ქალი
განმარტება: მდედრობითი სქესის სრულწლოვანი ადამიანი. ებრაულად „იშშა“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „დედაკაცს“.
ამცირებს ბიბლია ქალის როლს?
დაბ. 2:18: «შემდეგ თქვა იეჰოვა ღმერთმა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“» (აქ არ არის ნათქვამი, რომ ღმერთი მამაკაცს უპირატესობას ანიჭებს. ღმერთმა თქვა, რომ ქალი თავისი თვისებებით მამაკაცს შეავსებდა. ამრიგად, ქალი და მამაკაცი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული თვისებებითა და უნარით, რითაც ავსებენ ერთმანეთს. შეადარეთ 1 კორინთელების 11:11, 12).
დაბ. 3:16: «ქალს კი უთხრა [ღმერთმა]: „ . . .ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“» (ეს სიტყვები ღმერთმა ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ წარმოთქვა. ამით მას არ უთქვამს, რომ მამაკაცი ასე უნდა მოქცეულიყო. ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა, თუ რა მოჰყვებოდა შედეგად ცოდვილ ადამიანთა ეგოიზმს. ბიბლიაში ჩაწერილი რამდენიმე შემთხვევიდან კარგად ჩანს, რომ მამაკაცის ქალზე ბატონობას არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება. მაგრამ ბიბლია არ ამბობს, რომ ღმერთი იწონებდა ამას ან ასეთი საქციელი სამაგალითო უნდა ყოფილიყო სხვებისთვის).
ამცირებს ქალს ის, რომ ოჯახისთავი მამაკაცია?
მეთაურის ყოლა დამამცირებელი არ არის. მეთაურობა ხელს უწყობს სხვადასხვა საკითხის სათანადოდ მოწესრიგებას. იეჰოვა „უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“ (1 კორ. 14:33). იესო ქრისტე იეჰოვა ღმერთს ემორჩილება და მას ეს დიდ სიხარულს ანიჭებს (იოან. 5:19, 20; 8:29; 1 კორ. 15:27, 28).
მამაკაცს ევალება მეთაურობა ოჯახსა და ქრისტიანულ კრებაში. მართალია კაცი ქალის თავია, მაგრამ ღმერთს აბსოლუტური ძალაუფლება არ მიუცია მისთვის. მამაკაცი პასუხს აგებს იესო ქრისტესა და ღვთის წინაშე იმაზე, თუ როგორ ასრულებს თავის პასუხისმგებლობას (1 კორ. 11:3). გარდა ამისა, ბიბლია ქმრებს მოუწოდებს, ‘საკუთარი სხეულებივით უყვარდეთ ცოლები’ და ‘პატივი მიაგონ მათ’ (ეფეს. 5:28; 1 პეტ. 3:7). ცოლ-ქმარს შორის სქესობრივ ურთიერთობაში კაცის სურვილს უპირატესობა არ ენიჭება (1 კორ. 7:3, 4). ბიბლია ჯეროვნად აფასებს „მარჯვე ცოლის“ როლს ოჯახურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას ბევრ საკითხში შეუძლია ინიციატივის გამოვლენა, ისე რომ პატივი სცეს ქმრის მეთაურობას (იგავ. 31:10—31). ბიბლია მოუწოდებს ბავშვებს, რომ დაემორჩილონ როგორც მამებს, ისე დედებს (ეფეს. 6:1—3). მასში ყურადღება მახვილდება ქვრივების საჭიროებებზე (იაკ. 1:27). ამიტომ ქრისტიანულ კრებაში ქალებს აფასებენ, ისინი არ გრძნობენ თავს დამცირებულად და ბედნიერნი არიან იმით, რასაც აკეთებენ.
იეჰოვა თავისი ერთგული სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ ორგანიზაციას ქალს, ცოლს და თავისი ვაჟების დედას უწოდებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ღმერთი პატივს სცემს ქალის ღირსეულ როლს (გამოცხ. 12:1; გალ. 4:26). გარდა ამისა, სულითცხებულ ქრისტიანთაგან შემდგარ კრებას ბიბლია იესო ქრისტეს პატარძალს უწოდებს (გამოცხ. 19:7; 21:2, 9). ქრისტესთან ერთად ზეციერ სამეფოში მმართველობისთვის ღმერთი ირჩევს როგორც კაცებს, ისე ქალებს, და ამ მხრივ მათ ერთმანეთისგან არ ანსხვავებს (გალ. 3:26—28).
უნდა მონაწილეობდნენ ქალები ღვთისმსახურებაში?
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, კრებაში ხელმძღვანელობა მამაკაცებს ევალებოდათ. იესო ქრისტეს 12-ვე მოციქული მამაკაცი იყო და მოგვიანებით ქრისტიანულ კრებებში მამაკაცები ინიშნებოდნენ ზედამხედველებად და მომსახურეებად (მათ. 10:1—4; 1 ტიმ. 3:2, 12). ქალებს ბიბლია ურჩევს, კრების შეხვედრებზე ‘ხმის ამოუღებლივ ისწავლონ, სრული მორჩილებით’, ანუ ამა თუ იმ საკითხის წამოჭრით არ დაუპირისპირდნენ მამაკაცებს კრებაში. ასეთ შეხვედრებზე ქალებმა ‘არ უნდა ილაპარაკონ’, თუ მათ სიტყვებში დაუმორჩილებლობა გამოვლინდება (1 ტიმ. 2:11, 12; 1 კორ. 14:33, 34). მიუხედავად იმისა, რომ ქალებს დიდი წვლილი შეაქვთ კრების საქმიანობაში, კრების სწავლება და ხელმძღვანელობა მათ არ ევალებათ, როცა არიან შესაფერისი ძმები.
თუ არ ჩავთვლით კრების შეხვედრებს, შეიძლება, რომ ქალი იყოს მქადაგებელი, მასწავლებელი და სასიხარულო ცნობის მსახური? ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული გადავიდა როგორც კაცებზე, ისე ქალებზე. ამ მოვლენის ასახსნელად პეტრე მოციქულმა მოიყვანა ციტატა იოელის 2:28, 29-დან: „ბოლო დღეებში, — ამბობს ღმერთი, — გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ, თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს და ისინიც იწინასწარმეტყველებენ“ (საქ. 2:17, 18). ქალები დღესაც მონაწილეობენ ქრისტიანულ მსახურებაში, ქადაგებენ კარდაკარ და ატარებენ ბიბლიის შესწავლებს (იხილეთ აგრეთვე ფსალმუნის 68:11; ფილიპელების 4:2, 3).
რატომ მართებთ ქრისტიან ქალებს გარკვეულ შემთხვევებში თავსაბურავის დაფარება?
1 კორ. 11:3—10: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია . . . ყოველი ქალი, რომელიც თავდაუხურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს არცხვენს . . . კაცმა არ უნდა დაიფაროს თავზე, რადგან ღვთის ანარეკლი და დიდებაა იგი, ქალი კი კაცის დიდებაა. კაცი კი არ არის ქალისგან, არამედ ქალი — კაცისგან და კაცი კი არ შექმნილა ქალისთვის, არამედ ქალი — კაცისთვის. ამიტომ ქალს ძალაუფლების ნიშანი უნდა ჰქონდეს თავზე ანგელოზებისთვის“ (სათანადო დროს თავსაბურავის დაფარებით ქრისტიანი ქალი პატივისცემას ავლენს ღვთის მიერ დადგენილი მეთაურობისადმი. ქრისტე პატივისცემით ეკიდება მეთაურობის თეოკრატიულ პრინციპს და ცხადია, რომ იგივე მოეთხოვებათ როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. პირველი ადამიანი, ადამი, ღმერთმა შექმნა, ის ქალისგან არ შობილა. ღმერთმა ევა ადამის ნეკნისგან შექმნა. ღვთის სიტყვების თანახმად, ის ადამის დამხმარე უნდა ყოფილიყო. მამაკაცს, რომელიც ღმერთმა ევამდე შექმნა, მეთაურობა დაეკისრა. ‘ლოცვის ან წინასწარმეტყველების’ დროს მამაკაცს არ უნდა ეფაროს თავზე, რადგან ის, როგორც მეთაური, „ღვთის ანარეკლია“ — ოჯახში მას არ ჰყავს ხელმძღვანელი. ხოლო ქალი, რომელიც „თავდაუხურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს“, უპატივცემულობას ავლენს მამაკაცის, როგორც ღვთის მიერ დანიშნული მეთაურის, მიმართ და არცხვენს მას. ერთგულ ქრისტიან ქალებზე ამ „ძალაუფლების ნიშანს“ ხედავენ ანგელოზებიც, რომლებიც ცოლთან შედარებული ზეციერი ორგანიზაციის წევრები არიან. ეს მათ შეახსენებს იმას, რომ უნდა ემორჩილებოდნენ იეჰოვას).
როდის უნდა დაიფაროს ქალმა თავსაბურავი?
როგორც 1 კორინთელების 11:5-შია ნათქვამი, როცა „ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას თავსაბურავის დაფარება მართებს პირადი ლოცვის დროს ან მაშინ, როცა სხვებს ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესახებ ესაუბრება. როცა ისეთ რამეს აკეთებს, რაც თაყვანისმცემლობას უკავშირდება და რასაც, ჩვეულებრივ, მისი მეუღლე ან სხვა მამაკაცი უნდა აკეთებდეს, მან უნდა დაიფაროს თავსაბურავი იმის ნიშნად, რომ პატივს სცემს მეთაურობის პრინციპს. თუ მეუღლის თანდასწრებით ხმამაღლა ლოცულობს ან ბიბლიის შესწავლას ატარებს და, ამგვარად, ასწავლის სხვას, მან უნდა დაიფაროს თავსაბურავი, თუნდაც მეუღლე არ იზიარებდეს მის რწმენას. მაშინ კი, როცა მას ქმრის დაუსწრებლად უწევს თავის მოუნათლავ ბავშვებთან ლოცვა ან შესწავლის ჩატარება, შეუძლია არ დაიფაროს თავზე, რადგან ბავშვების სწავლება ღვთისგან დაკისრებული მისი მოვალეობაა. თუ გამონაკლის შემთხვევებში ის მონათლული ძმის, მათ შორის მიმომსვლელი ზედამხედველის, თანდასწრებით წინასწარ დაგეგმილ ბიბლიის შესწავლას ატარებს, მან უნდა დაიფაროს თავსაბურავი, თუმცა ლოცვით ძმა მიმართავს იეჰოვას.
მისაღებია ქალისთვის კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება და სამკაულების ტარება?
1 პეტ. 3:3, 4: „თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა თუ ჩაცმულობაში, არამედ იყოს შინაგან ადამიანში, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით“ (ნიშნავს ეს იმას, რომ ქალებმა საერთოდ არ უნდა ატარონ სამკაულები? არა. ამ მუხლებში ჩაცმულობაცაა მოხსენიებული, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მათ არაფერი არ უნდა ჩაიცვან. აქ ბიბლია ქალებს მოუწოდებს, გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდეთ გარეგნობასა და ჩაცმულობაზე, და უპირატესობა სულიერ სილამაზეს მიანიჭონ).
1 ტიმ. 2:9, 10: „მსურს, რომ ქალების მშვენება იყოს არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში, ისე, როგორც შეეფერებათ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან, კერძოდ, კარგი საქმეებით“ (რას უფრო აფასებს ღმერთი — ადამიანის გულს თუ გარეგნობას? დავუშვათ, ქალი უზნეოდ ცხოვრობს, მაგრამ საერთოდ არ იყენებს კოსმეტიკურ საშუალებებს და არ ატარებს სამკაულებს. მოიწონებს მას ღმერთი? განა არ დააფასებს ის ქალს, რომელიც ამ საკითხში მოკრძალებასა და საღ აზროვნებას ავლენს და ძირითად ყურადღებას ღვთისმოსაწონ თვისებებსა და საქციელზე ამახვილებს? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ [1 სამ. 16:7]).
იგავ. 31:30: „მომხიბვლელობა შეიძლება მატყუარა იყოს, სილამაზე — ამაო, იეჰოვას მოშიში ქალი კი ქებას იმსახურებს“.