ეწინააღმდეგები თუ არა წუთისოფლის სულს?
„ჩვენ მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღმერთისაგან“ (1 კორინთელთა 2:12).
1, 2. შხამიანი აირის გაპარვის შედეგად რა ტრაგედია მოხდა ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში, ხოლო რომელი უფრო სასიკვდილო „აირით“ სუნთქავენ ქვეყნიერებაზე?
დეკემბრის ცივ ღამეს, 1984 წელს, ბჰოპალში (ინდოეთი) მოხდა შემაძრწუნებელი რამ. ქალაქში მდებარეობს ქიმიური ქარხანა, რომელშიც იმ დეკემბრის ღამეს დაზიანდა აირის შემნახველი ავზის დამცავი სარქველი. მოულოდნელად ჰაერი ტონობით მეთილიზოციანატით გაიჟღინთა. ქარით ატაცებულმა სასიკვდილო აირმა გაავსო სახლები, სადაც ადამიანებს ეძინათ. ათასობით ადამიანი დაიღუპა, უფრო მეტი დასახიჩრდა. იმ დროისთვის, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევებისგან, ეს ყველაზე შემაზრზენი იყო.
2 ხალხი შეძრწუნებული იყო, როდესაც ისმენდა ბჰოპალში მომხდარი შემთხვევის შესახებ. მაგრამ, ამ სასიკვდილო აირისგან დაიღუპა ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი, ვიდრე სულიერი „აირისგან“, რომლითაც ადამიანები მთელ ქვეყნიერებაში ყოველდღე სუნთქავენ. ბიბლია მას ‘წუთისოფლის სულს’ უწოდებს. ზუსტად ეს მომაკვდინებელი ატმოსფერო დაუპირისპირა მოციქულმა პავლემ ღმერთისგან გამომდინარე სულს, როდესაც თქვა: „ხოლო ჩვენ მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღმერთისაგან, რათა ვიცოდეთ ღმერთისაგან ჩვენთვის მონიჭებული“ (1 კორინთელთა 2:12).
3. რა არის „წუთისოფლის სული“?
3 რა არის ‘წუთისოფლის სულის’ ზუსტი მნიშვნელობა? „ახალი აღთქმის ტაიერის ახალი ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის“ (ინგლ.) თანახმად, სიტყვა „სული“-ს (ბერძ. პნეუმა) ძირითადი მნიშვნელობა არის „განწყობილება ან ზემოქმედება, რომელიც ავსებს და მართავს პიროვნების სულს“. პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს კარგი თუ ცუდი სული ანუ განწყობილება (ფსალმუნი 50:12; 2 ტიმოთე 4:22). ადამიანთა ჯგუფსაც შეიძლება ჰქონდეს სული, ანუ გაბატონებული განწყობილება. მოციქულმა პავლემ მისწერა თავის მეგობარს, ფილიმონს: „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან“ (ფილიმონი 25). მსგავსად ამისა, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით, ქვეყნიერებას მთლიანობაში აქვს ზუსტად ის გაბატონებული განწყობილება, რომელიც პავლემ მოიხსენია, როგორც „წუთისოფლის სული“. ვინსენტის ნაშრომის „ახალი აღთქმის სიტყვების გამოკვლევის“ (ინგლ.) თანახმად „ეს გამოთქმა ნიშნავს ბოროტების პრინციპს, რომელიც ამოძრავებს მოუნანიებელ ქვეყნიერებას“. ეს არის ცოდვილი მიდრეკილება, რომელიც იჟღინთება ამ ქვეყნიერების აზროვნებაში და ძლიერ ზეგავლენას ახდენს ადამიანთა მოქმედებებზე.
4. ვისგან გამომდინარეობს ქვეყნიერების სული და როგორ მოქმედებს ეს სული ადამიანებზე?
4 ეს სული საზიანოა. რატომ? იმიტომ, რომ გამომდინარეობს ‘ამ ქვეყნიერების მთავრისგან’, სატანისგან. ზუსტად ამიტომ ეწოდება მას ‘ჰაერში გაბატონებული მთავარი — სული, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს’ (იოანე 12:31; ეფესელთა 2:2). ძალიან რთულია, გაექცე ამ ‘ჰაერს’ ანუ ‘სულს, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს’. ის ადამიანთა საზოგადოებაში ყველგან სუფევს. თუ ვისუნთქავთ მას, ვიწყებთ მისი პოზიციისა და მიზნების ათვისებას. ამ ქვეყნიერების სული აღგვძრავს, ‘ვიცხოვროთ ხორციელად’, ესე იგი ჩვენს ცოდვილ არასრულყოფილებასთან შეთანხმებულად. მას მიჰყავს სიკვდილისკენ, „ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ“ (რომაელთა 8:13).
ამ ქვეყნიერების სულისგან თავის არიდება
5. ბჰოპალში მომხდარი უბუდურების დროს, როგორ მოიქცა ერთ-ერთი მოწმე ბრძნულად?
5 ბჰოპალში მომხდარი უბედურების დროს, იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე გააღვიძა სირენების ხმაურმა და მომწამლავი აირის მძაფრმა სუნმა. მან დაუყოვნებლივ ააყენა ოჯახი და სწრაფად გაიყვანა ქუჩაში. ქარის მიმართულების დასადგენად შეჩერების შემდეგ, მან გაიკაფა გზა ხალხის უწესრიგო ბრბოში და გაიყვანა თავისი ოჯახი ქალაქგარეთ, მაღლობზე. აქ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, აევსოთ ფილტვები სუფთა ჰაერით, რომელიც ახლომდებარე ტბიდან უბერავდა.
6. სად შეგვიძლია შევაფაროთ თავი ამ ქვეყნიერების სულისგან?
6 არსებობს თუ არა ისეთი მაღლობი, სადაც შეგვიძლია თავი შევაფაროთ ამ ქვეყნიერების მომაკვდინებელ „ჰაერს“? ბიბლია ამბობს, რომ არსებობს. ჩვენი დღეების მოლოდინში, წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა — იერუსალიმიდან“ (ესაია 2:2, 3). წმინდა თაყვანისმცემლობის მაღლობი, აღმართული „უფლის სახლის მთა“, არის ერთადერთი ადგილი ამ პლანეტაზე, რომელიც თავისუფალია ამ ქვეყნიერების მხუთავი და მომწამლავი სულისგან. ეს არის ადგილი, სადაც ერთგულ ქრისტიანებს შორის თავისუფლად მოედინება იეჰოვას სული.
7. როგორ არის დაცული მრავალი ადამიანი ამ ქვეყნიერების სულისგან?
7 მრავალმა, ვინც ადრე სუნთქავდა ამ ქვეყნიერების სულით, ბჰოპალში მცხოვრები მოწმის მსგავსად, იგრძნო შემსუბუქება. ‘ურჩი ძეების’ შესახებ საუბრის შემდეგ, რომლებიც სუნთქავენ ამ ქვეყნიერების ჰაერით, ანუ სულით, მოციქულმა პავლემ თქვა: „ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა . . . გაგვაცხოველმყოფელა ქრისტესთან ერთად“ (ეფესელთა 2:3–5). ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ამ სისტემის მომაკვდინებელი ჰაერით სუნთქავენ — სულიერი გაგებით მკვდრები არიან. მაგრამ, მადლობა იეჰოვას, დღეს მილიონობით ადამიანი ისწრაფვის სულიერი მაღლობისკენ და გაურბის ამ სასიკვდილო მდგომარეობას.
‘წუთისოფლის სულის’ სხვადასხვაგვარი გამოვლინება
8, 9. ა) რა გვიჩვენებს, რომ ამ ქვეყნიერების სულისგან თავის ასარიდებლად უნდა შევინარჩუნოთ განუწყვეტელი სიფხიზლე? ბ) როგორ შეუძლია სატანის სულს გარყვნას ჩვენი აზროვნება?
8 სატანისგან გამომდინარე სიკვდილის მომტანი ჰაერი ჯერ კიდევ ტრიალებს ჩვენს გარშემო. უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ არასდროს დავეშვათ უკან, ქვეყნიერებაში, სადაც შეიძლება გავიგუდოთ სულიერად. ყოველივე ეს საჭიროებს განუწყვეტელ სიფხიზლეს (ლუკა 21:36; 1 კორინთელთა 16:13). მაგალითად, განიხილე შემდეგი ფაქტი. ყველა ქრისტიანი გათვითცნობიერებულია იეჰოვასგან გამომდინარე ზნეობრივ ნორმებში და არასდროს დაეთანხმება აზრს, რომ ისეთი არაწმინდა ჩვეულებები, როგორიცაა: მრუშობა, გარყვნილება და ჰომოსექსუალიზმი მისაღებია. მაგრამ, იეჰოვას ორგანიზაციიდან ყოველწლიურად ირიცხება დაახლოებით 40 000 ადამიანი. რატომ? უმეტეს შემთხვევაში ამ არაწმინდა ჩვეულებების გამო. როგორ ხდება ყოველივე ეს?
9 მიზეზი ისაა, რომ ყველა არასრულყოფილები ვართ. სხეული სუსტია და ამიტომ, განუწყვეტლივ გვიწევს ბრძოლა ჩვენი გულიდან გამომავალი ცოდვილი მიდრეკილებების წინააღმდეგ (ეკლესიასტე 7:20; იერემია 17:9). მაგრამ, ქვეყნიერების სული ხელს უწყობს ამ ცოდვილ მიდრეკილებებს. ქვეყნიერებაში მცხოვრები მრავალი ადამიანი ცუდს ვერაფერს ხედავს უზნეობაში, ხოლო ის აზრი, რომ ყველაფერი ნებადართულია, სატანის სისტემის იდეური მიმართულების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ ასეთი ფიქრებით საფრთხეში ვვარდებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ქვეყნიერების მსგავსად დავიწყებთ აზროვნებას. მოკლე ხანში კი ასეთი არაწმინდა აზრები წარმოშობენ ცოდვილ სურვილებს, რომლებიც საბოლოოდ წარმოქმნიან სერიოზულ ცოდვას (იაკობი 1:14, 15). ჩვენ მივატოვებთ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის მთას და აღმოვჩნდებით სატანის ქვეყნიერების მოწამლულ დაბლობში. ვერც ერთი მათგანი, ვინც იქ ნებაყოფლობით რჩება, ვერ დაიმკვიდრებს მარადიულ სიცოცხლეს (ეფესელთა 5:3–5, 7).
10. რა არის სატანის ჰაერის კიდევ ერთი გამოვლინება და რატომ უნდა მოერიდონ მას ქრისტიანები?
10 ამქვეყნიერების სული ჩვენს გარშემო ყველგან არის. მაგალითად, მრავალი ადამიანი დაუფიქრებლად და სარკასტულად ეკიდება ცხოვრებას. გამყიდველი ან უხეირო პოლიტიკური მოღვაწეებისა და უზნეო, ძუნწი რელიგიური ბელადების მიერ იმედგაცრუებულნი, ისინი სერიოზული საგნების შესახებაც კი უპატივცემულოდ ლაპარაკობენ. ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან ასეთ მიდრეკილებებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვქონდეს იუმორის საღი გრძნობა, ჩვენ ვერიდებით კრებაში უპატივცემულობის სარკასტული სულის შემოტანას. ქრისტიანთა მეტყველება გამოხატავს გულის სიწმინდესა და შიშს იეჰოვას წინაშე (იაკობი 3:10, 11; შეადარე იგავნი 6:14). იმისგან დამოუკიდებლად, ახალგაზრდები ვართ თუ ხანში შესულნი, ჩვენი მეტყველება ‘ყოველთვის მადლით იყოს. . . მარილით შეზავებული, რათა ვიცოდეთ, როგორ ვუპასუხოთ თითოეულს’ (კოლასელთა 4:6).
11. ა) კიდევ რა მიდრეკილებები აქვს ქვეყნიერების სულს? ბ) რატომ განსხვავდებიან ქრისტიანები მათგან, ვინც ირეკლავს ამ მიდრეკილებას?
11 კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მიდრეკილება, რომელიც ირეკლავს ამ ქვეყნიერების სულს არის სიძულვილი. ქვეყნიერება დაყოფილია სიძულვილითა და მტრობით, რომელიც დამყარებულია რასობრივ, ეთნიკურ, ნაციონალისტურ და ინდივიდუალურ სხვაობებზეც კი. რამდენად უკეთესია ყველაფერი იქ, სადაც მოქმედებს ღმერთის სული! მოციქული პავლე წერდა: „არავის არ მიუგოთ ბოროტისათვის ბოროტი; ეცადეთ კეთილი ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: ჩემია შურისგება და მე მივაგებ, ამბობს უფალი. ამიტომ თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით“ (რომაელთა 12:17–21).
12. რატომ ერიდებიან ქრისტიანები მატერიალიზმს?
12 აგრეთვე, ქვეყნიერების სული აღძრავს სწრაფვას მატერიალიზმისკენ. კომერციული სამყაროს გავლენით მრავალი შეპყრობილია ფიქრით, შეიძინოს უკანასკნელი სიახლე, მოდური ტანსაცმელი, მანქანის უახლესი მოდელი. მათ იმონებს „თვალთა გულისთქმა“ (1 იოანე 2:16). უმრავლესობისთვის ბედნიერება ცხოვრებაში შემოიფარგლება სახლის ფართობით ან ანგარიშით ბანკში. ქრისტიანები, რომლებიც იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის ამაღლებულ მთაზე სუნთქავენ სუფთა სულიერი ჰაერით, ეწინააღმდეგებიან ამ მიდრეკილებას. მათ იციან, რომ მატერიალური საგნებისკენ სწრაფვა შეიძლება დამღუპველი იყოს (1 ტიმოთე 6:9, 10). იესო შეახსენებდა თავის მოწაფეებს: „ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).
13. როგორია ამ ქვეყნიერების სულის ზოგიერთი დამატებითი გამოვლინება?
13 ამქვეყნიერების მავნებელი „ჰაერის“ კიდევ სხვა მრავალი გამოვლინება არსებობს. მათგან ერთ-ერთი აჯანყების სულია (2 ტიმოთე 3:1–3). თუ შეგინიშნავს, რომ მრავალი ადამიანი მეტად აღარ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან? თუ დაკვირვებიხარ შენს სამსახურში ფართოდ გავრცელებულ ჩვეულებას, რომ მრავალი არ მუშაობს, სანამ სინამდვილეში ვინმე თვალყურს არ ადევნებს? რამდენს იცნობ, ვინც არღვევს კანონებს — შესაძლოა, თაღლითობს გადასახადების დროს და ქურდობს სამსახურში? თუ ჯერ სკოლაში სწავლობ, ხომ არ აგცრუებია გული უკეთესად სწავლაზე იმის გამო, რომ შენი კლასელები ზიზღით უყურებენ კარგ მოსწავლეებს? ყოველივე ეს არის ქვეყნიერების სულის მრავალი გამოვლინება, რომელსაც ქრისტიანებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ.
როგორ ვეწინააღმდეგოთ ამ ქვეყნიერების სულს
14. რა მხრივ განსხვავდებიან ქრისტიანები არაქრისტიანებისგან?
14 მაგრამ, როგორ შეგვიძლია წინააღვუდგეთ ქვეყნიერების სულს, როდესაც სინამდვილეში ვცხოვრობთ ამ ქვეყნიერებაში? უნდა გვახსოვდეს, რომ სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, სულიერად ჩვენ არა ვართ ქვეყნიერების ნაწილი (იოანე 17:15, 16). ჩვენი მიზნები არ არის ქვეყნიერების მიზნების მსგავსი. ჩვენი თვალსაზრისი საგნებზე სრულიად განსხვავებულია. ჩვენ ვართ სულიერი ადამიანები, ამრიგად, ვლაპარაკობთ და ვაზროვნებთ „არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან შესწავლილით, სულიერს სულიერით განვმარტავთ“ (1 კორინთელთა 2:13).
15. როგორ შეგვიძლია წინააღვუდგეთ ამ ქვეყნიერების სულს?
15 რა უნდა აკეთოს ადამიანმა თუ აღმოაჩინა, რომ იმყოფება შხამიანი აირით გაჟღენთილ რაიონში? მას შეუძლია გაიკეთოს სუფთა ჰაერის მარაგით აღჭურვილი აირწინაღი ან ფიზიკურად მოსცილდეს იმ ადგილს. ამ ორი მეთოდის გაერთიანება ხელს უწყობს სატანის ჰაერისგან გაქცევას. რამდენადაც შესაძლებელია, ჩვენ ვცდილობთ ფიზიკურად მოვცილდეთ ყველაფერს, რაც შესაძლებლობას აძლევს ქვეყნიერების სულს, იმოქმედოს ჩვენს აზროვნებაზე. ამრიგად, ჩვენ ვერიდებით ცუდ საზოგადოებას და არ ვიგდებთ საკუთარ თავს ისეთი გართობების საფრთხეში, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას, უზნეობას, სპირიტიზმს, აჯანყებას ან ხორცის ნებისმიერ საქმეს (გალატელთა 5:19–21). მაგრამ, რადგან ვცხოვრობთ ამქვეყნიერებაში, ჩვენ არ შეგვიძლია სავსებით მოვერიდოთ ყოველივე ამის ზემოქმედებას. ამიტომ, ბრძნულად მოვიქცევით, თუ სულიერად სუფთა ჰაერის მარაგს დავუკავშირდებით. კრებებზე რეგულარული დასწრებით, პირადი შესწავლით, ქრისტიანული საზოგადოებითა და მოღვაწეობით, და ასევე, ლოცვით ჩვენ, ასე ვთქვათ, ვავსებთ სულიერ ფილტვებს. ამრიგად, თუ სატანის ჰაერი ჩავა ჩვენს სულიერ ფილტვებში, ღმერთის სული გაგვამტკიცებს, რომ წინააღვუდგეთ მას (ფსალმუნი 16:1–3; იგავნი 9:9; 13:20; 19:20; 22:17).
16. როგორ ვამოწმებთ, რომ ჩვენში ღმერთის სულია?
16 ღმერთის სული ქრისტიანისგან ისეთ ადამიანს ქმნის, რომელიც განსხვავდება ქვეყნიერების ნაწილის წარმომადგენელთაგან (რომაელთა 12:1, 2). პავლემ თქვა: „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება — ამათ წინააღმდეგ არ არის სჯული“ (გალატელთა 5:22, 23). ასევე, ღმერთის სული აძლევს ქრისტიანს საგნების უფრო ღრმა გაგებას. პავლემ თქვა: „ღმერთისა არავინ არაფერი იცის, გარდა ღმერთის სულისა“ (1 კორინთელთა 2:11). საერთო გაგებით „ღმერთისა“ შეიცავს ისეთ ჭეშმარიტებებს, როგორიცაა: გამომსყიდველური მსხვერპლი, ღმერთის სამეფო იესო ქრისტეს მმართველობით, მარადიული სიცოცხლის იმედი და ამ ბოროტი ქვეყნიერების მოახლოებული განადგურება. ღმერთის სულის დახმარებით, ქრისტიანებმა იციან ამ საკითხების შესახებ და აღიარებენ მათ, როგორც ჭეშმარიტებას, ამიტომ ცხოვრებაზე მათი თვალსაზრისი განსხვავდება ქვეყნიერების ადამიანთა თვალსაზრისისგან. დღეს ისინი გრძნობენ კმაყოფილებას ღმერთის მიმართ სიხარულით მსახურებაში და ამასთან ერთად, აქვთ მომავალი პერსპექტივა, რომ ემსახურონ მას მარადიულად.
17. ვინ იყო შესანიშნავი მაგალითი ქვეყნიერების სულის წინააღმდეგობაში და როგორ?
17 იმათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ამქვეყნიერების სულს, იესო ქრისტე იყო შესანიშნავი მაგალითი. მოკლე ხანში, იესოს ნათლობის შემდეგ, სამი ცდუნების შეთავაზებით, სატანა ცდილობდა, გადაეყვანა ის იეჰოვასადმი მსახურებიდან (მათე 4:1–11). ბოლო ცდუნება შეიცავდა იმის შესაძლებლობას, რომ სატანისადმი მხოლოდ ერთხელ თაყვანისცემის ფასად, იესო მიიღებდა ძალაუფლებას მთელ ქვეყნიერებაზე. იესოს შეეძლო ეფიქრა: „კარგი, მე ვეთაყვანები სატანას, შემდეგ კი, როდესაც მივიღებ ძალაუფლებას მთელ ქვეყნიერებაზე, მოვინანიებ და კვლავ იეჰოვას ვეთაყვანები. ქვეყნიერების მმართველის მდგომარეობაში მე უფრო მეტ სიკეთეს მოვუტან კაცობრიობას ვიდრე ახლა, როგორც დურგალი ნაზარეთიდან“. იესო არ ფიქრობდა ასე. ის მზად იყო დალოდებოდა, სანამ იეჰოვა მისცემდა ქვეყნიერების მმართველობას (ფსალმუნი 2:8). ამ შემთხვევაშიც და თავისი ცხოვრების ყველა შემთხვევაში, ის ეწინააღმდეგებოდა სატანის ჰაერის მომაკვდინებელ ზემოქმედებას. ამრიგად, მან სძლია სულიერად გაბინძურებული ქვეყნიერება (იოანე 16:33).
18. ქვეყნიერების სულის წინააღმდეგობით როგორ მივაგებთ ღმერთს პატივს?
18 მოციქულმა პეტრემ თქვა, რომ ჩვენ, რაც შეიძლება, ზუსტად უნდა გავყვეთ იესოს კვალს (1 პეტრე 2:21). ვინ შეიძლება იყოს უკეთესი მაგალითი? ამ ბოლო დღეებში, ქვეყნიერების სულის გავლენის ქვეშ, კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ღრმად იძირება უზნეობაში. რაოდენ შესანიშნავია, რომ ასეთ ქვეყნიერებაში იეჰოვას თაყვანისმცემლობის ამაღლებული ადგილი განირჩევა სიწმინდით და სისუფთავით! (მიქა 4:1, 2). ნათელია, რომ ღმერთის სული შეიმჩნევა ყველა იმ მილიონობით ადამიანში, რომლებიც მიედინებიან ღმერთის თაყვანისმცემლობის ადგილისკენ, ეწინააღმდეგებიან ამ ქვეყნიერების ყველგან გამჯდარ სულს და მიაგებენ იეჰოვას პატივს და ქებას! (1 პეტრე 2:11, 12). მაშ, მოდით, ყველა მტკიცედ ვიდგეთ ამ მაღლობზე, ვიდრე იეჰოვას ცხებული მეფე გაანადგურებს ბოროტ ქვეყნიერებას და უფსკრულში ჩააგდებს სატანა-ეშმაკს და მის დემონებს (გამოცხადება 19:19–20:3). მაშინ, მეტად აღარ იარსებებს ამ ქვეყნიერების სული. რამდენად კურთხეული დრო იქნება!
შეგიძლია თუ არა ახსნა?
◻ რა არის „წუთისოფლის სული“?
◻ როგორ მოქმედებს ამქვეყნიერების სული ცალკეულ ადამიანებზე?
◻ როგორია ამქვეყნიერების სულის ზოგიერთი გამოვლინება და როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ მას?
◻ როგორ ვაჩვენებთ, რომ ჩვენში ღმერთის სულია?
◻ რა კურთხევებს მიიღებენ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნიერების სულს?
[სურათი მე-16, 17 გვერდებზე]
ქვეყნიერების სული გამომდინარეობს სატანისგან.
ამ ქვეყნიერების სულის ზემოქმედების ასარიდებლად გაიქეცი იეჰოვას თაყვანისმცემლობის მაღლობზე.