ქვეყნიერება
განმარტება: ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „ქვეყნიერებად“ ბევრ ადგილას ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „კოსმოს“. ამ შემთხვევებში ეს სიტყვა ძირითადად ნიშნავს: 1) ყველა ადამიანს მთლიანობაში, მათი ცხოვრების წესისგან დამოუკიდებლად, 2) გარემომცველ პირობებსა და წრეს, რომელშიც ადამიანი იბადება და ცხოვრობს, 3) იმ ადამიანთა ერთობლიობას, რომლებიც არ ემსახურებიან იეჰოვას. ამ ნაწილში ძირითადად ყურადღება მახვილდება „ქვეყნიერების“ მესამე მნიშვნელობაზე.
განადგურდება ცეცხლით ქვეყნიერება?
2 პეტ. 3:7: „ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით [ღვთის სიტყვით] ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (აქ ლაპარაკია „უღვთოთა“ — და არა ყველას — განადგურებაზე. მე-6 მუხლში ნახსენებია ნოეს დროინდელი „ქვეყნიერების“ განადგურება. იმ დროს განადგურდნენ ბოროტი ადამიანები, ხოლო ღვთისმოშიში ნოე და მისი ოჯახის წევრები გადარჩნენ. მაშინ არც დედამიწა განადგურებულა. პირდაპირი მნიშვნელობა აქვს „ცეცხლს“ ზემოთ მოყვანილ მუხლში? თუ ის სრული განადგურების სიმბოლოა? რას დააკლებს ცეცხლი ციურ სხეულებს, მაგალითად ისედაც გავარვარებულ მზესა და ვარსკვლავებს? ამ მუხლთან დაკავშირებით დამატებითი მასალა იხილეთ 122—124-ე გვერდებზე, „დედამიწა“).
იგავ. 2:21, 22: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“.
ვინ მართავს ქვეყნიერებას — ღმერთი თუ სატანა?
დან. 4:35: „ის [უზენაესი ღმერთი იეჰოვა] თავისი ნებისამებრ ექცევა ზეციერ ლაშქარსა და დედამიწის მკვიდრთ. ვერავინ შეაკავებს მის ხელს და ვერავინ ეტყვის, რას აკეთებო“ (იერემიას 10:6, 7-ში იეჰოვას „ხალხთა მეფე“ ეწოდება, რადგან ის არის უზენაესი მეფე, რომელიც პასუხს მოსთხოვს მეფეებსა და მათ ქვეშევრდომებს. იეჰოვას სამართლიანად ეკუთვნის მმართველობა, რადგან დედამიწის შემოქმედია. მას არასდროს უთქვამს უარი იმაზე, რომ ყოფილიყო უზენაესი მმართველი).
იოან. 14:30: „[იესომ თქვა:] ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“ (აშკარაა, რომ ამ მმართველში იესო არ გულისხმობდა იეჰოვა ღმერთს, რომლის ნებასაც ის ყოველთვის ერთგულად ასრულებს. ლოგიკურია, რომ „ქვეყნიერების მმართველი“ არის სატანა ეშმაკი. 1 იოანეს 5:19-ში მასზე ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია“. ადამიანები ცხოვრობენ პლანეტაზე, რომელიც ღმერთს ეკუთვნის. მაგრამ ქვეყნიერებას — ანუ იმ ადამიანთა ერთობლიობას, რომლებიც არ არიან იეჰოვას მსახურები — სატანა მართავს, რადგან ისინი მას ემორჩილებიან. ვინც მთელი გულით ემორჩილება იეჰოვას, არ არის ამ ქვეყნიერების ნაწილი. შეადარეთ 2 კორინთელების 4:4).
გამოცხ. 13:2: „დრაკონმა [სატანა ეშმაკმა] მხეცს მისცა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება“ (დანიელის მე-7 თავი გვეხმარება იმის დადგენაში, რომ „მხეცი“ ადამიანთა მმართველობის სიმბოლოა და მასში მთელი მსოფლიოს პოლიტიკური სისტემა იგულისხმება. ამ სისტემას რომ სატანა მართავს, ადასტურებს ლუკას 4:5—7, აგრეთვე გამოცხადების 16:14, 16, რომლის თანახმადაც დემონების გავლენით მთელი დედამიწის მმართველები ღმერთთან საომრად „იკრიბებიან“. ღმერთი დროებით აძლევს სატანას იმის საშუალებას, რომ იყოს ქვეყნიერების მმართველი. დანიშნულ დროს იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხს).
გამოცხ. 11:15: «გაისმა ზეცაში დიდი ხმები: „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა [იეჰოვა ღმერთისა] და მისი ქრისტეს სამეფო გახდა“» (ეს მოხდა 1914 წელს, რითაც დაიწყო ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეები“. ამ დროს იესო გამეფდა და ასეთი სახით გამოვლინდა იეჰოვას უზენაესობა. მალე ბოროტი ქვეყნიერება განადგურდება. მისი მმართველი, სატანა, უფსკრულში იქნება ჩაგდებული და ვეღარ შეძლებს ადამიანებზე გავლენის მოხდენას).
როგორი დამოკიდებულება აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ქვეყნიერების მიმართ?
იოან. 15:19: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ [იესოს მიმდევრები], არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან“ (ამრიგად, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ არიან ღვთისგან გაუცხოებული საზოგადოების ნაწილი. ისინი ჩვეულებრივ ცხოვრობენ, მაგრამ ერიდებიან ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ და იეჰოვას ნორმებით მიუღებელ აზროვნებას, მეტყველებასა და საქციელს) (იხილეთ გვერდები 240—246, აგრეთვე 365—368).
იაკ. 4:4: „მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იმის გამო, რომ ქრისტიანებიც არასრულყოფილები არიან, ქვეყნიერებასთან ურთიერთობამ შეიძლება მათზეც მოახდინოს უარყოფითი გავლენა. მაგრამ, როცა ასეთი რამ ხდება, ისინი ითვალისწინებენ ბიბლიის რჩევებს, ინანიებენ და სწორდებიან. თუ ვინმე შეგნებულად უმეგობრდება ქვეყნიერებას ან მის სულს ავლენს, ქვეყნიერების ნაწილი ხდება. ქვეყნიერება ღვთის მტერია, ამიტომ ასეთი ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანი ვეღარ იქნება).
რომ. 13:1: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“ (ადამიანი, რომელიც ითვალისწინებს ამ რჩევას, არ დაუპირისპირდება ხელისუფლებას და არ მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფო გადატრიალებაში. იგი დაემორჩილება ხელისუფლებას, თუ ამით არ დაირღვევა ღვთის მოთხოვნები. ღმერთმა იწინასწარმეტყველა ადამიანთა მიერ შექმნილი მთავრობების არსებობა. ის მათ არსებობის ნებას რთავს, თუმცა ძალაუფლებას თავად არ აძლევს. დანიშნულ დროს ღმერთი ბოლოს მოუღებს ადამიანთა მმართველობას).
გალ. 6:10: „ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (ჭეშმარიტი ქრისტიანები სიკეთეს უკეთებენ მოყვასს. ისინი ჰბაძავენ ღმერთს, რომელსაც „მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც“ [მათ. 5:43—48]).
მათ. 5:14—16: „თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე . . . თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (აშკარაა, რომ ქრისტიანებმა აქტიურად უნდა იქადაგონ ღვთის სახელისა და განზრახვის შესახებ, რათა სხვებმაც დაინახონ მათი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი. ჭეშმარიტ ქრისტიანებს უმთავრესი ყურადღება ამ საქმეზე აქვთ გადატანილი).
რაზე მიუთითებს დღევანდელი მსოფლიო მდგომარეობა?
იხილეთ „ბოლო დღეები“.