‘გონიერება’ აღსასრულის მოახლოებისას
„ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი“ (1 პეტრე 4:7).
1. რა შედის ‘გონიერებაში’?
პეტრე მოციქულის ზემოხსენებულ სიტყვებს ძლიერ უნდა ემოქმედა ქრისტიანების ცხოვრების წესზე. მაგრამ პეტრეს არ უთქვამს მკითხველისთვის, რომ უნდა განდგომოდნენ ყოველდღიურ მოვალეობებსა და სასიცოცხლო საზრუნავებს; ის არც კარზე მომდგარ განადგურებასთან დაკავშირებულ პანიკურ შიშს ჩააგონებდა. პირიქით, ის მოუწოდებდა: „იყავით გონიერნი“. ‘გონიერებაში’ შედის განსჯის უნარი, საღი აზროვნება, წინდახედულება, მიზანშეწონილი მეტყველება და საქციელი. ის ნიშნავს, ნება დავრთოთ ღვთის სიტყვას, მართოს ჩვენი აზროვნება და მოქმედებები (რომაელთა 12:2). რადგანაც „მზაკვარ და უკუღმართ თაობაში“ ვცხოვრობთ, პრობლემებისა და სიძნელეების ასარიდებლად საჭიროა გონიერება (ფილიპელთა 2:15).
2. რით არის სასარგებლო დღეს ქრისტიანებისთვის იეჰოვას სულგრძელობა?
2 ‘გონიერება’ აგრეთვე გვეხმარება, ფხიზლად, რეალურად ვუყუროთ საკუთარ თავს (ტიტე 2:12; რომაელთა 12:3). ეს არსებითად მნიშვნელოვანია, თუ მხედველობაში მივიღებთ მე-2 პეტრეს 3:9-ში ჩაწერილ სიტყვებს: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“. შენიშნე, რომ იეჰოვა მხოლოდ ურწმუნოებისადმი კი არ არის სულგრძელი, არამედ აგრეთვე „თქვენდამი“ — ქრისტიანული კრების წევრებისადმი. რატომ? რადგანაც „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს“. შესაძლებელია, მარადიული სიცოცხლის ძღვენის მისაღებად ზოგს ჯერ კიდევ ესაჭიროება შეცვლა და გამოსწორება. ამიტომ ყურადღება გავამახვილოთ მხარეებზე, რომლებშიც შეიძლება რამე შესწორების შეტანა გვჭირდებოდეს.
‘გონიერება’ ჩვენს პირად ურთიერთობებში
3. რა კითხვების დასმა შეუძლიათ მშობლებს საკუთარი თავისთვის შვილებთან დაკავშირებით?
3 ოჯახი მშვიდობის ადგილსამყოფელი უნდა იყოს. მაგრამ ზოგთან დაკავშირებით, ის ‘უთანხმოებით სავსე სახლს’ წარმოადგენს (იგავნი 17:1). როგორ დგას საქმე შენს ოჯახთან დაკავშირებით? თავისუფალია შენი სახლი ‘რისხვის, ყვირილისა და გმობისგან’? (ეფესელთა 4:31). რა შეიძლება ითქვას შენს შვილებზე? გრძნობენ სიყვარულსა და დაფასებას? (შეადარე ლუკა 3:22). უთმობ დროს მათ დარიგებასა და აღზრდას? ‘არიგებ სიმართლეში’, ნაცვლად რისხვისა და მძვინვარებისა? (2 ტიმოთე 3:16). რადგანაც ბავშვები არიან „მემკვიდრეობა უფლისაგან“, ის ძალიანაა დაინტერესებული, თუ როგორ ეპყრობიან მათ (ფსალმუნი 126:3).
4. ა) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ცოლისადმი ქმრის უხეშ მოპყრობას? ბ) როგორ შეუძლიათ ცოლებს ხელი შეუწყონ მშვიდობას ღმერთთან და მთელი ოჯახის ბედნიერებას?
4 რა შეიძლება ითქვას ჩვენი ცხოვრების თანამგზავრზე? „ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას“ (ეფესელთა 5:28, 29). აგრესიული, მბრძანებლური ხასიათის მქონე ან უგუნური მამაკაცი მხოლოდ ოჯახის სიმშვიდეს კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ ღმერთთან თავის ურთიერთობასაც ძირს უთხრის (1 პეტრე 3:7). რა შეიძლება ითქვას ცოლებზე? შესაბამისად, ისინი უნდა ‘დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, როგორც უფალს’ (ეფესელთა 5:22). ღვთისმოსაწონ აზროვნებას შეუძლია დაეხმაროს ცოლს, თვალი დახუჭოს ქმრის ნაკლოვანებებზე და გულისწყრომის გარეშე დაემორჩილოს მას. დროდადრო ცოლმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას. იგავნის 31:26 ჭკვიან ცოლზე ამბობს: „პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს“. ქმრისადმი გულითადი, თავაზიანი მოპყრობით ის მშვიდობას ინარჩუნებს ღმერთთან და მთელი ოჯახის ბედნიერებას უწყობს ხელს (იგავნი 14:1).
5. რატომ უნდა მიჰყვეს ახალგაზრდობა ბიბლიურ რჩევას მშობლებისადმი მოპყრობასთან დაკავშირებით?
5 ახალგაზრდებო, როგორ ეპყრობით მშობლებს? სარკასტულად და უზრდელად ელაპარაკებით, რაც ხშირად მიღებულია წუთისოფელში? თუ ემორჩილებით ბიბლიურ ბრძანებას: «დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. „პატივი ეცი შენს მამას და დედას — ეს არის პირველი მცნება აღთქმით, — რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“ »? (ეფესელთა 6:1–3).
6. როგორ შეგვიძლია ვეძებოთ მშვიდობა თანამორწმუნეებთან?
6 ‘გონიერებას’ ვავლენთ მაშინაც, როცა თანაქრისტიანებთან ‘მშვიდობას ვეძებთ და მისკენ ვისწრაფვით’ (1 პეტრე 3:11). დროდადრო უთანხმოებები და გაუგებრობები წამოიჭრება ხოლმე (იაკობი 3:2). თუ მტრობას უფლება ეძლევა, შეიძლება მთელი კრების მშვიდობას საფრთხე დაემუქროს (გალატელთა 5:15). ამიტომ სწრაფად მოაგვარე ყოველგვარი კამათი; ეძებე მშვიდობიანი გადაწყვეტა (მათე 5:23–25; ეფესელთა 4:26; კოლასელთა 3:13, 14).
‘გონიერება’ და ოჯახური მოვალეობები
7. ა) როგორ ახალისებდა პავლე ‘აზრიანობისკენ’ ყოველდღიურ საქმეებში? ბ) რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ქრისტიან ქმრებსა და ცოლებს ოჯახურ მოვალეობებზე?
7 პავლე მოციქული ქრისტიანებს ურჩევდა, ‘ეცხოვრათ აზრიანად’ (ტიტე 2:12). საინტერესოა, რომ კონტექსტში ის მოუწოდებს ქალებს, „უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ აზრიანნი, სუფთანი, სახლზე მზრუნველნი“ (ტიტე 2:4, 5). პავლე ამას წერდა ახ. წ. 61–64 წლებში, იუდეველთა სისტემის აღსასრულამდე რამდენიმე წლით ადრე. მიუხედავად ამისა, ყოველდღიური საქმეები, როგორიცაა საოჯახო საქმეები, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი იყო. მაშასადამე, ქმრებმაც და ცოლებმაც ოჯახურ მოვალეობებზე ჯანსაღი, დადებითი თვალსაზრისი უნდა შეინარჩუნონ, რომ „არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“. ერთმა ოჯახის უფროსმა ბოდიში მოუხადა სტუმარს სახლის დაულაგებლობისთვის. უწესრიგობის მიზეზი მან იმით ახსნა, რომ „პიონერად მსახურობდა“. სამეფოს ინტერესებისთვის მსხვერპლის გაღება საქებარია, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს, რომ მსხვერპლად არ გავიღოთ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა.
8. როგორ შეუძლიათ ოჯახის უფროსებს, გაწონასწორებულად იზრუნონ თავიანთი ოჯახების მოთხოვნილებებზე?
8 ბიბლია შეაგონებს მამებს, პრიორიტეტი მიანიჭონ თავიანთ ოჯახებს, როცა ამბობს, რომ, ვინც ოჯახზე არ ზრუნავს, „განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). ცხოვრების დონე მთელ მსოფლიოში იცვლება და კარგია, მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით მოკრძალებული მიზნები გქონდეს. „ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს“, — ლოცულობდა იგავნის 30:8-ის მწერალი. მაგრამ მშობლებმა არ უნდა უგულებელყონ შვილების მატერიალური მოთხოვნილებები. მაგალითად, ნუთუ ბრძნული იქნებოდა, თეოკრატიული უპირატესობების გამო ოჯახისთვის განზრახ მოგეკლო პირველი მოთხოვნილების საგნები? არ გააღიზიანებდა ეს ბავშვებს? მეორე მხრივ, იგავნის 24:27 ამბობს: „შენი საქმე გარეთ მოამზადე, ველზე გაასრულე იგი და ამის შემდეგ აიშენე სახლი“. დიახ, თუმცა მატერიალურზე ზრუნვას თავისი ადგილი აქვს, ‘სახლის აშენება’ — სულიერად და ემოციურად — ძალიან მნიშვნელოვანია.
9. რატომაა ბრძნული ოჯახის უფროსებისთვის სიკვდილისა თუ ავადმყოფობის გათვალისწინება?
9 ღებულობ ზომებს ოჯახზე ზრუნვისთვის შენი უდროოდ დაღუპვის შემთხვევაში? იგავნის 13:22-ში ნათქვამია: „კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს“. იეჰოვას შეცნობისა და მასთან ურთიერთობის მემკვიდრეობის გარდა მშობლებს, ჩვეულებრივ, აინტერესებთ შვილების მატერიალური უზრუნველყოფა. მრავალ ქვეყანაში პასუხისმგებელი ოჯახის უფროსები ცდილობენ, ჰქონდეთ რამე დანაზოგი, კანონიერი ანდერძი და დაზღვევა. ბოლოს და ბოლოს, ღვთის ხალხი არ არის დაცული ‘დროისა და შემთხვევისგან’ (ეკლესიასტე 9:11). ფული იმისთვისაა, რომ ‘დაიფაროს’, და საგულდაგულო დაგეგმვას ხშირად მრავალი გასაჭირის თავიდან არიდება შეუძლია (ეკლესიასტე 7:12). ქვეყნებში, სადაც სამედიცინო მომსახურებას მთავრობა არ ანაზღაურებს, ზოგმა შეიძლება არჩიოს, შემოინახოს ფულადი სახსრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებებისთვის ან ზომები მიიღოს ჯანმრთელობის რამე სახეობის დაზღვევისთვისa.
10. როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს ‘დააგროვონ’ შვილებისთვის?
10 საღვთო წერილში აგრეთვე ნათქვამია: „შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები — შვილებისათვის“ (2 კორინთელთა 12:14). წუთისოფელში მიღებულია, რომ მშობლებმა დააგროვონ ფული შვილების მომავალი განათლებისა და ქორწინებისთვის, რომ კარგი საწყისი მისცენ მათ ცხოვრებას. გიფიქრია დაგროვებაზე შვილის სულიერი მომავლისთვის? მაგალითად, წარმოიდგინე, რომ წამოზრდილი შვილი სრული დროით მსახურებისკენ ისწრაფვის. თუმცა სრული დროით მსახურები არც უნდა მოითხოვდნენ და არც უნდა მოელოდნენ სხვებისგან ფინანსურ მხარდაჭერას, მოსიყვარულე მშობლებს შეუძლიათ ‘მონაწილეობა მიიღონ მის საჭიროებაში’, რომ დაეხმარონ მას, დარჩეს სრული დროით მსახურებაში (რომაელთა 12:13; პირველი მეფეთა 2:18, 19; ფილიპელთა 4:14–18).
11. მიანიშნებს ფულზე რეალური თვალსაზრისი რწმენის უკმარისობაზე? ახსენი.
11 ფულზე რეალური თვალსაზრისი არ ნიშნავს რწმენის უკმარისობას იმასთან დაკავშირებით, რომ სატანის ბოროტი სისტემა ახლოსაა აღსასრულთან. ის, უბრალოდ, ‘პრაქტიკული სიბრძნისა’ და საღი აზროვნების გამოვლენის საკითხს წარმოადგენს (იგავნი 2:7, აქ; 3:21, აქ). ერთხელ იესომ თქვა, რომ „ამ წუთისოფლის შვილები ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან“ (ლუკა 16:8). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ზოგი საჭიროდ თვლის, შესწორებები შეიტანოს საკუთარი ქონების გამოყენებაში, რომ ოჯახის მოთხოვნილებებზე უკეთ იზრუნოს.
‘გონიერება’ განათლებასთან დაკავშირებულ ჩვენს თვალსაზრისში
12. როგორ ასწავლიდა იესო თავის მოწაფეებს ახალ მდგომარეობასთან შეგუებას?
12 „წარმავალია წუთისოფლის სახე“ და ხშირად აქვს ადგილი ფართო ეკონომიკურ ცვლილებებსა და ტექნიკურ პროგრესს (1 კორინთელთა 7:31). მაგრამ იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, ადვილად შემგუებლები ყოფილიყვნენ. პირველი სამქადაგებლო კამპანიისას მან უთხრა მათ: „ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით; ნურც ფუთას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია“ (მათე 10:9, 10). მოგვიანებით კი იესომ თქვა: „ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე აბგა“ (ლუკა 22:36). რა შეიცვალა? მდგომარეობა. რელიგიური გარემოცვა უფრო მტრული გახდა და ახლა მათ თვითონ უნდა ეზრუნათ საკუთარ თავზე.
13. რა არის განათლების მთავარი მიზანი და როგორ შეუძლიათ მშობლებს მხარი დაუჭირონ შვილებს ამ მხრივ?
13 მსგავსად ამისა, დღეს მშობლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ დღევანდელი ეკონომიკური სინამდვილე. მაგალითად, ზრუნავთ, რომ თქვენი შვილები შესაბამის განათლებას ღებულობდნენ? განათლების მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ ახალგაზრდას შესაძლებლობა მისცეს, იყოს იეჰოვას ეფექტური მსახური. ყველაზე მნიშვნელოვანი განათლება კი სულიერი განათლებაა (ესაია 54:13). მშობლებს აგრეთვე აინტერესებთ შვილების უნარიანობა — უზრუნველყონ საკუთარი თავი ფინანსურად. ასე რომ, უხელმძღვანელეთ შვილებს, დაეხმარეთ მათ სკოლის საგნების არჩევაში და განიხილეთ მათთან ერთად, ბრძნულია თუ არა რამე დამატებითი განათლების მიღება. ასეთი გადაწყვეტილებების გამოტანა ოჯახის მოვალეობაში შედის და სხვებმა არ უნდა გააკრიტიკონ აღებული გეზი (იგავნი 22:6). რა შეიძლება ითქვას მათზე, რომლებიც ირჩევენ, რომ შვილებს სახლში მიაღებინონ განათლებაb? თუმცა მრავალმა კარგი შრომა გასწია, რაც საქებარია, ზოგმა დაინახა, რომ ეს ამოცანა უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდნენ, და მათი შვილები ზარალდებიან. ამიტომ, თუ საშინაო სწავლებაზე ფიქრობ, აუცილებლად გამოთვალე ფასი და რეალურად შეაფასე, გაქვს თუ არა როგორც უნარი, ასევე თვითდისციპლინა საქმის ბოლომდე მისაყვანად (ლუკა 14:28).
‘ნუ მოითხოვ დიდ რამეს’
14, 15. ა) როგორ დაკარგა ბარუქმა სულიერი წონასწორობა? ბ) რატომ იყო არაგონივრული მის მიერ ‘დიდი რამეების მოთხოვნა’?
14 ვინაიდან ამ სისტემის აღსასრული ჯერ არ დამდგარა, ზოგი შეიძლება მიდრეკილია, მოითხოვოს ის, რასაც წუთისოფელი გვთავაზობს, — პრესტიჟული კარიერა, სარფიანი სამუშაო და ფუფუნება. ყურადღება მიაქციე იერემიას მდივნის, ბარუქის, მაგალითს. ის მოთქვამდა, „ვაგლახ მე! კიდევ მიუსართა უფალმა წუხილი ჩემს სატანჯველს! ქანცი გამიწყდა კვნესისგან და ვერ ვპოვე შვებაო“ (იერემია 45:3). ბარუქი დაიღალა. იერემიას მდივნად მსახურება ძნელი, დამძაბველი საქმე იყო (იერემია 36:14–26). და დაძაბულობას ბოლო არ უჩანდა. ეს, ალბათ, იყო იერუსალიმის განადგურებამდე 18 წლით ადრე.
15 იეჰოვამ ბარუქს უთხრა: „აჰა, ჩემს აშენებულს მევე დავანგრევ და ჩემს დარგულს მევე ამოვძირკვავ. ჩემია მთელი ეს ქვეყანა! შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ“. ბარუქმა წონასწორობა დაკარგა. მან დაიწყო ‘დიდი რამეების მოთხოვნა’, შესაძლებელია, სიმდიდრის, სახელის ან მატერიალური კეთილდღეობის. რადგანაც იეჰოვა ‘ძირკვავდა მთელ ქვეყანასაც კი’, რა აზრი ჰქონდა ასეთი რამეების მოთხოვნას? ამიტომ იეჰოვამ ბარუქს შემდეგი გამომაფხიზლებელი შეხსენება მისცა: „აჰა, უბედურება უნდა დავათიო ყოველ ხორციელს. . . შენ კი საკუთარ სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ“. მატერიალური ქონება ვერ იხსნიდა იერუსალიმს განადგურებისგან! იეჰოვამ მხოლოდ იმის პირობა მისცა, რომ მის ‘სიცოცხლეს ნადავლად’ გადაარჩენდა (იერემია 45:4, 5).
16. რის სწავლა შეუძლია დღეს იეჰოვას ხალხს ბარუქის შემთხვევიდან?
16 ბარუქმა შეისმინა იეჰოვას მითითება და, როგორც იეჰოვა დაჰპირდა, გადაურჩა სიკვდილს (იერემია 43:6, 7). რა ძლიერი გაკვეთილია ეს დღეს იეჰოვას ხალხისთვის! იმის დრო არ არის, რომ ‘დიდი რამეები მოვითხოვოთ’. რატომ? იმიტომ რომ „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც“ (1 იოანე 2:17).
დარჩენილი დროის საუკეთესოდ გამოყენება
17, 18. ა) რა რეაქცია ჰქონდა იონას, ნინეველების მონანიებაზე? ბ) რა ასწავლა იეჰოვამ იონას?
17 მაშ, როგორ შეგვიძლია დარჩენილი დროის საუკეთესოდ გამოყენება? ისწავლე წინასწარმეტყველ იონას შემთხვევიდან. ის „წავიდა ნინევეში. . . ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე“. იონას გასაკვირად, ნინეველები გამოეხმაურნენ მის ცნობას და მოინანიეს! იეჰოვამ თავი შეიკავა ქალაქის განადგურებისგან. როგორი იყო იონას რეაქცია? „[უფალო,] ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“ (იონა 3:3, 4; 4:3).
18 შემდეგ იეჰოვამ იონას მნიშვნელოვანი რამ ასწავლა. მან „მოავლინა. . . აყირო და იგი იონას თავსზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის. . . დიდად გაახარა ამ აყირომ იონა“. მაგრამ იონას სიხარული ხანმოკლე იყო, რადგან მცენარე სწრაფად გახმა. იონა მაგრად ‘გამწარდა’ თავის მდგომარეობაზე. არსის დასანახვებლად იეჰოვამ უთხრა: „შენ ერთი აყირო დაგენანა. . . მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოციათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია“ (იონა 4:6, 7, 9–11).
19. რა ეგოისტური აზროვნებისთვის გვჭირდება თავის არიდება?
19 როგორ ეგოისტურად მსჯელობდა იონა! მას მცენარე დაენანა, მაგრამ ოდნავაც არ შესტკივნია გული ნინევეს ხალხზე — ხალხზე, რომელიც, სულიერი გაგებით რომ ვთქვათ, ‘ერთმანეთისგან ვერ არჩევდა მარჯვენასა და მარცხენას’. მსგავსად ამისა, შეიძლება ვნატრობთ ამ ბოროტი სისტემის განადგურებას და ეს სწორიცაა! (2 თესალონიკელთა 1:8). მაგრამ მოლოდინის დროს ვალდებულები ვართ, დავეხმაროთ გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც, სულიერი გაგებით რომ ვთქვათ, ‘ერთმანეთისგან ვერ არჩევენ მარჯვენასა და მარცხენას’ (მათე 9:36; რომაელთა 10:13–15). გამოიყენებ დარჩენილ მოკლე დროს, რომ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარო იეჰოვას შესახებ ძვირფასი შემეცნების მიღებაში? რა შეიძლება ოდესმე შეედაროს სიხარულს, რომელსაც იწვევს ვინმესთვის გაწეული დახმარება სიცოცხლის მოპოვებაში?
განაგრძე ‘გონიერებით’ ცხოვრება
20, 21. ა) რომელია ზოგი მხარე, რომლებშიც შეგვიძლია ‘გონიერება’ გამოვავლინოთ დარჩენილი დღეების განმავლობაში? ბ) რა კურთხევებს მოიტანს ‘გონიერებით’ ცხოვრება?
20 იმ დროს, როცა სატანის სისტემა განადგურებას უახლოვდება, ეჭვგარეშეა, ახალ სიძნელეებს წავაწყდებით. მე-2 ტიმოთეს 3:13 წინასწარმეტყველებს: „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები. . . წინ წაიწევენ უარესისაკენ“. მაგრამ „არ დაუძლურდეთ და არ დასუსტდეთ თქვენი სულებით“ (ებრაელთა 12:3, აფ). ძალისთვის იეჰოვას მიენდე (ფილიპელთა 4:13, აფ). ისწავლე, იყო მოქნილი, შეეგუო ამ გაუარესებად მდგომარეობას, ნაცვლად იმისა, რომ წარსულზე შეჩერდე (ეკლესიასტე 7:10). გამოიყენე პრაქტიკული სიბრძნე და არ ჩამორჩე მითითებას, რომელსაც „ერთგული და გონიერი მონა“ იძლევა (მათე 24:45–47).
21 ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო დარჩა. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ „ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია“. აღსასრულის მოსვლამდე ვიცხოვროთ ‘გონიერებით’ ერთმანეთთან ურთიერთობისას, ოჯახებზე ზრუნვისას და ყოველდღიური მოვალეობების შესრულებისას. ასე მოქმედებით შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საბოლოოდ ყველა აღმოვჩნდებით „შეუბღალავნი და უბიწონი. . . მშვიდობით“! (2 პეტრე 3:14).
[სქოლიოები]
a მაგალითად, ზოგ ქვეყანაში მრავალს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, თუმცა ის ხშირად ძვირია. იეჰოვას მოწმეთა ზოგმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ გარკვეული ექიმები უფრო მზად არიან, გაითვალისწინონ ალტერნატიული მკურნალობა სისხლის გადასხმის გარეშე, როცა ოჯახებს სამედიცინო დაზღვევა აქვთ. მრავალი ექიმი ღებულობს გარკვეულ თანხას შეზღუდული სადაზღვევო სისტემისა თუ სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის მიხედვით.
b საშინაო სწავლება ადამიანის პირად გადაწყვეტილებას წარმოადგენს (იხილე სტატია „საშინაო სწავლება — შენთვისაა?“ ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ 1993 წლის 8 მაისის ნომერში [რუს.].
კითხვები გამეორებისთვის
◻ როგორ შეგვიძლია ‘გონიერების’ გამოვლენა პირად ურთიერთობებში?
◻ როგორ შეგვიძლია გაწონასწორების გამოვლენა ოჯახურ მოვალეობებზე ზრუნვისას?
◻ რატომ უნდა აინტერესებდეთ მშობლებს შვილების განათლება?
◻ რას ვსწავლობთ ბარუქისა და იონას მაგალითებიდან?
[სურათი 18 გვერდზე]
ერთმანეთისადმი ცუდი მოპყრობით ცოლ-ქმარი ძირს უთხრის იეჰოვასთან ურთიერთდამოკიდებულებას.
[სურათი 20 გვერდზე]
მშობლებს უნდა აინტერესებდეთ შვილების განათლება.