ახალგაზრდებო, მტკიცედ დაუდექით ეშმაკს!
„შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს“ (ეფეს. 6:11).
1, 2. ა) რა ეხმარება ახალგაზრდებს, რომ გაიმარჯვონ ბოროტ სულიერ ძალებთან ბრძოლაში? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
მოციქულმა პავლემ ქრისტიანი ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულ ჯარისკაცს შეადარა. მიუხედავად იმისა, რომ სულიერ ბრძოლას ვეწევით, ჩვენი მტერი რეალურია. სატანა და დემონები გაწვრთნილი მეომრები არიან და დიდი გამოცდილება აქვთ. ერთი შეხედვით ჩვენ შეიძლება განწირულები ვჩანდეთ. მათთან ბრძოლაში განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩანან დაუცველები. როგორ შეუძლიათ მათ გაიმარჯვონ ზეადამიანური ძალის მქონე ბოროტ სულიერ ქმნილებებთან ბრძოლაში? სინამდვილეში ახალგაზრდებს შეუძლიათ გამარჯვება და იმარჯვებენ კიდეც, რადგან ისინი ძლიერდებიან უფალში! გარდა იმისა, რომ ახალგაზრდები ღვთის ძალაზე არიან მინდობილი, გაწვრთნილი მეომრების მსგავსად ისინი „ღვთის სრული საჭურვლით“ იმოსებიან და მზად არიან საბრძოლველად (წაიკითხეთ ეფესოელების 6:10—12).
2 პავლეს შესაძლოა მხედველობაში ჰქონდა რომაელი ჯარისკაცის აღჭურვილობა (საქ. 28:16). განვიხილოთ, რატომ არის ეს შედარება სათანადო და გავიგოთ, რას ამბობენ ახალგაზრდები სულიერი საჭურვლის ტარებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა თუ დადებით მხარეებზე.
ჭეშმარიტების სარტყელი
3, 4. რა გაგებით ჰგავს ბიბლიური ჭეშმარიტება მეომრის სარტყელს?
3 წაიკითხეთ ეფესოელების 6:14. რომაელი ჯარისკაცის სარტყელი ლითონის ფირფიტებით იყო გაწყობილი, რაც მეომრის წელს იცავდა. სარტყელი ჯავშნის სიმძიმეს იკავებდა და მის ტარებას აადვილებდა. გარდა ამისა, ზოგ სარტყელს მახვილისა და ხანჯლის სატარებლად გამძლე სამაგრებიც ჰქონდა. მეომარს, რომელსაც მჭიდროდ ერტყა სარტყელი, შეეძლო მტკიცედ მდგარიყო მტრის წინაშე.
4 იმავეს თქმა შეიძლება ღვთის სიტყვიდან ნასწავლ ჭეშმარიტებაზეც, რომელიც ცრუ სწავლებებისგან გვიცავს (იოან. 8:31, 32; 1 იოან. 4:1). რაც უფრო გვიყვარდება ჭეშმარიტება, მით უფრო გვიადვილდება „ჯავშნის“ ტარება, ანუ ღვთის სამართლიანი ნორმებით ცხოვრება (ფსალმ. 111:7, 8; 1 იოან. 5:3). გარდა ამისა, როცა კარგად გვესმის ჭეშმარიტება, შეგვიძლია მტკიცედ ვიდგეთ და დავიცვათ ის მოწინააღმდეგეებისგან (1 პეტ. 3:15).
5. რატომ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე?
5 როცა ჭეშმარიტება მჭიდროდ გვაქვს შემოსარტყლული, აღძრულები ვართ, მის თანახმად ვიცხოვროთ და ყოველთვის სიმართლე ვილაპარაკოთ. რატომ ვერიდებით ტყუილის თქმას? იმიტომ რომ სიცრუე ოდითგანვე სატანის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი იყო. ტყუილი ორივე მხარეს აყენებს ზიანს — მასაც, ვინც ამბობს და მასაც, ვინც იჯერებს (იოან. 8:44). ამიტომ, რამდენადაც არასრულყოფილი ადამიანისთვის შესაძლებელია, ვერიდებით ტყუილის თქმას (ეფეს. 4:25). თუმცა ამის გაკეთება შეიძლება რთული იყოს. 18 წლის აბიგაილი ამბობს: „ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სიმართლის თქმა არ ღირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტყუილით ადვილად დავიძვრენთ თავს რთული მდგომარეობიდან“. რატომ ცდილობს აბიგაილი, რომ ყოველთვის სიმართლე ილაპარაკოს? ის გვიხსნის: „როცა სიმართლეს ვამბობ, სუფთა სინდისი მაქვს იეჰოვას წინაშე. მშობლებიც და მეგობრებიც თვლიან, რომ ჩემი ნდობა შეიძლება“. ვიქტორია, რომელიც 23 წლისაა, აღნიშნავს: „როცა სიმართლეს ამბობ და შენს რწმენას იცავ, შეიძლება დაგჩაგრონ და დაგამცირონ. მაგრამ ამას ყოველთვის მოჰყვება შესანიშნავი შედეგები: იეჰოვას უფრო უახლოვდები და მათ პატივისცემას იმსახურებ, ვისაც უყვარხარ“. ამიტომ ნამდვილად ღირს, რომ ყოველთვის მტკიცედ ვიდგეთ „ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი“.
სიმართლის ჯავშანი
6, 7. რა გაგებით ჰგავს სიმართლე ჯავშანს?
6 ერთ-ერთი სახის ჯავშანი, რომელსაც პირველი საუკუნის რომაელი მეომარი ატარებდა, ჰორიზონტალურად განლაგებული და ერთმანეთზე გადასული ლითონის ფირფიტებისგან შედგებოდა. ეს ფირფიტები ისე იყო მოდრეკილი, რომ კარგად მორგებოდა მეომრის ტანს. ჯავშანი იკვრებოდა ტყავის თასმებით, რომლებიც ფირფიტებზე დამაგრებულ ლითონის კაუჭებში ან ბალთებში იყო გაყრილი. მეომარს მხარბეჭს უფრო მეტი ლითონის ფირფიტა უფარავდა, რომლებიც აგრეთვე ტყავის თასმებით იკვრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯავშანი ზღუდავდა ჯარისკაცის მოძრაობას და ერთმანეთზე დამაგრებულ ლითონის ფირფიტებს რეგულარული შემოწმება სჭირდებოდა, ეს აღჭურვილობა მის გულსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოებს მტრის მახვილისა და ისრებისგან იცავდა.
7 ამ შედარებიდან კარგად ჩანს, როგორ იცავს იეჰოვას სამართლიანი ნორმები ჩვენს სიმბოლურ გულს (იგავ. 4:23). როგორც ჯარისკაცი არ გაცვლიდა რკინის ჯავშანს რბილი ლითონის ჯავშანზე, ისე ჩვენც არ გვინდა, რომ იეჰოვას ნორმები ჩვენს შეხედულებებზე გავცვალოთ. ჩვენ არა ვართ იმდენად ბრძენები, რომ საკუთარი გულის დაცვა შევძლოთ (იგავ. 3:5, 6). ამიტომ რეგულარულად ვამოწმებთ, რამდენად კარგად გვაქვს მორგებული სიმბოლურ გულთან „ჯავშანი“, რომელიც იეჰოვამ მოგვცა.
8. რატომ ღირს იეჰოვას ნორმების დაცვა?
8 ხომ არ ფიქრობთ ზოგჯერ, რომ იეჰოვას სამართლიანი ნორმები ტვირთად გაწევთ ან თქვენს თავისუფლებას ზღუდავს? 21 წლის დანიელი ამბობს: „მასწავლებლები და თანაკლასელები დამცინოდნენ, რადგან ბიბლიური ნორმების თანახმად ვცხოვრობ. რაღაც დროის მანძილზე თავდაჯერებულობა დავკარგე და გული გამიტყდა“. როგორ გამოვიდა ის ამ მდგომარეობიდან? დანიელი ამბობს: «დროთა განმავლობაში დავინახე, რატომ იყო კარგი იეჰოვას ნორმებით ცხოვრება. ჩემი „მეგობრებიდან“ ზოგმა ნარკოტიკების მიღება დაიწყო, სხვებს კი სკოლაც არ დაუმთავრებიათ. სამწუხარო იყო იმის დანახვა, რომ ცხოვრება ასე აერიათ. იეჰოვა ნამდვილად გვიცავს». 15 წლის მედისონი ამბობს: „მიჭირს იეჰოვას ნორმების დაცვა და იმაზე უარის თქმა, რასაც ჩემი თანატოლები კარგ დროსტარებად და გართობად მიიჩნევენ“. როგორ უმკლავდება ის ამ ცდუნებას? „ჩემს თავს ვახსენებ, რომ ღვთის სახელს ვატარებ და ეს საცდური ჩემკენ მომართული სატანის იარაღია. როცა საკუთარ თავზე ვიმარჯვებ, კმაყოფილების გრძნობა მეუფლება“.
„მზადყოფნით ფეხშემოსილნი მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად“
9—11. ა) რა სიმბოლურ ფეხსაცმელს ატარებენ ქრისტიანები? ბ) რა დაგვეხმარება, უფრო თავისუფლად ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა?
9 წაიკითხეთ ეფესოელების 6:15. რომაელი ჯარისკაცი ბრძოლისთვის მოუმზადებლად ითვლებოდა, თუ ფეხშემოსილი არ იყო. მისი სანდლისმაგვარი ფეხსაცმლის ძირი სამმაგი ტყავისგან იყო დამზადებული, რაც მყარად დგომის საშუალებას აძლევდა. ასეთი ფეხსაცმელი გამძლეც იყო და კომფორტულიც.
10 როგორც ფეხსაცმელი ადგებოდა ბრძოლაში რომაელ ჯარისკაცს, ისე სიმბოლური ფეხსაცმელი ეხმარება ქრისტიანებს, რომ ხალხს მშვიდობის შესახებ აუწყონ (ეს. 52:7; რომ. 10:15). მიუხედავად ამისა, გაბედულება გვჭირდება, რომ ხელიდან არ გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობა. 20 წლის ბო ამბობს: „კლასელებთან ქადაგების მეშინოდა; უფრო სწორად, მრცხვენოდა. არ ვიცი, ასე რატომ მემართებოდა, მაგრამ ახლა სიამოვნებით ვქადაგებ თანატოლებთან“.
11 ბევრი ახალგაზრდა მიხვდა, რომ, როცა კარგად არიან მომზადებულები, უფრო თავისუფლად ქადაგებენ. როგორ შეგიძლია მოემზადო? 16 წლის ჯულია ამბობს: „სკოლაში ყოველთვის დამაქვს ლიტერატურა და ყურადღებით ვუსმენ ხოლმე ჩემს კლასელებს, როცა თავიანთ შეხედულებებს გამოხატავენ ან საკუთარ მრწამსზე საუბრობენ. ეს მეხმარება, სწორად მივუდგე მათ. როცა მომზადებული ვარ, შემიძლია კონკრეტულად იმ საკითხზე ვესაუბრო, რაც სჭირდებათ“. 23 წლის მაკენზი კი ამბობს: „თუ გულისხმიერი და კარგი მსმენელი ხარ, ადვილად ხვდები, რა აწუხებთ შენს თანატოლებს. ვცდილობ, ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ყველა სტატია წავიკითხო. ეს მეხმარება, მათ საჭირო ბიბლიურ მონაკვეთებზე ან ვებ-გვერდზე jw.org განთავსებულ მასალაზე გავუმახვილო ყურადღება“. ამ კომენტარებიდან ჩანს, რომ, რაც უფრო კარგად ხარ მომზადებული ქადაგებისთვის, მით უკეთ გაქვს მორგებული სიმბოლური ფეხსაცმელი.
„რწმენის დიდი ფარი“
12, 13. რა შეიძლება იყოს სატანის „ცეცხლმოკიდებული ისრები“?
12 წაიკითხეთ ეფესოელების 6:16. მართკუთხედი ფორმის „დიდი ფარი“ რომაელ ჯარისკაცს მხრებიდან მუხლებამდე ფარავდა და მოქნეული მახვილისა თუ ისრების სეტყვისგან იცავდა.
13 „ცეცხლმოკიდებული ისრები“, რომლებსაც სატანა გვიმიზნებს, შეიძლება იყოს სიცრუე იეჰოვას შესახებ, რომ თითქოს მას არ ვუყვარვართ და არ ზრუნავს ჩვენზე. 19 წლის იდა, რომელიც უღირსობის გრძნობას ებრძვის, ამბობს: „ხშირად მეუფლება ისეთი შეგრძნება, რომ იეჰოვა შორს არის ჩემგან და ჩემთან მეგობრობა არ სურს“. როგორ ახერხებს ის ამ უარყოფითი აზრების მოგერიებას? ის განაგრძობს: „კრების შეხვედრები რწმენის გაძლიერებაში მეხმარება. ადრე საერთოდ არ ვაკეთებდი კომენტარებს, რადგან მეგონა, რომ ჩემი აზრი არავის დააინტერესებდა. მაგრამ ახლა კარგად ვემზადები შეხვედრებისთვის და ვცდილობ, რომ ორი ან სამი კომენტარი გავაკეთო. ადვილი არ არის, მაგრამ, როცა ეს გამომდის, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. გარდა ამისა, და-ძმებიც მამხნევებენ. კრების შეხვედრებიდან ყოველთვის იმ გრძნობით ვბრუნდები, რომ იეჰოვას ვუყვარვარ“.
14. რაში გვარწმუნებს იდას შემთხვევა?
14 იდას შემთხვევა ერთ მნიშვნელოვან რამეში გვარწმუნებს: მეომარს ფარის არც გადიდება შეეძლო და არც დაპატარავება, მაგრამ „რწმენის ფარის“ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა — მისი „გადიდება“ ან „დაპატარავება“ ჩვენზეა დამოკიდებული (მათ. 14:31; 2 თეს. 1:3). აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რწმენა გავიძლიეროთ.
„ხსნის მუზარადი“
15, 16. რა გაგებით ჰგავს იმედი მუზარადს?
15 წაიკითხეთ ეფესოელების 6:17. მუზარადი რომაელ ჯარისკაცს თავის, კისრისა და სახის არეში მიყენებული დარტყმისგან იცავდა. ზოგ მუზარადს ხელის მოსაკიდებელი ჰქონდა და მეომარს შეეძლო ის ხელით ეტარებინა.
16 როგორც მუზარადი იცავს პირდაპირი გაგებით მეომრის თავს, ისე „ხსნის იმედი“ იცავს ჩვენს გონებას (1 თეს. 5:8; იგავ. 3:21). იმედი გვეხმარება, ღვთის დაპირებებზე ვიყოთ კონცენტრირებულები და გული არ გაგვიტყდეს პრობლემების დროს (ფსალმ. 27:1, 14; საქ. 24:15). მაგრამ, თუ გვსურს, რომ ჩვენმა „მუზარადმა“ თავისი ფუნქცია შეასრულოს, ის ხელში კი არ უნდა გვეჭიროს, არამედ თავზე უნდა გვეხუროს.
17, 18. ა) როგორ შეიძლება სატანამ მოგვახდევინოს თავიდან მუზარადი? ბ) როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ არ გავებით სატანის მახეში?
17 როგორ შეიძლება სატანამ მოგვახდევინოს თავიდან მუზარადი? გავიხსენოთ, რა მეთოდს მიმართა მან იესოს შემთხვევაში. ეჭვგარეშეა, სატანამ იცოდა, რომ იესოს კაცობრიობაზე მმართველობის იმედი ჰქონდა, თუმცა მას ლოდინი მოუწევდა, სანამ იეჰოვას მიერ დანიშნული დრო დადგებოდა. თანაც მანამდე იესოს ტანჯვა და სიკვდილი უნდა ეგემა. ამიტომ სატანამ იესოს ისეთი რამ შესთავაზა, რაც მის იმედს მალევე აქცევდა რეალობად. ეშმაკმა უთხრა, რომ, თუ თაყვანს სცემდა მას, ამ ყველაფერს ის მაშინვე მიიღებდა (ლუკ. 4:5—7). მსგავსად, სატანამ იცის, რომ იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაში მატერიალურად უზრუნველგვყოფს, თუმცა ამისთვის ლოდინი გვჭირდება და შეიძლება ამ დროის მანძილზე გარკვეულ პრობლემებსაც შევხვდეთ. ამიტომ ის მაცდუნებელ წინადადებას გვთავაზობს, რომ დღესვე მივიღოთ ეს ყველაფერი. მას სურს, რომ ჩვენთვის უმთავრესი ქონების დაგროვება გახდეს და ყველაფრის დაუყოვნებლივ მიღების სურვილი გაგვიჩნდეს. ის ცდილობს, რომ სამეფოს ინტერესებმა ჩვენს ცხოვრებაში მეორე ადგილზე გადაინაცვლოს (მათ. 6:31—33).
18 ბევრმა ახალგაზრდა ქრისტიანმა შეძლო, რომ ამოეცნო სატანის მახე და არ გაბმულიყო მასში. ერთ-ერთი მათგანია 20 წლის კიანა. ის ამბობს: „ვიცი, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია ჩვენი პრობლემების მოგვარება“. როგორ აისახება მტკიცე იმედი მის ფიქრებსა და საქმეებზე? კიანა განაგრძობს: „სამოთხეში ცხოვრების იმედი მეხმარება, რომ სწორი მიზნები დავისახო. ვცდილობ, რომ ჩემი ნიჭი, დრო და ენერგია კარიერულ წინსვლას კი არ შევალიო, არამედ სულიერი მიზნების მისაღწევად გამოვიყენო“.
„სულის მახვილი, ანუ ღვთის სიტყვა“
19, 20. როგორ შეგვიძლია უკეთ გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა?
19 იმ პერიოდში, როცა პავლე მოციქული თავის წერილს წერდა, რომაელი ჯარისკაცები დაახლოებით 50-სანტიმეტრიან მახვილს ატარებდნენ, რომელსაც ხელჩართული ბრძოლის დროს იყენებდნენ. რომაელი მეომრები ყოველდღე ვარჯიშობდნენ მახვილით ბრძოლაში, ამიტომ ისინი კარგად ფლობდნენ ამ იარაღს.
20 პავლე ღვთის სიტყვას ადარებს მახვილს, რომელიც იეჰოვამ მოგვცა. მაგრამ ჩვენ დახელოვნებულად უნდა გამოვიყენოთ ის, როცა ჩვენს რწმენას ვიცავთ ან ჩვენს აზროვნებაში ცვლილებების მოხდენას ვცდილობთ (2 კორ. 10:4, 5; 2 ტიმ. 2:15). როგორ შეგვიძლია უკეთ გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა? სებასტიანი, რომელიც 21 წლისაა, ამბობს: „ბიბლიის კითხვის დროს ვცდილობ, თითო თავიდან თითო ბიბლიური მუხლი ამოვწერო. ცალკე მაქვს ჩამოწერილი ჩემი საყვარელი ბიბლიური მუხლები. ეს მეხმარება, უკეთ ჩავწვდე იეჰოვას აზროვნებას“. ზემოთ მოხსენიებული დანიელი ამბობს: „როცა ბიბლიას ვკითხულობ, ისეთ მუხლებს ვარჩევ, რომლებიც ჩემი აზრით მსახურებაში გამომადგება. შევნიშნე, რომ ხალხი დადებითად ეხმაურება ჩვენს ცნობას, როცა ხედავენ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ბიბლია და ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად“.
21. რატომ არ უნდა გვეშინოდეს სატანისა და დემონების?
21 როგორც ახალგაზრდების კომენტარებიდან გამოჩნდა, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სატანისა და დემონების. მართალია, ისინი ძლიერები არიან, მაგრამ არა დაუმარცხებლები. დადგება დრო, როცა ისინი აღარ იარსებებენ. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ეს ბოროტი ქმნილებები შებოჭილები იქნებიან, რის შემდეგაც განადგურდებიან (გამოცხ. 20:1—3, 7—10). ჩვენ ვიცნობთ ჩვენს მტერს, ვიცით მისი განზრახვები და ბრძოლის ტაქტიკა. ასე რომ, იეჰოვას დახმარებით შეგვიძლია მტკიცედ დავუდგეთ მას!