ქმრებო, ისეთი მეთაურები იყავით, როგორიც ქრისტე იყო!
„ყოველი კაცის თავი ქრისტეა“ (1 კორინთელები 11:3).
1, 2. ა) რა კრიტერიუმით შეიძლება შეფასდეს, ქმარი კარგი მეუღლეა თუ არა? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი იმის აღიარება, რომ ქორწინების დამფუძნებელი ღმერთია?
როგორ კაცს შეიძლება ეწოდოს კარგი ქმარი? არის ამის განმსაზღვრელი გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობა? ფულის შოვნის უნარი? თუ ოჯახის წევრების სიყვარული და მათდამი თბილი დამოკიდებულება? სიყვარულსა და სითბოს ბევრი ქმარი ვერ ავლენს, რადგან მათზე ქვეყნიერების სული და ადამიანთა დადგენილი ნორმები მოქმედებს. რატომ? უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ისინი არ ცნობენ და არ მიჰყვებიან ქორწინების დამფუძნებლის, იმ პიროვნების ხელმძღვანელობას, რომელმაც „ნეკნისგან, კაცს რომ გამოუღო . . . ქალი შექმნა და კაცს მიუყვანა“ (დაბადება 2:21—24).
2 იესო ქრისტემ თავის მოწინააღმდეგეებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ქორწინება ღვთის მიერ იყო დაფუძნებული: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ» (მათე 19:4—6). ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის აუცილებელია იმის აღიარება, რომ ქორწინების დამფუძნებელი ღმერთია და ოჯახის ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, იყენებს თუ არა წყვილი ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემულ მითითებებს.
რა დაეხმარება ქმარს, იყოს კარგი მეუღლე
3, 4. ა) რატომ ესმის იესოს კარგად ქორწინების საკითხი? ბ) ვინ არის „კრავის ცოლი“ და როგორ უნდა მოეპყრონ ქმრები ცოლებს?
3 ქმარი კარგი მეუღლე იქნება, თუ მოუსმენს და მიჰბაძავს იესოს. მას ძალიან კარგად ესმის ქორწინების საკითხი, რადგან ესწრებოდა პირველი წყვილის შექმნასა და მათ შეუღლებას. იეჰოვა ღმერთმა იესოს უთხრა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად“ (დაბადება 1:26). დიახ, ღმერთი ელაპარაკა მას, ვინც ყველაზე და ყველაფერზე ადრე შექმნა, ვინც ‘იეჰოვას გვერდით იყო, როგორც ოსტატი’ (იგავები 8:22—30). ის არის „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“. იესო არის „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“, რომელიც მატერიალური სამყაროს შექმნამდე არსებობდა (კოლოსელები 1:15; გამოცხადება 3:14).
4 იესოს „ღვთის კრავი“ ეწოდება და ქმართან არის შედარებული. ერთხელ ანგელოზმა თქვა: „მოდი, გიჩვენებ პატარძალს, კრავის ცოლს“ (იოანე 1:29; გამოცხადება 21:9). ვინ არის ეს პატარძალი, ანუ კრავის ცოლი? „კრავის ცოლი“ ქრისტეს ერთგულ სულით ცხებულ მიმდევრებს ეწოდებათ, რომლებიც მასთან ერთად იმეფებენ ზეცაში (გამოცხადება 14:1, 3). ამიტომ, ქმრებისთვის კარგი მაგალითია ის, თუ როგორ ეპყრობოდა იესო მოწაფეებს დედამიწაზე ყოფნისას.
5. ვისთვის არის იესო სამაგალითო?
5 იესო ყველა მისი მიმდევრისთვის სამაგალითოა, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). მან განსაკუთრებით მამაკაცებს დაუტოვა მაგალითი. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3). ქრისტე მამაკაცის თავია, ამიტომ ქმრებმა უნდა მიჰბაძონ მას. აქედან გამომდინარე, ოჯახის ბედნიერებისთვის საჭიროა მეთაურობის პრინციპის დაცვა. ამ მიზნის მისაღწევად ქმრები ცოლებს სიყვარულით უნდა მოეპყრონ ისევე, როგორც იესო ეპყრობა სიმბოლურ ცოლს — თავის ცხებულ მოწაფეებს.
როგორ შეიძლება ოჯახური პრობლემების მოგვარება?
6. რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქმრებს ცოლების მიმართ?
6 დღევანდელ მშფოთვარე ქვეყნიერებაში ქმრებმა განსაკუთრებით უნდა მიჰბაძონ იესოს მოთმინებასა და სიყვარულში, და იესოს მსგავსად, მტკიცედ უნდა დაიცვან სამართლიანი პრინციპები (2 ტიმოთე 3:1—5). ბიბლიიდან ვიგებთ, თუ როგორ მოქმედებდა იესო; ამის გათვალისწინებით, „თქვენც, ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება“ (1 პეტრე 3:7). დიახ, ქმრებმა შეძენილი ცოდნის თანახმად უნდა იმოქმედონ და გაუმკლავდნენ ოჯახურ პრობლემებს ისე, როგორც იესო უმკლავდებოდა სირთულეებს. მან ისეთი რთული განსაცდელები გადაიტანა, როგორიც არც ერთ ადამიანს არ გადაუტანია; ამაში კი იმის ცოდნა დაეხმარა, რომ განსაცდელების უკან სატანა, მისი დემონები და ბოროტი ქვეყნიერება იდგა (იოანე 14:30; ეფესოელები 6:12). იესომ იცოდა, რომ განსაცდელებს შეხვდებოდა; არც დაქორწინებულმა წყვილმა უნდა გაიკვირვოს, თუ „ხორციელი გასაჭირი“ ექნება. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ დაქორწინებულები უნდა მოელოდნენ ამგვარ განსაცდელს (1 კორინთელები 7:28).
7, 8. ა) რას ნიშნავს, რომ ქმრები ცოლებს შეძენილი ცოდნის თანახმად მოეპყრონ? ბ) რატომ იმსახურებენ ცოლები ქმრების პატივისცემას?
7 ბიბლია ქმრებს მიმართავს: „შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს“ (1 პეტრე 3:7). ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ, ჩვეულებრივ, ქმრები იბატონებდნენ ცოლებზე, მაგრამ ღვთის მოწონებას მიიღებს არა ის ქმარი, რომელიც ბატონობს ცოლზე, არამედ ის, ვინც პატივისცემით ეპყრობა მას (დაბადება 3:16). ქმარი ისე უნდა მოეპყროს ცოლს, როგორც ძვირფას საჩუქარს, და თავისი ფიზიკური ძალა მეუღლისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად არასდროს უნდა გამოიყენოს. პირიქით, მან უნდა გაითვალისწინოს ცოლის გრძნობები და ყოველთვის ღირსეულად და პატივისცემით უნდა მოეპყროს.
8 რატომ უნდა მიაგონ ქმრებმა პატივი ცოლებს? ბიბლია გვპასუხობს: „რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ, რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები“ (1 პეტრე 3:7). ქმრებს უნდა ესმოდეთ, რომ იეჰოვას თვალში მისი თაყვანისმცემელი მამაკაცები არაფრით უპირატესობენ ქალებზე. ქალები, რომლებიც ღვთის მოწონებას იმსახურებენ, იმავე ჯილდოს, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ, რასაც მამაკაცები; ბევრი მათგანი ზეცაშიც კი იცხოვრებს, სადაც „არც კაცია და არც ქალი“ (გალატელები 3:28). ამიტომ ქმრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ღვთის თვალში ადამიანი ძვირფასია მისი ერთგულების გამო და მნიშვნელობა არა აქვს კაცია ის თუ ქალი, დიდია თუ პატარა (1 კორინთელები 4:2).
9. ა) პეტრეს სიტყვებიდან გამომდინარე, რატომ უნდა სცენ ქმრებმა პატივი ცოლებს? ბ) როგორ ავლენდა იესო ქალებისადმი პატივისცემას?
9 პეტრე მოციქულიც უსვამს ხაზს იმის აუცილებლობას, რომ ქმარი პატივისცემით მოეპყროს ცოლს, ‘რათა ლოცვა არ დაუბრკოლდეს’; ლოცვის დაბრკოლება კი დიდი საშიშროების წინაშე აყენებს ადამიანს. ქმრის ლოცვა შეიძლება არ იყოს შესმენილი, როგორც ეს წარსულში ღვთის რამდენიმე მსახურის შემთხვევაში მოხდა (გოდება 3:43, 44). გონივრული იქნება, თუ ქრისტიანი — როგორც დაქორწინებული, ისე ის, ვინც დაქორწინებას აპირებს — მიჰბაძავს ქრისტეს და მასავით ღირსეულად მოეპყრობა ქალებს. იესო სიამოვნებით მონაწილეობდა მსახურებაში ქალებთან ერთად და პატივისცემასა და თავაზიანობას ავლენდა მათ მიმართ. ერთხელ მან ქალებს ამცნო განსაცვიფრებელი ჭეშმარიტება და დაავალა, რომ ამის შესახებ მამაკაცებისთვის შეეტყობინებინათ (მათე 28:1, 8—10; ლუკა 8:1—3).
მაგალითი ქმრებისთვის
10, 11. ა) რატომ უნდა გამოიკვლიონ ქმრებმა, თუ რა მაგალითს აძლევს მათ ქრისტე? ბ) როგორ უნდა გამოავლინოს ქმარმა ცოლისადმი სიყვარული?
10 როგორც ზემოთ აღინიშნა, ბიბლია ცოლ-ქმრის ურთიერთობას ადარებს „პატარძალთან“ — ანუ სულით ცხებული მიმდევრებისგან შემდგარ კრებასთან — ქრისტეს ურთიერთობას. ბიბლიაში ნათქვამია: „ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი“ (ეფესოელები 5:23). ამ სიტყვებმა ქმრები უნდა აღძრას, გამოიკვლიონ, როგორ ხელმძღვანელობდა იესო თავის მიმდევრებს. მხოლოდ ასეთი გამოკვლევა მისცემს ქმრებს საშუალებას, მიჰყვნენ იესოს ნაკვალევს და ცოლებს სიყვარულით უხელმძღვანელონ, როგორც ქრისტე ხელმძღვანელობდა კრებას.
11 ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესოელები 5:25). ეფესოელების მიმართ წერილის მეოთხე თავში „კრება“ „ქრისტეს სხეულად“ არის მოხსენიებული. ეს სიმბოლური სხეული მრავალი ნაწილისგან შედგება, თითოეულ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს სხეულის ფუნქციონირებაში. სხეული, ანუ კრება, როგორც მამაკაცებისგან, ისე ქალებისგან შედგება. მისი თავი, ცხადია, იესოა (ეფესოელები 4:12; კოლოსელები 1:18; 1 კორინთელები 12:12, 13, 27).
12. როგორ გამოავლინა სიყვარული იესომ თავისი სიმბოლური სხეულისადმი?
12 იესომ თავისი სიმბოლური სხეულისადმი, ანუ „კრებისადმი“, სიყვარული განსაკუთრებით იმით გამოავლინა, რომ ზრუნავდა მათ ინტერესებზე, ვინც ამ კრების წევრები უნდა გამხდარიყვნენ. მაგალითად, როდესაც მოწაფეები დაღლილები იყვნენ, იესომ მათ უთხრა: „მოდი სადმე . . . განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ“ (მარკოზი 6:31). ერთ-ერთი მოციქული იესოს სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე მომხდარი მოვლენების აღწერისას წერდა: „იესომ . . . შეიყვარა თავისები [თავისი სიმბოლური სხეულის ნაწილები] . . . [და] ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1). რა კარგი მაგალითი მისცა იესომ ქმრებს!
13. როგორ უნდა უყვარდეთ ქმრებს ცოლები?
13 მოციქული პავლე ისევ ამახვილებს ყურადღებას ქმრებისთვის იესოს მიერ დატოვებულ მაგალითზე და წერს: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს, როგორც ქრისტე — კრებას“. შემდეგ კი დასძენს: „თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი“ (ეფესოელები 5:28, 29, 33).
14. როგორ ეპყრობა ქმარი თავის არასრულყოფილ სხეულს და, აქედან გამომდინარე, როგორ უნდა მოექცეს თავის ცოლს?
14 დაფიქრდით პავლეს სიტყვებზე. განა რომელიმე საღად მოაზროვნე მამაკაცი საკუთარ თავს ოდესმე განზრახ მიაყენებს ზიანს? როდესაც ის ფეხს წამოჰკრავს რამეს, ფეხს დაუწყებს ცემას? რა თქმა უნდა, არა! დაამცირებს ქმარი მეგობრების წინაშე საკუთარ თავს ან ილაპარაკებს ყველასთან საკუთარ სისუსტეებზე? არა! მაშ, რატომ უნდა მიაყენოს ცოლს სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, როცა ის შეცდომას უშვებს? ქმრებმა არა მარტო პირადი ინტერესები უნდა გაითვალისწინონ, არამედ ცოლების ინტერესებიც (1 კორინთელები 10:24; 13:5).
15. ა) როგორ მოიქცა იესო, როცა მისმა მოწაფეებმა სისუსტე გამოავლინეს? ბ) რისი სწავლა შეიძლება ამ მაგალითიდან?
15 დავფიქრდეთ, სიკვდილის წინა ღამეს როგორ მოიქცა იესო, როცა მისმა მოწაფეებმა სისუსტე გამოავლინეს. გეთსემანიის ბაღში იესომ სამჯერ სთხოვა, ელოცათ, მათ კი სამჯერვე ჩაეძინათ. მოულოდნელად მათ თავზე შეიარაღებული მამაკაცები დაადგნენ. იესომ ჰკითხა: «„ვის ეძებთ?“ მათ მიუგეს: „იესო ნაზარეთელს“. მან უთხრა: „მე ვარ“». მან იცოდა, რომ მოვიდა მისი სიკვდილის საათი, და თქვა: „თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით“. იესო ყოველთვის ზრუნავდა თავისი მოწაფეების — სიმბოლური პატარძლის წარმომადგენლების — კეთილდღეობაზე და მათ გადარჩენას ცდილობდა. ქმრები უნდა დააკვირდნენ, როგორ ეპყრობოდა იესო თავის მოწაფეებს, რათა დაინახონ მრავალი პრინციპი, რომლებიც ცოლებთან ურთიერთობაში გამოადგებათ (იოანე 18:1—9; მარკოზი 14:34—37, 41).
იესოს სიყვარული მხოლოდ ემოცია არ იყო
16. რა დამოკიდებულება ჰქონდა იესოს მართას მიმართ, და ამის მიუხედავად, როგორ შეუსწორა თვალსაზრისი?
16 ბიბლია ამბობს: „იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც“. ისინი ხშირად მასპინძლობდნენ მას (იოანე 11:5). მაგრამ იესო არ მორიდებია მართასთვის რჩევის მიცემას, როცა დაინახა, რომ ზედმეტ ყურადღებას უთმობდა საჭმლის მომზადებას და, ამის გამო, ნაკლები დრო რჩებოდა სულიერი საკითხების მოსასმენად. მან უთხრა: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ და ზრუნავ. საჭირო კი სულ ცოტაა ან მხოლოდ ერთი“ (ლუკა 10:41, 42). მართას რჩევის მიღება იმან გაუადვილა, რომ ის დარწმუნებული იყო იესოს სიყვარულში. მსგავსად ამისა, ქმრებიც რბილად, სიყვარულით უნდა მოეპყრონ ცოლებს და მათთან საუბრისას სიტყვები საგულდაგულოდ უნდა შეარჩიონ. მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ქმარმა ცოლს უნდა მისცეს რჩევა, როგორც იესომ — მართას.
17, 18. ა) როგორ გაკიცხა პეტრემ იესო და რატომ უნდა შეეცვალა პეტრეს თვალსაზრისი? ბ) რა პასუხისმგებლობა აკისრია ქმარს?
17 სხვა შემთხვევაში იესომ მოციქულებს უთხრა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში, სადაც წინააღმდეგობას შეხვდებოდა „უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოეკლათ და მესამე დღეს აღმდგარიყო“. პეტრემ გვერდზე გაიყვანა იესო და გაკიცხვა დაუწყო: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“. აშკარაა, რომ პეტრეს საღ აზრზე ემოციამ იმძლავრა. მას თვალსაზრისი უნდა შეეცვალა, ამიტომ იესომ უთხრა: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მათე 16:21—23).
18 დაფიქრდით, იესომ ხომ სულ ცოტა ხნით ადრე წამოიწყო მოწაფეებთან საუბარი ღვთის ნებაზე, კერძოდ იმაზე, რომ უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო (ფსალმუნი 16:10; ესაია 53:12). ამიტომ პეტრეს საქციელი არასწორი იყო. ცხადია, მას აშკარა მხილება სჭირდებოდა, რაც დროდადრო თითოეულ ჩვენგანსაც ესაჭიროება. როგორც ოჯახის თავის, ქმრის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობაში ოჯახის წევრების, მათ შორის ცოლის გამოსწორება შედის. მართალია, შეიძლება საჭირო გახდეს სიმტკიცის გამოვლენა, მაგრამ შენიშვნა რბილად და სიყვარულით უნდა იყოს მიცემული. ასე რომ, როგორც იესო დაეხმარა პეტრეს მდგომარეობის სწორად შეფასებაში, ზოგჯერ ქმრებსაც შეიძლება იმავეს გაკეთება მოუწიოთ ცოლებთან. მაგალითად, თუ ცოლი ჩაცმულობასთან, სამკაულების ტარებასა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით რჩევის მიცემას საჭიროებს, ქმარმა ეს ტაქტიანად უნდა გააკეთოს (1 პეტრე 3:3—5).
ქმრებმა მოთმინება უნდა გამოავლინონ
19, 20. ა) რა პრობლემა წამოიჭრა იესოს მოციქულებს შორის და როგორ გადაჭრა ის იესომ? ბ) როგორი შედეგი გამოიღო იესოს მცდელობამ?
19 თუ ქმარი ცოლს გარკვეულ სისუსტეზე უმახვილებს ყურადღებას, ის არ უნდა მოელოდეს, რომ მისი გულწრფელი ძალისხმევა მაშინვე შედეგს გამოიღებს. იესოს არაერთხელ დასჭირვებია თავისი მოციქულებისთვის აზროვნების შესწორება. მაგალითად, მოციქულებს შორის მეტოქეობის სული იყო განვითარებული, რაც იესოს მსახურების დასასრულსაც გამოვლინდა. ისინი იმაზე კამათობდნენ, ვინ იყო მათ შორის უფრო დიდი (მარკოზი 9:33—37; 10:35—45). მსგავსი შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ იესომ მათთან უკანასკნელი პასექი იზეიმა. მაშინ არავინ გამოავლინა ინიციატივა, რომ სხვებისთვის მტვრიანი ფეხები დაებანა, რაც, ჩვეულებრივ, დამამცირებელი საქმე იყო; იესომ კი ყველას დაბანა ფეხები და თქვა: „მაგალითი მოგეცით“ (იოანე 13:2—15).
20 ქმრებს, რომლებიც ბაძავენ იესოს და თავმდაბლობას ავლენენ, ცოლები ყოველთვის მხარში ამოუდგებიან. მაგრამ აუცილებელია მოთმინება. იმავე პასექის ღამეს, მოციქულებმა ისევ დაიწყეს ერთმანეთში დავა, ვინ იყო მათ შორის უდიდესი (ლუკა 22:24). აზროვნებისა და საქციელის გამოსწორებას დრო სჭირდება. მაგრამ რა სასიამოვნოა, როდესაც საბოლოოდ დადებითი შედეგი მიიღწევა, როგორც მოციქულების შემთხვევაში!
21. თუ დღევანდელ სირთულეებს გავითვალისწინებთ, რა უნდა ახსოვდეთ ქმრებს და რისი გაკეთება მართებთ მათ?
21 დღეს ქორწინებაში უფრო მეტი სირთულეა, ვიდრე ოდესმე. ბევრი სერიოზულად აღარ ეკიდება საქორწინო აღთქმას. ამიტომ, ქმრები უნდა დაფიქრდნენ, თუ ვინ არის ქორწინების დამფუძნებელი. გახსოვდეთ, რომ ქორწინებას ჩვენმა მოსიყვარულე ღმერთმა, იეჰოვამ ჩაუყარა საფუძველი. მან თავისი ძე, იესო, მხოლოდ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად, ჩვენს სახსნელად კი არ გამოგზავნა, არამედ იმისთვისაც, რომ ქმრებისთვის მისაბაძი მაგალითი ყოფილიყო (მათე 20:28; იოანე 3:29; 1 პეტრე 2:21).
როგორ უპასუხებთ?
• რატომ უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის ქორწინების დამფუძნებელი?
• როგორ მოუწოდებს ბიბლია ქმრებს, რომ ცოლებისადმი სიყვარული გამოავლინონ?
• იესოს რომელი მაგალითები ასწავლის ქმრებს, როგორ უნდა უხელმძღვანელონ ოჯახს?
[სურათი 14 გვერდზე]
რატომ უნდა დააკვირდნენ ქმრები ქალებისადმი იესოს დამოკიდებულებას?
[სურათი 15 გვერდზე]
როცა მოწაფეები დაიღალნენ, იესო გაგებით მოეკიდა მათ.
[სურათი 16 გვერდზე]
ქმრებმა რბილად უნდა მისცენ რჩევა ცოლებს და ამ დროს სიტყვები უნდა შეარჩიონ.