დროები და ვადები იეჰოვას ხელშია
„თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ, დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“ (საქმეები 1:7).
1. რა პასუხი გასცა იესომ მოწაფეებს დროსთან დაკავშირებულ კითხვებზე?
რა შეიძლება იყოს იმაზე ბუნებრივი ადამიანისთვის, „რომელიც კვნესის და მოთქვამს“ ქრისტიანულ სამყაროსა და მთელ დედამიწაზე „ჩადენილ სისაძაგლეთა გამო“, რომ აინტერესებდეს, როდის შეიცვლება ეს ბოროტი სისტემა ღვთის სამართლიანი ახალი ქვეყნიერებით? (ეზეკიელი 9:4; 2 პეტრე 3:13). სიკვდილამდე და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოწაფეებმა იესოს დროსთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები (მათე 24:3; საქმეები 1:6). მაგრამ იესოს ისეთი პასუხი არ გაუცია მათთვის, რომლის საშუალებითაც დროის გამოთვლას შეძლებდნენ. ერთხელ მან უთხრა ნიშანი, რომელიც მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა, სხვა დროს კი უთხრა, რომ ‘მათი საქმე არ იყო, სცოდნოდათ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით’ (საქმეები 1:7).
2. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესომ ყოველთვის არ იცოდა, თუ როდის აქვს მამამისს დაგეგმილი ბოლო დროის განმავლობაში გარკვეული მოვლენების შესრულება?
2 თუმცა იესო იეჰოვას მხოლოდშობილი ძეა, მანაც კი არ იცის ყოველთვის მამამისის მიერ გარკვეული მოვლენებისთვის დადგენილი დრო. უკანასკნელი დღეების შესახებ წინასწარმეტყველებისას მან თავმდაბლურად აღიარა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:36). იესო მზად იყო, მოთმინებით დალოდებოდა ვიდრე მამა არ გაუმხელდა ამ ბოროტი სისტემის გასანადგურებლად მოქმედების დაწყების ზუსტ დროსa.
3. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ღვთის განზრახვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე იესოს მიერ გაცემული პასუხებიდან?
3 ღვთის განზრახვების შესრულების დროსთან დაკავშირებულ კითხვებზე იესოს მიერ გაცემული პასუხებიდან ორი დასკვნის გამოტანა შეიძლება. პირველი, რომ იეჰოვას აქვს განრიგი; და მეორე, რომ მხოლოდ ის ადგენს დროებს და მისი მსახურები არ უნდა მოელოდნენ, რომ წინასწარ ზუსტ ინფორმაციას მიიღებენ მისი დროების ან ვადების შესახებ.
იეჰოვას დროები და ვადები
4. რა მნიშვნელობები აქვს საქმეების 1:7-ში ‘დროებად’ და ‘ვადებად’ გადმოთარგმნილ ბერძნულ სიტყვებს?
4 რა იგულისხმება „დროებსა“ და „ვადებში“? იესოს სიტყვებში, რომლებიც ჩაწერილია საქმეების 1:7-ში, მოცემულია დროის ორი გაგება. ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „დროები“, ნიშნავს „დროს, ხანგრძლივობის გაგებით“, დროის შუალედს (ხანგრძლივს ან ხანმოკლეს). „ვადები“ გადმოთარგმნილია სიტყვიდან, რომელიც მიუთითებს დანიშნულ დროზე, დროის კონკრეტულ მონაკვეთზე ანუ პერიოდზე, რომელიც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ამ ორი ბერძნული სიტყვის მნიშვნელობის შესახებ უ. ე. ვაინი აღნიშნავს: «საქმეების 1:7-ში „მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“ როგორც დროები („ქრონოს“) — გარკვეული პერიოდის ხანგრძლივობა, ისე „ვადები“ („კაიროს“) — გარკვეული დროის მონაკვეთი, რომელიც ამა თუ იმ მოვლენებით ხასიათდება».
5. როდის გაუმხილა იეჰოვამ ნოეს თავისი განზრახვა გახრწნილი წუთისოფლის განადგურების შესახებ და რომელ ორ მისიას ასრულებდა ნოე?
5 წარღვნის წინ ღმერთმა ადამიანებისა და ურჩი ხორცშესხმული ანგელოზებისგან შემდგარი გახრწნილი წუთისოფლისთვის 120-წლიანი პერიოდი გამოიყო (დაბადება 6:1–3). იმ დროს ღვთისმოშიში ნოე 480 წლის იყო (დაბადება 7:6). მას შვილები არ ჰყავდა და ასე გაგრძელდა 20 წელი (დაბადება 5:32, აქ). ღმერთმა თავისი განზრახვა დედამიწიდან ბოროტების მოშორებასთან დაკავშირებით ნოეს საკმაოდ მოგვიანებით გაუმხილა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი შვილები დავაჟკაცდნენ და დაქორწინდნენ (დაბადება 6:9–13, 18). მაშინაც კი, როცა ნოეს ორი მისია ეკისრა — კიდობნის აშენება და თავის თანამედროვეთათვის ქადაგება — იეჰოვას მისთვის არ გაუმხელია თავისი გეგმა დროსთან დაკავშირებით (დაბადება 6:14; 2 პეტრე 2:5).
6. ა) როგორ ცხადყო ნოემ, რომ დროსთან დაკავშირებული საკითხი ბოლომდე ღვთის ხელში დატოვა? ბ) როგორ შეგვიძლია ნოეს მივბაძოთ?
6 ათობით წლის — შესაძლოა ნახევარი საუკუნის — განმავლობაში ‘ნოე ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ღმერთმა დაარიგა’. ნოე „რწმენით“ მოიქცა ამგვარად, ისე რომ არ იცოდა ზუსტი თარიღი (დაბადება 6:22; ებრაელთა 11:7). იეჰოვას მანამდე არ გაუმხელია ნოესთვის ზუსტი თარიღი, სანამ წარღვნამდე მხოლოდ ერთი კვირა არ დარჩა (დაბადება 7:1–5). იეჰოვაზე მთლიანად მინდობამ და მისადმი რწმენამ შეაძლებინა ნოეს, დროის საკითხი ბოლომდე ღვთის ხელში დაეტოვებინა. რამდენად მადლიერი იქნებოდა ნოე, როდესაც წარღვნის დროს იეჰოვას დაცვას გრძნობდა და როდესაც მოგვიანებით კიდობნიდან განწმენდილ დედამიწაზე გადმოაბიჯა! არ უნდა გამოვავლინოთ ასეთივე რწმენა ღვთისადმი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი გადარჩენის იმედი ჩვენც გვაქვს?
7, 8. ა) როგორ გაჩნდნენ ერები და მსოფლიო მპყრობელები? ბ) როგორ ‘აწესებდა იეჰოვა დროებსა და საზღვრებს ადამიანთა დასასახლებლად’?
7 წარღვნის შემდეგ ნოეს შთამომავალთა უმრავლესობამ შეწყვიტა იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. ერთ ადგილზე დარჩენის მიზნით მათ ცრუ თაყვანისმცემლობისთვის ქალაქისა და გოდლის მშენებლობა წამოიწყეს. იეჰოვამ დაინახა, რომ დრო იყო ჩარეულიყო მათ საქმეებში. აურია მათ ენა და „გაფანტა ისინი უფალმა იქიდან [ბაბილონიდან] მთელს დედამიწის ზურგზე“ (დაბადება 11:4, 8, 9). მოგვიანებით ენათა ჯგუფები ერებად ჩამოყალიბდა, რომელთაგან ზოგიერთები იპყრობდნენ სხვებს და რეგიონალური და მსოფლიო მპყრობელებიც კი ხდებოდნენ (დაბადება 10:32).
8 ზოგჯერ ღმერთი თავისი განზრახვის შესაბამისად ადგენდა სახელმწიფო საზღვრებს და იმას, თუ როდის რომელი ერი ყოფილიყო სხვებზე გაბატონებული ან მსოფლიო მპყრობელი (დაბადება 15:13, 14, 18–21; გამოსვლა 23:31; მეორე რჯული 2:17–22; დანიელი 8:5–7, 20, 21). ამ გაგებით ლაპარაკობდა მოციქული პავლე იეჰოვას მიერ დადგენილ დროებსა და ვადებზე, როდესაც ათენში ბერძენ სწავლულებს მიმართავდა: ‘ღმერთმა, შემოქმედმა სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა. . . ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები’ (საქმეები 17:24, 26).
9. როგორ ცვლის იეჰოვა „დრო-ჟამს“ მეფეებთან დაკავშირებით?
9 ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვაა მსოფლიოში ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების მიზეზი. მაგრამ თუ ეს საჭიროა თავისი განზრახვის შესასრულებლად, მას შეუძლია ჩაერიოს. ამგვარად, წინასწარმეტყველმა დანიელმა, რომელიც იმდროინდელი მსოფლიო მპყრობელის, ბაბილონის, დამხობისა და მის ადგილზე მიდია-სპარსეთის მოსვლის მოწმე უნდა ყოფილიყო, იეჰოვას შესახებ თქვა: „იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ — ცოდნას“ (დანიელი 2:21; ესაია 44:24—45:7).
„ახლოვდებოდა. . . ჟამი“
10, 11. ა) რამდენი ხნით ადრე დაადგინა იეჰოვამ მონობიდან აბრაამის შთამომავლების გათავისუფლების დრო? ბ) საიდან ვხვდებით, რომ ისრაელებმა ზუსტად არ იცოდნენ, თუ როდის გათავისუფლდებოდნენ?
10 იეჰოვამ ოთხ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე დაადგინა მსოფლიო მპყრობელის, ეგვიპტის მეფის დამცირებისა და აბრაამის შთამომავლობის მონობიდან გათავისუფლების ზუსტი თარიღი. ღმერთმა აბრაამს გაუმხილა თავისი განზრახვა და დაჰპირდა: „იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს. იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე განვსჯი; შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან“ (დაბადება 15:13, 14). სტეფანემ, როდესაც სინედრიონის წინაშე მოკლედ მოყვა ისრაელის ისტორია, ამ 400-წლიანი პერიოდის შესახებ აღნიშნა: „როდესაც ახლოვდებოდა აღთქმის შესრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, ეს ხალხი მატულობდა ეგვიპტეში და მრავლდებოდა, ვიდრე ეგვიპტეზე აღდგებოდა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს“ (საქმეები 7:6, 17, 18).
11 ამ ახალმა ფარაონმა ისრაელები მონებად აქცია. თუმცა მოსეს ჯერ არ ჰქონდა „დაბადება“ დაწერილი, დასაშვებია, რომ იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული დაპირება ზეპირი გადაცემით ან ხელნაწერების საშუალებით ცნობილი იყო. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ისრაელებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია, რომ გამოეთვალათ ჩაგვრიდან გათავისუფლების ზუსტი თარიღი. ღმერთმა იცოდა, თუ როდის გაათავისუფლებდა მათ, მაგრამ ტანჯულმა ისრაელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს. მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა. მოხედა ღმერთმა ისრაელიანებს და იცნო ღმერთმა ისინი“ (გამოსვლა 2:23–25).
12. როგორ ცხადყო სტეფანემ, რომ მოსე იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს წინ უსწრებდა?
12 ისრაელებმა რომ გათავისუფლების ზუსტი დრო არ იცოდნენ, სტეფანეს მონაყოლიდანაც ჩანს. მოსეს შესახებ მან აღნიშნა: „როცა ორმოცი წელი შეუსრულდა, გულით მოისურვა თავისი ძმების, ისრაელიანების მონახულება. დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა და იმ დაჩაგრულის შური იძია და განგმირა ეგვიპტელი. ეგონა, მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ“ (საქმეები 7:23–25). მოცემულ შემთხვევაში მოსე ღვთის მიერ დანიშნულ დროზე 40 წლით ადრე მოქმედებდა. სტეფანემ აღნიშნა, რომ მოსეს 40 წელი უნდა მოეცადა, სანამ ღმერთი ‘მისი ხელით იხსნიდა ისრაელიანებს’ (საქმეები 7:30–36).
13. რით ჰგავს ჩვენი მდგომარეობა ეგვიპტიდან ისრაელების გათავისუფლების წინანდელ მდგომარეობას?
13 თუმცა „ახლოვდებოდა აღთქმის შესრულების ჟამი“ და ამის ზუსტი თარიღი ღვთის მიერ იყო დადგენილი, მოსესა და მთელ ისრაელს რწმენა უნდა გამოევლინათ. ისინი იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს უნდა დალოდებოდნენ რადგან, როგორც ჩანს, მათ არ შეეძლოთ დროის წინასწარ გამოთვლა. ჩვენც გვაქვს იმის დამაჯერებელი მტკიცება, რომ თანამედროვე ბოროტი სისტემისგან ჩვენი ხსნის დრო ახლოვდება. ვიცით, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1–5). ამიტომ არ უნდა გამოვავლინოთ რწმენა და ველოდოთ იეჰოვას დიდი დღისთვის მის მიერ დანიშნულ სათანადო დროს? (2 პეტრე 3:11–13). მაშინ, მოსესა და ისრაელების მსგავსად, იეჰოვას განსადიდებლად ჩვენც მთელი გულით ვიმღერებთ გათავისუფლების დიდებულ სიმღერას (გამოსვლა 15:1–19).
‘როცა მოვიდა დრო’
14, 15. საიდან ვიცით, რომ ღმერთს დადგენილი ჰქონდა დრო, თუ როდის უნდა მოსულიყო მისი ძე დედამიწაზე და რას ადევნებდნენ თვალყურს წინასწარმეტყველები და თვით ანგელოზებიც კი?
14 იეჰოვას განსაზღვრული დრო ჰქონდა დანიშნული, თუ როდის უნდა მოვლინებოდა მესიად დედამიწას მისი მხოლოდშობილი ძე. პავლე წერდა: „როცა მოვიდა აღვსება დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა, და დაემორჩილა იგი რჯულს“ (გალატელთა 4:4). ეს იყო ღვთის დანაპირების შესრულება თესლის გამოგზავნის შესახებ, ‘რომელსაც დაემორჩილებოდნენ ხალხები’ (დაბადება 3:15; 49:10, „ხუმაში [თორა] ქართულ ენაზე“).
15 ღვთის წინასწარმეტყველები და თვით ანგელოზებიც კი თვალყურს ადევნებდნენ ‘ვადებს’, როდესაც მესია უნდა გამოჩენილიყო დედამიწაზე, რომელიც მთელ ცოდვილ კაცობრიობას მოუტანდა ხსნას. „ამ ხსნისთვის, — წერდა პეტრე, — იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენთვის განკუთვნილ მადლზე წინასწარმეტყველებდნენ. იკვლევდნენ, რომელ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას. . . რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები“ (1 პეტრე 1:1–5, 10–12).
16, 17. ა) რომელი წინასწარმეტყველების საშუალებით დაეხმარა იეჰოვა პირველ საუკუნეში მცხოვრებ იუდეველებს, რომ მესიის მოლოდინი ჰქონოდათ? ბ) რა გავლენა იქონია დანიელის წინასწარმეტყველებამ იუდეველებზე მესიის მოსვლის მოლოდინთან დაკავშირებით?
16 წინასწარმეტყველ დანიელის — მტკიცე რწმენის მქონე მამაკაცის — მეშვეობით იეჰოვამ მოგვცა ცნობა, რომელშიც ‘სამოცდაათი შვიდეულის’ შესახებ წინასწარმეტყველებაც შედის. ამ წინასწარმეტყველების წყალობით პირველ საუკუნეში მცხოვრებმა იუდეველებმა იცოდნენ, რომ აღთქმული მესიის გამოჩენის დრო ახლოვდებოდა. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე“ (დანიელი 9:24, 25). იუდაიზმის, კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის მკვლევარები ერთხმად აღიარებენ, რომ აქ მოხსენიებულ ‘შვიდეულებში’ თითოეული დღე წელიწადს ნიშნავს. დანიელის 9:25-ში მოხსენიებული 69 „შვიდეული“ (483 წელი) დაიწყო ძვ. წ. 455 წელს, როდესაც სპარსეთის მეფე არტაქსერქსემ (ართახშასთამ) ნეემია ‘იერუსალიმის აღდგენისა და აშენების’ უფლებით აღჭურვა (ნეემია 2:1–8). ეს ‘შვიდეულები’ დასრულდა 483 წლის შემდეგ — ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესო მოინათლა და სულიწმიდით ცხების შედეგად მესია, ანუ ქრისტე, გახდა (მათე 3:13–17).
17 ცნობილი არ არის, ზუსტად იცოდნენ თუ არა პირველ საუკუნეში მცხოვრებმა იუდეველებმა საიდან იწყებოდა 483 წლის ათვლა, მაგრამ, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა დაიწყო მსახურება „ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო“ (ლუკა 3:15). ბიბლიის ზოგი მკვლევარი ამ მოლოდინს დანიელის წინასწარმეტყველებას უკავშირებს. ამ მუხლის კომენტარში მეთიუ ჰენრი წერდა: „აქედან ვიგებთ. . . თუ რა დასკვნებს აკეთებდა ხალხი იოანეს მსახურებისა და ნათლობიდან მესიის შესახებ და, რომ მათი აზრით, [იესო] მალე მოვიდოდა. . . დანიელის 70 შვიდეული მაშინ სრულდებოდა“. ბაკუეს, ვიგურუსა და ბრაზაკის ავტორობით გამოსულ ერთ-ერთ ფრანგულ ნაშრომში ნათქვამია: „ხალხმა იცოდა, რომ დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები სამოცდაათი წელიწად კვირა იწურებოდა; [ამიტომ] არავის გაჰკვირვებია იოანე ნათლისმცემლისგან ღვთის სამეფოს მოახლოების შესახებ ცნობის მოსმენა“ (Manuel Biblique). იუდეველი სწავლული აბბა ჰილელსილვერი წერდა, რომ იმ დღეებში „პოპულარული ქრონოლოგიის“ თანახმად, „მესიას ახ. წ. პირველი საუკუნის მეორე მეოთხედში მოელოდნენ“.
მოვლენები და არა დროის გამოთვლა
18. მაშინ, როდესაც დანიელის წინასწარმეტყველება იუდეველებს იმ დროის განსაზღვრაში დაეხმარა, თუ როდის იყო მოსალოდნელი მესიის გამოჩენა, რამ დაადასტურა ყველაზე მეტად, რომ იესო მესია იყო?
18 მიუხედავად იმისა, რომ ქრონოლოგია, შეიძლება, დაეხმარა იუდეველ ხალხს, ზოგადი წარმოდგენა ჰქონოდათ, თუ როდის გამოჩნდებოდა მესია, შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ის ვერ დაეხმარა მათ უმეტესობას იმაში დარწმუნებაში, რომ იესო მესია იყო. სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლის წინ იესომ მოწაფეებს ჰკითხა: «„რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“ მათ მიუგეს პასუხად: იოანე ნათლისმცემელიო; სხვები — ელიაო, სხვები კი, — ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო» (ლუკა 9:18, 19). არ არსებობს არანაირი ცნობა, რომ იესოს იმის დასამტკიცებლად, რომ მესია იყო, სიმბოლური შვიდეულების შესახებ წინასწარმეტყველება გამოეყენებინოს. მაგრამ ერთხელ მან თქვა: „მე. . . მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია; რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემს შესახებ, რომ მამამ მომავლინა“ (იოანე 5:36). იესო რომ ღვთის მიერ გამოგზავნილი მესია იყო, ამას ადასტურებდა მისი ქადაგება, სასწაულები და მოვლენები, რომლებიც მის სიკვდილს სდევდა თან (სასწაულებრივი სიბნელე, ტაძრის კრეტსაბმელის გახევა და მიწისძვრა), და არა რომელიმე ქრონოლოგიური მონაცემები (მათე 27:45, 51, 54; იოანე 7:31; საქმეები 2:22).
19. ა) საიდან შეიძლებოდა სცოდნოდათ ქრისტიანებს, რომ იერუსალიმი მალე განადგურდებოდა? ბ) რატომ სჭირდებოდათ ადრინდელ ქრისტიანებს დიდი რწმენა იერუსალიმიდან გაქცევის შემდეგაც?
19 მსგავსად ამისა, იესოს სიკვდილის შემდეგ ადრინდელ ქრისტიანებსაც არაფერი ჰქონდათ იუდეველთა სისტემის მომავალი აღსასრულის დროის გამოსათვლელად. მართალია, სიმბოლური შვიდეულების შესახებ დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული იყო იმ სისტემის განადგურება (დანიელი 9:26ბ, 27ბ). მაგრამ ეს ‘სამოცდაათი შვიდეულის’ (ძვ. წ. 455—ახ. წ. 36 წწ.) დასრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც წარმართები გახდნენ პირველად იესოს მიმდევრები, ესე იგი ახ. წ. 36 წლიდან, ქრისტიანები უკვე გასცდნენ დანიელის მე-9 თავში მოცემულ ქრონოლოგიას. მათთვის მოვლენებს და არა ქრონოლოგიას უნდა ეჩვენებინა, რომ იუდეველთა სისტემა მალე მოისპობოდა. იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებმა მოვლენებმა უმაღლეს წერტილამდე მიღწევა ახ. წ. 66 წლიდან იწყო, როდესაც რომაელთა ჯარებმა იერუსალიმს შეუტიეს და შემდეგ უკან დაიხიეს. ამან ერთგულ და დაკვირვებულ ქრისტიანებს იერუსალიმიდან და იუდეიდან ‘მთებში გახიზვნის’ შესაძლებლობა მისცა (ლუკა 21:20–22). ამ ადრინდელ ქრისტიანებს არავითარი ქრონოლოგიური მაჩვენებლები არ ჰქონდათ და არ იცოდნენ, თუ როდის განადგურდებოდა იერუსალიმი. რამხელა რწმენა სჭირდებოდათ მათ, რომ დაეტოვებინათ სახლ-კარი, სახელოსნოები და არ შესულიყვნენ იერუსალიმში დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, იმ დრომდე, სანამ ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარები არ დაბრუნდნენ და არ გაანადგურეს იუდეველთა სისტემა! (ლუკა 19:41–44).
20. ა) როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნოეს, მოსესა და პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი ქრისტიანების მაგალითები? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 ნოეს, მოსესა და პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც მთელი გულდაჯერებით უნდა დავტოვოთ იეჰოვას ხელში დროები და ვადები. ჩვენი რწმენა, რომ აღსასრულის დროს ვცხოვრობთ და ახლოვდება ხსნა, უბრალოდ ქრონოლოგიურ გამოთვლებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ცხოვრებისეულ მოვლენებზე, რომლებითაც ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს თანდასწრების პერიოდში ვცხოვრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის საჭირო არ არის რწმენის გამოვლენა და ყურადღებით ყოფნა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საღვთო წერილში ნაწინასწარმეტყველები ამაღელვებელი მოვლენების იმედით მოლოდინი. სწორედ ეს იქნება მომდევნო სტატიის თემა.
[სქოლიოები]
a იხილეთ 1996 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29, 30.
გამეორებისთვის
◻ რა პასუხი გასცა იესომ მოციქულებს იეჰოვას დროებსა და ვადებთან დაკავშირებით?
◻ რამდენი ხნით ადრე იცოდა ნოემ, წარღვნის დაწყების დრო?
◻ რა ცხადყოფს, რომ მოსემ და ისრაელებმა ზუსტად არ იცოდნენ, თუ როდის გათავისუფლდებოდნენ ეგვიპტიდან?
◻ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ იეჰოვას დროებთან და ვადებთან დაკავშირებული ბიბლიური მაგალითები?
[სურათი 11 გვერდზე]
იეჰოვასადმი რწმენამ შეაძლებინა ნოეს, დროის საკითხი ღვთის ხელში დაეტოვებინა.