ვალი, მოვალე
სესხად აღებული ფული, რაც უნდა იქნეს გადახდილი, ან რაიმეს შესრულების ვალდებულება. ძველ ისრაელში ვალს, ჩვეულებრივ, ფინანსური გაჭირვების გამო იღებდნენ. ვალი მოვალეს ბევრ საზრუნავს უჩენდა, რადგან ის, ფაქტობრივად, მევალის მსახური ხდებოდა (იგ. 22:7). აქედან გამომდინარე, ღვთის ხალხს მოეთხოვებოდა გულუხვობა და გაჭირვებული თანამოძმისთვის ხელის უანგაროდ გამართვა. მათ ხელი არ უნდა მოეთბოთ სხვის გაჭირვებაზე, ანუ სარგებლით არ უნდა გაეცათ სესხი (იგ. 22:7; გმ. 22:25; კნ. 15:7, 8; ფს. 37:26; 112:5). თუმცა სესხის სარგებლით მიცემა უცხოელისთვის შეიძლებოდა (კნ. 23:20). ჰებრაისტების აზრით ეს მითითება ეხებოდა საქმიან სესხს და არა გაჭირვებულისთვის მიცემულ სესხს. ბევრი უცხოელი ისრაელში სავაჭროდ ჩადიოდა, ამიტომ მათ სარგებელს ახდევინებდნენ. ეს სამართლიანი მოთხოვნა იყო, რადგან თავად უცხოელებიც სარგებლით გასცემდნენ თანხას.
ზოგჯერ გარიგებაში მესამე პირი, თავდები, ერთვებოდა. იგავების წიგნი არაერთ გაფრთხილებას იძლევა თავდებობის შესახებ (იგ. 6:1—3; 11:15; 17:18; 22:26), ვინაიდან მოვალის მიერ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში თავდებს მოუწევდა ვალის გადახდა.
პირველ ქრისტიანთა შეხედულება ვალთან დაკავშირებით კარგად არის გადმოცემული რომაელების 13:8-ში: „არავისი არაფერი გემართოთ გარდა ერთმანეთის სიყვარულისა“.
მევალისა და მოვალის უფლებები. მოსეს კანონით ქურდს ვალად ედებოდა ზარალის ანაზღაურება, რადგან თუ მოპარულის საფასურს არ გადაიხდიდა, მონად გაყიდდნენ (გმ. 22:1, 3). ამგვარად, დაზარალებულს ზარალი ყოველთვის უნაზღაურდებოდა.
ღვთისმოსავ ებრაელებს კარგად ესმოდათ, რომ ვალის გადახდას მათ ღვთის კანონი ავალდებულებდა (ფს. 37:21). ამიტომ მევალეს იმის იმედი ჰქონდა, რომ ვალს დაიბრუნებდა. თუ ებრაელს ვალის გასტუმრების საშუალება არ ჰქონდა, ვალის დასაფარავად შეეძლო საკუთარი თავი ან თავისი შვილები მონად გაეყიდა (გმ. 21:7; ლვ. 25:39; 2მფ. 4:1—7).
კანონი მოვალის უფლებებსაც იცავდა. მევალეს უფლება არ ჰქონდა მოვალის სახლში შესულიყო გირაოს წამოსაღებად. ის გარეთ უნდა დალოდებოდა მევალეს, ვიდრე გირაოს გამოუტანდა (კნ. 24:10, 11). გირაოდ არ შეიძლებოდა ქვრივის ტანსაცმლის ან ისეთი აუცილებელი ნივთების წაღება, როგორებიცაა, ხელსაფქვავი და ზედა დოლაბი (კნ. 24:6, 17). ხშირ შემთხვევაში ღარიბს მხოლოდ ერთი ხელი სამოსი ჰქონდა, რომლითაც იძინებდა კიდეც, ამიტომ გირაოდ გამორთმეული ტანსაცმელი მევალეს მზის ჩასვლამდე უნდა დაებრუნებინა (გმ. 22:26, 27; კნ. 24:12, 13).
მეორე კანონის 15:1—3-ის თანახმად, მევალეს ვალის გადახდა მოძმისთვის შაბათის წელს (ყოველ მეშვიდე წელს) არ უნდა დაეძალებინა. შაბათის წლებში ისრაელებს, ფაქტობრივად, მიწათმოქმედებიდან არანაირი შემოსავალი არ ჰქონდათ, უცხოელი კი იმ წლებში თავისი საქმიანობით მაინც ხეირობდა, ამიტომ შაბათის წელს უცხოელს ვალის გადახდას აიძულებდნენ. შაბათის წლის მოახლოებისას ზოგიერთი ებრაელი გაჭირვებული მოძმისთვის ვალის მიცემისგან თავს იკავებდა, რადგან იცოდა, რომ ამ წელს ვალის გადახდას ვერ დააძალებდა. ასეთ საქციელს ღვთის კანონი გმობდა (კნ. 15:9).
საიუბილეო წელს (ყოველი 50-ე წელი) ებრაელ მონებს ათავისუფლებდნენ. ყველას უბრუნდებოდა თავ-თავისი სამკვიდრო, თუ არ ჩავთვლით გალავნიან ქალაქში მდგარ სახლებს, რომლებიც ლევიანებს არ ეკუთვნოდათ. ეს ოჯახებს ვალებში ჩავარდნისა და სიღარიბისგან იცავდა. ისიც კი, ვისაც თავისი უხეირობით ხელიდან გამოეცლებოდა ქონება, სამუდამოდ არ კარგავდა თავის მემკვიდრეობას (ლვ. 25:10—41).
როცა ისრაელები ერთგულად იცავდნენ ღვთის კანონს, სამეფოს ეკონომიკა სტაბილური იყო და ერს მძიმე ვალი არ ედებოდა. ისრაელს ასეთი დაპირება მიეცა: „გაკურთხებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, როგორც დაგპირდათ კიდეც. თქვენ გირაოთი ასესხებთ, თვითონ კი არ ისესხებთ“ (კნ. 15:6).
დარღვევები. როცა ისრაელი ღმერთს ორგულობდა, გაჭირვებული მოვალეები დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ. საულის მიერ დევნილ დავითს მრავალი მოვალე, ალბათ, ამიტომ შეუერთდა (1სმ. 22:2). როგორც ჩანს, ისრაელები სესხს სარგებლით თანამემამულეებსაც აძლევდნენ (ეს. 24:2). წინასწარმეტყველ ამოსის პირით იეჰოვამ დაგმო ერი, რადგან „წყვილი სანდლის ფასად“ ყიდდნენ ღარიბს (ამ. 2:6). ღმერთმა ისინი ეზეკიელის მეშვეობითაც გაკიცხა მოძმისგან სარგებლის აღებისა და გამომძალველობისთვის (ეზკ. 22:12).
ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, იმის გამო, რომ იუდეველები თანამოძმეებს სესხს სარგებლით აძლევდნენ, იუდას სამეფო სავალალო მდგომარეობა აღმოჩნდა. ნეემიას დროს მრავალი ებრაელი იძულებული იყო გირაოდ გაეცა არა მარტო თავისი სახლ-კარი თუ ყანები, არამედ ვაჟები და ასულები. როცა ნეემიამ ხალხს სიტუაციის გამოსწორებისკენ მოუწოდა, მევალეებმა თანხმობა განაცხადეს მოვალეებისთვის ქონების დაბრუნებასა და ვალის სარგებლის გარეშე გაცემაზე (ნემ. 5:1—13).
იესოს მაგალითები. ახ. წ. პირველ საუკუნეში ებრაელებისთვის ნაცნობი იყო მევალე-მოვალის ურთიერთობის საკითხი, რასაც იესოც იყენებდა თავის მაგალითებში. მიმტევებლობის აუცილებლობის საჩვენებლად იესომ მოიყვანა მაგალითი ბოროტ მონაზე. მან სხვა მონა, რომელსაც მისი 100 დინარი (დაახლ. $70) ემართა, საპყრობილეში ჩააგდო, როცა თავად მას 60 000 000 დინარი (დაახლ. $40 000 000) აპატიეს (მთ. 18:23—33). მაგალითით ორ მოვალეზე, რომელთაგან ერთს 500 დინარი (დაახლ. $350) აპატიეს, ხოლო მეორეს — 50 დინარი (დაახლ. $35), იესომ შემდეგ პრინციპს გაუსვა ხაზი: „ვისაც ცოტა ეპატიება, ცოტათი უყვარს“ (ლკ. 7:41—47). „უმართლო სიმდიდრის“ გონივრული გამოყენებით შეიძლება ღმერთთან დამეგობრება, რაზეც იესომ ყურადღება გაამახვილა მაგალითში უპატიოსნო სახლის მმართველზე, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე თავისი ბატონის მოვალეებს შეუმცირა ვალების რაოდენობა და ასე დაიმეგობრა ისინი (ლკ. 16:1—9).
სხვა სახის ვალები. ბიბლიაში „ვალი“ და „მოვალე“ ვალდებულების მნიშვნელობითაც გამოიყენება. მშრომელისთვის გასამრჯელოდ გასაცემი თანხა „ვალია“ (რმ. 4:4, სსგ). შემცოდველი იმის მოვალეა, ვის წინაშეც შესცოდა, ამიტომ პატიება უნდა ითხოვოს მისგან. აპატიებს თუ არა ღმერთი ვინმეს „ვალს“ იმაზეა დამოკიდებული, თავად ეს ადამიანი აპატიებს თუ არა თავის „მოვალეებს“ (მთ. 6:12, 14, 15; ლკ. 13:4). როგორც სასიხარულო ცნობის მქადაგებელი, მოციქული პავლე ყველას „მოვალედ“ თვლიდა თავს (რმ. 1:14, 15). უცხოტომელი ქრისტიანები, ფაქტობრივად, იერუსალიმში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანების „მოვალენი“ იყვნენ, რადგან მათი მეშვეობით ეზიარნენ სულიერს, ამიტომ ისინი ვალდებულნი იყვნენ, ხელი გაემართათ ღარიბი ებრაელი ძმებისთვის (რმ. 15:26, 27).