ᲬᲧᲐᲚᲘ
სითხე, რომლისგანაც შედგება ყველა ცოცხალი ორგანიზმი. ადამიანთა, ცხოველთა თუ მცენარეთა საარსებოდ ესოდენ მნიშვნელოვანი სითხე იეჰოვას შექმნილია (გმც. 14:7; გმ. 17:2, 3; იობ. 8:11; 14:7—9; ფს. 105:29; ეს. 1:30). იეჰოვა იძლევა წყალს და მას შეუძლია მისი მართვა (გმ. 14:21—29; იობ. 5:10; 26:8; 28:25; 37:10; ფს. 107:35). ღმერთი ზოგჯერ სასწაულებრივად აძლევდა ისრაელს წყალს (გმ. 17:1—7; ნემ. 9:15, 20; ფს. 78:16, 20; ეს. 35:6, 7; 43:20; 48:21); გარდა ამისა, ისინი წყალუხვ მიწაზე დაასახლა (კნ. 8:7) და დაჰპირდა, რომ, თუ მისი მორჩილი იქნებოდნენ, წყალს არ მოაკლებდა (გმ. 23:25).
თავდაპირველად მიწა იეჰოვას ნებით მიწიდან ამოსული ორთქლით ირწყვებოდა. იეჰოვამ დააწესა კანონები, რომლებიც წყლის აორთქლებასა და წვიმის სახით ნალექწარმოქმნას განაპირობებს (დბ. 2:5, 6; იობ. 36:27; ამ. 5:8; იხ. ᲦᲠᲣᲑᲔᲚᲘ (I); ᲜᲘᲡᲚᲘ; ᲬᲕᲘᲛᲐ). მეორე შემოქმედებით დღეს ღმერთმა სივრცე გააჩინა — ნაწილი წყლისა მიწაზე დატოვა, უდიდესი ნაწილი კი დედამიწის თავზე მოაქცია. წარღვნის დროს ბოროტი ადამიანების განადგურება, უდავოდ, სივრცის ზევით მოქცეული წყლებითაც მოხდა (დბ. 1:6—8; 7:11, 17—24; ეს. 54:9).
სინას მთასთან მიცემული კანონი კრძალავდა გამოსახულების გაკეთებას იმისა, „რაც წყალშია, მიწის ქვემოთ“. აქ აშკარად წყლის (მიწის ქვემოთ არსებული) ბინადარნი იგულისხმებიან. წყალში იგულისხმება მდინარეები, ტბები, ზღვები და მიწისქვეშა წყლები (გმ. 20:4; კნ. 4:15—18; 5:8).
გადატანითი მნიშვნელობით. წმინდა წერილებში წყალს მრავალი სიმბოლური თუ გადატანითი მნიშვნელობა აქვს. ხალხის, განსაკუთრებით კი ღვთისგან გაუცხოებული მღელვარე მასების სიმბოლო წყალია. მთელ დედამიწაზე გაბატონებული დიდი ბაბილონი „მრავალ წყალზე“ ზის. წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ დიდი მეძავის ეს წყლები ნიშნავს „ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს“ (გმც. 17:1, 15; შდრ. ეს. 57:20).
წყალი, როგორც გამანადგურებელი სტიქია (შეუძლია დაახრჩოს, წალეკოს და ა. შ.), ხშირად განადგურების სიმბოლოდ გვევლინება (ფს. 69:1, 2, 14, 15; 144:7, 8). იერემიას 47:2-ში ის სამხედრო ძალასთან არის გაიგივებული.
კარავში წყალს ფიზიკური სისუფთავის დასაცავად იყენებდნენ. მას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. სამღვდელოების დაფუძნების დღეს მღვდლებმა წყლით განიბანეს და ლევიანებს სიმბოლურად „ცოდვის განმწმენდელი წყალი“ მიასხურეს (გმ. 29:4; რც. 8:6, 7). იეჰოვას საწმინდარში მსახურების დაწყებამდე და სამსხვერპლოსთან მიახლოებამდე მღვდლები ბანაობდნენ (გმ. 40:30—32). წყალი გამოიყენებოდა, აგრეთვე, მსხვერპლშესაწირავის გასარეცხად (ლვ. 1:9) და რიტუალური განწმენდისთვის (ლვ. 14:5—9, 50—52; 15:4—27; 17:15; რც. 19:1—22; იხ. ᲡᲘᲡᲣᲤᲗᲐᲕᲔ). მრუშობაში ეჭვმიტანილ ქალს „წმინდა წყალს“ ასმევდნენ. სავარაუდოდ, ეს იყო სუფთა წყალი, რომელშიც კარვის ძირიდან აღებული მტვერი იყო გარეული (რც. 5:17—24).
სიცოცხლის მომცემი წყალი. იეჰოვა „ცოცხალი წყლის წყაროა“. მხოლოდ მისი და მისი ძის, იესო ქრისტეს, „სიცოცხლის მეთაურის“ მეშვეობით შეიძლება მარადიულად ცხოვრება (იერ. 2:13; ინ. 17:1, 3). იესომ სამარიელ ქალს ჭასთან (სიქართან ახლოს) უთხრა, რომ წყალი, რომლის მიცემაც მას შეეძლო, „მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ“ გადაიქცეოდა მასში, ვინც მას დალევდა (ინ. 4:7—15).
იოანე მოციქულმა ხილვაში ნახა „ახალი ცა და ახალი დედამიწა“. ღვთის ტახტიდან მოედინებოდა „სიცოცხლის წყლის მდინარე“. მდინარის ორივე მხარეს იდგა ნაყოფის მომცემი ხეები, რომელთა ფოთლებს ხალხების განკურნება შეეძლო (გმც. 21:1; 22:1, 2). იესომ აუხსნა იოანეს იმის მიზეზი, თუ რატომ აჩვენებინა ანგელოზს ეს ხილვა. შემდეგ იოანემ გაიგონა ხმა: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი». როგორც ჩანს, ღვთის მსახურები იწვევენ მწყურვალთ ღვთისგან მომდინარე „წყლის“ დასალევად ანუ იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რაც ღმერთმა კრავის მეშვეობით მარადიული სიცოცხლის მისაცემად გაითვალისწინა (ინ. 1:29). სიცოცხლის წყალი დღეს ნაწილობრივ ხელმისაწვდომია. იწვევენ ყველას და უფასოდ სთავაზობენ სიცოცხლის წყალს (გმც. 22:17).
სიკვდილამდე და მკვდრეთით აღდგომამდე იესომ თავის მიმდევრებზე, რომელთაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და მის შემდეგ წმინდა სული უნდა მიეღოთ, თქვა, რომ მათი შიგნეულიდან „სიცოცხლის წყლის ნაკადულები“ იდინებდა (ინ. 7:37—39). ქრისტიანულ-ბერძნული წერილები მოგვითხრობს იმ უამრავი შემთხვევის შესახებ, როცა ღვთის სულით აღძრული მოციქულები და მოწაფეები საოცრებებს ახდენდნენ, რათა იერუსალიმიდან იმდროინდელი მსოფლიოს ხალხებამდე სიცოცხლის მომცემი წყლები მიეტანათ.
ჩანერგილი სიტყვის გაზრდა. პავლე მოციქულმა კორინთელებისთვის მიწერილ წერილში ქრისტიანი მსახურის საქმე მიწათმოქმედის საქმეს შეადარა. მიწათმოქმედი ჯერ თესლს თესავს, შემდეგ რწყავს, შიგადაშიგ მცენარეს მიწას უთოხნის და ელოდება, როდის აღმოაცენებს ღმერთი მას. პავლემ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ კორინთელებს უქადაგა ანუ მათ „მინდორში“ თესლი დათესა. ამის შემდეგ აპოლოსმა ჩათესილი „თესლი“ დამატებითი სწავლებით მორწყა და მიწა გააფხვიერა, ღმერთმა კი თავისი სულით თესლიდან მცენარე აღმოაცენა. პავლემ ეს მაგალითი იმის ხაზგასასმელად მოიყვანა, რომ ამ საქმეში მთავარ როლს ცალკეული ადამიანი კი არ თამაშობს, არამედ ღვთის ყველა მსახური და თანამშრომელი. და მაინც, მთავარი ღმერთია, რომელიც აკურთხებს უანგარო და ერთობლივი ძალით შესრულებულ საქმეს (1კრ. 3:5—9).
ღვთის ჭეშმარიტი სიტყვა. ღვთის ჭეშმარიტი სიტყვა შედარებულია წყალს, რომელიც წმენდს. ღვთის თვალში ქრისტიანული კრება სუფთაა, როგორც ქრისტეს უმანკო პატარძალი, რომელიც ქრისტემ გაასუფთავა „სიტყვის საშუალებით წყალში განბანით“ (ეფ. 5:25—27). პავლემ წყალი განწმენდას მაშინაც დაუკავშირა, როცა ზეციური მღვდლობის მოიმედე თანამორწმუნეებს სწერდა. მან გაიხსენა კარავი, აგრეთვე ის დრო, როცა მღვდლები საწმინდარში შესვლამდე წყლით უნდა განბანილიყვნენ, და თქვა: „რადგან გვყავს დიდი მღვდელი [იესო ქრისტე] ღვთის სახლზე, მივუახლოვდეთ წრფელი გულით და სრული რწმენით ... და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი“ (ებ. 10:21, 22). ამ შემთხვევაში განბანა მხოლოდ ღვთის სიტყვის ცოდნას კი არ გულისხმობს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მის გამოყენებას.
ნათლობის წყალი. ერთხელ იესომ ნიკოდემეს უთხრა: „თუ კაცი წყლისა და სულისგან არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში“ (ინ. 3:5). იესო აქ აშკარად ნათლობის წყალს გულისხმობდა, რომელშიც ადამიანი ცოდვების მონანიებისა და ძველი ცხოვრების წესის მიტოვების შემდეგ იესო ქრისტეს სახელით ინათლება და ღმერთს თავს წარუდგენს (შდრ. ეფ. 4:4, 5, რომელშიც საუბარია „ერთ ნათლობაზე“).
მოგვიანებით იოანე მოციქულმა დაწერა: „ის, იესო ქრისტე, წყლითა და სისხლით მოვიდა ... რადგან მოწმე სამია: სული, წყალი და სისხლი, და ეს სამი ერთმანეთთან თანხმობაშია“ (1ინ. 5:5—8). როცა იესო ქვეყნიერებაში მოვიდა, ანუ როცა მსახურება დაიწყო და თავგანწირულების გზას დაადგა, იოანე ნათლისმცემელთან მივიდა წყალში მოსანათლავად (არა ცოდვების მოსანანიებლად, არამედ იმის ნიშნად, რომ მზად იყო ღვთის ნების შესასრულებლად) (ებ. 10:5—7). ამის შემდეგ ღვთის სულმა დაივანა მასზე, რაც იმას მოწმობდა, რომ ის ღვთის ძე და მესია იყო (ლკ. 3:21, 22). ასე რომ, იესოს მესიობას მოწმობდა სამივე ერთად — ნათლობის წყალი, მსხვერპლად დაღვრილი სისხლი და ღვთის სული.
სხვა გადატანითი მნიშვნელობები. დავითმა ბოროტი ადამიანების შესახებ თქვა: „ისე დაიშალონ, თითქოს გამდინარე წყალმა დაშალაო“ (ფს. 58:7). დავითი აქ, ალბათ, პალესტინის ხევებს გულისხმობდა, რომლებშიც წყალდიდობის დროს ნიაღვარი მოედინება. მაგრამ წყალი მალე ჩაივლის და ხევი შრება.
როცა ისრაელმა ქალაქ აიზე მცირერიცხოვანი ჯარით გაილაშქრა და დამარცხდა, ხალხმა მხნეობა დაკარგა. „შეუკრთა გული ხალხს და წყალივით გაუხდა“. ისინი მიხვდნენ, რომ იეჰოვა რაღაცით გაანაწყენეს და მისი დახმარების გარეშე დარჩნენ. იესო ნავეს ძე ძლიერ შეწუხდა, ვინაიდან ისრაელი, იეჰოვას ლაშქარი, შეშინებული გაექცა მტერს და ასე შეარცხვინა იეჰოვას სახელი (იეს. 7:5—9).