ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔ
წალკოტი ან წალკოტის მსგავსი ბაღი. ბერძნული სიტყვა პარადეისოს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სამ ადგილას გვხვდება (ლკ. 23:43; 2კრ. 12:4; გმც. 2:7). ეს სიტყვა გამოყენებული აქვთ ძველ ბერძენ მწერლებს თავიანთ ნაშრომებში, მაგალითად, ქსენოფონტს (დაახლ. ძვ. წ. 431—352), ხოლო პოლუქსის თანახმად, ის ძალიან ჰგავს სპარსულ სიტყვას პაირიდაზა (კიროპედია, I, iii, 14; ანაბასისი, I, ii, 7; ონომასტიკონი, IX, 13). ზოგი ლექსიკოგრაფის აზრით, ებრაული სიტყვა პარდესი (ძირითადად, ნიშნავს წალკოტს) აგრეთვე სპარსული წარმოშობისაა. მაგრამ, ვინაიდან სიტყვას პარდეს სოლომონი იყენებდა თავის ნაშრომებში (ძვ. წ. მე-11 საუკუნე), სპარსულ ენაზე შესრულებული ნაშრომები კი დაახლოებით ძვ. წ. მე-6 საუკუნით თარიღდება, ებრაული სიტყვის ეტიმოლოგია საეჭვოა (ეკ. 2:5; ქბ. 4:13). სიტყვა პარდეს კიდევ ერთხელ გვხვდება ნეემიას 2:8-ში, სადაც საუბარია ძვ. წ. მე-5 საუკუნეში მცხოვრები სპარსეთის მეფე არტაქსერქსე მხარგრძელის სამეფო ტყეზე (იხ. ᲬᲐᲚᲙᲝᲢᲘ).
თუმცა სამივე სიტყვა (ებრაული პარდეს, სპარსული პაირიდაზა და ბერძნული პარადეისოს), ძირითადად, წალკოტის ან წალკოტის მსგავსი ბაღის მნიშვნელობას ატარებს. პირველი ასეთი წალკოტი ედემის ბაღში შექმნა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა (დბ. 2:8, 9, 15). ებრაულად მას გან ეწოდა, რაც ბაღს ნიშნავს, მაგრამ აშკარაა, რომ ზომითა და ბუნებით წალკოტის მსგავსი იყო. ბერძნულ სეპტუაგინტაში ამ ბაღთან მიმართებით შესაბამისად გამოყენებულია სიტყვა პარადეისოს (იხ. ᲔᲓᲔᲛᲘ №1; ᲑᲐᲦᲘ, „ედემის ბაღი“). ცოდვის გამო ადამმა დაკარგა ამ სამოთხეში ცხოვრების უფლება და მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობა, რაც წარმოდგენილი იყო ბაღის შუაგულში მდგარი ღვთის მიერ არჩეული ხის ნაყოფით. როგორც ჩანს, ედემის ბაღი ისე იყო გარშემო შემოსაზღვრული, რომ ანგელოზები, რომლებიც შესასვლელს იცავდნენ, მხოლოდ აღმოსავლეთ მხარეს იყვნენ დაყენებული (დბ. 3:22—24).
რომელ სამოთხეზე ელაპარაკა იესო მის გვერდით ძელზე დაკიდებულ ბოროტმოქმედს?
ლუკას სახარებიდან ჩანს, რომ ბოროტმოქმედი, რომელიც იესოს გვერდით ძელზე იყო დაკიდებული, გამოექომაგა იესოს და სთხოვა, გაეხსენებინა, როცა თავის სამეფოში იქნებოდა. იესომ უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლკ. 23:39—43). ამ სიტყვებში სასვენი ნიშნების დასმა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ესმის მთარგმნელს იესოს სიტყვები, რადგან დედნისეულ ბერძნულ ტექსტში პუნქტუაცია არ იყო გამოყენებული. თანამედროვე პუნქტუაციის გამოყენება ბერძნულში ფართოდ დაიწყეს დაახლოებით ახ. წ. მეცხრე საუკუნიდან. მართალია, ბევრ თარგმანში სიტყვა „დღეს“ წინ დასმულია მძიმე, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ეს ბოროტმოქმედი იმავე დღეს მოხვდებოდა სამოთხეში, მაგრამ წმინდა წერილების არცერთი მონაკვეთი არ ადასტურებს ამ აზრს. თავად იესო მოკვდა, სამარხში იმყოფებოდა და მესამე დღეს აღდგა, როგორც პირველი ნაყოფი მკვდრეთით აღმდგართა შორის (სქ. 10:40; 1კრ. 15:20; კლ. 1:18). ის ზეცად ამაღლდა 40 დღის შემდეგ (ინ. 20:17; სქ. 1:1—3, 9).
აქედან გამომდინარე, იესოს მიერ გამოყენებული სიტყვა „დღეს“ ბოროტმოქმედის სამოთხეში ყოფნის დროზე კი არ მიუთითებდა, არამედ იმ დროზე, როცა დაპირება იყო მიცემული და რომლის დროსაც ბოროტმოქმედმა მეტ-ნაკლებად რწმენა გამოავლინა იესოს მიმართ. სწორედ ამ დღეს უარყვეს იესო და დამნაშავედ ცნეს მისივე ერის რელიგიურმა წინამძღოლებმა, რომის ხელისუფლებამ კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და დასცინოდნენ. ასე რომ, მის გვერდით ძელზე დაკიდებულმა ბოროტმოქმედმა, რომელიც უმრავლესობას კი არ აჰყვა, არამედ დაიცვა იესო და რწმენა გამოავლინა მისი მომავალი სამეფოს მიმართ, ცხადყო, რომ ღირსეული თვისებები და კარგი გული ჰქონდა. ის, რომ საუბარი მიდის დროზე, როცა ეს დაპირება იყო მიცემული და არა ამ დაპირების შესრულების დროზე, ჩანს ზოგიერთ სხვა თარგმანში, მაგალითად, როდერემისა და ლამსას ინგლისურ თარგმანებში, რაინჰარდტისა და ვ. მიქაელისის გერმანულ თარგმანებში, აგრეთვე ახ. წ. მეხუთე საუკუნის კიურტონის სირიულ თარგმანში, რომელშიც იესოს ნათქვამი სიტყვები თითქმის ისეა მოყვანილი, როგორც ზემოთ ციტირებულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“.
რაც შეეხება იესოს მიერ მოხსენიებულ სამოთხეს, ის აშკარად არ არის ქრისტეს ზეციერი სამეფო. იმავე დღეს ცოტა ხნით ადრე იესო დაჰპირდა თავის მოწაფეებს, რომ ისინი შევიდოდნენ ზეციერ სამეფოში, რადგან განსაცდელების დროს გვერდიდან არ მოსცილებიან, რასაც ვერ ვიტყვით იმ ბოროტმოქმედზე, რომელიც იესოს გვერდით ძელზე კვდებოდა თავისი ბოროტი საქმეების გამო (ლკ. 22:28—30; 23:40, 41). ეს ბოროტმოქმედი, რა თქმა უნდა, არ იყო ხელმეორედ დაბადებული წყლისა და სულისგან, რის გარეშეც ვერ შევიდოდა ზეციერ სამეფოში (ინ. 3:3—6). ის არც მძლეველთაგანი იყო, რომელთაც განდიდებული იესო ქრისტე გვერდით დაისვამს ზეციერ ტახტზე და რომელთაც წილი აქვთ „პირველ აღდგომაში“ (გმც. 3:11, 12, 21; 12:10, 11; 14:1—4; 20:4—6).
ზოგ ნაშრომში წარმოდგენილია მოსაზრება, რომ იესოს მიერ მოხსენიებული სამოთხე მდებარეობს ჰადესში ან შეოლში, რომელიც თითქოსდა მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ღვთის მოწონება დაიმსახურა. ამტკიცებენ, რომ იმდროინდელი იუდეველი რაბინები ასწავლიდნენ მსგავსი სამოთხის არსებობის შესახებ, რომელიც გამზადებული იყო მათთვის, ვინც მოკვდა და აღდგომას ელოდებოდა. რაბინების სწავლებების შესახებ ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „რაბინული თეოლოგიის იმ ფორმაში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, აღწერილია ამ საკითხების შესახებ არსებული წარმოდგენების უჩვეულოდ დიდი მრავალფეროვნება და ბევრ მათგანთან მიმართებით რთულია იმის განსაზღვრა, რომელ პერიოდს უნდა მივაკუთვნოთ ისინი თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ლიტერატურას, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩება, რომ ერთნი სამოთხედ მიიჩნევდნენ თავად დედამიწას, მეორენი — შეოლის ნაწილს, მესამენი კი — ადგილს ზეცაში და არა დედამიწაზე ან მიწის ქვეშ მაგრამ ასეთი წარმოდგენებიდან ზოგიერთთან მიმართებით მაინც ჩნდება ეჭვი. ყველა ეს წარმოდგენა სინამდვილეში გვხვდება შედარებით გვიანდელ იუდაიზმში. უფრო ზუსტად და დაწვრილებით ისინი ჩამოყალიბებულია შუასაუკუნეების კაბალისტურ იუდაიზმში მაგრამ გაურკვეველია, რამდენად შორეული წარსულიდან იღებს ისინი სათავეს. შედარებით ადრეულ იუდაურ თეოლოგიაში სულ მცირე ის ჩანს, რომ საერთოდ ან თითქმის არ არის მინიშნება ამ შუალედურ სამოთხეზე. მასში მოხსენიებულია სიტყვა გეჰინომ უმართლოებისთვის და გან ედემ ანუ ედემის ბაღი მართლებისთვის. საეჭვოა, რომ ის ამ წარმოდგენების გარდა კიდევ ასწავლის რამეს და ამტკიცებს, რომ შეოლში არსებობს რაღაც სამოთხე“ (Dictionary of the Bible, Hasting, 1905, ტ. III, გვ. 669, 670).
მაშინაც კი, თუ რაბინები ასეთ რამეს ასწავლიდნენ, საეჭვოა, რომ იესოს ისინი გაევრცელებინა, რადგან ის განსჯიდა იუდეველი რელიგიური წინამძღოლების არაბიბლიურ რელიგიურ ტრადიციებს (მთ. 15:3—9). უეჭველია, სამოთხე, რომელიც ცნობილი იყო იესოს გვერდით ძელზე დაკიდებული იუდეველი ბოროტმოქმედისთვის, წარმოადგენდა ებრაული წერილების პირველ წიგნში აღწერილ მიწიერ სამოთხეს ანუ ედემის ბაღში არსებულ სამოთხეს. შესაბამისად, იესოს დაპირება მიუთითებდა დედამიწაზე სამოთხისებური პირობების აღდგენაზე. ასეთი დაპირების მიღების შემდეგ ამ უმართლო ადამიანს ჩაესახებოდა იმედი, რომ მკვდრეთით აღდგებოდა და აღდგენილ სამოთხეში ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემოდა (შდრ. სქ. 24:15; გმც. 20:12, 13; 21:1—5; მთ. 6:10).
სულიერი სამოთხე. ბიბლიის არაერთ წინასწარმეტყველურ წიგნში ჩაწერილია ღვთის დაპირებები, რომ ისრაელები დაბრუნდებოდნენ გაუკაცრიელებულ სამშობლოში იმ მიწებიდან, სადაც გადასახლებულები იყვნენ. ღმერთი დაჰპირდა, რომ მიტოვებულ მიწებს დაამუშავებდნენ და დათესავდნენ, უხვ მოსავალს მიიღებდნენ და გამრავლდებოდა ხალხიც და ცხოველებიც; ქალაქები აღდგებოდა და კვლავ დასახლდებოდა; ხალხი იტყოდა, „ედემის ბაღს დაემსგავსა ეს გაპარტახებული მიწაო“ (ეზკ. 36:6—11, 29, 30, 33—35; შდრ. ეს. 51:3; იერ. 31:10—12; ეზკ. 34:25—27). თუმცა ამ წინასწარმეტყველებებიდან აგრეთვე ჩანს, რომ სამოთხისებური პირობები დაკავშირებულია ადამიანებთან, რომლებიც ღვთისადმი გამოვლენილი ერთგულების გამო „აღმოცენდებოდნენ“ და აყვავდებოდნენ, როგორც „სიმართლის ხეები“, გაიხარებდნენ შესანიშნავი სულიერი კეთილდღეობით, როგორც „წყალუხვი ბაღი“, რომელზეც უხვად იღვრება ღვთის კურთხევები, რადგან მისი კეთილგანწყობა აქვთ მოპოვებული (ეს. 58:11; 61:3, 11; იერ. 31:12; 32:41; შდრ. ფს. 1:3; 72:3, 6—8, 16; 85:10—13; ეს. 44:3, 4). ისრაელი ერი ღვთის ვენახი იყო, მისი ნარგავი, მაგრამ უწმინდურებისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან განდგომის გამო, ვიდრე მათი მიწა პირდაპირი გაგებით გაუკაცრიელდებოდა, ისინი სულიერ მინდორზე გადატანითი მნიშვნელობით ჩამოხმნენ (შდრ. გმ. 15:17; ეს. 5:1—8; იერ. 2:21).
თუმცა აშკარაა, რომ ებრაელი წინასწარმეტყველების მიერ აღდგენასთან დაკავშირებით წარმოთქმული წინასწარმეტყველებები შეიცავს დეტალებს, რომლებიც პირდაპირი გაგებითაც შესრულდება დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში. მაგალითად, ესაიას 35:1—7-ში საუბარია ბრმებისა და კოჭლების განკურნებაზე, რომელიც პირდაპირი გაგებით არ შესრულებულა არც ძველი ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ და არც ქრისტიანული სულიერი სამოთხის დროს. შეუსაბამო იქნებოდა, ღმერთს შთაეგონებინა ისეთი წინასწარმეტყველებების წარმოთქმა, რომლებიც ჩაწერილია ესაიას 11:6—9-ში, ეზეკიელის 34:25-სა და ოსიას 2:18-ში, და ეს სიტყვები მხოლოდ გადატანითი ან სულიერი მნიშვნელობით შეესრულებინა თავის მსახურებზე. სამოთხეში, რომელიც პავლემ 2 კორინთელების 12:4-ში მოიხსენია, აგრეთვე შესაძლოა იგულისხმებოდა მომავალი სამოთხე, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი, რომელზეც საუბარია ებრაული წერილების ზემოხსენებულ წინასწარმეტყველებებში. გარდა ამისა, ამაში შესაძლოა იგულისხმებოდა „ღვთის სამოთხე“ ანუ ზეცაში არსებული კურთხეული მდგომარეობა (გმც. 2:7).
„ღვთის სამოთხეში“ ნაყოფის ჭამა. გამოცხადების 2:7-ში მოხსენიებულია „ღვთის სამოთხეში“ არსებული „სიცოცხლის ხე“, რომლის ნაყოფის ჭამის უფლებაც მიეცემა „მძლეველს“. ვინაიდან მძლეველისთვის მიცემული სხვა დაპირებები, რომლებიც ჩაწერილია წიგნ „გამოცხადების“ ამ ნაწილში, აშკარად მიუთითებს ზეციერ მემკვიდრეობაზე (გმც. 2:26—28; 3:12, 21), გონივრულია დავასკვნათ, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია ზეციერ „ღვთის სამოთხეზე“. სიტყვაში „ხე“, რომელიც ამ მუხლში ითარგმნა ბერძნული სიტყვიდან ქსილონ, სიტყვასიტყვით იგულისხმება „ხე, ძელი“, მრავლობით რიცხვში კი შეიძლება იგულისხმებოდეს ხეხილის ბაღი. ედემში, მიწიერ სამოთხეში, სიცოცხლის ხის ნაყოფის ჭამა ადამიანისთვის მარადიული სიცოცხლის მომტანი იქნებოდა (დბ. 3:22—24). ამ ბაღის სხვა ხეების ნაყოფიც კი ადამიანის სიცოცხლეს შეუწყობდა ხელს, სანამ ის მორჩილებას გამოავლენდა. ამგვარად, „ღვთის სამოთხეში“ „სიცოცხლის ხიდან [ან ხეებიდან]“ ნაყოფის ჭამა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთი ქრისტიან მძლეველებს სიცოცხლეს აძლევს. სხვა მუხლებში ნაჩვენებია, რომ ისინი ჯილდოდ უკვდავებასა და უხრწნელობას მიიღებენ თავიანთ ზეციერ თავთან და უფალთან, იესო ქრისტესთან ერთად (1კრ. 15:50—54; 1პტ. 1:3, 4).