ᲗᲐᲕᲖᲔ ᲓᲐᲤᲐᲠᲔᲑᲐ
გარდა იმისა, რომ თავზე დაფარება ჩაცმულობის ერთ-ერთ ატრიბუტს შეადგენს, მას სულიერი მნიშვნელობაც აქვს ღვთის მსახურებისთვის, რაც მეთაურობის პრინციპთან და მორჩილებასთან ასოცირდება. მოციქულმა პავლემ ქრისტიანულ კრებას ღვთის დადგენილი მეთაურობის პრინციპი გააცნო. მან თქვა: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი — კაცი, ქრისტეს თავი კი — ღმერთი“ (1კრ. 11:3). მოციქულმა შემდგომ განმარტა, რომ თავზე დაფარება „მორჩილების ნიშანია“, და როდესაც ქალი თავზე იფარებს, ის აღიარებს მამაკაცის მეთაურობას. ქალი თავზე იფარებს მაშინაც, როცა ლოცულობს ან კრებაში წინასწარმეტყველებს, რითაც თეოკრატიული წესრიგისადმი მორჩილებას ავლენს (1კრ. 11:4—6, 10).
ამის საპირისპიროდ, მოციქული პავლე აღნიშნავს, რომ კაცმა არ უნდა დაიხუროს თავზე, როცა კრებას უძღვება, მაგალითად როცა ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს. ამ დროს ის ღვთის მიერ დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს. თუ კაცი ასეთ დროს თავდახურული იქნებოდა, ის საკუთარ თავს შეარცხვენდა. გარდა ამისა, ეს უპატივცემულო დამოკიდებულება იქნებოდა იესო ქრისტეს მიმართ, ვინც მისი თავია და აგრეთვე, უზენაესი მეთაურის, იეჰოვა ღმერთის მიმართ, ვინაიდან კაცი „ღვთის ანარეკლი და დიდებაა“ და იმისთვის შეიქმნა, რომ დედამიწაზე ღვთის წარმომადგენელი ყოფილიყო. თავზე დაფარებით მან ეს ფაქტი არ უნდა დაჩრდილოს. კაცი ქალზე უწინ შეიქმნა; ქალი კაცისგან და კაცისთვის შეიქმნა. ქალის თვისებებში ირეკლება მამაკაცის პატივი და ღირსება, ზუსტად ისე, როგორც კაცის თვისებებში — ღვთის პატივი და ღირსება. აქედან გამომდინარე, ქრისტიანმა ქალმა სიხარულით უნდა აღიაროს, რომ აკისრია დაქვემდებარებული როლი, და მოკრძალება და მორჩილება გამოავლინოს. ამის ნიშნად მან თავზე მოსახვევი ან სხვა რამ უნდა დაიფაროს. ქალი არ უნდა ეცადოს კაცის ადგილის დაკავებას. პირიქით, მხარი უნდა დაუჭიროს მის მეთაურობას (1კრ. 11:4, 7—10).
პავლე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გრძელი თმა ქალს კრებაში შეახსენებს შემოქმედის ჩანაფიქრს, რომლის თანახმადაც ქალი კაცის მორჩილი უნდა იყოს. ქალს ეს კარგად უნდა ესმოდეს და როცა კრებაში კაცის მოვალეობას ასრულებს, თავზე უნდა დაიხუროს მიუხედავად იმისა, რომ გრძელი თმა აქვს. ასე მოქცევით ის აჩვენებს, რომ აღიარებს ღვთის მიერ დადგენილ მეთაურობის პრინციპს და იმას, რომ კარგად ესმის, რა განსხვავებაა ყოველდღიურ საქმეებსა და იმ პასუხისმგებლობებს შორის, რომლებიც შეიძლება კრებაში მაშინ დაეკისროს, როცა არ არის შესაბამისი ძმა ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. ქრისტიანი და ასე იქცევა მაშინაც, როცა ბიბლიას ასწავლის ვინმეს თავისი ქმრის ან რომელიმე ძმის თანდასწრებით (1კრ. 11:11—15).
იმის საჩვენებლად, რომ ღვთის კრებაში ქრისტიანი დები ამ წესს უნდა იცავდნენ, მოციქულ პავლეს ძლიერი არგუმენტი — ანგელოზების მაგალითი — მოჰყავს, რომლებიც არიან „მათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვისაც ღმერთი დაიხსნის“ (ებ. 1:13, 14). ეს ძლევამოსილი სულიერი ქმნილებები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ქრისტიანებმა დაიცვან თავიანთი ადგილი ღვთის ორგანიზაციაში, რათა არ შეიბღალოს თეოკრატიული წესრიგი და წმინდა თაყვანისმცემლობა (1კრ. 11:10).
ჩვენ უკეთ ჩავწვდებით, თუ რატომ მიეცათ ეს რჩევა ძველ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქალები საზოგადოებაში უთავსაფროდ თუ უჩადროდ არ ჩნდებოდნენ. მხოლოდ უზნეო ქალები გამოდიოდნენ ჩადრის გარეშე. ტაძრებში, როგორც ჩანს, წარმართი ქალები, რომლებიც მღვდელმსახურებას ეწეოდნენ, ჩადრებს იხდიდნენ, თმას იშლიდნენ და აცხადებდნენ, რომ ღვთისგან იყვნენ შთაგონებულნი. ქრისტიანულ კრებაში ასე მოქცევა სამარცხვინო იქნებოდა და დააკნინებდა იეჰოვას მიერ დადგენილ მეთაურობისა და მორჩილების პრინციპს. პავლემ თავისი მსჯელობის ბოლოს აღნიშნა, რომ თუ ვინმე დავობდა სხვა ჩვეულების გამო, კრება მაინც მის დადგენილ წესს უნდა მიჰყოლოდა ჩაცმულობასა და თავზე დაფარებასთან დაკავშირებით. ეს მითითება ქრისტიანებისთვის ყოველთვის და ყველგან იყო და არის გასათვალისწინებელი (1კრ. 11:6).
ძველი ებრაელები თავსაბურავს მარტო იმიტომ არ ატარებდნენ, რომ ის სამოსის შემადგენელი ატრიბუტი იყო. ისინი გლოვის დროსაც იბურავდნენ თავს (2სმ. 15:30; იერ. 14:3). გარდა ამისა, თავდაფარული ქალები ასე მოკრძალებასაც ავლენდნენ. როცა რებეკა ისაკს უნდა შეხვედროდა, „აიღო თავსაბურავი და ჩამოიფარა“, რითაც როგორც ჩანს, მომავალი მეუღლისადმი მორჩილება გამოხატა (დბ. 24:65; იხ. ᲗᲐᲕᲡᲐᲑᲣᲠᲐᲕᲘ; ᲛᲔᲗᲐᲣᲠᲝᲑᲐ).