კაცობრიობის პრობლემებს მალე მოეღება ბოლო!
„ჰუმანიტარულ დახმარებას არც თუ ისე დიდი ფასი აქვს, თუ ის კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრისკენ მიმართული სტრატეგიული და პოლიტიკური გეგმის ნაწილი არ არის. გამოცდილებამ არაერთხელ ცხადყო, რომ მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას არ შეუძლია გადაჭრას პრობლემები, რომლებიც, ძირითადად, პოლიტიკური ხასიათისაა“ (The State of the World’s Refugees 2000).
გაწეული დიდი ჰუმანიტარული დახმარების მიუხედავად, კაცობრიობის პრობლემები განუწყვეტლივ იზრდება. რამდენად დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები პოლიტიკური გზებით მოგვარდეს? სინამდვილეში, ძალიან ცოტა. მაშ, სხვაგან სად შეიძლება გამოსავლის პოვნა? ეფესოელი ქრისტიანებისადმი მიწერილი თავისი წერილის დასაწყისში პავლე მოციქული გვიხსნის, თუ როგორ მოსპობს ღმერთი კაცობრიობის პრობლემებს. მოციქული იმასაც კი გვიჩვენებს, რა საშუალებას გამოიყენებს ღმერთი იმ პრობლემების მთავარი მიზეზის აღმოსაფხვრელად, რომლებიც დღესდღეობით გვტანჯავს. კარგი იქნებოდა, თუ განვიხილავდით პავლეს ამ სიტყვებს. ამ მონაკვეთს ჩვენ ეფესელთა 1:3—10-ში ვპოულობთ.
„რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ“
მოციქულის თქმით, ღვთის განზრახვა ეხება იმ დროს, რომელსაც მან ‘ჟამთა აღვსების განგებულება’ უწოდა. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ღმერთმა დანიშნა დრო, როდესაც ამოქმედდება, „რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესელთა 1:10). დიახ, ღმერთი მოქმედებს, რათა თავისი უშუალო ხელმძღვანელობით ყველაფერი, რაც ცაშია და დედამიწაზეა, სრულად შეათანხმოს ერთმანეთთან. საინტერესოა, რას ამბობს ბიბლეისტი ჯ. ჰ. თეიერი ამ გამოთქმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით: „კვლავ გააერთიანოს... ყველა და ყველაფერი (რაც დღემდე ცოდვის გამოა დაცალკევებული) და ქრისტეში შემოირიგოს“.
აქედან ჩანს, რომ ღმერთს დასჭირდა ამის გაკეთება; რატომ დასჭირდა? მიზეზი ის არის, თუ როგორ გაჩნდა თავდაპირველად განხეთქილება. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში, ჩვენმა პირველმა მშობლებმა, ადამმა და ევამ, ღვთისადმი ურჩობაში სატანა ეშმაკს აუბეს მხარი. მათ სურდათ, დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ, რა იქნებოდა მათთვის კარგი და რა ცუდი (დაბადება 3:1—5). ღვთის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ისინი განდევნილი იქნენ ღვთის ოჯახიდან და ღმერთთან კარგი ურთიერთობა დაკარგეს. მათ კაცობრიობას წილად არგუნეს არასრულყოფილება, რომლის საშინელ შედეგებსაც ამჟამად განვიცდით (რომაელთა 5:12).
დროებით დაშვებული ბოროტება
„კი მაგრამ, რატომ მისცა ღმერთმა მათ ამის უფლება? — შეიძლება იკითხოს ვინმემ, — რატომ არ გამოიყენა თავისი აღმატებული ძალაუფლება და არ აიძულა ისინი, დამორჩილებოდნენ მას, რაც თავიდან აგვაცილებდა დღეს არსებულ ტანჯვასა და ტკივილს?“. ბუნებრივია, რომ ადამიანს მსგავსი კითხვები დაებადოს. მაგრამ, სინამდვილეში, რა დამტკიცდებოდა აღმატებული ძლიერების ამგვარად გამოყენებით? მოგწონთ, ან ამართლებთ ისეთ პიროვნებას, რომელიც საპირისპირო აზრის გაჩენის პირველივე ნიშნის გამოვლენისთანავე ანადგურებს ოპოზიციას, რადგან ამის ძალა შესწევს? ცხადია, არა.
სინამდვილეში, ამ მოჯანყეებს ღვთის ყოვლისშემძლეობა კი არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ, არამედ ის, ჰქონდა თუ არა ღმერთს მმართველობის უფლება და სამართლიანად მმართველობდა თუ არა ღმერთი. ერთხელ და სამუდამოდ რომ გადაეჭრა ეს ძირითადი საკითხები, იეჰოვამ ნება დართო თავის ქმნილებებს, გარკვეული დროის მანძილზე მისი უშუალო ხელმძღვანელობის გარეშე ეცხოვრათ (ეკლესიასტე 3:1; ლუკა 21:24). როდესაც ეს დრო ამოიწურება, დედამიწა კვლავ მისი სრული ზედამხედველობის ქვეშ იქნება. იმ დრომდე კი აშკარა გახდება, რომ მხოლოდ მის მმართველობას მოაქვს ხანგრძლივი მშვიდობა, ბედნიერება და კეთილდღეობა დედამიწის მცხოვრებთათვის. შემდეგ ყველა მჩაგვრელი სამუდამოდ აღიგვება მიწის პირისგან (ფსალმუნი 71:12—14; დანიელი 2:44).
„უწინარეს ქვეყნის შექმნისა“
იეჰოვამ ყოველივე ამის გაკეთება დიდი ხნის წინ განიზრახა. დიახ, პავლეს სიტყვების თანახმად, ეს მოხდა „უწინარეს ქვეყნის შექმნისა“ (ეფესელთა 1:4, სსგ). მაგრამ ეს დედამიწის, ადამისა და ევას შექმნამდე პერიოდს არ ეხება. მაშინდელი მსოფლიო „ძალიან კარგი იყო“ და არც ღვთისადმი ურჩობას ჰქონდა ადგილი (დაბადება 1:31). მაშ, რომელ „ქვეყანას“ გულისხმობდა პავლე მოციქული? ადამისა და ევას შთამომავალთა ქვეყანას — ცოდვილ, არასრულყოფილ ადამიანთა საზოგადოებას, რომელსაც გამოსყიდვის საფუძველზე ხსნის პერსპექტივა ჰქონდა. იეჰოვამ ჯერ კიდევ ადამისა და ევას შვილების დაბადებამდე იცოდა, თუ რას გააკეთებდა მათ შთამომავალთა გამოსასყიდად (რომაელთა 8:20).
მაგრამ ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ სამყაროს უზენაესი ადამიანთა მსგავსად განაგებს საქმეებს. ადამიანებმა იციან, რომ შეიძლება საგანგებო მდგომარეობა შეიქმნას და ამიტომაც მასთან გასამკლავებლად სხვადასხვაგვარ დეტალურ გეგმებს ადგენენ. ყოვლისშემძლე ღმერთი კი მიზანს ისახავს და შემდეგ ახორციელებს მას. მიუხედავად ამისა, პავლე გვიხსნის, თუ როგორ გადაწყვიტა იეჰოვამ ემოქმედა, რათა სამუდამო შვება მოეტანა კაცობრიობისთვის. რა ზომები მიიღო მან ამისათვის?
ვინ მოიტანს შვებას?
პავლე ხსნის, რომ ქრისტეს სულით ცხებულ მიმდევრებს ადამის ცოდვის მიერ გამოწვეული ზიანის გაუქმებაში განსაკუთრებული როლი აკისრიათ. იეჰოვამ „ამოგვარჩია ჩვენ მასში [ქრისტეში]“, — ასე მიმართავს პავლე მათ, ვინც იესოსთან ერთად ზეციერ სამეფოში იმეფებს. შემდეგ კი განმარტავს: „წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით“ (ეფესელთა 1:4, 5). რა თქმა უნდა, იეჰოვას ამ დავალებისთვის ცალკეული ადამიანები კი არ ამოურჩევია ანუ განუსაზღვრია წინასწარ, არამედ ერთგული და მასზე მიძღვნილი ხალხის ჯგუფი, რომლებიც ქრისტესთან ერთად გააქარწყლებენ იმ ზიანს, რომელიც სატანა ეშმაკმა და ადამმა და ევამ მოუტანეს კაცობრიობას (ლუკა 12:32; ებრაელთა 2:14—18).
რა შესანიშნავია! სატანამ, როდესაც თავდაპირველად ღვთის უზენაესი ხელისუფლება ეჭქვეშ დააყენა, ადამიანებშიც შეიტანა ეჭვი. მისი მტკიცებით, თუ ადამიანებზე სათანადო ზეწოლას მოახდენდა ან სატყუარას გადაუგდებდა, ყველანი ღმერთის მმართველობის წინააღმდეგ წავიდოდნენ (იობი 1:7—12; 2:2—5). თავისი საოცარი ‘მადლიდან’ გამომდინარე, იეჰოვამ თავის დროზე სულიერ ძეებად იშვილა ადამის ცოდვილი მოდგმის ზოგიერთი წარმომადგენელი, რითაც დაამტკიცა, რომ ენდობა თავის მიწიერ ქმნილებებს. ამ პატარა ჯგუფის წარმომადგენლები ზეცაში იმსახურებენ. რა მიზნით? (ეფესელთა 1:3—6; იოანე 14:2, 3; 1 თესალონიკელთა 4:15—17; 1 პეტრე 1:3, 4).
პავლეს თქმით, ღვთის ეს ნაშვილები ძენი ზეციერ სამეფოში „ქრისტეს თანამემკვიდრენი“ ხდებიან (რომაელთა 8:14—17). ისინი, როგორც მეფეები და მღვდლები, დღეს არსებული ტკივილისა და ტანჯვისგან კაცობრიობის გათავისუფლებაში მიიღებენ მონაწილეობას (გამოცხადება 5:10). მართალია, „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“, მაგრამ მალე, განსაკუთრებული მისიისთვის არჩეული ღვთის ეს ძეები ამოქმედდებიან იესო ქრისტესთან ერთად, რათა ყველა მორჩილი ადამიანი ‘გაათავისუფლონ ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის’ (რომაელთა 8:18—22).
„გამოსყიდვა“
ყოველივე ეს კი შესაძლებელი გახდა იმით, რაც კაცობრიობისადმი ღვთის მადლის ყველაზე ამაღელვებელი და დიდებული გამოვლინება იყო — იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლით. პავლე წერს: „რომლის [იესო ქრისტეს] მიერ გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით“ (ეფესელთა 1:7).
იესო ქრისტე მთავარ როლს ასრულებს ღვთის განზრახვის შესრულებაში (ებრაელთა 2:10). მისმა გამომსყიდველურმა მსხვერპლმა კანონიერი საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ იეჰოვას ადამის ზოგიერთი შთამომავალი თავის ზეციერ ოჯახში მიეღო; აგრეთვე კაცობრიობა გაეთავისუფლებინა ადამის ცოდვის შედეგებისგან, ისე რომ, ამავდროულად, გვერდი არ აევლო თავისივე კანონებისა და პრინციპებისათვის (მათე 20:28; 1 ტიმოთე 2:6). იეჰოვა თავისი სიმართლისა და სრულყოფილი სამართლიანობის შესაბამისად აკეთებს ყველაფერს (რომაელთა 3:22—26).
ღვთის „საიდუმლო“
ასწლეულების მანძილზე, ღმერთი არ ამხელდა, ზუსტად როგორ შეასრულებდა დედამიწასთან დაკავშირებულ განზრახვას. ახ. წ. პირველ საუკუნეში კი ‘[ქრისტიანებს] აუწყა თავისი ნების საიდუმლო’ (ეფესელთა 1:9). პავლესა და სხვა ცხებული ქრისტიანებისთვის ნათელი გახდა, ღვთის განზრახვის შესრულებაში რა დიდებული როლი ჰქონდა დაკისრებული იესო ქრისტეს. აგრეთვე თანდათანობით გააცნობიერეს, თუ რა განსაკუთრებული ადგილი ეკავათ მათ ზეციერ სამეფოში, როგორც ქრისტეს თანამემკვიდრეებს (ეფესელთა 3:5, 6, 8—11). დიახ, სამეფო, რომელსაც იესო ქრისტე და მისი თანამმართველები უხელმძღვანელებენ, ის საშუალებაა, რომლითაც ღმერთი ხანგრძლივ მშვიდობას დაამყარებს არა მარტო ზეცაში, არამედ დედამიწაზეც (მათე 6:9, 10). ამ სამეფოს მეშვეობით, იეჰოვა დედამიწაზე იმ პირობებს შექმნის, რაც თავდაპირველად ჰქონდა განზრახული (ესაია 45:18; 65:21—23; საქმეები 3:21).
ძალიან ახლოს არის ღვთის მიერ დადგენილი დრო, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ყოველგვარი ჩაგვრისა და უსამართლობის აღმოსაფხვრელად ამოქმედდება. მაგრამ, სინამდვილეში, იეჰოვამ აღდგენის პროცესი ახ. წ. 33 წლის ორმოცდაათიანში დაიწყო. როგორ? მათი შეგროვებით, ვინც „ცაშია“, ანუ ქრისტესთან ერთად იმეფებენ ზეცაში. ეს ეფესოელ ქრისტიანებსაც ეხებოდა (ეფესელთა 2:4—7). ამ ბოლო ჟამს კი იეჰოვა კრებს მათ, ვინც „დედამიწაზეა“ (ეფესელთა 1:10). მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის საშუალებით, ის ყველა ერს უცხადებს სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ, რომელსაც იესო ქრისტე უხელმძღვანელებს. ისინი, ვინც ეხმაურება მას, ახლავე სულიერი უსაფრთხოებისა და განკურნებისთვის იკრიბებიან (იოანე 10:16). სულ მალე, განწმენდილ, სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე, ეს ხალხი ყოველგვარი უსამართლობისა და ტანჯვისაგან სრულ შვებას ჰპოვებს (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 11:18).
„დიდი ნაბიჯები გადაიდგა“ შევიწროებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად („მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2000 წელს“). მაგრამ უდიდესი ნაბიჯი მაშინ გადაიდგმება, როდესაც საქმეში ჩაერევა ზეციერი მთავრობა, რომელსაც იესო ქრისტე და მისი თანამმართველები უხელმძღვანელებენ. ისინი ძირფესვიანად აღმოფხვრიან კონფლიქტებისა და ჩვენ გარშემო არსებულ სხვა ბოროტებათა ძირითად მიზეზებს და ბოლოს მოუღებენ კაცობრიობის ყველა პრობლემას (გამოცხადება 21:1—4).
[სურათები 4 გვერდზე]
ჰუმანიტარულ დახმარებას არ შეუძლია კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა.
[სურათი 6 გვერდზე]
ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი კაცობრიობას ადამის ცოდვისაგან ათავისუფლებს.
[სურათი 7 გვერდზე]
სულიერი უსაფრთხოებისა და განკურნების პოვნა დღესაც შესაძლებელია.
[სურათები 7 გვერდზე]
მალე მესიანური სამეფო სრულიად გაგვათავისუფლებს პრობლემებისგან.