იეჰოვას სიტყვა სწრაფად ვრცელდება „არწივის ქვეყანაში“
„არწივის ქვეყანა“ — ასე უწოდებენ ალბანელები თავიანთ ქვეყანას მშობლიურ ენაზე. ალბანეთი მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, საბერძნეთსა და ყოფილ იუგოსლავიას შორის. თუმცა ალბანელების წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ისტორიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი წინაპრები ილირიელები იყვნენ; ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ თანახმად, მათი კულტურა ძვ. წ. 2000 წლიდან იღებს სათავეს.
ალბანეთის საუცხოო ბუნება, რომელიც ციცაბო მთებისგან შედგება, გადაშლილია შორეული ჩრდილოეთიდან ადრიატიკის ზღვის სამხრეთ ნაწილის გრძელ, თეთრქვიშიან ნაპირამდე; თუმცა უდიდესი სილამაზე მაინც თავად ხალხია. ისინი გულთბილები, სტუმართმოყვარენი, ენერგიულები და ემოციურები არიან, უყვართ სწავლა და თავიანთ შეხედულებებს ემოციურად, ხელების ქნევით გამოხატავენ.
ცნობილი მისიონერის სტუმრობა
თვალწარმტაცი პეიზაჟი და ხალხის მიმზიდველი თვისებები, უდავოა, მიიპყრობდა საუკუნეების წინათ ერთ-ერთი უჩვეულო მოგზაურის ყურადღებას. პავლე მოციქულმა, რომელიც ბევრს მოგზაურობდა, დაახლოებით ახ. წ. 56 წელს დაწერა: „ილირიკონამდე ყველგან გულდასმით ვიქადაგე სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ“ (რომაელები 15:19). ილირიის (ილირიკონი) სამხრეთი დღევანდელი ალბანეთის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილია. პავლე კორინთში (საბერძნეთი), ილირიიდან სამხრეთით იმყოფებოდა, როდესაც ამ წერილს წერდა. პავლეს სიტყვები, რომ მან გულდასმით იქადაგა „ილირიკონამდე“, იმაზე მიანიშნებს, რომ მან ილირიის საზღვრებიც გადალახა, ანუ ამ რეგიონშიც შევიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის დღევანდელი ალბანეთის სამხრეთ ნაწილში იქადაგებდა. ასე რომ, სამეფოს შესახებ ცნობილი უძველესი ქადაგება ალბანეთში პავლეს სახელთან არის დაკავშირებული.
მას შემდეგ საუკუნეები გავიდა. მრავალი იმპერია აღზევდა და დაეცა. სხვადასხვა უცხოელი დამპყრობელი მართავდა ევროპის ამ პატარა მხარეს 1912 წლამდე, ვიდრე ალბანეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდებოდა. 20-იანი წლების დასაწყისში ალბანეთში განახლდა ქადაგება იეჰოვას სამეფოს შესახებ.
საინტერესო დასაწყისი
ამერიკაში მცხოვრები ალბანელი იმიგრანტები, რომლებიც ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარები (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) იყვნენ, 20-იან წლებში ალბანეთში დაბრუნდნენ, რომ ნასწავლი სხვებისთვის გაეზიარებინათ. მათ შორის იყო ნაშო იდრიზი. ზოგიერთები სასიხარულო ცნობას დადებითად გამოეხმაურნენ. მოსახლეობის ინტერესი რომ გაეძლიერებინათ, 1924 წელს ალბანეთში სამქადაგებლო საქმეზე ზედამხედველობა რუმინეთის ოფისს დაევალა.
ეთენ დოულისი ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც ალბანეთში ამ წლებში გაიგო იეჰოვას შესახებ. ის იხსენებს: „1925 წელს სამი კრება იყო ალბანეთში. გარდა ამისა, იყვნენ ბიბლიის შემსწავლელები და დაინტერესებულები. ბიბლიის მკვლევარებს უყვართ ერთმანეთი . . . გარშემო მცხოვრები ხალხისგან განსხვავებით!“a
ცუდი გზების გამო ძალიან რთული იყო მგზავრობა. მიუხედავად ამისა, გულმოდგინე მაუწყებლებმა რთული დავალება მიიღეს. მაგალითად, 1928 წელს ქალაქ ვლორას სამხრეთ სანაპიროზე მოინათლა ერეტი პინა, როდესაც ის 18 წლის იყო. ის კლდოვან მთებზე ბიბლიით ქადაგებდა. ერეტი პინა 30-იანი წლების დასაწყისში ვლორას აქტიური კრების წევრი იყო.
ალბანეთის სამქადაგებლო საქმიანობისთვის ორგანიზების გაწევა 1930 წელს ათენის (საბერძნეთი) ფილიალს დაევალა. 1932 წელს საბერძნეთიდან მიმომსვლელი ზედამხედველი ესტუმრა ალბანეთს, რათა ძმები გაემხნევებინა. უმეტესობას, რომელიც იმ დროს ბიბლიურ ჭეშმარიტებას სწავლობდა, შემდგომ ზეცაში ცხოვრების იმედი გაუჩნდა. მათ კეთილსინდისიერი, მართალი ადამიანების რეპუტაცია ჰქონდათ და ყველგან დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ამ ერთგული ძმების მიერ გაწეულმა შრომამ უხვად გამოიღო ნაყოფი. 1935 და 1936 წლებში ალბანეთში ბიბლიური ლიტერატურის 6 500 ეგზემპლარი გაიგზავნა.
ერთ დღეს ვლორას ცენტრში ნაშო იდრიზი რუტერფორდის საჯარო მოხსენებას გრამოფონით ასმენინებდა ხალხს. ისინი კეტავდნენ სავაჭრო დაწესებულებებს და მიდიოდნენ, რომ მოესმინათ მოხსენება, რომელსაც ძმა იდრიზი თარგმნიდა ალბანურ ენაზე. პირველი მქადაგებლების გულმოდგინებამ და დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ალბანეთში 1940 წლისთვის 50 მოწმე იყო.
ათეისტური ქვეყანა
ალბანეთი 1939 წელს იტალიელმა ფაშისტებმა დაიპყრეს. იეჰოვას მოწმეების საქმიანობა — ქადაგება, რომელიც კანონით იყო ნებადართული, ოფიციალურად აიკრძალა. ცოტა ხნის შემდეგ გერმანელები შეიჭრნენ ალბანეთში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი ქვეყანას სათავეში ჩაუდგა გავლენიანი სარდალი ენვერ ჰოჯა. მისმა პარტიამ (კომუნისტური პარტია) 1946 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, რის შედეგადაც ენვერ ჰოჯა პრემიერ-მინისტრი გახდა. შემდგომი წლები ცნობილია როგორც ალბანეთის გათავისუფლების ხანა; თუმცა იეჰოვას მოწმეებისთვის ეს შევიწროების პერიოდი იყო.
მთავრობა უფრო და უფრო შეუწყნარებელი ხდებოდა რელიგიის მიმართ. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვის გამო, ალბანეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები უარს ამბობდნენ ჯარში წასვლაზე და პოლიტიკაში მონაწილეობაზე (ესაია 2:2—4; იოანე 15:17—19). ამის გამო ბევრი მათგანი ციხეში იჯდა, სადაც არაფერს აჭმევდნენ. ძირითადად, სულიერი დები, რომლებიც ციხის გარეთ იმყოფებოდნენ, ურეცხავდნენ ტანსაცმელს და უმზადებდნენ საჭმელს.
დევნის მიუხედავად შეუპოვრები
40-იანი წლების დასაწყისში ქალაქ პერმეტთან ახლომდებარე სოფელში მცხოვრებმა მოზარდმა გოგონამ ფროსინა ჯეკიმ მოისმინა, რასაც მისი უფროსი ძმები სწავლობდნენ იეჰოვას მოწმისგან, ნაშო დორისგანb; ის მეწაღე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მკაცრად ეპყრობოდა იეჰოვას მოწმეებს, ფროსინას უფრო და უფრო უძლიერდებოდა რწმენა, რაც მშობლებს არ სიამოვნებდათ. «თუ ქრისტიანულ შეხვედრებზე წავიდოდი, ისინი მცემდნენ და ფეხსაცმელებს მიმალავდნენ. ცდილობდნენ, ურწმუნოზე დავქორწინებულიყავი. როდესაც უარი ვთქვი, სახლიდან გამაგდეს. იმ დღეს თოვდა. ნაშო დორიმ ქალაქ გიროკასტრაში მცხოვრებ ძმას გოლი ფლოკოს სთხოვა, რომ დამხმარებოდა. მისმა ოჯახმა შემიფარა. ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ჩემი ძმები ორი წლის განმავლობაში ციხეში ისხდნენ. როდესაც ისინი გაათავისუფლეს, მათთან გადავედი საცხოვრებლად ვლორაში.
პოლიცია ცდილობდა, ვეიძულებინე, პოლიტიკაში მიმეღო მონაწილეობა, რაზეც უარი ვთქვი. დამაპატიმრეს, ოთახში შემიყვანეს და შუაში მომიქციეს. ერთი მათგანი დამემუქრა: „იცი, რა შეგვიძლია გაგიკეთოთ?“ მე ვუთხარი: „თქვენ მხოლოდ იმის გაკეთება შეგიძლიათ, რის ნებასაც იეჰოვა დაგრთავთ“. მან უხეშად მიპასუხა: „ასეთ რამეს მხოლოდ შეშლილი იტყვის! გაეთრიე აქედან!“»
ამ წლების განმავლობაში იეჰოვასადმი ერთგულებას მსგავსად ავლენდნენ ალბანელი ძმები. 1957 წლისთვის მაუწყებელთა რიცხვმა 75-ს მიაღწია. 60-იანი წლების დასაწყისში იეჰოვას მოწმეების მთავარმა სამმართველომ ამერიკაში მცხოვრებ ალბანელ იმიგრანტს ჯონ მარკსსc დაავალა, ტირანაში გაეწია ორგანიზება სამქადაგებლო საქმიანობისთვის. მალე, ლიუკე ჰეკა, მიჰელ სვესი, ლანითე პეპე და სხვა პასუხისმგებელი ძმები შრომა-გასწორების კოლონიაში გაგზავნეს.
იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა
ალბანეთში 1967 წლამდე არც ერთი რელიგიის მიმართ არ იყვნენ დადებითად განწყობილნი. მოგვიანებით კი უფრო შეუწყნარებლები გახდნენ. კათოლიკე, მართლმადიდებელი და მუსლიმანი სასულიერო პირები ვეღარ ასრულებდნენ რიტუალებს. ეკლესიები და მეჩეთები დაიკეტა ან სპორტდარბაზებად, მუზეუმებად და ბაზრებად გადაკეთდა. არავის ჰქონდა ბიბლიის ქონისა და რწმენის გამოხატვის უფლება.
ქადაგება და შეხვედრების ჩატარება ძალიან რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები ერთმანეთისგან მოშორებულები იყვნენ, თითოეული მათგანი ყველაფერს აკეთებდა, რომ იეჰოვასთვის ემსახურა. 60—80-იან წლებში მათი რიცხვი უმნიშვნელოდ შემცირდა. მოწმეები ჯერ კიდევ სულიერად მტკიცედ იდგნენ.
ალბანეთში 80-იანი წლების მიწურულს პოლიტიკაში ნელ-ნელა მიმდინარეობდა ცვლილებები. საკვებისა და ტანსაცმლის შოვნა რთული იყო. ხალხი უკმაყოფილო იყო. აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ცვლილებებმა 90-იანი წლების დასაწყისში ალბანეთშიც შეაღწია. ორმოცდახუთწლიანი ტოტალიტარული რეჟიმის შემდეგ ახალმა მთავრობამ რელიგიებს კვლავ თავისუფლება უბოძა.
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს მითითების თანახმად, ავსტრიისა და საბერძნეთის ფილიალები მალევე დაუკავშირდნენ ალბანელ ძმებს. ბერძენმა ძმებმა, რომლებმაც ალბანური იცოდნენ, ახალი ლიტერატურა მიიტანეს ტირანასა და ბერატში. ადგილობრივმა ძმებმა, რომლებიც დაფანტულები იყვნენ, უდიდესი სიხარული განიცადეს, როცა წლების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მოწმეებს შეხვდნენ.
გულმოდგინე უცხოელი პიონერები ხელს უწყობენ სამქადაგებლო საქმის წინ წაწევას
ხელმძღვანელმა საბჭომ 1992 წლის დასაწყისში მისიონერები მაიკლი და ლინდა დიგრეგერიუები, რომლებსაც ალბანური წარმოშობა ჰქონდათ, ალბანეთში გაგზავნა. ისინი დაეხმარნენ ხანდაზმულ ერთგულ ქრისტიანებს, რომ კვლავ საერთაშორისო სულიერი ოჯახის წევრებად ეგრძნოთ თავი. 16 გულმოდგინე იტალიელი სპეციალური პიონერი ანუ სრული დროით მქადაგებელი ნოემბერში ჩავიდა ალბანეთში ოთხ ბერძენ პიონერთან ერთად. პიონერებს რომ ალბანური ესწავლათ, ენის შემსწავლელი კურსები მოაწყვეს.
ყოველდღიური ყოფა ადვილი არ იყო უცხოეთიდან ჩამოსული პიონერებისთვის. ელექტროენერგია ყოველთვის არ ჰქონდათ. ზამთარი ცივი და ნესტიანი იყო. ხალხი რიგში საათობით იდგა, რომ საკვები და საარსებოდ აუცილებელი სხვა პროდუქტები მიეღო. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ძმებს ის ჰქონდათ, თუ როგორ ეშოვნათ დიდი შენობები, სადაც დაეტეოდა ჭეშმარიტებით დაინტერესებული მრავალი ადამიანი.
პიონერები, რომლებიც ძალ–ღონეს არ იშურებდნენ ალბანური ენის შესასწავლად, მიხვდნენ, რომ მხოლოდ ამგვარად შეძლებდნენ მიზნის მიღწევას. ერთმა გამოცდილმა ძმამ მათ უთხრა: „არ არის საჭირო ენის სრულყოფილად ფლობა იმისათვის, რომ ძმებს თბილად გავუღიმოთ ან გადავეხვიოთ. ალბანელებს გულითადი სიყვარული მიიზიდავს და არა გრამატიკის სრულყოფილად ცოდნა. არ იდარდოთ, ისინი გაგიგებენ“.
ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ, პიონერებმა დაიწყეს დავალებული საქმის შესრულება ბერატში, დურესში, გინოკასტერში, შკოდერში, ტირანასა და ვლორაში. მალე ამ ქალაქებში კრებები ჩამოყალიბდა. არეტი პინა, რომელიც ამჟამად 80 წელს არის გადაცილებული და ჯანმრთელობა შერყეული აქვს, ჯერ კიდევ ვლორაში იმყოფებოდა. იქ ორი სპეციალური პიონერი გაიგზავნა, რომ არეტთან ერთად ექადაგათ. მცხოვრებლები განცვიფრებულები იყვნენ, რომ უცხოელები ალბანურ ენაზე ლაპარაკობდნენ. მათ აღნიშნეს: „სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მისიონერები ინგლისურს ან იტალიურს გვასწავლიდნენ, თუ გვსურდა, რაღაც გაგვეგო. თქვენ კი ნამდვილად სიყვარულს ავლენთ ჩვენდამი და თქვენი ცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ალბანური ისწავლეთ!“ არეტმა მიწიერი ცხოვრება 1994 წლის იანვარში დაასრულა; ის სიკვდილამდე ერთგული იყო და სიცოცხლის უკანასკნელ თვეშიც კი აქტიურად ქადაგებდა. არეტისა და სხვა პიონერების მიერ გამოვლენილი გულმოდგინება დაჯილდოვდა. კრება ვლორაში 1995 წელს განახლდა. დღეს ამ საპორტო ქალაქში სამი კრება აქტიურად ქადაგებს.
მთელ ქვეყანაში ხალხს სულიერი მოთხოვნილება ჰქონდა და სხვა რელიგიის მიმართ შემწყნარებლები იყვნენ. ისინი იეჰოვას მოწმეებისგან სიხარულით იღებდნენ და კითხულობდნენ ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას. ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ისინი სულიერად სწრაფად გაიზარდნენ.
90-ზე მეტი კრება და ჯგუფი კვლავაც ‘მტკიცდება რწმენაში და დღითი დღე რიცხობრივად იზრდება’ მთელ ალბანეთში (საქმეები 16:5). 3 513 მოწმეს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. 2005 წლის მარტში ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს სიხარულით დაესწრო 10 144 ადამიანი. სტუმართმოყვარე ალბანელებთან ენთუზიაზმით აღსავსე საუბრების შედეგად 6 000-ზე მეტი შესწავლა იქნა დაწყებული. უდავოა, ათასობით ადამიანი მიიღებს სარგებლობას ახლახან ალბანურ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“. „არწივის ქვეყანაში“ მართლაც სწრაფად ვრცელდება იეჰოვას სიტყვა მის განსადიდებლად!
[სქოლიოები]
a იხილეთ ეთენ დოულისის ბიოგრაფია 1968 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.).
b იხილეთ ნაშო დორის ბიოგრაფია 1996 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.).
c იხილეთ ჯონ მარკსის მეუღლის ჰელენის ბიოგრაფია 2002 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“.
[ჩარჩო 20 გვერდზე]
ეთნიკური კონფლიქტი დასრულდა კოსოვოში!
კოსოვო ხშირი საუბრის საგანი გახდა 90-იანი წლების მიწურულს, როდესაც ტერიტორიასთან დაკავშირებულმა დავამ და ფესვგადგმულმა ეთნიკურმა სიძულვილმა ომი და ინტერვენცია გამოიწვია.
როდესაც ბალკანეთში ომი მიმდინარეობდა, ბევრი მოწმე იძულებული იყო, ახლომდებარე ქვეყნებისთვის შეეფარებინა თავი. მას შემდეგ, რაც ომი ჩაცხრა, მოწმეების პატარა ჯგუფი კოსოვოში დაბრუნდა საქადაგებლად. ალბანელ და იტალიელ სპეციალურ პიონერებს შესთავაზეს, რომ კოსოვოში 2 350 000 მცხოვრების დასახმარებლად გადასულიყვნენ. ოთხი კრება და ექვსი აქტიური ჯგუფი დაახლოებით 130 მაუწყებლისგან შედგება, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ემსახურებიან იეჰოვას.
2003 წლის გაზაფხულზე პრიშტინაში სპეციალურ ერთდღიან კონგრესს 252 კაცი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ალბანელები, ბოშები, გერმანელები, იტალიელები და სერბები. ნათლობის წინ წარმოთქმული მოხსენების ბოლოს, მომხსენებელმა ორი შეკითხვა დასვა. ფეხზე მდგომმა სამმა მოსანათლმა, კერძოდ ალბანელმა, ბოშამ და სერბმა, დადებითი პასუხი გასცა.
მქუხარე ტაში გაისმა მას შემდეგ, რაც აუდიტორიამ მოსანათლავებისგან მოისმინა ერთდროულად ნათქვამი „დიახ“ — „ვა“ (ბოშების ენაზე); „და“ (სერბიულ ენაზე) და „ფა“ (ალბანურ ენაზე). ნათლობის მსურველები გადაეხვივნენ ერთმანეთს. მათ იპოვეს პასუხი თავიანთ ქვეყნებში ღრმად ფესვგადგმული ეთნიკური პრობლემის შესახებ.
[რუკა 17 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ხმელთაშუა ზღვა
იტალია
ალბანეთი
საბერძნეთი
[სურათი 18 გვერდზე]
ახალგაზრდა მოწმეები ბაძავენ გულითად ხანდაზმულ თანაქრისტიანებს.
[სურათი 18 გვერდზე]
არეტ პინა ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1994 წლამდე.
[სურათი 19 გვერდზე]
სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პიონერებისგან შემდგარი პირველი ჯგუფი ენის შემსწავლელ კურსზე.
[საავტორო უფლებები დაცულია 16 გვერდზე]
Eagle: © Brian K. Wheeler/VIREO