განსაწმენდელი (სალხინებელი)
განმარტება: „[რომაულ-კათოლიკური] ეკლესიის სწავლებით, მდგომარეობა ან ადგილი საიქიოში . . . სადაც მიცვალებულთა სულები — რომლებიც ღვთის წყალობით სარგებლობენ, მაგრამ არ არიან თავისუფალი ყველა ცოდვისგან — საზღაურს იღებენ ხორცში ჩადენილი მოუნანიებელი, არამომაკვდინებელი ცოდვებისთვის ან დროებითი სასჯელის გამო, რომელიც უწესდებათ უკვე შენდობილი მისატევებელი თუ მომაკვდინებელი ცოდვებისთვის. ამგვარად, ისინი განიწმინდებიან ციურ სასუფეველში ამაღლებამდე“ („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. XI, გვ. 1034). „მართლმადიდებლურ საეკლესიო სწავლებაში განსაწმენდელის ცნება არ არსებობს, იგი მხოლოდ სამოთხესა და ჯოჯოხეთს აღიარებს . . . მაგრამ არსებობს გაგება საზვერეების შესახებაც . . . სწავლებას საზვერეებზე, მისი საყოველთაო გავრცელების მიუხედავად, დოგმატური მნიშვნელობა არა აქვს . . . ამ სახეების [საზვერეების შესახებ] გააზრება და განმარტება სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვაგვარად შეიძლება მოხდეს. საზვერეების გავლისას ქრისტიანის სული ღმერთს რაიმე საზღაურს კი არ მიაგებს, არამედ თავისი შინაგანი თვითგამორკვევისა და მიწიერი ცხოვრების შედეგს იმკის“ („რომაული კათოლიციზმი“, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, გრ. რუხაძე, გვ. კოპლატაძე, თბილისი, 2000, გვ. 91, 92). ეს არ არის ბიბლიური სწავლება.
რას ეფუძნება სწავლება განსაწმენდელის შესახებ?
ერთ ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ კათოლიკე ღვთისმეტყველები ამ სწავლების მხარდასაჭერად იყენებენ ისეთ მუხლებს, როგორიცაა 2 მაკაბელთა 12:39—45, მათეს 12:32 და 1 კორინთელების 3:10—15. ენციკლოპედიაში შემდეგ ნათქვამია: „დასკვნისას უნდა აღინიშნოს, რომ კათოლიკური დოგმატი განსაწმენდელის შესახებ ტრადიციას ეფუძნება და არა წმინდა წერილს“ („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. XI, გვ. 1034).
„ეკლესია გადმოცემების საფუძველზე ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ზეცასა და ჯოჯოხეთს შორის არსებობს შუალედური ადგილი“ („U.S. Catholic“, მარტი, 1981, გვ. 7).
რას ამბობენ კათოლიკეები განსაწმენდელის შესახებ?
„ბევრი ფიქრობს, რომ განსაწმენდელში ტანჯვა სხვა არაფერია, თუ არა ზეციერი ნეტარების მოლოდინი. თუმცა უფრო ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ამასთან ერთად დაწესებულია გარკვეული სასჯელიც . . . რომაულ-კათოლიკური ეკლესია, ძირითადად, იზიარებს იმ აზრს, რომ ეს ტანჯვა პირდაპირი გაგებით ხდება ცეცხლში. მაგრამ განსაწმენდელის დოგმატისთვის ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს საკითხი ბოლომდე არც არის ნათელი . . . იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი იზიარებს აღმოსავლეთის ეკლესიის თეოლოგთა აზრს და უარყოფს ცეცხლით ტანჯვით იდეას, მან არ უნდა გამორიცხოს განსაწმენდელში გარკვეული ტანჯვის არსებობა. განსაწმენდელში უეჭველად არსებობს მწუხარება, ვარამი, ურვა, სინდისის ქენჯნა და სხვა სახის სულიერი ტანჯვა, რაც ტკივილს აყენებს სულს . . . ამავდროულად, ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ასეთი ტანჯვის დროს სულები უდიდეს სიხარულს განიცდიან გარდაუვალი ხსნის მოლოდინში“ („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. XI, გვ. 1036, 1037).
„სინამდვილეში, ზუსტად არავინ იცის, თუ რა ხდება განსაწმენდელში“ („U.S. Catholic“, მარტი, 1981, გვ. 9).
განაგრძობს სული არსებობას სიკვდილის შემდეგ?
ეზეკ. 18:4, სსგ: «ცოდვილი სული [ებრაულად „ნეფეშ“] უნდა მოკვდეს».
იაკ. 5:20, სსგ: „იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს, და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას“ (კურსივი ჩვენია) (ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ საუბარია სულის სიკვდილზე).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „სიკვდილი“ და „სული“.
ისჯება ადამიანი ცოდვებისთვის სიკვდილის შემდეგ?
რომ. 6:7, სსგ: „მკვდარი ცოდვისაგან თავდახსნილია“.
განიცდიან მიცვალებულები სიხარულს ხსნის მოლოდინში?
ეკლ. 9:5, სსგ: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“.
ეს. 38:18, სსგ: „შავეთი არ გმადლობს შენ [უფალო], სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი“ (თუ ასეა, როგორღა უნდა განიცადონ მათ „უდიდესი სიხარული გარდაუვალი ხსნის მოლოდინში“?).
ბიბლიის თანახმად, როგორ ხდება ცოდვებისგან განწმენდა?
1 იოან. 1:7, 9, სსგ: „თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონ [ღმერთი] არის ნათელში, მაშასადამე, ვეზიარებით ერთმანეთს, და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი ყოველი ცოდვისაგან განგვწმენდს ჩვენ. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნოა და მართალი, რათა მოგვიტევოს ცოდვები და ყოველგვარი უსამართლობისაგან განგვწმინდოს ჩვენ“.
გამოცხ. 1:5, სსგ: „[იესო ქრისტემ] შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან განგვბანა თავისი სისხლით“.