რას ნიშნავს ხსნა?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლიაში გამოყენებული სიტყვები „ხსნა“ და „გადარჩენა“ მიუთითებს ადამიანის საფრთხისგან ან სიკვდილისგან დახსნაზე (გამოსვლა 14:13, 14; საქმეები 27:20). თუმცა ხშირად ამ სიტყვებში ცოდვისგან გათავისუფლება იგულისხმება (მათე 1:21). ვინაიდან სიკვდილის მიზეზი ცოდვაა, მას, ვინც ცოდვისგან გათავისუფლდა, მარადიული სიცოცხლის იმედი მიეცა (იოანე 3:16, 17).a
როგორ არის ხსნა შესაძლებელი?
ხსნა რომ მოვიპოვოთ, საჭიროა რწმენა გამოვავლინოთ იესოსადმი და დავემორჩილოთ მის მითითებებს (საქმეები 4:10, 12; რომაელები 10:9, 10; ებრაელები 5:9).
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, თუ გვსურს, გვქონდეს ცოცხალი რწმენა, საქმეებით უნდა ვაჩვენოთ, რომ ვემორჩილებით იესოს (იაკობი 2:24, 26). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია ხსნა დავიმსახუროთ. ხსნა „ღვთის ძღვენია“, რომლის მიღებაც მხოლოდ ღვთის წყალობითაა შესაძლებელი (ეფესოელები 2:8, 9).
შეიძლება ადამიანმა ხსნის იმედი დაკარგოს?
დიახ. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დახრჩობას გადაარჩინეს. თუ ის წყალში ჩახტება, კვლავ დახრჩობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მსგავსად ამისა, ცოდვისგან გათავისუფლებულ ადამიანს, შესაძლოა ერთ დღესაც წაერთვას ხსნის იმედი, თუ არ გამოავლენს რწმენას ქრისტესადმი. სწორედ ამ მიზეზის გამო მოუწოდებს ბიბლია იმ ქრისტიანებს, რომელთაც ხსნის იმედი აქვთ, რომ იბრძოლონ რწმენისთვის (იუდა 3). ხსნის იმედის მქონეთ ღვთის სიტყვა აგრეთვე აფრთხილებს: „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილიპელები 2:12).
ვინ არის მხსნელი — ღმერთი თუ იესო?
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ხსნა ღვთისგან მომდინარეობს. ღვთის სიტყვა არაერთხელ მოიხსენიებს ღმერთს, როგორც მხსნელს (1 სამუელი 10:19; ესაია 43:11; ტიტე 2:10; იუდა 25). გარდა ამისა, ბიბლია ზოგ ადამიანსაც უწოდებს მხსნელს, რომელთა მეშვეობითაც ღმერთი თავის ხალხს გასაჭირისგან იხსნიდა (ნეემია 9:27; მსაჯულები 3:9, 15; 2 მეფეები 13:5).b მსგავსად ამისა, ბიბლია მართებულად უწოდებს იესოს მხსნელს, რადგან ღმერთი სწორედ მისი მეშვეობით გვიხსნის ცოდვისა და სიკვდილისგან (საქმეები 5:31; ტიტე 1:4).c
ყველა გადარჩება?
ყველა ვერ გადარჩება (2 თესალონიკელები 1:9). როდესაც იესოს ჰკითხეს: „უფალო, ცოტანი გადარჩებიან?“ მან უპასუხა: „ძალ-ღონე არ დაიშუროთ ვიწრო კარში შესასვლელად, რადგან გეუბნებით: ბევრი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შევლენ“ (ლუკა 13:23, 24).
მცდარი შეხედულებები საყოველთაო ხსნაზე
მცდარი შეხედულება: 1 კორინთელების 15:22-ში ჩაწერილი სიტყვები, „გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“, ამტკიცებს, რომ ყველა გადარჩება.
სინამდვილე: ამ მუხლის კონტექსტში საუბარია მკვდრეთით აღდგომაზე (1 კორინთელები 15:12, 13, 20, 21, 35). ამიტომ სიტყვები, „გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“, იმაზე მიანიშნებს, რომ მრავალი აღდგება მკვდრეთით ქრისტეს მეშვეობით (იოანე 11:25).
მცდარი შეხედულება: ტიტეს 2:11-ში ჩაწერილი სიტყვები, „რადგანაც მხსნელი მადლი ღმრთისა ყველა კაცისათვის გამოჩნდა“, ამტკიცებს, რომ ყველა გადარჩება (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
სინამდვილე: ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც „ყველა“, შესაძლოა აგრეთვე ნიშნავდეს „ყველანაირს“.d აქედან გამომდინარე, ტიტეს 2:11-ში ჩაწერილი სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ღმერთი იხსნის ყველანაირ ადამიანს ანუ უამრავ ხალხს „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხადება 7:9, 10).
მცდარი შეხედულება: 2 პეტრეს 3:9-ში ჩაწერილი სიტყვები, ღმერთს „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს“, ამტკიცებს, რომ ყველა გადარჩება.
სინამდვილე: ღმერთს სურს ადამიანების გადარჩენა, მაგრამ ის არავის აიძულებს, რწმენა გამოავლინოს ქრისტეს გამოსასყიდისადმი, რაც ადამიანთა გადარჩენას ემსახურება. ღვთის „სასამართლო დღეს“ ყველა უღვთო ადამიანი განადგურდება (2 პეტრე 3:7).
a მიუხედავად იმისა, რომ ცოდვისა და სიკვდილისგან ხსნა ჯერ არ მიგვიღია, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღვთის წყალობით ვართ გადარჩენილნი (ეფესოელები 2:5; რომაელები 13:11).
b ზოგი თარგმანი ამ მუხლებში მხსნელის ნაცვლად იყენებს სიტყვებს „მებრძოლი“, „გმირი“, „წინამძღოლი“ ან „ვიღაც“. თუმცა ებრაულ ორიგინალში ადამიანებთან მიმართებაშიც და ღმერთთან მიმართებაშიც გამოყენებულია ერთი და იგივე სიტყვა „მხსნელი“ (ფსალმუნი 7:10).
c სახელი იესო მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან ჲეჰოშუა, რაც ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“.
d იხილეთ ვაინის „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“. იგივე სიტყვა გვხვდება მათეს 5:11-ში, სადაც იესო ამბობს, რომ „ყველანაირ“ ბოროტებას დააბრალებდნენ მის მოწაფეებს.