გამოიკვლიეთ „ღვთის სიღრმეები“
„სული ყველაფერს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც კი“ (1 კორინთელები 2:10).
1. რომელია ის ზოგიერთი ბიბლიური საკითხი, რომლის გაგებაც ახარებთ ბიბლიის შემსწავლელებს?
მრავალი ჩვენგანი სიამოვნებით გაიხსენებდა, თუ რა სიხარული განიცადა, როცა ჭეშმარიტება გაიგო. ჩვენ გავიგეთ, თუ რატომ არის იეჰოვას სახელი მნიშვნელოვანი, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, რატომ მიდის ზოგი ადამიანი ზეცაში და რა მომავალი ელის მორჩილ ადამიანებს. ჩვენ შეიძლება ადრეც წაგვიკითხავს ბიბლია, მაგრამ, ისევე როგორც დღეს მცხოვრები მრავალი ადამიანისთვის, ასეთი საკითხები ჩვენთვისაც დაფარული იყო. ჩვენ ვგავდით იმ კაცს, რომელიც წყლის ზემოდან აკვირდება მარჯნის რიფებს. დამხმარე საშუალებების გარეშე ის დიდად ვერ დატკბება წყალქვეშა სილამაზით. მაგრამ თუ ის წყლის სათვალით ჩაყვინთავს ან სხვა რაიმე აღჭურვილობით ჩაიხედება წყალქვეშ, აღფრთოვანდება პირველად ნანახი მარჯნის რიფების ცოცხალი ფერებითა და თევზებისა თუ წყლის სხვა ბინადართა მრავალფეროვნებით. მსგავსად ამისა, როდესაც თავიდან ბიბლიის გაგებაში დაგვეხმარნენ, ჩვენ პირველად ვეზიარეთ „ღვთის სიღრმეებს“ (1 კორინთელები 2:8—10).
2. რატომ მოგვანიჭებს ღვთის სიტყვის კვლევა უსასრულო სიხარულს?
2 საკმარისია, ბიბლიის მხოლოდ ზედაპირული ცოდნით დავკმაყოფილდეთ? გამოთქმაში „ღვთის სიღრმეები“ იგულისხმება წმინდა სულის მეშვეობით ქრისტიანებისთვის გამჟღავნებული, მაგრამ სხვებისთვის დაფარული, ღვთის სიბრძნის გაგება (1 კორინთელები 2:7). ღვთის სიბრძნე უსაზღვროა, ამიტომ ჩვენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს მისი კვლევა. ჩვენ ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით ღვთის სიბრძნეს. ის სიხარული, რომელიც გამოვცადეთ მაშინ, როდესაც პირველად გავიგეთ ბიბლიის ძირითადი სწავლებები, მარადიულად გაგვყვება, თუ არასოდეს შევწყვეტთ „ღვთის სიღრმეების“ კვლევას.
3. რატომ არის საჭირო კარგად გვესმოდეს, თუ რაზეა დაფუძნებული ჩვენი მრწამსი?
3 რატომ უნდა გვესმოდეს „ღვთის სიღრმეები“? როდესაც გვესმის არა მხოლოდ ის, თუ რა გვწამს, არამედ ისიც, თუ რატომ გვწამს, ანუ რაზეა დაფუძნებული ჩვენი მრწამსი, ეს გვიმტკიცებს რწმენას და უფრო დაჯერებულს გვხდის. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გამოვიყენოთ განსჯის უნარი და ‘დავრწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი’ (რომაელები 12:1, 2). როცა გვესმის, თუ რატომ ითხოვს იეჰოვა ჩვენგან გარკვეული მოთხოვნების თანახმად ცხოვრებას, ეს უფრო მეტად აღგვძრავს, დავემორჩილოთ მას. ამიტომ, „ღვთის სიღრმეების“ ცოდნა გაგვაძლიერებს, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ უკანონობის ჩადენის ცდუნებას, და აღგვძრავს, „კარგი საქმეების მოშურნე“ ვიყოთ (ტიტე 2:14).
4. რა იგულისხმება ბიბლიის შესწავლაში?
4 შესწავლის გარეშე შეუძლებელია ღვთის სიღრმეების გაგება. მაგრამ შესწავლა მასალის ზედაპირულად წაკითხვა როდია. მასში იგულისხმება ინფორმაციის საგულდაგულოდ გაანალიზება იმის დასანახავად, თუ როგორ უკავშირდება ეს ინფორმაცია იმას, რაც ჩვენთვის უკვე ცნობილია (2 ტიმოთე 1:13). ამის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ იმ მიზეზებს, თუ რატომ არის მოყვანილი ესა თუ ის აზრი. ბიბლიის შესწავლის დროს უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შეგვიძლია ნასწავლის გამოყენება გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად და სხვების დასახმარებლად. და რადგან „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“, ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ „იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველ სიტყვას“ (2 ტიმოთე 3:16, 17; მათე 4:4). მართალია, ბიბლიის შესწავლა ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს სასიამოვნო პროცესიცაა. ამასთანავე, „ღვთის სიღრმეების“ გაგება არც ისე რთულია.
იეჰოვა ეხმარება თავმდაბლებს ღვთის სიღრმეების გაგებაში
5. ვის შეუძლია „ღვთის სიღრმეების“ გაგება?
5 იმ შემთხვევაშიც კი, თუ სკოლაში კარგი სწავლით არ გამოირჩეოდით და მეცადინეობა მაინცდამაინც არ გიყვარდათ, არ უნდა დაასკვნათ, რომ თქვენ ვერ ჩასწვდებით „ღვთის სიღრმეებს“. იესოს მიწიერი მსახურების დროს იეჰოვამ თავისი განზრახვა გაუმჟღავნა არა ბრძენებსა და ჭკვიანებს, არამედ უსწავლელ და უბრალო ადამიანებს, რომლებიც თავმდაბლობას იჩენდნენ და ქრისტესგან სწავლობდნენ. ისინი ჩვილებს ჰგავდნენ მათთან შედარებით, ვისაც განათლება სკოლებში ჰქონდათ მიღებული (მათე 11:25; საქმეები 4:13). იმის შესახებ, თუ რა „მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს“, პავლე მოციქულმა თანამორწმუნეებს მისწერა: „ღმერთმა ეს თავისი სულით გაგვიმჟღავნა, რადგან სული ყველაფერს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც კი“ (1 კორინთელები 2:9, 10).
6. რა იგულისხმება 1 კორინთელების 2:10-ში ჩაწერილ სიტყვებში?
6 როგორ იკვლევს ღვთის სული „ყველაფერს, . . ღვთის სიღრმეებსაც კი“? ნაცვლად იმისა, რომ თითოეულ ქრისტიანს ინდივიდუალურად გაუმჟღავნოს ჭეშმარიტება, იეჰოვა წმინდა სულით ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას, რათა ხალხს, რომელიც მას გაერთიანებულად ემსახურება, გააგებინოს ბიბლიური სწავლებები (საქმეები 20:28; ეფესოელები 4:3—6). მთელ მსოფლიოში ყველა კრებას ბიბლიის შესწავლის ერთი და იგივე პროგრამა აქვს, რისი წყალობითაც ისინი მთელ ბიბლიას სწავლობენ. წმინდა სული მოქმედებს კრების მეშვეობით და ეხმარება ხალხს „ღვთის სიღრმეების“ გასაგებად საჭირო თვისებების შეძენაში (საქმეები 5:32).
რა არის „ღვთის სიღრმეები“?
7. რატომ არის ბევრისთვის „ღვთის სიღრმეები“ დაფარული?
7 ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ „ღვთის სიღრმეები“ მაინცდამაინც რთული გასაგებია. „ღვთის სიღრმეები“ უმრავლესობისთვის დაფარულია არა იმიტომ, რომ ღვთის სიბრძნის შეძენა ძალიან რთულია, არამედ იმიტომ, რომ სატანას შეცდომაში შეჰყავს ხალხი, რის გამოც ისინი უარს ამბობენ დახმარებაზე, რომელსაც იეჰოვა მათ თავისი ორგანიზაციის მეშვეობით სთავაზობს (2 კორინთელები 4:3, 4).
8. ღვთის რა სიღრმეებს გულისხმობდა პავლე ეფესოელებისთვის მიწერილი წერილის მესამე თავში?
8 პავლეს მიერ ეფესოელებისთვის მიწერილი წერილის მესამე თავიდან ვიგებთ, რომ „ღვთის სიღრმეები“ მოიცავს ჭეშმარიტებას სხვადასხვა საკითხის შესახებ, რაც იეჰოვას ხალხისთვის კარგად არის ცნობილი. ამ საკითხებს შორისაა დაპირებული შთამომავლის ვინაობის დადგენა, დედამიწიდან იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც ზეცაში უნდა წავიდნენ და ჭეშმარიტება ღვთის სამეფოს შესახებ. პავლე წერდა: „სხვა თაობებში ადამიანთა ძეებისთვის არ გამხდარა ცხადი ეს საიდუმლო, როგორც ახლა გაუმჟღავნდათ სულით მის წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს, რომ უცხოტომელები თანამემკვიდრეები, ერთი სხეულის ნაწილები და დანაპირების მოზიარეები უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად . . . ქრისტე იესოსთან ერთობაში“. საკუთარ თავზე პავლემ თქვა, რომ მას დაევალა, დაენახვებინა „ადამიანებისთვის, როგორ წარიმართება წმინდა საიდუმლო, რაც უხსოვარი დროიდან იყო დაფარული . . . ღმერთში“ (ეფესოელები 3:5—9).
9. რატომ არის ჩვენთვის დიდი პატივი, გვესმოდეს „ღვთის სიღრმეები“?
9 შემდეგ პავლემ განაგრძო იმის ახსნა, რომ ღვთის ნებაში ისიც შედიოდა, რომ ‘ზეციურ მთავრობებსა და ხელისუფლებებს კრების მეშვეობით ეუწყებოდა ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე’ (ეფესოელები 3:10). ანგელოზები ბევრ რამეს სწავლობენ, როდესაც აკვირდებიან, თუ რა ბრძნულად ეპყრობა იეჰოვა ქრისტიანულ კრებას. ჩვენთვის მართლაც დიდი პატივია იმ ღრმა საკითხების გაგება, რომლებიც თავად ანგელოზებსაც კი აინტერესებთ! (1 პეტრე 1:10—12). შემდეგ პავლე ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ‘ყველა წმინდასთან ერთად ჩავწვდეთ’, რა არის ქრისტიანული რწმენის „სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე“ (ეფესოელები 3:11, 18). მოდი ახლა განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, რომლებიც დაგვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ „ღვთის სიღრმეებს“.
„ღვთის სიღრმეების“ რამდენიმე მაგალითი
10, 11. ბიბლიის თანახმად როდის გახდა იესო ღვთის ზეციერი „ქალის“ „შთამომავლობის“ მთავარი წარმომადგენელი?
10 ჩვენ ვიცით, რომ იესო დაბადების 3:15-ში მოხსენიებული ღვთის ზეციერი „ქალის“ „შთამომავლობის“ მთავარი წარმომადგენელია. უფრო მეტად რომ ჩავწვდეთ ამ საკითხს, ვუპასუხოთ შემდეგ კითხვას: როდის გახდა იესო აღთქმული შთამომავალი — ზეცაში ყოფნისას, ადამიანად დაბადებისას, მონათვლისას თუ მკვდრეთით აღდგომისას?
11 ღმერთს ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი, რომელიც წინასწარმეტყველებაში „ქალად“ არის მოხსენიებული, წარმოშობდა შთამომავალს, რომელიც თავს გაუჭეჭყავდა გველს. მაგრამ ათასწლეულების განმავლობაში ღვთის „ქალს“ არ წარმოუშვია ისეთი შთამომავალი, რომელიც გაანადგურებდა სატანას და დაამსხვრევდა მის საქმეებს. ამიტომ ესაიას წინასწარმეტყველებაში მას „უშვილო“ და „სულგამწარებული“ ეწოდება (ესაია 54:1, 5, 6). ბოლოს დადგა დრო და იესო ბეთლემში დაიბადა. მაგრამ, როცა იესო მოინათლა, სულით იშვა და ღვთის სულიერი ძე გახდა, იეჰოვამ მხოლოდ მაშინ განაცხადა: ‘ეს არის ჩემი ძე’ (მათე 3:17; იოანე 3:3). ამგვარად, ქალის „შთამომავლობის“ მთავარი წარმომადგენელი გამოჩნდა. მოგვიანებით იესოს მიმდევრებიც გახდნენ ცხებულები და იშვნენ წმინდა სულით. იეჰოვას „ქალმა“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავს „უშვილო ქალივით“ გრძნობდა, ბოლოს და ბოლოს „სიხარულით შესძახა“ (ესაია 54:1; გალატელები 3:29).
12, 13. ბიბლიის რომელი მუხლებიდან ჩანს, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცხებული ქრისტიანი „ერთგული და გონიერი მონაა“?
12 ჩვენთვის გამჟღავნებული „ღვთის სიღრმეების“ მეორე მაგალითი ეხება ღვთის განზრახვას, რომლის თანახმადაც დედამიწიდან 144 000 ადამიანი იქნებოდა არჩეული (გამოცხადება 14:1, 4). ჩვენ გავიგეთ, რომ დედამიწაზე დროის ამა თუ იმ მონაკვეთში მცხოვრები ყველა ცხებული წარმოადგენს „ერთგულ და გონიერ მონას“, რომელიც, იესოს სიტყვების თანახმად, დროულად მიაწვდიდა „საზრდოს“ თავის შინაურებს (მათე 24:45). ბიბლიის რომელი მუხლები ადასტურებს ამას? ამ სიტყვებში ხომ არ გულისხმობდა იესო ნებისმიერ ქრისტიანს, რომელიც სულიერად გააძლიერებდა თანამორწმუნეებს?
13 ღმერთმა უთხრა ისრაელ ერს: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები, . . ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე“ (ესაია 43:10). მაგრამ ახ. წ. 33 წლის 11 ნისანს იესომ უთხრა ისრაელის წინამძღოლებს, რომ ღმერთმა უარყო მათი ერი და ის მეტად აღარ იქნებოდა მისი მსახური. მან თქვა: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“. ხალხს კი უთხრა: „აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (მათე 21:43; 23:38). ერთ დროს იეჰოვას მონა, ისრაელის სახლი ახლა აღარც ერთგული იყო და აღარც გონიერი (ესაია 29:13, 14). მოგვიანებით, იმავე დღეს, როდესაც იესომ დასვა კითხვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“, მან ფაქტობრივად, იკითხა, თუ რომელი გონიერი ერი შეცვლიდა ისრაელს, რომ ღვთის ერთგული მონა გამხდარიყო. ამ კითხვას პეტრე მოციქულმა გასცა პასუხი, როდესაც ცხებულებისგან შემდგარ კრებას უთხრა: «თქვენ . . . „წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“» ხართ (1 პეტრე 1:4; 2:9). ეს სულიერი ერი, „ღვთის ისრაელი“ გახდა იეჰოვას ახალი მონა (გალატელები 6:16). ისევე, როგორც ძველად ისრაელში ყველა ერთობლივად წარმოადგენდა „მსახურს“, ასევე დედამიწაზე ამა თუ იმ დროს მცხოვრები ყველა ცხებული ქრისტიანი ერთობლივად წარმოადგენს „ერთგულ და გონიერ მონას“. ჩვენთვის მართლაც დიდი პატივია ღვთის ამ მონისგან სულიერი „საზრდოს“ მიღება!
პირადი შესწავლა სასიამოვნო პროცესია
14. რატომ მოაქვს ბიბლიის შესწავლას უფრო მეტი სიხარული, ვიდრე უბრალოდ წაკითხვას?
14 განა სასიხარულო და რწმენის განმამტკიცებელი არ არის ბიბლიიდან ახალი „სიღრმეების“ გაგება?! სწორედ ამიტომ ბიბლიის შესწავლას უფრო მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე უბრალოდ კითხვას. ასე რომ, ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვისას საკუთარ თავს ჰკითხეთ: „რით განსხვავდება ამ საკითხის ახლანდელი ახსნა ადრინდელი ახსნისგან? რომელი დამატებითი მუხლებისა და არგუმენტების გახსენება შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნის მხარდასაჭერად?“ თუ ხედავთ, რომ ამ საკითხის უფრო ღრმად გამოკვლევაა საჭირო, ჩაინიშნეთ კითხვა, რომელზეც გსურთ პასუხის მიღება, და ეს საკითხი მომდევნო პირად შესწავლაზე განიხილეთ.
15. რა საკითხები შეგიძლიათ გამოიკვლიოთ პირადი შესწავლისას, რაც თქვენთვის სასარგებლო და, ამავე დროს, სასიამოვნო იქნება?
15 რა საკითხები შეგიძლიათ გამოიკვლიოთ პირადი შესწავლისას, რაც უფრო მეტ ცოდნას შეგძენდათ და ამავე დროს, სასიამოვნოც იქნებოდა თქვენთვის? მაგალითად, შეგეძლოთ უფრო ღრმად გამოგეკვლიათ ისეთი საკითხები, როგორიცაა, ღვთის მიერ ადამიანებთან დადებული ესა თუ ის შეთანხმება. რწმენას განგიმტკიცებთ ბიბლიის რომელიმე წინასწარმეტყველური წიგნის თითოეული მუხლის განხილვა ან იმ წინასწარმეტყველებების შესწავლა, რომლებიც უკავშირდება იესო ქრისტეს. რწმენას ისიც გაგიძლიერებთ, თუ გადახედავთ იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორიას, რომელიც მოთხრობილია წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“a. გარდა ამისა, ზოგიერთ მუხლს უფრო უკეთ ჩასწვდებით, თუ გამოიკვლევთ, როგორ ირჩეოდა ისინი წინა წლებში გამოცემული „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „მკითხველთა შეკითხვები“. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მსჯელობას, რომლის საფუძველზეც კეთდება ესა თუ ის დასკვნა. ეს დაგეხმარებათ, გაიწაფოთ „აღქმის უნარი“ და განივითაროთ გამჭრიახობა (ებრაელები 5:14). შესწავლის დროს ესა თუ ის აზრი საკუთარ ბიბლიაში ან ცალკე ფურცელზე ჩაინიშნეთ, რათა შესწავლა უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც პირადად თქვენთვის, ისე მათთვისაც, ვისაც დაეხმარებით ამ საკითხების გაგებაში.
დაეხმარეთ შვილებს, რომ ბიბლიის შესწავლა მათთვის სასიამოვნო გახდეს
16. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ ბიბლიის შესწავლა მათთვის სასიამოვნო იყოს?
16 მშობლებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ იმისთვის, რომ შვილებს სულიერი მადა აღუძრან. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვებს გაუჭირდებათ „ღვთის სიღრმეების“ გაგება. დაავალეთ შვილებს ოჯახური შესწავლისთვის რომელიმე საკითხის გამოკვლევა, შემდეგ კი ჰკითხეთ, რა ისწავლეს. ოჯახური შესწავლისას გაითამაშეთ ისეთი სიტუაციები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს, ისწავლონ საკუთარი რწმენის დაცვა და იმის დამტკიცება, რომ რაც სწამთ, სწორია. გარდა ამისა, გამოიყენეთ ატლასი „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“b და ასწავლეთ მათ ბიბლიაში მოცემული გეოგრაფიული ადგილები; ამასთანავე, ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის დროს აჩვენეთ, სად ხდებოდა ესა თუ ის მოვლენა.
17. რატომ უნდა ვიყოთ გაწონასწორებულები, რომ ბიბლიის პირადმა შესწავლამ მეტისმეტად არ გაგვიტაცოს?
17 ბიბლიის პირადი შესწავლა სასიამოვნო და რწმენის განმამტკიცებელია, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ ამან ისე არ გაგვიტაცოს, რომ ხელი შეგვიშალოს კრების ყოველკვირეული შეხვედრებისთვის მომზადებაში. კრების შეხვედრები კიდევ ერთი საშუალებაა, რომელსაც იეჰოვა იყენებს იმისთვის, რომ გვასწავლოს „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი გამოკვლევები დაგვეხმარება საინტერესო კომენტარები გავაკეთოთ კრების შეხვედრებზე, მაგალითად, წიგნის შესწავლაზე ან თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ყოველკვირეული ბიბლიის კითხვის პროგრამიდან მნიშვნელოვანი აზრების განხილვისას.
18. რატომ ღირს ძალისხმევად „ღვთის სიღრმეების“ კვლევა?
18 პირადი შესწავლისას „ღვთის სიღრმეების“ კვლევა დაგეხმარებათ იეჰოვასთან დაახლოებაში. ბიბლიაში ნაჩვენებია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი შესწავლა: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც; ცოდნა იმით უპირატესობს, რომ სიბრძნესთან ერთად სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“ (ეკლესიასტე 7:12). ამიტომ, ნამდვილად ღირს, ძალისხმევა მოვახმაროთ იმას, რომ უფრო ღრმად ჩავწვდეთ სულიერ საკითხებს. ბიბლიის დაპირების თანახმად ისინი, ვინც განაგრძობენ ღვთის სიტყვის კვლევას, ‘შეიძენენ ცოდნას ღვთის შესახებ’ (იგავები 2:4, 5).
[სქოლიოები]
a იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ეს წიგნი სხვადასხვა ენაზეა ხელმისაწვდომი.
b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რა არის „ღვთის სიღრმეები“?
• რატომ არ უნდა შევწყვიტოთ „ღვთის სიღრმეების“ კვლევა?
• რის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ „ღვთის სიღრმეების“ გაგებით ყველა ქრისტიანს შეუძლია სიამოვნების მიღება?
• რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ „ღვთის სიღრმეების“ კვლევა უფრო სასარგებლო იყოს თქვენთვის?
[სურათი 28 გვერდზე]
როდის გახდა იესო აღთქმული შთამომავალი?
[სურათი 31 გვერდზე]
მშობლებს შეუძლიათ, ოჯახური შესწავლისთვის შვილებს რომელიმე საკითხის გამოკვლევა დაავალონ