-
იესო ქრისტეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სიბრძნე ყოველთვის რაღაცაში ვლინდება. ღვთის სიბრძნე მის ქმნილებებში გამოვლინდა (იგ. 3:19, 20) მისი ძის მეშვეობით (შდრ. 1კრ. 8:6). კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის ბრძნული განზრახვაც ცხადი გახდა მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით. მასშია თავმოყრილი ღვთის სიბრძნე. ამიტომაც ამბობდა მოციქული პავლე, რომ „ქრისტე ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნეა“ და რომ ის „გახდა სიბრძნე ღვთისგან, სიმართლე, სიწმინდე და გამოსასყიდით გამათავისუფლებელი“ (1კრ. 1:24, 30; შდრ. 1კრ. 2:7, 8; იგ. 8:1, 10, 18—21).
-
-
ძალა, სასწაულებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ქრისტე — ღვთის ძალა. იესოს სასწაულებრივი დაბადებიდან მოყოლებული ღვთის ძალა ვლინდებოდა მის მიმართ და მისი მეშვეობით ისე, როგორც არასდროს. ფსალმუნმომღერალივით ის „ბევრისთვის სასწაულად“ იქცა (ფს. 71:7). ესაიასა და მისი შვილების მსგავსად, იესო და მისი მოწაფეები „ნიშნები და სასწაულები“ იყვნენ „ისრაელში ლაშქართა ღვთისგან“, რადგან მომავალსა და ღვთის განზრახვას ამჟღავნებდნენ (ეს. 8:18; ებ. 2:13; შდრ. ლკ. 2:10—14). ღვთის მიერ ათასობით წლის მანძილზე გაკეთებულმა ძლევამოსილმა საქმეებმა იესოში გამოიღო ნაყოფი. მოციქულმა სწორად აღნიშნა, რომ იესო იყო „ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე“ (1კრ. 1:24).
იესო იყო დიდი ხნის ნანატრი მესია, იეჰოვას ცხებული, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად, „ძლევამოსილების სულს“ გამოავლენდა (ეს. 11:1—5). მას სიტყვითა თუ საქმით უნდა დაემტკიცებინა, რომ მესია იყო (მქ. 5:2—5; შდრ. ინ. 7:31). ღმერთმა თავის ძეზე დამოწმება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ის ქალწულმა მარიამმა გააჩინა (ლკ. 1:35—37). იესოს დაბადება უბრალოდ ღვთის ძალის შთამბეჭდავი გამოვლინება არ ყოფილა; ის კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა. იესო, სრულყოფილი ადამიანი, მეორე ადამი გახდა, რომელიც განწმენდდა თავისი მამის სახელს ღვთის პირველი მიწიერი ძის მიყენებული შეურაცხყოფისგან და დაამტკიცებდა, რომ სატანა ცრუობდა. გარდა ამისა, ის ცოდვისა და სიკვდილისგან მორჩილი ადამიანების გამოსყიდვის კანონიერ საფუძველს შექმნიდა (1კრ. 15:45—47; ებ. 2:14, 15; რმ. 5:18—21; იხ. გამოსასყიდი). დავითის ეს სრულყოფილი შთამომავალი მარადიული სამეფოს მემკვიდრე გახდებოდა (ლკ. 1:31—33).
ღმერთმა იესო თავისი სულით სცხო და ძალა მისცა (სქ. 10:38). მოსე „ძლიერი იყო სიტყვასა და საქმეში“. ვინაიდან იესო მოსეზე დიდი წინასწარმეტყველი იყო, ღვთისგან მხარდამჭერი მტკიცებებიც მეტი ჰქონდა (კნ. 34:10—12; სქ. 7:22; ლკ. 24:19; ინ. 6:14). შესაბამისად, ის ასწავლიდა „როგორც ძალაუფლების მქონე“ (მთ. 7:28, 29). როგორც მოსეს, იესო ნავეს ძისა თუ სხვების შემთხვევაში, ღმერთმა თავისი ძის შემთხვევაშიც შეუქმნა ხალხს მისადმი რწმენის საფუძველი (მთ. 11:2—6; ინ. 6:29). იესო არასდროს განადიდებდა საკუთარ თავს და ყოველთვის აცხადებდა, რომ სასწაულებს ის ღვთის ძალით ახდენდა (ინ. 5:19, 26; 7:28, 29; 9:3, 4; 14:10). გულმართალი ადამიანები აღიარებდნენ, რომ „ღვთის დიადი ძალა“ იესოს მეშვეობით ვლინდებოდა (ლკ. 9:43; 19:37; ინ. 3:2; 9:28—33; შდრ. ლკ. 1:68; 7:16).
რას მოასწავებდა იესოს სასწაულები?
იესოს სასწაულებმა დაადასტურა, რომ ღმერთი ზრუნავს ადამიანებზე და ცხადყო, რას გააკეთებდა ის, საბოლოო ჯამში, სიმართლის მოყვარულთათვის. იესოს სასწაულები, უმთავრესად, კაცობრიობის პრობლემებს უკავშირდებოდა. უპირველესი და უმთავრესი პრობლება ცოდვა და მისი სავალალო შედეგებია (მაგ., ავადმყოფობა და სიკვდილი). იესოს მიერ ადამიანების ნებისმიერი ავადმყოფობისგან განკურნებისა (მთ. 8:14, 15; ლკ. 6:19; 17:11—14; 8:43—48) და მიცვალებულთა აღდგენის უნარი (მთ. 9:23—25; ლკ. 7:14, 15; ინ. 11:39—44) ადასტურებდა, რომ ის ღმერთმა დანიშნა ცოდვისა და მისი შედეგებისგან კაცობრიობის გასათავისუფლებლად (შდრ. მრ. 2:5—12). იესო ქრისტე, „ჭეშმარიტი პური ზეციდან“, „სიცოცხლის პური“, ისრაელებისთვის უდაბნოში მიცემულ მანანაზე აღმატებული იყო (ინ. 6:31—35, 48—51). მან მოგვცა არა კლდიდან გადმოდენილი ჩვეულებრივი წყალი, არამედ „სიცოცხლის წყალი“ (ინ. 7:37, 38; გმც. 22:17; შდრ. ინ. 4:13, 14).
ქრისტეს სასწაულები მოასწავებდა სხვა კურთხევებსაც, რომლებსაც კაცობრიობა მისი მმართველობის დროს მიიღებდა. მაშინ როცა ელისემ ასი კაცი მხოლოდ 20 პურითა და მცირეოდენი მარცვლეულით დააპურა, იესო ქრისტემ ათასობით ადამიანი დააპურა გაცილებით ნაკლები საკვებით (2მფ. 4:42—44; მთ. 14:19—21; 15:32—38). მოსემ და ელისემ სასმელად უვარგისი წყალი გაამტკნარეს, იესომ კი წყალი საუკეთესო ღვინოდ აქცია და ხალისი შემატა მექორწილეებს (გმ. 15:22—25; 2მფ. 2:21, 22; ინ. 2:1—11). მისი მეფობის დროს არავინ იშიმშილებს, რადგან ის „ნადიმს გაუმართავს ყველა ხალხს“ (ეს. 25:6). იესოს შეუძლია აკურთხოს ადამიანის შრომა. მაგალითად, მოწაფეებმა მისი კურთხევით უამრავი თევზი დაიჭირეს. ეს გვარწმუნებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში არავის მოუწევს საარსებო მინიმუმით დაკმაყოფილება (ლკ. 5:4—9; შდრ. ინ. 21:3—7).
რაც უფრო მნიშვნელოვანია, იესოს ეს საქმეები ადამიანების სულიერ კეთილდღეობას ემსახურებოდა. მან სულიერად ბრმა, მუნჯი და სუსტი ადამიანები გააჯანსაღა. მან აგრეთვე უხვად მისცა თავის მოწაფეებს სულიერი საზრდო, დაარწმუნა, რომ არასდროს მოაკლდებოდათ ის და მათი მსახურება ნაყოფიერი იქნებოდა (შდრ. ლკ. 5:10, 11; ინ. 6:35, 36). ხალხის სასწაულებრივად დაპურების უმთავრესი მიზანი მათი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კი არა, რწმენის განმტკიცება იყო (შდრ. ინ. 6:25—27). უპირველესად, მათ ღვთის სამეფო და მისი სიმართლე უნდა ეძებნათ და არა საჭმელ-სასმელი (მთ. 6:31—33). ამის მაგალითი თავად იესომ მისცა მათ, როცა თავისი ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უარი თქვა, ქვები პურებად ექცია (მთ. 4:1—3).
სულიერი თავისუფლება. ისრაელ ერს არაერთი ძლიერი მეომარი ჰყავდა, მაგრამ ღვთის ძალით იესო ადამიან მებრძოლებზე ძლიერ მტრებს უნდა შებრძოლებოდა. იესო იყო მხსნელი (ლკ. 1:69—74) და მთავარი მჩაგვრელებისგან, სატანისა და მისი დემონებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მოგვცა (ებ. 2:14, 15). გარდა იმისა, რომ იესომ პირდაპირი გაგებით ბევრი გაათავისუფლა დემონების ჩაგვრისგან (ლკ. 4:33—36), ჭეშმარიტების ქადაგებით მან გზა გაუხსნა ყველას, ვისაც სურდა ცრუ რელიგიის უღლის მხრებიდან გადაგდება და მისი მონობისგან გათავისუფლება (მთ. 23:4; ლკ. 4:18; ინ. 8:31, 32). მან ბოლომდე ერთგულება შეინარჩუნა, რითაც სძლია არა მხოლოდ რომელიმე ქალაქს ან იმპერიას, არამედ ქვეყნიერებას (ინ. 14:30; 16:33).
სასწაულების მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ იესო, ძირითადად, ყურადღებას მის მიერ გაცხადებულ ჭეშმარიტებაზე ამახვილებდა, ის ცხადყოფდა, რომ სასწაულებიც გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა და ადასტურებდა, რომ ის ღმერთმა გამოგზავნა და სიმართლეს ქადაგებდა. მათი ძირითადი მიზანი წინასწარმეტყველებების შესრულება იყო (ინ. 5:36—39, 46, 47; 10:24—27, 31—38; 14:11; 20:27—29). სასწაულების თვითმხილველებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ (მთ. 11:20—24; ინ. 15:24). პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს შეკრებილი ხალხის წინაშე თქვა, რომ ღმერთმა აშკარად დაანახვა მათ იესო „სასწაულებით, საკვირველებებითა და ნიშნებით, რომლებსაც ღმერთი მისი მეშვეობით ახდენდა“ მათ შორის, რაც თავადაც იცოდნენ (სქ. 2:22). ღვთის ძალის არაერთმა გამოვლინებამ ცხადყო, რომ ღვთის სამეფო მათ შორის იყო, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს (მთ. 12:28, 31, 32).
ღმერთი თავისი ძის მეშვეობით სასწაულებს ახდენდა, რათა „მრავალთა გულის ზრახვები“ გამჟღავნებულიყო (ლკ. 2:34, 35). მათ ეჩვენათ „იეჰოვას მკლავი“, მაგრამ უმეტესობას ამ მოვლენების მიღმა სხვა რამის დანახვა სურდა ან ისინი ეგოისტური მიზნების გამო ნანახის თანახმად არ იქცეოდნენ (ინ. 12:37—43; 11:45—48). ბევრს სურდა, ღვთის ძალის მეშვეობით პირადი გამორჩენა ჰქონოდა, მაგრამ მათ გულწრფელად არ სწყუროდათ ჭეშმარიტება და სიმართლე. მათ გულებს არ შეეხო თანაგრძნობა და სიკეთე, რამაც იესო უამრავი სასწაულის მოხდენისკენ აღძრა (შდრ. ლკ. 1:78; მთ. 9:35, 36; 15:32—37; 20:34; მრ. 1:40, 41; ლკ. 7:11—15 ლკ. 14:1—6-სა და მრ. 3:1—6-ს). იესო ამ მხრივაც მამას ჰბაძავდა (მრ. 5:18, 19).
ძალის მართებულად გამოყენება. იესო ყოველთვის მართებულად იყენებდა ძალას და სასწაულებს უბრალოდ სანახაობისთვის არ ახდენდა. უნაყოფო ლეღვის ხის დაწყევლას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა (მრ. 11:12—14; შდრ. მთ. 7:19, 20; 21:42, 43; ლკ. 13:6—9). იესომ უარი თქვა სატანის შეთავაზებული უსარგებლო სანახაობის მოწყობაზე. ტაძრის გალავნიდან გადახტომა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა და სავსებით განსხვავდებოდა წყალზე სიარულისგან, რაც იესომ იმიტომ გააკეთა, რომ ღამით გადასაადგილებელი საშუალება არ ჰქონდა (მთ. 4:5—7; მრ. 6:45—50). მან არ დააკმაყოფილა ჰეროდეს არასწორი მოტივებით გამოწვეული ცნობისმოყვარეობა და არანაირი ნიშანი არ მოახდინა (ლკ. 23:8). იესომ უარი თქვა ფარისეველთა და სადუკეველთა თხოვნაზე, „ციდან ნიშანი ეჩვენებინა“, რადგან ეს მათ იმაში დასარწმუნებლად კი არ უნდოდათ, რომ ღვთის სიტყვა სრულდებოდა, არამედ თავიანთი ურწმუნოების გასამართლებლად. მათ არასწორი მოტივები ჰქონდათ (მთ. 16:1—4; შდრ. მთ. 15:1—6; 22:23, 29).
ნაზარეთში ბევრმა ურწმუნოება გამოავლინა იესოსადმი, რის გამოც მას იქ ბევრი სასწაული არ მოუხდენია. რა თქმა უნდა, მიზეზი სასწაულების მოსახდენად არასაკმარისი ძალა არ ყოფილა, უბრალოდ, სხვადასხვა გარემოებამ არ მისცა ამის საშუალება. ღვთიური ძალა არ უნდა დახარჯულიყო სკეპტიკურად განწყობილებისთვის (მრ. 6:1—6; შდრ. მთ. 10:14; ლკ. 16:29—31). სხვების რწმენაც რომ არ განსაზღვრავდა, მოახდენდა თუ არა იესო სასწაულებს, იქიდან გამოჩნდა, რომ მან მღვდელმთავრის მონას, რომელიც იესოს დასაპატიმრებლად მისულთა შორის იყო, ჩამოთლილი ყური გაუმთელა (ლკ. 22:50, 51).
სულიერი ცხოვრებისთვის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგენა ღვთის ძალის უდიდესი გამოვლინება იყო. იესო მკვდრეთით რომ არ აღმდგარიყო, ქრისტიანების რწმენა ფუჭი იქნებოდა და მისი მიმდევრები „ყველაზე საცოდავები“ იქნებოდნენ (1კრ. 15:12—19). სწორედ ამ მოვლენაზე საუბრობდნენ ქრისტეს მოწაფეები ყველაზე ხშირად და ეს მოვლენა ყველაზე მეტად უძლიერებდა მათ რწმენას. დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს ღვთის ძალის გამოვლენაში მანძილი ხელს არ უშლიდა (მთ. 8:5—13; ინ. 4:46—53). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ზეცად ამაღლების შემდეგაც იესომ თავისი მიმდევრები ღვთის სულით სცხო, რამაც მათ იესოს არყოფნის მიუხედავადაც შეაძლებინა სასწაულების მოხდენა. ამ მოვლენით ქრისტემ დაადასტურა მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოწაფეების მტკიცება (სქ. 4:33; ებ. 2:3, 4) და ის, რომ ღმერთმა მოიწონა ეს ჯგუფი, ანუ მისი კრება (სქ. 2:1—4, 14—36, 43; 3:11—18).
იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძე დედამიწაზე აღარ ცხოვრობდა. ამას ადასტურებდა მოციქულებისა და სხვების ხელით მოხდენილი მრავალი სასწაული, ნიშანი თუ საკვირველება (სქ. 4:29, 30; 6:8; 14:3; 19:11, 12). მოციქულები თავიანთი ბატონის მსგავსად ახდენდნენ სასწაულებს, კურნავდნენ კოჭლებსა (სქ. 3:1—9; 14:8—10) და ავადმყოფებს (სქ. 5:12—16; 28:7—9), აცოცხლებდნენ მკვდრებს (სქ. 9:36—41; 20:9—11) და დევნიდნენ დემონებს (სქ. 8:6, 7; 16:16—18). ამ ყველაფერს ისინი განდიდებისა თუ პირადი გამორჩენის გარეშე აკეთებდნენ (სქ. 3:12; 8:9—24; 13:15—17). მათი მეშვეობით ღმერთს ბოროტმოქმედებისთვის განაჩენი გამოჰქონდა, როგორც ამას ადრე წინასწარმეტყველების მეშვეობით აკეთებდა და ხალხს როგორც მისი, ისე მისი წარმომადგენლების მიმართ პატივისცემას უნერგავდა (სქ. 5:1—11; 13:8—12). მათ უცხო ენებზე ლაპარაკისა და ნათქვამის განმარტების ძღვენიც მიეცათ. ესეც მათდა სასიკეთოდ იყო, რადგან მალე მათი სამქადაგებლო საქმიანობა ისრაელის საზღვრებს გასცდებოდა და იეჰოვას საოცარი საქმეების შესახებ სხვა ერებსაც გააგებინებდნენ (1კრ. 12:4—11; ფს. 96:3, 7).
იეჰოვა ღმერთმა სხვა მხრივაც გამოიყენა თავისი ძალა: ზოგ ტერიტორიაზე მოციქულებს ქადაგების კარი გაუხსნა, იცავდა მათგან, ვინც მათთვის ხელის შეშლას ცდილობდა, ხელმძღვანელობდა მათ საქმიანობას და ამ ყველაფერს, უმეტესწილად, სხვებისთვის შეუმჩნევლად აკეთებდა (სქ. 5:17—20; 8:26—29, 39, 40; 9:1—8; 10:19—22, 44—48; 12:6—11; 13:2; 16:6—10, 25—33; 18:9, 10; 1კრ. 16:8, 9).
ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ღვთის სულით მოციქულებისთვის მიცემული სასწაულებრივი ძღვენი და მისი სხვებისთვის გადაცემა მხოლოდ ქრისტიანული კრების ადრეულ ეტაპზე იქნებოდა საჭირო, შემდეგ კი გაუქმდებოდა (1კრ. 13:8—11; იხ ძღვენი ღვთისგან [სულის ძღვენი]). მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ცნობილია, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ პირველი ასი წლის განმავლობაში ადრინდელი ქრისტიანები სასწაულებს ძალიან იშვიათად ახდენდნენ“ (Cyclopædia, ტ. VI, გვ. 320). მიუხედავად ამისა, იესოსა და მის მოციქულებს ნათქვამი ჰქონდათ, რომ ღვთის მტრები — განდგომილები და სიმბოლური მხეცი — ცრუ ნიშნებსა და საკვირველებებს მოახდენდნენ (მთ. 7:21—23; 24:23—25; 2თს. 2:9, 10; გმც. 13:11—13; იხ. მხეცები, სიმბოლური).
ღვთის ძალა არნახულად გამოვლინდება, როცა იესო ქრისტე დაამყარებს სამეფოს, რასაც გასამართლება მოჰყვება.
-