სასწავლო სტატია 49
მკვდრეთით აღდგომის უტყუარი იმედი
„მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქ. 24:15).
სიმღერა 151 ის დაიძახებს
მოკლე შინაარსიa
1, 2. რისი იმედი აქვთ ღვთის მსახურებს?
იმედი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველა სხვადასხვა იმედით სულდგმულობს. ზოგს ბედნიერი ოჯახის შექმნა სურს, ზოგსაც — ჯანმრთელი პატარების ყოლა, ზოგს კი, ვისაც მძიმე დაავადება აქვს, მისი დამარცხება სურს. შესაძლოა მსგავსი იმედები არც ჩვენთვისაა უცხო. თუმცა არსებობს აღმატებული იმედი, რომელსაც ვერაფერი შეედრება — იმედი იმისა, რომ ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიანები, მათ შორის ისინი, ვინც დღეს აღარ არიან ცოცხლები, უსასრულო სიცოცხლითა და ბედნიერი მომავლით გავიხარებთ!
2 მოციქულმა პავლემ თქვა: „მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქ. 24:15). თუმცა პავლე არ იყო პირველი, ვისაც მკვდრეთით აღდგომის იმედი გააჩნდა. ამის იმედი იობსაც ჰქონდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი გაიხსენებდა მას და სიცოცხლეს დაუბრუნებდა (იობ. 14:7—10, 12—15).
3. რა მხრივ წაგვადგება 1 კორინთელების მე-15 თავის განხილვა?
3 მკვდრეთით აღდგომა ერთ-ერთი ბიბლიური მოძღვრებაა, რომელიც ქრისტიანული მრწამსის საძირკველს ქმნის (ებრ. 6:1, 2). მოციქული პავლე მკვდრეთით აღდგომის შესახებ 1 კორინთელების მე-15 თავში მსჯელობს. მისი სიტყვები უდავოდ გაამხნევებდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს. ამ სიტყვებს შესწევს ძალა, ჩვენც გაგვამხნეოს და განგვიმტკიცოს მკვდრეთით აღდგომის იმედი.
4. რა გვარწმუნებს, რომ კვლავ ვიხილავთ საყვარელ მიცვალებულებს?
4 ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა გვიმტკიცებს იმედს, რომ კვლავ ვიხილავთ ჩვენს საყვარელ მიცვალებულებს. „სასიხარულო ცნობა“, რომელიც პავლემ აუწყა კორინთელებს, სწორედ ამ იმედს შეიცავდა (1 კორ. 15:1, 2). პავლემ აღნიშნა, რომ თუკი ქრისტიანს არ სწამდა მკვდრეთით აღდგომის, მისი რწმენა ფუჭი იყო (1 კორ. 15:17). იესოს მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა ქრისტიანული მრწამსის ქვაკუთხედია.
5, 6. რა მხრივაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი 1 კორინთელების 15:3, 4-ში ჩაწერილი სიტყვები?
5 პავლე თავისი მსჯელობის დასაწყისში სამ მნიშვნელოვან აზრს შეეხო: 1) „ქრისტე, . . ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა“, 2) „დაკრძალულ იქნა“ და 3) „წმინდა წერილების თანახმად, მესამე დღეს აღდგა“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:3, 4).
6 რა მხრივაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეს სამი აზრი? როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, მესია „აღარ [იქნებოდა] ცოცხალთა შორის“, მას ბოროტებთან გაუმზადებდნენ სამარხს და მრავალთა ცოდვას იტვირთავდა. სწორედ ამას მოემსახურა იესოს გამოსასყიდი (ეს. 53:8, 9, 12; მათ. 20:28; რომ. 5:8). ის ფაქტი, რომ იესო მოკვდა, დაიკრძალა და მკვდრეთით აღდგა, სწორედ ისე, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, გვიმტკიცებს იმედს, რომ თავს დავაღწევთ ცოდვასა და სიკვდილს და კვლავ ვიხილავთ ჩვენს საყვარელ მიცვალებულებს.
უამრავი მოწმე
7, 8. რა გვარწმუნებს იმაში, რომ იესო ნამდვილად აღდგა?
7 ვინაიდან მკვდრეთით აღდგომის იმედი ემყარება იესოს მკვდრეთით აღდგომის ფაქტს, მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ იგი იეჰოვამ ნამდვილად აღადგინა მკვდრეთით. რა გვარწმუნებს იმაში, რომ ეს მართლა მოხდა?
8 იესოს მკვდრეთით აღდგომას უამრავი მოწმე ჰყავდა (1 კორ. 15:5—7). პირველი თვითმხილველი, რომელიც პავლემ მოიხსენია, მოციქული პეტრე (კეფა) იყო. ის, რომ პეტრემ მკვდრეთით აღმდგარი იესო იხილა, სხვა მოწაფეებმაც დაადასტურეს (ლუკ. 24:33, 34). პავლემ ისიც აღნიშნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო თორმეტივე მოციქულმა ნახა, შემდეგ კი ის 500-ზე მეტმა მოწაფემ ერთდროულად იხილა. როგორც მათეს 28:16—20-დან ვიგებთ, ეს შესაძლოა მაშინ მოხდა, როცა მოწაფეები ერთად იყვნენ შეკრებილნი გალილეაში. იესო იაკობს, სავარაუდოდ, თავის ნახევარძმასაც, ეჩვენა, რომელსაც მის სიცოცხლეში არ სწამდა იგი (იოან. 7:5). მაგრამ მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღმდგარი იესო იხილა, იაკობი დარწმუნდა, რომ ის მესია იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ახ. წ. 55 წელს, როცა პავლემ კორინთელებს ეს წერილი მისწერა, იესოს მკვდრეთით აღდგომის ბევრი თვითმხილველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ასე რომ, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ამაში, შეეძლო უშუალოდ მათთან გადაემოწმებინა ეს ფაქტი.
9. საქმეების 9:3—5-ის თანახმად, კიდევ რომელი შემთხვევა მოწმობს იესოს მკვდრეთით აღდგომაზე?
9 მოგვიანებით იესო პავლესაც ეჩვენა (1 კორ. 15:8). პავლე (სავლე) დამასკოში მიდიოდა, როცა მას მკვდრეთით აღმდგარი იესოს ხმა ჩაესმა და მისი ზეციური დიდება იხილა (წაიკითხეთ საქმეების 9:3—5). ეს შემთხვევაც მოწმობს იმაზე, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომა არაა გამოგონილი ამბავი (საქ. 26:12—15).
10. რისკენ აღძრავდა მოციქულ პავლეს რწმენა იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ?
10 პავლეს მოწმობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ერთ დროს ქრისტიანების მდევნელი იყო. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ იესო ნამდვილად აღდგა მკვდრეთით, იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ სხვებიც დაერწმუნებინა ამაში. სწორედ ამ რწმენის დამსახურება იყო, რომ პავლე უშიშრად ქადაგებდა მკვდრეთით აღმდგარი იესოს შესახებ და არ აშინებდა არც გაჯოხვა, არც პატიმრობა და არც ხომალდის მსხვრევა (1 კორ. 15:9—11; 2 კორ. 11:23—27). პავლეს იესოს მკვდრეთით აღდგომის იმდენად მტკიცედ სწამდა, რომ სიკვდილსაც არ უშინდებოდა. განა ამდენი თვითმხილველის მოწმობა არაა თქვენთვის იმის სარწმუნო მტკიცებულება, რომ იესო ნამდვილად აღდგა?! ნუთუ არ განგიმტკიცდათ რწმენა, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი რეალურია?!
პავლე აბათილებს მცდარ თვალსაზრისს
11. რატომ განუვითარდა ზოგ კორინთელ ქრისტიანს მცდარი თვალსაზრისი მკვდრეთით აღდგომის თაობაზე?
11 კორინთელ ქრისტიანთაგან ზოგს მცდარი თვალსაზრისი ჰქონდა მკვდრეთით აღდგომის თაობაზე. ზოგი ამბობდა, „არ იქნებაო მკვდრეთით აღდგომა“ (1 კორ. 15:12). როგორც ჩანს, ზოგ კორინთელს მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა ათენელმა ფილოსოფოსებმა შეურყიეს, რომლებსაც სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ იესოს მკვდრეთით აღდგომა (საქ. 17:18, 31, 32). ზოგი კი შესაძლოა იმას ფიქრობდა, რომ მოძღვრებას მკვდრეთით აღდგომის შესახებ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. კერძოდ, მათ მიაჩნდათ, რომ „მკვდრები“ იყვნენ, როცა ცოდვებს სჩადიოდნენ და „გაცოცხლდნენ“, როცა ქრისტეს მიმდევრები გახდნენ. რა მიზეზითაც არ უნდა უარეყოთ მკვდრეთით აღდგომის იმედი, ერთი რამ ცხადია: ამ იმედის გარეშე მათი რწმენა ფუჭი იყო. თუკი ღმერთს არ ჰყავდა იესო აღდგენილი, ეს იმას ნიშნავდა, რომ არც გამოსასყიდი იყო გადახდილი და ყველანი ისევ ცოდვილები იყვნენ. ამგვარად, მკვდრეთით აღდგომის იმედის გარეშე დარჩენილნი სრულიად უიმედო მდგომარეობაში იყვნენ (1 კორ. 15:13—19; ებრ. 9:12, 14).
12. 1 პეტრეს 3:18, 22-ის თანახმად, რით განსხვავდებოდა იესოს მკვდრეთით აღდგომა მანამდე მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებისგან?
12 პავლე პირადად დარწმუნდა იმაში, რომ „ქრისტე აღდგა მკვდრეთით“. ეს მკვდრეთით აღდგომა განსხვავდებოდა მანამდე მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებისგან, რადგან ყველა, ვინც იესოს აღდგომამდე აღდგა დედამიწაზე, ისევ დაიხოცა. პავლემ თქვა, რომ იესო იყო „პირველი ნაყოფი განსვენებულთა შორის“. რა გაგებით იყო იგი „პირველი ნაყოფი“? იესო იყო დედამიწაზე მცხოვრებთაგან პირველი, რომელიც აღდგა როგორც სულიერი ქმნილება და ზეცად ამაღლდა (1 კორ. 15:20; საქ. 26:23; წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:18, 22).
„გაცოცხლდება ყველა ქრისტეს წყალობით“
13. რა შედეგი მოუტანა კაცობრიობას ადამის ცოდვამ და იესოს სიკვდილმა?
13 როგორ გაცოცხლდება მილიონობით ადამიანი ერთი კაცის სიკვდილის წყალობით? პავლე ამ კითხვაზე ლოგიკურ პასუხს გვცემს. ის ერთმანეთთან ადარებს შედეგებს, რომლებიც ადამის ცოდვამ და ქრისტეს სიკვდილმა მოუტანა კაცობრიობას. ადამზე მან თქვა: „ერთმა ადამიანმა მოიტანა სიკვდილი“. ადამმა ჩადენილი ცოდვის შედეგად უბედურება დაიტეხა თავს და თავისი შთამომავლებიც გააუბედურა. ჩვენ დღემდე ვიწვნევთ მისი ურჩობის სავალალო შედეგებს. რისი თქმა შეიძლება ქრისტეზე? პავლე დასძენს, რომ „ერთი ადამიანის [იესოს] მეშვეობით იქნება მკვდრეთით აღდგომა; როგორც ადამის გამო კვდება ყველა, ისე გაცოცხლდება ყველა ქრისტეს წყალობით“ (1 კორ. 15:21, 22).
14. გაცოცხლდება ადამი? ახსენით.
14 რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში „ადამის გამო კვდება ყველა“? პავლეს მხედველობაში ჰყავდა ადამის შთამომავლები, რომლებმაც მისგან მემკვიდრეობით მიიღეს არასრულყოფილება, ცოდვა და სიკვდილი (რომ. 5:12). ადამი არ გაცოცხლდება; ქრისტეს გამოსასყიდი მის ცოდვას ვერ გადაფარავს, რადგან ის სრულყოფილი მამაკაცი იყო, რომელმაც განზრახ შესცოდა. ადამიც მათ ბედს გაიზიარებს, ვისაც „კაცის ძე“ „თხებად“ ჩათვლის და ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებს (მათ. 25:31—33, 46; ებრ. 5:9).
15. ვინ შედის „ყველაში“, ვინც გაცოცხლდება?
15 ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ პავლემ თქვა: „გაცოცხლდება ყველა ქრისტეს წყალობით“ (1 კორ. 15:22). პავლემ თავისი წერილი კორინთელ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა, რომლებიც ზეცაში საცხოვრებლად აღდგებოდნენ. პავლემ მათ უთხრა: „ღმერთმა ქრისტე იესოსთან გაგაერთიანათ და ამგვარად განგწმინდათ, წმინდებად აგირჩიათ“. შემდეგ მან ისინიც მოიხსენია, „ვინც განისვენეს ქრისტესთან ერთობაში“ (1 კორ. 1:2; 15:18; 2 კორ. 5:17). პავლემ საკუთარ თავსა და თანაქრისტიანებზე თავის ერთ-ერთ წერილში ისიც თქვა, რომ თუკი მსგავსი სიკვდილი აერთიანებდათ ქრისტესთან, მაშინ მსგავსი აღდგომაც გააერთიანებდათ (რომ. 6:3—5). ქრისტე აღდგა როგორც სულიერი ქმნილება და ზეცად ამაღლდა. იმავეს თქმა შეიძლება ყველაზე, „ვინც ქრისტესთან ერთობაშია“ ანუ ყველა სულით ცხებულ ქრისტიანზე.
16. რატომ მოიხსენია პავლემ იესო „პირველ ნაყოფად განსვენებულთა შორის“?
16 პავლემ დაწერა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იყო „პირველი ნაყოფი განსვენებულთა შორის“. მართალია, ღმერთმა ლაზარეს და სხვებსაც დაუბრუნა სიცოცხლე, მაგრამ იესო იყო პირველი, რომელიც ღმერთმა აღადგინა როგორც სულიერი ქმნილება და მარადიული სიცოცხლე უბოძა. იგი შეიძლება შევადაროთ იმ პირველ ნაყოფს, რომელსაც ისრაელები სწირავდნენ ღმერთს. უფრო მეტიც, პავლეს მიერ იესოს „პირველ ნაყოფად“ მოხსენიება იმაზე მოწმობდა, რომ მოგვიანებით მას სხვებიც შეუერთდებოდნენ ზეცაში საცხოვრებლად. ამგვარად, მათ ქრისტესთან მსგავსი აღდგომაც გააერთიანებდა.
17. როდის მიიღებდნენ ზეციურ ჯილდოს „ქრისტესთან ერთობაში“ მყოფნი?
17 როდესაც პავლემ ეს წერილი მისწერა კორინთელებს, მათი მკვდრეთით აღდგომა, ვინც „ქრისტესთან ერთობაში“ იყვნენ, ჯერ არ იყო დაწყებული. პავლემ თქვა, რომ ეს მომავალში მოხდებოდა: „თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით იღებს სიცოცხლეს: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება“ (1 კორ. 15:23; 1 თეს. 4:15, 16). მართალია, ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როცა ქრისტე უკვე „მოსულია“, მაგრამ მოციქულებსა და სულით ცხებულ სხვა ქრისტიანებს მის „მოსვლამდე“ ლოდინი მოუწევდათ; მათ მხოლოდ ამის შემდეგ გააერთიანებდათ იესოსთან მსგავსი აღდგომა და მიიღებდნენ ზეციურ ჯილდოს.
უტყუარი იმედი
18. ა) რატომ ვასკვნით, რომ სხვა მკვდრეთით აღდგომაც იქნება? ბ) 1 კორინთელების 15:24—26-ის თანახმად, რა მოვლენები განვითარდება ზეცაში?
18 რისი თქმა შეიძლება იმ ერთგულ ქრისტიანებზე, რომელთაც ქრისტესთან ერთად ზეცაში ცხოვრების იმედი არ გააჩნიათ? მათაც აქვთ აღდგომის იმედი? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პავლესა თუ ზეციერი ცხოვრებისთვის სხვა მოწოდებულთ წილი ექნებოდათ „პირველ აღდგომაში“ (გამოცხ. 20:6). რაზე მოასწავებს ეს სიტყვები? ეს სიტყვები იმას მოასწავებს, რომ მეორე აღდგომაც იქნება. იობსაც ამ აღდგომის იმედი ჰქონდა (იობ. 14:15). როდესაც იესო „ყველა მთავრობას, ხელისუფლებასა და ძალაუფლებას მოუღებს ბოლოს“, სულით ცხებული ქრისტიანები ამ დროს უკვე ზეცაში იქნებიან მასთან. იგი უკანასკნელ მტერსაც, სიკვდილსაც, მოუღებს ბოლოს. ერთი რამ ფაქტია: ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილნი სიკვდილის მონობისგან გათავისუფლდებიან. მაგრამ, რისი თქმა შეიძლება სხვებზე? (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:24—26).
19. რას ელიან მიწიერი ცხოვრების მოიმედენი?
19 რას ელიან მიწიერი ცხოვრების მოიმედენი? მათ იმედს უნერგავს მოციქული პავლეს სიტყვები: „მაქვს . . . იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქ. 24:15). ცხადია, უმართლო ვერ მიიღებს ზეციური ცხოვრების ჯილდოს, რაც გვახვედრებს, რომ ეს სიტყვები მიწიერ აღდგომაზე მიუთითებს.
20. როგორ განგიმტკიცდათ იმედი?
20 ეჭვგარეშეა, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება! ყველას, ვინც დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგება, მარადიულად სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემა. თქვენც შეგიძლიათ ენდოთ ამ დაპირებას, რომლის თანახმადაც, კვლავ იხილავთ საყვარელ გარდაცვლილებს ქრისტესა და მისი თანამმართველების ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში, რაც ნამდვილად ნუგეშს მოგგვრით (გამოცხ. 20:6). მტკიცედ უნდა გწამდეთ ისიც, რომ თუკი ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დაწყებამდე მოკვდებით, კვლავ იცოცხლებთ. ნამდვილად, „იმედი არ გაგვაწბილებს“ (რომ. 5:5). ეს იმედი მოგცემთ ძალას და შეგძენთ მეტ სიხარულს ღვთის მსახურებაში. თუმცა 1 კორინთელების მე-15 თავიდან გაცილებით მეტს ვიგებთ, რის შესახებაც მომდევნო სტატიაში გვექნება საუბარი.
სიმღერა 147 ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება
a 1 კორინთელების მე-15 თავი ყურადღებას ამახვილებს მკვდრეთით აღდგომის იმედზე. რატომ არის მოძღვრება მკვდრეთით აღდგომის შესახებ ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი და რა გვარწმუნებს, რომ იესო აღდგა მკვდრეთით? წინამდებარე სტატიაში პასუხი გაეცემა ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს მკვდრეთით აღდგომის თაობაზე.
b სურათის აღწერა: იესო ზეციერი ცხოვრებისთვის აღმდგართა შორის პირველი იყო (საქ. 1:9). მოგვიანებით მას თომა, იაკობი, ლიდია, იოანე, მარიამი და პავლეც შეუერთდნენ.
c სურათის აღწერა: ძმას ხელიდან გამოეცალა საყვარელი მეუღლე, რომელთან ერთადაც წლების მანძილზე ემსახურებოდა იეჰოვას. მას სწამს, რომ მისი მეუღლე მკვდრეთით აღდგება და ამ იმედით ძალამოცემული ერთგულად განაგრძობს იეჰოვას მსახურებას.