ბიბლიის თვალსაზრისი
არასწორია სპორტული შეჯიბრება?
მზიანი დღეა; ორი ხნიერი მამაკაცი პარკში ზის და შაშს თამაშობს. ირგვლივ ბავშვების ჟრიამული ისმის — ისინი დაჭერობანას თამაშობენ. არც თუ ისე შორს ბიჭები კალათბურთის თამაშით ერთობიან. დიახ, ყოველდღე ირგვლივ ყველა, ახალგაზრდა და მოხუცი, სპორტითა და თამაშებით ერთობა. უმეტესობა ცდილობს, საუკეთესოდ ითამაშოს. ალბათ, თქვენც ასე ხართ.
მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მეგობრული შეჯიბრებები არასწორია? ბევრმა იცის პავლეს რჩევა გალატელთა 5:26-დან, რომ ქრისტიანები არ უნდა იყვნენ «ერთმანეთის გამაღიზიანებელნი [„მეტოქეობის გამომწვევნი“, აქ]». თუ ამას გავითვალისწინებდით, იქნებოდა შეუფერებელი ქრისტიანებისთვის, შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სპორტსა და თამაშში?
უბრალოდ რომ ვთქვათ, არა. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, მოკლედ განვიხილოთ სპორტისა და თამაშების ისტორია.
სპორტისა და თამაშების ისტორია
სპორტსა და თამაშებში მონაწილეობა ჯერ კიდევ უძველეს დროში დაიწყო და მთელი ისტორიის — მათ შორის ღვთის ხალხის ისტორიის — მანძილზე გრძელდებოდა. სიტყვა „ბურთი“ ბიბლიაშიც კია ნახსენები. ესაიას 22:18-ში, სადაც იეჰოვა ამხელს ბოროტებს, ნათქვამია, რომ ‘გორგლად დაგორგლავს მათ’. ზოგი ბურთი, მაგალითად გოლფისა და ბეისბოლის სათამაშო ბურთები, დღესაც მასალის დაგორგოლებით მზადდება. ბიბლიის მეფე ჯეიმზის თარგმანის თანახმად, ეს მუხლი ამბობს: „ბურთივით გისვრის“. ამ შედარებიდან ჩანს, რომ იმ დროს უკვე თამაშობდნენ ბურთით.
გარდა ამისა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ პატრიარქი იაკობი ანგელოზს დაეჭიდა. ამ ცნობიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იაკობი კარგი მოჭიდავე იყო, რადგან მათი ბრძოლა საათების განმავლობაში გრძელდებოდა (დაბადება 32:24–26). საინტერესოა, რომ, ზოგიერთი სწავლულის აზრით, ამ ცნობიდან ჩანს, რომ იაკობმა იცოდა ჭიდაობის წესები. შეიძლება ისრაელები მშვილდოსნობასაც მისდევდნენ — სპორტს, რომელიც პრაქტიკასა და სიმარჯვეს საჭიროებდა (1 მეფეთა 20:20; გოდება იერემიასი 3:12). სირბილი სპორტის კიდევ ერთი სახეობა იყო, რომლისთვისაც მამაკაცები ვარჯიშობდნენ და იწვრთნებოდნენ (2 მეფეთა 18:23–27; 1 ნეშტთა 12:8).
გონებრივი შეჯიბრება — მაგალითად გამოცანები — როგორც ჩანს, პოპულარული იყო და მოწონებით სარგებლობდა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი სამსონის მიერ ფილისტიმელებისთვის ნათქვამი გამოცანაა (მსაჯულნი 14:12–18).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სპორტი და თამაშები ზოგჯერ მეტაფორად გამოიყენება ქრისტიანული ცხოვრების აღსაწერად. მაგალითად, 1 კორინთელთა 9:24, 25-ში პავლე სპორტსმენის ძლიერ ვარჯიშზე მიუთითებს და მას ქრისტიანისთვის თავშეკავებისა და მოთმინების საჭიროებასთან დაკავშირებით იყენებს. აგრეთვე ნათელია, რომ იეჰოვამ თავისი ქმნილებების უმრავლესობაში მხიარულება ჩადო, რომ ორივეს, ცხოველსაც და ადამიანსაც, ემხიარულა (იობი 40:20; ზაქარია 8:5; შეადარეთ ებრაელთა 12:1).
როდესაც შეჯიბრება საზღვრებს სცილდება
მაშინ რას გულისხმობდა მოციქული პავლე, როდესაც ეუბნებოდა თანაქრისტიანებს, არ ყოფილიყვნენ «ერთმანეთის გამაღიზიანებელნი [„მეტოქეობის გამომწვევნი“, აქ]»? (გალატელთა 5:26). პასუხი კონტექსტიდან ჩანს. ამ მუხლის დასაწყისში პავლე ეუბნება მათ, რომ არ ‘იყვნენ პატივმოყვარენი’ ან, როგორც ბიბლიის სხვა თარგმანებშია, არ გახდნენ „მედიდურები“ და „თავმომწონეები“. პავლეს დღეებში სპორტსმენებს შორის გავრცელებული იყო დიდებისა და სახელგანთქმულობის სურვილი.
ასევე დღევანდელ მეტისმეტად თავმომწონე წუთისოფელში სულ უფრო მეტი სპორტსმენი მედიდურობს და თავისადმი და თავისი ოსტატობისადმი ყურადღებას ითხოვს. ზოგი ამის გამო სხვებსაც კი ამცირებს. გესლიანი დაცინვა და სიტყვიერი დამცირება სწრაფად ხდება ნორმალურ რამედ. ყოველივე ეს ‘მეტოქეობის გამომწვევია’, რაც, როგორც პავლემ გალატელთა 5:26-ის ბოლოს მიუთითა, — მოშურნეობას იწვევს.
უარეს შემთხვევაში, საზღვარგადაცილებული შეჯიბრება ჩხუბს და სიკვდილს იწვევს. გაიხსენე საულისა და დავითის ხალხი შეხვედრა გაბაონში, როდესაც აბნერმა და იოაბმა მოილაპარაკეს: „გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენს წინაშე“ (2 მეფეთა 2:14–32). ეს, როგორც ჩანს, ჭიდაობაში შეჯიბრებას ეხებოდა. რაშიც უნდა ყოფილიყო ეს შეჯიბრება, ის მალე საშინელ და სისხლისმღვრელ ბრძოლაში გადაიზარდა.
გაწონასწორებულობა
სპორტი და თამაშები უნდა იყოს გამახალისებელი და არა დამთრგუნველი. ამას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ღვთისა და ადამიანების წინაშე ჩვენი ღირსება არ არის დამოკიდებული სპორტსა და თამაშებში ჩვენს სიმარჯვეზე.
უგუნურება იქნებოდა, რომ ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობების გამო თავი სხვებზე უპირატესი გვგონებოდა. ასე რომ, მოვერიდოთ ყურადღების მიპყრობის შეუფერებელ, ამ წუთისოფლისთვის დამახასიათებელ ტენდენციას, რომ სხვებში შური არ გამოვიწვიოთ, რადგან სიყვარული არ ტრაბახობს (1 კორინთელთა 13:4; 1 პეტრეს 2:1). და, თუმცა გონივრულია მოველოდეთ სიხარულს, აღტაცებას და გუნდის წევრებს შორის მილოცვებს, არ გვინდა, ამ გრძნობებმა საზღვრებს გადააჭარბოს და ტრაბახში გადაიზარდოს.
ჩვენ არასოდეს შევაფასებდით სხვებს სპორტსა და თამაშში მათი შესაძლებლობების მიხედვით. მსგავსად ამისა, არ გვსურს დამცირებულად ვიგრძნოთ თავი სიმარჯვის ნაკლებობის გამო. ნიშნავს ეს იმას, რომ არ შეიძლება ანგარიშის წარმოება? არა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორი უბრალოც უნდა იყოს თამაში, ადამიანების ნამდვილი ღირსება არ განისაზღვრება იმის მიხედვით, კარგად თამაშობენ თუ ცუდად. გუნდური თამაშისას ზოგიერთები რეგულარულად იცვლებიან ერთმანეთში, რომ ყოველთვის ერთი გუნდი არ იმარჯვებდეს.
ქრისტიანებს აგრეთვე უნდა ახსოვდეთ, რომ, მართალია ბიბლიაში ნახსენებია სპორტი და თამაშები, მათზე ძალიან ცოტაა იქ ნათქვამი. არასწორი იქნებოდა დაგვესკვნა, რომ, რადგანაც ბიბლიაში ნახსენებია სპორტი, ის იწონებს მის ყველა სახეობას (შეადარეთ 1 კორინთელების 9:26 ფსალმუნის 10:5-ს). გარდა ამისა, პავლემ აღნიშნა, რომ „ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია“ (1 ტიმოთეს 4:8).
ასე რომ, სპორტი და თამაშები თავის ადგილზე გამრთობი და გამახალისებელია. ბიბლია არ განსჯის ყველანაირ შეჯიბრებას; განსჯის მხოლოდ ისეთს, რომელიც პატივმოყვარეობას, მეტოქეობას, სიხარბეს, შურს ან ძალადობას იწვევს.