თავი 14
ვისი ძალაუფლება უნდა ცნო?
1, 2. არის თუ არა ძალაუფლების ყველა ფორმა საზიანო? ახსენი.
„ძალაუფლება“, — ეს სიტყვა ბევრ ადამიანში არასასიამოვნო გრძნობას იწვევს. ეს სავსებით გასაგებია, რადგან ძალაუფლება, ხშირად, არასწორად გამოიყენება სამსახურში, ოჯახში და მთავრობების მიერ. ზუსტად აღნიშნავს ბიბლია: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). დიახ, მრავალი ტირანულად ბატონობს სხვაზე და ემსახურება საკუთარ ინტერესებს.
2 მაგრამ ყველას ძალაუფლება არ არის საზიანო. მაგალითად, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს სხეულს აქვს ძალაუფლება ჩვენზე. ის „გვიბრძანებს“ ვისუნთქოთ, მივიღოთ საკვები, მოვიკლათ წყურვილი და დავიძინოთ. განა ეს დამამძიმებელია? არა. შესაბამისად, ეს მოთხოვნილებები ჩვენთვის სასარგებლოა. თუმცა ჩვენი სხეულის მოთხოვნილებებისადმი მორჩილება შესაძლოა უნებურად ხდება, არის ძალაუფლების სხვა ფორმებიც, რომლებიც მოითხოვს ნებაყოფლობით მორჩილებას. განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი.
უზენაესი ხელისუფლება
3. რატომ ეწოდება იეჰოვას სამართლიანად „უზენაესი უფალი“?
3 ბიბლიაში იეჰოვას 300-ზე მეტჯერ ეწოდება „უზენაესი უფალი“. უზენაესი არის პიროვნება, რომელიც ფლობს უზენაეს ძალაუფლებას. რა აძლევს იეჰოვას უფლებას, ასეთი წოდება ჰქონდეს? გამოცხადების 4:11 გვპასუხობს: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“.
4. როგორ ავლენს იეჰოვა თავის ძალაუფლებას?
4 როგორც ჩვენს შემოქმედს, იეჰოვას აქვს უფლება გამოავლინოს თავისი ძალაუფლება ისე, როგორც ის აირჩევს. ეს შეიძლება შიშის მომგვრელი მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ღმერთს აქვს ‘მძლავრი დინამიკური ენერგია’ (აქ). მას ეწოდება „ღმერთი ძლიერი [ყოვლისშემძლე, აქ]“, — გამოთქმა, რომელიც ებრაულად გადმოსცემს აზრს, რომ ღმერთი უძლეველი ძალის მქონეა (ესაია 40:26; დაბადება 17:1). მაგრამ იეჰოვა თავის ძალას ავლენს კეთილად, რადგან მისი ძირითადი თვისება სიყვარულია (1 იოანე 4:16).
5. რატომ არ არის ძნელი დაემორჩილო იეჰოვას ხელისუფლებას?
5 იეჰოვა ღმერთის გაფრთხილების მიუხედავად, რომ მოუნანიებელი ცოდვილები მკაცრად დაისჯებოდნენ, მოსე მას იცნობდა უმთავრესად, როგორც ‘მტკიცე ღმერთს, აღთქმისა და წყალობის შემნახველს ათას თაობაში მისი მოყვარულებისთვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს’ (მეორე რჯული 7:9). მხოლოდ წარმოიდგინე! მთელი სამყაროს უზენაესი ხელისუფალი არ გვაიძულებს, ვემსახუროთ მას. პირიქით, ჩვენ გვიზიდავს ის სიყვარული, რომელიც მასშია (რომაელთა 2:4; 5:8). იეჰოვას ხელისუფლებისადმი მორჩილება სიამოვნების მომგვრელიცაა, რადგან მისი კანონები ყოველთვის ჩვენი მაქსიმალური სარგებლობისთვის მოქმედებს (ფსალმუნი 18:8, 9).
6. როგორ წამოიჭრა ედემის ბაღში საკამათო საკითხი ხელისუფლებასთან დაკავშირებით და რა შედეგით?
6 ჩვენმა პირველმა მშობლებმა უარყვეს ღმერთის უზენაესი ხელისუფლება. მათ სურდათ, თვითონ გადაეწყვიტათ, რა იყო მათთვის სიკეთე და რა — ბოროტება (დაბადება 3:4–6). შედეგად ისინი გამოდევნილი იქნენ სამოთხიდან. იმ დროიდან დაწყებული, იეჰოვამ ნება დართო ადამიანებს, შეექმნათ ხელისუფლების სტრუქტურები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემდა, ეცხოვრათ დისციპლინებულ, თუმცა არასრულყოფილ საზოგადოებაში. რომელია ზოგიერთი იმ ხელისუფლებებიდან და როგორ მორჩილებას მოელის ღმერთი მათ მიმართ ჩვენგან?
‘უმაღლესი ხელისუფლებები’
7. ვინ არიან ‘უმაღლესი ხელისუფლებები’ და როგორია მათი მდგომარეობა ღმერთის ხელისუფლებასთან შეფარდებით?
7 მოციქული პავლე წერდა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებათ; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან“. ვინ არიან ‘უმაღლესი ხელისუფლებები’? პავლეს სიტყვები შემდეგ მუხლებში უჩვენებს, რომ ისინი ადამიანთა სახელმწიფო ხელისუფლებებია (რომაელთა 13:1–7, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა; ტიტე 3:1, აფ). იეჰოვას არ შეუქმნია ადამიანთა სახელმწიფო ხელისუფლებები, მაგრამ ისინი მისი ნებართვით არსებობენ. ამიტომ პავლეს შეეძლო დაეწერა: „არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი“. რაზე მიუთითებს ეს მიწიერ ხელისუფლებასთან დაკავშირებით? იმაზე, რომ ის ხელქვეითია, ანუ ექვემდებარება ღმერთის ხელისუფლებას (იოანე 19:10, 11). ამიტომ, როდესაც ადამიანთა კანონები ეწინააღმდეგება ღმერთის კანონს, ქრისტიანებმა უნდა იხელმძღვანელონ ბიბლიის საფუძველზე განსწავლული სინდისით. ისინი ‘ღმერთს უფრო მეტად უნდა ემორჩილებოდნენ, ვიდრე ადამიანებს’ (საქმეები 5:29).
8. როგორი სარგებელი გაქვს უმაღლესი ხელისუფლებებისგან და როგორ შეგიძლია გამოამჟღავნო მათდამი მორჩილება?
8 მაინც, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლებები მოქმედებენ, როგორც ‘ღმერთის მსახურები ჩვენდა სასიკეთოდ’ (რომაელთა 13:4, აფ). როგორ? გაიფიქრე მრავალრიცხოვან მომსახურებაზე, რომლითაც უზრუნველგვყოფენ უმაღლესი ხელისუფლებები, ისეთებზე როგორიცაა: ფოსტა, პოლიცია, სახანძრო დაცვა, სანიტარია და განათლება. „სწორედ ამისათვის იხდით ხარკთა, — წერდა პავლე მოციქული, — ვინაიდან ისინი ღმერთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამას აკეთებენ“ (რომაელთა 13:6, აფ). რაც შეეხება ხარკებსა და სხვადასხვა კანონიერ ვალდებულებებს, ჩვენ ‘ყველაფერში კეთილად უნდა ვიქცეოდეთ’ (ებრაელთა 13:18).
9, 10. ა) რა ადგილი უკავია უმაღლეს ხელისუფლებებს ღმერთის ღონისძიებაში? ბ) რატომ იქნებოდა არასწორი, უმაღლესი ხელისუფლებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა?
9 დროდადრო, უმაღლესი ხელისუფლებები ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას. გვათავისუფლებს თუ არა ეს ჩვენი მოვალეობისგან, დავრჩეთ მათდამი მორჩილები? არ გვათავისუფლებს. იეჰოვა ხედავს ამ ხელისუფლებების ბოროტმოქმედებებს (იგავნი 15:3). მისი შემწყნარებლობა ადამიანთა მმართველობისადმი არ ნიშნავს, რომ ის თვალს ხუჭავს მათ გახრწნილებაზე და არც ჩვენგან მოელის, რომ თვალი დავხუჭოთ. სინამდვილეში, ღმერთი მალე „შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს“, როცა შეცვლის მათ საკუთარი სამართლიანი მთავრობის მმართველობით (დანიელი 2:44). მაგრამ სანამ ეს მოხდება, უმაღლესი ხელისუფლებები ემსახურებიან სასარგებლო მიზანს.
10 პავლემ ახსნა: „ხელისუფლების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას“ (რომაელთა 13:2, აფ). უმაღლესი ხელისუფლებები ღმერთის მიერ არის ‘დადგენილი’ იმისათვის, რომ მიიღონ წესრიგის დასამყარებელი ზომები, რომლის გარეშეც ქაოსი და ანარქია იბატონებდა. მათდამი წინააღმდეგობის გაწევა არაბიბლიურია და უგუნურება. ილუსტრაციისათვის: წარმოიდგინე, რომ გადაიტანე ოპერაცია და ნაკერები იცავდნენ შენს ჭრილობას. თუმცა ნაკერები სხეულისთვის უცხოა, ისინი განსაზღვრული დროით გარკვეული მიზნისთვის არის განკუთვნილი. მათი ნაადრევად მოცილება შეიძლება საზიანო იქნეს. ამის მსგავსად, ადამიანთა სახელმწიფო ხელისუფლებები არ იყო ღმერთის თავდაპირველი განზრახვის ნაწილი. მაგრამ სანამ მისი სამეფო მთლიანად იმმართაველებს დედამიწაზე, ადამიანთა მთავრობები აერთიანებენ საზოგადოებას, რადგან ასრულებენ ფუნქციას, რომელიც დღევანდელი დღისთვის ღმერთის ნებასთან შეწყობილია. ამიტომ, უნდა დავრჩეთ უმაღლესი ხელისუფლებების მორჩილი, მაშინ როცა უპირატესობას ვანიჭებთ ღმერთის კანონსა და ხელისუფლებას.
ძალაუფლება ოჯახში
11. როგორ ახსნიდი მეთაურობის პრინციპს?
11 ოჯახი ადამიანთა საზოგადოების ძირითადი ერთეულია. მასში ცოლსა და ქმარს შეუძლიათ ჰპოვონ სასარგებლო ურთიერთობა, ბავშვები კი სრულწლოვანებამდე, შეიძლება, დაცულნი და დამოძღვრილი იყვნენ (იგავნი 5:15–21; ეფესელთა 6:1–4). ასეთი მშვენიერი წყობა ორგანიზებული უნდა იყოს ისე, რომ ოჯახის წევრებს შესაძლებლობა მისცეს, იცხოვრონ მშვიდობიანად და შეთანხმებულად. იეჰოვა ამას ახორციელებს მეთაურობის პრინციპით, რომელიც შეჯამებულია პირველი კორინთელთა 11:3-ში ჩაწერილ სიტყვებში: „ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი — ქმარი და ქრისტეს თავი — ღმერთი“.
12, 13. ვინ არის ოჯახის თავი და რა შეგვიძლია ვისწავლოთ იესოს მიერ გამოვლენილი მეთაურობიდან?
12 ქმარი არის ოჯახის თავი. მაგრამ მასზე მაღლა დგას — იესო ქრისტე. პავლემ დაწერა: „მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესელთა 5:25). ქმარი ქრისტესადმი გამოხატავს თავის მორჩილებას, როდესაც ეპყრობა ცოლს ისევე, როგორც ქრისტე ექცეოდა ყოველთვის კრებას (1 იოანე 2:6). დიდი ძალაუფლება აქვს მიცემული ქრისტეს, მაგრამ ის ავლენს მას უკიდურესი სინაზით, სიყვარულითა და კეთილგონივრულობით (მათე 20:25–28). როგორც ადამიანი, იესო არასოდეს იყენებდა ბოროტად თავის ძალაუფლებას. ის იყო „მშვიდი და თავმდაბალი“ და თავის მიმდევრებს უფრო ‘მეგობრებს’ უწოდებდა, ვიდრე „მონებს“. „მე მოგასვენებთ თქვენ“, შეჰპირდა ის მათ და ასეც აკეთებდა (მათე 11:28, 29; იოანე 15:15).
13 იესოს მაგალითი ასწავლის ქმრებს, რომ ქრისტიანული მეთაურობა არ არის სასტიკი ბატონობა. პირიქით, ის არის პატივისცემისა და თავგანწირული სიყვარულის მდგომარეობა. ამან აშკარად უნდა გამორიცხოს მეუღლისადმი ცუდი მოპყრობა, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი (ეფესელთა 4:29, 31, 32; 5:28, 29; კოლასელთა 3:19). თუ ქრისტიანი მამაკაცი სასტიკად მოეპყრობოდა მეუღლეს, მისი სხვა კეთილი საქმეები უსარგებლო იქნებოდა და მისი ლოცვები დაბრკოლდებოდა (1 კორინთელთა 13:1–3; 1 პეტრე 3:7).
14, 15. როგორ დაეხმარება ცოლს ქმრისადმი მორჩილებაში ღვთის შემეცნება?
14 როდესაც ქმარი ბაძავს ქრისტეს მაგალითს, მისი მეუღლისათვის ადვილია შეასრულოს ის სიტყვები, რომელიც ჩაწერილია ეფესელთა 5:22, 23-ში: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი“. როგორც ქმარი უნდა იყოს ქრისტეს მორჩილი, ასევე ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს. ბიბლია აგრეთვე ნათლად ცხადყოფს, რომ გამრჯე ცოლები იმსახურებენ პატივსა და ქებას მათი ღვთიური სიბრძნისა და გულმოდგინების გამო (იგავნი 31:10–31).
15 ქრისტიანი ცოლის მორჩილება ქმრისადმი არის შეფარდებითი. ეს ნიშნავს, რომ თუ მორჩილებას განსაზღვრულ საკითხში მოჰყვება ღმერთის კანონის დარღვევა, ღმერთს უფრო უნდა დავემორჩილოთ, ვიდრე ადამიანებს. ამ შემთხვევაშიც კი, ცოლის სიმტკიცე შერწყმული უნდა იყოს ‘მშვიდ და წყნარ სულთან’ (აფ). ეს უნდა იყოს დადასტურება, რომ ღვთის შემეცნებამ ის უკეთესი მეუღლე გახადა (1 პეტრე 3:1–4). იმავეს თქმა შეიძლება ქრისტიანი მამაკაცის შესახებ, ვისი მეუღლეც არ არის რწმენაში. რადგან ის შეესაბამება ბიბლიის პრინციპებს, ამან ის უნდა აქციოს უკეთეს მეუღლედ.
16. როგორ შეუძლიათ ბავშვებს მიბაძონ იესოს ბავშვობის მაგალითს?
16 ეფესელთა 6:1 ხაზს უსვამს ბავშვების როლს და აცხადებს: „დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია“. ქრისტიანი ბავშვები მიჰყვებიან ქრისტეს მაგალითს, რომელიც ბავშვობაში ყოველთვის ემორჩილებოდა თავის მშობლებს. როგორც მორჩილ ბავშვს, მას „ემატებოდა სიბრძნე და ასაკი, და მადლი ღმერთთან და კაცთან“ (ლუკა 2:51, 52).
17. როგორი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს ბავშვებზე მშობლებისგან გამოვლენილმა ძალაუფლებამ?
17 თუ როგორ ასრულებენ მშობლები თავის მოვალეობებს, შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს იმაზე, ბავშვები პატივს სცემენ თუ შეეწინააღმდეგებიან მათ ავტორიტეტს (იგავნი 22:6). ამიტომ მშობლებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა: „ჩემს ძალაუფლებას სიყვარულით ვავლენ თუ სისასტიკით? ვარ თუ არა შემწყნარებელი?“ ღვთისმოსავი მშობლისგან მოელიან, რომ იყოს მოსიყვარულე და ყურადღებიანი და, ამავე დროს, ღვთიური პრინციპებისადმი ერთგულად დარჩენაში მტკიცე. ამის შესაბამისად, პავლე მოციქული წერდა: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს [სიტყვასიტყვით ‘ნუ აიძულებთ, რომ განრისხდნენ’], არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4; კოლასელთა 3:21).
18. როგორ უნდა დამოძღვრონ მშობლებმა შვილები?
18 მშობლებმა გულდასმით უნდა გამოიკვლიონ სწავლების მეთოდები, განსაკუთრებით, თუ მათ სურთ, რომ შვილები მათი მორჩილი იყვნენ და ამით სიხარული მოუტანონ მათ (იგავნი 23:24, 25). ბიბლიაში „შეგონება“ სწავლების ძირითადი ნაწილია (იგავნი 4:1; 8:33). ის დაკავშირებულია სიყვარულთან და შემწყნარებლობასთან, არა სიბრაზესთან და სისასტიკესთან. ამიტომ ქრისტიან მშობლებს ესაჭიროებათ, მოიქცნენ სიბრძნით და თავშეკავებულნი იყვნენ, როდესაც შვილებს შეაგონებენ (იგავნი 1:7).
ძალაუფლება კრებაში
19. როგორ გაითვალისწინა ღმერთმა კარგი წესრიგი ქრისტიანულ კრებაში?
19 რადგან იეჰოვა წესრიგის ღმერთია, გონივრულია, რომ ის თავის ხალხს უზრუნველყოფდა ავტორიტეტული და კარგად ორგანიზებული ხელმძღვანელობით. შესაბამისად, მან ქრისტიანული კრების თავად დანიშნა იესო (1 კორინთელთა 14:33, 40; ეფესელთა 1:20–23). ქრისტეს უხილავი ხელმძღვანელობით ღმერთმა უზრუნველყო ღონისძიება, რომლის საშუალებითაც დანიშნული უხუცესები ყველა კრებაში გულმოდგინებით, ხალისითა და სიყვარულით მწყემსავენ სამწყსოს (1 პეტრე 5:2, 3). სამსახურებრივი თანაშემწეები მრავალი სახით ეხმარებიან მათ და ასრულებენ ძვირფას მსახურებას კრებაში (ფილიპელთა 1:1, აქ).
20. რატომ უნდა დავემორჩილოთ დანიშნულ ქრისტიან უხუცესებს და რატომ არის ეს სასარგებლო?
20 ქრისტიანი უხუცესების შესახებ პავლემ დაწერა: „მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის“ (ებრაელთა 13:17). ღმერთმა ბრძნულად მიანდო ქრისტიან ზედამხედველებს პასუხისმგებლობა, იზრუნონ კრების წევრების სულიერ მოთხოვნილებებზე. ეს უხუცესები არ წარმოადგენენ სამღვდელოებას. ისინი ღმერთის მსახურები და მონები არიან, რომლებიც ემსახურებიან თავიანთი თანამოძმე თაყვანისმცემლების მოთხოვნილებებს, როგორც ამას აკეთებდა მათი მოძღვარი, იესო ქრისტე (იოანე 10:14, 15). რადგან ვიცით, რომ ბიბლიით განსწავლული მამაკაცები დაინტერესებული არიან ჩვენს წინსვლასა და სულიერ ზრდაში, ეს აღგვძრავს, ვიყოთ გაერთიანებულები და მორჩილები (1 კორინთელთა 16:16).
21. როგორ ცდილობენ დანიშნული უხუცესები სულიერად დაეხმარონ ქრისტიანებს?
21 დროთა განმავლობაში, შეიძლება, ცხვარს გზა აებნეს და საფრთხეში ჩავარდეს წუთისოფლის მავნე ელემენტების ზეგავლენის გამო. მწყემსმთავრის ხელმძღვანელობით, უხუცესები, როგორც დამხმარე მწყემსები, ფხიზლობენ ასეთების მოთხოვნილებებზე და პირადად ამჟღავნებენ მათდამი გულმოდგინე ყურადღებას (1 პეტრე 5:4). ისინი ინახულებენ კრების წევრებს და ამხნევებენ სიტყვიერად. რადგან იციან, რომ ეშმაკი ყველანაირად ცდილობს, დაანგრიოს ღმერთის ხალხის მშვიდობა, უხუცესები ავლენენ მაღლიდან გადმომავალ სიბრძნეს, როდესაც უმკლავდებიან ნებისმიერ პრობლემას (იაკობი 3:17, 18). ისინი გულმოდგინედ შრომობენ, რათა შეინარჩუნონ რწმენის ერთიანობა, რის შესახებაც თვითონ იესო ქრისტე ლოცულობდა (იოანე 17:20–22; 1 კორინთელთა 1:10).
22. როგორი დახმარებით უზრუნველყოფენ უხუცესები მძიმე ცოდვის ჩადენის შემთხვევებში?
22 მაგრამ რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა, თუ აწუხებს რამე გასაჭირი ან გულგატეხილია ჩადენილი ცოდვის გამო? დამამშვიდებელ ბიბლიურ რჩევას და მისთვის უხუცესების გულწრფელ ლოცვებს შეუძლია დახმარება სულიერი ჯანმრთელობის აღდგენაში (იაკობი 5:13–15). სულიწმიდით დანიშნული ეს მამაკაცები აგრეთვე უფლებამოსილები არიან, დაიცვან წესრიგი და ამხილონ ნებისმიერი პიროვნება, რომელიც აგრძელებს ბოროტების ჩადენას და საფრთხის წინაშე აყენებს კრების სულიერ და მორალურ სიწმინდეს (საქმეები 20:28; ტიტე 1:9; 2:15). იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნეს კრების სიწმინდე, შესაძლოა, პიროვნებისთვის აუცილებელი იყოს განაცხადოს სერიოზული დანაშაულის შესახებ (ლევიანნი 5:1). თუ ქრისტიანი, რომელმაც ჩაიდინა სერიოზული ცოდვა, იღებს ბიბლიაზე დაფუძნებულ შეგონებასა და საყვედურს და უჩვენებს, რომ მან წრფელად მოინანია, მას დახმარებას აღმოუჩენენ. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც მუდმივად და მოუნანიებლად არღვევენ ღმერთის კანონს, ირიცხებიან (1 კორინთელთა 5:9–13).
23. რით უზრუნველყოფენ ქრისტიანი ზედამხედველები კრებას?
23 ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ მეფე იესო ქრისტეს მეფობის დროს, დანიშნული იქნებოდნენ სულიერად მოწიფული მამაკაცები, რომლებიც ნუგეშით, დაცვითა და ძალების განახლებით უზრუნველყოფდნენ ღმერთის ხალხს (ესაია 32:1, 2). ისინი ინიციატივას გამოავლენდნენ, როგორც მახარობლები, მწყემსები და მასწავლებლები იმისათვის, რომ ხელი შეეწყოთ სულიერი ზრდისთვის (ეფესელთა 4:11, 12, 16). მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი ზედამხედველები დროდადრო ამხილებენ, კიცხავენ ან შეაგონებენ თანამორწმუნეებს, უხუცესების მიერ დამოძღვრა, რომელიც დაფუძნებულია ღმერთის სიტყვაზე, ეხმარება მათ, იდგნენ სიცოცხლის გზაზე (იგავნი 3:11, 12; 6:23; ტიტე 2:1).
მიიღე ღმერთის თვალსაზრისი ხელისუფლებაზე
24. რომელ საკითხებში ვიცდებით ჩვენ ყოველდღიურად?
24 პირველი მამაკაცი და ქალი გამოიცადნენ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების საკითხში. არ არის გასაკვირი, რომ მსგავს გამოცდას ჩვენც ვხვდებით ყოველდღიურად. სატანა ეშმაკი ხელს უწყობს მოჯანყე სულს ადამიანებს შორის (ეფესელთა 2:2). დამოუკიდებლობა მორჩილებაზე უფრო მიმზიდველი ჩანს.
25. რა სარგებელი აქვს წუთისოფლის მოჯანყე სულის უარყოფასა და მორჩილებას ღმერთის ხელისუფლებისადმი, აგრეთვე იმ ხელისუფლებებისადმი, რომლებიც მან დაუშვა?
25 მაგრამ ჩვენ უნდა უარვყოთ წუთისოფლის მოჯანყე სული. ასეთი ქცევით დავინახავთ, რომ ღმერთისადმი მორჩილებას მოაქვს მრავალი ძვირფასი ჯილდო. მაგალითად, თავს ავარიდებთ მღელვარებასა და იმედების გაცრუებას, რაც ჩვეულებრივია მათთვის, ვისაც უსიამოვნება აქვს მიწიერ ხელისუფლებებთან. ჩვენ შევამცირებთ ისეთ უთანხმოებებს, რომლებიც ასე ფართოდ არის გავრცელებული მრავალ ოჯახში. ჩვენ დავტკბებით სარგებლის მომტანი თბილი და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობით ჩვენს ქრისტიან თანამორწმუნეებთან. ყველაფერზე მეტად კი, ჩვენს მორჩილებას იეჰოვასადმი მოჰყვება კარგი ურთიერთობა მასთან, უზენაეს ხელისუფალთან.
შეამოწმე შენი ცოდნა
როგორ ავლენს იეჰოვა თავის ძალაუფლებას?
ვინ არიან ‘უმაღლესი ხელისუფლებები’ და როგორ უნდა დავრჩეთ მათდამი მორჩილი?
როგორ მოვალეობას აკისრებს მეთაურობის პრინციპი ოჯახის ყოველ წევრს?
როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მორჩილება ქრისტიანულ კრებაში?
[ჩარჩო 134 გვერდზე]
მორჩილი ადამიანები და არა ზიანის მომტანნი
თავიანთი საჯარო სამქადაგებლო საქმიანობით, იეჰოვას მოწმეები მიუთითებენ ღმერთის სამეფოზე, როგორც კაცობრიობის ჭეშმარიტი მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთ იმედზე. მაგრამ ღმერთის სამეფოს ასეთი გულმოდგინე მაუწყებლები არავითარ შემთხვევაში არ არიან ზიანის მომტანი მთავრობებისთვის, ვისი ქვეშევრდომებიც ისინი არიან. პირიქით, მოწმეები ყველაზე თავაზიან და კანონის მორჩილ მოქალაქეებს შორის არიან. „ყველა რელიგიური სარწმუნოება იეჰოვას მოწმეების მსგავსი რომ ყოფილიყო, — განაცხადა აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის ოფიციალურმა პირმა, — არ იქნებოდა ამდენი ატომური ბომბი, მკვლელი, ქურდი, დამნაშავე, პატიმარი. სახლებს კლიტეები არ დასჭირდებოდა“.
რადგან იციან ამის შესახებ, მრავალი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ნება დართეს, რომ მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობა შეუფერხებლად გაგრძელდეს. ზოგიერთ ქვეყნებში, აკრძალვები და შეზღუდვები მოიხსნა, როდესაც ხელისუფლებებმა ნახეს, რომ იეჰოვას მოწმეები სასიკეთოდ მოქმედებენ. ეს ისეა, როგორც პავლე მოციქულმა დაწერა უმაღლესი ხელისუფლებებისადმი მორჩილების შესახებ: „კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან“ (რომაელთა 13:1, 3, აფ).