თუმცა მტვრისგან ვართ — გაბედულად წინ!
„უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:14).
1. მეცნიერული თვალსაზრისით, ზუსტია თუ არა ბიბლია, როცა ამბობს, რომ ადამიანები მტვრისგან არიან შექმნილი? ახსენი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანახმად ჩვენ ვართ მტვერი. „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (დაბადება 2:7). ადამიანის შექმნის ასეთი მარტივი აღწერა სავსებით ეთანხმება მეცნიერულ ჭეშმარიტებას. ყველა, 90-ზე მეტი ელემენტი, რომლისგანაც შექმნილია ადამიანის სხეული, აღმოჩენილია ‘მიწის მტვერში’. ერთ-ერთი ქიმიკოსი ამტკიცებდა, რომ მოწიფული ადამიანის სხეული შედგება 65 პროცენტი ჟანგბადისგან, 18 პროცენტი ნახშირბადისგან, 10 პროცენტი წყალბადისგან, 3 პროცენტი აზოტისგან, 1,5 პროცენტი კალციუმისგან და 1 პროცენტი ფოსფორისგან, დანარჩენი პროცენტები კი სხვა ელემენტებს შეიცავს. არა აქვს მნიშვნელობა, სავსებით ზუსტია თუ არა ეს გამოთვლები. ფაქტი ერთია — ჩვენ „მტვერი ვართ“!
2. როგორ რეაგირებას იწვევს შენში ის, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანები და რატომ?
2 იეჰოვას გარდა ვის შეეძლო, შეექმნა ასეთი რთული ქმნილებები მხოლოდ მტვრისგან? ღმერთის საქმეები სრულყოფილი და უნაკლოა, ამიტომ, რასაკვირველია, არ უნდა ვჩიოდეთ, რომ ასე გადაწყვიტა ადამიანის შექმნა. ნამდვილად, ის, რომ დიდებულმა შემოქმედმა ასე მოკრძალების მომგვრელად და საკვირველად შექმნა ადამიანი მიწის მტვრისგან, ზრდის ჩვენში მადლიერების გრძნობას მისი უსაზღვრო ძალის, ოსტატობისა და პრაქტიკული სიბრძნისადმი (მეორე რჯული 32:4; ფსალმუნი 138:14).
პირობების შეცვლა
3, 4. ა) რა არ ჰქონდა განზრახული ღმერთს, როცა შექმნა ადამიანი მტვრისგან? ბ) რის შესახებ ლაპარაკობდა დავითი ფსალმუნის 102:14-ში და როგორ გვეხმარება კონტექსტი ასეთი დასკვნის გამოტანაში?
3 მტვრისგან შექმნილ ქმნილებებს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები. მაგრამ, ღმერთს არასდროს ჰქონდა განზრახული, რომ ეს შეზღუდვები დამამძიმებელი ან მეტისმეტად მკაცრი ყოფილიყო. მათ არ უნდა გამოეწვიათ სევდა ან უბედურება. მაგრამ, როგორც ფსალმუნის 102:14-ში ჩაწერილი დავითის სიტყვების კონტექსტი გვიჩვენებს, შეზღუდულ შესაძლებლობებს, რომელსაც ადამიანები ექვემდებარებიან, შეუძლია გამოიწვიოს დანაღვლიანება ან გულგატეხილობა. რატომ? ღმერთისადმი ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის გამო მათი მომავალი ოჯახის პირობები შეიცვალა. გაგებამ, რომ მტვრისგან ვართ ახალი მნიშვნელობა მიიღოa.
4 დავითი ამბობდა არა იმ შეზღუდულ შესაძლებლობებზე, რომელიც მტვრისგან შექმნილ სრულყოფილ ადამიანებსაც კი ჰქონდათ, არამედ მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებით გამოწვეული ადამიანური სისუსტეების შესახებ. სხვაგვარად ის არ იტყოდა იეჰოვას შესახებ: „ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა. საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა. . . [რომელმაც] არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა“ (ფსალმუნი 102:2–4, 10). თუმცა სრულყოფილი ადამიანები მტვრისგან იყვნენ შექმნილი, ერთგული რომ დარჩენილიყვნენ, არასდროს შეცდებოდნენ, არც შესცოდავდნენ, არც პატიება დასჭირდებოდათ; არც დაავადდებოდნენ, რაც მკურნალობას მოითხოვდა. გარდა ამისა, ისინი არასდროს ჩავიდოდნენ საფლავში, საიდანაც მხოლოდ აღდგომის საშუალებით დაბრუნდებოდნენ.
5. რატომ არ გვიჭირს დავითის სიტყვების გაგება?
5 რადგან არასრულყოფილები ვართ, ყველა ჩვენგანმა განიცადა ის, რის შესახებაც დავითი ამბობდა. ჩვენ ყოველთვის შეგნებული გვაქვს არასრულყოფილებით გამოწვეული შეზღუდვები. ჩვენ ვწუხვართ, როცა დროდადრო ეს შეზღუდვები აფუჭებენ ჩვენს ურთიერთობას იეჰოვასთან ან ქრისტიან ძმებთან. ჩვენ განვიცდით, რომ ზოგჯერ არასრულყოფილება და სატანის ქვეყნიერების ზემოქმედება გულგატეხილობაში გვაგდებს. რადგან სატანის მმართველობა სწრაფად უახლოვდება თავის დასასრულს, მისი ქვეყნიერება ადრინდელზე უფრო მეტად ახდენს გავლენას ყველა ხალხზე და განსაკუთრებით ქრისტიანებზე (გამოცხადება 12:12).
6. რატომ გრძნობს ზოგიერთი ქრისტიანი გულგატეხილობას და როგორ შეუძლია სატანას ისარგებლოს ასეთი გრძნობებით?
6 ფიქრობ თუ არა, რომ უფრო გიძნელდება ქრისტიანული წესით ცხოვრება? ზოგიერთი ქრისტიანისგან შეიძლება გაიგო, რომ რაც უფრო დიდხანს არის ჭეშმარიტებაში, მით უფრო არასრულყოფილი ხდება. მაგრამ, ალბათ, ეს ჩვეულებრივია, რომ მათ უფრო მეტად ესმით საკუთარი არასრულყოფილება და ის, რომ არ შეუძლიათ შეესაბამებოდნენ იეჰოვას სრულყოფილ ნორმებს ისე, როგორც ისურვებდნენ. მაგრამ, სინამდვილეში, ეს, შესაძლოა, იეჰოვას სამართლიანი მოთხოვნების შემეცნებისა და მათი დაფასების ზრდის შედეგია. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ არასდროს დავრთოთ ნება ნებისმიერ ასეთ გრძნობას იმდენად იმოქმედოს ჩვენზე, რომ ეშმაკისთვის იყოს ხელსაყრელი. საუკუნეების განმავლობაში ის კვლავ და კვლავ ცდილობს გამოიყენოს გულის დამამძიმებელი გრძნობები, რათა იეჰოვას მსახურებმა უარყონ ჭეშმარიტი თაყვანისცემა. მიუხედავად ამისა, ღმერთისადმი წრფელი სიყვარული და ასევე, ეშმაკისადმი ‘სრული სიძულვილი’ მრავალ მათგანს დაეხმარა, რომ მორიდებოდა ყოველივე ამას (ფსალმუნი 138:21, 22; იგავნი 27:11).
7. რა მხრივ ვემსგავსებით ზოგჯერ იობს?
7 და მაინც, იეჰოვას მსახურებმა შეიძლება დროდადრო იგრძნონ გულგატეხილობა. ასევე, ამის მიზეზი, შესაძლოა, იყოს უკმაყოფილება საკუთარი მიღწევების გამო. ამასთან ერთად შეიძლება იყოს ფიზიკური ავადმყოფობები ან დაძაბული დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან. ერთგული იობი გულგატეხილი იყო, როცა მიმართა ღმერთს თხოვნით: „ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!“ ამრიგად, თუ მძიმე მდგომარეობებმა დაანაღვლიანა იობი, რომელიც ‘იყო ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში, ბოროტებას განრიდებული კაცი’, არ არის გასაკვირი, რომ იგივე შეიძლება ჩვენც დაგვემართოს (იობი 1:8, 13–19; 2:7–9, 11–13; 14:13).
8. რატომ შეიძლება დროდადრო გამოვლენილ გულგატეხილობას ჰქონდეს დადებითი ნიშანი?
8 რაოდენ მანუგეშებელია იცოდე, რომ იეჰოვა უყურებს გულებს და არ უგულებელყოფს კეთილ ზრახვებს! ის არასდროს უარყოფს მათ, ვინც გულწრფელად ცდილობს ასიამოვნოს მას. სინამდვილეში, დროდადრო გამოვლენილი გულგატეხილობა შეიძლება იყოს დადებითი ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვასადმი მსახურებას არ ვეპყრობით არასერიოზულად. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე მას, ვინც არასდროს ებრძოდა გულგატეხილობას, შესაძლოა სულიერად არა აქვს შეგნებული თავისი სისუსტეები, როგორც სხვებს. გახსოვდეს: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ წაიქცეს“ (1 კორინთელთა 10:12; პირველი მეფეთა 16:7; მესამე მეფეთა 8:39; პირველი ნეშტთა 28:9).
ისინიც მტვრისგან იყვნენ
9, 10. ა) ვის რწმენას უნდა მიბაძონ ქრისტიანებმა? ბ) როგორ რეაგირებდა მოსე თავის დანიშნულებაზე?
9 ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავში ჩამოთვლილია ქრისტიანობამდე მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, რომლებიც დიდ რწმენას ავლენდნენ. ასეთივე რწმენით გამოირჩეოდნენ პირველი საუკუნისა და დღევანდელი ქრისტიანები. რაოდენ ბევრი ფასდაუდებელი გაკვეთილი დაგვიტოვეს მათ ჩვენს დასამოძღვრად (შეადარე ებრაელთა 13:7). მაგალითად, რა შეიძლება იყოს ქრისტიანებისთვის იმაზე უკეთესი, რომ მოსეს რწმენას მიბაძონ? ის მოწოდებული იყო, გამოეცხადებინა განაჩენი იმ დროის ყველაზე ძლევამოსილი მსოფლიო მმართველის, ეგვიპტის ფარაონისთვის. დღეს იეჰოვას მოწმეებმა უნდა გამოაცხადონ მსგავსი განაჩენი ცრუ რელიგიებისა და სხვა ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც უარყოფენ ქრისტეს დამყარებულ სამეფოს (გამოცხადება 16:1–15).
10 როგორც მოსემ აჩვენა, ამ დავალების შესრულება იოლი საქმე არ არის. მან იკითხა: „მე ვინ ვარ, ფარაონთან რომ წავიდე და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან?“ ჩვენ გვესმის, თუ რამდენად უხერხულად გრძნობდა ის თავს. ასევე, ის წუხდა იმის შესახებ, თუ როგორი რეაგირება ექნებოდათ ისრაელებს: ‘რომ არ დამიჯერონ, არ შეისმინონ ჩემი სიტყვა?’ შემდეგ იეჰოვამ აუხსნა მას, როგორ დაემტკიცებინა, რომ თავისი სიტყვებით არ ლაპარაკობდა, მაგრამ მოსეს სხვა პრობლემა ჰქონდა. მან თქვა: „გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე. . . ვარ“ (გამოსვლა 3:11; 4:1, 10).
11. მოსეს მსგავსად, როგორ შეიძლება ვუყურებდეთ თეოკრატიულ ვალდებულებებს და რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული თუ ვავლენთ რწმენას?
11 ზოგჯერ ჩვენ ვგრძნობთ იგივეს, რასაც მოსე გრძნობდა. თუმცა შეგნებული გვაქვს ჩვენი თეოკრატიული ვალდებულებები, შესაძლოა გვეეჭვება, როგორ შევძლებთ მათ შესრულებას. „ვინ ვარ მე, რომ მივიდე და გავბედო ღმერთის გზების სწავლება ადამიანებისთვის, რომელთაგან ზოგიერთი მაღალ სოციალურ, ეკონომიკურ დონეს იკავებს ან, რომლებიც ჩემზე უფრო განათლებულები არიან? როგორ შეხედავენ ჩემი სულიერი ძმები ქრისტიანულ კრებაში ჩემს კომენტარს ან თეოკრატიული სამსახურის სკოლის პროგრამაში სცენაზე გამოსვლას? ხომ არ შეამჩნევენ ჩემს მოუქნელობას?“ მაგრამ გახსოვდეს, იეჰოვა იყო მოსესთან და მოამზადა ის მისი დავალებისთვის, რადგან მოსემ გამოავლინა რწმენა (გამოსვლა 3:12; 4:2–5, 11, 12). თუ მივბაძავთ მოსეს რწმენას, იეჰოვა იქნება ჩვენთან და მოგვამზადებს ჩვენი სამუშაოსთვის.
12. როგორ გვამხნევებს დავითის რწმენა, როცა გულგატეხილი ვართ ცოდვების ან ნაკლოვანებების გამო?
12 ყოველს, ვინც ცოდვების ან ნაკლოვანებების გამო დანაღვლიანებული და გულგატეხილია, რასაკვირველია, შეუძლია გაიხსენოს დავითი, როცა მან თქვა: „ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას“. იეჰოვასადმი ვედრებისას დავითმა, ასევე, თქვა: „სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე“. მაგრამ, ის არასდროს არ რთავდა ნებას, რომ გულგატეხილობას წაერთმია იეჰოვასადმი მსახურების სურვილი. „ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს“. დავითი ნამდვილად ‘მტვერი’ იყო, მაგრამ იეჰოვამ არ მიატოვა ის, რადგან დავითმა გამოავლინა რწმენა იეჰოვას აღთქმისადმი, რომ არ დაამცირებს ‘მოდრეკილისა და მორჩილის გულს’ (ფსალმუნი 37:2–10; 50:5, 11, 13, 19).
13, 14. ა) რატომ არ უნდა მივყვეთ ადამიანებს? ბ) როგორ გვიჩვენებს პავლესა და პეტრეს მაგალითი, რომ ისინიც კი მტვრისგან იყვნენ?
13 მიუხედავად იმისა, რომ ‘მოწმეების ღრუბელი’ გვამხნევებს, „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენთვის წინამდებარე სარბოლი“, ჩვენთვის არ უთქვამთ, ვიყოთ მათი მიმდევრები. ჩვენ მოწოდებული ვართ მივყვეთ „რწმენის მოთავესა და სრულმყოფს იესოს“ და არა არასრულყოფილი ადამიანების ნაკვალევს, თუნდაც ისინი პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთგული მოციქულები იყვნენ (ებრაელთა 12:1, 2; 1 პეტრე 2:21).
14 მოციქულები პავლე და პეტრე, ქრისტიანული კრების სვეტები, ზოგჯერ ცდებოდნენ. პავლე წერდა: „არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მნებავს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მნებავს. . . უბადრუკი ადამიანი ვარ!“ (რომაელთა 7:19, 24). ასევე პეტრემ, თავდაჯერებულობის გამოვლინებისას უთხრა იესოს: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს არ ვცდუნდები“. როცა იესომ გააფრთხილა პეტრე, რომ ის სამჯერ უარყოფს მას, პეტრე თავდაჯერებულად შეეწინააღმდეგა თავის უფალს, როცა ტრაბახით თქვა: „თუნდაც რომ მოვკვდე შენთან, არ უარგყოფ“. მაგრამ მან უარყო იესო, დაუშვა შეცდომა, რის გამოც შემდეგ მწარედ ტიროდა. დიახ, პავლე და პეტრე მტვრისგან იყვნენ (მათე 26:33–35).
15. მიუხედავად იმისა, რომ მტვრისგან ვართ, რა გვამხნევებს გაბედულად ვიაროთ წინ?
15 თავიანთი ნაკლოვანებების მიუხედავად მოსე, დავითი, პავლე, პეტრე და სხვა მათი მსგავსი ადამიანები სიძნელეებიდან გამარჯვებულები გამოდიოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ავლენდნენ ძლიერ რწმენას იეჰოვასადმი, სრულიად ენდობოდნენ და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად არ შორდებოდნენ მას. მათ სწამდათ, რომ ის მისცემდა ‘აღმატებულ ძლიერებას’. ასეც მოხდა, მან მისცა მათ ეს ძლიერება და არასდროს უშვებდა, დაცემულიყვნენ ისე, რომ ვერ ამდგარიყვნენ. თუ ჩვენ ვაგრძელებთ რწმენის გამოვლენას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს მიმართ გამოტანილი განაჩენი დაკავშირებული იქნება ასეთ სიტყვებთან: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“. რაოდენ გვამხნევებს ეს სიტყვები, რომ გაბედულად ვიაროთ წინ, მიუხედავად იმისა, რომ მტვრისგან ვართ! (2 კორინთელთა 4:7; ებრაელთა 6:10).
რას ნიშნავს პირადად ჩვენთვის გაგება, რომ მტვრისგან ვართ?
16, 17. როგორ იყენებს იეჰოვა გალატელთა 6:4-ში ახსნილ პრინციპს, როცა განიხილავს ადამიანებს?
16 მრავალმა მშობელმა და მასწავლებელმა გამოცდილებიდან ისწავლა, რომ უფრო ბრძნულია ბავშვებისა და მოსწავლეების შეფასება მათი პირადი შესაძლებლობებით და არა და-ძმებთან ან თანაკლასელებთან შედარებით. ეს შეთანხმებულია ბიბლიურ პრინციპთან, რომელიც მოუწოდებს ქრისტიანებს, მისდიონ მას: „ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება ქება თავისით და არა სხვისით“ (გალატელთა 6:4).
17 ამ პრინციპის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა თავის ხალხს, როგორც ორგანიზებულ ჯგუფს ეპყრობა, ის თითოეულს ცალკეულად განიხილავს. რომაელთა 14:12-ში ნათქვამია: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს“. იეჰოვამ კარგად იცის ყოველი თავისი მსახურის გენეტიკური შედგენილობა. მან იცის მათი ფიზიკური და გონებრივი თავისებურებები, მათი უნარი, მემკვიდრეობით მიღებული ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი შესაძლებლობები და ასევე ის, თუ რა ზომით იყენებენ ამ შესაძლებლობებს, რომ ქრისტიანული ნაყოფი გამოიღონ. იესოს სიტყვები ქვრივის შესახებ, რომელმაც ორი ლეპტა ჩადო საგანძურში და იგავი კეთილ მიწაზე დათესილი თესლის შესახებ, გამამხნევებელი მაგალითებია ქრისტიანებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, დამწუხრებული არიან საკუთარი თავის სხვებთან არაბრძნულად შედარების გამო (მარკოზი 4:20; 12:42–44).
18. ა) რატომ უნდა შეიგნოს ყოველმა ჩვენგანმა, თუ რას ნიშნავს, იყო მტვრისგან? ბ) საკუთარი თავის გულწრფელი შემოწმება რატომ არ უნდა იყოს სასოწარკვეთილების მიზეზი?
18 რათა შევძლოთ სრული ძალებით მსახურება, არსებითად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს პირადად ჩვენთვის, რომ მტვრისგან ვართ (იგავნი 10:4; 12:24; 18:9; რომაელთა 12:1). გაუმჯობესების საჭიროება და შესაძლებლობები ყოველთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში გვემახსოვრება, თუ ღრმად შევიგნებთ ჩვენს პირად სისუსტეებს. მოდით, საკუთარი თავის შემოწმების დროს არასდროს უგულებელვყოთ წმინდა სულის ძალა, რომელიც ჩვენს გაუმჯობესებას ეხმარება. მისი დახმარებით შეიქმნა სამყარო, დაიწერა ბიბლია და მომაკვდავ ქვეყნიერებაში იწყო არსებობა მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერების საზოგადოებამ. ამიტომ, ეჭვგარეშეა, ღმერთის წმინდა სული საკმაოდ ძლიერია, რომ უბიწოების შესანარჩუნებლად საჭირო სიბრძნე და ძალა მისცეს მათ, ვინც სთხოვს მის შესახებ (მიქა 3:8; რომაელთა 15:13; ეფესელთა 3:16).
19. რას არ ამართლებს ის ფაქტი, რომ ჩვენ მტვრისგან ვართ?
19 რაოდენ მანუგეშებელია ვიცოდეთ, რომ იეჰოვას ახსოვს — ჩვენ მტვერი ვართ! მაგრამ ჩვენ არასდროს უნდა ვფიქრობდეთ, რომ ეს ამართლებს დაუდევრობას ან, შესაძლოა, მცდარ საქმეებს. არავითარ შემთხვევაში! ის, რომ იეჰოვას ახსოვს, რომ ჩვენ მტვერი ვართ, მისი დაუმსახურებელი სიკეთის გამოხატვაა. მაგრამ ჩვენ არ გვსურს ვიყოთ იმ ადამიანების მსგავსი, რომლებიც არიან „უღმერთონი, რომელთაც ჩვენი ღმერთის მადლი გარყვნილებად აქციეს და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალს იესო ქრისტეს“ (იუდა 4). ის, რომ ჩვენ მტვრისგან ვართ, არ ამართლებს ქცევას, რომელიც ღმერთს არ მოსწონს. ქრისტიანი ცდილობს შეებრძოლოს მცდარ მიდრეკილებებს, თრგუნავს და იმონებს თავის სხეულს, რათა არ ‘დაანაღვლიანოს ღმერთის სულიწმიდა’ (ეფესელთა 4:30; 1 კორინთელთა 9:27).
20. ა) რომელი ორი თვალსაზრისის გამო უნდა ‘ვიუხვოთ უფლის საქმეში’? ბ) რატომ გვაქვს მიზეზი ოპტიმიზმისთვის?
20 დღეს, სატანის ქვეყნიური სისტემის უკანასკნელი წლების დასასრულს, არ არის ტემპების შენელების დრო — არც სამეფოს შესახებ ქადაგებაში, არც ღმერთის სულის ნაყოფების უფრო უკეთესად განვითარებაში. უნდა ‘ვიუხვოთ’ ორივე სფეროში. ახლა არის წინსვლის დრო, რადგან ვიცით, რომ ‘ფუჭი არაა ჩვენი შრომა’ (1 კორინთელთა 15:58). იეჰოვა დაგვეხმარება, რადგან დავითმა მის შესახებ თქვა: „იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23). რაოდენ სასიხარულოა ვიცოდეთ, რომ იეჰოვამ ნება დაგვრთო ყოველ ჩვენგანს, არასრულყოფილი ადამიანებისთვის დავალებული საქმეებისგან ყველაზე დიდებულ საქმიანობაში მივიღოთ მონაწილეობა — და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტვრისგან ვართ!
[სქოლიოები]
a კომენტარი ბიბლიისთვის „ჰერდერს ბიბელკომენტარ“-ი ფსალმუნის 102:14-თან დაკავშირებით აღნიშნავს: „მან კარგად იცის, რომ მიწის მტვრისგან შექმნა ადამიანები და იცის მათი სისუსტეები და ის, რომ ადამიანების ცხოვრება წუთიერია — ცხოვრება, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვათ თავდაპირველი ცოდვის დროიდან “ (კურსივი ჩვენია — რედ.).
შეგიძლია თუ არა ახსნა?
□ რა განსხვავებაა დაბადების 2:7-სა და ფსალმუნის 102:14-ში მოყვანილ აღწერაში, რომ ადამიანები მტვრისგან არიან შექმნილი?
□ დღეს მცხოვრები ქრისტიანებისთვის რატომ წარმოადგენს გამხნევების წყაროს ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავი?
□ რატომ ვიქცევით ბრძნულად, თუ გალატელთა 6:4-ში მოყვანილ პრინციპს ვიყენებთ?
□ როგორ გვეხმარება ებრაელთა 6:10-ში და 1 კორინთელთა 15:58-ში მოყვანილი სიტყვები, ავიცილოთ გულგატეხილობა?
[სურათები მე-10 გვერდზე]
ქრისტიანები ბაძავენ თანამორწმუნეების რწმენას, მაგრამ მისდევენ თავიანთი რწმენის სრულმყოფს, იესოს.