გახსოვს თუ არა?
მოგეწონა „საგუშაგო კოშკის“ წინა ნომრები? თუ დიახ, შენთვის საინტერესო იქნება გაიხსენო შემდეგი:
◻ რატომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას მიერ არჩეულ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ მის ხალხს?
იეჰოვა ირჩევს განსაზღვრული პასუხისმგებლობებისთვის პიროვნებებს, რომლებსაც გარკვეული თვისებები აქვთ, რომ უხელმძღვანელონ მის ხალხს ისე, როგორც მას სურს რომელიმე განსაკუთრებულ დროს (15.08, გვერდი 14).
◻ რას ვსწავლობთ იონას მაგალითიდან?
მას საკუთარი თავი უფრო ადარდებდა, ვიდრე სხვები. იონას შემთხვევიდან უნდა ვისწავლოთ ჩვენი თავის და გრძნობების მეორე ადგილზე დაყენება (15.08, გვერდი 19).
◻ რატომ შეიძლება ითქვას, რომ „უფლის სახელი მტკიცე გოდოლია“? (იგავნი 18:10).
ღვთის სახელს შევაფაროთ თავი ნიშნავს, თავად იეჰოვას მივენდოთ (ფსალმუნი 19:2; 121:4). ამაში შედის: მისი უზენაესი ხელისუფლების მხარდაჭერა, მისი კანონებისა და პრინციპების შესრულება, მისი აღთქმებისადმი რწმენა და მისადმი განსაკუთრებული ერთგულება (ესაია 50:10; ებრაელთა 11:6) (01.09, გვერდი 10).
◻ რა მაგალითი მოგვცა პავლემ სახელმწიფო მოხელეების წინაშე ქადაგებით?
მეფე აგრიპასთან საუბარში პავლემ გამჭრიახობა გამოიჩინა, რადგან ხაზი გაუსვა საკითხებს, რომლებზეც მას და აგრიპას საერთო აზრი ჰქონდათ. მსგავსად ამისა, ჩვენც უნდა გავამახვილოთ სხვების ყურადღება კეთილ ცნობაზე და ხაზი გავუსვათ ჩვენს საერთო იმედს (1 კორინთელთა 9:22) (01.09, გვერდი 31).
◻ ვისთვის მოაქვს სარგებლობა იეჰოვას სულგრძელობას?
იეჰოვას სულგრძელობა შესაძლებლობას აძლევს მილიონებს, რომ გადარჩნენ ‘უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღეს’ (2 პეტრე 3:9–15). მისი სულგრძელობა თითოეულს შესაძლებლობას გვაძლევს, ‘შიშითა და ძრწოლით ვიღვაწოთ საკუთარი თავის სახსნელად’ (ფილიპელთა 2:12) (15.09, გვერდი 20).
◻ რა სარგებლობა მოიტანა ბიბლიის თარგმანმა „სეპტუაგინტამ“?
„სეპტუაგინტამ“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცოდნის გავრცელებაში, რომელიც ეხება იეჰოვასა და მის სამეფოს, რომლის მეფე იესო ქრისტეა. „სეპტუაგინტის“ საშუალებით მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაეყარა იმას, რომ პირველ საუკუნეში ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე იუდეველებსა და არაიუდეველებს სამეფოს შესახებ ცნობა მიეღოთ (15.09, გვერდი 30).
◻ რას გვასწავლის იგავი უძღებ შვილზე ღვთის შესახებ?
პირველი, რომ იეჰოვა არის ‘მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი’ (გამოსვლა 34:6). მეორე, რომ ის ‘მზად არის პატიებისთვის’, როცა ცოდვილის გულში მიმდინარე ცვლილება გულმოწყალების გამოვლენისთვის რაიმე საფუძველს იძლევა (ფსალმუნი 86:5, აქ [85:5]) (01.10, გვერდები 12, 13).
◻ როდის დამყარდება მშვიდობიანი პირობები, რომლებიც დაპირებულია ესაიას 65:21–25-ში? დღეს სულიერ სამოთხეში იეჰოვას გაერთიანებულ თაყვანისმცემლებს — ცხებულებსა და ‘სხვა ცხვრებს’ — ღვთისგან ბოძებული სიმშვიდე აქვთ (იოანე 10:16). და ეს სიმშვიდე დედამიწაზე სამოთხეშიც დამკვიდრდება, როდესაც ‘ღვთის ნება შესრულდება როგორც ცაში, ისე ქვეყანაზეც’. იმ დროს წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები მთლიანად შესრულდება (მათე 6:10, სსგ) (15.10, გვერდი 24).
◻ რატომ ზეიმობენ ქრისტიანები ქორწინების წლისთავს, მაგრამ არ ზეიმობენ დაბადების დღეს?
ბიბლია ცუდად არ მოიხსენიებს ქორწილს. ეს მხოლოდ ქრისტიანების პირადი საქმეა, იზეიმონ თუ არა ქორწინების წლისთავი, რათა გაიხსენონ ის სასიხარულო მოვლენა და თავიანთი გადაწყვეტილება — ყოველთვის განაგრძონ ოჯახურ ცხოვრებაში წარმატებებისკენ სწრაფვა. მაგრამ დაბადების დღეების შემთხვევები, რომლებიც ჩაწერილია ბიბლიაში, დაკავშირებულია წარმართულ ტრადიციებსა და სისასტიკესთან (15.10, გვერდები 30, 31).
◻ რას წარმოადგენს პავლეს თვალსაჩინო მაგალითში 1 კორინთელთა 3:12, 13-დან „ცეცხლი“ და რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა?
ეს ცეცხლი ჩვენი რწმენის გამოცდაა, რასაც ყველა ვხვდებით ცხოვრებაში (იოანე 15:20; იაკობი 1:2, 3). ყველა გამოიცდება, ვისაც ჭეშმარიტებას ვასწავლით. თუ უხარისხოდ ვასწავლით, შედეგები შეიძლება სამწუხარო აღმოჩნდეს (1 კორინთელთა 3:15) (01.11, გვერდი 11).
◻ როგორ ‘დადიოდა ნოე ღმერთთან [ერთად]’? (დაბადება 6:9).
ნოე ღმერთთან ერთად იმ გაგებით დადიოდა, რომ, რასაც ღმერთი ეუბნებოდა, იმას აკეთებდა. იმის გამო, რომ სიცოცხლე ღვთის ნების შესრულებას მიუძღვნა, ნოეს თბილი, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან (15.11, გვერდი 10).
◻ რის შესაძლებლობას გვაძლევს ზუსტი დროის არცოდნა, თუ როდის იძიებს ღმერთი შურს ამ სისტემაზე?
ეს გვაძლევს შესაძლებლობას დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად გვიყვარს იეჰოვა და გვსურს, მარადიულად ვიაროთ მასთან ერთად. ამით იმასაც ვაჩვენებთ, რომ ღვთის ერთგულები ვართ და ვენდობით მას საკითხების მოგვარებაში. ამასთანავე, ეს გვეხმარება სიფხიზლისა და სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში (მათე 24:42–44) (15.11, გვერდი 18).
◻ რას ნიშნავს გვწამდეს ‘ღვთის ძის სახელი’? (1 იოანე 5:13).
ეს ნიშნავს დავემორჩილოთ ქრისტეს ყველა მცნებას, მათ შორის მცნებას — „გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 15:14, 17). სიყვარული ერთმანეთისთვის სიკეთის კეთებას ცდილობს. ის გამორიცხავს ყოველგვარ რასობრივ, რელიგიურ და სოციალურ სიძულვილს (01.12, გვერდი 6).
◻ რატომ არიან „მოძულებულნი“ იეჰოვას მოწმეები? (მათე 10:22).
იეჰოვას მოწმეები ძირითადად იმავე მიზეზების გამო არიან უსამართლოდ მოძულებულნი, რომელთა გამოც პირველი ქრისტიანები იყვნენ. პირველი, იეჰოვას მოწმეები თავიანთი რწმენის თანახმად ცხოვრობენ, რაც ყველას არ მოსწონს. მეორე, ისინი ცილისწამების სამიზნეები არიან. მათ შესახებ აშკარა ტყუილებს ავრცელებენ და მათს რწმენას დამახინჯებულად წარადგენენ (01.12, გვერდი 14).