„შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით“
„შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს“ (ეფესოელები 6:11).
1, 2. თქვენი სიტყვებით აღწერეთ, როგორი სულიერი საჭურვლით მართებთ ქრისტიანებს შემოსვა.
რომმა ახ. წ. პირველ საუკუნეში დიდების მწვერვალს მიაღწია; თავისი ლეგიონების სიძლიერის წყალობით ის იმდროინდელი მსოფლიოს დიდ ნაწილს განაგებდა. ერთმა ისტორიკოსმა რომის ჯარს „ისტორიაში ყველაზე წარმატებული“ უწოდა. რომის რეგულარული არმია შედგებოდა კარგად მომზადებული მეომრებისგან, რომლებსაც მკაცრად წრთვნიდნენ, მაგრამ საომარ მოქმედებაში წარმატება სამხედრო აღჭურვილობაზეც იყო დამოკიდებული. პავლე მოციქულმა სწორედ რომაელი ჯარისკაცის საჭურველს შეადარა ის სულიერი საჭურველი, რომელიც ქრისტიანებს ესაჭიროებათ ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად.
2 პავლე ეფესოელების 6:14—17-ში აღწერს სულიერ საჭურველს. ის წერს: „მტკიცედ იდექით, ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი, სიმართლის ჯავშნით შემოსილნი და მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის აღჭურვილობით ფეხშემოსილნი. უპირველეს ყოვლისა, აიღეთ რწმენის დიდი ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების ჩაქრობას. აგრეთვე, აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, ანუ ღვთის სიტყვა“. საომარი აღჭურვილობა ძალიან დიდ როლს თამაშობდა რომაელი ჯარისკაცის დაცვაში. მეომარს ხელში მახვილიც ეპყრა — მოწინააღმდეგესთან პირისპირ შეტაკების დროს გამოსაყენებელი მთავარი საომარი იარაღი.
3. რატომ უნდა მივყვეთ იესო ქრისტეს მითითებებსა და მის მაგალითს?
3 აღჭურვილობისა და წვრთნის გარდა, რომის ჯარის წარმატება დამოკიდებული იყო მხედართმთავრისადმი მორჩილებაზეც. ქრისტიანებსაც მმართებთ დაემორჩილონ იესო ქრისტეს, რომელსაც ბიბლია აღწერს, როგორც ‘ხალხების მბრძანებელს’ (ესაია 55:4). ის აგრეთვე „კრების თავია“ (ეფესოელები 5:23). იესო მითითებებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარვმართოთ სულიერი ბრძოლა და საკუთარი მაგალითით გვიჩვენებს, როგორ ვატაროთ სულიერი საჭურველი (1 პეტრე 2:21). ქრისტეს პიროვნულ თვისებებსა და ჩვენს სულიერ საჭურველს შორის ბევრი საერთო არსებობს, ამიტომ საღვთო წერილი გვირჩევს, რომ ‘აღვიჭურვოთ’ ქრისტეს განწყობით (1 პეტრე 4:1). სულიერი საჭურვლის თითოეული ნაწილის განხილვისას, მათ მნიშვნელოვნებასა და ეფექტურობას იესოს მაგალითით დავინახავთ.
წელის, გულმკერდისა და ფეხების დაცვა
4. რა მხრივ იცავდა ჯარისკაცს სარტყელი და რას შეიძლება ეს შევადაროთ?
4 ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი. ბიბლიურ დროში მეომრები ტყავის განიერ ქამარს ანუ სარტყელს ატარებდნენ, რომლის სიგანეც 5-დან 15 სანტიმეტრამდე იყო. ზოგი მთარგმნელი ამ ბიბლიური მუხლის აზრს ასე გადმოსცემს: „ჭეშმარიტება წელზე მჭიდროდ მოჭერილი სარტყელივით არის“. სარტყელი მეომრის წელს იცავდა და მახვილის სატარებლადაც მოსახერხებელი იყო. როდესაც ჯარისკაცი წელს ქამრით შემოისარტყლავდა, ის ბრძოლის დასაწყებად ემზადებოდა. პავლემ ჯარისკაცის სარტყლის მაგალითით დაგვანახვა, თუ რამდენად დიდი გავლენა უნდა მოახდინოს ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ჩვენს ცხოვრებაზე. ჭეშმარიტება, ასე ვთქვათ, მჭიდროდ უნდა გვქონდეს წელზე შემოჭერილი, რათა მის თანახმად ვცხოვრობდეთ და ნებისმიერ დროს შევძლოთ მისი დაცვა (ფსალმუნები 42:3; 1 პეტრე 3:15). ამისათვის საჭიროა გულმოდგინედ შევისწავლოთ ბიბლია და დავფიქრდეთ მის შინაარსზე. იესოს ღვთის რჯული „გულში“ ჰქონდა (ფსალმუნები 39:9). როდესაც იესოს მოწინააღმდეგეები კითხვებს უსვამდნენ, მას შეეძლო ზეპირად მოეყვანა წმინდა წერილებიდან ციტატა და ამგვარად გაეცა პასუხი (მათე 19:3—6; 22:23—32).
5. ახსენით, როგორ გვეხმარება ცდუნებებისა თუ განსაცდელების დროს ბიბლიური პრინციპების თანახმად მოქმედება.
5 ბიბლიური ჭეშმარიტებით როცა ვხელმძღვანელობთ, ეს გვიცავს არასწორი მსჯელობისგან და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. ცდუნებებისა თუ განსაცდელების წინაშე დგომისას ბიბლიური პრინციპები გაგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, ვაკეთოთ ის, რაც სწორია. ეს იმის მსგავსი იქნება, რომ დავინახოთ დიდებული მოძღვარი, იეჰოვა, და უკან მოგვესმას ხმა: „აი გზა, მას გაჰყევით“ (ესაია 30:20, 21).
6. რატომ საჭიროებს სიმბოლური გული დაცვას და როგორ შეუძლია დაგვიცვას სიმართლისადმი სიყვარულმა?
6 სიმართლის ჯავშანი. ჯავშანი იცავს მეომრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს, გულს. ჩვენი სიმბოლური გული — შინაგანი პიროვნება — საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, რადგან არასწორის კეთებისკენ არის მიდრეკილი (დაბადება 8:21). ამიტომ უნდა გავეცნოთ იეჰოვას სამართლიან ნორმებს და შევიყვაროთ ისინი (ფსალმუნები 118:97, 105). სიმართლისადმი სიყვარული დაგვეხმარება, უკუვაგდოთ ქვეყნიური აზროვნება, რის გამოც ადამიანები არაფრად აგდებენ იეჰოვას ნათელ პრინციპებს და ამახინჯებენ მათ მნიშვნელობას. გარდა ამისა, როდესაც გვიყვარს სიმართლე და გვძულს ბოროტება, თავს ვარიდებთ დამღუპველი ცხოვრების გზით სიარულს (ფსალმუნები 118:99—101; ამოსი 5:15). იესომ ძალიან კარგი მაგალითი დაგვიტოვა; მის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე“ (ებრაელები 1:9)a.
7. რატომ სჭირდებოდა რომაელ ჯარისკაცს გამძლე ფეხსაცმელი და რას გვიჩვენებს ეს მაგალითი?
7 მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის აღჭურვილობით ფეხშემოსილნი. რომაელ ჯარისკაცებს გამძლე ფეხსაცმელი ჭირდებოდათ; ხშირად ისინი სამხედრო ლაშქრობის დროს დღეში 30 კილომეტრს გადიოდნენ და დაახლოებით 30 კილოგრამიანი იარაღისა და საომარი აღჭურვილობის ტარება უწევდათ. პავლემ მართებულად გამოიყენა ფეხსაცმლის მაგალითი იმის საჩვენებლად, რომ მზად უნდა ვიყოთ, სამეფოს შესახებ ცნობა ყველას ვუქადაგოთ, ვინც მოგვისმენს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როგორ გაიცნობს ხალხი იეჰოვას, თუ მზად არ ვიქნებით ქადაგებისთვის და მთელი გულით არ მივიღებთ მასში მონაწილეობას? (რომაელები 10:13—15).
8. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს, როგორც სასიხარულო ცნობის მქადაგებელს?
8 რა საქმიანობა იყო იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მან რომაელ მმართველს, პონტოელ პილატეს უთხრა: „იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“. იესო ქადაგების არც ერთ შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან; მას იმდენად უყვარდა მსახურება, რომ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე წინ აყენებდა (იოანე 4:5—34; 18:37). თუ ჩვენც იესოს მსგავსად ვართ მოწადინებულები სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად, უამრავ შესაძლებლობებს ვიპოვით სხვებისთვის მის გასაზიარებლად. გარდა ამისა, თუ მთლიანად მსახურებით ვიქნებით დაკავებულნი, სულიერად ძლიერნი დავრჩებით (საქმეები 18:5).
ფარი, მუზარადი და მახვილი
9. როგორ იცავდა დიდი ფარი რომაელ ჯარისკაცს?
9 რწმენის დიდი ფარი. ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება „დიდ ფარად“, გულისხმობს ისეთ ფარს, რომელიც იმდენად დიდია, რომ თითქმის მთელ სხეულს ფარავს. მას შეუძლია ეფესოელების 6:16-ში მოხსენიებული „ცეცხლმოკიდებული ისრებისგან“ დაიცვას მეომარი. ბიბლიურ დროში ჯარისკაცები ხმარობდნენ ლერწმის ღეროსგან გაკეთებულ ისრებს, რომლებსაც აალებადი ნივთიერებით სავსე რკინის პატარა სათავსი ჰქონდა მიმაგრებული. ერთი მკვლევარი ამ ისრებს „ძველი საომარი იარაღიდან ერთ-ერთ ყველაზე საშიშ იარაღს“ უწოდებს. თუ ჯარისკაცს არ ჰქონდა დიდი ფარი ასეთი ისრებისგან თავის დასაცავად, ის შეიძლება სერიოზულად დაშავებულიყო ან მომკვდარიყო კიდეც.
10, 11. ა) რა „ცეცხლმოკიდებულ ისრებს“ იყენებს სატანა ჩვენი რწმენის შესარყევად? ბ) როგორ გვიჩვენებს იესოს მაგალითი განსაცდელების დროს ძლიერი რწმენის ქონის აუცილებლობას?
10 რა „ცეცხლმოკიდებულ ისრებს“ იყენებს სატანა ჩვენი რწმენის შესარყევად? მას შეუძლია გამოიწვიოს ჩვენი დევნა ან ოჯახის, თანამშრომლებისა თუ თანაკლასელების მხრიდან შეგვავიწროვოს. ზოგი ქრისტიანი სიმდიდრის დაგროვებისა და უზნეობის ჩადენის სურვილმა დასცა სულიერად. ასეთი საშიშროება რომ ავირიდოთ თავიდან, ‘უპირველეს ყოვლისა, უნდა ავიღოთ რწმენის დიდი ფარი’. რწმენას იმ შემთხვევაში განვივითარებთ, თუ გავეცნობით იეჰოვას, რეგულარულად მივმართავთ მას ლოცვით და დავინახავთ, როგორ გვმფარველობს და როგორ არ გვაკლებს კურთხევებს (იესო ნავეს ძე 23:14; ლუკა 17:5; რომაელები 10:17).
11 დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია მტკიცე რწმენის ქონა კრიტიკულ პერიოდში. ის სრულ ნდობას ავლენდა თავისი მამის გადაწყვეტილებებისადმი; იესოს სიამოვნებას ანიჭებდა ღვთის ნების შესრულება (მათე 26:42, 53, 54; იოანე 6:38). მაშინაც კი, როდესაც გეთსემანეს ბაღში ძლიერ სულიერ ტკივილს განიცდიდა, ზეციერ მამას უთხრა: „არა როგორც მე მინდა, არამედ როგორც შენ“ (მათე 26:39). იესოს არასდროს ავიწყდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ერთგულების შენარჩუნება და მამის გულის გახარება (იგავები 27:11). თუ იესოს მსგავსად ვენდობით იეჰოვას, არ დავუშვებთ, რომ კრიტიკამ ან წინააღმდეგობამ რწმენა შეგვისუსტოს. პირიქით, თუ დაიმედებულები ვართ იეჰოვაზე, სიყვარულს ვავლენთ მის მიმართ და ვიცავთ მის მითითებებს, რწმენა უფრო გაგვიძლიერდება (ფსალმუნები 18:8—12; 1 იოანე 5:3). ვერანაირი ფუფუნება თუ წამიერი ხორციელი სიამოვნება ვერ შეედრება იეჰოვას კურთხევებს, რომლებიც მის მოყვარულთ ელოდება (იგავები 10:22).
12. რომელ ორგანოს იცავს ჩვენი სიმბოლური მუზარადი და რატომ არის ასეთი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი?
12 ხსნის მუზარადი. საომარი აღჭურვილობის ეს ნაწილი დაზიანებისგან იცავდა ჯარისკაცის თავს და ადამიანის აზროვნების ორგანოს — ტვინს. ჩვენი ქრისტიანული იმედი მუზარადთან იმიტომაა შედარებული, რომ ის იცავს ჩვენს გონებას (1 თესალონიკელები 5:8). თუმცა გონება ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნით განვიახლეთ, ჯერ კიდევ სუსტი, არასრულყოფილი ადამიანები ვართ. აზროვნება ადვილად შეიძლება გაგვიმრუდდეს. ქვეყნიურმა მიზნებმა შეიძლება ადვილად გადაგვატანინოს ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე ან ღვთისგან ბოძებული იმედიც კი წაგვართვას (რომაელები 7:18; 12:2). ეშმაკი ამაოდ ცდილობდა, ჩამოეშორებინა იესო მის მიერ დასახული მიზნისგან, როდესაც შესთავაზა „მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“ (მათე 4:8). იესომ მტკიცედ უკუაგდო მისი წინადადება; პავლე წერს მის შესახებ: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელები 12:2).
13. როგორ შეგვიძლია იმედის შენარჩუნება?
13 იესოს ღვთის განზრახვებისადმი ასეთი ძლიერი ნდობა თავისთავად არ განუვითარდა. თუ გონებას ამ სისტემისთვის დამახასიათებელი ოცნებებითა და მიზნებით ავივსებთ და ყურადღებას არ მივაპყრობთ ჩვენს მტკიცე იმედს, ღვთის აღთქმებისადმი რწმენა შეგვისუსტდება. დროთა განმავლობაში შეიძლება საერთოდ დავკარგოთ კიდეც იმედი. მეორე მხრივ, თუ რეგულარულად ვიფიქრებთ ღვთის განზრახვებზე, კვლავაც გავიხარებთ იმედით (რომაელები 12:12).
14, 15. ა) რა არის ჩვენი სიმბოლური მახვილი და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ შეუძლია სულის მახვილს დაგვეხმაროს ცდუნების დაძლევაში.
14 სულის მახვილი. ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობა შედარებულია ძლიერ ორლესულ მახვილთან, რომელსაც შეუძლია გააბათილოს რელიგიური სიცრუე და გულწრფელ ადამიანებს სულიერი თავისუფლება აპოვნინოს (იოანე 8:32; ებრაელები 4:12). სულიერ მახვილს აგრეთვე შეუძლია დაგვიცვას, როდესაც ცდუნებების წინაშე ვდგებით ან როდესაც განდგომილები ცდილობენ ჩვენი რწმენის შერყევას (2 კორინთელები 10:4, 5). რა მადლიერები ვართ, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული . . . და . . . ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ გვამზადებს! (2 ტიმოთე 3:16, 17).
15 იესომ მარჯვედ გამოიყენა სულის მახვილი, როდესაც სატანა უდაბნოში მის შეცდენას ცდილობდა; ამით მან უკუაგდო არასწორი მსჯელობა და მზაკვრული ცდუნება დაძლია. სატანის თითოეულ მაცდურ წინადადებას იესო პასუხობდა: „დაწერილია“ (მათე 4:1—11). დავითმა, ესპანეთში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმემ, დაინახა, რომ საღვთო წერილი დაეხმარა მას ცდუნების დაძლევაში. როდესაც დავითი 19 წლის იყო, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალმა, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა დამლაგებლად ერთ კომპანიაში, შესთავაზა, რომ „ერთად გაეტარებინათ დრო“. დავითმა უარი უთხრა მას და თავის უფროსს სთხოვა, სხვა ადგილას გადაეყვანა, რათა მსგავსი რამ აღარ გამეორებულიყო. „იოსების მაგალითი გამახსენდა, — ამბობს დავითი. — მან უარი თქვა უზნეობის ჩადენაზე და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. მეც მსგავსად მოვიქეცი“ (დაბადება 39:10—12).
16. ახსენით, რატომ გვჭირდება მომზადება იმისათვის, რომ ‘სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა’?
16 იესო სულის მახვილს იმისთვისაც იყენებდა, რომ ადამიანები სატანის მარწუხებისგან გაეთავისუფლებინა. „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, — ამბობდა იესო, — არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“ (იოანე 7:16). იესოსავით დახელოვნებულად რომ ვასწავლოთ, მომზადება გვესაჭიროება. რომაელი ჯარისკაცების თაობაზე ებრაელი ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი, წერდა: „ჯარისკაცები ყოველდღიურად ისე მონდომებითა და ენერგიულად ვარჯიშობენ, რომ თითქოს ბრძოლის ველზე იბრძვიან, ამიტომაც არ კარგავენ ბრძოლების დროს ასე ადვილად ძალებს“. სულიერ ბრძოლაში ჩვენ ბიბლია უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ „ღმერთს თავი წარვუდგინოთ მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას“ (2 ტიმოთე 2:15). ჩვენ დიდ კმაყოფილებას ვგრძნობთ, როდესაც წმინდა წერილების საშუალებით ვპასუხობთ დაინტერესებული ადამიანის გულწრფელად დასმულ კითხვას.
მუდამ აღავლინეთ ლოცვა
17, 18. ა) რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა სატანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ რამდენად ძვირფასია ლოცვა.
17 იმის შემდეგ, რაც პავლემ აღწერა სულიერი საჭურვლის თითოეული ნაწილი, სხვა მნიშვნელოვანი რჩევა მოგვცა. სატანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ქრისტიანებმა უნდა აღავლინონ „ყოველგვარი ლოცვა და ვედრება“. რამდენად ხშირად უნდა გააკეთონ ეს?“ მუდამ აღავლინეთ ყოველგვარი ლოცვა . . . სულით“, — დაწერა პავლემ (ეფესოელები 6:18). როდესაც ცდუნებების, განსაცდელებისა თუ გულის გამტეხი სიტუაციების წინაშე ვდგებით, ლოცვას შეუძლია აღმატებული ძალები მოგვცეს (მათე 26:41). იესომ „ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო, და შესმენილ იქნა ღვთისადმი შიშის გამო“ (ებრაელები 5:7).
18 მილაგროსმა, რომელიც 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებულ ქმარს უვლის, აღნიშნა: „როდესაც გულგატეხილობა მეუფლება, იეჰოვას მივმართავ ლოცვით. არავის შეუძლია ისეთი დახმარება აღმომიჩინოს, როგორც იეჰოვას. თუმცა დგება ისეთი წუთები, როცა ძალიან ცუდად ვარ; მას შემდეგ კი, რაც ლოცვით მივმართავ იეჰოვას, ყოველთვის ვგრძნობ, რომ მემატება ძალები და ხალისი მიბრუნდება“.
19, 20. რისი გაკეთება გვმართებს იმისათვის, რომ სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში გავიმარჯვოთ?
19 ეშმაკმა იცის, რომ მისი დრო იწურება და უფრო მეტად ცდილობს ჩვენს დამარცხებას (გამოცხადება 12:12, 17). საჭიროა შევეწინააღმდეგოთ ამ ძლიერ მტერს და ვიბრძოლოთ „რწმენის ღირსეულ ბრძოლაში“ (1 ტიმოთე 6:12). ეს მოითხოვს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). აგრეთვე გვჭირდება ღვთის წმინდა სულის დახმარება და ამიტომ უნდა ვილოცოთ ამისთვის. იესომ თქვა: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:13).
20 როგორც დავინახეთ, მნიშვნელოვანია იეჰოვასგან ბოძებული სრული საჭურვლით შემოსვა. თუ გვსურს, შევიმოსოთ სულიერი აღჭურვილობით, საჭიროა განვივითაროთ ღვთისთვის მოსაწონი რწმენა და ვისწრაფოთ სიმართლისკენ. აგრეთვე უნდა გვიყვარდეს ჭეშმარიტება და ასე ვთქვათ, შემოვისარტყლოთ წელი მისით. მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი შესაძლებლობისას სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად და უნდა შევინარჩუნოთ იმედი. აგრეთვე საჭიროა ვისწავლოთ სულის მახვილის დახელოვნებულად გამოყენება. ღვთის სრული საჭურვლით თუ შევიმოსებით, შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას ბოროტი სულების წინააღმდეგ ბრძოლაში და დიდებას მივაგებთ იეჰოვას სახელს (რომაელები 8:37—39).
[სქოლიოები]
a ესაიას წინასწარმეტყველებაში იეჰოვას შესახებ ნათქვამია, რომ „შეიმოსა სიმართლე, როგორც ჯავშანი“. ამიტომ ღმერთი მოითხოვს, რომ კრების ზედამხედველები სიმართლეს იცავდნენ და სამართლიანად მოქმედებდნენ (ესაია 59:14, 15, 17).
როგორ უპასუხებდით?
• ვინ გვაძლევს სულიერი საჭურვლის ტარების საუკეთესო მაგალითს და რატომ უნდა დავუკვირდეთ ყურადღებით ამას?
• როგორ შეგვიძლია გონებისა და სიმბოლური გულის დაცვა?
• როგორ შეგვიძლია დავხელოვნდეთ სულის მახვილის გამოყენებაში?
• რატომ უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ?
[სურათები 17 გვერდზე]
ბიბლიის გულმოდგინე შესწავლის შედეგად აღვიძვრებით, ნებისმიერი შესაძლებლობისას ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა.
[სურათები 18 გვერდზე]
მტკიცე იმედი გვეხმარება, განსაცდელებს გაბედულად შევხვდეთ.
[სურათები 19 გვერდზე]
იყენებთ „სულის მახვილს“ მსახურებაში?