მკითხველთა შეკითხვები
რას გულისხმობდა მოციქული პავლე შემდეგ სიტყვებში: „კანონის მეშვეობით მოვკვდი კანონისთვის“? (გალ. 2:19).
პავლე წერდა: „მე თავად კანონის მეშვეობით მოვკვდი კანონისთვის, რათა გავცოცხლებულიყავი ღვთისთვის“ (გალ. 2:19).
რომის ერთ-ერთი პროვინციის, გალატიის, კრებებში ზოგ ქრისტიანზე გავლენა მოახდინეს ცრუ მასწავლებლებმა, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ ხსნას მხოლოდ მოსეს კანონის დაცვით, კერძოდ, წინადაცვეთით მოიპოვებდნენ. არადა პავლეს კარგად ესმოდა, რომ მორწმუნეთათვის უკვე აღარ იყო სავალდებულო წინადაცვეთა. მან ძლიერი არგუმენტებით გააბათილა მათი მცდარი შეხედულებები და ძმებს იესო ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენის აუცილებლობაზე გაუმახვილა ყურადღება (გალ. 2:4; 5:2). სწორედ ამ მსჯელობას მოაყოლა გალატელების 2:19-ში ჩაწერილი სიტყვები.
ბიბლიაში არაორაზროვნად წერია, რომ, როცა ადამიანი კვდება, ის სრულიად ეთიშება გარე სამყაროს და მიმდინარე მოვლენები მასზე ვეღარ ახდენს გავლენას (ეკლ. 9:5). როცა პავლე წერდა, „მოვკვდი კანონისთვის“, ის გულისხმობდა, რომ მეტად აღარ ექვემდებარებოდა მოსეს კანონს. ის დარწმუნებული იყო, რომ გამოსასყიდისადმი რწმენით გაცოცხლდა ღვთისთვის.
საინტერესოა, რომ პავლეს ცხოვრებაში ეს ცვლილება ისევ „კანონის მეშვეობით“ მოხდა. როგორ? ის თავად გვცემს ამაზე პასუხს: „ადამიანი იესო ქრისტესადმი რწმენით ჩაითვლება მართლად და არა კანონის დაცვით“ (გალ. 2:16). თავის დროზე კანონმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რაც პავლემ გალატელებს ასე აუხსნა: „მაშ, რისთვისღა იყო საჭირო კანონი? ცოდვების გამოსააშკარავებლად, სანამ მოვიდოდა შთამომავალი, რომელსაც მიეცა დაპირება“ (გალ. 3:19). კანონმა ცხადყო, რომ ცოდვილ, არასრულყოფილ ადამიანებს კანონის სრულყოფილად დაცვის უნარი არ შესწევდათ, ამიტომ საჭირო იყო სრულყოფილი მსხვერპლი. ამგვარად კანონი გახდა „შთამომავლამდე“, ქრისტემდე მიმყვანი. ახლა უკვე მხოლოდ იესო ქრისტესადმი რწმენით ჩაითვლებოდა ვინმე ღვთის თვალში მართლად (გალ. 3:24). რის საფუძველზე დაასკვნა ეს პავლემ? ის სწორედ კანონის მეშვეობით მივიდა ქრისტემდე, შესაბამისად, ის „მოკვდა კანონისთვის“, რათა გაცოცხლებულიყო ღვთისთვის. აქედან გამომდინარე, ის მოსეს კანონს კი აღარ ექვემდებარებოდა, არამედ ღმერთს.
პავლე მსგავს აზრს გამოთქვამს რომაელებისთვის მიწერილ წერილში: „ჩემო ძმებო, თქვენც დაიხოცეთ კანონისთვის ქრისტეს მიერ გაღებული სხეულით,.. ახლა კი გათავისუფლებულნი ვართ კანონისგან, რადგან დავიხოცეთ იმისთვის, რაც გვბოჭავდა“ (რომ. 7:4, 6). არც აქ და არც გალატელების 2:19-ში პავლე არ საუბრობდა მოსეს კანონით მსჯავრდადებული ცოდვილი ადამიანის სიკვდილზე. პირიქით, ის სიკვდილში თავისუფლებას გულისხმობდა. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, კანონი აღარ ვრცელდებოდა არც მასზე და აღარც სხვა ქრისტიანებზე, რადგან ისინი ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენით იყვნენ გათავისუფლებული.