წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან
ძვირფასო და-ძმებო!
ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა, სიყვარულის განსახიერებაა. ამიტომ, ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლეა, ბიბლიაში არსადაა ნათქვამი, რომ „ღმერთი ძალაა“ ან „ღმერთი ძლიერებაა“. ის სიყვარულით მმართველობს. სწორედ ეს გვიზიდავს მისკენ!
საბედნიეროდ, იეჰოვა არ გვაიძულებს, რომ ვემსახუროთ. ის არ არის დიქტატორი. მას სურს, რომ ჩვენც სიყვარულით ვემსახუროთ. როცა წრფელი გულით ვემსახურებით იეჰოვას, ამგვარად ვირჩევთ მის მმართველობას, რადგან გვჯერა, რომ ის სამართლიანად და სიყვარულით მმართველობს. ეს კარგად ჩანს კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან დღემდე.
იეჰოვამ ძალით კი არ დაიმორჩილა ადამი და ევა, არამედ არჩევნის უფლება მისცა. მათ რომ ჰყვარებოდათ იეჰოვა და დაეფასებინათ ყველაფერი, რაც მათთვის გააკეთა, წინ აღუდგებოდნენ სატანას და არ აუმხედრდებოდნენ ღმერთს.
მოგვიანებით, როცა მოსემ ისრაელ ერს უკანასკნელად მიმართა, თქვა: „აი, ვდებ შენ წინაშე სიცოცხლესა და სიკეთეს, სიკვდილსა და ბოროტებას“ (კან. 30:15). ისრაელებს სრული თავისუფლება ჰქონდათ და შეეძლოთ თავად აერჩიათ, როგორ იცხოვრებდნენ. იესო ნავეს ძემაც უთხრა მათ: „თუ არ გინდათ, იეჰოვას ემსახუროთ, მაშინ დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით“. ამაზე ხალხმა მიუგო: „როგორ მივატოვოთ იეჰოვა“ (იეს. 24:15, 16). დღეს ჩვენც იმავეს ვფიქრობთ. ვინაიდან გვიყვარს იეჰოვა, ჩვენთვის წარმოუდგენელია, მივატოვოთ იგი.
ჩვენ, ჭეშმარიტ ქრისტიანებს, კარგად გვესმის, რას ნიშნავს ნების თავისუფლება. მართალია, უხუცესებს უფლება აქვთ, რჩევა მისცენ ან შეაგონონ კრების წევრები, მაგრამ არ ბატონობენ მათზე, არც მათ რწმენაში შეაქვთ ეჭვი და არც მათ პირად ცხოვრებას აკონტროლებენ. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით დგახართ“ (2 კორ. 1:24).
დიდ კმაყოფილებას ვგრძნობთ, როდესაც რაღაცას საკუთარი სურვილით ვაკეთებთ და არა ძალდატანებით. იეჰოვა მოგვიწოდებს, სიყვარულით ვაკეთოთ ის, რაც სწორია. ეს კარგად ჩანს პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვებში: „მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს“ (1 კორ. 13:3).
იეჰოვას სიხარულს ანიჭებს იმის დანახვა, როცა მილიონობით ჩვენი და-ძმა მთელი გულით, სიყვარულით, ემსახურება, რაც მის სახელს განადიდებს.
იეჰოვას ძალიან უყვარს თავისი მსახურები. მას თქვენც უყვარხართ ბავშვებო და მოზარდებო, რადგან საქმით უმტკიცებთ მას სიყვარულს და ქვეყნიერებასა თუ პირად სურვილებზე წინ მის ნებას აყენებთ. გჯეროდეთ, რომ ჩვენც გვიყვარხართ (ლუკ. 12:42, 43).
თქვენ, ძმებო, დებო და ახალგაზრდებო, გასულ წელს იეჰოვას მიმართ სიყვარული იმით გამოავლინეთ, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებას 1 748 697 447 საათი დაუთმეთ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7 782 346 მაუწყებელი სიყვარულმა აღძრა, ექადაგათ. ძალიან გვიხარია, რომ იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად 268 777 მოინათლა, რომელთა შორისაც უამრავი ახალგაზრდა იყო. ეს ნიშნავს, რომ ყოველკვირა საშუალოდ 5 168 ადამიანი ინათლებოდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს!
ამ ბოლო დღეებში ღვთის ხალხს არაერთ პრობლემასთან უწევს ჭიდილი — დევნის, ავადმყოფობისა და ხანდაზმულობით გამოწვეული სირთულეების ატანა. მაგრამ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ არასდროს „დავიხიოთ უკან“ და „სულით არ დავეცეთ“. ყველანი ძალიან გვიყვარხართ (ებრ. 10:39; 2 კორ. 4:16).
თქვენი ძმები,
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო