მიენდე იეჰოვასა და მის სიტყვას
„შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი“ (ფსალმუნი 9:11).
1. რატომ შეგვიძლია დღეს კვლავაც მივენდოთ იეჰოვასა და მის სიტყვას?
დღევანდელ ქვეყნიერებაში მოწვევა, მივენდოთ ღმერთსა და მის სიტყვას, ბიბლიას, შეიძლება არაპრაქტიკული და არარეალური ჩანდეს. მაგრამ დრომ დაამტკიცა ღმერთის სიბრძნე. მამაკაცისა და ქალის შემოქმედი არის ქორწინებისა და ოჯახის დამფუძნებელი და მან ნებისმიერზე უფრო უკეთესად იცის, თუ რა გვჭირდება. ზუსტად ისევე, როგორც ადამიანის ძირითადი საჭიროებები არ შეცვლილა, მათი დაკმაყოფილების მთავარი საშუალებებიც უცვლელი დარჩა. მაგრამ ბიბლიის ბრძნული რჩევა, რომელიც საუკუნეების წინ დაიწერა, კვლავაც უზრუნველყოფს საუკეთესო ხელმძღვანელობას წარმატებული ცხოვრებისა და პრობლემების გადაწყვეტისთვის. უმაღლესად განვითარებულ, მეცნიერულ მსოფლიოშიც კი, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ რჩევის გათვალისწინება უზომო ბედნიერებას წარმოშობს!
2. ა) რომელი კარგი ნაყოფი მოაქვს ღმერთის მცნებებისადმი მორჩილებას იეჰოვას ხალხის ცხოვრებაში? ბ) კიდევ რას ჰპირდება იეჰოვა ადამიანებს, რომლებიც ემორჩილებიან მას და მის სიტყვას?
2 იეჰოვასადმი მინდობას და ბიბლიის პრინციპების გამოყენებას ყოველდღე მოაქვს პრაქტიკული სარგებლობა. ამის დამამტკიცებელ ფაქტს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში იეჰოვას მილიონობით მოწმის ცხოვრება, რომლებსაც აქვთ რწმენა და მხნეობა, რომ ბიბლიის რჩევა გამოიყენონ. შემოქმედისადმი და მისი სიტყვისადმი მინდობას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია (ფსალმუნი 9:10, 11). ღმერთის მცნებებისადმი მორჩილებამ უფრო უკეთეს ადამიანებად გახადა ისინი სისუფთავეში, პატიოსნებასა და შრომისმოყვარეობაში, სიცოცხლისა და სხვების საკუთრებისადმი პატივისცემაში და საჭმელ-სასმელში ზომიერებაში. მორჩილებამ გამოიწვია სათანადო სიყვარული და ოჯახურ წრეში ისეთი თვისებების განვითარება, როგორიცაა: სტუმართმოყვარეობა, მოთმინება, მოწყალება, მიმტევებლობა და კიდევ სხვა ურიცხვი რამ. უმეტეს შემთხვევაში, იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ აირიდონ გაბრაზებისა და სიძულვილის, მკვლელობისა და შურის, შიშისა და ზარმაცობის, სიამაყისა და ტყუილის, ცილისწამების, უწესრიგობისა და უზნეობის ცუდი ნაყოფები (ფსალმუნი 31:10). მაგრამ თავისი კანონების დამცველებს ღმერთი არა მხოლოდ კეთილ შედეგს ჰპირდება, არამედ მეტსაც აკეთებს. იესომ თქვა, რომ ისინი, ვინც ქრისტიანულ გზას მიჰყვებიან, ‘ასწილად მიიღებენ ახლა, ამჟამად დედებსა და შვილებს და ყანებს ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში — საუკუნო სიცოცხლეს’ (მარკოზი 10:29, 30).
მოერიდე ქვეყნიურ სიბრძნეზე დანდობას
3. რომელ პრობლემებს ხვდებიან დროდადრო ქრისტიანები, როცა აგრძელებენ იეჰოვასა და მის სიტყვაზე დანდობას?
3 არასრულყოფილი ადამიანების პრობლემას წარმოადგენს მიდრეკილება, შეამცირონ ან დაივიწყონ ღმერთის მოთხოვნები. ისინი მზად არიან იფიქრონ, რომ საუკეთესო ცოდნა აქვთ ან რომ ამ ქვეყნიერების ინტელიგენციის სიბრძნე ღმერთისას აღემატება, რომ ის უფრო შეესატყვისება თანამედროვე მოთხოვნილებებს. ამ ქვეყნიერებაში მცხოვრებ ღმერთის მსახურებშიც შეიძლება ასეთი აზრების განვითარება. ამიტომ თავისი რჩევის მოსასმენად უფრო მეტი ხალხის სიყვარულით მოწვევისას, ჩვენი ზეციერი მამა სათანადოდ გვაფრთხილებს: „შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩემი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა, დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ. ესავდე [მიენდე, აქ] უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს. ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე“ (იგავნი 3:1, 2, 5–7).
4. რამდენად გავრცელებულია „წუთისოფლის სიბრძნე“ და რატომ არის ის ‘უგუნურება ღვთის წინაშე’?
4 ამქვეყნიური სიბრძნის ნახვა, რომლის არაერთი წყარო არსებობს ყველგან შეიძლება. არსებობს მრავალი სასწავლო დაწესებულება და ‘ბევრი წიგნების წერას ბოლო არა აქვს’ (ეკლესიასტე 12:12). დღეს კომპიუტერული სამყაროს ეგრეთ წოდებული საინფორმაციო სუპერქსელი თითქმის ნებისმიერ საკითხში ჰპირდება განუსაზღვრელი ინფორმაციით უზრუნველყოფას. მაგრამ ის, რომ ქვეყნიერებას ასეთი ცოდნა აქვს, არ ხდის მას უფრო ბრძენს და არ წყვეტს მის პრობლემებს. პირიქით, ქვეყნიერების მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ამიტომ გასაგებია, როცა ბიბლია ამბობს, რომ „წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე“ (1 კორინთელთა 3:19, 20).
5. რა გაფრთხილებებს გვაძლევს ბიბლია ‘წუთისოფლის სიბრძნესთან’ დაკავშირებით?
5 უკანასკნელი დღეების ბოლო პერიოდში მხოლოდ ერთია მოსალოდნელი, რომ მთავარი მაცდური, სატანა ეშმაკი, ტყუილის ზვავს ჩამოაწვენს ადამიანებზე, რათა ძირი გამოუთხაროს ბიბლიის სიმართლისადმი მათ ნდობას. ბიბლიის კრიტიკოსები აქვეყნებენ დიდი რაოდენობის სპეკულაციურ წიგნებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ბიბლიის უტყუარობასა და საიმედოობას. პავლე აფრთხილებდა თანაქრისტიანს: „ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ“ (1 ტიმოთე 6:20, 21). შემდეგ ბიბლია გვაფრთხილებს: „გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით, და არა ქრისტეს მიხედვით“ (კოლასელთა 2:8).
შეებრძოლე დაეჭვებისკენ მიდრეკილებას
6. რატომ უნდა ვიფხიზლოთ, რომ ხელი შევუშალოთ ეჭვებს ფესვი გაიდგან ჩვენს გულში?
6 ეშმაკის სხვა მზაკვრულ ტაქტიკას წარმოადგენს გონებაში ეჭვების ჩათესვა. ის ადრინდელზე უფრო მეტად ცდილობს, რომ ჩვენს რწმენაში დაინახოს რამე სისუსტე და გამოიყენოს ის. ნებისმიერს, ვისაც ეჭვები აქვს, უნდა ახსოვდეს, რომ ამ ეჭვების უკან დგას პიროვნება, რომელმაც ევას უთხრა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?“ როგორც კი მაცდურმა ეჭვი ჩაუთესა გონებაში, შემდეგი ნაბიჯი იყო ტყუილის თქმა, რომელიც ევამ დაიჯერა (დაბადება 3:1, 4, 5). რათა მოვერიდოთ ევას ეჭვის მსგავსი ეჭვით ჩვენი რწმენის განადგურებას უნდა ვიფხიზლოთ. თუ შენს გულში იეჰოვას, მისი სიტყვისა და ორგანიზაციის შესახებ მცირე ეჭვიც კი იბუდებს, მიიღე სასწრაფო ზომები მის აღმოსაფხვრელად სანამ გადაიქცევა რაღაცად, რაც შენი რწმენის განადგურებას შეძლებს (შეადარე 1 კორინთელთა 10:12).
7. რისი გაკეთება შეიძლება ეჭვების ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად?
7 რა შეგვიძლია გავაკეთოთ? პასუხი კვლავ ასეთია — მივენდოთ იეჰოვასა და მის სიტყვას. „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა. ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარის აღძრულსა და მიმოტაცებულს“ (იაკობი 1:5, 6; 2 პეტრე 3:17, 18). ამიტომ პირველი ნაბიჯი არის იეჰოვასადმი გულწრფელი ლოცვა (ფსალმუნი 61:9). შემდეგ უყოყმანოდ სთხოვე დახმარება მოსიყვარულე უხუცესებს კრებაში (საქმეები 20:28; იაკობი 5:14, 15; იუდა 22). ისინი დაგეხმარებიან, გამოიძიო შენი ეჭვების წყარო, რომლებიც შესაძლოა სიამაყით ან სხვა მცდარი ფიქრებით არის გამოწვეული.
8. ხშირ შემთხვევაში, როგორ იწყება განდგომილობისთვის დამახასიათებელი აზროვნება და რა არის მისი საწინააღმდეგო საშუალება?
8 წარმოშობს თუ არა განდგომილობისთვის დამახასიათებელი იდეებისა და ქვეყნიური ფილოსოფიის წაკითხვა და მოსმენა შხამიან ეჭვებს? ბიბლია ბრძნულად გვირჩევს: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად. მოერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას, რომელსაც უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისაკენ. მათი სიტყვა ღია წყლულივითაა, რომელიც ჭამს ხორცს“ (2 ტიმოთე 2:15–17). საინტერესოა, რომ მრავალ მათგანს, ვინც განდგომილების მსხვერპლი გახდა, მცდარი აზროვნება დაეწყო პირველი ჩივილით იმის შესახებ, თუ, თავიანთი თვალსაზრისით, როგორ ეპყრობოდნენ მათ იეჰოვას ორგანიზაციაში (იუდა 16). შემდეგი იყო მოძღვრებაში შეცდომების პოვნა. ქირურგის მსგავსად, რომელიც განგრენიანი ნაწილის მოსაკვეთად სწრაფად მოქმედებს, შენც სწრაფად იმოქმედე, რომ ძირფესვიანად ამოაგდო გონებიდან მიდრეკილება ჩივილისადმი და იმით უკმაყოფილება, თუ როგორ წყდება საკითხები ქრისტიანულ კრებაში (კოლასელთა 3:13, 14). მოკვეთე ყოველივე, რაც კვებავს ასეთ ეჭვებს (მარკოზი 9:43).
9. როგორ დაგვეხმარება ყოველდღიური თეოკრატიული ცხოვრება დავრჩეთ ჯანმრთელები რწმენაში?
9 ჩაეჭიდე იეჰოვასა და მის ორგანიზაციას. ერთგულად მიჰბაძე პეტრეს, რომელმაც მტკიცედ განაცხადა: „უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს“ (იოანე 6:52, 60, 66–68). გქონდეს იეჰოვას სიტყვის შესწავლის კარგი გეგმა, რათა შეინარჩუნო მტკიცე რწმენა, როგორც დიდი ფარი, რომლითაც შესძლებ „ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას“ (ეფესელთა 6:16). სხვებთან სამეფოს შესახებ ცნობის მოსიყვარულედ გაზიარების საშუალებით შეინარჩუნე აქტიურობა ქრისტიანულ მსახურებაში. ყოველდღე იფიქრე, თუ როგორ გაკურთხა იეჰოვამ და დააფასე ეს. მადლიერი იყავი, რომ მიიღე შემეცნება შეჭმარიტების შესახებ. ყოველდღიურ ქრისტიანულ ცხოვრებაში ყოველივე ამის შესრულება დაგეხმარება, იყო ბედნიერი, მომთმენი და დარჩე ეჭვებისგან თავისუფალი (ფსალმუნი 39:5; ფილიპელთა 3:15, 16; ებრაელთა 6:10–12).
მიჰყევი იეჰოვას ხელმძღვანელობას ქორწინებაში
10. რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მივენდოთ იეჰოვას ხელმძღვანელობას ქრისტიანულ ცოლ-ქმრობაში?
10 მამაკაცისა და ქალისთვის, როგორც დაქორწინებული წყვილის ერთობლივი ცხოვრების მომზადებისას, იეჰოვას არა მხოლოდ ის ჰქონდა განზრახული, რომ დედამიწა ადამიანებით გაევსო, არამედ აგრეთვე უფრო მეტად გაებედნიერებინა ისინი. მაგრამ ცოდვამ და არასრულყოფილებამ სერიოზული პრობლემები შემოიტანა დაქორწინებულთა ურთიერთობაში. ამისგან არც ქრისტიანები არიან დაზღვეულები, რადგან ისინიც არასრულყოფილები არიან და დღევანდელი ცხოვრების ზეგავლენას განიცდიან. მიუხედავად ამისა, სანამ იეჰოვასა და მის სიტყვაზე არიან მინდობილი, ქრისტიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ წარმატება ქორწინებასა და ბავშვების აღზრდაში. ქრისტიანულ ქორწინებაში არა აქვს ადგილი ქვეყნიურ ჩვევებსა და ყოფაქცევას. ღმერთის სიტყვა გვარიგებს: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (ებრაელთა 13:4).
11. რა უნდა ესმოდეს ორივე მეუღლეს ქორწინებაში წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის დროს?
11 ქორწინებაში, რომელიც ბიბლიის რჩევის თანახმად სრულდება, სუფევს სიყვარული, ვალდებულებების შესრულება და უსაფრთხოება. ორივეს, ქმარსა და ცოლს, ესმით მეთაურობის პრინციპი და პატივისცემით ეპყრობიან მას. როცა სირთულეები წამოიჭრება, მათ, ხშირად, ბიბლიის რჩევის უგულებელყოფა იწვევს. გაჭიანურებული პრობლემის გადაჭრისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მეუღლემ გულწრფელად მიაქციოს ყურადღება იმას, თუ სინამდვილეში რა არის პრობლემა და გაუმკლავდნენ უფრო მიზეზებს, ვიდრე სიმპტომებს. თუ საბოლოო საუბრების შედეგად ისინი მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმებიან ერთმანეთს ან საერთოდ არ ეთანხმებიან, მიუკერძოებელი დახმარებისთვის წყვილს შეუძლია სთხოვოს მოსიყვარულე ზედამხედველს.
12. ა) ცოლ-ქმრობაში ფართოდ გავრცელებულ რომელ პრობლემებთან დაკავშირებით იძლევა ბიბლია რჩევას? ბ) რატომ არის აუცილებელი, რომ ორივე მეუღლემ გააკეთოს ყველაფერი ისე, როგორც იეჰოვას სურს?
12 ეხება თუ არა ეს პრობლემა კომუნიკაციას, ერთმანეთის გრძნობებისა და მეთაურობის პრინციპისადმი პატივისცემას ან გადაწყვეტილებების მიღების მეთოდს? დაკავშირებულია თუ არა ის შვილების აღზრდასთან ან სექსუალური მოთხოვნილებების გაწონასწორებასთან? თუ ეს არის ოჯახის ბიუჯეტი, დასვენება, ურთიერთობა, ცოლის მუშაობის აუცილებლობა ან საცხოვრებელი ადგილი? რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ბიბლია იძლევა პრაქტიკულ რჩევას, იქნება ეს პირდაპირ მოცემული კანონების თუ პრინციპების საშუალებით (მათე 19:4, 5, 9; 1 პეტრე 3:1–7; 1 კორინთელთა 7:1–40; ეფესელთა 5:21–23, 28–33; 6:1–4; კოლასელთა 3:18–21; ტიტე 2:4, 5). როცა ორივე მეუღლე თავს იკავებს ეგოისტური მოთხოვნებისგან და ქმნის შესაძლებლობას, რომ სიყვარული სრულად გამოვლინდეს მათ ცოლ-ქმრობაში, შედეგს უფრო დიდი ბედნიერება მოაქვს. ორივე მეუღლეს უნდა ჰქონდეს უდიდესი სურვილი, მოახდინონ საჭირო ცვლილებები, გააკეთონ ყველაფერი ისე, როგორც იეჰოვას სურს. „საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია“ (იგავნი 16:20).
ახალგაზრდებო — მოუსმინეთ ღმერთის სიტყვას
13. რატომ არ არის ადვილი ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის, რომ იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი რწმენაში მტკიცენი იზრდებოდნენ?
13 ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის არ არის ადვილი რომ რწმენაში მტკიცენი იზრდებოდნენ, როცა მათ გარშემო ბოროტი ქვეყნიერებაა. ერთი მიზეზი ის არის, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის“, სატანა ეშმაკის „ძალაუფლებაში წევს“ (1 იოანე 5:19, აქ). ახალგაზრდები განიცდიან ამ ბოროტი მტრის თავდასხმას, რომელსაც შეუძლია ბოროტი კეთილად მოაჩვენოს. საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება, ეგოისტური მიზნები, უზნეობისა და სისასტიკისადმი მგზნებარე სურვილი და გართობით გადამეტებული გატაცება — ყოველივე ეს ერთად აღებული, ხდება აზროვნების ჩვეულებრივ, გაბატონებულ ნიმუშად, რომელიც აღწერილია ბიბლიაში როგორც ‘სული, რომელიც ამჟამად ურჩ შვილებში მოქმედებს’ (ეფესელთა 2:1–3). სატანა მოხერხებულად უწყობს ხელს ამ ‘სულს’ სკოლის სახელმძღვანელოებში, მუსიკის უმეტეს ნაწილში, სპორტში და გართობის სხვა სახეობებში. მშობლებმა უნდა იფხიზლონ, რათა გააბათილონ ასეთი ზეგავლენა იმით, რომ დაეხმარონ შვილებს გაიზარდონ იეჰოვასა და მის სიტყვაზე მინდობით.
14. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ‘გაექცნენ ყმაწვილკაცურ გულისთქმებს’?
14 პავლემ მამობრივად ურჩია თავის ახალგაზრდა თანამშრომელს, ტიმოთეს: „ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს“ (2 ტიმოთე 2:22). მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ‘ყმაწვილკაცური გულისთქმა’ ცუდი არ არის, ახალგაზრდები იმ გაგებით უნდა ‘გაექცნენ’ მათ, რომ არ დაუშვან, ასეთმა საქმეებმა ღვთიური საქმიანობისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავონ და მისთვის მცირე დრო დატოვონ, რომელიც შეიძლება არც კი დარჩეს. ათლეტიზმი, სპორტი, მუსიკა, გართობა, მრავალი ჰობი და მოგზაურობა, რომლებიც მაინც და მაინც არ წარმოადგენენ მცდარ მოქმედებებს, შეიძლება მახედ იქცნენ, თუ დიდი ადგილი უკავიათ ცხოვრებაში. სრულიად გაექეცით ფუჭ საუბარს, უსაქმოდ ხეტიალს, სექსისადმი არანორმალურ ინტერესს, უმოქმედობას, მოწყენილობასა და უკმაყოფილების გამოთქმას, რომ მშობლები ვერ გიგებენ.
15. რა შეიძლება მოხდეს სახლში მარტო ყოფნის დროს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, იცხოვრონ გაორებული ცხოვრებით?
15 სახლში მარტო ყოფნის დროსაც კი ახალგაზრდებს შეიძლება საფრთხე დარაჯობდეს. თუ უზნეობითა და სისასტიკით აღსავსე ტელეგადაცემებსა და ვიდეოფილმებს უყურებენ, მათ შეიძლება ცუდი საქმეებისადმი სურვილი ჩაენერგოს (იაკობი 1:14, 15). ბიბლია გვირჩევს: „უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“ (ფსალმუნი 96:10; 113:19). იეჰოვამ იცის თუ ვინმე ცდილობს გაორებული ცხოვრებით იცხოვროს (იგავნი 15:3). ქრისტიანო ახალგაზრდებო, მიმოიხედეთ თქვენს ოთახში. ხომ არა გაქვთ გამოფენილი პლაკატები სპორტის ან მუსიკალური სამყაროს უზნეო ვარსკვლავების სურათებით, თუ სასარგებლო საგნები გაქვთ ჩამოკიდებული, რომლებიც კარგს შეგახსენებენ? (ფსალმუნი 100:3). გაქვთ თუ არა ტანსაცმლის კარადაში მოკრძალების გამომხატველი ტანსაცმელი, თუ მისი ნაწილი ამ ქვეყნიერების ექსტრავაგანტური ჩაცმულობის სტილს ირეკლავს? თავისი შენიღბული მეთოდებით ეშმაკს შეუძლია გაგაბათ მახეში თუ დაუშვებთ, რომ ცდუნდეთ და ბოროტი იგემოთ. ბიბლია ბრძნულად გვირჩევს: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8).
16. როგორ შეუძლია ბიბლიურ რჩევას დაეხმაროს ახალგაზრდას, რომ ყველამ, ვინც მისთვის ძვირფასია, იამაყოს მისით?
16 ბიბლია გეუბნებათ, რომ ფხიზლად უყურებდეთ, თუ როგორია თქვენი საზოგადოება (1 კორინთელთა 15:33). თქვენი მეგობრები უნდა იყვნენ ისინი, ვისაც იეჰოვასადმი შიში აქვთ. არ დაუშვათ, რომ თანატოლებმა ზეგავლენა მოახდინონ თქვენზე (ფსალმუნი 55:12; იგავნი 29:25). ღმერთის მოშიში მშობლების მორჩილი იყავით (იგავნი 6:20–22; ეფესელთა 6:1–3). ხელმძღვანელობისა და გამხნევებისთვის უხუცესებს მიენდეთ (ესაია 32:1, 2). მუდამ გახსოვდეთ და თვალწინ გქონდეთ სულიერი ფასეულობები და მიზნები. ეძებეთ შესაძლებლობა სულიერი წარმატებისა და კრების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. ისწავლეთ, თუ როგორ გააკეთოთ საგნები თქვენი ხელით. გაიზარდეთ ძლიერები და ჯანმრთელები რწმენაში და მოგვიანებით დაამტკიცებთ, რომ ნამდვილად ვიღაცას წარმოადგენთ — ვიღაცას, ვინც ღირსია იცხოვროს იეჰოვას ახალ ქვეყნიერებაში! თქვენით — ჩვენი ზეციერი მამა იამაყებს, მიწიერი მშობლები დატკბებიან და ქრისტიანი და-ძმები გამხნევდებიან. აი, რა არის მნიშვნელოვანი! (იგავნი 4:1, 2, 7, 8).
17. რა სარგებლობას მიიღებენ ისინი, ვინც ენდობიან იეჰოვასა და მის სიტყვას?
17 ინსპირირებულმა ფსალმუნმომღერალმა პოეტურ ფრაზაში გამოთქვა: „უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ. უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი“ (ფსალმუნი 83:12, 13). დიახ, გულგატეხილობისა და წარუმატებლობის ნაცვლად, ბედნიერება და წარმატება ექნება ყველას, ვინც მინდობილია იეჰოვასა და მის სიტყვაზე, ბიბლიაზე (2 ტიმოთე 3:14, 16, 17).
როგორ უპასუხებდი?
◻ რატომ არ უნდა დაენდონ ქრისტიანები ‘წუთისოფლის სიბრძნეს’?
◻ რა უნდა გაკეთდეს თუ ვინმეს ეჭვები აქვს?
◻ როგორ მოაქვს წარმატება და ბედნიერება ცოლ-ქმრობაში იეჰოვას ნების თანახმად შესრულებულ საქმეებს?
◻ როგორ ეხმარება ბიბლია ახალგაზრდებს ‘გაექცნენ ყმაწვილკაცურ გულისთქმებს’?
[სურათი 29-ე გვერდზე]
ქრისტიანები მიმართავენ იეჰოვასა და მის სიტყვას და უარყოფენ ‘წუთისოფლის სიბრძნეს’, როგორც უგუნურებას.
[სურათი 31-ე გვერდზე]
იეჰოვასა და მის სიტყვაზე მინდობილ ოჯახებს აქვთ კარგი წარმატება და ბედნიერება.