდენჯერ ცივი უარი მიიღეს და უფრო მეტიც, მთავრობა მათ დაშინებასაც ცდილობდა. მაგრამ ძმებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. „იეჰოვამ დაგვავალა, ალბანელებს მისი განზრახვა გავაცნოთ, — უთხრეს მათ მთავრობის წარმომადგენლებს, — თქვენ კი გვიკრძალავთ ამის გაკეთებას, რის გამოც პასუხს აგებთ მის წინაშე“.
ამ დროს მთავრობის წევრები, შესაძლოა, ფიქრობდნენ: „ალბანეთის ბატონ-პატრონები ჩვენ ვართ! არ ვაღიარებთ თეოკრატიას და ხელს ვერც თქვენ და ვერც თქვენი ღმერთი, იეჰოვა შეგვიშლის, რომელსაც არ ვცნობთ!“ ამის მიუხედავად, ძმები შეძლებისდაგვარად მაინც გაბედულად განაგრძობდნენ სასიხარულო ცნობის გავრცელებას.
1946 წელს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სავალდებულო გახდა. ამიტომ ყველას, ვინც არ მიიღებდა მონაწილეობას, სახელმწიფოს მტრად მიიჩნევდნენ. კანონი კრძალავდა შეხვედრების ჩატარებას, ქადაგება კი დანაშაულად ითვლებოდა. როგორ მოქმედებდნენ ძმები?
ქალაქ ტირანაში დაახლოებით 15 ძმა იყო. 1947 წელს მათ ორგანიზება გაუწიეს სამქადაგებლო კამპანიას. ისინი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, ბიბლიები დაუხიეს და აწამეს. როდესაც გაათავისუფლეს, უბრძანეს, რომ პოლიციის ნებართვის გარეშე არსად წასულიყვნენ. გაზეთებში იესოსა და იეჰოვას აბუჩად იგდებდნენ.
1947 წლის 22 მარტს, მას შემდეგ, რაც ბოსტონში მცხოვრებმა ალბანელმა ძმებმა გაიგეს მომხდარის შესახებ, ენვერ ჰოჯას ალბანელი იეჰოვას მოწმეების მხარდასაჭერად ორგვერდიანი წერილი მისწერეს. წერილში ისინი ხსნიდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები არ წარმოადგენდნენ საფრთხეს მთავრობისთვის და, რომ რელიგიურმა მოწინააღმდეგეებმა მათ ცრუბრალდებები წაუყენეს, რადგან მოწმეების პუბლიკაციები სამართლიანად ამხელდა მათ არაქრისტიანულ ქმედებებს. წერილის ბოლოს ეწერა: „როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ალბანეთის დელეგაცია, რომელსაც ბატონი კაპო ხელმძღვანელობდა, ბოსტონს ეწვია, ჩვენ მათ სასტუმროში ვესტუმრეთ. ბატონმა კაპომ თბილად მიგვიღო და გულისყურით მოგვისმინა“. წლების განმავლობაში ჰოსნი კაპოს ალბანეთში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა. ეს თხოვნა თხოვნად დარჩა და ალბანეთში იეჰოვას მოწმეებს სულ უფრო და უფრო მეტი პრობლემები ექმნებოდათ.
1947 წელს ალბანეთი საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის მოკავშირე გახდა და საბერძნეთს დაუპირისპირდა. მომდევნო წელს ალბანეთმა კავშირი გაწყვიტა იუგოსლავიასთან, საბჭოთა კავშირთან კი ურთიერთობა კიდევ უფრო განამტკიცა. ვინც არ დაუჭერდა მხარს მთავრობის იდეოლოგიას, საზოგადოებიდან მოიკვეთებოდა. ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ძმები წინანდელზე ძლიერ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ.
1948 წელს ერთ პატარა სოფელში ექვსი მოწმე შეიკრიბა გახსენების საღამოს აღსანიშნავად. პოლიციელები მათი შეხვედრის ადგილას შეიჭრნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ მოწმეებს. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა ძმა, რომელიც გახსენების საღამოზე მოხსენებას კითხულობდა, და აიძულა, 12 საათის განმავლობაში ფეხზე მდგარიყო. შუაღამისას მას პოლიციის უფროსი წამოადგა თავს და უყვირა: „რატომ დაარღვიე კანონი?“
— სახელმწიფო კანონს უფლის კანონზე მაღლა ვერ დავაყენებთ! — უპასუხა ძმამ.
უფროსმა გაარტყა მას და როცა დაინახა, რომ მან მეორე ლოყა მიუშვირა განრისხებულმა ჰკითხა: „რას აკეთებ?“
— როგორც გითხარით, ჩვენ ქრისტიანები ვართ. იესომ გვასწავლა, რომ, თუ ვინმე ერთ ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვირეო — მიუგო ძმამ.
— რადგან ამას შენი უფალი ბრძანებს, მე არ დავემორჩილები მას და აღარ გაგარტყამ! მოშორდი აქაურობას! — თქვა გაცოფებულმა უფროსმა.
„ქადაგებას არ შევწყვეტ“
სოტირ ცეჩი, რომელიც ტირანაში ცხოვრობდა, თავგამოდებული მართლმადიდებელი იყო. ბავშვობაში ძვლის ტუბერკულოზი ჰქონდა და ფეხების ტკივილი ტანჯავდა. 17 წლის ასაკში უკვე იმდენად იყო დეპრესიაში ჩავარდნილი, რომ უნდოდა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. გადაწყვიტა მატარებელს შევარდნოდა. სანამ თავის გეგმას განახორციელებდა, ის მისმა ნათესავმა, ლეონიდა პოპმა მოინახულა. თუმცა არაფერი იცოდა სოტირის გადაწყვეტილების შესახებ, მას ესაუბრა, რომ დედამიწაზე ყოფნისას იესო ავადმყოფებს კურნავდა და, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა. ლეონიდამ სოტირს ბერძნული წერილების ერთი ეგზემპლარი მისცა. სოტირმაც არ დააყოვნა და წიგნის კითხვას შეუდგა.
„თითქოს ბრმა ვიყავი და თვალი ამეხილა. ჭეშმარიტება ვიპოვე!“ — იხსენებს სოტირი.
რამდენიმე დღეში სოტირმა თავად დაასკვნა: „ბიბლიაში წერია, რომ იესო, მისი მოციქულები და მოწაფეები ქადაგებდნენ. ესე იგი მეც ასე უნდა მოვიქცე“.
ამგვარად სოტირი შეუდგა ქადაგებას. მას ერთ ხელში ბერძნული წერილები ეჭირა, მეორეში კი — ყავარჯენი და გაბედულად დადიოდა კარდაკარ.
ამ წლების განმავლობაში ქვეყნის უშიშროების დაცვაზე პასუხისმგებელი იყო „სიგურიმი“, იგივე უშიშროების სამმართველო. „სიგურიმის“ თანამშრომლები ფხიზლად იდგნენ კომუნიზმის სადარაჯოზე, ამიტომ მხედველობიდან არც სოტირის გაბედული ქადაგება გამორჩენიათ. მათ დაიჭირეს ის, რამდენიმე საათით დააკავეს, სცემეს და უბრძანეს აღარ ექადაგა.
გათავისუფლების შემდეგ სოტირი დაუკავშირდა ლეონიდას, რომელმაც ის სპირო კარაიანისთან მიიყვანა. ის იყო ექიმი, რომელმაც წლების წინ ისწავლა ბიბლიური ჭეშმარიტება. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარდა, სპირო სოტირს ჭეშმარიტების უკეთ გაგებაში დაეხმარა.
სპირომ ურჩია სოტირს: „თუ კვლავ დაგაკავებენ, სანამ რაიმე საბუთზე მოაწერ ხელს, თითოეული სიტყვა და ხაზი დათვალე, ტექსტის ბოლოს კი ხაზი გაავლე. ადგილი არ დატოვო. ყველაფერი ყურადღებით წაიკითხე. დარწმუნდი, რომ, რასაც ხელს მოაწერ, ყველაფერს ეთანხმები“.
ორი დღის შემდეგ პოლიციამ ისევ დააპატიმრა სოტირი ქადაგებისას. განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლებმა უბრძანეს, ხელი მოეწერა განცხადებისთვის. ამ დროს მას სპიროს რჩევა გაახსენდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელი დაჟინებით მოითხოვდა, ხელი მოეწერა, ის თითოეულ სიტყვას დინჯად კითხულობდა.
„მაპატიეთ, მაგრამ ხელს ვერ მოვაწერ, — თქვა სოტირმა. — ეს ჩემი სიტყვები არ არის. თუ ამ განცხადებას ხელს მოვაწერ, მატყუარა გამოვალ, მე კი არ შემიძლია ვიცრუო“.
პასუხად პოლიციელებმა მათრახი მოიმარჯვეს; ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ სოტირს. მაგრამ, მაინც რომ ვერ დაითანხმეს, ხელში ორი მავთული დააჭერინეს და ელექტროშოკით აწამეს.
მოგვიანებით სოტირი იხსენებდა: «როცა ტკივილის ატანა უკვე აღარ შემეძლო, თვალცრემლიანმა ვილოცე. უეცრად კარი გაიღო და განყოფილების უფროსი შემოვიდა. თვალი მიმოავლო ოთახს და ბრძანა: „გაჩერდით! თქვენ ამის უფლება არა გაქვთ!“». მათ კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის წამება კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო. მართალია, პოლიციელებმა შეწყვიტეს მისი წამება, მაგრამ დოკუმენტზე ხელის მოწერას მაინც აიძულებდნენ. ის ბოლომდე უარზე იდგა.
„შენ გაიმარჯვე!“ — უთხრეს ბოლოს პოლიციელებმა. სოტირის კარნახით მათ უხალისოდ დაწერეს განცხადება. ეს განცხადება კარგი დამოწმება აღმოჩნდა. მერე ეს დოკუმენტი სოტირს მისცეს. ცემისა და წამებისგან დატანჯულმა სოტირმა მაინც ყურადღებით წაიკითხა თითოეული სიტყვა და, თუ წინადადება შუა ხაზზე წყდებოდა, ის წინადადების გასწვრივ ხაზს ავლებდა.
— ეს ვინ გასწავლა? — ჰკითხეს გაოცებულმა პოლიციელებმა.
— იეჰოვამ მასწავლა, არ მოვაწერო ხელი იმას, რაც არ მითქვამს, — უპასუხა სოტირმა.
— კარგი, მაშინ მითხარი, ვინ მოგცა ეს? — ჰკითხა ერთ-ერთმა პოლიციელმა და სოტირს პური და ყველი გაუწოდა. უკვე საღამოს ცხრა საათი იყო და სოტირი, რომელსაც მთელი დღე არაფერი ეჭამა, შიმშილისგან სულს ღაფავდა. „იეჰოვამ კი არა, ჩვენ მოგეცით“, — უთხრა პოლიციელმა.
— იეჰოვა მრავალი სახით ზრუნავს; სწორედ მან მოგილბოთ გული, — მიუგო სოტირმა.
— ჩვენ გაგიშვებთ, — უთხრეს იმედგაცრუებულმა ოფიცრებმა. — მაგრამ, თუ ისევ იქადაგებ, იცი რაც მოგივა.
— მაშინ ნუ გამიშვებთ, რადგან ქადაგებას არ შევწყვეტ.
— აჯობებს არავის უთხრა, რაც აქ მოხდა! — უბრძანა ოფიცერმა.
— თუ შემეკითხებიან, ტყუილს ვერ ვიტყვი, — მიუგო სოტირმა.
— ახლავე მოშორდი აქაურობას! — დაუყვირეს პოლიციელებმა.
სოტირი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც მსგავსად აწამეს. ამ განსაცდელის დროს ის ჯერ არ იყო მონათლული.
წლების განმავლობაში ფოსტა მოწმდებოდა სახელმწიფოს მიერ, ამიტომაც ალბანეთიდან სრული ანგარიშების გაგზავნა ვერ ხერხდებოდა. რამდენადაც მიმოსვლა და შეხვედრებზე დასწრება უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა, ქვეყანაში ძმებს შორის კავშირი თანდათან წყდებოდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გარეშე რთული იყო იმის გაგება, თუ რა ხდებოდა. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტებას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეხმაურებოდა. 1940 წელს ალბანეთში 50 მაუწყებელი იყო, 1949 წელს კი — 71.
თეოკრატიული ზრდა პოლიტიკური დაძაბულობის დროს
50-იან წლებში ქვეყანაში კონტროლი უფრო გაძლიერდა და ეს ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო. პოლიტიკური დაძაბულობა ალბანეთსა და საბერძნეთს შორის სულ უფრო მწვავდებოდა. არ არსებობდა დიპლომატიური კავშირი ინგლისსა და შეერთებულ შტატებთან. ალბანეთს ურთიერთობა საბჭოთა კავშირთანაც დაეძაბა. ყოველგვარი კავშირი გარე სამყაროსთან მკაცრად კონტროლდებოდა, რის გამოც ქვეყანა საბოლოოდ სრულ იზოლირებაში მოექცა. ალბანეთი დახურული სახელმწიფო გახდა.
ამ სირთულეების მიუხედავად, ორი ძმა შვეიცარიელი ძმებისთვის ზოგჯერ წერილებისა და საფოსტო ბარათების გაგზავნას ახერხებდა. შვეიცარიელი ძმები პასუხობდნენ ფრანგულად ან იტალიურად და ტექსტებში კოდირებულ სიტყვებს იყენებდნენ. ამ საფოსტო ბარათების საშუალებით გაიგეს ალბანელმა ძმებმა, რომ 1955 წელს ქალაქ ნიურნბერგში კონგრესი ჩატარდა. იმის გაგებამ, რომ ჰიტლერის რეჟიმის დასრულების შემდეგ გერმანელი ძმები თავისუფლებით სარგებლობდნენ, წაახალისა ალბანელი ძმები, მტკიცე რწმენა შეენარჩუნებინათ.
1957 წელს ალბანეთიდან იტყობინებოდნენ, რომ ქვეყანაში 75 მაუწყებელი იყო. მართალია, ზუსტი მონაცემების დადგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორც 1958 წლის „წელიწდეულში“ იყო ნათქვამი, გახსენების საღამოს საკმაოდ ბევრი დაესწრო და ალბანელი ძმები კვლავ ქადაგებდნენ.
1959 წლის „წელიწდეული“ იუწყებოდა: „იეჰოვას ეს ერთგული მსახურები განაგრძობენ იმის კეთებას, რაც შეუძლიათ. ისინი საჯაროდ ესაუბრებიან სხვებს ჭეშმარიტებაზე; მათ ზოგიერთი პუბლიკაციის გამოცემაც კი სცადეს. ისინი ძალიან აფასებენ დროულ საზრდოს, რომელსაც ყოველთვის თავის დროზე ვერ იღებენ, რადგან კომუნისტურმა მთავრობამ, როგორც ჩანს, ყველანაირი კავშირი გაწყვიტა გარე სამყაროსთან“. ამ წიგნში შემდეგი დასკვნა კეთდება: „მართალია, ქვეყნის მთავრობას შეუძლია ალბანელი ძმები დააშორონ ახალი ქვეყნიერების საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ღვთის წმინდა სულს ხელი შეუშალონ“.
წინააღმდეგობები არ წყდება
იმ დროს ყველას უნდა ეტარებინა სამხედრო ბილეთი. ვისაც ეს ბილეთი არ ექნებოდა, სამსახურს დაკარგავდა ან დააპატიმრებდნენ. ამის გამო ნაშო დორიმ და ჯანი კომინომ რამდენიმე თვე კვლავ ციხეში გაატარეს. მართალია, ზოგ ძმას შეეშინდა სამსახურის დაკარგვის და კომპრომისზე წავიდა, მაგრამ უმეტესობამ ერთგულება შეინარჩუნა. მათ 1959 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღნიშნეს. ბევრი და-ძმა უშიშრად განაგრძობდა ქადაგებას.
1959 წელს იუსტიციის სამინისტროს გაუქმებასთან ერთად გაუქმდა ადვოკატების მომსახურებაც. ყველა კანონს კომუნისტური პარტია ადგენდა და ახორციელებდა. ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, ქვეყნის მტრად აცხადებდნენ. მთელი ქვეყანა შიშს მოეცვა და ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდნენ.
ალბანელი ძმები იტყობინებოდნენ, რომ ქვეყანაში აუტანელი მდგომარეობა იყო, მაგრამ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ერთგულები დარჩენილიყვნენ. ამ დროს მსოფლიო მთავარი სამმართველო კვლავ ცდილობდა ალბანელ ძმებთან კავშირის დამყარებას. მათ სთხოვეს ჯონ მარკსს, რომელიც სამხრეთ ალბანეთში იყო დაბადებული და იმ დროისთვის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, ალბანეთის ვიზის ასაღებად საბუთები ჩაებარებინა.
წელიწად-ნახევრის შემდეგ ჯონმა, როგორც იქნა, მიიღო ალბანეთის ვიზა, მისმა მეუღლე ჰელენმა კი ვერა. 1961 წლის თებერვალში ჯონი საპორტო ქალაქ დურესში ჩავიდა და იქიდან ტირანაში გაემგზავრა. იქ ის თავის დას, მელპოს შეხვდა, რომელიც ჭეშმარიტებისადმი ინტერესს ავლენდა. მისი დახმარებით ჯონი ძმებს მომდევნო დღესვე შეხვდა.
ჯონმა ძმებთან ბევრ საკითხზე ისაუბრა და მათ ლიტერატურა მისცა, რომელიც ჩემოდანში გაკეთებულ სამალავში ჰქონდა დამალული. ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. 24 წლის განმავლობაში მათთან საზღვარგარეთიდან ვერც ერთი ძმა ვერ ჩადიოდა.
ჯონმა გაარკვია, რომ ხუთ ქალაქში 60 მოწმე ცხოვრობდა და კიდევ რამდენიმე და-ძმა პატარა სოფლებში. ტირანაში ძმები კვირაობით ფარულად იკრიბებოდნენ და იმ პუბლიკაციებს განიხილავდნენ, რომლებსაც 1938 წლიდან მოყოლებული მალავდნენ.
საჭირო იყო, ალბანელი ძმები გაცნობოდნენ ორგანიზაციულ ცვლილებებსა და ზოგიერთი სწავლების ახლებურ ახსნას, რადგან დიდი ხნის მანძილზე მათ თითქმის არ ჰქონიათ კავშირი ორგანიზაციასთან. მაგალითად, კრების შეხვედრებს როგორც ძმები, ისე დებიც ატარებდნენ და შეხვედრებზე ლოცულობდნენ კიდეც. მოგვიანებით ჯონმა დაწერა: „ძმები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და შიშობდნენ, თუ როგორ მიიღებდნენ დები ორგანიზაციულ ცვლილებებს. ამიტომ მთხოვეს, რომ მე დავლაპარაკებოდი მათ. ძალიან გამახარა იმან, რომ დები გაგებით შეხვდნენ ამ ცვლილებებს“.
მიუხედავად სიღარიბისა, ეს ერთგული მსახურები სამეფო საქმის მხარდასაჭერად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. მაგალითად, ჯონმა გაიგო, რომ ორმა ხანდაზმულმა გიროკასტრელმა ძმამ თავიანთი მწირი შემოსავლიდან გარკვეული თანხის გადანახვა და ორგანიზაციისთვის გაღება შეძლო. თითოეულმა მათგანმა 100 დოლარზე მეტი ღირებულების ოქროს მონეტები შესწირა.
ტირანელი ძმები ძალიან გაახარა ბროშურის „მშვიდობიანად და გაერთიანებულად ქადაგება და სწავლება“ მიღებამ. ამ ბროშურაში მოცემული იყო მითითებები, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო კრების შეხვედრები როგორც მშვიდობიან, ისე აკრძალვების პერიოდში. იმავე წლის მარტში ჯონმა ტირანაში, ლეონიდა პოპის სახლში, გახსენების საღამო ჩაატარა, რომელსაც 37 ადამიანი დაესწრო. მოხსენების შემდეგ ჯონი გემით საბერძნეთში გაემგზავრა.
მას შემდეგ, რაც ძმებმა მთავარ სამმართველოში ჯონის მიერ წარდგენილი ალბანეთის ანგარიში განიხილეს, ტირანის კრებასა და ალბანეთში სამქადაგებლო საქმიანობაზე ხელმძღვანელობა ლეონიდა პოპს, სოტირ პაპასა და ლუჩი ჯეკას დააკისრეს. სპირო ვრუჰო მიმომსვლელ ზედამხედველად დანიშნეს. მას უნდა მოენახულებინა კრებები, საღამოობით შეხვედროდა ძმებს, წაეკითხა მათთვის მოხსენებები და განეხილა პუბლიკაციები. ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დახმარებოდა ალბანელ ძმებს სულიერად გაძლიერებულიყვნენ და ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ თეოკრატიას.
ფოსტაზე ცენზურა იყო და, რაღა თქმა უნდა, ორგანიზაცია ალბანელ ძმებს მითითებებს ჩვეულებრივი წერილებით ვერ გაუგზავნიდა. ამიტომ ჯონი ალბანელ ძმებს ინფორმაციას აწვდიდა კოდებით, რომლებიც ამა თუ იმ პუბლიკაციის რომელიმე გვერდზე მოცემულ მასალაზე მიუთითებდა. ძმები მას პასუხს უბრუნებდნენ, რომ სწორად გაიგეს მისი მითითებები. ტირანაში სამი ძმა ქვეყნის კომიტეტში მსახურობდა, ძმა სპირო კი კრებებს რეგულარულად ინახულებდა.
ალბანელმა ძმებმა ახალი საშუალებები გამონახეს მთავარ სამმართველოსთვის ანგარიშების მისაწოდებლად. ისინი საფოსტო ბარათებს უგზავნიდნენ საზღვარგარეთ მცხოვრებ რამდენიმე ძმას. ანგარიშებს კოდების საშუალებით საფოსტო მარკის ქვეშ წვრილწვერიანი კალმით წერდნენ. ღია ბარათზე წერდნენ ბროშურის „ქადაგება და სწავლება“ იმ გვერდის ნომერს, სადაც განიხილებოდა საკითხი „მაუწყებლები“, შემდეგ კი მიაწერდნენ იმ მაუწყებელთა რაოდენობას, რომლებმაც ანგარიში ჩააბარეს. მრავალი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ ძმებს მსგავსი მეთოდებით ჰქონდა კავშირი ალბანელ ძმებთან.
კარგი დასაწყისი, მაგრამ მოულოდნელი შეფერხება
მართალია, ქვეყნის კომიტეტი ყველაფერს აკეთებდა წმინდა თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად, მაგრამ სირთულეები გარდაუვალი იყო. 1963 წელს მელპო მარკსმა თავის ძმას, ჯონს მისწერა, რომ ქვეყნის კომიტეტის ორი წევრი ლეონიდა პოპი და ლუჩი ჯეკა „თავიანთი ოჯახებიდან შორს“ იყვნენ და შეხვედრები აღარ ტარდებოდა. მოგვიანებით ძმებს შეატყობინეს, რომ სპირო ვრუჰო საავადმყოფოში იყო. ლეონიდა პოპსა და ლუჩი ჯეკაზეც ნათქვამი იყო, რომ ისინი ავად იყვნენ და შემდეგ მითითებული იყო საქმეების 8:1, 3, სადაც წერია, რომ ტარსოსელმა სავლემ ქრისტიანები ციხეში ჩასვა. რა ხდებოდა?
ლეონიდა პოპი, ლუჩი ჯეკა და სოტირ ცეჩი მუშაობდნენ ქარხანაში, სადაც კომუნისტური პარტიის წევრები კომუნიზმის მხარდასაჭერად მუშებს ლექციებს უკითხავდნენ. ერთხელ, როცა ევოლუციაზე ლექციას უსმენდნენ, ლეონიდა და ლუჩი წამოდგნენ და თქვეს: „არა, ადამიანი მაიმუნისგან არ წარმოშობილა!“ მომდევნო დღეს ორივე დააკავეს და თავიანთი ოჯახებიდან შორს, შორეულ ქალაქებში გადაასახლეს, სადაც მძიმედ ამუშავებდნენ. ალბანელები ამ სასჯელს „ინტერნიმს“ (ინტერნირებას) ეძახდნენ. ლუჩი გრამშის მთებში გააგზავნეს, ლეონიდა კი ბურელის მიუვალ მთებში, რადგან მას მეთაურად მიიჩნევდნენ. იქ მკაცრი კლიმატი იყო. მან იქ შვიდი წელი დაჰყო, რის შემდეგაც სახლში, ტირანაში დაბრუნდა.
1964 წლის აგვისტოსთვის შეხვედრები თითქმის არ ტარდებოდა. ალბანეთიდან მოწოდებული მცირე ინფორმაციის თანახმად, ძმები „სიგურიმის“ გამუდმებული თვალთვალის ქვეშ იყვნენ. ერთი საფოსტო ბარათის მარკის ქვეშ ეწერა: «ილოცეთ ჩვენთვის. სახლიდან სახლში დადიან და ლიტერატურას გვართმევენ. სწავლის უფლებას არ გვაძლევენ. სამი ძმა „ინტერნირებულია“». თავდაპირველად ძმები ფიქრობდნენ, რომ ძმა პოპი და ჯეკა გაათავისუფლეს, რადგან მხოლოდ მათთვის იყო ცნობილი, რომ ინფორმაციას საფოსტო მარკების ქვეშ წერდნენ. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია ლუჩი ჯეკას მეუღლეს, ფროსინას გამოეგზავნა.
პასუხისმგებელი ძმები გადაასახლეს. „სიგურიმს“ ვერაფერს გამოაპარებდი. ამიტომაც მოწმეები ერთმანეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. გადასახლებული ძმები სიტყვითა თუ საქმით ყველასთან კარგად ამოწმებდნენ. ქალაქ გრამშში ხალხი ამბობდა: «„უნჯილორები“ [მახარობლები] აქ არიან. ისინი ჯარში არ მიდიან, მაგრამ ხიდებს გვიშენებენ და გენერატორებს გვირემონტებენ». ამ ერთგულმა ძმებმა შესანიშნავი რეპუტაცია შეიქმნეს და ათწლეულების მანძილზე იქაურები კეთილად იხსენიებდნენ.
ალბანეთი ათეისტური ქვეყანა გახდა
ამ დროისთვის ალბანეთმა კავშირი გაწყვიტა საბჭოთა კავშირთან და ჩინეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა. კომუნისტურმა იდეოლოგიამ ზოგი ალბანელი ისე გაიტაცა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის, მაო ძედუნის მსგავსადაც კი იცვამდა. 1966 წლისთვის ენვერ ჰოჯამ გააუქმა სამხედრო წოდებები და ამ უნდობლობის პერიოდში არანაირ განსხვავებულ აზრს არ იწყნარებდნენ.
პრესაში, რომელიც სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ იყო, დაიწყო რელიგიის საწინააღმდეგო სტატიების ბეჭდვა, რომლებშიც რელიგია „საშიშ ელემენტად“ მოიხსენიებოდა. დურესში სტუდენტების ჯგუფმა ბულდოზერით ეკლესია მიწასთან გაასწორა. სხვებმაც მიჰბაძეს მათ და მთელ ალბანეთში ერთმანეთის მიყოლებით სხვა რელიგიური შენობებიც გაანადგურეს. რადგანაც ქვეყნის მთავრობა ანტირელიგიურ პროპაგანდას ეწეოდა, 1967 წელს ალბანეთი გახდა პირველი სრულიად ათეისტური ქვეყანა. მაშინ, როცა სხვა კომუნისტურ ქვეყნებში რელიგია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო, ალბანეთმა რელიგიას სრული შეუწყნარებლობა გამოუცხადა.
ზოგი მუსულმანი, მართლმადიდებელი და კათოლიკე წინამძღოლი დააპატიმრეს პოლიტიკური საქმიანობის გამო. თუმცა ბევრი სასულიერო პირი უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან უარი თქვა რელიგიაზე. უძველესი რელიგიური შენობა მუზეუმად გადააკეთეს. აკრძალული იყო რელიგიური სიმბოლოები და თაყვანისცემის ადგილები — ჯვრები, ხატები, მეჩეთები და მინარეთები. სიტყვა „ღმერთიც“ მხოლოდ დასამცირებლად თუ გამოიყენებოდა. სიტუაციის ასეთმა განვითარებამ ძმების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
60-იან წლებში ზოგმა ძმამ სიკვდილის ძილით მიიძინა. დანარჩენი მაუწყებლები, რომლებიც გაფანტულად ცხოვრობდნენ, შეძლებისდაგვარად განაგრძობდნენ ქადაგებას. მაგრამ ხალხს, ჭეშმარიტების მიმართ როგორი დიდი ინტერესიც არ უნდა ჰქონოდა, მოსმენის ეშინოდა.
ჭეშმარიტების სიყვარული არასოდეს ქრება
1968 წელს გოლე ფლოკომ ჯონ და ჰელენ მარკსებს წერილი მისწერა და შეატყობინა, რომ ავადმყოფობდა. ქადაგება და კრების შეხვედრების ჩატარება აკრძალული იყო. მაგრამ 80 წელს გადაცილებული გოლე ყვებოდა, როგორ ქადაგებდა რეგულარულად მეგობრებთან და იმ ხალხთან, რომლებსაც ბაზარში, პარკსა თუ კაფეებში ხვდებოდა. ამ წერილის დაწერიდან მალე გოლე გარდაიცვალა. სიკვდილამდე ის იეჰოვას ერთგული იყო. ბევრი სხვა ალბანელის მსგავსად, მასაც ვერაფერმა ჩაუქრო იეჰოვასა და ჭეშმარიტებისადმი სიყვარული.
უკვე ხანში შესულ სპირო ვრუჰოს აღარ შეეძლო მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურება. 1969 წლის დასაწყისში ის ჭაში მკვდარი იპოვეს. „სიგურიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან თავი მოიკლა. სიმართლე იყო ეს?
წერილში, რომელიც ვითომდაც სპირომ დაწერა, ეწერა, რომ ის დეპრესიაში იყო, თუმცა ხელნაწერი მისი არ ყოფილა. გარდა ამისა, სპიროს სიკვდილამდე დეპრესიის არაფერი ეტყობოდა. მის ცხედარს ყელზე შავი ზოლი ჰქონდა, რაც ძალადობაზე მიუთითებდა, ჭაში კი ვერც თოკი იპოვეს, რითაც შეიძლებოდა თავი ჩამოეხრჩო, და არც ფილტვებში ჰქონდა წყალი.
წლების შემდეგ გაირკვა, რომ თურმე სპიროს დაემუქრნენ, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, მას და მისი ოჯახის წევრებს საკვების შესაძენად ტალონებს არ მისცემდნენ ან დააპატიმრებდნენ. ტირანაში მცხოვრებმა ძმებმა გაარკვიეს, რომ სპირო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოეკლათ და ჭაში ჩაეგდოთ. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც იეჰოვას მოწმეების სიკვდილს თვითმკვლელობას მიაწერდნენ.
იძულებითი იზოლირება ათი წლის განმავლობაში
1971 წელს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში დიდად გაახარა იმ ფაქტმა, რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა. ყველას ძალიან გაუხარდა იმის გაგება, რომ კრებებში უკვე უხუცესები და მომსახურეები დაინიშნებოდნენ. მაგრამ ალბანელმა ძმებმა ამ ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყვეს და ისიც შეერთებული შტატებიდან ჩასული ტურისტი და-ძმების წყალობით, რომელთაც ტირანაში მცხოვრებ და ლოპი ბლანთან მოახერხეს შეხვედრა. მათ გაიგეს, რომ კრების შეხვედრები არ ტარდებოდა და, თუმცა ქალაქში არცთუ ისე ცოტა მოწმე ცხოვრობდა, მათგან მხოლოდ სამი იყო აქტიური.
კოსტა დაბე, რომელიც 1966 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობდა, ცდილობდა, მიეღო ვიზა, რათა, თავის სამშობლოში, ალბანეთში დაბრუნებულიყო. 76 წლის კოსტას უნდოდა შვილებისთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზის მიღება ვერ შეძლო, ის მაინც შეეცადა ჩასულიყო ალბანეთში. საზღვარზე მან თავისი შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტი მესაზღვრეებს დაუტოვა, თუმცა იცოდა, რომ მისთვის შეიძლებოდა ალბანეთის დატოვების უფლება აღარ მიეცათ.
1975 წელს ალბანეთს შეერთებული შტატებიდან ერთი ალბანელი წყვილი ესტუმრა. ისინი წერდნენ, რომ თვალთვალი ისე გაძლიერებულიყო, როგორც არასდროს და, რომ იეჰოვას მოწმეებსაც გამუდმებით უთვალთვალებდნენ. უცხოელებს ყველგან გიდები დაჰყვებოდნენ, რომელთა უმრავლესობა „სიგურიმის“ თანამშრომელი იყო. უცხოელების წასვლის შემდეგ „სიგურიმი“ უკვე მთელი ყურადღებით იმ ადამიანებს უთვალთვალებდა, ვისაც უცხოელებთან ჰქონდა კავშირი. ტურისტებს ეჭვის თვალით უყურებდნენ და მათი ჩამოსვლა დიდად არ სიამოვნებდათ. ხალხს უცხოელების ეშინოდა.
1976 წლის ნოემბერში კოსტა დაბე თავის წერილში წერდა, რომ ქალაქ ვლორაში გახსენების საღამოს ხუთი ადამიანი დაესწრო. როგორც მისთვის იყო ცნობილი, ქალაქ პერმეტსა და ფიერში, გახსენების საღამოს თითო მოწმე დაესწრო და ეს შეხვედრა თვითონვე ჩაატარეს. ქალაქ ტირანაში გახსენების საღამო ერთ ადგილას ორმა მოწმემ აღნიშნა, მეორე ადგილას კი — ოთხმა. ასე რომ, როგორც კოსტა ამბობდა, ამ შეხვედრას 1976 წელს სულ მცირე 13 ადამიანი დაესწრო.
წლების შემდეგ და კულა ჯიდარი იხსენებდა თუ როგორ ჩაატარა გახსენების საღამო მარტომ: „დილით მოვამზადე პური და ამოვიტანე ღვინო. იმ საღამოს ჩამოვაფარე ფარდები და გამოვიტანე ბიბლია, რომელიც უნიტაზის უკან მქონდა დამალული. წავიკითხე მათეს 26-ე თავი, თუ როგორ დააწესა იესომ გახსენების საღამო. ვილოცე, ავიღე პური და შემდეგ დავდე. გავაგრძელე კითხვა მათეს წიგნიდან, ისევ ვილოცე, ავიღე ღვინო და შემდეგ ისიც დავდე. ბოლოს ვიმღერე. მარტო ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ მთელ მსოფლიო საძმოსთან ვიყავი ერთობაში!“
კულას პატარა ოჯახი ჰყავდა. წლების წინ, როცა ის ჯერ კიდევ პატარა იყო სპირო კარაიანიმ იშვილა. კულა, სპირო და მისი ქალიშვილი, პენელოპი, ერთად ცხოვრობდნენ ტირანაში. სპირო 1950 წელს გარდაიცვალა.
ალბანეთი უფრო იზოლირებული ხდება
1978 წელს დაიწყო იზოლირების ახალი ეპოქა, როდესაც ალბანეთმა კავშირი გაწყვიტა ჩინეთთან. ახალი კონსტიტუციის მიზანი იყო, რომ ალბანეთს თვითონ ეწარმოებინა საკუთარი პროდუქცია და არ ყოფილიყო სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული. ასევე მკაცრად უნდა გაეკონტროლებინათ ყველა სფერო და დარგი, მათ შორის თეატრი, ბალეტი, ლიტერატურა და სახვითი ხელოვნება. კლასიკური მუსიკა, რომელსაც მეამბოხე ხასიათის მატარებლად მიიჩნევდნენ, იკრძალებოდა. მხოლოდ ზოგიერთ მწერალს აძლევდნენ უფლებას, ჰქონოდა საკუთარი საბეჭდი მანქანა. ყველას, ვინც კი სხვა ქვეყნის სატელევიზიო პროგრამას უყურებდა, „სიგურიმში“ იბარებდნენ დაკითხვაზე.
ასეთი მკაცრი რეპრესიის დროს ძმები ავსტრიიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან და შეერთებული შტატებიდან ჩადიოდნენ ხოლმე ალბანეთში, როგორც ტურისტები, და ცდილობდნენ, იქაურ ძმებს დაკავშირებოდნენ. ის მოწმეები, რომლებთანაც მათ მოახერხეს დაკავშირება, ძალიან აფასებდნენ ამ უცხოელი ძმების ძალისხმევას. ალბანელი ძმების უმეტესობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა კავშირი ერთმანეთთან; ასე რომ, ცოტამ თუ იცოდა ჩასული ძმების შესახებ.
1985 წელს გარდაიცვალა დიქტატორი ენვერ ჰოჯა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ედგა სათავეში ალბანეთს. მის გარდაცვალებას მთელი ალბანეთი გლოვობდა. მალევე განხორციელდა სამთავრობო და სოციალური რეფორმები. მომდევნო წელს გარდაიცვალა ძმა ჯონ მარკსი. მისმა მეუღლემ, ჰელენმა, რომელიც ამ დროს დაახლოებით 65 წლის იყო, გადაწყვიტა ალბანეთში გამგზავრება. ვიზის აღებისას, ის გააფრთხილეს: „თუ თქვენ ალბანეთში რამე დაგემართებათ, უცხოეთიდან დახმარებას ნუ დაელოდებით“.
ჰელენის ორკვირიან მოგზაურობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თითზე ჩამოსათვლელი ალბანელი მოწმეებისთვის. ბოლოს, როგორც იქნა, ჰელენი შეხვდა ჯონის დას, მელპოს, რომელმაც ჭეშმარიტება ოცდახუთი წლის წინ გაიგო თავისი ძმისგან. მართალია, ის ჯერ მონათლული არ იყო, მაგრამ მრავალი წლის მანძილზე ორგანიზაციას ალბანელ ძმებთან კავშირი სწორედ მისი მეშვეობით ჰქონდა.
ჰელენი შეხვდა ლეონიდა პოპს და 1960 წელს მონათლულ ვასილ ჯოკას. მან გაიგო, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო შვიდი მოწმე. ჰელენმა ძმებს გააცნო ორგანიზაციული ცვლილებები და ის, თუ როგორ მიიწევდა საქმე წინ სხვა კომუნისტურ ქვეყნებში. ის ფრთხილად ქადაგებდა მათთან, ვისაც ხვდებოდა. ჰელენმა დაინახა, რომ ალბანეთს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა.
„ერთი პატარა ქილა რძე რომ გეყიდა, დილის სამ საათზე უნდა ჩამდგარიყავი რიგში. ბევრი მაღაზია გამოცარიელებული იყო“, — იხსენებდა ჰელენი.
1987 წელს ავსტრიისა და საბერძნეთის ფილიალებმა იზრუნეს, რომ ალბანეთში უფრო მეტი მოწმე ჩასულიყო. 1988 წელს ავსტრიიდან პიტერ მალობაბიცი თავის მეუღლესთან ერთად, როგორც ტურისტი, ისე ჩავიდა ალბანეთში; ისინი მელპოს შეხვდნენ და ბლუზა აჩუქეს. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბლუზაში იპოვა წიგნი „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“.
მოგვიანებით, იმავე წელს, სხვა წყვილმაც ჩაუტანა მელპოს ლიტერატურა. მათ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ემოქმედათ, რადგან „სიგურიმი“ ქორივით დასტრიალებდა თავს და ყველა მათ ნაბიჯს თვალს ადევნებდა. რადგან ეგრეთ წოდებული ოფიციალური გიდები თითქმის სულ თან დაჰყვებოდნენ, მათ მხოლოდ მცირე ხნით შეძლეს მელპოსთან შეხვედრა. მათ შეიტყვეს, რომ ლეონიდა ავადმყოფობდა და, რომ ბევრი სხვა ალბანელი ძმა უკვე საკმაოდ ხანდაზმული იყო. გარდა ამისა, გამუდმებული თვალთვალის გამო მათ თავისუფლად გადაადგილება არ შეეძლოთ.
მდგომარეობა იცვლება
1989 წელს პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. სიკვდილით აღარ სჯიდნენ მათ, ვინც ალბანეთიდან გაქცევას ცდილობდა. იმავე წლის ზაფხულში ჰელენი კვლავ ესტუმრა ალბანეთს და ორგანიზაციის დავალებით ადგილობრივ ძმებს საათების განმავლობაში გადასცემდა ახალ-ახალ ინფორმაციასა და მითითებებს. ამავე პერიოდში ვასილ ჯოკა შეძლებისდაგვარად ინახულებდა ძმებს.
„სიგურიმმა“ გაიგო, რომ ქვეყანაში ჰელენ მარკსი იყო ჩასული და სახლში მიაკითხეს. მათ არანაირი პრობლემა არ შეუქმნიათ მისთვის, უბრალოდ, ამერიკიდან ჩამოტანილი რაიმე საჩუქრის მიღება სურდათ მისგან. რა მალე შეიცვალნენ ადამიანები!
1989 წლის 9 ნოემბერს დაეცა ბერლინის კედელი და ეს ალბანეთზე მალევე აისახა. 1990 წლის მარტში ქალაქ კავაიაში კომუნიზმის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო. ათასობით ადამიანი მიაწყდა ტირანაში უცხოეთის საელჩოებს ქვეყნის დატოვების მიზნით. სტუდენტები რეფორმებს ითხოვდნენ და შიმშილობდნენ.
1991 წლის თებერვალში ტირანაში ხალხის ბრბომ ენვერ ჰოჯას 10-მეტრიანი ქანდაკება ჩამოაგდო, რომელიც წლების მანძილზე სკანდერბეგის მოედანზე იყო აღმართული. ყველა ფიქრობდა, რომ დიქტატურა წარსულს ჩაბარდა. მარტში დაახლოებით 30 000-მა ალბანელმა დურესისა და ვლორას პორტიდან გემები გაიტაცა და იტალიას შეაფარეს თავი, როგორც ლტოლვილებმა. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ალბანეთში მრავალპარტიული არჩევნები არ ჩატარებულა და სწორედ 1991 წლის მარტში ჩატარდა ქვეყანაში ასეთი არჩევნები. მართალია, არჩევნებში კომუნისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ის უწინდებურად ვეღარ აკონტროლებდა ქვეყანას.
ჰელენ მარკსი ალბანეთს საბოლოოდ 1991 წლის აგვისტოში ეწვია. ქვეყანაში მას სულ სხვა სიტუაცია დახვდა. ერთი თვით ადრე მთავრობას გაეხსნა განყოფილება, რომელიც რელიგიებთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებდა. 24-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში რელიგიური საქმიანობა კვლავ კანონიერად იქნა აღიარებული. ძმები დაუყოვნებლივ შეუდგნენ სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებასა და კრების შეხვედრების ორგანიზებას.
ვასილ ჯოკა საბერძნეთში ჩავიდა და გარკვეული ხნით ფილიალში დარჩა, რათა ესწავლა, როგორ გაეწია ორგანიზება სამქადაგებლო საქმიანობისთვის. მან ბერძნული თითქმის არ იცოდა; მაგრამ ძმებმა ძალისხმევა არ დაზოგეს, რომ ვასილისთვის ყველაფერი აეხსნათ, თუმცა არც მათ იცოდნენ კარგად ალბანური. ტირანაში დაბრუნებული ვასილი ზედმიწევნით მიჰყვებოდა ნასწავლს და ცდილობდა, რომ უკეთესად გაეწია ორგანიზება კრების შეხვედრებისთვის, რომელიც კვირაში ორჯერ ტარდებოდა. ერთ-ერთი შეხვედრა იყო უკვე ალბანურ ენაზე გამოსული „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა.
ერთი ძმა იხსენებს: „კრების შეხვედრები სიმღერითა და ლოცვით იწყებოდა. ვმღეროდით იმ სიმღერებს, რომლებიც დიდი ხნის მონათლული ძმებისგან გვქონდა ნასწავლი. შესწავლის შემდეგ ვმღეროდით ორ, სამ ან მეტ სიმღერას და ბოლოს შეხვედრას ლოცვით ვამთავრებდით“.
1991 წლის ოქტომბერში და 1992 წლის თებერვალში ტომა ზაფირასმა და სილას ტომაიდისმა საბერძნეთიდან ალბანეთში ლიტერატურა ჩაიტანეს. ისინი შეხვდნენ ტირანაში მცხოვრებ ძმებსა და ბერატელ მოუნათლავ მაუწყებლებს და შეადგინეს მათი სია, ვისაც ბიბლიის შესწავლა უნდოდა. ათწლეულების მანძილზე სულიერს მოწყვეტილი ხალხი, სულიერად დამშეული იყო. ბერატში კრების შეხვედრებს დაინტერესებულები ატარებდნენ, რადგან ქალაქში მონათლული ძმები არ იყვნენ. რა უნდა გაეკეთებინათ სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად?
მოულოდნელი დანიშნულება
მაიკლ და ლინდა დიგრეგორიოები დომინიკელთა რესპუბლიკაში მისიონერებად მსახურობდნენ. მაიკლის პაპა-ბებია იმ ალბანელთა შორის იყო, რომლებიც 20-იან წლებში ბოსტონში მოინათლნენ. მათი წყალობით მაიკლმა ცოტა ალბანური ისწავლა. 1992 წელს მაიკლმა და ლინდამ გადაწყვიტეს, სამი დღით ჩასულიყვნენ ალბანეთში და ნათესავები მოენახულებინათ. წასვლამდე ხელმძღვანელ საბჭოს ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა გონივრული დაკავშირებოდნენ იქაურ ძმებს. ისინი ძალიან გაოცდნენ, როდესაც ხელმძღვანელმა საბჭომ სთხოვა, სამი თვე დარჩენილიყვნენ ალბანეთში და ადგილობრივ ძმებს სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებაში დახმარებოდნენ.
რომში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში ბერძენმა და იტალიელმა ძმებმა დიგრეგორიოებს გააცნეს ალბანეთში არსებული ვითარება და აჩვენეს ზოგიერთი იქაური ძმის სურათი, მათ შორის ვასილ ჯოკას სურათიც. 1992 წლის აპრილში, როდესაც დიგრეგორიოები ტირანაში ჩაფრინდნენ, მათ, როგორც უცხოეთში მცხოვრებ ალბანელებს, გულთბილად შეხვდნენ. ამ პერიოდში ქვეყანაში ჯერ კიდევ პოლიტიკური დაძაბულობა იყო და ხალხს მომავლის შიში ჰქონდა.
აეროპორტიდან გამოსულ მაიკლსა და ლინდას ნათესავები შეეგებნენ. მაიკლმა ვასილ ჯოკას მოჰკრა თვალი, რომლისთვისაც ძმებს შეეტყობინებინათ, რომ იმ დღეს დიგრეგორიოები ჩამოდიოდნენ.
— შენ ჩემს ნათესავებს გაჰყევი, და მეც მალე მოვალ, — უთხრა მაიკლმა ლინდას.
მაშინ, როცა ნათესავები ლინდას გულში იკრავდნენ და მათ ბარგს ფაციფუცით ავტომობილში ალაგებდნენ, მაიკლმა ვასილთან მიირბინა.
— კვირას ჩამოვალ ტირანაში და გიპოვი, — აჩქარებით უთხრა მაიკლმა ვასილს.
მაიკლის ნათესავმა, კოჩომ, არ იცოდა, რომ მაიკლი და ლინდა იეჰოვას მოწმეები იყვნენ; მან მიირბინა მასთან და ჰკითხა: „რა ხდება? აქ უცნობებს არ ელაპარაკებიან!“
კორჩასკენ მიმავალი მიხვეულ-მოხვეული გზებით მგზავრობისას მაიკლმა და ლინდამ დაინახეს, რომ იქაურობა დიდად განსხვავდებოდა კარიბის ზღვის კუნძულებისგან. „ყველაფერი მოძველებული, ყავისფერი, ნაცრისფერი და მტვრით დაფარული იყო, — იხსენებს მაიკლი. — ყველგან მავთულხლართები იყო გავლებული. ხალხი დაბეჩავებული ჩანდა. იშვიათად თუ დაინახავდი სადმე ავტომობილს. სახლებს ფანჯრების მინები ჩამსხვრეული ჰქონდა. გლეხები მინდვრებს ხელით ამუშავებდნენ. მას შემდეგ, რაც ჩემმა პაპა-ბებიამ იქაურობა დატოვა, თითქმის არაფერი შეცვლილიყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს დროში უკან დავბრუნდით!“
„თქვენ ჩამოსვლაში ღვთის ხელი ერია“
კოჩოს, წლების მანძილზე რაღაც ჰქონდა გადამალული და უნდოდა მაიკლისთვის ეჩვენებინა. მაიკლის ბებიის სიკვდილის შემდეგ ბოსტონში მცხოვრებმა ნათესავებმა გრძელი წერილი მისწერეს ალბანეთში მცხოვრებ თავიანთ ნათესავებს. წერილის პირველ ათ ფურცელზე ოჯახის ამბები იყო მოთხრობილი, წერილის ბოლოს კი ნათესავებს მკვდრეთით აღდგომის იმედს უზიარებდნენ.
«პოლიციის თანამშრომლებმა წერილი შეამოწმეს და პირველი რამდენიმე გვერდი წაიკითხეს, — უთხრა კოჩომ მაიკლს. — მობეზრდათ მისი კითხვა და მითხრეს: „აიღე, აქ მხოლოდ ოჯახური ამბებია ჩაწერილი!“ როდესაც წერილის ბოლო ნაწილს ვკითხულობდი, მიხაროდა, რომ ღვთის შესახებ რაღაცის გაგების შესაძლებლობა მომეცა».
მაშინ მაიკლმა გაუმხილა კოჩოს, რომ ის და ლინდა იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ბევრი ესაუბრა ჭეშმარიტების შესახებ.
ბიბლიურ დროში მცხოვრები ხალხის მსგავსად, ალბანელებიც თავს ვალდებულად მიიჩნევენ, იზრუნონ თავიანთ სტუმრებზე და დაიცვან ისინი. სწორედ ამიტომ კოჩომაც მარტო არ გაუშვა მაიკლი და ლინდა ტირანაში.
„ტირანაში ჩასულებმა ვასილის სახლს ვერ მივაგენით, — იხსენებს მაიკლი, — რადგან არსად იყო მითითებული ქუჩების დასახელება. ამიტომ კოჩომ შემოგვთავაზა, ფოსტაში წავსულიყავით და იქ გვეკითხა“.
ლინდა გვიყვება: „ფოსტიდან რომ გამოვიდა, კოჩო გაოგნებული ჩანდა. ვასილის სახლს უპრობლემოდ მივაგენით“.
მოგვიანებით კოჩომ მაიკლსა და ლინდას უთხრა: «როდესაც ფოსტაში შევედი და ვასილის ადგილსამყოფელი ვიკითხე, მათ მითხრეს: „ეგ კაცი წმინდანია! ვერც კი წარმოიდგენ, მან რა გადაიტანა. ტირანაში მისნაირი ღირსეული კაცი არ დაიარება“. როცა ეს სიტყვები მოვისმინე, მივხვდი, რომ თქვენ ჩამოსვლაში ღვთის ხელი ერია. ამიტომ ხელს ვერ შეგიშლით თქვენს საქმეში».
საქმიანობის ორგანიზება ტირანაში
ვასილს ძალიან გაუხარდა დიგრეგორიოებთან შეხვედრა. მათ ძალიან დიდხანს ილაპარაკეს. მხოლოდ საღამოსღა უთხრა ვასილმა, რომ ჯანი კომინო, რომელიც ნაშო დორისთან ერთად იყო დაპატიმრებული, იმ დილას გარდაცვლილიყო. რატომ დარჩა ვასილი სახლში და რატომ არ წავიდა თავისი ძვირფასი მეგობრისა და სულიერი ძმის დაკრძალვაზე? როგორც თავად თქვა, ამის მიზეზი ის იყო, რომ ხელმძღვანელი საბჭოს მიერ გამოგზავნილ ძმას უნდა დახვედროდა.
მაიკლი და ლინდა ტირანაში უნდა დარჩენილიყვნენ, მაგრამ მთავრობა იმ პერიოდში ნებას არ რთავდა უცხოელებს, რომ ქალაქში გაჩერებულიყვნენ. რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ?
„ეს საქმე იეჰოვას მივანდეთ; ბოლოს პატარა ბინა ვიპოვეთ და იქ გადავედით“, — ამბობს მაიკლი.
„ჩვენი ბინის გასაღები სახლის პატრონსაც ჰქონდა და როცა უნდოდა მაშინ შედიოდა ჩვენ სახლში. გარდა ამისა, ბინაში შესვლამდე სხვისი ბინა უნდა გაგვევლო. სამაგიეროდ, ისეთ ადგილზე ვცხოვრობდით, რომ ხალხს თვალში არ ვხვდებოდით, რაც ნამდვილად ადგებოდა ჩვენს საქმეს“, — იხსენებს ლინდა.
მაიკლი და ლინდა საათობით უსმენდნენ ტირანაში მცხოვრებ ხანდაზმულ ძმებს, რომლებიც უყვებოდნენ, თუ რა განსაცდელების ატანა მოუწიათ. ამ დროისთვის პრობლემა ისიც იყო, რომ ზოგიერთი მათგანი დანარჩენ ძმებს ეჭვის თვალით უყურებდა.
მაიკლი გვიყვება: „თითოეული მათგანი ღვთის ერთგული იყო, თუმცა ერთმანეთის ერთგულებაში ეჭვი ეპარებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან თავი შორს ეჭირათ, ჩვენ არ გვარიდებდნენ თავს. მათთან მშვიდი საუბრის შემდეგ შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვას სახელის გაცხადება იყო. მათ იეჰოვას სიყვარული აერთიანებდათ და დიდი ინტერესით ელოდნენ მოვლენების განვითარებას“.
ტირანაში არ იყო ორგანიზებული კრება, რის გამოც ძმებმა ბევრი რამ არ იცოდნენ. მაგალითად, როცა კულა ჯიდარმა და სტავრი სექმა პირველად ნახეს ბროშურა „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“, ფურცლავდნენ და ვერ გაეგოთ, რა იყო ის.
მოულოდნელად სტავრმა წამოიძახა: «ვაა, „მანანა“!» მან ეს ბროშურა შეადარა წიგნს, „ყოველდღიური ზეციური მანანა მორწმუნეთათვის“, რომელსაც მაშინ იყენებდნენ, როცა სტავრმა ჭეშმარიტება გაიგო.
„სხვათაშორის, როგორ არის პრეზიდენტი, ძმა ნორი? და მისი მეგობარი ფრედ ფრენციც ხომ კარგად არის?“, — იკითხა კულამ. მისი სიტყვებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ალბანელი ძმები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მოწყვეტილი იყვნენ ორგანიზაციას.
დაუვიწყარი გახსენების საღამო
ვასილ ჯოკას სახლში ის ოთახი, რომელშიც ძმები კრების შეხვედრებს ატარებდნენ, მხოლოდ 12 კვადრატული მეტრი იყო, ასე რომ, ძმები იქ გახსენების საღამოს ჩატარებას ვერ შეძლებდნენ. ამის გამო 105 დამსწრე კომუნისტური პარტიის საგაზეთო გამომცემლობის ოთახში შეიკრიბა. ეს იყო პირველი შემთხვევა ტირანაში, როდესაც უფლის გახსენების საღამო კერძო ბინაში არ ჩატარებულა. 1992 წელს ალბანეთში მხოლოდ 30 მაუწყებელი იყო, გახსენების საღამოს კი 325 ადამიანი დაესწრო.
ტირანაში დაინტერესებულთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდებოდა და კრების შეხვედრებს ვასილის ბინაში ორმოცამდე ადამიანი ესწრებოდა. ბევრ ახალ დაინტერესებულს მოუნათლავ მაუწყებლად სურდა მსახურება, სხვებს კი მონათვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ძმებმა არაერთი საათი დაუთმეს ნათლობის მსურველებთან გასაუბრებას. წიგნი „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურებისთვის“ არ იყო გამოცემული ალბანურ ენაზე, ამიტომ ძმები ნათლობის კანდიდატებს თითოეულ კითხვას უთარგმნიდნენ. ზოგ დაინტერესებულს ინტენსიურად უტარებდნენ შესწავლას, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი ჭეშმარიტებას ბოლომდე სწვდებოდნენ. ადრე მათთვის ოფიციალურად არავის ჩაუტარებია ბიბლიის შესწავლა, ამიტომ საოცარი იყო, თუ რამდენად კარგად იცოდნენ მათ ბიბლია.
როგორც იქნა, კანონიერად გვცნეს!
მომდევნო კვირების განმავლობაში ძმები ხშირად ხვდებოდნენ ადვოკატებსა და სახელმწიფო მოხელეებს, რათა სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა რეგისტრაციაში გაეტარებინათ. ტირანაში მცხოვრები ძმებისა და დაინტერესებულების ჯგუფს უკვე თხოვნით მიემართა მთავრობისთვის რეგისტრაციის მისაღებად, მაგრამ იმის გამო, რომ მთავრობა შეცვლილიყო, ძმებს კვლავ თავდაუზოგავად უნდა ეშრომათ თავიანთი მიზნის მისაღწევად.
ერთი ძმა იხსენებს: «ფაქტობრივად ყველა საქმე ქუჩაში მოგვარდა. ქალაქში სიარულისას შემთხვევით ვხვდებოდით ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, პოლიციის უფროსს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებსა და სხვა გავლენიან პირებს. ისინი კარგად იყვნენ განწყობილნი ჩვენ მიმართ და თავიანთ კმაყოფილებას გამოხატავდნენ, რომ ქვეყანაში თავისუფალი აზროვნება მკვიდრდებოდა. ბევრ მათგანს უკვე გაგონილი ჰქონდა „უნჯილორების“ საქმიანობის შესახებ. აშკარა იყო, რომ ალბანეთში იეჰოვას მოწმეები აქტიურად ეწეოდნენ თავიანთ მსახურებას».
სახელმწიფო მოხელეები მრავალი კვირის განმავლობაში ჰპირდებოდნენ ძმებს, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას რეგისტრაციაში გაატარებდნენ, მაგრამ სიტყვა სიტყვად რჩებოდა. ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როცა შეერთებულ შტატებში მცხოვრები ალბანელი ძმა ანჯელო ფელიო ტირანაში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა. ერთ დღეს ის სხვა ძმებთან ერთად იმ მინისტრის იურისკონსულტს შეხვდა, რომელიც უფლებამოსილი იყო, ჩვენი საქმიანობა კანონიერად ეღიარებინა. ამ ქალბატონს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ანჯელოს ოჯახი ალბანეთის იმ რეგიონიდან იყო, საიდანაც მისი ოჯახი.
— წარმოშობით რომელი სოფლიდან ხართ? — ჰკითხა მან ანჯელოს.
გაოცდა, როცა გაიგო, რომ თანასოფლელები ყოფილან.
— რა გვარისა ხართ? — ჩაეძია იურისკონსულტი ანჯელოს.
მათდა გასაოცრად ნათესავები აღმოჩნდნენ, თუმცა მრავალი წელი იყო, რაც მათ ოჯახებს კავშირი აღარ ჰქონიათ ერთმანეთთან.
— ძალიან მომეწონა თქვენი ორგანიზაციის წესდება და ვაპირებდი, დაგხმარებოდით, მაგრამ ახლა, როცა ნათესავები აღმოვჩნდით, უკვე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ დაგეხმაროთ! — თქვა მან.
რამდენიმე დღის შემდეგ იურისკონსულტმა ძმებს გადასცა ბრძანება №100, რომელიც ალბანეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას კანონიერად აღიარებდა. როგორც იქნა, იეჰოვას, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობა, რომელიც 1939 წლიდან აკრძალული იყო, კანონიერად იქნა აღიარებული! „სიტყვით ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობებს, რაც იმ დღეს დაგვეუფლა“, — თქვეს დიგრეგორიოებმა.
რამდენიმე კვირაში საბერძნეთის ფილიალმა, რომელიც ალბანეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას უწევდა ხელმძღვანელობას, ტირანაში ძმა რობერტ კერნი გაგზავნა. მან ადგილობრივ ძმებს რეგისტრაციისა და ტირანაში კრების ჩამოყალიბების შესახებ ამცნო და ისიც უთხრა, რომ ამ კრების სამქადაგებლო ტერიტორია „მთელი ალბანეთი“ იქნებოდა. კარდაკარ მსახურება ორგანიზებულად რომ წარმართულიყო, დიდი გულმოდგინება იყო საჭირო. ძმებმა მისიონერებისთვის დაიქირავეს სახლი, რომელსაც სამი საძინებელი და ერთი დიდი ოთახი ჰქონდა, რომელიც ალბანელი ძმების პირველი სამეფო დარბაზი იქნებოდა. ამ სახლში განთავსებული იქნებოდა ოფისიც.
ორგანიზაციას მოწყვეტილი ცხვრის პოვნა
ძმები მსჯელობდნენ, რის გაკეთება შეიძლებოდა ალბანეთში სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად და დაინტერესდნენ, იყვნენ თუ არა ვლორაში იეჰოვას მოწმეები. ზოგ ძმას გაგონილი ჰქონდა ერთი ღრმად მოხუცებული დის შესახებ, რომელიც, როგორც ამბობდნენ, უკვე გონებადაბინდული იყო. სწორედ მაშინ ოფისში ერთი ქალი მივიდა და ძმებს უთხრა, რომ ის და მისი ოჯახი „უნჯილორები“ იყვნენ და, რომ ვლორაში მათ ჭეშმარიტება ვინმე არეტმა ასწავლა. ტირანელმა ძმებმა გადაწყვიტეს, ვლორაში ჩასულიყვნენ არეტის მოსაძებნად.
არეტი პინამ, დაბალი ტანის ხანში შესულმა ქალბატონმა, ძმები სახლში შეიპატიჟა, თუმცა ეტყობოდა, რომ მათ ეჭვის თვალით უყურებდა. სტუმრებმა უთხრეს, რომ მისი სულიერი ძმები იყვნენ, მაგრამ მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
რამდენიმე წუთის შემდეგ არეტმა მოულოდნელად ჰკითხა ძმებს: „შეიძლება ერთი-ორი კითხვა დაგისვათ?“ და კითხვები დააყარა: „გწამთ სამება? რა ჰქვია ღმერთს? გწამთ ჯოჯოხეთის არსებობის? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? რა ელის დედამიწას? რამდენი წავა ზეცაში?“
ძმებმა ყველა კითხვაზე უპასუხეს.
— ქადაგებთ? — ჰკითხა მათ არეტიმ.
— დიახ, ვქადაგებთ, — მიუგო ერთმა ძმამ.
— როგორ ქადაგებთ? — კვლავ ჰკითხა არეტიმ.
— კარდაკარ, — უპასუხა ძმამ.
არეტმა ცრემლები ვერ შეიკავა, წამოხტა და ძმას გადაეხვია.
— ახლა ვიცი, რომ ნამდვილად ჩემი ძმები ხართ! მხოლოდ იეჰოვას ხალხი ქადაგებს კარდაკარ! — წამოიძახა მან.
ვლორაში სხვადასხვა პროტესტანტულ ჯგუფს გაეგო, რომ არეტი მორწმუნე იყო და მათი ეკლესიის წევრობა შეეთავაზებინათ. „მე არ მინდოდა, რაიმე საერთო მქონოდა დიდ ბაბილონთან. ამიტომ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ თქვენ მართლაც ჩემი თანამორწმუნეები იყავით“, — აუხსნა მან ძმებს.
არეტი 18 წლის იყო, როცა 1928 წელს მოინათლა. მან ბიბლიით ხელში მთა-ბარი ფეხით შემოიარა და ხალხს ღვთის სიტყვას უზიარებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას წლების მანძილზე არ ჰქონდა ძმებთან კავშირი, მაინც ერთგულად განაგრძობდა სასიხარულო ცნობის ქადაგებას.
— რა შესანიშნავი ღმერთია იეჰოვა, — თქვა თვალცრემლიანმა არეტმა, — მას არასდროს მივუტოვებივარ!
ხალხი ფიქრობდა, რომ არეტი შეშლილი იყო, რადგან ალბანეთში მკაცრი ტოტალიტარული რეჟიმის დროსაც კი ღვთისადმი რწმენას ინარჩუნებდა. არეტი სულაც არ იყო დაუძლურებული და გონებადაბინდული. მას კვლავაც სხარტი გონება ჰქონდა.
საქმე მართლაც ბევრი იყო!
მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კანონიერად ცნეს, აშკარა გახდა, რომ სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად ალბანეთში ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. ძმებს დახმარება სჭირდებოდათ, რათა ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ ორგანიზაციას და სულიერად გაძლიერებულიყვნენ. საჭირო გახდა ლიტერატურის თარგმნა ალბანურ ენაზე როგორც ძმებისთვის, ისე სხვა ადამიანებისთვის. აუცილებელი იყო მეტი მქადაგებელი, თანაც დაუყოვნებლივ. ვინ დაეხმარებოდა მათ?
1992 წელს იტალიიდან და საბერძნეთიდან ალბანეთში სპეციალური პიონერები ჩავიდნენ და ალბანური ენის კურსები გაიარეს. ამ დროს ლიტერატურის ალბანურ ენაზე თარგმნა პატარა ჯგუფმა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ 21 დღის განმავლობაშიც კი არ ჰქონდათ ელექტროენერგია, ძმები ხალისს არ კარგავდნენ და გულხელდაკრეფილნი არ ისხდნენ.
ძმებს სხვადასხვა სახის მძიმე სამუშაოს შესრულებაც უწევდათ. სიცივეს რომ დაიჭერდა, მისიონერთა სახლს გათბობა სჭირდებოდა, მაგრამ ალბანეთში შეშას ვერსად იყიდდი. მაშ, როგორ უნდა გამთბარიყვნენ ძმები? ბერძენმა თანამორწმუნეებმა მათ დახმარების ხელი გაუწოდეს, ხის მორები და ელექტროხერხი გაუგზავნეს. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ღუმელს პატარა კარი ჰქონდა, ელექტროხერხს კი ელექტროენერგიის გარეშე ვერ გამოიყენებდნენ. საბედნიეროდ, ერთ-ერთი ძმის ნაცნობს, რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობდა, ნაჯახი ჰქონდა. ვინაიდან სამოქალაქო ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ძმას ორი საათი სჭირდებოდა, რომ ნაჯახი მისიონერთა სახლში მიეტანა. ამასთანავე, ის დაბინდებამდე უკან უნდა დაებრუნებინა. „სანამ ნაჯახი გვქონდა, შეშას ყველა რიგრიგობით ვჩეხდით, — იხსენებს ერთ-ერთი მისიონერი, — სამაგიეროდ, ყველანი თბილად ვიყავით“.
სწორედ ასეთი ორომტრიალის დროს ალბანეთის მთარგმნელობით ჯგუფს პირველად ესტუმრნენ ნიკ და ეიმი ალადისები მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებიდან, რომელიც ახლა პატერსონშია (ნიუ-იორკი). მას შემდეგ ისინი არაერთხელ ჩავიდნენ ალბანეთში. მათი გულისხმიერი და გაწონასწორებული მიდგომა დამხმარე აღმოჩნდა ახალი მთარგმნელებისთვის. მათ მალე აითვისეს ნასწავლი და საქმეც წინ მიიწევდა. ლიტერატურას იტალიის ფილიალი ბეჭდავდა და ალბანეთში აგზავნიდა.
მსახურებაში მიღწეული შედეგები ცხადყოფს, რომ მათი შრომა ნამდვილად დაფასდა. ახალი მაუწყებლებიც მთელი შემართებით ქადაგებდნენ. მაგალითად, ლოლა, რომელიც ახალი მაუწყებელი იყო, თვეში 150, 200 ან უფრო მეტ საათს ქადაგებდა! ძმებმა როცა ურჩიეს, ზედმეტად არ დატვირთულიყო და თავს გაფრთხილებოდა, ლოლამ უპასუხა: „აქამდე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა! ამაზე ღირსეულ საქმეს რას გავაკეთებდი?!“
ჩვენი საქმიანობა წინ მიიწევს
1993 წლის მარტი მნიშვნელოვანი თვე იყო ალბანელი იეჰოვას მოწმეების ისტორიაში. სპეციალური პიონერები პირველად შეუდგნენ მსახურებას ბერატში, დურესში, გიროკასტრაში, შკოდერში, ტირანასა და ვლორაში. პირველი მარტის „საგუშაგო კოშკი“ ალბანელი მთარგმნელობითი ჯგუფის მიერ ნათარგმნი პირველი ჟურნალი იყო; პირველად ჩატარდა თეოკრატიული მსახურების სკოლა, ამგვარად, პირველად ჩატარდა კრების ხუთივე შეხვედრა; ალბანურ ენაზე პირველად გამოიცა „ჩვენი სამეფო მსახურება“ და პირველად ჩატარდა სპეციალური ერთდღიანი კონგრესიც ტირანაში, სკანდერბეგის მოედანზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში.
ამ ისტორიული კონგრესის დელეგატებს შორის საბერძნეთიდან და იტალიიდან ჩასული სტუმრებიც იყვნენ. პროგრამა დაიწყო ლოცვით, რომელიც ძმა ნაშო დორმა წარმოთქვა. მან მადლობა გადაუხადა იეჰოვას ყველა იმ კურთხევისთვის, რაც მისგან მიიღეს. კონგრესს 585 ადამიანი დაესწრო და 41 მოინათლა. ახალმონათლულთა შორის იყვნენ იმ ალბანელი და-ძმების შვილები და შვილიშვილები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას.
ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 1993 წელს ალბანეთში პირველად ჩატარდა საოლქო კონგრესი. კონგრესს 600-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ დელეგატები ავსტრიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან. მრავალი წლის განმავლობაში ალბანელი ძმები მოწყვეტილი იყვნენ მსოფლიო საძმოს, ამიტომ უდიდესი სიხარული იყო მათთვის ის, რომ ახლა უკვე თავისუფლად შეეძლოთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ძმებთან ურთიერთობა.
საქმიანობის უკეთ ორგანიზებისთვის ხელმძღვანელმა საბჭომ ქვეყნის კომიტეტი დანიშნა, რომელსაც იტალიის ფილიალი უხელმძღვანელებდა. ამ კომიტეტის წევრები იყვნენ ნაშო დორი, ვიტო მასტროროსა და მაიკლ დიგრეგორიო. პირველ რიგში, მათ უნდა მოეძებნათ ადგილი, სადაც განთავსდებოდა ქვეყნის ოფისი და ოფისები მთარგმნელთათვის, რომელთა რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა.
სპეციალურ პიონერთა მეორე ჯგუფში, რომელიც ალბანური ენის სწავლას შეუდგა, იყო იტალიელი სტეფანო ანატრელი. ხუთკვირიანი სწავლის შემდეგ ძმებმა იგი ოფისში დაიბარეს და უთხრეს: „გვინდა გთხოვოთ, რომ სარაიონო ზედამხედველად იმსახურო და მოინახულო სპეციალური პიონერები და ჯგუფები“.
„კი, მაგრამ ალბანურად რომ გამართულად ვერ ვლაპარაკობ?“ — ასეთი იყო სტეფანოს პირველი რეაქცია. თუმცა, მან ეს დავალება დიდ პატივად ჩათვალა. ძმები დაეხმარნენ მას რამდენიმე მოხსენების მომზადებაში, რის შემდეგაც ის გაემართა ქვეყნის შორეულ მხარეებში თანამორწმუნეთა მოსანახულებლად. დაახლოებით 30 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც აკრძალვების პერიოდში ძმა სპირო ვრუჰო მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა და ძმებს ინახულებდა. 1995 წელს სტეფანო ქვეყნის კომიტეტის წევრად დაინიშნა.
1994 წელს იტალიიდან პიონერთა მესამე ჯგუფი ჩავიდა ალბანეთში. სულით ანთებული ამ პიონერების ენთუზიაზმი ახალ ალბანელ მაუწყებლებსაც გადაედო. 1994 სამსახურებრივი წლის ბოლოს ქადაგების საქმეში 354 მაუწყებელი იყო ჩაბმული.
ბევრი მაუწყებლისთვის სიახლეები გარკვეულ სტრესთან იყო დაკავშირებული. უკიდურესად დესპოტური რეჟიმის შემდეგ ადვილი არ იყო სრულ თავისუფლებასთან შეგუება. ტოტალიტარული რეჟიმის დროს ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ და თავიანთი გრძნობები ღიად არ უნდა გამოეხატათ, განსაკუთრებით უცხოელებთან. უცხოელი და-ძმები გაგებით უდგებოდნენ ამ საკითხს და მოთმინებით ცდილობდნენ ახალი მოწმეების ნდობის მოპოვებას.
იმავე წელს ხანდაზმული და-ძმები და ახალი მაუწყებლები ძალიან გაახარა თეოდორ იარაჩთან შეხვედრამ. ის იყო ხელმძღვანელი საბჭოდან პირველი, ვინც ალბანეთს ესტუმრა. მისი მოხსენების მოსასმენად ტირანაში 600-ზე მეტი მოწმე შეიკრიბა.
ამ პერიოდში ძმებმა ტირანაში ძველი აგარაკი შეიძინეს, სადაც განთავსდებოდა ალბანეთის იეჰოვას მოწმეთა ოფისი. საზღვარგარეთიდან ჩასული ძმები დაუზარებლად შრომობდნენ. მათ ექვს თვეზე ნაკლებ დროში ძველი აგარაკი თანამედროვე ოფისად გადააკეთეს და 24 ადამიანისთვის საცხოვრებელი შენობა ააშენეს. მიძღვნის პროგრამა 1996 წლის 12 მაისს ჩატარდა და ქვეყანას ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, მილტონ ჰენშელი ესტუმრა.
ისინი მარტონი ქადაგებდნენ
კორჩაში მცხოვრებმა ახალგაზრდა არბენმა წაიკითხა ბიბლიური პუბლიკაციები, რომელიც თავისმა დამ გაუგზავნა და მიხვდა, რომ მასში სიმართლე ეწერა. მან ალბანეთის ოფისს წერილი მისწერა და გარკვეული დროის განმავლობაში ჭეშმარიტებას წერილებით სწავლობდა. სულიერ ზრდაში რომ დახმარებოდნენ, არბენთან ორი ძმა ჩავიდა. მასთან საუბრისას ძმები მიხვდნენ, რომ ის უკვე მზად იყო, მაუწყებელი გამხდარიყო. შემდეგ ძმებმა ის ქალაქის ცენტრში წაიყვანეს და აჩვენეს, როგორ ქადაგებდნენ გამვლელებთან.
არბენი გვიყვება: «მათ ჟურნალები მომცეს და მითხრეს: „ახლა შენი ჯერია“. მერე კი მითხრეს, რომ მარტო წავსულიყავი და ასეც მოვიქეცი».
სპეციალური პიონერები რამდენიმე თვის შემდეგ ჩავიდნენ მის დასახმარებლად. მთელი ამ ხნის მანძილზე მისი ქადაგების შედეგად ბევრი დაინტერესდა ჭეშმარიტებით. სპეციალური პიონერების ჩასვლიდან მალევე იქ ჯგუფი ჩამოყალიბდა.
იმავე წლის ბოლოს პიონერებმა, რომლებიც ვლორაში მსახურობდნენ, ოფისში დარეკეს და ძმებს შეატყობინეს, რომ არეტი პინა შეუძლოდ იყო და რომელიმე პასუხისმგებელ ძმასთან სურდა შეხვედრა. როცა ძმა მივიდა, არეტიმ სთხოვა ყველას, ოთახიდან გასულიყვნენ და მასთან მარტო დაეტოვებინათ.
— დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენია, — თქვა არეტიმ და ძლივძლივობით ამოისუნთქა. — ბევრს ვფიქრობ და რაღაც მინდა გკითხო. ყველა წვრილმანში ვერ ვერკვევი, მაგრამ მინდა გავიგო, სრულდება ის, რაც „გამოცხადებაში“ წერია?
— კი არეტი, ბევრი რამ უკვე შესრულდა, — უპასუხა ძმამ და მოკლედ აუხსნა, კიდევ რა უნდა შესრულებულიყო. არეტი მთელი ყურადღებით უსმენდა ძმას.
— ახლა კი შემიძლია, მშვიდად მოვკვდე, — თქვა მან, — მაინტერესებდა, რამდენად ახლოს ვიყავით აღსასრულთან.
არეტი მრავალი წლის მანძილზე გულმოდგინე მქადაგებელი იყო — ის მარტო დადიოდა მთებში და აუწყებდა სასიხარულო ცნობას. იგი მაშინაც კი განაგრძობდა ქადაგებას, როდესაც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი. ამ საუბრიდან მალევე არეტიმ დაასრულა თავისი მიწიერი სიცოცხლე. ის ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა.
სიკვდილამდე რწმენაში მტკიცედ იდგა
ოთხმოც წელს მიღწეული ნაშო დორი დაუძლურდა და ავად გახდა. მაგრამ ზოგიერთ ძმას განსაკუთრებით სჭირდებოდა მისი გამხნევება. ესენი ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ქალაქ ბერატში მართლმადიდებელ მღვდლებს ძალიან აღიზიანებდათ იეჰოვას მოწმეთა სწრაფი რიცხობრივი ზრდა და მთავრობის წარმომადგენლებს აქეზებდნენ, ეს ახალგაზრდები გაესამართლებინათ.
სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ექვს ახალგაზრდა ძმას რამდენიმე თვით პატიმრობა ემუქრებოდა. ნაშო მიხვდა, რომ მათ გამხნევება სჭირდებოდათ, ამიტომ ძალ-ღონე მოიკრიბა, საწოლზე წამოჯდა და მათთვის ვიდეოჩანაწერი გააკეთა.
„ნუ გეშინიათ, — ამშვიდებდა ნაშო ახალგაზრდა ძმებს. — მსგავსი რამ ბევრმა გადავიტანეთ. იეჰოვა თქვენთან იქნება. რომც დაგაპატიმრონ, ნუ დამწუხრდებით. საბოლოოდ ეს ყველაფერი იეჰოვას სახელის განდიდებას მოემსახურება“.
შეატყო რა, რომ ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უუარესდებოდა, ნაშომ ძმები დაიბარა და უთხრა: «პატიებას ვთხოვდი იეჰოვას. გასულ კვირას ისეთი ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ ვლოცულობდი, მოვმკვდარიყავი. მერე კი დავფიქრდი: „იეჰოვა შენ ხომ სიცოცხლის წყარო ხარ. შენ ჩუქნი სიცოცხლეს ყველას და ყველაფერს. მე კი შენი ნების საწინააღმდეგო რამ გთხოვე. გევედრები, მაპატიე!“»
მაშინ, როცა ნაშომ შეიტყო, რომ ალბანეთში მაუწყებელთა რიცხვმა 942-ს მიაღწია, თქვა: «როგორც იქნა, ალბანეთში „უამრავი ხალხი“ შეიკრიბა!» რამდენიმე დღის შემდეგ მან მიწიერი ცხოვრების გზა დაასრულა.
„თრაზირა“ — ანარქიის დრო ალბანეთში
1997 წლისთვის ქვეყანაში თაღლითობა, მექრთამეობა და კორუფცია ყვაოდა. ბევრმა ალბანელმა მთელი ქონება გაყიდა და თანხები სწრაფი გამდიდრების მიზნით სხვადასხვა ფინანსურ პირამიდაში ჩადო. დაბანდებული ფულის დაკარგვის შემდეგ გაშმაგებული ხალხი პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა.
სწორედ ამ პერიოდში სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამის მსვლელობის დროს, ერთმა დამ, რომლის უფროსიც მაღალი თანამდებობის პირი იყო, ძმებს უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგომას აპირებდა. ამ დას ისიც გაეგო, რომ უპრეცედენტო არეულობის დაწყება იგეგმებოდა. ძმებმა სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამა შეამოკლეს, რათა ყველა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო თავ-თავიანთ სახლებში. პროგრამის დასრულებიდან ორი საათის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათი შემოიღეს.
ზუსტად არავინ იცოდა, რა ხდებოდა. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია. გარეშე ძალების ინტერვენცია იყო ეს, თუ შიდა პოლიტიკური არეულობა? ფინანსურმა პირამიდებმა კრახი განიცადეს და უმრავლესობამ ჩადებული თანხა დაკარგა. ვლორაში არეულობა დაიწყო. ხალხი სამხედრო ნაწილების იარაღის საწყობებში შეიჭრა და იარაღი და ტყვია-წამალი გაიტაცა. საინფორმაციო გადაცემები მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა; არეულობა სხვა ქალაქებსაც მოედო. მალე არეულობამ მთელი ალბანეთი მოიცვა; პოლიცია ვითარებას ვეღარ აკონტროლებდა. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ხალხი შეიარაღებულ აჯანყებებს აწყობდა მთავრობის წინააღმდეგ.
ალბანეთში 125 უცხოელი და-ძმა მსახურობდა სრული დროით. მათი უმეტესობა ტირანაში წავიდა იმ მიზნით, რომ თავშესაფარი მოეძებნა. ბევრი ალბანელი არეულობაში უცხოელებს ადანაშაულებდა, ამიტომ გონივრული იყო, უცხოელ პიონერებს ქვეყანა დაეტოვებინათ. რადგან აეროპორტი დაკეტილი იყო, ზოგი იტალიელი პიონერი საპორტო ქალაქ დურესში ჩაიყვანეს, სადაც პორტს ადგილობრივი შეიარაღებული მამაკაცები აკონტროლებდნენ. 12-საათიანი დაძაბული ლოდინის შემდეგ პიონერებმა შეძლეს სამშობლოსკენ მიმავალ გემზე ასვლა.
ქვეყნის კომიტეტს ყოველდღე ჰქონდა სატელეფონო კავშირი ალბანეთის სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ ძმებთან. დღის პირველ ნახევარში ქუჩებში უჩვეულო სიჩუმე იყო, მეორე ნახევარში კი სროლები იწყებოდა და ასე გრძელდებოდა დილამდე. ზოგს საზენიტო დანადგარიც კი ჰქონდა. ეს ბრძოლები ისტორიაში „თრაზირას“ ანუ არეულობის სახელწოდებით შევიდა.
„იეჰოვას სახელის განდიდებას მოემსახურება“
არბენ მერკო, რომელიც სხვა ხუთ ბერატელ ძმასთან ერთად ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს, იხსენებს: „ჩემი საკნის ერთ კედელს პატარა ხვრელი ჰქონდა. გვერდზე საკნიდან ამ ხვრელის მეშვეობით ერთი მამაკაცი დამელაპარაკა და მკითხა, ვინა ხარო“. არბენი მამაკაცს რამდენიმე კვირის განმავლობაში ესაუბრებოდა ჭეშმარიტებაზე. ერთ დღესაც ამ საკნიდან არბენს აღარავინ დალაპარაკებია.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მასთან სახლში ერთი ახალგაზრდა კაცი მივიდა. მან ეს ახალგაზრდა სახეზე ვერ იცნო, მაგრამ ხმით იცნო. ეს ის კაცი იყო, რომელიც მის გვერდით საკანში იხდიდა სასჯელს.
„მოვედი რომ ეს მოგცე“, — უთხრა მან არბენს და ხმის გამაძლიერებელი მიაწოდა.
„არეულობის დროს თქვენი სამეფო დარბაზიდან მოვიპარე. მაგრამ ძალიან დამაფიქრა იმან, რაზეც ციხეში მელაპარაკე. მინდა სუფთა სინდისი მქონდეს ღვთის წინაშე, ამიტომ ამას უკან გიბრუნებ“, — უთხრა მან არბენს.
არბენს მაშინვე გაახსენდა ძმა ნაშო დორის ის სიტყვები, რომლითაც მან ერთგულ ახალგაზრდებს ვიდეოჩანაწერის მეშვეობით მიმართა: „საბოლოოდ ეს ყველაფერი იეჰოვას სახელის განდიდებას მოემსახურება“.
იეჰოვას სამწყსოზე ზრუნვა
უცხოელი უხუცესების წასვლის შემდეგ კრებებსა და ჯგუფებზე ზრუნვა, ძირითადად, 19-20 წლის მომსახურეებს დაევალათ. ერთ დღეს სამი ახალგაზრდა მომსახურე დიდი საფრთხის მიუხედავად, ვლორადან ტირანაში გაემგზავრა. ალბანეთში საკვები პროდუქტების დეფიციტი იყო, ამიტომ ქვეყნის კომიტეტი დაინტერესდა, საჭიროებდნენ თუ არა ეს ძმები მატერიალურ დახმარებას.
ახალგაზრდებმა მიუგეს: „ჩვენ მხოლოდ სამქადაგებლო მსახურების ბლანკები გვჭირდება“. იმ ხანდაზმული მოწმეების მსგავსად, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას, ამ ახალგაზრდებისთვისაც სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფიზიკურის. მათ უამბეს ძმებს, რომ სასიხარულო ცნობას ბევრი ეხმაურებოდა, რადგან ყველა შიშში ცხოვრობდა და არ იცოდა, რას მოუტანდა ხვალინდელი დღე.
გახსენების საღამოს შემდეგ მალევე ოფისში ერთმა დამ დარეკა: „ჩვენ ვართ თქვენი სულიერი დები ქალაქ კუკესიდან. გვინდა შეგატყობინოთ, რომ პიონერების წასვლის შემდეგ კრების შეხვედრებს ჩვენ თვითონ ვატარებთ“.
არეულობის გამო კავშირი გაწყდა ტირანელ ძმებსა და კუკესში მცხოვრებ მაუწყებლებს შორის. ამის მიუხედავად, შვიდმა მოუნათლავმა მაუწყებელმა იესოს გახსენების საღამო ორ ადგილას ჩაატარა. თუმცა ისინი ფიქრობდნენ, რომ შეიძლება გახსენების საღამო ისე ვერ ჩაატარეს როგორც წესი და რიგი იყო, უხაროდათ, რომ ამ შეხვედრას მთლიანობაში 19 ადამიანი დაესწრო. მართლაც საოცარი იყო, რომ კომენდანტის საათისა და ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, 1997 წელს ალბანეთში უფლის გახსენების საღამოს 3 154 ადამიანი დაესწრო. მაუწყებლები არ უშინდებოდნენ არსებულ ანარქიას, ქადაგებდნენ და ხალხს ანუგეშებდნენ, თუმცა ამას დიდი სიფრთხილით აკეთებდნენ.
ქვეყნის კომიტეტმა გაიგო, რომ გიროკასტრელ ძმებს საკვები და ლიტერატურა სჭირდებოდათ. კომიტეტის წევრები შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ, იქნებოდა თუ არა უსაფრთხო იქ სატვირთო მანქანით დახმარების გაგზავნა. მათ საუბარი შეაწყვეტინა ერთმა დამ და უთხრა, რომ ძმებთან შეხვედრა ერთ-ერთი საინფორმაციო გამოშვების დიქტორს სურდა, რომელსაც შეიძლებოდა რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონოდა მათთვის.
მართალია, დიქტორმა არ იცოდა, რაზე მსჯელობდნენ ძმები, მაგრამ მათ ასეთი რამ ურჩია: „რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, ხვალ ქვეყნის სამხრეთით არ წახვიდეთ. ინფორმაცია მივიღეთ, რომ ტეპელენაში რაღაც საშინელება უნდა მოხდეს“. გიროკასტრაში რომ ჩასულიყავი, ტეპელენა უნდა გაგევლო, ამიტომ ძმებმა ტვირთის გაგზავნა გადაიფიქრეს.
მეორე დღეს დაახლოებით დილის 11 საათზე სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს, რომ ტეპელენაში საშინელი შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რომელსაც დიდი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა; ააფეთქეს ქალაქის ხიდიც. ძმები მადლობას უხდიდნენ იეჰოვას, რომ გიროკასტრაში ტვირთი არ გააგზავნეს.
კვირების მანძილზე ღამღამობით ბეთელელებს ცეცხლსასროლი იარაღის ხმა არ აძინებდა და ხშირად დილის თაყვანისცემის დროს ავტომატების ზუზუნი და ჭურვების აფეთქების ხმა ისმოდა. ტყვიებს ჰაერში უმისამართოდ ისროდნენ და ყოველთვის იყო იმის საშიშროება, რომ ბრმა ტყვიის მსხვერპლი გამხდარიყავი. უსაფრთხოების მიზნით ბეთელის ოჯახის წევრები შენობიდან გარეთ არ გადიოდნენ. მთარგმნელები ფანჯრებისგან მოშორებით იატაკზე ისხდნენ და ისე მუშაობდნენ.
1997 წლის აპრილში ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 7 000 კაციანი ჯარი შევიდა. აგვისტოსთვის გაეროს ჯარებმა დატოვეს ალბანეთი; ძმებს საოლქო კონგრესის ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. მაუწყებლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან თვეების განმავლობაში პატარ-პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ.
კონგრესზე მიმავალი ძმების მიერ დაქირავებული რამდენიმე ავტობუსი შეიარაღებულმა ყაჩაღებმა გააჩერეს. მაგრამ, როცა გაიგეს, რომ მგზავრები იეჰოვას მოწმეები იყვნენ, თქვეს: „თქვენ სულ სხვა ხალხი ხართ! თქვენზე ხელს ვერ ავწევთ!“
რა გავლენა მოახდინა „თრაზირამ“ ალბანეთში სამქადაგებლო საქმიანობაზე? სახიფათო და შიშის მომგვრელმა მდგომარეობამ მაუწყებელთა რიცხობრივ ზრდას ხელი ვერ შეუშალა. პირიქით, ბევრმა დაინახა, რამდენად აუცილებელი იყო სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სულ რაღაც 15 თვეში 500 ახალი მაუწყებელი ჩაება მსახურებაში. ამგვარად, ალბანეთში მაუწყებელთა რიცხვმა 1 500-ს გადააჭარბა.
კოსოვო ყურადღების ცენტრში მოექცა
„თრაზირას“ შემდეგ წესრიგი დამყარდა და კრებები სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. სამაგიეროდ პრობლემებმა თავი მეზობელ კოსოვოში იჩინა. კოსოვოს ომი ალბანეთზეც აისახა — უამრავი ლტოლვილი მიაწყდა მის საზღვარს. ალბანელი მაუწყებლები დროს არ კარგავდნენ, ლტოლვილებს ბიბლიურ იმედს უზიარებდნენ და ნუგეშის მომცემ ლიტერატურას სთავაზობდნენ. ისინი მზრუნველობას არ აკლებდნენ კოსოვოელი იეჰოვას მოწმეებისა და მათი ბავშვებისგან შემდგარ 22-კაციან ჯგუფს.
აგვისტოში, ომის დამთავრების შემდეგ, კოსოვოელი და-ძმები სახლებში დაბრუნდნენ, თუმცა ისინი მარტონი არ დაბრუნებულან. მათთან ერთად კოსოვოში ჩავიდნენ ალბანელი და იტალიელი ძმები, მათ შორის ათი სპეციალური პიონერი, რომელთაც სურდათ, სულიერი დახმარება აღმოეჩინათ კოსოვოელთათვის. 1999 სამსახურებრივი წლის დასასრულს ალბანეთში 1 805 მაუწყებელი იყო, კოსოვოში კი — 40.
სულიერი ზრდა
სიკვდილის წინ ნაშო დორს უთქვამს: «ძალიან მიხარია, რომ მშობლიურ ენაზე ამდენი ლიტერატურა გვაქვს, მაგრამ, რაც ყველაზე ძალიან გვჭირდება, ეს არის ბიბლიის ზუსტი თარგმანი, ანუ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც რწმენას გაგვიძლიერებს». 1999 წელს, ნაშოს სიკვდილიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, ხელმძღვანელმა საბჭომ ნებართვა მისცა მთარგმნელობით ჯგუფს ალბანურ ენაზე ეთარგმნა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
2000 წელს კონგრესზე და-ძმებს ბრწყინვალე სიურპრიზი ელოდათ — ალბანურ ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“! მუხლჩაუხრელმა მთარგმნელებმა ამ საქმეში მთელი გული და სული ჩადეს. ამ პროექტს მათ წელიწადზე ნაკლები დრო მოანდომეს. ერთი პიონერი და, რომელიც ადრე პარლამენტში კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი იყო, წერდა: „რა დიდებული თარგმანია! რაც ამ თარგმანის კითხვა დავიწყე, მხოლოდ მას შემდეგ დავაფასე სათანადოდ ბიბლია და მივხვდი, თუ რა შესანიშნავი წიგნია ის თავისი პროზით, პოეზიითა და თხრობის სტილით. როდესაც წავიკითხე, როგორ ახდენდა იესო სასწაულებს და როგორ აკრიტიკებდნენ და აბუჩად იგდებდნენ მას, ამან სულით ხორცამდე შემძრა. ასეთი გრძნობა მანამდე არასდროს მქონია. შევძელი ცოცხლად წარმომედგინა თითოეული ამაღელვებელი სცენა“.
ამ დროისთვის ალბანეთში მაუწყებელთა რიცხვმა 2 200-ს მიაღწია, ბეთელის ოჯახის წევრთა რიცხვი კი 40-მდე გაიზარდა. მართალია, ბეთელის ოჯახის წევრებისთვის დამატებით ბინები ჰქონდათ დაქირავებული, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით ძმებმა ტირანას მახლობლად ქალაქ მუზეზში იყიდეს 3 ჰექტარი მიწა. ალბანეთსა და კოსოვოში სამქადაგებლო საქმიანობისთვის უკეთ რომ გაეწიათ ხელმძღვანელობა, 2000 წელს ქვეყნის კომიტეტმა ფუნქციონირება დაიწყო, როგორც ფილიალის კომიტეტი.
2003 წლის სექტემბერში, როდესაც ახალი ფილიალის მშენებლობა დაიწყო, ალბანეთში 3 122 მაუწყებელი იყო. ამ დროს უკვე მიმდინარეობდა ებრაული წერილების ალბანურ ენაზე თარგმნა. გარდა იმისა, რომ ქადაგების საქმე სწრაფად მიიწევდა წინ, მაუწყებლებიც უფრო და უფრო იზრდებოდნენ სულიერად. ალბანეთში 2004 წლის აგვისტოში მსახურებაში დახელოვნების სკოლის პირველი კლასი გაიხსნა, რომელსაც 20 ძმა დაესწრო. მათგან უმეტესობა ჯერ კიდევ 19-20 წლისა იყო, როცა „თრაზირას“ დროს კრებებზე ზრუნავდა. რა გახარებულები იქნებოდნენ ისინი იმით, რომ ასეთი თეოკრატიული დასწავლების მიღების შესაძლებლობა მიეცათ!
ეშმაკი განრისხდა
2005 წლის თებერვალში გაზეთების პირველ გვერდებზე გაჩნდა ასეთი სათაური: „იეჰოვა ადამიანებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს“. პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იეჰოვას მოწმე იყო. სინამდვილეში, მას არასდროს უსწავლია ბიბლია და არც არასდროს დასწრებია კრების შეხვედრებს. ამის მიუხედავად, მოწინააღმდეგეებმა ეს შემთხვევა იმისთვის გამოიყენეს, რომ მოწმეებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განეხორციელებინათ.
მასწავლებლები დასცინოდნენ იეჰოვას მოწმეთა ბავშვებს. ბევრი მოწმე სამსახურიდან დაითხოვეს. ხალხი ჩვენი საქმიანობის აკრძალვას ითხოვდა. ძმები ცდილობდნენ მასმედიის წარმომადგენლებისთვის სიმართლე დაენახვებინათ, მაგრამ ამაოდ. იეჰოვას მოწმეებს უფრო და უფრო უარყოფით შუქში წარმოაჩენდნენ.
აშკარა იყო, რომ იეჰოვას მსახურებს ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა სჭირდებოდათ, რათა მორიგი თავდასხმისთვის გაეძლოთ. ამ მიზნით ფილიალმა მოამზადა სპეციალური მოხსენება, რომელიც ძმებს შეახსენებდა, რომ საზარელი ცილისმწამებლური ბრალდებების გასაბათილებლად აუცილებელი იყო, განეგრძოთ ჭეშმარიტების ქადაგება. ძმებს მოუწოდებდნენ ხალხს სიმართლის გაგებაში დახმარებოდნენ და კაცთმოშიშების მახეში არ გაბმულიყვნენ. მათ შეეძლოთ გულწრფელი ადამიანებისთვის აეხსნათ, იეჰოვას მოწმეები თავს რომ იკლავდნენ, გასულ წლებში მათი საოცრად სწრაფი რიცხობრივი ზრდა არ მოხდებოდა. ასეთი სახის თავდასხმა მოწმეებისთვის უცხო ნამდვილად არ იყო. მათ არ უნდა დავიწყებოდათ, როგორ გავრცელდა ძმა სპირო ვრუჰოს თვითმკვლელობაზე ცრუ ხმები ჯერ კიდევ 60-იან წლებში. ადრე თუ გვიან ამ სიცრუეს ფარდა აეხდებოდა. ეს მართლაც ასე მოხდა.
რამდენიმე თვის შემდეგ, აგვისტოში, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა დეივიდ სპლეინი 4 675 ალბანელ და კოსოვოელ და-ძმასთან ერთად დაესწრო საოლქო კონგრესს. დამსწრეთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ძმა სპლეინმა გამოაცხადა, რომ ალბანურ ენაზე გამოვიდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული გამოცემა.
„გასაკვირი არ არის, რატომ ცდილობდა სატანა ასე გაშმაგებით ჩვენთვის ხელის შეშლას, — თქვა ერთმა დიდი ხნის მონათლულმა ძმამ. — ის განარისხა იმან, რომ იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა თავის ხალხს“.
მასმედიის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მიუხედავად, ალბანელი ღვთის მსახურები უფრო და უფრო მტკიცდებოდნენ რწმენაში. მრავალი, ვისაც იეჰოვას მოწმე ცოლი ან ნათესავი ჰყავდა, ხედავდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა; მათ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და მაუწყებლებიც კი გახდნენ. მიუხედავად სატანის აგრესიული თავდასხმისა, იეჰოვას ნების შესრულებას ხელი ვერაფერმა შეუშალა. ბეთელის ოჯახი ახლად აშენებულ ფილიალში გადავიდა და ჩატარდა „მსახურებაში დახელოვნების სკოლის“ მეორე კლასი.
ფილიალის მიძღვნა
2006 წლის ივნისში ხელმძღვანელი საბჭოს წევრები, თეოდორ იარაჩი და გერიტ ლოში, 32 ქვეყნიდან ჩასულ 350 დელეგატს შორის იყვნენ, რომლებიც ახალი ფილიალის მიძღვნის პროგრამას დაესწრნენ. იქ იყო სოტირ სექიც, რომელიც 40-იან წლებში ელექტროშოკით აწამეს. ახლა ის 75 წელს გადაცილებულია და კვლავაც სიხარულით განაგრძობს მსახურებას.
„არ მეგონა, ეს დღე თუ დადგებოდა“, — თქვა ფროსინა ჯეკამ, რომელმაც ათობით წლის განმავლობაში არაერთ განსაცდელს გაუძლო და ისევ ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. ამ შეხვედრას ესწრებოდა ჯანი კომინოს ქვრივი, პოლიკცენი კომინოც, რომელიც ყვებოდა, რომ მისი ქალიშვილები და ერთი შვილიშვილი პიონერებად მსახურობდნენ. დამსწრეთა შორის იყო მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი და უკვე წელში მოხრილი ვასილ ჯოკა. ის თვალცრემლიანი იხსენებდა ლეონიდა პოპთან შეხვედრას და იმას, თუ როგორ მოინათლა ფარულად 1960 წელს.
ტირანაში ყოფილი ფილიალის შენობა სამეფო დარბაზების კომპლექსად და მისიონერთა სახლად გადაკეთდა, სადაც 14 მისიონერი იცხოვრებდა. დღემდე ჩატარდა „მსახურებაში დახელოვნების სკოლის“ ექვსი კლასი, რომლის ერთგული და თავდაუზოგავი კურსდამთავრებულები სპეციალურ პიონერებად მსახურობენ და დიდი წვლილი შეაქვთ სამქადაგებლო მსახურებაში. ისინი იმ 950-ზე მეტ პიონერსა და სპეციალურ პიონერს შორის არიან, რომლებიც გულმოდგინედ ახარებენ სასიხარულო ცნობას.
ალბანელი მოწმეების ნათელი მომავალი
ჩვენი ალბანელი და-ძმები დიდად აფასებენ ბიბლიასა და ბიბლიურ ლიტერატურას, რომელიც მათ მშობლიურ ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ამ ნაწილში იეჰოვას საქმე წარმატებით მიიწევს წინ. იმ სულით ანთებული და უნარიანი ძმების გვერდით, რომლებიც დღითი დღე იხვეწებიან თეოკრატიული პასუხისმგებლობების შესრულებაში, „ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“ (ფსალმ. 68:11).
ალბანელი იეჰოვას მოწმეების ისტორია ადასტურებს ღვთის შთაგონებული სიტყვების ჭეშმარიტებას: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს. ეს არის იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა“ (ეს. 54:17). ვერც ტოტალიტალურმა რეჟიმმა, ვერც წამებამ და იზოლირებამ, ვერც მასმედიის მიერ გავრცელებულმა ცილისწამებამ და ვერც პირადმა პრობლემებმა ვერ გატეხა ისინი, რადგან იეჰოვა წყალობას არ აკლებდა და აძლიერებდა თავის მსახურებს.
ალბანელ იეჰოვას მოწმეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ იეჰოვა კვლავ გამოავლენს მათდამი ერთგულ სიყვარულს და კურთხევებს არ მოაკლებს. მართალია, სხვადასხვა სირთულეებს აწყდებიან, მაგრამ მათ ახარებთ, რომ შეუძლიათ ზეციერი მამის გული გაახარონ და აქვთ შესანიშნავი იმედი (იგავ. 27:11; ებრ. 12:1, 2). ალბანელი იეჰოვას მოწმეების თეოკრატიულმა ისტორიამ ერთი რამ ცხადი გახადა: იეჰოვა არასდროს ივიწყებს იმ დიდ თუ პატარა მსხვერპლს, რომელსაც მისი ერთგული ახალგაზრდა თუ ხანდაზმული მსახურები იღებენ (ებრ. 6:10; 13:16).
[ჩანართი 130 გვერდზე]
წიგნის სათაური თავიდან თარგმნეს, როგორც „ღვთის გიტარა“
[ჩანართი 140 გვერდზე]
„ქრისტიანი რომ იყო, შენც მღვდლებივით იბრძოლებდი!“
[ჩანართი 189 გვერდზე]
„ჩვენ მხოლოდ სამქადაგებლო მსახურების ბლანკები გვჭირდება“
[ჩარჩო⁄სურათი 132 გვერდზე]
ალბანეთის მოკლე მიმოხილვა
ტერიტორია.
ალბანეთი მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საბერძნეთის ჩრდილოეთით და იტალიის ჩექმის ქუსლის აღმოსავლეთით. ქვეყნის საერთო ფართობი 28 750 კვადრატული კილომეტრია. მისი სანაპირო ზოლი 362 კილომეტრზეა გადაჭიმული ადრიატიკისა და იონიის ზღვის გასწვრივ. თეთრი ქვიშის სანაპიროები და კამკამა ფირუზისფერი წყალი, რომელსაც ზემოდან მაღალი მთები დაჰყურებს, ამკობს ვლორადან დაწყებულ სარანდით დამთავრებულ ალბანეთის რივიერას. ქვეყნის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი დაფარულია მთაგრეხილებით, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი კი დაბლობია, რომლის ნაყოფიერი ნიადაგი სოფლის მეურნეობისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.
მოსახლეობა.
ალბანეთში დაახლოებით 3 600 000 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ეთნიკური ალბანელია, თუმცა მცირე რაოდენობით ბოშები, ბერძნები და სერბებიც ცხოვრობენ.
კლიმატი.
სამხრეთ სანაპიროს დაბლობზე ზაფხულობით ტემპერატურა საშუალოდ 26°C-ს შეადგენს. თუმცა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კერძოდ დიბრას მთებში, ზამთარში ტემპერატურა -25°C-მდე ეცემა.
საკვები.
ფენოვანი ცომისგან ამზადებენ ღვეზელს, რომელსაც ისპანახის, ყველის, პომიდვრისა და ხახვის ან სხვა ბოსტნეულისა თუ ხორცის გული აქვს. მას ბიურეკი ჰქვია. იოგურტში შერეულ კამის საწებელში ჩაწყობილ ქათმის ან ცხვრის ხორცს ღუმელში წვავენ; ამ კერძს თავა-ე-კოსიტი ეწოდება. ალბანელები ძირითადად კოვზით ჭამენ, რადგან ხშირად მიირთმევენ წვნიან კერძებს. განსაკუთრებულ დღესასწაულებზე, როდესაც ცხვრის ხორცს მიირთმევენ, პატივსაცემ სტუმარს ცხვრის თავს მიართმევენ ხოლმე. ალბანური დესერტებია ბაქლავა (მარჯვნივ) და კადაიფი, რომელსაც ზემოდან სიროფი ან თაფლი აქვს მოსხმული და თხილი აყრია. ალბანელებისთვის ძირითადი საკვები პურია. თუ გინდა, ვინმეს უთხრა, რომ საჭმელი უკვე ნაჭამი გაქვს, შეგიძლია თქვა „ჰენგრა ბუკ“, რაც ნიშნავს „პური ვჭამე“.
[ჩარჩო⁄სურათები 134 გვერდზე]
პირველი კონგრესები
ახალ ინგლისში (აშშ) მცხოვრები ალბანელები ალბანურენოვან საჯარო შეხვედრებს კვირაობით ესწრებოდნენ, თუმცა, ძირითადად, ისინი ინგლისურ ან ბერძნულენოვან კრების შეხვედრებზე დადიოდნენ. 20-იან და 30-იან წლებში ალბანელები ბერძნულ ენაზე ჩატარებულ კონგრესებს ესწრებოდნენ. მათ ძალიან უხაროდათ, რომ სამკერდე ნიშნებზე საკუთარ ენაზე ჰქონდათ წარწერა: „ალბანელ ბიბლიის მკვლევართა სამდღიანი კონგრესი“!
[ჩარჩო⁄სურათები 151, 152 გვერდებზე]
„იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივართ“
ფროსინა ჯეკა
დაიბადა: 1926 წელს
მოინათლა: 1946 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა ჭეშმარიტება გაიგო. მართალია, მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ და მთავრობა ავიწროებდა, მაგრამ ის ყოველთვის გრძნობდა იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის სიახლოვეს. ფროსინა 2007 წელს გარდაიცვალა. ის სიკვდილამდე ერთგული იყო.
◼ ფროსინამ ჭეშმარიტება თავისი ძმებისგან გაიგო 40-იან წლებში. მშობლებმა ის სახლიდან გააგდეს, რადგან მათ მიერ არჩეულ საქმროს არ გაჰყვა ცოლად. ძმა გოლე ფლოკომ ის თავისთან წაიყვანა სახლში და მზრუნველობას არ აკლებდა.
«ერთხელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო დამაპატიმრეს, — იხსენებს ფროსინა. — ოთახში მარტო ვიყავი 30-მდე პოლიციელით გარშემორტყმული. ერთ-ერთმა დამიყვირა: „ხვდები, რისი გაკეთება შეგვიძლია ახლა?“ ვგრძნობდი, რომ იეჰოვა ჩემთან იყო და ვუპასუხე: „ისეთს ვერაფერს გამიკეთებთ, რის უფლებასაც უზენაესი უფალი იეჰოვა არ მოგცემთ!“ იფიქრეს, გიჟიაო და თქვეს: „გაიყვანეთ აქედან!“ მართალი ვიყავი, იეჰოვა ნამდვილად ჩემთან იყო!»
1957 წელს ფროსინა ლუჩი ჯეკას გაჰყვა ცოლად და მათ სამი შვილი შეეძინათ. 60-იანი წლების დასაწყისში ლუჩი ქვეყნის ახლად ჩამოყალიბებული კომიტეტის წევრი გახდა. ეს კომიტეტი ალბანეთში სამქადაგებლო საქმიანობას უწევდა ხელმძღვანელობას. მალე მას 5 წლით გადასახლება მიუსაჯეს ფროსინასა და შვილებისგან ძალიან შორს ქალაქ გრამშში. ლუჩი იქაც განაგრძობდა ქადაგებას და ორგანიზაციაზე საუბარს. ქალაქის მცხოვრებლებს დღემდე ახსოვთ ის.
ლუჩის გადასახლებასთან ერთად კომუნისტურმა პარტიამ ფროსინაც შავ სიაში შეიყვანა. მას არ შეეძლო ოფიციალურად საკვების ყიდვა. ის იხსენებს: „ამაზე სულაც არ ვდარდობდით. ძმები გვიწილადებდნენ ხოლმე იმას, რაც ჰქონდათ და ამგვარად მოვახერხეთ თავის გატანა. იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივართ“.
ლუჩის სიკვდილის შემდეგ ძმები კრების შეხვედრებს იშვიათად ატარებდნენ. ფროსინა ქადაგებას არ წყვეტდა. ის გვიყვება: „60-იან წლებში ჯონ მარკსი გვესტუმრა. 1986 წელს, როგორც იქნა, მის მეუღლეს, ჰელენს შევხვდი და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი მას. მე და ლუჩი მარკსებს საიდუმლოდ ვუგზავნიდით წერილებს, ისინი კი ამ წერილებს ბრუკლინში ძმებს უგზავნიდნენ“.
1992 წელს, როდესაც აკრძალვა მოიხსნა, ფროსინა იმ ცხრა მონათლულ მოწმეთა შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც ალბანეთში ცხოვრობდა. ის რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს. თავისი სიკვდილის დღესაც კი გასული იყო საქადაგოდ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფროსინას უთქვამს: „მთელი გულით მიყვარს იეჰოვა! აზრადაც კი არ მომსვლია დათმობაზე წასვლა. ვიცოდი, რომ მსოფლიო ოჯახის წევრი ვიყავი, მაგრამ ჩემს გულს სიხარულით ავსებს იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება ჩვენი თეოკრატიული ოჯახი ალბანეთში. იეჰოვა ყოველთვის იყო ჩვენთან და დღესაც სიყვარულით დავყავართ ხელჩაკიდებული!“
[ჩარჩო⁄სურათები 159, 160 გვერდებზე]
მცირე ათასად გადაიქცა
ვასილ ჯოკა
დაიბადა: 1930 წელს
მოინათლა: 1960 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მან სიმტკიცე შეინარჩუნა ტოტალიტარული რეჟიმის დროს. დღეს ის ტირანას კრებაში უხუცესად მსახურობს.
◼ ბერძნული „საგუშაგო კოშკი“ პირველად 30-იან წლებში ჩემ სოფელში, ბარმაშში, ვნახე. მამაჩემმა ჟურნალზე მიმითითა და მითხრა: „ეს ხალხი მართალს ლაპარაკობს!“ მხოლოდ წლების შემდეგ გავიგე, თუ რას გულისხმობდა მამაჩემი. მართალია, ბიბლიის ქონა საშიში იყო, მაგრამ მე მაინც ვკითხულობდი მას. ჩემი ძმის სიმამრის დაკრძალვაზე შევხვდი ტირანელ ძმას. მას მათეს 24-ე თავში მოცემულ „ბოლო დღეების“ ნიშანზე ვკითხე. მან ამიხსნა ეს საკითხი, მე კი, რაც გავიგე, შეძლებისდაგვარად, ყველას ვესაუბრებოდი.
1959 წელს დავესწარი კრების შეხვედრას, რომელიც ძმა ლეონიდა პოპის სახლში ჩატარდა ფარულად. ამ პერიოდში ვკითხულობდი „გამოცხადებას“ და ძმებს შევეკითხე, თუ რა იგულისხმებოდა მხეცსა და დიდ ბაბილონში. როდესაც ძმებმა ამიხსნეს, მივხვდი, რომ ეს სიმართლე იყო. ერთი წლის შემდეგ მოვინათლე.
თავგამოდებული მქადაგებელი ვიყავი, რის გამოც სამსახურიდან გამომაგდეს. ხის ძველი ურემი შევიძინე და მტვირთავად დავიწყე მუშაობა ტირანაში. მიუხედავად იმისა, რომ ძმებთან იშვიათად მქონდა ურთიერთობა და ლიტერატურაც არ გამაჩნდა, ქადაგებას მაინც განვაგრძობდი.
60-იანი წლების დასაწყისში, სანამ ძმა ლეონიდა პოპს გადაასახლებდნენ, მან მოახერხა ბერძნულ ენაზე მცირე რაოდენობის ლიტერატურის მიღება, რომელიც ალბანეთში ფარულად იყო შემოტანილი. ის ხმამაღლა თარგმნიდა, მე კი რვეულში ვიწერდი. შემდეგ მისი მითითებისამებრ ვაკეთებდი ჩანაწერების ასლებს და ბერატში, ფიერსა და ვლორაში ვუგზავნიდი ძმებს.
90-იანი წლებიდან დიდი ცვლილებები მოხდა. თვალებს ვერ ვუჯერებ, როდესაც ვხედავ, თუ რამდენი ლიტერატურა გვაქვს იეჰოვასგან. 1992 წლიდან დღემდე ჩვენ უკვე 17 მილიონზე მეტი ჟურნალი გავავრცელეთ ალბანეთში. ახალი პუბლიკაციები ალბანურ ენაზე ითარგმნება და ჩვენ გვაქვს მთლიანი „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მშობლიურ ენაზე. სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ, როცა ვიხსენებ იმ წლებს, როდესაც ლიტერატურა არ გვქონდა. იმან, რომ ერთ დროს ლიტერატურა არ გვქონდა, გვასწავლა იმის დაფასება, რაც დღეს გვაქვს.
[ჩარჩო⁄სურათები 163, 164 გვერდებზე]
სამშობლოში დაბრუნებულმა ღირსეული სამუშაო ვიშოვე
არდიან ტუტრა
დაიბადა: 1969 წელს
მოინათლა: 1992 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მან ჭეშმარიტება იტალიაში გაიგო და შემდეგ ალბანეთში დაბრუნდა. დღეს ის ალბანეთის ფილიალის კომიტეტის წევრია.
◼ ალბანეთი 1991 წელს 21 წლის ასაკში დავტოვე ათასობით სხვა ლტოლვილთან ერთად. ჩვენ გავიტაცეთ გემი და გეზი იტალიისკენ ავიღეთ. ალბანეთი საშინელ მდგომარეობაში იყო, ამიტომ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა იქაურობას თავი დავაღწიე. ვიფიქრე, რომ ოცნებების ახდენის დრო დამიდგა.
ორი დღის შემდეგ ბრინდიზში (იტალია) ლტოლვილების ბანაკიდან გავიპარე, რომ სამუშაო მეპოვა. ერთმა კაცმა ბიბლიური ცნობის პატარა ფოტოასლი მომცა ალბანურ ენაზე და ნაშუადღევს შეხვედრაზე დამპატიჟა. „რატომაც არა, იქნებ ვინმემ სამუშაო მაშოვნინოს“, — ჩემთვის გავიფიქრე.
ასეთ მეგობრულ შეხვედრას ნამდვილად არ ველოდი. სამეფო დარბაზში კრების შეხვედრის შემდეგ ყველა ჩემთან მოდიოდა და გულთბილად მესალმებოდა, ერთმა ოჯახმა კი სადილზე დამპატიჟა. რამხელა სიყვარული და სიკეთე გამოავლინეს ჩემ მიმართ, მე ხომ ერთი უსუფთაო და მოუწესრიგებელი, არალეგალი ალბანელი ლტოლვილი ვიყავი.
შემდეგ შეხვედრაზე ვიტო მასტროროსამ ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა. მე დავთანხმდი და მალე მივხვდი, რომ ეს ჭეშმარიტება იყო. 1992 წლის აგვისტოში იტალიაში მოვინათლე.
როგორც იქნა იტალიაში ლეგალურად ცხოვრების უფლება მივიღე. კარგი სამუშაო ვიშოვე და ალბანეთში ოჯახის წევრებს ფინანსურადაც ვეხმარებოდი. ბევრჯერ მიფიქრია: ალბანეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აღარ იკრძალება და საჭიროა რაც შეიძლება მეტი მქადაგებელი. იქნებ წავიდე და იქ ვიმსახურო? მაგრამ როგორი რეაქცია ექნებათ ჩემი ოჯახის წევრებს? ისინი ხომ ჩემს კმაყოფაზე არიან? რას იტყვის ხალხი?
ტირანას ფილიალიდან დამირეკეს და მკითხეს შემეძლო თუ არა ჩავსულიყავი და ალბანური ენა მესწავლებინა იტალიელი სპეციალური პიონერების იმ ჯგუფისთვის, რომელიც ნოემბერში ჩავიდოდა ალბანეთში. ამ სპეციალური პიონერების მაგალითმა სერიოზულად დამაფიქრა. ისინი იქ მიდიოდნენ საიდანაც მე გამოვიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ ენა არ იცოდნენ, მოუთმენლად ელოდნენ ალბანეთში გამგზავრებას. მე კი ალბანელი ვიყავი და ენაც ვიცოდი. რას ვაკეთებდი იტალიაში?
გადაწყვეტილება მივიღე და სპეციალურ პიონერებთან ერთად მეც ალბანეთში გავემგზავრე გემით. ჩასვლისთანავე მსახურება პატარა ბეთელში დავიწყე. დილაობით ალბანური ენის შემსწავლელ კურსებს ვატარებდი, ნაშუადღევს კი ვთარგმნიდი. თავიდან ჩემი ოჯახის წევრებს არ მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება. მაგრამ როდესაც ავუხსენი ჩასვლის მიზეზი, თანდათანობით დაინტერესდნენ სასიხარულო ცნობით. მალე ჩემი მშობლები, ორი და და ერთი ძმა მოინათლნენ.
ვნანობ, რომ იტალიაში მუშაობასა და ფულის შოვნაზე უარი ვთქვი? ერთი წამითაც არა. ალბანეთში მართლაც ღირსეული სამუშაო ვიშოვე. ჩემი აზრით სამუშაო, რომელიც ნამდვილად ღირებულია და უწყვეტი სიხარული მოაქვს, იეჰოვასადმი მსახურებაა იმით, რაც გაქვს.
[ჩარჩო⁄სურათები 173, 174 გვერდებზე]
საიდუმლო შეხვედრები მეტად აღარ ტარდება
ადრიანა მამუტაი
დაიბადა: 1971 წელს
მოინათლა: 1993 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ის საიდუმლო შეხვედრაზე მიიწვიეს; მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ამჟამად სპეციალურ პიონერად მსახურობს.
◼ ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტ წელს, როცა მამიდაშვილი დამეღუპა, ყური მოვკარი, როგორ ანუგეშებდა ერთი ქალბატონი, სახელად ბარი, მამიდაჩემს ბიბლიური ცნობით. მას ბევრი კითხვა დავუსვი და მოვილაპარაკეთ, მისი მეგობრის, რაიმონდას სამსახურში შევხვედროდით ერთმანეთს. რაიმონდას ოჯახი „კლასს“ ესწრებოდა. რაიმონდამ მითხრა, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში ჯერ ბიბლია უნდა მესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებდი „კლასის“ შეხვედრებზე დასწრებას, რადგან ახლებს თავიდანვე არ შეეძლოთ ამ შეხვედრებზე დასწრება. გავითავისე ის, რასაც ვსწავლობდი და მოგვიანებით შეხვედრებზე დასწრების ნებაც დამრთეს.
ამ „კლასში“ მხოლოდ დაინტერესებულები იყვნენ. თავიდან ამ შეხვედრებს სოტირ პაპა და სულო ჰასანი ატარებდნენ. მაგრამ წლების წინ „სიგურიმის“ თანამშრომელი შეპარულიყო „კლასში“ და ეს ძმები პოლიციისთვის გადაეცა. ამიტომ, ყველა დიდ სიფრთხილეს იჩენდა, როცა ვინმეს შეხვედრაზე ეპატიჟებოდა.
პირველ შეხვედრაზე გვირჩიეს, შეგვედგინა ჩვენი მეგობრების სია და მათთვის ნასწავლი გაგვეზიარებინა. მე მაშინვე ილმა ტანის დაველაპარაკე. მალე მასაც მისცეს უფლება დასწრებოდა „კლასს“. ჩვენი პატარა 15-კაციანი ჯგუფი სწრაფად იზრდებოდა.
1992 წლის აპრილში მაიკლ და ლინდა დიგრეგორიოები ბერატს ეწვივნენ. მოგვიწოდეს, რომ მისი მოხსენების მოსასმენად ყველა მოგვეწვია. მოხსენებას 54 ადამიანი დაესწრო, მათგან მონათლული არც ერთი არ ვიყავით. შეხვედრის შემდეგ დიგრეგორიოებს საათობით ვუსვამდით შეკითხვებს. ბოლოს და ბოლოს გავიგეთ, როგორ უნდა ჩაგვეტარებინა შეხვედრები და როგორ უნდა გვექადაგა.
მალე იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კანონიერად აღიარეს. მე, ილმა და ორი ძმა ტირანაში წავედით, რომ კარდაკარ ქადაგება გვესწავლა. ძმებმა გვთხოვეს, რომ ბერატში ჩასულებს სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა ნასწავლი. ჩვენც ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. მას შემდეგ, რაც 1993 წლის მარტს ბერატში ოთხი იტალიელი სპეციალური პიონერი ჩამოვიდა კრების საქმიანობამ წინ წაიწია და კვირაში ორჯერ ტარდებოდა შეხვედრები, რომლებზე დასწრებაც ყველას შეეძლო.
იმავე წლის მარტში მე და ილმა მოვინათლეთ ტირანაში ჩატარებულ პირველ სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე. ამ კონგრესს 585 ადამიანი დაესწრო. პიონერად მსახურება დავიწყეთ და ცოტა ხანში პირველი ადგილობრივი სპეციალური პიონერები გავხდით. უკვე აღარაფერი იყო გასაიდუმლოებული. ჩვენ ქალაქ კორჩაში დაგვნიშნეს სპეციალურ პიონერებად.
ილმა ცოლად არბენ ლუბონიას გაჰყვა, რომელიც რამდენიმე თვით ადრე კორჩაში მარტო ქადაგებდა. მოგვიანებით ისინი მიმომსვლელ მსახურებას ეწეოდნენ, ახლა კი ბეთელის ოჯახის წევრები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ილმა „კლასში“ მივიწვიე.
არც ისე დიდი ხნის წინ, საოლქო კონგრესზე, რომელსაც 5 500 ადამიანი დაესწრო, გამახსენდა ჩვენი საიდუმლო „კლასი“. რამხელა ცვლილებები მოახდინა იეჰოვამ! ახლა უკვე შეხვედრებზე და კონგრესებზე დასწრება ყველას შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ძმამ ეკონომიკური პრობლემების გამო დატოვა ბერატი და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, ჩვენი პატარა „კლასი“ ხუთ ძლიერ კრებად იქცა.
[სურათი]
ილმა (ტანი) და არბენ ლუბონია
[ჩარჩო⁄სურათი 183 გვერდზე]
„კარგი, წავიდეთ!“
ალტინ ჰოჯა და ადრიან შკემბი
დაიბადნენ: 1973 წელს
მოინათლნენ: 1993 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანებეს და პიონერული მსახურება დაიწყეს. ახლა კრებაში უხუცესებად მსახურობენ.
◼ ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი წლის დასაწყისში ისინი უნივერსიტეტში სწავლობდნენ ტირანაში. ერთი ამხანაგი რამდენიმე საათი ელაპარაკა მათ იმის შესახებ, რასაც იეჰოვას მოწმეებისგან სწავლობდა და ყველაფერს ბიბლიის მეშვეობით უმტკიცებდა. მოგვიანებით მათ უფრო მეტი გაიგეს, დაიწყეს ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება და ორივენი 1993 წელს მოინათლნენ. იმავე წლის ზაფხულში საქადაგებლად ქალაქ კუჩოვაში წავიდნენ, სადაც არც ერთი მაუწყებელი არ იყო.
ტირანაში დაბრუნების შემდეგ ადრიანმა ალტინს უთხრა: „რას ვაკეთებთ სასწავლებელში?! მოდი წავიდეთ კუჩოვაში და იქაც ვიქადაგოთ“.
ალტინმა უპასუხა: „კარგი, წავიდეთ!“ მონათვლიდან შვიდი თვის შემდეგ, ისინი კვლავ კუჩოვაში დაბრუნდნენ.
იეჰოვამ უხვად აკურთხა მათი შრომა. დღეს კუჩოვაში 90-ზე მეტი აქტიური მაუწყებელია. დაახლოებით 25 კუჩოველი მოწმე სხვაგან მსახურობს პიონერად ან ბეთელის ოჯახის წევრია. ადრიანმა და ალტინმა ბევრ მათგანს შეასწავლეს ბიბლია.
უნივერსიტეტის გახსენებისას ალტინი ღიმილით ამბობს: «მოციქულმა პავლემ გადაწყვიტა, კარიერაზე არ ეზრუნა, მეც მსგავსი გადაწყვეტილება მივიღე 1993 წელს და არასდროს მინანია, რომ ეს სიტყვები ვთქვი: „მოდი, წავიდეთ!“».
[ჩარჩო⁄სურათები 191, 192 გვერდებზე]
ათეიზმის მასწავლებელი ახლა ჭეშმარიტებას ასწავლის
ანასტას რუვინა
დაიბადა: 1942 წელს
მოინათლა: 1997 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: სანამ შვილებისგან ჭეშმარიტებას გაიგებდა, ის სამხედროებს ათეიზმს ასწავლიდა. დღეს უხუცესია და სპეციალურ პიონერად მსახურობს.
◼ მას შემდეგ, რაც 1971 წელს სამხედრო აკადემია დავამთავრე, ბრიგადის პოლიტიკური კომისარი ვიყავი. ჩემს სამსახურს ასეთი სახელწოდება ჰქონდა, რადგან 1966 წელს მთავრობამ სამხედრო წოდებები გააუქმა. ჩემი ერთ-ერთი მოვალეობა იყო, ხელქვეითებისთვის ჩამეგონებინა, რომ ღმერთი არ არსებობს. დაწვრილებით ვასწავლიდი ფილოსოფიას იმის შესახებ, რომ რელიგია ხალხის ოპიუმია.
მყავდა ცოლი და სამი შვილი. 1992 წელს ჩემმა ვაჟმა, არტანმა დაიწყო იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ შეხვედრებზე დასწრება ქალაქ ტირანაში. ცოტა ხანში თავისი უმცროსი დაც, ანილაც წაიყვანა იქ დასასწრებად. ჩემი აზრით, ეს დროის ფუჭი ხარჯვა და სრული უაზრობა იყო. ამის გამო ოჯახში ხშირად ვკამათობდით.
ერთ დღეს ცნობისმოყვარეობამ მძლია და „საგუშაგო კოშკის“ ერთი ნომერი ავიღე. ნამდვილად არ ველოდი, რომ ამ ჟურნალში ასეთ გონივრულ აზრებს აღმოვაჩენდი. მიუხედავად იმისა, რომ არტანი და ანილა გამუდმებით მთხოვდნენ, ბიბლიის შესწავლა დამეწყო, მე მაინც უარზე ვიყავი. ამას იმით ვხსნიდი, რომ ბიბლიას ვერ ვისწავლიდი, რადგან ღმერთი არ მწამდა. 1995 წელს ალბანურ ენაზე გამოვიდა წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედების?“. არტანმა და ანილამ მომცეს ეს წიგნი. მისი წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ღმერთი არსებობს. ვეღარაფერს მოვიმიზეზებდი და შესწავლა დავიწყე. მალე ჩემმა მეუღლემ, ლირიემაც, დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მტკიცედ ჩავეჭიდეთ ჭეშმარიტებას.
სიმართლე რომ გითხრათ, წინ ძალიან ნელ-ნელა მივიწევდი. 53 წლის ვიყავი და ჩემთვის საკმაოდ რთული იყო აზროვნების შეცვლა. უნდა გითხრათ, რომ შემოქმედი, იეჰოვა დამეხმარა, ჭეშმარიტების გათავისებაში.
არ მინდოდა მაუწყებელი გავმხდარიყავი. როგორ უნდა მექადაგა მათთვის, ვისაც ადრე ათეიზმს ვასწავლიდი? რას იფიქრებდნენ ისინი? ერთხელ, შესწავლის დროს ვიტო მასტროროსამ ბიბლიიდან ტარსოსელი სავლეს ცხოვრების ერთ-ერთი მონაკვეთი წამიკითხა. ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის. სავლე ქრისტიანებს დევნიდა, ჭეშმარიტების გაგების შემდეგ კი თვითონ ქადაგებდა. ვიცოდი, რომ იეჰოვას დახმარებით მეც შევძლებდი იგივეს.
მეცინება საკუთარ თავზე, როდესაც ვხედავ, როგორ მეხმარება იეჰოვა, მოვიშალო მბრძანებლური ტონი და ვიყო უფრო რბილი და გონიერი. ვფიქრობ, ნელ-ნელა გამომდის კიდეც ეს.
უკვე აღარ ვკამათობ შვილებთან ჭეშმარიტებაზე. პირიქით, ვამაყობ მათით. არტანი უხუცესია და სპეციალურ პიონერად მსახურობს. ჩემი ორივე ქალიშვილი, ანილა და ელიონა ტირანის ბეთელში მსახურობენ.
მე და ლირიე სპეციალური პიონერები ვართ. დიდ პატივად მივიჩნევთ იმას, რომ შეგვიძლია ხალხს გავუზიაროთ ჭეშმარიტება დიდებული შემოქმედის შესახებ და დავინახოთ, როგორ იცვლებიან ისინი. რაოდენ დიდი სიხარული მოაქვს ხალხისთვის იმ რეალური იმედის ჩანერგვას, რომელიც დაფუძნებულია ერთადერთი ცოცხალი და ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას დანაპირებზე.
[სურათი 192 გვერდზე]
მარცხნიდან მარჯვნივ: არტანი, ანილა, ლირიე, ანასტასი, ელიონა და მისი ქმარი, რინალდო გალი
[ცხრილი⁄დიაგრამა 176, 177 გვერდებზე]
დროის დიაგრამა ალბანეთი
1920—1922 წლები — ალბანელებმა ჭეშმარიტება შეერთებულ შტატებში გაიგეს.
1922 წელი — ტანას იდრიზი გიროკასტრაში დაბრუნდა და იქ ჭეშმარიტება შეიტანა.
1925 წელი — ალბანეთში სამი პატარა ბიბლიის შემსწავლელი „კლასი“ ჩამოყალიბდა.
1928 წელი — „შემოქმედების ფოტოდრამა“ ბევრ ქალაქში იქნა ნაჩვენები.
1930
1935—1936 წლები — ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამქადაგებლო კამპანია.
1939 წელი — იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა.
1940
1940 წელი — ცხრა ძმა ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს.
1946 წელი — დამყარდა კომუნისტური წყობა.
1950
1960
1960 წელი — ალბანეთში დაინიშნა ქვეყნის კომიტეტი.
1962 წელი — ქვეყნის კომიტეტის წევრები შრომა-გასწორების კოლონიაში გაგზავნეს.
1967 წელი — ალბანეთი ოფიციალურად გამოცხადდა ათეისტურ ქვეყნად.
1980
1990
1992 წელი — იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აღიარეს.
1996 წელი — მილტონ ჰენშელი პირველი ბეთელის მიძღვნას დაესწრო.
1997 წელი — დაიწყო „თრაზირა“.
2000
2005 წელი — ალბანურ ენაზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია.
2006 წელი — მოხდა ფილიალის მიძღვნა მუზეზში (ტირანა).
2010
[სქემა]
(იხილეთ პუბლიკაცია)
მაუწყებლები
პიონერები
4 000
3 000
2 000
1 000
1930 1940 1950 1960 1980 1990 2000 2010
[სურათი 177 გვერდზე]
მაუწყებლები
პიონერები
[რუკები 133 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მონტენეგრო
კოსოვო
მაკედონია
საბერძნეთი
იოანინა
ტბა სკადარი
ტბა ოჰრიდი
ტბა პრესპა
ადრიატიკის ზღვა
ალბანეთი
ტირანა
შკოდერი
კუკესი
ბურელი
მუზეზი
დურესი
კავაია
გრამში
კუჩოვა
ფიერა
ბერატი
კორჩა
ვლორა
ტეპელენა
კელციურა
ბარმაში
პერმეტი
გიროკასტრა
სარანდა
[გვერდი 126 დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 128 გვერდზე]
თანას იდრიზი, რომელმაც ჭეშმარიტება ახალ ინგლისში (აშშ) გაიგო, პირველი იყო, ვინც გიროკასტრაში (ალბანეთი) სასიხარულო ცნობა იქადაგა
[სურათი 129 გვერდზე]
სოკრატ დიული, რომელმაც თავის ძმას ჭეშმარიტება ასწავლა
[სურათი 137 გვერდზე]
ნიკოლას კრისტომ სასიხარულო ცნობა ალბანელ მაღალი ფენის წარმომადგენლებს უქადაგა
[სურათი 142 გვერდზე]
ორგვერდიანი წერილი, რომელიც ბოსტონში მცხოვრებმა ალბანელმა ძმებმა გაუგზავნეს ენვერ ჰოჯას
[სურათი 145 გვერდზე]
ლეონიდა პოპი
[სურათი 147 გვერდზე]
„იეჰოვამ მასწავლა არ მოვაწერო იმას ხელი, რაც არ მითქვამს“ — სოტირ ცეჩი
[სურათი 149 გვერდზე]
ჰელენ და ჯონ მარკსები ალბანეთში დაბრუნებამდე
[სურათი 154 გვერდზე]
სპირო ვრუჰო მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა
[სურათი 157 გვერდზე]
ლოპი ბლანი
[სურათი 158 გვერდზე]
მართალია, მარტო იყო, მაგრამ კულა ჯიდარიმ გახსენების საღამო მაინც ჩაატარა
[სურათი 167 გვერდზე]
მაიკლ და ლინდა დიგრეგორიოები
[სურათი 172 გვერდზე]
ბრძანება №100, რომელიც იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას კანონიერად აღიარებდა
[სურათი 175 გვერდზე]
კრების შეხვედრა პირველ სამეფო დარბაზში (1992 წელი, ტირანა)
[სურათი 178 გვერდზე]
არეტი პინა ერთგულად ქადაგებდა მარტო
[სურათები 184 გვერდზე]
ყოფილი აგარაკი თანამედროვე ოფისად გადააკეთეს
[სურათი 186 გვერდზე]
„რომც დაგაპატიმრონ, ნუ დამწუხრდებით“ (ნაშო დორი)
[სურათები 194 გვერდზე]
დეივიდ სპლეინი აცხადებს ალბანურ ენაზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსიის გამოცემას
[სურათი 197 გვერდზე]
ალბანეთში მომსახურე მისიონერები
[სურათები 199 გვერდზე]
ალბანეთის ფილიალი
ფილიალის კომიტეტი: არტან დუკა, არდიან ტუტრა, მაიკლ დიგრეგორიო, დავიდე აპინიანეზი, სტეფანო ანატრელი