სხვებსაც ვუწილადოთ იეჰოვასგან ბოძებული ნუგეში
„მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ტანჯვათა მონაწილენი ხართ, ასევე ნუგეშისცემისაც“ (2 კორინთელთა 1:7).
1, 2. რას განიცდის უმრავლესობა, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ დღეს?
„საგუშაგო კოშკის“ დღევანდელ მკითხველთა უმრავლესობა ღვთის ჭეშმარიტების ცოდნის გარეშე გაიზარდა. შესაძლოა შენც მათ შორის ხარ. თუ ასეა, გაიხსენე, რა იგრძენი, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს თვალები აგეხილა და ბევრი რამ გასაგები გახდა შენთვის. მაგალითად, როდესაც პირველად გაიგე, რომ მკვდრები არ ეწამებიან, არამედ უგრძნობ მდგომარეობაში არიან, ნუთუ შვება არ იგრძენი? და როდესაც მკვდრებთან დაკავშირებულ იმედზე გაიგე, რომ მილიარდები აღდგებიან ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად, ნუთუ მანუგეშებელი არ იყო შენთვის? (ეკლესიასტე 9:5, 10; იოანე 5:28, 29).
2 რას იტყოდი ღვთის აღთქმაზე, რომ ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს? როდესაც ამის შესახებ გაიგე, ნუთუ მანუგეშებელი არ იყო შენთვის და მოუთმენლად არ ელი აღთქმულს? რა იგრძენი, როდესაც პირველად გაიგე, რომ შესაძლებელია არასოდეს მოკვდე, არამედ გადარჩე და სამოთხეში იცხოვრო დედამიწაზე? უეჭველია, აღტაცებისგან ჟრუანტელმა დაგიარა მთელ სხეულში. დიახ, შენ გახდი ღვთის მანუგეშებელი ცნობის მიმღები, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები (ფსალმუნი 36:9–11, 29; იოანე 11:26; გამოცხადება 21:3–5).
3. რატომ განიცდიან გასაჭირს ისინიც, რომლებიც სხვებს უნაწილებენ მანუგეშებელ ცნობას?
3 მაგრამ, როდესაც სცადე ბიბლიის ცნობა გაგეზიარებინა სხვებისთვის, მიხვდი, რომ „ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2). შესაძლოა ძველი მეგობრები დაგცინოდნენ იმის გამო, რომ ბიბლიის აღთქმების გწამს. შესაძლოა, იტანჯებოდი იმის გამო, რომ, რადგან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლას თავს არ ანებებდი, გდევნიდნენ. წინააღმდეგობა, შესაძლოა, უფრო გაძლიერდა, როდესაც ცხოვრების შეცვლა ბიბლიის პრინციპებთან შეთახმებით დაიწყე. შენც გრძნობდი გასაჭირს, რომელსაც სატანა და მისი წუთისოფელი თავს ატეხს მათ, რომლებიც ღვთისგან ღებულობენ ნუგეშს.
4. რა სხვადასხვა გზებით შეიძლება, ახლად დაინტერესებულებმა იმოქმედონ გასაჭირში?
4 სამწუხაროდ, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, გასაჭირი ბევრს აცდუნებდა, შეეწყვიტა ქრისტიანულ კრებასთან კავშირი (მათე 13:5, 6, 20, 21). მრავალი უძლებს გასაჭირს, რადგან გონებაში ღრმად აქვთ ჩაბეჭდილი მანუგეშებელი აღთქმები, რომლებსაც ისმენენ. ბოლოს უძღვნიან სიცოცხლეს იეჰოვას და როგორც მისი ძის, იესო ქრისტეს მოწაფეები, ინათლებიან (მათე 28:19, 20; მარკოზი 8:34). რასაკვირველია, გასაჭირი არ შეჩერდება, როდესაც ქრისტიანი მოინათლება. მაგალითად, პატიოსნების შენარჩუნება საკმაოდ ძნელია იმ პიროვნებისთვის, რომელიც წარსულში უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. სხვები მტკიცე რწმენით უძლებენ ოჯახის ურწმუნო წევრებისგან წინააღმდეგობას. როგორიც არ უნდა იყოს გასაჭირი, ყველა, ვინც ერთგულად ცხოვრობს ღვთისადმი მიძღვნილი სიცოცხლის თანახმად, შეუძლია ერთ რამეში იყოს დარწმუნებული. პირადად იგრძნობენ ღვთის ნუგეშსა და დახმარებას.
„ყოველი ნუგეშის ღმერთი“
5. სხვა განსაცდელებთან ერთად, კიდევ რით იტანჯებოდა პავლე?
5 პავლე მოციქული ძალიან აფასებდა ღვთისგან ბოძებულ ნუგეშს. აზიასა და მაკედონიაში, ძირითადად, განსაცდელებით აღსავსე დროის შემდეგ, მან უდიდესი შვება იგრძნო, როდესაც გაიგო, რომ მის სასაყვედურო წერილს კორინთელთა კრება დადებითად გამოეხმაურა. ამან აღძრა პავლე მეორე წერილი მიეწერა მათთვის, შემდეგი სიტყვებით: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელთა 1:3, 4).
6. რას ვგებულობთ პავლეს სიტყვებით მე-2 კორინთელთა 1:3, 4-დან?
6 ეს, ღვთის მიერ შთაგონებული, სიტყვები უდიდეს ინფორმაციას იტევს. მოდი, გავაანალიზოთ. როდესაც პავლე გამოთქვამს დიდებას ან მადლიერებას ღვთის მიმართ, ან მის მოთხოვნას წერს, ვხედავთ, რომ ღრმა პატივისცემით იხსენიებს იესოს, ქრისტიანული ეკლესიის თავს (რომაელთა 1:8; 7:25; ეფესელთა 1:3; ებრაელთა 13:20, 21). ამიტომ პავლე ქების სიტყვებით ამბობს: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი“. შემდეგ, პირველად თავის წერილებში, იყენებს ბერძნულ არსებით სახელს, რომელიც გადმოითარგმნა სიტყვით: „მოწყალება“. ეს არსებითი სახელი ნაწარმოებია იმ სიტყვიდან, რომელიც სხვისი ტანჯვის მიმართ გულისტკივილის გამოხატვას ნიშნავს. ამგვარად აღწერა პავლემ ღვთის სათუთი გრძნობები ერთგული მსახურების მიმართ, რომლებიც გასაჭირით იტანჯებიან — სათუთი გრძნობები აღძრავს ღმერთს, მათ სასარგებლოდ მოწყალედ იმოქმედოს. ბოლოს, პავლემ იეჰოვა მიიჩნია აღწერილი თვისების სასურველ წყაროდ, რადგან „მოწყალების მამა“ უწოდა.
7. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა არის „ყოველი ნუგეშის ღმერთი“?
7 ღვთის „მოწყალებას“ მოჰყვება გასაჭირში დატანჯულის შვება. ამიტომ, პავლე იეჰოვას იხსენიებს, როგორც ‘ყოველი ნუგეშის ღმერთს’. ასე რომ, როგორი ნუგეშიც არ უნდა ვიგრძნოთ თანამორწმუნეების სიკეთით, იეჰოვა უნდა მივიჩნიოთ ნუგეშის წყაროდ. ნუგეში, რომელიც ღვთისგან არ მომდინარეობს, არ გასტანს დიდხანს და არ არის ნამდვილი. გარდა ამისა, ღმერთმა თავის მსგავსად შექმნა ადამიანი და ამიტომაც გვაძლევს უნარს, ვიყოთ ნუგეშისმცემლები. ღვთის სულიწმიდა აღძრავს ერთგულ მსახურებს, გამოავლინონ წყალობა მათ მიმართ, რომლებსაც ნუგეში ესაჭიროებათ.
ისწავლე იყო ნუგეშისმცემელი
8. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ არის განსაცდელის წყარო, რა სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენზე გასაჭირის მოთმენას?
8 თუმცა იეჰოვა ღმერთი თავისი ერთგული მსახურებისთვის უშვებს სხვადასხვა განსაცდელს, თვითონ არასოდეს წარმოადგენს განსაცდელის წყაროს (იაკობი 1:13). მაგრამ ნუგეში, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს გასაჭირის გადატანის დროს, გვასწავლის, რომ უფრო მეტი თანაგრძნობით შევხედოთ სხვების საჭიროებებს. რა შედეგით? — „რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი“ (2 კორინთელთა 1:4). ამგვარად გვასწავლის იეჰოვა, ეფექტურად ვუწილადოთ ნუგეში თანამორწმუნეებსა და მათ, რომლებსაც მსახურების დროს ვხვდებით, რომ მივბაძოთ ქრისტეს და ‘ვანუგეშოთ მგლოვიარენი’ (ესაია 61:2; მათე 5:4).
9. ა) რა დაგვეხმარება გასაჭირის მოთმენაში? ბ) როგორ შეიძლება ინუგეშონ სხვებმა, თუ ჩვენ ერთგულად ვითმენთ გასაჭირს?
9 პავლემ მრავალი ტანჯვა ქრისტეს მეშვეობით ღვთისგან მიღებული ნუგეშით გადაიტანა (2 კორინთელთა 1:5). ჩვენც შევგიძლია ვიგრძნოთ დიდი ნუგეში ღვთის შესანიშნავ აღთქმებზე ღრმა ფიქრით, ღვთის სულიწმიდით მხარდაჭერაზე ლოცვითა და ჩვენს ლოცვებზე ღვთის პასუხის დანახვით. ამგვარად გავძლიერდებით, რათა განვაგრძოთ იეჰოვას უზენაესი მმართველობის დაცვა და დამტკიცება, რომ ეშმაკი არის მატყუარა (იობი 2:4; იგავნი 27:11). როდესაც თავდადებულად ვითმენთ ნებისმიერ გასაჭირს, პავლეს მსგავსად, ყველანაირად უნდა მივენდოთ იეჰოვას, რომლისგანაც მომდინარე ნუგეში უნარს აძლევს ქრისტიანებს, განსაცდელის დროს შეინარჩუნონ ერთგულება. ერთგული ქრისტიანების მოთმინებას მანუგეშებელი გავლენა აქვს ძმობაზე, აღძრავს სხვებსაც, გადაიტანონ ‘იგივე ტანჯვა’ (2 კორინთელთა 1:6).
10, 11. ა) რამ გამოიწვია ძველი კორინთის კრებაში ტანჯვა? ბ) როგორ ანუგეშა პავლემ კორინთის კრება და რა იმედი გამოთქვა?
10 კორინთელებსაც მოუწიათ განეცადათ ის გასაჭირი, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს ჰქონდათ. ამასთანავე, მათ ესაჭიროებოდათ რჩევა, რომ გაერიცხათ მოუნანიებელი მრუში (1 კორინთელთა 5:1, 2, 11, 13). მათ არ გადადგეს კამათისა და დაყოფების აღმოსაფხვრელი ნაბიჯი, რამაც სირცხვილი მოუტანა კრებას. მაგრამ ბოლოს გამოიყენეს პავლეს რჩევა და მთელი გულით მოინანიეს. ამიტომ პავლემ გულთბილად შეაქო ისინი და მისწერა, რომ წერილზე მათი შესანიშნავი გამოხმაურებით ინუგეშა (2 კორინთელთა 7:8, 10, 11, 13). როგორც ჩანს, გარიცხულმა პიროვნებამაც მოინანია. ასე რომ, პავლემ ურჩია მათ: „აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი“ (2 კორინთელთა 2:7).
11 პავლეს მეორე წერილი, ნამდვილად, მოუტანდა ნუგეშს კორინთის კრებას. და ეს იყო პავლეს ჩანაფიქრიდან ერთ-ერთი. ის განმარტავდა: „მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ტანჯვათა მონაწილენი ხართ, ასევე ნუგეშისცემისაც“ (2 კორინთელთა 1:7). წერილის დასასრულს პავლე ემუდარებოდა მათ: „ინუგეშეთ. . . და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (2 კორინთელთა 13:11).
12. რა ესაჭიროება ყოველ ქრისტიანს?
12 რა მნიშვნელოვან გაკვეთილს წარმოადგენს ეს ჩვენთვის! ქრისტიანული კრების ყველა წევრს ესაჭიროება იმ „ნუგეშის“ სხვებისთვისაც განაწილება, რომელსაც ღმერთი გვაწვდის თავისი სიტყვის, სულიწმიდისა და მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით. თვით გარიცხულებსაც შესაძლოა ესაჭიროებათ ნუგეში, თუ მოინანიეს და გამოასწორეს მცდარი გზა. ამგვარად, ‘ერთგულმა და გონიერმა მონამ’ დააწესა წყალობით აღსავსე მხარდაჭერა მათთვის. ორ უხუცესს შეუძლია წელიწადში ერთხელ ეწვიოს გარიცხულ პიროვნებას. მათ, შესაძლოა, აღარ უჭირავთ მოჯანყე პოზიცია ან აღარ არიან გახვეული დიდ ცოდვაში და შესაძლოა, ესაჭიროებათ დახმარება, რომ აღდგენისთვის აუცილებელი ნაბიჯი გადადგან (მათე 24:45; ეზეკიელი 34:16).
პავლეს გასაჭირი აზიაში
13, 14. ა) როგორ აღწერა პავლემ საშინელი გასაჭირი, რომელიც აზიაში გადაიტანა? ბ) რა შემთხვევა შეიძლება ეგულისხმა პავლეს?
13 გასაჭირი, რომელიც კორინთელთა კრებამ გადაიტანა, ვერაფრით შეედრება იმ მრავალ გასაჭირს, რომლებიც პავლეს ჰქონდა. ამიტომ შეეძლო მას შეეხსენებინა მათთვის: „რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადავიტანეთ რომ მეტისმეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის ატანა შეგვეძლო. ხოლო ჩვენ თვით გვქონდა სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს, რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და გვიხსნის, რომლის იმედი გვაქვს, რომ კვლავაც გვიხსნის“ (2 კორინთელთა 1:8–10).
14 ბიბლიის ზოგიერთ სწავლულს სწამს, რომ პავლე აღწერდა ეფესოში ხალხის აჯანყებას, რაც შეიძლება პავლესა და მის მაკედონელ თანამგზავრებს, გაიოზსა და არისტარქოსსაც სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. ეს ორი ქრისტიანი ძალით წაიყვანეს ხალხით გადაჭედილ თეატრონში და ბრბო ‘თითქმის ორ საათს გაჰკიოდა: დიდია ეფესელთა არტემისიო!’ ბოლოს, ქალაქის ოფიციალურმა პირმა დააწყნარა ბრბო. მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა გაიოზისა და არისტარქოსის სიცოცხლეს, დიდად დაამწუხრებდა პავლეს. სინამდვილეში პავლეს სურდა ფანატიკოს ბრბოსთან მისვლა და მსჯელობა, მაგრამ მას სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდებინეს (საქმეები 19:26–40).
15. რა დაძაბული მდგომარეობა შეიძლება არის აღწერილი 1-ლი კორინთელთა 15:32-ის თანახმად?
15 შემდეგ შესაძლოა პავლე ადრინდელზე უფრო დაძაბულ ვითარებას აღწერს. კორინთელთა მიმართ პირველ წერილში პავლემ იკითხა: „თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს?“ (1 კორინთელთა 15:32). ეს სიტყვები შესაძლოა ნიშნავს იმას, რომ პავლეს სიცოცხლეს მხოლოდ გამხეცებული ადამიანებისგან კი არ ემუქრებოდა საფრთხე, არამედ ეფესოს ამფითეატრში ნამდვილი მხეცებისგანაც. დამნაშავეებს ზოგჯერ იმით სჯიდნენ, რომ აიძულებდნენ გარეულ მხეცებთან ებრძოლათ სისხლმოწყურებული ბრბოს გასართობად. თუ პავლე გულისხმობდა, რომ გარეულ მხეცებთან პირისპირ იყო, უკანასკნელ წამს სასწაულით უნდა გადარჩენილიყო სიკვდილისგან, ისევე როგორც ლომებისგან იქნა დახსნილი დანიელი (დანიელი 6:23).
დღევანდელი მაგალითები
16. ა) რატომ შეიძლება იეჰოვას მრავალი მოწმის გასაჭირი გაიგიავდეს პავლეს ტანჯვასთან? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები იმათთან დაკავშირებით, რომლებიც რწმენის გამო დაიხოცნენ? გ) რამდენად კარგი შედეგი ჰქონდა იმას, როდესაც ქრისტიანებმა სიკვდილს თვალებში ჩახედეს?
16 დღეს მრავალ ქრისტიანზე შეიძლება ითქვას, რომ ისეთივე გასაჭირს განიცდის, როგორიც ჰქონდა პავლეს (2 კორინთელთა 11:23–27). დღესაც აქვთ ქრისტიანებს ‘გასაჭირი, რომელიც ასატანად მეტისმეტად მძიმეა’ და მრავალს ჰქონდა „სასიკვდილო მსჯავრი“ (2 კორინთელთა 1:8). მრავალი მოკვდა მასების ამომჟლეტთა და სასტიკ მდევნელთა ხელით. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღვთის მანუგეშებელი ძალა შეაძლებინებდა მათ, ბოლომდე მოეთმინათ და ისე დაიხოცნენ, რომ გულსა და გონებაში მტკიცედ ჰქონდათ ჩაბეჭდილი იმედის განხორციელების რწმენა, ზეცაში ან კიდევ, მიწაზე ცხოვრების იმედი (1 კორინთელთა 10:13; ფილიპელთა 4:13; გამოცხადება 2:10). სხვა შემთხვევებში იეჰოვა ისე ხელმძღვანელობდა საქმეებს, რომ ძმები სიკვდილისგან გადარჩენილან. უეჭველია, რომ ისინი, რომლებმაც იგრძნეს ხსნა, უფრო მეტ ნდობას განავითარებდნენ იმ ‘ღმერთის მიმართ, რომელიც აღადგენს მკვდრებს’ (2 კორინთელთა 1:9). შემდეგ ისინი უფრო მეტი დამაჯერებლობით შეძლებდნენ ესაუბრათ სხვებთან ღვთის ნუგეშის გაზიარების დროს (მათე 24:14).
17–19. რა შემთხვევები ცხადყოფს, რომ რუანდაში ჩვენი ძმები ღვთის ნუგეშს უწილადებდნენ სხვებს?
17 ახლახანს რუანდაში ჩვენს ძვირფას ძმებსაც ისეთივე განსაცდელი ჰქონდათ, როგორიც — პავლესა და მის თანამგზავრებს. მრავალი დაიღუპა, მაგრამ სატანამ ვერ შეძლო მათი რწმენის განადგურება. პირიქით, ამ ქვეყანაში ჩვენი ძმები მრავალ შემთხვევაში პირადად გრძნობდნენ ღვთისგან ნუგეშს. რუანდაში ტუტსისა და ხუტუს გენოციდის დროს მრავალი ხუტუ საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად იცავდა ტუტსის და ტუტსი — ხუტუს. ზოგიერთები ექსტრემისტებმა დახოცეს იმის გამო, რომ იცავდნენ თანამორწმუნეებს. მაგალითად, იეჰოვას ხუტუ მოწმე, სახელად გაჰეზი, მოკლეს იმის გამო, რომ მალავდა ტუტსი დას, სახელად ჩანტალს. ჩანტალის ტუტსი მეუღლეს, ჟანს, სხვა ტერიტორიაზე მალავდა ხუტუ და, სახელად შარლოტა. ორმოცი დღის მანძილზე ჟანი და მეორე ტუტსი ძმა იმალებოდნენ საკვამლე მილში, მხოლოდ ღამის განმავლობაში ძალიან ცოტა ხნით გამოდიოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში შარლოტა ამარაგებდა მათ საკვებით და იცავდა მათ უსაფრთხოებას, მიუხედავად იმისა, რომ ხუტუს სამხედრო ბანაკის ახლოს ცხოვრობდნენ. მომდევნო გვერდზე შენ ხედავ ჟანსა და ჩანტალს, რომლებიც კვლავ ერთად არიან და თავიანთი ხუტუ თანამორწმუნეების მადლობლები არიან, რომლებიც ‘მათთვის თავს სწირავდნენ’ ისევე, როგორც პრისკილა და აკვილა — პავლეს გულისთვის (რომაელთა 16:3, 4).
18 იეჰოვას კიდევ ერთი ხუტუ მოწმე რუაკაბუბუ ქებით იყო მოხსენიებული გაზეთ „ინტერემარა“-ში იმის გამო, რომ გადაარჩინა ტუტსი თანამორწმუნეებიa. გაზეთში ნათქვამი იყო: „ასევე რუაკაბუბუ, იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე, ხან ერთ, ხან მეორე ადგილას მალავდა ძმებს (ასე უწოდებენ თანამორწმუნეები ერთმანეთს). ის მთელი დღე ანდომებდა დამალულების საჭმლითა და დასალევი წყლით მომარაგებას, მიუხედავად იმისა, რომ ასთმით იტანჯება. მაგრამ ღმერთმა ძალიან გააძლიერა იგი“.
19 მოვიხსენიებთ აგრეთვე დაინტერესებული ხუტუ წყვილის, სახელად ნიკოდემისა და ათანასეს, შემთხვევას. გენოციდის დაწყებამდე ეს დაქორწინებული წყვილი ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას ტუტსი მოწმესთან, ალფონსთან. საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, მათ ალფონსი თავიანთ სახლში დამალეს. მოგვიანებით ისინი მიხვდნენ, რომ სახლი არ იყო უსაფრთხო ადგილი, რადგან ხუტუ მეზობლებმა იცოდნენ მათი ტუტსი მეგობრის შესახებ. მიუხედავად ამისა, ნიკოდემმა და ათანასემ თავიანთი ეზოს ერთ-ერთ ორმოში დამალეს ალფოსი. ეს ნაბიჯი საკმაოდ გონივრული იყო, რადგან მეზობლები თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ და ეძებდნენ ალფონსს. ორმოში 28 დღის მანძილზე ყოფნისას, ალფონსი ფიქრობდა ბიბლიაში ჩაწერილ შემთხვევებზე, რახაბზე, რომელმაც იერიხონში თავისი სახლის სხვენში ორი ებრაელი დამალა (იესო ნავეს ძე 6:17). დღეს ალფონსი კვლავ აგრძელებს მსახურებას რუანდაში, როგორც კეთილი ცნობის მქადაგებელი და მადლიერია, რომ ბიბლიის ხუტუ შემსწავლელებმა მის გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს. მაგრამ რა დაემართათ ნიკოდემსა და ათანასეს? ახლა ისინი იეჰოვას მონათლული მოწმეები არიან და დაინტერესებულებთან ატარებენ ბიბლიის 20-ზე მეტ შესწავლას.
20. როგორ ანუგეშა იეჰოვამ ჩვენი ძმები რუანდაში, მაგრამ რა ესაჭიროება მრავალ მათგანს კიდევ?
20 როდესაც რუანდაში გენოციდი დაიწყო, ქვეყანაში კეთილი ცნობის მხოლოდ 2 500 მაუწყებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასობით მათგანი დახოცეს და მრავალს აიძულეს ქვეყნის დატოვება, იეჰოვას მოწმეთა რიცხვი გაიზარდა და 3 000-ს მიაღწია. ეს არის იმის მტკიცება, რომ ღმერთმა ნამდვილად ანუგეშა ჩვენი ძმები. მაგრამ როგორ არიან იეჰოვას მოწმეთა შორის ობლები და ქვრივები? ბუნებრივია, ეს მათთვის დიდი გასაჭირია და მათაც ესაჭიროებათ ნუგეში (იაკობი 1:27). მათ სავსებით შეაშრებათ ცრემლი მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მოხდება აღდგომა. მაგრამ ძმების მომსახურებითა და იმით, რომ წარმოადგენენ ‘ყოველი ნუგეშის ღვთის’ თაყვანისმცემლებს, მათ შესწევთ უნარი, გაუმკლავდნენ ცხოვრებას.
21. ა) კიდევ სად ესაჭიროებათ ჩვენს ძმებს უდიდესი ნუგეში და რა საშუალებით შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს დახმარება? (იხილე ჩარჩო „ნუგეში ოთხწლიანი ომის დროს“). ბ) როდის დაკმაყოფილდება სავსებით ნუგეშისადმი მოთხოვნილება ჩვენში?
21 სხვა მრავალ ადგილას, მაგალითად, ერიტრეაში, სინგაპურსა და ყოფილ იუგოსლავიაში ჩვენი ძმები, გასაჭირის მიუხედავად, კვლავაც ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. მოდი, დავეხმაროთ მათ იეჰოვასადმი განუწყვეტელი მუდარით, რომ მიიღონ ნუგეში (2 კორინთელთა 1:11). დაე, ერთგულები ვიყოთ, სანამ ღმერთი ქრისტეს მეშვეობით სავსებით ‘მოგვწმენდს ყოველგვარ ცრემლს თვალებიდან’. მაშინ სრულყოფილად განვიცდით იეჰოვასგან ნუგეშს სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში (გამოცხადება 7:17; 21:4; 2 პეტრე 3:13).
[სქოლიოები]
a რუაკაბუბუს ქალიშვილის, დებორას, შესახებ, რომლის ლოცვამაც იმოქმედა ხუტუ ჯარისკაცების ჯგუფზე და ოჯახი სიკვდილს გადაარჩინა, მოთხრობილია 1995 წლის 1-ლი იანვრის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.).
იცი თუ არა შენ?
◻ რატომ ეწოდება იეჰოვას „ყოველი ნუგეშის ღმერთი“?
◻ როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს გასაჭირზე?
◻ ვის შეგვიძლია ვუწილადოთ ნუგეში?
◻ როგორ დაკმაყოფილდება სავსებით ნუგეშისადმი ჩვენი მოთხოვნილება?
[სურათი 31 გვერდზე]
ჟანსა და ჩანტალს, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ტუტსი მოწმეები არიან, იეჰოვას ხუტუ მოწმეები ცალ-ცალკე მალავდნენ რუანდაში მომხდარი გენოციდის დროს.
[სურათი 31 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები რუანდაში კვლავაც უწილადებენ მეზობლებს ღვთის მანუგეშებელ ცნობას.