სტუმართმოყვარეობა
ნაცნობი ან უცნობი სტუმრის გულღიად, ხალისიანად მიღება და გამასპინძლება. სტუმართმოყვარეობად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ფილოქსენია სიტყვასიტყვით „უცხოთა სიყვარულს“ ნიშნავს.
ძველ დროში. პატრიარქალურ ეპოქაში სტუმართმოყვარეობით სემიტები გამოირჩეოდნენ, თუმცა ამ თვისებას ეგვიპტელები და სხვა ხალხებიც იჩენდნენ. იმ დროს მგზავრების პატივისცემა მიღებული იყო. სტუმრის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იყო ის — უცხო, მეგობარი, ნათესავი თუ მოწვეული სტუმარი.
ბიბლიური ისტორიიდანაც კარგად ჩანს, რომ მგზავრის მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა მიღებული წესი იყო. სტუმარს ამბორით ეგებებოდნენ, მით უმეტეს, თუ ის ნათესავი იყო (დბ. 29:13, 14). სახლეულობიდან ვინმე, როგორ წესი, მსახური მას ფეხებს ჰბანდა (დბ. 18:4), მის პირუტყვს აჭმევდა და აბინავებდა (დბ. 24:15—25, 29—33). სტუმარს ღამის გათევას სთავაზობდნენ და ზოგჯერ რამდენიმე დღითაც ტოვებდნენ (დბ. 24:54; 19:2, 3). სტუმრის უსაფრთხოებაზე მასპინძელი ზრუნავდა, ვიდრე ის მის ჭერქვეშ იყო (დბ. 19:6—8; მსჯ. 19:22—24). მასპინძელს სტუმარი შეიძლება გარკვეულ მანძილზე გაეცილებინა (დბ. 18:16).
სტუმრის გამასპინძლებას დიდი მნიშვნელობა რომ ენიჭებოდა, კარგად ჩანს რეუელის რეაქციიდან. როცა თავისი ასულებისგან გაიგო, რომ ერთი „ეგვიპტელი“ მგზავრი (სინამდვილეში მოსე) მათ ფარის დარწყულებაში დაეხმარა, შვილებს უთხრა: „კი მაგრამ, სად არის ის კაცი? რატომ მიატოვეთ? დაუძახეთ, რომ პური ჭამოს“ (გმ. 2:16—20).
ქალაქებში. როგორც ბიბლიიდან ჩანს, არაისრაელები, განსაკუთრებით ქალაქებში მცხოვრებნი, ყოველთვის არ იჩენდნენ სტუმართმოყვარეობას ისრაელების მიმართ (მსჯ. 19:11, 12). ზოგადად ქალაქელები სხვა დასახლებულ ადგილებში მცხოვრებთაგან განსხვავებით სტუმართმოყვარეობით არ გამოირჩეოდნენ. თუმცა ერთ ლევიანს, რომელიც თავის მსახურთან და ხარჭასთან ერთად საღამოხანს ქალაქ გიბას მოედანზე გაჩერდა, როგორც ჩანს, ჰქონდა იმის იმედი, რომ ვინმე ღამის გასათევს შესთავაზებდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სტუმართმოყვარეობა არც ქალაქისთვის უნდა ყოფილიყო უცხო (მსჯ. 19:15). აღსანიშნავია, რომ ამ ლევიანს თან ჰქონდა საკვები თავისი თანამგზავრებისა და პირუტყვისთვის (მსჯ. 19:19). მას მხოლოდ თავშესაფარი სჭირდებოდა. მაგრამ იქაურმა მცხოვრებლებმა, ბენიამინელებმა, ისეთი უმსგავსობა ჩაიდინეს, რომ იმ ქალაქს სტუმართმოყვარეს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ (მსჯ. 19:26—28).
ღვთის მსახურთა მიმართ. ძველ დროში სტუმრის გულთბილად დახვედრა მიღებული წესი იყო, მაგრამ როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით მაინც იეჰოვას მსახურები გამოირჩეოდნენ. აღსანიშნავია, თუ რა სტუმართმოყვარეობასა და პატივისცემას გამოხატავდნენ ისინი წინასწარმეტყველებისა და ღვთის მიერ წარგზავნილი სხვა მსახურების მიმართ. მაგალითად, აბრაამი პატივისცემის ნიშნად ფეხზე იდგა, როცა მასთან მისული სამი ანგელოზი საჭმელს მიირთმევდა, რადგან იცოდა, რომ ისინი იეჰოვას წარმომადგენლები იყვნენ (დბ. 18:3, 7, 8). აბრაამის მსგავსად, რომელიც სტუმრებისთვის საჭმლის მოსამზადებლად გაიქცა, მანოახმაც გამოხატა მზადყოფნა, საჭმელი მოემზადებინა სტუმრად მისული ანგელოზისთვის, რომელიც ღვთის კაცი ეგონა (მსჯ. 13:15—18, 21). სტუმართმოყვარეობა შუნემელმა ქალმაც გამოიჩინა ელისეს მიმართ. მან ქმარს უთხრა: „ვიცი, რომ წმინდაა ეს ღვთის კაცი, ჩვენთან რომ შემოივლის ხოლმე“ (2მფ. 4:8—11).
არასტუმართმოყვარეობა დაგმობილია. ამონელებმა და მოაბელებმა აღთქმული მიწისკენ მიმავალი ისრაელი ერის მიმართ სტუმართმოყვარეობა არ გამოავლინეს. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ მოაბელებმა ბალაამს მისი დაწყევლა სთხოვეს. ამის გამო იეჰოვამ თქვა, რომ მოაბელთაგან და ამონელთაგან ვერავინ შევიდოდა მის კრებულში (კნ. 23:3, 4). მათი არასტუმართმოყვარეობა ღვთისა და მისი ხალხის სიძულვილით იყო გამოწვეული.
არასტუმართმოყვარეობის გამო ესაია წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ ისრაელი გაკიცხა და გააფრთხილა, რომ მარხვასა და თავის დამდაბლებას აზრი არ ექნებოდა, თუ ხელს არ გაუმართავდნენ თავიანთ ძმებს, რომლებსაც საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი არ ჰქონდათ (ეს. 58:3—7).
ახ. წ. I საუკუნეში. სტუმართმოყვარეობის გამოვლენა ახ. წ. I საუკუნეშიც მიღებული იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მას ყველას მიმართ არ იჩენდნენ. დაძაბული ურთიერთობის გამო სამარიელები და იუდეველები ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეობას არ ავლენდნენ (ინ. 4:7—9; 8:48). გარდა ამისა, დამპყრობელმა ერებმა ხალხს შორის შუღლი გააღვივეს; გზებზე მრავლად იყვნენ ყაჩაღები. სასტუმროს ზოგი მეპატრონე არაკეთილსინდისიერი და არასტუმართმოყვარე იყო.
მიუხედავად ამისა, იუდეველები სტუმრებს მაინც გულთბილად იღებდნენ — კოცნით ეგებებოდნენ, თავზე ზეთს სცხებდნენ და ფეხებს ჰბანდნენ. ნადიმებზე, მათ, როგორც წესი, სოციალური მდგომარეობის მიხედვით სხამდნენ (ლკ. 7:44—46; 14:7—11).
იესოს მოწაფეების მიმართ. საქადაგებლად გაგზავნილ 12 მოციქულს და შემდეგ 70 მოწაფეს უფალმა იესო ქრისტემ უთხრა, რომ სასიხარულო ცნობის დამფასებლები მათ სტუმართმოყვარულად მიიღებდნენ (მთ. 10:5, 6, 11—13; ლკ. 10:1, 5—9). იესოს „თავის დასადები ადგილი“ არ გააჩნდა; მას ხალისით მასპინძლობდნენ ის ოჯახები, რომლებსაც სწამდათ, რომ ის ღვთის მაცნე იყო (მთ. 8:20; ლკ. 10:38).
პავლე დარწმუნებული იყო, რომ მისი თანამორწმუნე ფილიმონი მას საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ სტუმართმოყვარულად მიიღებდა. პავლე იცნობდა ფილიმონს და იცოდა, რომ ის თავს არ დაზოგავდა და შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებდა მისთვის (ფლმ. 21, 22). დაახლოებით ახ. წ. 98 წელს მოციქული იოანე თავის წერილში წერდა, რომ ქრისტიანული კრების წევრები ვალდებულნი იყვნენ სტუმართმოყვარეობა გამოევლინათ მიმომსვლელი ძმების მიმართ, რათა მათი „თანამსახურნი [გამხდარიყვნენ] ჭეშმარიტებაში“. იოანემ შეაქო გაიუსი უცხო ძმებისადმი გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის. მართალია გაიუსი მათ პირადად არ იცნობდა, მაგრამ თბილად შეხვდა, რადგან ისინი კრების საკეთილდღეოდ იღვწოდნენ (3ინ. 5—8).
ჭეშმარიტი ქრისტიანობისთვის დამახასიათებელი. გულითადი სტუმართმოყვარეობა ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, წმინდა სულის გადმოსვლის შემდეგ, ბევრი ახალმოქცეული ქრისტიანი იერუსალიმში დარჩა, რათა სამშობლოში დაბრუნებამდე მეტი გაეგოთ სასიხარულო ცნობის შესახებ. იერუსალიმელმა ქრისტიანებმა დიდი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს მათდამი — მიიღეს თავიანთ სახლებში და თავიანთი ქონებაც კი გაყიდეს, რათა ამ თანხით ყველას ესარგებლა (სქ. 2:42—46). მოგვიანებით მოციქულებმა გაჭირვებული ქვრივებისთვის საკვების განაწილებას გაუწიეს ორგანიზება (სქ. 6:1—6).
ქრისტიანებს სტუმართმოყვარეობა მოეთხოვებათ. პავლემ იმ ქრისტიანებსაც მოუწოდა, არ დაევიწყებინათ სტუმართმოყვარეობა, რომლებიც დევნის მსხვერპლი გახდნენ და ქონება დაკარგეს (ებ. 13:2; 10:34). პეტრემ თანამორწმუნეებს გულღია მასპინძლობაზე გაუმახვილა ყურადღება და ურჩია: „იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები წუწუნის გარეშე“ (1პტ. 4:9; შდრ. 2კრ. 9:7). პავლემ თანაქრისტიანებს დაანახვა, თუ რა იყო მათი უმთავრესი მოვალეობა: „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გლ. 6:10).
სტუმართმოყვარეობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომელითაც ქრისტიანული კრების ზედამხედველები გამორჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ (1ტმ. 3:2; ტიტ. 1:7, 8). პავლემ ტიმოთეს, ეფესოს კრების ზედამხედველს, მიუთითა, კრების იმ ქვრივთა სიაში, რომელთათვისაც ფინანსური დახმარება უნდა აღმოეჩინათ, შეეყვანა ის ქალები, რომლებიც „უცნობებს გამასპინძლებიან“ (1ტმ. 5:9, 10). ამ ქვრივთა სახლის კარი ყოველთვის ღია იყო მათ კრებაში სტუმრად მისული მისიონერებისთვის, რომელთა უმეტესობას არც კი იცნობდნენ. ასეთი იყო ლიდია, რომლის არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობის შესახებ ლუკამ დაწერა: „გვეხვეწებოდა ... და დაგვიყოლია“ (სქ. 16:14, 15).
რწმენის მაჩვენებელი. მოწაფე იაკობი ამბობს, რომ სტუმართმოყვარეობა რწმენის მაჩვენებელიც არის. ის წერს: „თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო არა აქვს, რომელიმე თქვენგანი კი ეუბნება, აბა მშვიდობით, თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთო, მაგრამ სხეულისათვის საჭიროს არაფერს აძლევს, რა სარგებელია? რწმენაც ასეა. თუ საქმეები არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია“ (იაკ. 2:14—17).
კურთხევები. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სტუმართმოყვარე ადამიანი სულიერ კურთხევებს მიიღებს. პავლე წერს: „ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას, რადგან ზოგიერთები ანგელოზებს გამასპინძლებიან და არ სცოდნიათ“ (ებ. 13:2; დბ. 19:1—3, 6, 7; მსჯ. 6:11—14, 22; 13:2, 3, 8, 11, 15—18, 20—22). იესომ ასე ჩამოაყალიბა შემდეგი პრინციპი: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (სქ. 20:35).
ლევად წოდებულმა მათემ იესოს პატივსაცემად დიდი ნადიმი გამართა, სანაცვლოდ კი ფარისევლების დასმულ კრიტიკულ კითხვებზე იესოს პასუხი და მისი ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი მოისმინა, რაც მისთვის ნამდვილი კურთხევა იყო. მათეს სტუმართმოყვარეობამ გადასახადების ამკრეფებსა და მის სხვა ნაცნობებს იესოს მოსმენის შესაძლებლობა მისცა (ლკ. 5:27—39).
როცა რწმენით განმსჭვალულმა ზაქემ იესოს უმასპინძლა, უდიდესი კურთხევა მიიღო, რადგან მისგან შემდეგი სიტყვები მოისმინა: „ხსნის დღე დაუდგა ამ სახლს“ (ლკ. 19:5—10).
სამეფო ძალაუფლებით მოსვლის შესახებ წინასწარმეტყველებისას იესომ თქვა, რომ ადამიანებს ერთმანეთისგან გამოაცალკევებდა, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. მათი გამოცალკევება იმის მიხედვით მოხდებოდა, თუ როგორ მოეპყრობოდნენ იესოს „ძმებს“ დედამიწაზე მისი არყოფნის დროს. მათდამი სტუმართმოყვარეობა და სიკეთე იმიტომ უნდა გამოეჩინათ, რომ ისინი ქრისტეს ძმები და ღვთის ძეები იყვნენ (მთ. 25:31—46). იესომ ისიც თქვა, რომ ღვთისგან საზღაურის მისაღებად კაცთმოყვარეობით გამოვლენილი სტუმართმოყვარეობის გარდა საჭირო იყო ღვთის წინასწარმეტყველებისადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენაც, რადგან ისინი ღვთის წარმომადგენლები და ქრისტეს მოწაფეები იყვნენ (მთ. 10:40—42; მრ. 9:41, 42).
ვინ არ იმსახურებს სტუმართმოყვარეობას. ბიბლიიდან ვიგებთ, ვის მიმართ არ უნდა გამოიჩინონ ქრისტიანებმა სტუმართმოყვარეობა: „მას, ვინც ცდილობს, წინ გაიჭრას და ქრისტეს სწავლებაში არ რჩება, არა ჰყავს ღმერთი ... თუ ვინმე მოდის თქვენთან და ეს სწავლება არ მოაქვს, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით, რადგან ვინც მას ესალმება, მისი ბოროტი საქმეების თანამონაწილე ხდება“ (2ინ. 9—11). ვინც ასეთ ადამიანს სახლში იღებს და მეგობრულად ეპყრობა, თავის სულიერობას საფრთხეში აგდებს და, ფაქტობრივად, მის ქცევას იწყნარებს. ასეთმა ქმედებმა შეიძლება სხვებიც შეიყვანოს შეცდომაში და სახელი გაუტეხოს კრებას. მსგავსი გაფრთხილებები მოცემულია შემდეგ მუხლებში: რომაელები 16:17, 18; მათე 7:15; 1 კორინთელები 5:11—13.
სასტუმროები და ღამის გასათევი ადგილები. ძველად სასტუმროები მოგზაურთათვის მხოლოდ თავშესაფრის მოვალეობას ასრულებდა; იქ პირუტყვის დაბინავებაც შეიძლებოდა. ეს ერთგვარი ქარვასლები იყო. სავარაუდოდ, ასეთ ადგილას გაჩერდნენ ეგვიპტიდან ქანაანისკენ მიმავალი იოსების ნახევარძმები (დბ. 42:27; 43:21) და ამდაგვარ ადგილას გამოეცხადა მოსეს ცოლს, ციფორას, ანგელოზი (გმ. 4:24).
ზოგიერთი ღამის გასათევი ადგილის მეპატრონეები მეძავები იყვნენ. იერიხონელმა მეძავმა რახაბმა იესო ნავეს ძის მიერ გაგზავნილი ორი მზვერავი შეიფარა, სიკეთე და სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა მათდამი და მდევრისგან გადამალა (იეს. 2:1—13). სამსონი შუაღამემდე ღაზელი მეძავის სახლში დარჩა, რათა ხელსაყრელ მომენტში დაემცირებინა ფილისტიმელები — მათი ქალაქის კარიბჭე მოეგლიჯა და წაეღო (მსჯ. 16:1—3).
ახ. წ. I საუკუნეში პალესტინის ტერიტორიაზე ზოგიერთი სასტუმრო შედარებით კეთილმოწყობილი იყო. იქ თავშესაფართან ერთად მოგზაურებს გარკვეულ საფასურად, როგორც ჩანს, საკვებსა და სხვა მომსახურებასაც სთავაზობდნენ. იესოს იგავში სტუმართმოყვარე სამარიელმა თავად გადაიხადა თანხა დაზარალებულის სასტუმროში დასაბინავებლად და მოსავლელად (ლკ. 10:30—35).
სტუმარი. ძველად სტუმარს, რომელსაც დიდი თავაზიანობითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ, გარკვეული წესების დაცვა მოეთხოვებოდა. მაგალითად, უნამუსობად ითვლებოდა იმ ადამიანის ღალატი და დაზარალება, ვის ოჯახშიც პურს შეჭამდნენ (ფს. 41:9; ინ. 13:18). სტუმარს საკუთარი თავისთვის ზედმეტის უფლება არ უნდა მიეცა და შეკრებილთა შორის თვითნებურად საპატიო ადგილი არ უნდა დაეკავებინა, ვინაიდან მასპინძელი წყვეტდა, ვინ სად დაჯდებოდა (ლკ. 14:7—11). სტუმარს არც ხანგრძლივი და ხშირი სტუმრობით უნდა მოებეზრებინა თავი მასპინძლისთვის (იგ. 25:17). რაც შეეხება იესოს, თავის მასპინძლებს ის ყოველთვის უზიარებდა სულიერ საზრდოს (ლკ. 5:27—39; 19:1—8). მას სურდა, რომ მისი მოწაფეებიც ასე მოქცეულიყვნენ, ამიტომ, ვიდრე მათ საქადაგოდ გაგზავნიდა, უთხრა, რომ ქალაქში შესვლისას იმ სახლში დარჩენილიყვნენ, სადაც სტუმართმოყვრულად მიიღებდნენ და „ერთი სახლიდან მეორეში“ არ გადასულიყვნენ. მათ არ უნდა ეძებნათ ისეთი ოჯახი, სადაც მეტი კომფორტი და სასიამოვნო გარემო დახვდებოდათ ან რაიმეს გამორჩებოდნენ (ლკ. 10:1—7; მრ. 6:7—11).
პავლე მოციქული, რომელიც ბევრს მოგზაურობდა და უამრავ თანამორწმუნეს სტუმრობდა, ტვირთად არავის დასწოლია. ის ბევრს მუშაობდა და აქედან გამომდინარე შეეძლო ეთქვა: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“ (2თს. 3:7—12; 1თს. 2:6). ამიტომ პავლეს საკადრისი პასუხის გაცემა შეეძლო იმ „უაღმატებულესი“ კორინთელი მოციქულებისთვის, რომლებიც მას ქრისტიანული კრებით სარგებლობაში სდებდნენ ბრალს (2კრ. 11:5, 7—10). პავლეს შეეძლო დაეკვეხნა, რომ სასიხარულო ცნობას უსასყიდლოდ ახარებდა და იმასაც კი არ იღებდა, რაც მოციქულსა და ღვთის მსახურს ეკუთვნოდა (1კრ. 9:11—18).
თვალთმაქცური სტუმართმოყვარეობა. იგავების 23:6—8 გვაფრთხილებს თვალთმაქცური სტუმართმოყვარეობის შესახებ: «ძუნწი თვალის მქონე [სიტყვასიტყვით „ავთვალი“] კაცის საჭმელს ნუ შეჭამ, ნურც მის გემრიელ კერძებს მოისურვებ. ასეთ კაცს თავის სულში ყველაფერი გათვლილი აქვს; გეუბნება, ჭამე და სვიო, მაგრამ გულით არ გეუბნება ამას. შეჭმულ ლუკმას ამოარწყევ და ტყუილად დახარჯავ ტკბილ სიტყვებს». ასეთი ადამიანი იმიტომ გასცემს, რომ სანაცვლოდ რამე მიიღოს. მას ყველაფერი წინასწარ აქვს გათვლილი — ვითომ გულით გეპატიჟება, მაგრამ ფარული მოტივები ამოძრავებს. თუ ამ კაცის სუფრიდან შეჭამ და მის გემრიელ კერძებს დახარბდები, მისგან დავალებული დარჩები; როცა რაღაცას გთხოვს, უარის თქმა გაგიჭირდება და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდები. და შემდეგ სანანებელი გაგიხდება, რომ ოდესღაც მასთან ერთად ჭამე პური და ფუჭად დახარჯე ტკბილი სიტყვები, რომლებსაც გეგონა, სულიერი და გამამხნევებელი ურთიერთობისთვის წარმოთქვამდი (შდრ. ფს. 141:4).