ქრისტიანული მიძღვნის თანახმად თავისუფლებით ცხოვრება
„სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორინთელთა 3:17).
1. ვის მიუძღვნეს თავი იეჰოვას მოწმეებმა და რატომ სარგებლობენ ისინი იურიდიული კორპორაციებით?
იეჰოვას მოწმეები დარწმუნებული არიან, რომ მათი რელიგია მარადიულია. ამიტომაც სჯერათ, რომ ღვთისადმი „სულითა და ჭეშმარიტებით“ მსახურება მარადიულად გაგრძელდება (იოანე 4:23, 24). ამ ქრისტიანებმა, როგორც ნების თავისუფლების მქონე ადამიანებმა, თავი მთლიანად მიუძღვნეს იეჰოვას და გადაწყვიტეს, მიძღვნის თანახმად იცხოვრონ. ამ მიზნისთვის ისინი ღვთის სიტყვასა და მის წმინდა სულზე არიან დანდობილი. მაშინ, როდესაც ღვთისგან ბოძებული თავისუფლებით მთელი გულით მოქმედებენ მიძღვნის თანახმად, მოწმეები საკადრის პატივისცემას ავლენენ სახელმწიფო ‘უმაღლესი ხელისუფლების’ მიმართ და სათანადოდ სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და საშუალებებით (რომაელთა 13:1; იაკობი 1:25). მაგალითად, იურიდიული პირი, საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მრავალი იურიდიული კორპორაციიდან ერთ-ერთია, რომლის საშუალებითაც მოწმეები ასრულებენ თავიანთ საქმიანობას — ეხმარებიან ადამიანებს, უმთავრესად კი სულიერად. მაგრამ მოწმეებმა სამარადისოდ იეჰოვა ღმერთს მიუძღვნეს თავი და არა რომელიმე იურიდიულ კორპორაციას.
2. რატომ აფასებენ იეჰოვას მოწმეები საზოგადოება „საგუშაგო კოშკსა“ და მსგავს იურიდიულ კორპორაციებს?
2 იეჰოვას მოწმეები, როგორც ღვთისადმი მიძღვნილი მსახურები, იესოს მითითებებს უნდა მიჰყვნენ, ‘მოიმოწაფონ ყველა ხალხი, მონათლონ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით და ასწავლონ მათ’ (მათე 28:19, 20). ეს საქმიანობა ამ სისტემის დასასრულამდე უნდა გაგრძელდეს, რადგან იესომ ასევე თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:3, 14). საზოგადოება „საგუშაგო კოშკისა“ და მსგავსი იურიდიული კორპორაციების სტამბები იეჰოვას მოწმეებს ყოველწლიურად მილიონობით ბიბლიით, წიგნით, ბროშურითა და ჟურნალით ამარაგებს, რომლებსაც ისინი თავიანთი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის იყენებენ. ამიტომაც ეს იურიდიული კორპორაციები ღვთისადმი მიძღვნილ მსახურებს ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ, რომ მიძღვნის თანახმად იცხოვრონ.
3. რა გაგებით იყენებდნენ იეჰოვას მოწმეები გამოთქმას „საზოგადოება“?
3 ზოგმა შეიძლება გამოთქვას აზრი, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის, მათივე საუბრიდან გამომდინარე, საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“, უფრო ხშირად კი უბრალოდ „საზოგადოება“, იურიდიულ პირზე მეტს წარმოადგენს. თაყვანისმცემლობის საკითხებში ხომ მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა? წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (ინგლ.) ნათელს ჰფენს ამ საკითხს: «როდესაც [1938 წლის 1 ივნისს] „საგუშაგო კოშკმა“ გამოთქმა „საზოგადოება“ მოიხსენია, ის არა უბრალოდ იურიდიულ პირს, არამედ ცხებულ ქრისტიანთა საბჭოს გულისხმობდა, რომელმაც ჩამოაყალიბა იურიდიული კორპორაცია და მისით სარგებლობდა. ამიტომ ეს გამოთქმა გულისხმობდა ერთგულ და გონიერ მონას»a (მათე 24:45). მოწმეები, ჩვეულებრივ, ასეთი მნიშვნელობით იყენებდნენ გამოთქმას „საზოგადოება“. რა თქმა უნდა, იურიდიული კორპორაცია და ‘ერთგული და გონიერი’ მონა არ უნდა გავაიგივოთ. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ხელმძღვანელები არჩეული არიან, მაშინ როდესაც ‘ერთგული მონის’ წევრი მოწმეები იეჰოვას სულიწმიდით არიან ცხებული.
4. ა) რა ფრაზებს იყენებს იეჰოვას მრავალი მოწმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად? ბ) რატომ უნდა გვქონდეს გაწონასწორებული თვალსაზრისი ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით?
4 გაუგებრობებს რომ თავი აარიდონ, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ სიფრთხილე გამოიჩინონ სხვების წინაშე. ისეთი ფრაზის ნაცვლად, როგორიც არის „საზოგადოება ასწავლის“, მრავალი მოწმე არჩევს თქვას: „ბიბლია ამბობს“ ან „ბიბლია ასწავლის“. ამგვარად ისინი აღნიშნავენ, რომ ბიბლიური სწავლებების მიღება თითოეულმა მოწმემ პირადად გადაწყვიტა და ამავე დროს თავს არიდებენ არასწორი აზრის შექმნას, რომ თითქოსდა მოწმეებს რაღაც რელიგიური სექტის სწავლებები ზღუდავს. რა თქმა უნდა, ტერმინოლოგია ხანგრძლივი დისკუსიის საგანი არ უნდა გახდეს. ბოლოს და ბოლოს, ტერმინოლოგია მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ გაუგებრობებს მოვერიდოთ. აუცილებელია, რომ ქრისტიანული წონასწორობა შევინარჩუნოთ. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ‘არ ვიკინკლაოთ სიტყვების გამო’ (2 ტიმოთე 2:14, 15). საღვთო წერილი ასევე აღნიშნავს შემდეგ პრინციპს: „თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნალაპარაკევი?“ (1 კორინთელთა 14:9).
სადაც ღვთის სულია, ნაკლები კანონია საჭირო
5. როგორ უნდა გავიგოთ 1 კორინთელთა 10:23?
5 „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ — შენიშნა მოციქულმა პავლემ. შემდეგ მან განაგრძო: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს“ (1 კორინთელთა 10:23). ცხადია, პავლე არ ამბობდა, რომ ნებადართულია გააკეთო ის, რასაც ღვთის სიტყვა აშკარად მსჯავრს სდებს. ძველი დროის ისრაელისთვის მიცემულ დაახლოებით 600 კანონთან შედარებით, ქრისტიანული ცხოვრებისთვის გაცილებით ნაკლები წესია დადგენილი. აქედან გამომდინარე, მრავალი საკითხი სინდისით პირადად გადასაწყვეტია. იეჰოვასადმი მიძღვნას და ღვთის სულის ხელმძღვანელობას პიროვნებისთვის თავისუფლება მოაქვს. ჭეშმარიტების გათავისების შემდეგ ქრისტიანი ბიბლიით განსწავლული სინდისის მიხედვით მოქმედებს და ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობაზეა დანდობილი. ამის წყალობით მიძღვნილ ქრისტიანს შეუძლია განსაზღვროს, რა ‘ააშენებს’ და რა იქნება „სასარგებლო“ როგორც მისთვის, ასევე სხვებისთვისაც. ესმის, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ზეგავლენას მოახდენს მის პირად ურთიერთობაზე ღმერთთან, ვისაც თავი მიუძღვნა.
6. როგორ შეგვიძლია ქრისტიანულ შეხვედრებზე გამოვავლინოთ, რომ ჭეშმარიტება გავითავისეთ?
6 ქრისტიანულ შეხვედრებზე კომენტარებში მონაწილეობის მიღებით მოწმე ავლენს, რომ ჭეშმარიტება გათავისებული აქვს. პირველ ხანებში მან შეიძლება იგივე გაიმეოროს, რაც შესასწავლ პუბლიკაციაშია მოცემული. დროთა განმავლობაში კი წარმატებას მიაღწევს და ბიბლიური სწავლებების საკუთარი სიტყვებით გადმოცემას შეძლებს. ასეთი სახით ნათელი გახდება, რომ ის სხვის ნათქვამს კი არ იმეორებს, არამედ ავითარებს აზროვნების უნარს. აზრების საკუთარი სიტყვებით გამოხატვა და ჭეშმარიტების სიტყვების გულწრფელად გამოთქმა, გაახარებს მას და ნათელს გახდის, რომ თავის რწმენაში მტკიცეა (ეკლესიასტე 12:10; შეადარე რომაელთა 14:5ბ).
7. რა გადაწყვეტილებები მიიღეს დამოუკიდებლად იეჰოვას მსახურებმა?
7 იეჰოვას მოწმეები ღვთისა და ადამიანების სიყვარულით არიან აღძრული (მათე 22:36–40). მართალია, რომ ქრისტეს მიერ გამოვლენილი სიყვარულის მსგავსი სიყვარულით ისინი მსოფლიო ძმობად არიან გაერთიანებული (კოლასელთა 3:14; 1 პეტრე 5:9). მაგრამ, თითოეულმა მათგანმა, როგორც ნების თავისუფლების მქონე ადამიანმა, პირადად გადაწყვიტა, რომ იქადაგოს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა, შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, თავი შეიკავოს სისხლისგან, მოერიდოს გარკვეული სახის გართობასა და იცხოვროს ბიბლიური ნორმების შესაბამისად. ეს არ არის იძულებით მიღებული გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილებები ნებაყოფლობით არჩეული ცხოვრების ნაწილია, რომლებიც პიროვნებამ ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, სანამ ის ღმერთს თავს მიუძღვნიდა და მოწმე გახდებოდა.
არიან თუ არა ანგარიშვალდებულნი ხელმძღვანელი საბჭოს წინაშე?
8. რას უნდა მოეფინოს ნათელი?
8 ბიბლია ნათლად აჩვენებს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ღმერთს იძულებით არ ემსახურებიან. მასში ნათქვამია: „უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორინთელთა 3:17). მაშ, როგორ შეგვიძლია ეს დავუკავშიროთ ‘ერთგული და გონიერი მონის’ და მისი ხელმძღვანელი საბჭოს არსებობას? (მათე 24:45–47).
9, 10. ა) როგორ იყენებენ მეთაურობის პრინციპს ქრისტიანულ კრებაში? ბ) რა გახადა საჭირო მეთაურობის პრინციპის გამოყენებამ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში?
9 ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია, რომ მეთაურობის ბიბლიური პრინციპი გვახსოვდეს (1 კორინთელთა 11:3). ეფესელთა 5:21–24-ის თანახმად „ეკლესიის თავი“ ქრისტეა, ის არის ერთადერთი, ვისაც კრება „ემორჩილება“. იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ ერთგული და გონიერი მონა ქრისტეს სულიერი ძმებისგან შედგება (ებრაელთა 2:10–13). ეს ერთგული მონის კლასი დაყენებულია, რომ ღვთის ხალხი ‘დროულად უზრუნველყოს სულიერი საზრდოთი’. ამ უკანასკნელ ჟამს ქრისტემ ეს მონა „მთელ თავის საბადებელზე“ დააყენა. ამის გამო მისი მდგომარეობა თითოეული ქრისტიანის პატივისცემას იმსახურებს.
10 მეთაურობის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შენარჩუნებული იყოს ერთიანობა და „ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს“ (1 კორინთელთა 14:40). ამისთვის პირველ საუკუნეში ერთგული და გონიერი მონის წევრებიდან ამორჩეული იყო ცხებულ ქრისტიანთა განსაზღვრული რიცხვი, რომელიც მთელ ჯგუფს წარმოადგენდა. შემდეგ მოვლენებმა დაადასტურა, რომ პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობას იეჰოვა იწონებდა და აკურთხებდა. პირველი საუკუნის ქრისტიანები კეთილგანწყობილებით შეხვდნენ ამგვარ სტრუქტურას. ისინი მართლაც ხარობდნენ და მადლიერები იყვნენ მისი შესანიშნავი შედეგების გამო (საქმეები 15:1–32).
11. რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს თანამედროვე ხელმძღვანელ საბჭოსთან დაკავშირებით?
11 ასეთი სტრუქტურა კვლავაც ძვირფასია. დღეს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო სულით ცხებული ათი ქრისტიანისგან შედგება, რომელთაც ათწლეულების მანძილზე ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილება აქვთ. პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მსგავსად, ისინიც იეჰოვას მოწმეებს სულიერ ხელმძღვანელობას უწევენ (საქმეები 16:4). ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, მოწმეები ხელმძღვანელი საბჭოს მოწიფული ძმებისგან სიხარულით ღებულობენ თაყვანისმცემლობის საკითხებთან დაკავშირებულ ბიბლიაზე დაფუძნებულ მითითებებსა და ხელმძღვანელობას. თუმცა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები თანაქრისტიანთა მსგავსად, იეჰოვასა და ქრისტეს მონები არიან, ბიბლია შემდეგ მითითებას გვაძლევს: „მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის“ (ებრაელთა 13:17).
12. ვის უნდა ჩააბაროს თითოეულმა ქრისტიანმა ანგარიში?
12 ბიბლია თუ კი ხელმძღვანელ საბჭოს ზედამხედველობას ავალებს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იეჰოვას თითოეული მოწმე ანგარიშვალდებულია მის წინაშე? არა, როგორც რომაელ ქრისტიანთა მიმართ პავლეს სიტყვებიდან ვგებულობთ: „რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. . . ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს“ (რომაელთა 14:10–12).
13. რატომ აბარებენ იეჰოვას მოწმეები სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს?
13 თითოეულმა მოწმემ ხომ თავისი სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა ჩააბაროს? დიახ, მაგრამ ამის მიზანი იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ წიგნში ნათლად არის ახსნილი: „იესო ქრისტეს ადრინდელ მიმდევრებს აინტერესებდათ სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლის შესახებ ცნობები (მარკოზი 6:30). საქმე წინ მიიწევდა და ისინი ქადაგებაში მომხდარი განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ ცნობებთან ერთად სტატისტიკურ მონაცემებსაც ფლობდნენ. . . (საქმეები 2:5–11, 41, 47; 6:7; 1:15; 4:4). რა გამამხნევებელი იქნებოდა იმ ერთგული ქრისტიანი მსახურებისთვის ასეთი ანგარიშების მოსმენა. . ! მსგავსად იეჰოვას თანამედროვე ორგანიზაცია ცდილობს, ზუსტი ჩანაწერები აწარმოოს იმ საქმიანობის შესახებ, რომლითაც მათეს 24:14-ში მოცემული წინასწარმეტყველება სრულდება“.
14, 15. ა) როგორ ეხება მე-2 კორინთელთა 1:24 ხელმძღვანელ საბჭოს? ბ) რის საფუძველზე უნდა მიიღოს თითოეულმა ქრისტიანმა პირადი გადაწყვეტილება და რა უნდა ჰქონდეს შეგნებული?
14 ღმერთმა სიყვარულით უზრუნველგვყო ხელმძღვანელი საბჭოთი და ის რწმენის მისაბაძი მაგალითია (ფილიპელთა 3:17; ებრაელთა 13:7). ქრისტესადმი ერთგულებითა და მისი მიბაძვით, მათაც შეუძლიათ გაიმეორონ პავლეს სიტყვები: «არა იმიტომ, რომ ვიუფლოთ თქვენს რწმენაზე, არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს [„თანამშრომელნი ვართ თქვენს სიხარულში“, აქ], ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ» (2 კორინთელთა 1:24). ხელმძღვანელი საბჭო აკვირდება და შესაბამისად ყურადღებას ამახვილებს ბიბლიის რჩევების გათვალისწინების სარგებლობაზე, მოუწოდებს ბიბლიური კანონებისა და პრინციპების გამოყენებას, ფარული საფრთხის შესახებ აფრთხილებს და თავის ‘თანამშრომლებს’ საჭიროებისამებრ ამხნევებს. ამგვარად, ის აღასრულებს ქრისტიანულ ხელმძღვანელობას, ეხმარება მათ, რომ სიხარული შეინარჩუნონ და აღაშენებს მათ რწმენას, რათა მტკიცედ იდგნენ (1 კორინთელთა 4:1, 2; ტიტე 1:7–9).
15 რომელიმე მოწმე, როდესაც გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელი საბჭოს მიერ შემოთავაზებულ ბიბლიურ რჩევას ითვალისწინებს, ამას ის საკუთარი ნება-სურვილით აკეთებს, ვინაიდან ბიბლიის პირადი შესწავლის საფუძველზე დარწმუნებულია, რომ მართებულად იქცევა. თითოეულ მოწმეზე ღვთის სიტყვა ზემოქმედებს, რომ ხელმძღვანელი საბჭოს მიერ შემოთავაზებულ გონივრულ ბიბლიურ რჩევას მიჰყვეს და შეგნებული აქვს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ზეგავლენას მოახდენს მის პირად ურთიერთობაზე ღმერთთან, ვისაც მან სიცოცხლე მიუძღვნა (1 თესალონიკელთა 2:13).
შემსწავლელები და მეომრები
16. რატომ ირიცხება ზოგიერთი, მიუხედავად იმისა, რომ პირადი გადასაწყვეტია, თუ როგორ მოიქცევა პიროვნება?
16 მაგრამ თუ პირადად გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა პიროვნება, რატომ ირიცხება ზოგიერთი იეჰოვას მოწმე? თვითნებურად არავინ წყვეტს, რომ განსაზღვრული ცოდვისთვის გარიცხვა აუცილებელია. არამედ ამის საფუძველს ბიბლია იძლევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კრების წევრი პირველ კორინთელთა მეხუთე თავში ჩამოთვლილ რომელიმე მძიმე ცოდვას სჩადის და არ ინანიებს. ამგვარად, თუმცა შეიძლება, რომ ქრისტიანი მრუშობისთვის გარიცხონ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ პიროვნება არ ღებულობს მოსიყვარულე მწყემსების მიერ შემოთავაზებულ სულიერ დახმარებას. გარდა ამისა, ამ ქრისტიანულ პრინციპს მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არ იყენებენ. „რელიგიის ენციკლოპედია“ (The Encyclopedia of Religion) შენიშნავს: „ნებისმიერი დაჯგუფება უფლებას იტოვებს, თავი დაიცვას ისეთი წევრებისგან, რომლებიც მის მოთხოვნებს უგულებელყოფენ და თავიანთი საქციელით შეიძლება საერთო კეთილდღეობას დაემუქრონ. რელიგიაში ეს უფლება ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია თვალსაზრისით, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული ღონისძიება [ურთიერთობის შეწყვეტა] გავლენას ახდენს ღვთის წინაშე მათ მდგომარეობაზე“.
17, 18. როგორ შეგვიძლია, თვალსაჩინოდ დავინახოთ გარიცხვის მართებულობა?
17 იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შემსწავლელები არიან (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნი 1:2; საქმეები 17:11). ბიბლიის შესასწავლად გათვალისწინებული პროგრამა, რომლითაც ხელმძღვანელი საბჭო უზრუნველგვყოფს, შეიძლება სახალხო განათლების სისტემის მიერ სასწავლებლისთვის შედგენილ სასწავლო გეგმას შევადაროთ. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემა შესასწავლ მასალას არ ქმნის, ის ადგენს გეგმას, განსაზღვრავს სწავლების მეთოდს და იძლევა აუცილებელ მითითებებს. პიროვნება თუ უგულებელყოფს სასწავლებლის მოთხოვნებს, სირთულეს უქმნის სხვა მოსწავლეებს ან არცხვენს სასწავლებელს, შეიძლება, რომ გარიცხონ. სკოლის დირექცია უფლებამოსილია, რომ ყველა შემსწავლელის საკეთილდღეოდ იმოქმედოს.
18 იეჰოვას მოწმეები არა მარტო შემსწავლელები, არამედ იესო ქრისტეს მეომრებიც არიან, რომლებმაც ‘რწმენის კეთილი ღვაწლით [„ბრძოლით“, აქ] უნდა იღვაწონ [„იბრძოლონ“ აქ]’ (1 ტიმოთე 6:12; 2 ტიმოთე 2:3). რა თქმა უნდა, გამუდმებით ქრისტიანი მეომრისთვის შეუფერებლად მოქცევა ღვთის კეთილგანწყობილების დაკარგვას გამოიწვევს. ქრისტიან მეომარს, როგორც ნების თავისუფლებით დაჯილდოებულ პიროვნებას, შეუძლია თავისი სურვილისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ის პასუხისმგებელი უნდა იყოს მის შედეგებზე. პავლე შეგვაგონებდა: „არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა აამოს მხედართმთავარს. ხოლო ვინმემ რომ იბრძოლოს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ იბრძოლებს“ (2 ტიმოთე 2:4, 5). მოწიფული ქრისტიანები, მათ შორის ხელმძღვანელი საბჭოს წევრები, მზად არიან თავიანთ წინამძღოლს, იესო ქრისტეს, ემსახურონ და დაიცვან ‘კანონები’, რითაც მათ მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მოპოვება შეუძლიათ (იოანე 17:3; გამოცხადება 2:10).
19. რაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ ქრისტიანული მიძღვნის შესახებ ფაქტების განხილვის შემდეგ?
19 ნუთუ ფაქტები ნათელს არ ხდის, რომ იეჰოვას მოწმეები ღვთის მსახურებს წარმოადგენენ და ადამიანის მონები არ არიან? ისინი, როგორც ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანები, ხარობენ თავისუფლების გამო, რომელიც მათ იესო ქრისტემ მოუტანა; ღვთის კრებაში ძმებთან ერთად, გაერთიანებულად, მსახურობენ და ნებას რთავენ ღვთის სულს და მის სიტყვას, რომ მათ ცხოვრებას უხელმძღვანელოს (ფსალმუნი 132:1). ამ მტკიცებებმა ნებისმიერი ეჭვი უნდა აღმოფხვრან მათი სიძლიერის წყაროსთან დაკავშირებით. ფსალმუნმომღერალთან ერთად მათაც შეუძლიათ იმღერონ: „უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას“ (ფსალმუნი 27:7).
[სქოლიოები]
a გამოცემულია 1993 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ დახმარებას უწევს იეჰოვას მოწმეებს საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ და მსგავსი იურიდიული კორპორაციები?
◻ რით არის სარგებლობის მომტანი ქრისტიანებისთვის იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს არსებობა?
◻ რატომ აწარმოებს სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებს იეჰოვას ხალხი?
◻ რა შემთხვევებშია სათანადო მიძღვნილი ქრისტიანის გარიცხვა?
[სურათი 19 გვერდზე]
პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭო სწავლების ერთიანობას უზრუნველყოფდა.
[სურათი 23 გვერდზე]
მთელი მსოფლიოს იეჰოვას მოწმეები ხარობენ თავისუფლების გამო, რომელიც მათ იესო ქრისტემ მოუტანა.