მას ვერ შეაჩერებთ ამიტომ გონივრულად გამოიყენეთ
დრო ფულია. ამ სიტყვებს ხშირად იყენებენ. თუმცა სინამდვილეში დრო საკმაოდ განსხვავდება ფულისგან თუ ნივთებისგან. ფულისგან, საკვებისგან, საწვავისგან და სხვა ნივთებისგან განსხვავებით, დროს ვერ გადაინახავთ. თუ დროს არ გამოიყენებთ და მომავლისთვის მის შენახვას შეეცდებით, თქვენი ძალისხმევა ამაო იქნება. რა მოხდება, თუ დღის განმავლობაში რვა საათი დაიძინებთ და დარჩენილ დროს არაფერს გააკეთებთ? დღის ბოლოს „უხმარი“ საათები წყალში იქნება გადაყრილი.
დრო შეიძლება შევადაროთ დიდ და სწრაფ მდინარეს. ის ყოველთვის ერთი მიმართულებით მიდის. მას ვერ შეაჩერებთ და ვერც მის თითოეულ წვეთს გამოიყენებთ. ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ ხალხმა დაიწყო მდინარის ნაპირებზე წყლის ბორბლების აგება. მათი საშუალებით წყლის დინების ენერგიას იყენებდნენ წისქვილის ქვების, ტუმბოების, სახერხი და სათუნე დაზგების მუშაობისთვის. მსგავსად, დროის მიზანდასახულად გამოყენება რომ შეძლოთ, კი არ უნდა „შეინახოთ“ ის, არამედ კეთილი საქმეებისთვის „დახარჯოთ“. თუმცა ამისათვის უნდა ებრძოლოთ დროის ორ ძირითად „ქურდს“ — საქმის გადადებას და მეორეხარისხოვან საქმეებს. უპირველესად, ვიმსჯელოთ საქმის გადადებაზე.
ნუ გადადებთ!
ხშირად ამბობენ: ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია. თუმცა ზოგი არ ითვალისწინებს ამ რჩევას. როდესაც ისინი რთული ამოცანის წინაშე დგებიან, ადვილ გამოსავალს მის გადადებაში ნახულობენ. ერთი ლექსიკონის თანახმად, „გადადება“ ნიშნავს „შეგნებულად იმ საქმის სხვა დროისათვის გადატანას, რომელიც უკვე უნდა გაკეთებულიყო“. ბევრ ადამიანს საქმის გადადება ჩვევად აქვს ქცეული. სტრესსა და ზეწოლას რომ გაექცნენ, ისინი საქმის სხვა დროისთვის გაკეთებას ამჯობინებენ და სიამოვნებას ნახულობენ „დროის გამოთავისუფლებაში“ — სანამ სტრესი და ზეწოლა კვლავ „მიადგებათ“.
ზოგჯერ ჩვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის გამო შეიძლება აუცილებელი იყოს საქმის ნაწილობრივ ან მთლიანად გადადება. გარდა ამისა, განტვირთვის მიზნით, დროდადრო ყველას გვჭირდება დასვენება. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ღვთის ძე ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ იესო ძალიან დაკავებული იყო მსახურებით, ის ნახულობდა თავისუფალ დროს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მოწაფეებისთვის (მარკოზი 6:31, 32). ასეთი დასვენება სასარგებლოა. ამისგან განსხვავებით, გადადების ჩვევა საზიანოა. განვიხილოთ მაგალითი.
სტუდენტს სამი კვირა აქვს მათემატიკის გამოცდისთვის მოსამზადებლად. მას ბევრი კონსპექტი და წიგნი აქვს წასაკითხი, რაც მძიმე ტვირთად ადევს. ის აჭიანურებს მომზადებას და, სწავლის ნაცვლად, ტელევიზორს უყურებს. დღეები ისე გადის, რომ არაფერს აკეთებს გამოცდისთვის მოსამზადებლად. მან ყველაფერი გამოცდის წინა ღამისთვის მოიტოვა. ის ჯდება მაგიდასთან და კონსპექტებისა და წიგნების გადაკითხვას იწყებს.
დრო გადის. ოჯახის წევრებს სძინავთ. ის იზეპირებს ფორმულებს, კოსინუსებსა და კვადრატულ ფესვებს. მეორე დღეს გადის გამოცდაზე და დაღლილი გონებით ცდილობს იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც მზად არა აქვს. იგი გამოცდას ვერ აბარებს. ახლა ეს სტუდენტი დგას იმავე კურსზე დარჩენის საშიშროების წინაშე; მას მოუწევს მასალის ხელახლა სწავლა.
სტუდენტს სწავლის გაჭიანურება ძვირად დაუჯდა. ასეთ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, დახმარებას გაგვიწევს ბიბლიაში მოცემული პრინციპი. „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია“, — დაწერა პავლე მოციქულმა (ეფესოელები 5:15, 16). მართალია, პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, დრო გონივრულად გამოეყენებინათ სულიერი საქმეებისთვის, მაგრამ ეს პრინციპი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან მხარეებშიც დაგვეხმარება. ჩვეულებრივ, ჩვენ წინასწარ შეგვიძლია იმის გადაწყვეტა, თუ როდის გავაკეთოთ ესა თუ ის საქმე. თუ „ხელსაყრელ დროს“ შევარჩევთ მის დასაწყებად, უფრო სწრაფად გავაკეთებთ საქმეს და უკეთეს შედეგებს მივაღწევთ. როგორც ბიბლია გვიჩვენებს, ამგვარი მოქმედება ადამიანის ‘სიბრძნეზე’ მეტყველებს.
როდის იქნებოდა „ხელსაყრელი დრო“ სტუდენტისთვის, რომ მათემატიკის გამოცდისთვის მომზადებულიყო? მაგალითად, თუ ყოველ საღამოს 15 წუთს ან ცოტა მეტს გამოყოფდა, თანდათანობით მთელი მასალის გამეორებას შეძლებდა. ამგვარად, ის ბოლო საღამოსთვის არ მოიტოვებდა ყველაფერს და ღამეც მშვიდად დაიძინებდა. გამოცდის დღეს ის დასვენებული, კარგად მომზადებული იქნებოდა და შეძლებდა გამოცდის ჩაბარებას.
ასე რომ, როდესაც რაღაც გაქვთ გასაკეთებელი, შეარჩიეთ „ხელსაყრელი დრო“ და იმოქმედეთ. ამგვარად აერიდებით გადადების ცდუნებას და მის შედეგებს. აგრეთვე, კარგად შესრულებული საქმე კმაყოფილებას მოგიტანთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა თქვენ მიერ შესრულებული საქმე გავლენას ახდენს სხვებზე; მაგალითად, როცა ქრისტიანულ კრებაში გაქვთ დავალება.
ნუ გადატვირთავთ ცხოვრებას მეორეხარისხოვანი საქმეებით
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დრო კარგად რომ გამოვიყენოთ, ასევე მნიშვნელოვანია, არ გადავტვირთოთ ცხოვრება მეორეხარისხოვანი საქმეებით. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ნივთების დალაგებას, წესრიგში მოყვანას, გამოყენებას, შენახვასა და მოვლას დრო მიაქვს. რაც უფრო მეტი ნივთი გვაქვს, მით უფრო მეტი დრო გვეხარჯება. ნივთებით გადატვირთულ ოთახში საქმის კეთებას უფრო მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ისეთ ოთახში, სადაც შედარებით ცოტა ნივთია და ყველაფერი მოწესრიგებულია. გარდა ამისა, რაც უფრო მეტი ნივთი გვიგროვდება, მით მეტი დრო გვჭირდება მათ მოსაძებნად.
სპეციალისტები ამბობენ, რომ დალაგებისთვის განკუთვნილი დროის თითქმის ნახევარი „ნივთების გადაწყობა–გადმოწყობაში, გადახარისხებასა და მოწესრიგებაში“ იხარჯება. იმავეს თქმა შეიძლება ცხოვრების სხვა სფეროებზე. ამიტომ, თუ გსურთ უკეთ გამოიყენოთ დრო, გადახედეთ თქვენს ცხოვრებას. ხომ არ არის ის გადატვირთული მეორეხარისხოვანი საქმეებით, რომლებიც ბევრ რამეში გზღუდავთ და, უფრო მეტიც, უსარგებლოდ გაკარგვინებთ დროს? თუ ასეა, დაფიქრდით, რისგან შეგიძლიათ გათავისუფლება.
მეორეხარისხოვანი საქმეებისგან თუ ნივთებისგან გათავისუფლება შეიძლება არ იყოს ადვილი. ჩვენთვის ძვირფას, მაგრამ არააუცილებელ ნივთებზე უარის თქმა შეიძლება კარგი მეგობრის დაკარგვის მსგავსი იყოს. როგორ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რისგან ღირს გათავისუფლება? ზოგი ასეთ პრინციპს იყენებს: „თუ რამე ერთი წლის მანძილზე არ გამოგიყენებია, თავიდან მოიშორე“. მაგრამ, თუ ერთი წლის შემდეგაც ვერ იმეტებთ გადასაგდებად? შეინახეთ ეს ნივთი სათავსში ექვსი თვით. როდესაც ნახავთ, რომ ეს ნივთი წელიწად–ნახევრის მანძილზე საერთოდ არ გამოგიყენებიათ, უფრო გაგიადვილდებათ მისი გადაგდება. როგორც უნდა იყოს, თქვენი მიზანია მეორეხარისხოვანი ნივთების შემცირება და დროის უკეთესად გამოყენება.
ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, მხოლოდ სახლს ან სამუშაო ადგილს არ ეხება. იესომ მოიხსენია „ამ სისტემის საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“, რომელიც „აშთობს [ღვთის] სიტყვას“. შედეგად, ადამიანს „ნაყოფი ვერ გამოაქვს“ ღვთის მსახურებაში (მათე 13:22). ადამიანის ცხოვრება შეიძლება გადატვირთოს უამრავმა საქმემ და მისწრაფებამ, რის გამოც მას გაუჭირდება გაწონასწორება და ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი საქმეებისთვის დროის გამოყოფა. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მის სულიერობას. საბოლოოდ კი, მან შეიძლება ვერ იცხოვროს ღვთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში, როდესაც უსასრულოდ გვექნება დრო ნამდვილი კმაყოფილებისა და სიამოვნების მომტანი საქმეების გასაკეთებლად (ესაია 65:17—24; 2 პეტრე 3:13).
გამუდმებით ხომ არ გაქვთ იმის პრობლემა, თუ როგორ შეუთავსოთ ერთმანეთს ყველაფერი, რის გაკეთებასაც საჭიროდ თვლით? შეიძლება ეს ეხებოდეს სამსახურს, სახლს, მანქანას, ჰობის, მოგზაურობას, ფიზიკურ ვარჯიშს, ამა თუ იმ ღონისძიებას და სხვა მრავალ საქმეს. ასეთ შემთხვევაში ღირს დაფიქრება, თუ რაზე შეგიძლიათ უარის თქმა, რათა უფრო მეტი დრო სულიერ საკითხებს დაუთმოთ.
დროს, ძლიერი ნაკადის მსგავსად, ვერ შევაჩერებთ. მას ვერც შევინახავთ. განვლილ დროს უკან ვეღარასოდეს დავაბრუნებთ. მაგრამ მარტივი ბიბლიური პრინციპებისა და პრაქტიკული ნაბიჯების საშუალებით შევძლებთ დროის მიზანმიმართულად გამოყენებას „უფრო მნიშვნელოვანი“ საქმეებისთვის. ეს კი ჩვენს მარადიულ კეთილდღეობას და ღვთის განდიდებას მოემსახურება (ფილიპელები 1:10, 11).
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
დრო შეგვიძლია კეთილი საქმეებისთვის გამოვიყენოთ, ისევე როგორც წლის ნაკადს იყენებენ სასარგებლო მიზნებისთვის.
[სურათი 9 გვერდზე]
როდის იქნებოდა „ხელსაყრელი დრო“ მისთვის, რომ გამოცდის ჩასაბარებლად მომზადებულიყო?
[სურათი 10 გვერდზე]
ნივთებით გადატვირთულ და მოუწესრიგებელ ოთახში საქმის კეთება გაცილებით რთულია და მეტ დროს მოითხოვს.