ისწრაფეთ მნიშვნელოვანი მიზნისკენ!
„ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი!“ (ფსალმუნი 150:6)
1. მოყევით, როგორ ცდილობდა ერთი ახალგაზრდა, გაეგო, რა იყო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი.
„სამედიცინო განათლება მივიღე, რადგან მსურდა ხალხს დავხმარებოდი. აგრეთვე ვფიქრობდი, რომ ექიმის პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ბედნიერებას მომიტანდა, — იხსენებს კორეაში გაზრდილი სიუნ ძინიa. — გული გამიტყდა, როდესაც მივხვდი, სინამდვილეში თუ რა უმნიშვნელო დახმარების გაწევა შეუძლიათ ექიმებს. ამის მერე ხატვა ვისწავლე, მაგრამ ჩემს ნამუშევრებს სხვებისთვის მაინცდამაინც დიდი სარგებლობა არ მოჰქონდა; ის მხოლოდ მე მანიჭებდა სიამოვნებას. მერე გადავწყვიტე მასწავლებელი გავმხდარიყავი, მაგრამ მალე დავინახე, რომ მოსწავლეებს მხოლოდ ფაქტებს ვასწავლიდი და არა იმას, თუ რა მოუტანდათ ნამდვილ ბედნიერებას“. სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, სიუნ ძინს სურდა გაეგო, მართლაც, რა იყო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი.
2. ა) რას ნიშნავს, გვქონდეს მიზანი? ბ) საიდან ვიცით, რომ შემოქმედს ჩვენთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განზრახვა ჰქონდა?
2 გვქონდეს მნიშვნელოვანი მიზანი ნიშნავს, ვიცოდეთ, რისთვის ვცოცხლობთ, რისკენ ვისწრაფვით და რაში ვხარჯავთ მთელ ჩვენს დროსა და ენერგიას. შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ასეთი მიზანი? დიახ! ის ფაქტი, რომ გვაქვს გონება, სინდისი და მსჯელობის უნარი, გვიჩვენებს, რომ შემოქმედს ჩვენთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განზრახვა ჰქონდა. ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მნიშვნელოვან მიზანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავისახავთ და განვახორციელებთ, თუ შემოქმედის განზრახვის თანახმად ვიცხოვრებთ.
3. რა შედის ადამიანებთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაში?
3 ბიბლია ცხადყოფს, რომ ჩვენთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაში ბევრი რამ შედის. მაგალითად, ღვთის უანგარო სიყვარულის მაჩვენებელია ის, თუ რა საოცრად ვართ შექმნილი (ფსალმუნი 40:5; 139:14). ამგვარად, ღვთის განზრახვის თანახმად ცხოვრება ნიშნავს, ისევე უანგაროდ გვიყვარდეს სხვები, როგორც ღმერთს უყვარს (1 იოანე 4:7—11). ეს იმასაც ნიშნავს, რომ დავიცვათ ღვთის მითითებები, რომლებიც გვეხმარება, მისი სიყვარულით აღსავსე განზრახვის თანახმად ვიცხოვროთ (ეკლესიასტე 12:13; 1 იოანე 5:3).
4. ა) რა გვჭირდება იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი მიზანი დავისახოთ? ბ) რა არის უდიდესი მიზანი?
4 ღვთის განზრახვაში შედიოდა ისიც, რომ ადამიანებს მშვიდობიანად ეცხოვრათ ერთმანეთთან და სხვა ქმნილებებთან, და ბედნიერები ყოფილიყვნენ (დაბადება 1:26; 2:15). რა გვჭირდება იმისათვის, რომ ბედნიერები ვიყოთ, და უსაფრთხოდ და მშვიდად ვიცხოვროთ? პატარა ბავშვის ბედნიერი და მშვიდი ცხოვრებისთვის აუცილებელია, დედ-მამის გვერდით იყოს, ასევე გვჭირდება ჩვენც ზეციერ მამასთან კარგი ურთიერთობა, რათა ჩვენი ცხოვრება აზრიანი გახდეს და მნიშვნელოვანი მიზანი დავისახოთ (ებრაელები 12:9). ასეთი ურთიერთობის განვითარების საშუალებას ღმერთი ადამიანებს ერთი მხრივ იმით გვაძლევს, რომ ნებას გვრთავს, დავუახლოვდეთ მას, და მეორე მხრივ იმით, რომ ჩვენს ლოცვებს ისმენს (იაკობი 4:8; 1 იოანე 5:14, 15). თუ ‘ღმერთთან ერთად [რწმენით] დავდივართ’ და მისი მეგობრები ვხდებით, ჩვენს ზეციერ მამას განვადიდებთ და მას გულს ვუხარებთ (დაბადება 6:9; იგავები 23:15, 16; იაკობი 2:23). ეს არის უდიდესი მიზანი. ფსალმუნმომღერალი წერდა: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი!“ (ფსალმუნი 150:6).
პირადად თქვენ რა მიზნისკენ ისწრაფვით?
5. რატომ არის არაგონივრული ცხოვრებაში მატერიალური მოთხოვნილებების პირველ ადგილზე დაყენება?
5 ღვთის განზრახვაში შედის ისიც, რომ ვიზრუნოთ როგორც საკუთარ თავზე, ისე ჩვენს ოჯახზე — მის სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. მაგრამ გაწონასწორებულობაა საჭირო, რათა ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვამ არ დაჩრდილოს უფრო მნიშვნელოვანი — სულიერი (მათე 4:4; 6:33). სამწუხაროდ, ბევრისთვის ცხოვრებაში მთავარია მატერიალური სიმდიდრის შეძენა, მაგრამ მხოლოდ სიმდიდრით შეუძლებელია ყველანაირი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. აზიაში არც ისე დიდი ხნის წინ მილიონერების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა „თავს არც უსაფრთხოდ გრძნობს და არც საზრუნავი აკლია, თუმცა სიმდიდრის წყალობით საზოგადოებაში საკუთარი ადგილი აქვთ დამკვიდრებული და წარმატებულები არიან“ (ეკლესიასტე 5:11).
6. რა თქვა იესომ ქონების დაგროვებისკენ სწრაფვაზე?
6 იესომ მოიხსენია „სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“ (მარკოზი 4:19). რატომ არის სიმდიდრე მაცდუნებელი? ხალხი ფიქრობს, რომ სიმდიდრეს ბედნიერება მოაქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება“ (ეკლესიასტე 5:10). შესაძლებელია, ადამიანი ქონების დაგროვებისკენ ისწრაფვოდეს და, ამავე დროს, ღმერთს მთელი სულით ემსახურებოდეს? არა. იესომ თქვა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“. იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, მოეგროვებინათ არა მატერიალური სიმდიდრე დედამიწაზე, არამედ, „განძი ზეცაში“, ანუ კარგი სახელი შეექმნათ ღვთის თვალში, რომელმაც „მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ“ (მათე 6:8, 19—25).
7. როგორ შეიძლება ‘ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’?
7 მოციქულმა პავლემ თავის თანამსახურ ტიმოთეს ამასთან დაკავშირებით სერიოზული რჩევა მისცა: „მიუთითე . . . მდიდრებს, რომ . . . იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს, და . . . იყვნენ გულუხვები და გამზიარებლები, მოაგროვონ განძი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:17—19).
რა არის „ჭეშმარიტი სიცოცხლე“?
8. ა) რატომ ისწრაფვის მრავალი სიმდიდრისა და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობისკენ? ბ) რას ვერ ხვდებიან ეს ადამიანები?
8 ხალხთა უმრავლესობისთვის გამოთქმა „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ ფუფუნებასა და სიამოვნებასთან ასოცირდება. აზიის ერთ საინფორმაციო ჟურნალში ნათქვამია: „მათ, ვინც ფილმებსა და ტელეგადაცემებს უყურებს, უნდებათ ის, რასაც ხედავენ, და იმაზე იწყებენ ოცნებას, რაც შეიძლებოდა, ჰქონოდათ“. მრავალი ადამიანისთვის ცხოვრების მიზანი სიმდიდრის დაგროვება და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიღწევაა. ბევრი ამ მიზანს თავის ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას, ოჯახურ ცხოვრებასა და სულიერ ფასეულობებს სწირავს. ერთეულები თუ უფიქრდებიან იმას, რომ ტელე-ეკრანზე ნაჩვენები ფუფუნება და სიამოვნება „ქვეყნიერების სულს“ ირეკლავს. ეს სული არის ქვეყნიერებაში გაბატონებული აზროვნება, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ მილიარდებზე ახდენს გავლენას და მათ ღვთის განზრახვის საწინააღმდეგოდ მოქმედებისკენ აღძრავს (1 კორინთელები 2:12; ეფესოელები 2:2). ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ დღეს ამდენი ადამიანია უბედური! (იგავები 18:11; 23:4, 5)
9. რას ვერ მიაღწევენ ვერასდროს ადამიანები და რატომ?
9 რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებიც უანგაროდ იღვწიან სხვების საკეთილდღეოდ და შიმშილის, ავადმყოფობისა თუ უკანონობის აღმოფხვრას ცდილობენ? მათ კეთილშობილურ და თავდაუზოგავ მცდელობას ხალხისთვის ბევრი სიკეთე მოაქვს. მაგრამ, მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, ისინი ვერასდროს გახდიან ამ ქვეყნიერებას კარგსა და სამართლიანს. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“, ამ ბოროტ არსებას, სატანას კი არ სურს მისი შეცვლა (1 იოანე 5:19).
10. როდის გაიხარებენ ღვთის ერთგული ადამიანები „ჭეშმარიტი სიცოცხლით“?
10 რა სამწუხაროა, როდესაც ადამიანი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. „თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველაზე საცოდავები ვყოფილვართ“ — წერდა პავლე. „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“, — ამგვარად აზროვნებენ ადამიანები, რომელთა ღრმა რწმენითაც ყველაფერი დღევანდელი დღით შემოიფარგლება (1 კორინთელები 15:19, 32). მაგრამ არსებობს მომავალი — ჩვენ „[ღვთის] დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). იმ დროს ქრისტიანები გაიხარებენ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ ანუ სრულყოფილი „მარადიული სიცოცხლით“ ზეცაში ან ღვთის სამეფოს ხელისუფლების ქვეშევრდომობით დედამიწაზე (1 ტიმოთე 6:12).
11. რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სამეფოს ინტერესების მხარდაჭერა?
11 მხოლოდ ღვთის სამეფო აღმოფხვრის ადამიანთა პრობლემებს. ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ღვთის სამეფოს ინტერესების მხარდაჭერა (იოანე 4:34). თუ ამ საქმეში ვიღებთ მონაწილეობას, ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია. აგრეთვე სიხარულს გვანიჭებს მილიონობით იმ სულიერი და-ძმის მხარდამხარ მსახურება, რომლებსაც იგივე მიზანი აქვთ.
სათანადო მსხვერპლის გაღება
12. რა განსხვავებაა დღევანდელ ცხოვრებასა და „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ შორის?
12 ბიბლია ამბობს, რომ გადადის თანამედროვე „ქვეყნიერება და მისი სურვილები“. ყველაფერი, რაც სატანის ქვეყნიერებას ეკუთვნის, დიდებისა და წარმატების ჩათვლით, მოისპობა, „ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:15—17). თანამედროვე ქვეყნიერების არასაიმედო სიმდიდრის, წარმავალი დიდებისა და ზედაპირული სიამოვნებისგან განსხვავებით, „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ — ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით მარადიული სიცოცხლე — წარუვალია, და ის ღირს სათანადო მსხვერპლის ფასად.
13. როგორ გაიღო სათანადო მსხვერპლი ერთმა ოჯახმა?
13 განვიხილოთ ჰენრისა და სიუზანის შემთხვევა. მათ სწამთ ღვთის დანაპირების, რომ ყველა, ვინც სამეფოს პირველ ადგილზე დააყენებს, ღვთისგან დახმარებას მიიღებს (მათე 6:33). ისინი უბრალო სახლში ცხოვრობენ, ამიტომაც ორივეს არ უწევს მუშაობა და, შესაბამისად, მეტი დრო რჩებათ იმისათვის, რომ თავიანთ ქალიშვილებთან ერთად სულიერ საქმეებში მიიღონ მონაწილეობა (ებრაელები 13:15, 16). მათ ერთ-ერთ კეთილმოსურნე მეგობარს არ ესმოდა, თუ რატომ გააკეთეს ჰენრიმ და სიუზანმა ასეთი არჩევანი. მან სიუზანს უთხრა: „ძვირფასო, თუ გინდათ, რომ ოდესმე უკეთეს სახლში იცხოვროთ, ამისთვის რაღაც უნდა დათმოთ“. მაგრამ ჰენრიმ და სიუზანმა იციან, რომ იეჰოვას მსახურების პირველ ადგილზე დაყენებით მიიღებენ „სიცოცხლეს ახლაც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8; ტიტე 2:12). მათი ქალიშვილები გულმოდგინე სრული დროით მსახურები გახდნენ. ეს ოჯახი ფიქრობს, რომ მათ არაფერი აკლიათ; პირიქით, მათთვის ბევრი სიკეთე მოაქვს „ჭეშმარიტი სიცოცხლისკენ“ სწრაფვას (ფილიპელები 3:8; 1 ტიმოთე 6:6—8).
ნუ იქნებით ‘ქვეყნიერებით სრულად მოსარგებლენი’
14. რა სამწუხარო შედეგებს მოგვიტანს მნიშვნელოვანი მიზნის დავიწყება?
14 მაგრამ, არსებობს საშიშროება, თუ დაგვავიწყდება, რა მიზანი გვაქვს და აღარ ჩავეჭიდებით „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“. დიდია იმის საშიშროება, რომ ‘ცხოვრების საზრუნავმა, სიმდიდრემ და განცხრომამ გაგვიტაცოს’ (ლუკა 8:14). უკონტროლო სურვილებმა და „ცხოვრებისეულმა საზრუნავმა“ შეიძლება ქვეყნიერებაში გაგვთქვიფოს (ლუკა 21:34). სამწუხაროდ, ზოგი გაიტაცა სიმდიდრის დაგროვების სურვილმა, ‘ჩამოშორდა რწმენას, მრავალი ტკივილი მიაყენა საკუთარ თავს’ და იეჰოვასთან ძვირფასი ურთიერთობაც კი დაკარგა. მართლაც ძვირად უჯდება ადამიანს ის, რომ ‘არ ეჭიდება მარადიულ სიცოცხლეს’! (1 ტიმოთე 6:9, 10, 12; იგავები 28:20)
15. რა სარგებლობა მოუტანა ერთ ოჯახს ‘ქვეყნიერებით არასრულად სარგებლობამ’?
15 პავლე ურჩევდა „ქვეყნიერებით მოსარგებლეებს“, ყოფილიყვნენ „როგორც მისით არასრულად მოსარგებლენი“ (1 კორინთელები 7:31). კიტმა და ბონიმ ყურად იღეს პავლეს ეს რჩევა. კიტი ყვება: „იეჰოვას მოწმე მაშინ გავხდი, როდესაც სტომატოლოგიურ ფაკულტეტს ვამთავრებდი. არჩევნის წინაშე დავდექი. შემეძლო, ბევრი პაციენტი მიმეღო და ბევრი ფული მქონოდა, მაგრამ ეს მსახურებაში შემზღუდავდა. ვარჩიე, ნაკლები პაციენტი მიმეღო, რათა მეტი დრო დამრჩენოდა როგორც სულიერი საქმეებისთვის, ისე ჩემი ოჯახის, ცოლისა და ხუთი ქალიშვილის, ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იშვიათად გვქონდა გადანახული თანხა, მაგრამ ფულის ეკონომიურად ხარჯვა ვისწავლეთ, და ყოველთვის გვქონდა ის, რაც გვჭირდებოდა. ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ახლო და თბილი ურთიერთობა გვქონდა, რაც სიხარულს გვანიჭებდა. შედეგად, ყველამ სრული დროით მსახურება დავიწყეთ. დღეს ჩვენს ქალიშვილებს ბედნიერი ოჯახები აქვთ, სამი მათგანი კი დღეს თვითონ არის დედა. ისინი იმიტომ არიან ბედნიერები, რომ პირველ ადგილზე აყენებენ იეჰოვას განზრახვის შესრულებას“.
პირველ ადგილზე დააყენეთ ღვთის განზრახვის შესრულება
16, 17. რომელი უნარიანი ადამიანების მაგალითებია ბიბლიაში მოცემული და რით არიან ისინი ცნობილი?
16 ბიბლიაში მოცემულია როგორც იმ ადამიანთა მაგალითები, რომლებიც ღვთის განზრახვის თანახმად ცხოვრობდნენ, ისე იმათი, რომლებიც არ ცხოვრობდნენ ღვთის განზრახვის თანახმად. მათი მაგალითები კარგი გაკვეთილია ნებისმიერი კულტურის ადამიანისთვის ასაკისა და მდგომარეობის მიუხედავად (რომაელები 15:4; 1 კორინთელები 10:6, 11). ნიმროდმა დიდი ქალაქები ააშენა, მაგრამ ეს ღვთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად გააკეთა (დაბადება 10:8—12). სხვა მრავალმა კი კარგი მაგალითი დაგვიტოვა. მაგალითად, მოსესთვის ცხოვრების მიზანი არ ყოფილა ეგვიპტელი დიდებულის მდგომარეობის შენარჩუნება. პირიქით, მოსე აფასებდა ღვთისგან დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ეს „ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ“ მიაჩნდა (ებრაელები 11:26). ექიმი ლუკა, ალბათ, პავლესა და სხვა თანაქრისტიანებს სამედიცინო დახმარებას უწევდა, მაგრამ მან ხალხს უდიდესი დახმარება იმით გაუწია, რომ ქადაგებდა და ბიბლიის წერაში მიიღო მონაწილეობა. პავლეც ცნობილია არა როგორც კანონის მცოდნე, არამედ როგორც მისიონერი, „უცხოტომელთა მოციქული“ (რომაელები 11:13).
17 დავითი ბიბლიაში ძირითადად მოიხსენიება არა როგორც მხედართმთავარი, მუსიკოსი და კომპოზიტორი, არამედ როგორც ღვთისთვის „გულით სასურველი კაცი“ (1 სამუელი 13:14). დანიელს ვიცნობთ არა როგორც ბაბილონის კარზე მომსახურე სახელმწიფო მოხელეს, არამედ როგორც იეჰოვას ერთგულ მსახურს; ესთერს — არა როგორც სპარსეთის დედოფალს, არამედ დიდი გაბედულებისა და მტკიცე რწმენის მქონე ქალს; პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს — არა როგორც კარგ მეთევზეებს, არამედ როგორც იესოს მოციქულებს; და თავად იესო ჩვენთვის ქრისტეა და არა დურგალი (მარკოზი 6:3; მათე 16:16). თითოეულმა მათგანმა კარგად იცოდა, რომ ნიჭი, ქონება და მდგომარეობა კარიერის შესაქმნელად კი არ უნდა გამოეყენებინა, არამედ უმთავრესად ღვთის მსახურებისთვის. მათ ესმოდათ, რომ უდიდესი კურთხევების მომტანი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იყო ის, რომ ღვთისმოშიშები ყოფილიყვნენ.
18. რა გადაწყვეტილება მიიღო ერთმა ქრისტიანმა, და რას მიხვდა ის?
18 სტატიის დასაწყისში მოხსენიებული სიუნ ძინიც ამ დასკვნამდე მივიდა. „ნაცვლად იმისა, რომ ენერგია მედიცინისთვის, მხატვრობისა და მასწავლებლობისთვის შემელია, გადავწყვიტე ღვთისთვის მემსახურა, — ამბობს ის. — ახლა იქ ვმსახურობ, სადაც ბიბლიის მასწავლებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, რათა ხალხს მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე დადგომაში დავეხმარო. ადრე ვფიქრობდი, რომ სრული დროით მსახურება მაინცდამაინც რთული არ იქნებოდა; ახლა კი ვხედავ, რომ ეს საკმაოდ რთული ყოფილა, რადგან ვცდილობ, დავიხვეწო, როგორც პიროვნება, და სხვა კულტურის ადამიანებს უკეთ გადავცე ბიბლიური ჭეშმარიტება. მესმის, რომ ცხოვრებაში ერთადერთი მნიშვნელოვანი მიზანი იეჰოვას განზრახვის შესრულებაში მონაწილეობის მიღებაა“.
19. როგორ შეგვიძლია ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიზნის დასახვა?
19 ჩვენ, ქრისტიანებს, გვაქვს ცოდნა, რომელსაც სიცოცხლის ხსნა შეუძლია, და მომავლის იმედი (იოანე 17:3). ამიტომ ‘ისე არ მივიღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს მისი მიზანი’ (2 კორინთელები 6:1). მოდი, ძვირფასი დღეები და წლები იეჰოვას განსადიდებლად გამოვიყენოთ. გავუზიაროთ სხვებს ცოდნა, რომელსაც ახლა ნამდვილი ბედნიერება მოაქვს და მომავალში — მარადიული სიცოცხლე. თუ ამგვარად მოვიქცევით, საკუთარ თავზე გამოვცდით იესოს შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებას: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). და, ამგვარად, ცხოვრებაში მნიშვნელოვან მიზანს დავისახავთ.
[სქოლიო]
a ზოგი სახელი შეცვლილია.
შეგიძლიათ უპასუხოთ?
• ცხოვრებაში რა უდიდესი მიზანი შეიძლება დავისახოთ?
• რატომ არის მატერიალური სიმდიდრისკენ სწრაფვა არაგონივრული?
• რა არის ღვთის დაპირებული „ჭეშმარიტი სიცოცხლე“?
• როგორ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრება ღვთის განზრახვის შესრულებას მივუძღვნათ?
[სურათები 18 გვერდზე]
ქრისტიანებმა სათანადო მსხვერპლი უნდა გაიღონ