გაიფართოვეთ სამეგობრო წრე
პრობლემა
თუ თავს არიდებთ მათ, ვინც თვალში არ მოგდით, შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ წინასწარშექმნილი აზრისგან გათავისუფლება. თუ მხოლოდ თქვენნაირი მსოფლმხედველობის ადამიანებთან იმეგობრებთ, შესაძლოა იმ დასკვნამდეც კი მიხვიდეთ, რომ მხოლოდ თქვენ აფასებთ საუკეთესოდ სიტუაციას, ადეკვატურად რეაგირებთ და სანიმუშოდ იქცევით.
ბიბლიური პრინციპი
„ფართოდ გახსენით გულისკარი!“ (2 კორინთელები 6:13).
დასკვნა: სიტყვა „გულში“ შეიძლება ჩვენი გრძნობები და ემოციები იგულისხმებოდეს. თუ მხოლოდ მათ ვირჩევთ მეგობრებად, ვინც გულთან ახლოს მოგვდის, შეიძლება ითქვას, რომ გულისკარი სხვებისთვის ჩარაზული გვაქვს. ეს რომ არ დაგვემართოს, განსხვავებულ ადამიანებსაც უნდა დავუმეგობრდეთ.
რაში გვეხმარება სამეგობრო წრის გაფართოება
როცა ახლოს ვეცნობით სხვებს, უკეთ ვხვდებით, რატომ იქცევიან განსხვავებულად. რაც უფრო ვუახლოვდებით მათ, მით უფრო ვაფასებთ და გვიყვარდებიან; უფრო გვიადვილდება მათი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარება და ჩვენ შორის არსებულ განსხვავებასაც ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას.
დავფიქრდეთ ნაზარის შემთხვევაზე, რომელიც წინასწარშექმნილი აზრისგან გათავისუფლდა. ის გვიყვება: „იმიგრანტებთან ურთიერთობისა და მუშაობის დროს შევნიშნე, რომ საერთოდ არ იყვნენ ისეთები, როგორი წარმოდგენაც ხალხს ჰქონდა მათზე. როცა განსხვავებული კულტურის ადამიანებს უახლოვდები, სტერეოტიპები გენგრევა. შედეგად მათდამი სიყვარულითა და პატივისცემით განიმსჭვალები“.
როგორ უნდა მოიქცეთ?
ეცადეთ, გაესაუბროთ სხვა ეროვნებისა თუ ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს. შეგიძლიათ . . .
სთხოვოთ, ცოტა რამ გიამბონ საკუთარ თავზე.
სადილად დაპატიჟოთ.
ყურადღებით მოუსმინოთ და დააკვირდეთ, რას ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას.
თუ შეეცდებით, გაიგოთ, რამ ჩამოაყალიბა ისინი ასეთ ადამიანებად, მათი თანამემამულეების მიმართაც დადებითად განეწყობით.