ახალგაზრდებო, წინ აღუდექით წუთისოფლის სულს
„ხოლო ჩვენ მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან“ (1 კორინთელთა 2:12).
1, 2. ა) რა სხვაობას ვხედავთ წუთისოფლის ახალგაზრდებსა და იეჰოვას მოწმეთა კრებებში მყოფ ახალგაზრდებს შორის? ბ) როგორ გულითად შექებას იმსახურებს იეჰოვას მოწმე ახალგაზრდების უმეტესობა?
„ჩვენი ახალგაზრდა თაობა დამწუხრებული, უარყოფილი და მოჯანყეა“, — ნათქვამი იყო ავსტრალიურ გაზეთ „სან-ჰერალდში“ (The Sun-Herald). შემდეგ გრძელდებოდა: „როგორც სასამართლო სხდომის ოქმებიდან ჩანს, სერიოზულ თავდასხმებში მონაწილე ახალგაზრდების რიცხვი [შარშანდელთან შედარებით] 22 პროცენტით გაიზარდა. . . ბავშვების თვითმკვლელობის რიცხვი 60-იანი წლებიდან მოყოლებული გასამმაგდა. . . თაობათა შორის სხვაობა კი ნამდვილ უფსკრულად იქცა, რომელშიც ნარკოტიკებით, ალკოჰოლითა და თვითმკვლელობაზე ფიქრით თავდავიწყებული ახალგაზრდობის სულ უფრო მზარდი რაოდენობა მიექანება“. მაგრამ ასეთი სიტუაცია მხოლოდ ერთი ქვეყნით როდი შემოიფარგლება. ახალგაზრდების მდგომარეობა მთელ მსოფლიოში აწუხებს მშობლებს, მასწავლებლებსა და ფსიქიატრებს.
2 რა აშკარა სხვაობაა დღევანდელი ახალგაზრდების უმეტესობასა და იეჰოვას მოწმეთა კრებებში მყოფ ყველანაირად ჯანსაღ ახალგაზრდებს შორის! იმიტომ კი არა, რომ ისინი სრულყოფილები არიან. მათაც უწევთ ბრძოლა „ყმაწვილკაცურ გულისთქმებთან“ (2 ტიმოთე 2:22). მაგრამ, როგორც ჯგუფი, ეს ახალგაზრდები გაბედულად იკავებენ იმის მხარეს, რაც სწორია, და არ ნებდებიან წუთისოფლის ზეგავლენას. ახალგაზრდებო, სულითა და გულით გაქებთ ყველას, ვინც სატანის „მზაკვრობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებთ! (ეფესელთა 6:11). მოციქულ იოანეს მსგავსად, აღძრული ვართ გითხრათ: „თქვენ მოგწერეთ ჭაბუკნო [და ქალწულნო], რადგან ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში და სძლიეთ ბოროტს“ (1 იოანე 2:14).
3. რას შეიძლება ნიშნავდეს სიტყვა „სული“?
3 მაგრამ, ყოველთვის რომ იმარჯვებდეთ ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავგამოდებით უნდა უწევდეთ წინააღმდეგობას იმას, რასაც ბიბლია „წუთისოფლის სულს“ უწოდებს (1 კორინთელთა 2:12). ბერძნული ენის ერთი სპეციალისტის თანახმად, „სული“ შეიძლება ნიშნავდეს „განწყობილებას ან ხასიათის ჩამოყალიბებაზე მოქმედ ფაქტორს, რომელიც ეუფლება და მართავს ადამიანს“. მაგალითად, თუ ხედავთ, რომ ვიღაცას საძაგელი ხასიათი აქვს, შეგიძლიათ თქვათ, რომ ის ცუდი „სულის“ პატრონია. თქვენი „სული“ ანუ გონება-განწყობილება თქვენს არჩევანზე ახდენს გავლენას და თქვენს ქცევასა და ლაპარაკზე მოქმედებს. საინტერესოა, რომ გარკვეულ „სულს“ ავლენს როგორც ცალკეული ადამიანი, ისე ადამიანების ჯგუფი. მაგალითად, მოციქულმა პავლემ ქრისტიანების ჯგუფს მისწერა: „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან“ (ფილიმონი 25). მაშ, რომ დავაზუსტოთ, რა სულს ავლენს ეს წუთისოფელი? რადგანაც „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“, ანუ სატანა ეშმაკის ძალაუფლებაშია, შეუძლებელია, წუთისოფლის სული მარგებელი იყოს, ასე არ არის? (1 იოანე 5:19).
წუთისოფლის სულის ამოცნობა
4, 5. ა) რა სული მოქმედებდა ეფესელთა კრების წევრებზე ქრისტიანობამდე? ბ) ვინ არის „ჰაერის ძალთა მთავარი“ და რა იგულისხმება „ჰაერში“?
4 პავლემ დაწერა: „თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს. ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად“ (ეფესელთა 2:1—3).
5 ქრისტიანული გზის შეცნობამდე ეფესოში მცხოვრები ქრისტიანები „ჰაერის ძალთა მთავრის“, სატანა ეშმაკის, მიმდევრები იყვნენ, თუმცა ეს არ იცოდნენ. ამ „ჰაერში“, პირდაპირი გაგებით, სატანისა და მისი დემონების ადგილსამყოფელი არ იგულისხმება. პავლეს მიერ ამ სიტყვების დაწერის დროს სატანა ეშმაკსა და მის დემონებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ზეცაში ყოფნის უფლება (შეადარეთ იობი 1:6; გამოცხადება 12:7—12). სიტყვა „ჰაერში“ იგულისხმება სული, ანუ გონება-განწყობილება, რომელიც სატანის წუთისოფელზეა დაუფლებული (შეადარეთ გამოცხადება 16:17—21). ჩვენ გარშემო არსებული ჰაერის მსგავსად, ეს სულიც ყველგან არის.
6. რას წარმოადგენს „ჰაერის ძალები“ და როგორ ახდენს გავლენას ბევრ ახალგაზრდაზე?
6 მაგრამ რას წარმოადგენს „ჰაერის ძალები“? ეს, როგორც ჩანს, ეხება ხალხზე ამ „ჰაერის“ დიდ გავლენას. პავლემ თქვა, რომ ეს სული ‘ურჩ შვილებში მოქმედებს’. ამგვარად, წუთისოფლის სული წარმოშობს ურჩ და მოჯანყე სულს. ამ ძალების გამოვლენის ერთი მხარე თანატოლების ზეგავლენაა. „სკოლაში, — ამბობს მოწმე გოგონა, — ყოველთვის ყველა გიბიძგებს, ცოტა მოჯანყე იყო. ბავშვები უფრო მეტ პატივს გცემენ, თუ ისეთ რამეს აკეთებ, რითაც საზღვრებს სცილდები“.
წუთისოფლის სულის გამოვლენა
7—9. ა) დაასახელეთ ზოგი მხარე, რომლებითაც დღეს ახალგაზრდები წუთისოფლის სულს ავლენენ. ბ) შეგიმჩნევიათ რომელიმე მათგანი თქვენ ახლო-მახლო?
7 რით ვლინდება დღეს წუთისოფლის სული ახალგაზრდებში? მაგალითად, უპატიოსნობითა და მოჯანყეობით. როგორც ერთ-ერთი ჟურნალი იტყობინებოდა, კოლეჯის ბოლო ორი კურსის სტუდენტების 70 პროცენტზე მეტმა თქვა, რომ საშუალო სკოლაში სწავლისას იტყუებოდნენ. გავრცელებულია აგრეთვე არასერიოზული, გესლიანი და ბილწი ლაპარაკი. მართალია, ზოგჯერ იობი და მოციქული პავლე იყენებდნენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ვინმემ შეიძლება სამართლიანი აღშფოთების გამომხატველ სარკაზმად მიიჩნიოს (იობი 12:2; 2 კორინთელთა 12:13). მაგრამ გესლიანი დაცინვა, რომელიც ბევრი ახალგაზრდისგან გვესმის, ხშირად სიტყვიერი შეურაცხყოფის ტოლფასია.
8 წუთისოფლის სული უზომო გართობითაც ვლინდება. ახალგაზრდებს შორის პოპულარობით სარგებლობს ღამის კლუბები, „რეივი“a და თავაშვებული ლხინის სხვა სფეროები. ასევე გავრცელებულია უკიდურესობები ჩაცმულობასა და გარეგნობაში. ჰიპ-ჰოპის სტილის ჩაფართხუნებული ტანსაცმლითა თუ აღმაშფოთებელი ახირებით, როგორიც არის სხეულის დასახიჩრება, ბევრი დღევანდელი ახალგაზრდა წუთისოფლის მოჯანყე სულს ავლენს (შეადარეთ რომაელთა 6:16). ეს სული მატერიალურ ქონებაზე ზრუნვაშიც ვლინდება. ერთ-ერთი საგანმანათლებლო ჟურნალის თანახმად, „მარკეტერები გაუთავებლად აყრიან ბავშვებს ტექნიკური აპარატურისა და სხვა პროდუქციის უზარმაზარ არსენალს“. საშუალო სკოლის დამთავრების დროისთვის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ახალგაზრდობას 360 000 სატელევიზიო რეკლამა ექნება ნანახი. რამის ყიდვისკენ შეიძლება თანატოლებმაც გიბიძგონ. 14 წლის გოგონა ამბობს: „ყოველთვის გეკითხებიან, რა მარკის სვიტერი, ქურთუკი ან ჯინსი გაცვიაო“.
9 ბიბლიური დროიდან მოყოლებული, მავნე მუსიკა სატანის იარაღია უზნეო საქციელისკენ აღსაძვრელად (შეადარეთ გამოსვლა 32:17—19; ფსალმუნი 68:13; ესაია 23:16). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მუსიკა, რომელსაც თან ახლავს სექსუალურად მომხიბლავი — ზოგჯერ სავსებით გარკვეული — სიტყვები, ბილწსიტყვაობა და გიჟური, აღმგზნები რიტმი, პოპულარულია. კიდევ სხვა მხარე, რომლითაც ამ წუთისოფლის უწმინდური სული ვლინდება, სექსუალური უზნეობაა (1 კორინთელთა 6:9—11). „ნიუ-იორკ ტაიმზი“ იტყობინება: „ბევრი მოზარდისთვის სექსი თითქმის რიტუალი გახდა თანატოლების მიერ აღიარების მოსაპოვებლად. . . საშუალო სკოლის ბოლო კლასის მოსწავლეების ორ მესამედზე მეტს უკვე ჰქონდა სქესობრივი კავშირი“. „უოლ-სტრიტ ჯორნელის“ სტატიაში მოყვანილი მონაცემების თანახმად, 8—12 წლის ბავშვები „სექსუალურად უფრო აქტიურები ხდებიან“. სკოლის კონსულტანტი, რომელიც ახლახან პენსიაზე გავიდა, ამბობს: „უკვე რამდენიმე მეექვსე კლასელსაცb კი ვხედავთ დაფეხმძიმებულს“.
წუთისოფლის სულის უარყოფა
10. როგორ აჰყვა წუთისოფლის სულს ქრისტიანულ ოჯახებში მცხოვრები ზოგი ახალგაზრდა?
10 სამწუხაროდ, ზოგი ქრისტიანი ახალგაზრდა წუთისოფლის სულს აჰყვა. „მშობლებისა და თანაქრისტიანების წინაშე ისე ვიქცეოდი, თითქოს შესანიშნავი განწყობილება მქონდა, — აღიარებს ერთი იაპონელი გოგონა, — მაგრამ, ამავე დროს, გაორებულ ცხოვრებას ვეწეოდი“. კენიელი გოგონა ამბობს: „გარკვეული დროის მანძილზე გაორებულ ცხოვრებას ვეწეოდი, რაშიც შედიოდა: წვეულებები, როკ-მუსიკა და ცუდ მეგობრებთან ურთიერთობა. ვიცოდი, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია, იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავისთავად მოგვარდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა“. გერმანელი გოგონა ამბობს: „ყველაფერი ცუდ მეგობრებთან ურთიერთობით დაიწყო. მალე თამბაქოს წევას მივყავი ხელი. მინდოდა მშობლებისთვის მიმეყენებინა ტკივილი, მაგრამ მარტო საკუთარ თავს მივაყენე“.
11. როგორ შეძლო ქალებ იეფუნეს ძემ, არ დათანხმებოდა ბრბოს, როცა ათი მზვერავი ცუდი ცნობით დაბრუნდა?
11 მიუხედავად ამისა, წუთისოფლის სულისთვის წინააღმდეგობის გაწევა — დიახ, მისი უარყოფა — შესაძლებელია. ყურადღება მიაქციეთ ძველ დროში მცხოვრებ ქალებ იეფუნეს ძის მაგალითს. როცა ათი მშიშარა მზვერავი აღთქმული მიწის შესახებ ცუდი ცნობით დაბრუნდა, ის და იესო ნავეს ძე არ დაშინებულან და არ დათანხმებიან ბრბოს. მათ თამამად განაცხადეს: „ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზე კარგი ქვეყანაა. თუ ვუნდივართ უფალს, შეგვიყვანს მაგ ქვეყანაში და მოგვცემს მაგ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი დის“ (რიცხვნი 14:7, 8). რამ შეაძლებინა ქალებ იეფუნეს ძეს, წინ აღდგომოდა ყოველგვარ ზეგავლენას? იეჰოვამ მის შესახებ თქვა, რომ ‘სხვა სულით იყო აღვსილი’ (რიცხვნი 14:24).
„სხვა სულის“ გამოვლენა
12. რატომ არის ლაპარაკის მხრივ „სხვა სულის“ გამოვლენა მნიშვნელოვანი?
12 დღეს სიმამაცე და სიძლიერეა საჭირო, რომ გამოავლინო „სხვა სული“, ანუ გონება-განწყობილება, — სული, რომელიც წუთისოფლის სულისგან განსხვავდება. ამის ერთი საშუალება ის არის, რომ არ ილაპარაკოთ სარკასტულად, უპატივცემულოდ. საინტერესოა, რომ სიტყვა „სარკაზმი“ მომდინარეობს ბერძნული ზმნიდან, რომელიც სიტყვასიტყვით „ძაღლებივით ხორცის გაგლეჯას“ ნიშნავს (შეადარეთ გალატელთა 5:15). როგორც ძაღლი აგლეჯს კბილებით ძვალს ხორცს, ისე სარკასტულ „იუმორს“ შეუძლია პირადი ღირსების გრძნობა „ააგლიჯოს“ ვინმეს. მაგრამ კოლასელთა 3:8 მოგიწოდებთ, ‘განიშოროთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა’. იგავნის 10:19 კი ამბობს: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია“. თუ ვინმე შეურაცხყოფას გაყენებთ, იქონიეთ თავშეკავება და ‘მეორე ლოყაც მიუშვირეთ’ — მაგალითად, შეურაცხმყოფელს წყნარად და მშვიდად დაელაპარაკეთ განმარტოებით (მათე 5:39; იგავნი 15:1).
13. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის გამოვლენა?
13 „სხვა სული“ მატერიალურ ნივთებზე გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნებითაც ვლინდება. რა თქმა უნდა, სურვილი — გქონდეს კარგი ნივთები — ბუნებრივია. როგორც ჩანს, იესო ქრისტესაც კი ჰქონდა სულ მცირე ერთი ხელი ხარისხიანი სამოსელი (იოანე 19:23, 24). მაგრამ, როცა ნივთების შეძენა აკვიატებული აზრი ხდება და გაუთავებლად სთხოვთ მშობლებს იმის ყიდვას, რასაც ნამდვილად ვერ შესწვდებიან, ან როცა გინდათ, უბრალოდ, სხვა ახალგაზრდებს მიბაძოთ, წუთისოფლის სული შეიძლება უფრო მეტად უფლობდეს თქვენზე, ვიდრე შეგნებული გაქვთ. ბიბლია ამბობს: „ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის“. დიახ, ნუ დაემორჩილებით წუთისოფლის სულს, რომელიც მატერიალიზმისკენ არის მიდრეკილი! ისწავლეთ იმას დასჯერდეთ, რაც გაქვთ (1 იოანე 2:16; 1 ტიმოთე 6:8—10).
14. ა) როგორ აჩვენა ესაიას დროს მცხოვრებმა ღვთის ხალხმა, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი არ ჰქონდათ გართობაზე? ბ) რა საფრთხეს გადაეყარა ზოგი ქრისტიანი ახალგაზრდა ღამის კლუბებსა და ღრეობებში?
14 აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ გართობას თავისი ადგილი ჰქონდეს. წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა: „ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან! ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ“ (ესაია 5:11, 12). სამწუხაროდ, ზოგი ქრისტიანი ახალგაზრდა მსგავსმა ღრეობებმა გაიტაცა. როცა ქრისტიანი ახალგაზრდების ჯგუფს სთხოვეს აეხსნათ, რა ხდება ახალგაზრდულ ღამის კლუბებში, ერთმა დამ თქვა: „ყოველთვის ჩხუბობენ. ხშირად მეც მათ შორის ვიყავი“. ძმამ დაამატა: „სმა, თამბაქოს წევა და მსგავსი რამ“. სხვა ახალგაზრდა ძმამ აღიარა: „ხალხი თვრება. იდიოტებივით იქცევიან! ნარკოტიკებსაც იყენებენ. ბევრი ცუდი რამ ხდება. თუ იქ მიდიხართ და ფიქრობთ, რომ ეს არ იმოქმედებს თქვენზე, ძალიან ცდებით“. ამიტომ ბიბლია ტყუილად არ იხსენიებს „ხორცის საქმეებში“ ლოთობასა და გაუმაძღრობას, ანუ „ღრეობას“ (გალატელთა 5:19—21, ბაინგტონის თარგმანი; რომაელთა 13:13).
15. გართობასთან დაკავშირებით რა გაწონასწორებულ თვალსაზრისს გვთავაზობს ბიბლია?
15 მავნე გართობისთვის თავის არიდება არ წაგართმევთ სიხარულს ცხოვრებაში. ჩვენ თაყვანს ვცემთ „ნეტარ ღმერთს“ (სსგ), რომელსაც სურს, რომ იხაროთ ახალგაზრდული წლებით! (1 ტიმოთე 1:11; ეკლესიასტე 11:9). მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს: „ლხინის (ანუ დროს ტარების) მოყვარული კაცი გაღატაკდება“ (იგავნი 21:17). დიახ, თუ გართობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს თქვენს ცხოვრებაში, სულიერად გაღატაკდებით. ამიტომ გართობის არჩევისას იხელმძღვანელეთ ბიბლიური პრინციპებით. იმისთვის, რომ იხაროთ, ბევრი საშუალება არსებობს, რომლებიც თქვენთვის დამანგრეველი კი არა, აღმშენებლობითი იქნებაc (ეკლესიასტე 11:10).
16. როგორ შეუძლიათ ქრისტიან ახალგაზრდებს იმის ჩვენება, რომ სხვებისგან განსხვავდებიან?
16 ჩაცმულობასა და გარეგნობაში მოკრძალების გამოვლენითა და წუთისოფლისთვის დამახასიათებელი ახირებულობის უარყოფითაც გამოჩნდება, რომ სხვებისგან განსხვავდებით (რომაელთა 12:2; 1 ტიმოთე 2:9). იმავეს მაჩვენებელი იქნება მუსიკის არჩევისას გარჩევის უნარის გამოვლენაც (ფილიპელთა 4:8, 9). „მაქვს ისეთი მუსიკა, რომელზეც ვიცი, რომ გადასაგდებია, — აღიარებს ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი, — მაგრამ ძალიან სასიამოვნო მოსასმენია!“. სხვა მოზარდმაც მსგავსი რამ აღიარა: „ჩემთვის მუსიკა მახეა, რადგან ძალიან მიყვარს. თუ მასში ცუდ რამეს ვხედავ ან მშობლები ცდილობენ დამანახვონ ეს, მართლა ძალა უნდა დავატანო გონებას, რომ მითითება გულამდე მივიტანო, რადგან ეს მუსიკა მთელი გულით მიყვარს“. ახალგაზრდებო, ნუ დაუშვებთ, რომ ‘სატანის ზრახვები უცნობი’ იყოს თქვენთვის! (2 კორინთელთა 2:11). მუსიკის გამოყენებით ის ცდილობს, ქრისტიანი ახალგაზრდები იეჰოვას ჩამოაშოროს! საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში არის სტატიები, რომლებშიც განხილულია „რეპი“, „ჰევი-მეტალი“ და ალტერნატიული როკ-მუსიკაd. მაგრამ ეს პუბლიკაციები ვერ გაუკეთებს კომენტარს მუსიკის ყველა იმ ახალ ფორმასა და სტილს, რომლებიც შეიძლება ასეთივე იყოს. ამიტომ მუსიკის არჩევისას გამოიყენეთ „გონიერება“ და „გამჭრიახობა“ (აქ) (იგავნი 2:11).
17. ა) რა არის „პორნეია“ და რას მოიცავს ის? ბ) რა არის ღვთის ნება, როცა საკითხი ზნეობრიობას ეხება?
17 ბოლოს, ზნეობრივი სიწმინდე უნდა შეინარჩუნოთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18). სიძვა მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „პორნეია“, რომელიც ეხება ყველანაირ უკანონო სქესობრივ კავშირს, მათ შორის სასქესო ორგანოებზე განზრახ შეხებას მეუღლის გარდა სხვა ვინმესთან ურთიერთობის დროს. ამაში შედის ორალური სექსი და სასქესო ორგანოებზე ალერსი. ბევრი ქრისტიანი ახალგაზრდა გაიტაცა ასეთმა საქციელმა, რადგან ფიქრობდნენ, რომ, სინამდვილეში, სიძვას არ სჩადიოდნენ. მაგრამ ღვთის სიტყვა გასაგებად ამბობს: „ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით“ (1 თესალონიკელთა 4:3, 4).
18. ა) როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, თავი აარიდონ წუთისოფლის სულით წაბილწვას? ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
18 დიახ, იეჰოვას დახმარებით შეგიძლიათ თავი აარიდოთ წუთისოფლის სულით წაბილწვას (1 პეტრე 5:10). მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სატანა ნიღბავს თავის მომაკვდინებელ მახეებს, და ზოგჯერ ნამდვილი გამჭრიახობაა საჭირო საშიშროების დასანახავად. შემდეგი სტატია იმისთვის მომზადდა, რომ ახალგაზრდებს გრძნობების გაწაფვაში დაეხმაროს.
[სქოლიოები]
a საცეკვაო შეკრება, რომელიც, ჩვეულებრივ, მთელი ღამე გრძელდება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ «ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს . . . უვნებელი გართობაა „რეივი“?» (1998 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“).
b დაახლოებით 11 წლის ბავშვები.
c რჩევებისთვის იხილეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — სასარგებლო რჩევები“, გვერდები 296—303 (რუს.).
d იხილეთ ბროშურა „სასწავლო სტატიები“ №1.
გასამეორებელი კითხვები
◻ რა არის „წუთისოფლის სული“ და როგორ გავლენას ახდენს ის ხალხზე?
◻ რით ავლენენ დღეს ახალგაზრდები წუთისოფლის სულს?
◻ როგორ შეუძლია ქრისტიან ახალგაზრდობას „სხვა სულის“ გამოვლენა ლაპარაკსა და გართობასთან დაკავშირებით?
◻ როგორ შეუძლია ქრისტიან ახალგაზრდობას „სხვა სულის“ გამოვლენა ზნეობრიობასა და მუსიკასთან დაკავშირებით?
[სურათი 9 გვერდზე]
ბევრი ახალგაზრდა საქციელით აჩვენებს, რომ წუთისოფლის სულის „ძალებს“ ემორჩილება.
[სურათი 10 გვერდზე]
მუსიკის არჩევისას გარჩევის უნარი გამოავლინეთ.
[სურათი 11 გვერდზე]
წუთისოფლის სულისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სიმამაცეა საჭირო.