დავეხმაროთ ხალხს იეჰოვასთან დაახლოებაში
„მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოანე 14:6).
1. რა უთხრა მკვდრეთით აღმდგარმა იესომ თავის მოწაფეებს და რა შედეგი მოჰყვა იეჰოვას მოწმეების მიერ ამ მითითების შესრულებას?
იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს უთხრა: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28:19). უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეები სამ მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ ღვთის გაცნობაში, გარკვეული დროის შემდეგ კი ისინი ღვთისადმი მიძღვნისა და მისი ნების შესრულებისთვის მზადყოფნის ნიშნად მონათლეს. მართლაც, რამხელა სიხარულს გვანიჭებს მათთვის იეჰოვასთან დაახლოებაში დახმარება! (იაკობი 4:8).
2. რა ხდება მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ინათლება?
2 ზოგ ქვეყანაში მრავალი ახალი მოწაფე მოინათლა, თუმცა სამეფოს მქადაგებელთა რიცხვი შესაბამისად არ გაზრდილა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზოგი კვდება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 1 პროცენტს შეადგენს, მაგრამ უკანასკნელ წლებში გარკვეული მიზეზების გამო საკმაოდ ბევრმა დატოვა ჭეშმარიტების გზა. რატომ? ამ და მომდევნო სტატიაში განხილული იქნება, როგორ უახლოვდებიან ადამიანები იეჰოვას და გაირჩევა ის შესაძლო მიზეზები, რის გამოც ზოგი ტოვებს ჭეშმარიტების გზას.
ქადაგების მიზანი
3. ა) რა მსგავსებაა იესოს მოწაფეებისა და გამოცხადების 14:6-ში მოხსენიებული ანგელოზის დავალებებს შორის? ბ) რა არის ყველაზე ეფექტური საშუალება ადამიანების ღვთის სამეფოს ცნობით დაინტერესებაში, მაგრამ რა პრობლემა არსებობს?
3 ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ იესოს მოწაფეებს ‘სასუფევლის სახარების’ შესახებ ‘ცოდნის’ გავრცელება აქვთ დავალებული (დანიელი 12:4; მათე 24:14). ეს იმ ანგელოზისთვის მიცემული დავალების მსგავსია, რომელსაც „ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად“ (გამოცხადება 14:6). ამ წუთისოფელში, რომელიც მიწიერ საქმეებშია ჩაფლული, ჩვეულებრივ, ღვთის სამეფოთი ხალხის დასაინტერესებლად და იეჰოვასთან დასაახლოებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა მათთან სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედის შესახებ ლაპარაკი. მაგრამ, ამასთანავე, ცხადია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც იეჰოვას ხალხთან ურთიერთობა მხოლოდ სამოთხეში ცხოვრების სურვილით აქვთ, მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან ვიწრო გზაზე მტკიცედ არ დგანან (მათე 7:13, 14).
4. ზეცის შუა მფრინავი ანგელოზისა და იესოს სიტყვების თანახმად, რა არის ქადაგებისას ჩვენი მიზანი?
4 იესომ განაცხადა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავს, ‘მარადიულ სახარებას’ აცხადებს და დედამიწის მკვიდრთ ეუბნება: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“ (გამოცხადება 14:7). მაშასადამე, ‘სახარების’ ქადაგებისას ჩვენი მიზანია, ხალხს იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვასთან დაახლოებაში დავეხმაროთ.
ჩვენი როლი იეჰოვას საქმეში
5. პავლესა და იესოს რომელი სიტყვები ცხადყოფს, რომ ჩვენ იეჰოვას საქმეს ვასრულებთ და არა ჩვენსას?
5 ცხებული თანაქრისტიანების მიმართ წერილში მოციქული პავლე ლაპარაკობს ‘შერიგების მსახურებაზე’ და აღნიშნავს, რომ ღმერთმა ხალხი იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე შეირიგა. პავლე ამბობს, რომ ‘ჩვენი მეშვეობით ვითომც თავად ღმერთი შეაგონებს [ხალხს] და ქრისტეს სახელით სთხოვს: შეურიგდნენ მას’. რა სასიამოვნო აზრია! ცხებული „ქრისტესმიერი ელჩები“ ვართ თუ მათი დესპანები, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იეჰოვას საქმეა და არა ჩვენი (2 კორინთელთა 5:18–20). სინამდვილეში, ღმერთი იზიდავს ხალხს და ასწავლის მათ, ვინც ქრისტესთან მიდის. იესომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა. მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘ყველა განისწავლება ღვთის მიერ.’ ყველა ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის“ (იოანე 6:44, 45).
6. როგორ არყევს იეჰოვა ხალხს და, ამავე დროს, ვინ პოულობს მისი თაყვანისმცემლობის ‘სახლში’ თავშესაფარს?
6 როგორ იზიდავს იეჰოვა ხალხს ამ უკანასკნელ დღეებში და როგორ უხსნის მათ „რწმენის კარს“? (საქმეები 14:27; 2 ტიმოთე 3:1). ის ამას, ძირითადად, თავისი მოწმეების საშუალებით აკეთებს, რომლებიც აცხადებენ ცნობას ხსნისა და ბოროტი სისტემისთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ (ესაია 43:12; 61:1, 2). ეს ღონისძიება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ტარდება, არყევს ერებს, რაც იმის მომასწავებელია, რომ განადგურების შესახებ გამოტანილი განაჩენი მალე სისრულეში იქნება მოყვანილი. ამავე დროს, ხალხი, რომელიც ღვთის თვალში ‘ძვირფასია’, გამოდის ამ სისტემიდან და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ‘სახლს’ აფარებს თავს. იეჰოვა ამგვარად ასრულებს თავის წინასწარმეტყველებას, რომელიც ანგიას მეშვეობით გამოგვიცხადა: «შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: [„უნდა შემოვიდნენ ყოველი ერიდან სასურველნი“, აქ] დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი» (ანგია 2:6, 7; გამოცხადება 7:9, 15).
7. როგორ ხსნის იეჰოვა ადამიანთა გულებს და როგორ იზიდავს მათ თავისკენ და ძისკენ?
7 იეჰოვა ხსნის ამ ღვთისმოშიშთა — „ყოველი ერიდან რჩეულთა“ — გულებს, რათა მოწმეების ‘სიტყვებს მოუსმინონ’ (ანგია 2:7, Jewish Publication Society; საქმეები 16:14). ისევე როგორც პირველ საუკუნეში, იეჰოვა ზოგჯერ დღესაც იყენებს ანგელოზებს იმისათვის, რომ მოწმეები მიიყვანონ გულწრფელ ადამიანებთან, რომლებიც დახმარებისთვის ღმერთს შეჰღაღადებენ (საქმეები 8:26–31). როდესაც ხალხი გებულობს, რა გააკეთა იეჰოვამ მათთვის თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით, ღვთის სიყვარული იზიდავს მათ (1 იოანე 4:9, 10). დიახ, ღმერთი ხალხს თავისკენ და ძისკენ ‘მადლით’, ანუ, როგორც აქ-ის სქოლიოშია აღნიშნული, „გულითადი სიყვარულით“, იზიდავს (იერემია 31:2).
ვის იზიდავს იეჰოვა?
8. როგორ ადამიანებს იზიდავს იეჰოვა?
8 იეჰოვა თავისკენ და ძისკენ იზიდავს ღვთის მაძიებლებს (საქმეები 17:27). მათ რიცხვში შედიან ისინი, რომლებიც ‘მოთქვამენ და კვნესიან’ ქრისტიანულ სამყაროში და, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში „ჩადენილ სისაძაგლეთა გამო“ (ეზეკიელი 9:4). ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც „შეგნებული აქვთ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებები“ (მათე 5:3, აქ). მართლაც, ისინი არიან „ქვეყნის თვინიერნი“, რომლებიც დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად იცხოვრებენ (სოფონია 2:3).
9. საიდან ხედავს იეჰოვა, რომ ხალხი ‘საუკუნო სიცოცხლისთვის სწორად არიან განწყობილი’ და როგორ იზიდავს მათ?
9 იეჰოვას შეუძლია ადამიანის გულის ზრახვების წაკითხვა. მეფე დავითმა თავის ძეს, სოლომონს, უთხრა: „ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც“ (პირველი ნეშტთა 28:9). ადამიანის გულის მდგომარეობასა და სულზე, ანუ შინაგან პიროვნებაზე, დაფუძნებით იეჰოვას შეუძლია დაინახოს, ვინ გამოეხმაურება ცოდვების მიტევებისთვის ღვთის მიერ გათვალისწინებულ ღონისძიებასა და ღვთის ახალ, სამართლიან სისტემაში მარადიული ცხოვრების იმედს (2 პეტრე 3:13). თავისი სიტყვის საშუალებით, რომელსაც მოწმეები ქადაგებენ და ასწავლიან, იეჰოვა თავისკენ და ძისკენ იზიდავს ‘საუკუნო სიცოცხლისთვის სწორად განწყობილებს’ და ეს უკანასკნელნი ‘მორწმუნეები ხდებიან’ (საქმეები 13:48, აქ).
10. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მიერ ვინმეს მიზიდვა ბედისწერაზე არ არის დამოკიდებული?
10 იბადება კითხვა: ბედისწერაზე ხომ არ არის დამოკიდებული ის, რომ იეჰოვა ზოგს იზიდავს, ზოგს კი არა? არავითარ შემთხვევაში! ღვთის მიერ ხალხის მიზიდვა მათ საკუთარ სურვილზეა დამოკიდებული. იეჰოვა პატივს სცემს მათი ნების თავისუფლებას. დღეს ღმერთი დედამიწის მცხოვრებთ იმავე არჩევანს სთავაზობს, რაც 3 000-ზე მეტი წლის წინათ მოსეს მეშვეობით შესთავაზა ისრაელებს: „დღეს გადმოვეცი შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება . . . ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება“ (მეორე რჯული 30:15–20).
11. როგორ უნდა აერჩიათ ისრაელებს სიცოცხლე?
11 ყურადღება მიაქციეთ, რომ ისრაელებს სიცოცხლე ‘ღვთის სიყვარულით, მისი სიტყვის მოსმენითა და მასზე მიწებებით’ უნდა აერჩიათ. ამ სიტყვების წარმოთქმისას ისრაელებს აღთქმული მიწა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დამკვიდრებული. იმ დროს ისინი მოაბის ველზე იყვნენ დაბანაკებული და მდინარე იორდანეს გადასალახავად და ქანაანში შესასვლელად ემზადებოდნენ. ბუნებრივი იყო, რომ ისრაელებს ეფიქრათ „მადლიანი და ვრცელი“ ქვეყნის მალე დამკვიდრებაზე, სადაც „ღვარად მოედინებოდა თაფლი და რძე“, მაგრამ მათი ოცნების განხორციელება იეჰოვასადმი სიყვარულზე, მისი სიტყვის მოსმენასა და იეჰოვაზე ‘მიწებებაზე’ იყო დამოკიდებული (გამოსვლა 3:8). მოსემ ეს შემდეგი სიტყვებით ცხადყო: «[„თუ შეისმენ დარიგებას“, აქ], რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, იარო მის გზაზე და დაიცვა მისი ნაბრძანები წესები და სამართალი. იცოცხლებ და გამრავლდები, გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ» (მეორე რჯული 30:16).
12. რას გვასწავლის ისრაელების მაგალითი სამქადაგებლო საქმიანობასა და სწავლებასთან დაკავშირებით?
12 განა ზემოთ მოხსენიებულმა ამ უკანასკნელ ჟამს რამე არ უნდა გვასწავლოს ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობასა და სწავლებასთან დაკავშირებით? ჩვენ ვფიქრობთ სამოთხეზე, რომელიც მალე დედამიწაზე იქნება, და ხალხს მის შესახებ ვესაუბრებით. მაგრამ ვერც ჩვენ და ვერც ისინი, ვისაც ვასწავლით, ვერ ვიხილავთ ამ აღთქმის შესრულებას, თუ ღმერთს ეგოისტური მიზნებით ვემსახურებით. ისრაელების მსგავსად, როგორც ჩვენ, ისე იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვასწავლით, უნდა ‘შეიყვარონ უფალი, მოუსმინონ მის სიტყვას და მას მიეწებონ’. მსახურებისას თუ ეს გვახსოვს, მაშინ ვითანამშრომლებთ ღმერთთან ხალხის მასთან მიზიდვაში.
ღვთის თანამშრომლები
13, 14. ა) პირველი კორინთელთა 3:5–9-ის თანახმად, როგორ ვხდებით ღვთის თანამშრომელნი? ბ) ვის უნდა მივაგოთ პატივი ნებისმიერი ზრდისთვის და რატომ?
13 ყანის შესახებ თვალსაჩინო მაგალითის მოხსენიებით პავლემ თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ ჩვენ ღვთის თანამშრომლები ვართ: „აბა, ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლო? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულს მისცა უფალმა. მე დავრგე, აპოლომ მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. ხოლო თითოეული მიიღებს თავის საზღაურს თავისი შრომისამებრ, ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი — ღვთის ყანა და ღვთის შენობა“ (1 კორინთელთა 3:5–9).
14 როგორც ღვთის თანამშრომლებმა, ხალხის გულებში ერთგულად უნდა ჩავრგოთ «სასუფევლის [„სამეფოს“, აქ] სიტყვა», შემდეგ კი კარგად მომზადებული უნდა მივიდეთ ბიბლიის შემსწავლელთან ან ნებისმიერთან, ვინც ინტერესი გამოავლინა. ამით ჩვენ, ასე ვთქვათ, ვრწყავთ მათ. თუ ნიადაგი, ანუ გული, კარგია, იეჰოვა ბიბლიის ჭეშმარიტების თესლს ნაყოფიერ მცენარედ აქცევს (მათე 13:19, 23). ის თავისკენ და ძისკენ მიიზიდავს ამ ადამიანს. საბოლოო ჯამში, სამეფოს მქადაგებელთა რიცხვის ნებისმიერი ზრდა იეჰოვას მიერ ადამიანის გულზე მოქმედების შედეგია; ის ზრდის ჭეშმარიტების თესლს და ასეთ ადამიანს თავისკენ და ძისკენ იზიდავს.
საამშენებლო საქმიანობა, რომლის შედეგიც მარადიულად იარსებებს
15. რა თვალსაჩინო მაგალითი მოჰყავს პავლეს იმის საჩვენებლად, როგორ დავეხმაროთ სხვებს რწმენის განვითარებაში?
15 ჩვენ ძალიან გვახარებს ზრდა, ამავე დროს, გულწრფელად გვსურს, რომ ხალხმა განაგრძოს იეჰოვას სიყვარული, მისი მოსმენა და მასთან ახლო ურთიერთობა. დარჩეს ღმერთზე მიწებებული. ძალიან გვამწუხრებს, თუ ვინმე რწმენაში „ცივდება“ და ჭეშმარიტების გზას ტოვებს. შეგვიძლია თუ არა პირადად ჩვენ ამის ასარიდებლად რაიმეს გაკეთება? სხვა თვალსაჩინო მაგალითში პავლე გვიჩვენებს, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს რწმენის განვითარებაში: „არავის არ ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. და თუ ვინმე აშენებს ამ საძირკველზე — ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ძელს, ნამჯას, — თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც ის არის, ცეცხლი გამოცდის“ (1 კორინთელთა 3:11–13).
16. ა) რა საკითხებზე მოიყვანა პავლემ ორი თვალსაჩინო მაგალითი? ბ) როგორ შეიძლება ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის შედეგი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდეს და ცეცხლს ვერ გაუძლოს?
16 ყანის შესახებ პავლეს თვალსაჩინო მაგალითში მცენარის ზრდა კეთილსინდისიერად დარგვაზე, რეგულარულად მორწყვასა და ღვთის კურთხვაზეა დამოკიდებული. მოციქულის მიერ მოყვანილ მეორე თვალსაჩინო მაგალითში ხაზი ესმება ფაქტს, რომ ქრისტიანი მსახური პასუხს აგებს თავის მიერ აშენებული ნაგებობის ხარისხზე. აშენებს ის მტკიცე საძირკველზე ხარისხიანი მასალით? პავლე თანაქრისტიანებს აფრთხილებდა: „თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს“ (1 კორინთელთა 3:10). მას შემდეგ, რაც ვინმეს სამოთხეში მარადიულ სიცოცხლეზე საუბრით ინტერესს აღვუძრავთ, ვაგებთ თუ არა სწავლებას ძირითად ბიბლიურ შემეცნებაზე? შემდეგ ვამახვილებთ თუ არა ყურადღებას ძირითადად იმაზე, რა არის საჭირო მარადიული სიცოცხლის დასამკვიდრებლად? სწავლებისას შეიძლება თუ არა მხოლოდ ასე ვილაპარაკოთ: „თუ გსურთ სამოთხეში მარადიული ცხოვრება, უნდა ისწავლოთ, დაესწროთ კრებებს და მონაწილეობა მიიღოთ სამქადაგებლო მსახურებაში“? თუ ასე ვაკეთებთ, დაინტერესებულის რწმენას მტკიცე საძირკველზე არ ვაგებთ და ჩვენ მიერ აშენებულმა ნაგებობამ შეიძლება ცეცხლსა და გამოცდას ვერ გაუძლოს ან დროთა განმავლობაში დაინგრეს. თუ ვეცდებით, ხალხი იეჰოვასკენ მხოლოდ მარადიული ცხოვრების იმედით მივიზიდოთ, რომელსაც თითქოს სულ რამდენიმე წლის მსახურებით მიიღებენ, ‘ძელითა და ნამჯით’ მშენებელს დავემსგავსებით.
სიყვარულის ჩანერგვა ღვთისა და ქრისტეს მიმართ
17, 18. ა) რა არის აუცილებელი მტკიცე რწმენისთვის? ბ) როგორ შეიძლება დავეხმაროთ შემსწავლელს, რომ მის გულში ქრისტე დამკვიდრდეს?
17 რწმენა მტკიცე რომ იყოს, საჭიროა იეჰოვა ღმერთთან იესო ქრისტეს მეშვეობით ახლო ურთიერთობაზე იყოს დაფუძნებული. არასრულყოფილების გამო ღმერთთან ასეთი სიმშვიდის მომგვრელი ურთიერთობა მხოლოდ მისი ძის მეშვეობით არის შესაძლებელი (რომაელთა 5:10). გახსოვდეთ იესოს სიტყვები: „მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“. სხვებში რწმენის ჩასანერგად „არავის არ ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე“. რა შედის ამაში? (იოანე 14:6; 1 კორინთელთა 3:11).
18 ქრისტეზე, როგორც საძირკველზე, დაშენება ნიშნავს ისეთ სწავლებას, რომ ბიბლიის შემსწავლელში იესოსადმი ღრმა სიყვარული განვითარდეს, რომელიც მისი, როგორც გამომსყიდველის, ქრისტიანული კრების თავის, მოსიყვარულე მღვდელმთავრისა და მეფის როლის შესახებ სრულ შემეცნებაზე იქნება დაფუძნებული (დანიელი 7:13, 14; მათე 20:28; კოლასელთა 1:18–20; ებრაელთა 4:14–16). ეს კი ნიშნავს, იესო იმდენად რეალური გავხადოთ შემსწავლელებისთვის, რომ ის მათ გულებში დამკვიდრდეს. მათთვის ისევე უნდა ვილოცოთ, როგორც პავლე ლოცულობდა ეფესელი ქრისტიანებისთვის: „ვიდრეკ მუხლს ჩვენი . . . მამის წინაშე . . . რომ მოგცეთ ძალა . . . ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში“ (ეფესელთა 3:14–17).
19. რა შედეგი მოჰყვება ბიბლიის შემსწავლელის გულში ქრისტესადმი სიყვარულის ჩანერგვას და რა უნდა ვასწავლოთ მას?
19 თუ ისე ვაშენებთ, რომ შემსწავლელს გულში ქრისტესადმი სიყვარულს ვუნერგავთ, თავისთავად, ის იეჰოვასაც შეიყვარებს. იესოს სიყვარულში, საერთოდ, მის გრძნობებსა და თანაგრძნობაში, აბსოლუტური სიზუსტით ირეკლება იეჰოვას თვისებები (მათე 11:28–30; მარკოზი 6:30–34; იოანე 15:13, 14; კოლასელთა 1:15; ებრაელთა 1:3). ასე რომ, იესოს გაცნობითა და შეყვარებით ხალხი იეჰოვასაც გაიცნობს და შეიყვარებსa (1 იოანე 4:14, 16, 19). საჭიროა დაინტერესებულს ვასწავლოთ, რომ ყველაფრის უკან, რაც ქრისტემ კაცობრიობისთვის გააკეთა, იეჰოვა დგას და ამიტომ მას ვწირავთ მადლობას, ხოტბას ვასხამთ და თაყვანს ვცემთ, როგორც ‘მშველელ ღმერთს’ (ფსალმუნი 67:20, 21; ესაია 12:2–5; იოანე 3:16; 5:19).
20. ა) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ხალხს იეჰოვასა და მის ძესთან დაახლოებაში? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
20 როგორც ღვთის თანამშრომლები, მოდი დავეხმაროთ ხალხს იეჰოვასა და მის ძესთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში; დავეხმაროთ, რომ გულებში სიყვარული და რწმენა ჩაინერგონ. ამგვარად, იეჰოვა მათთვის რეალური პიროვნება გახდება (იოანე 7:28). ქრისტეს მეშვეობით ისინი ღმერთთან ახლო ურთიერთობის დამყარებას შეძლებენ, შეიყვარებენ და ‘მიეწებებიან’ მას. მათი მსახურება სიყვარულზე იქნება დაფუძნებული და არასოდეს იფიქრებენ, რომ მხოლოდ რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში უნდა იმსახურონ; ისინი გამოავლენენ რწმენას, რომ იეჰოვას შესანიშნავი აღთქმები თავის დროზე შესრულდება (გოდება იერემიასი 3:24–26; ებრაელთა 11:6). მაგრამ სხვების რწმენის, იმედისა და სიყვარულის განვითარებაში დახმარების პარალელურად, საჭიროა ჩვენი რწმენის განმტკიცებაც, რათა ის კარგად შეკრული გემის მსგავსი იყოს და საშინელ შტორმსაც გაუძლოს. ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიო]
a იესოსა და მისი მეშვეობით მამამისის, იეჰოვას, უკეთესად გაცნობის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
გამეორებისთვის
◻ როგორ აღვუძრავთ ხშირად ხალხს სამეფოს შესახებ ცნობის მიმართ ინტერესს, მაგრამ რა საშიშროება არსებობს?
◻ როგორ ხალხს იზიდავს იეჰოვა თავისკენ და ძისკენ?
◻ რაზე იყო დამოკიდებული ისრაელების აღთქმულ ქვეყანაში შესვლა და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
◻ როგორ ვეხმარებით ხალხს იეჰოვასა და მის ძესთან დაახლოებაში?
[სურათი 10 გვერდზე]
თუმცა ხალხს სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედზე ვესაუბრებით, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ისინი იეჰოვას დაუახლოვდნენ.
[სურათები 13 გვერდზე]
განმეორებითი მონახულებები შეიძლება ძალზე ეფექტური აღმოჩნდეს, თუ მათთვის წინასწარ ვემზადებით.