იეჰოვა ამზადებს გზას
„ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს“ (მათე 24:14).
1. რა განხორციელდა სამქადაგებლო საქმიანობით როგორც პირველ, ისე მეოცე საუკუნეში?
იიეჰოვა სიყვარულის ღმერთია და სურს, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). სწორედ ამიტომ წამოიწყო საერთაშორისო სამქადაგებლო და საგანმანათლებლო პროგრამა. პირველ საუკუნეში ქადაგებამ ქრისტიანული კრება, ‘ჭეშმარიტების სვეტად და საფუძვლად’ აქცია (1 ტიმოთე 3:15). შემდეგ დადგა განდგომილების ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჭეშმარიტების სინათლე მინელდა. ახლა კი, ‘უკანასკნელ ჟამს’, ჭეშმარიტი „ცოდნა“ კვლავ გავრცელდა და მილიონებს ბიბლიაზე დაფუძნებული მარადიული გადარჩენის იმედი ჩაუნერგა (დანიელი 12:4).
2. რა მოიმოქმედა იეჰოვამ სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად?
2 ღვთის განზრახვის ხელის შესაშლელად სატანის განუწყვეტელი მცდელობების მიუხედავად, სამქადაგებლო საქმიანობა როგორც პირველ, ისე XX საუკუნეში გასაოცარი წარმატებებით განხორციელდა და ხორციელდება. ეს ესაიას წინასწარმეტყველებას გვახსენებს. ძვ. წ. VI საუკუნეში ისრაელთა ტყვეობიდან დაბრუნების შესახებ ის წერდა: „ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება. ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება“ (ესაია 40:4). იეჰოვამ დიდებული სამქადაგებლო საქმიანობისთვის მოამზადა და მოასწორა გზები როგორც პირველ, ასევე XX საუკუნეებში.
3. როგორ შეუძლია იეჰოვას თავისი განზრახვების შესრულება?
3 ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა უშუალოდ ხელმძღვანელობდა ყოველ მოვლენას დედამიწაზე კეთილი ცნობის ქადაგების გასააქტიურებლად; ეს არც იმას ნიშნავს, რომ რაკი იეჰოვა შორსმჭვრეტელია, წინასწარ, წვრილმანებამდე ითვალისწინებს მოსახდენ მოვლენებს. ფაქტია, მას შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს და წარმართოს კიდეც მომავალი მოვლენები (ესაია 46:9–11). მაგრამ მას მიმდინარე პროცესებში ჩარევის ძალაც შესწევს. გამოცდილი მწყემსივით ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს და იცის, როგორ დამწყემსოს და დაიცვას სამწყსო. ის წინ მიუძღვის მათ გადარჩენისკენ, იცავს მათ სულიერობას და აღძრავს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით კეთილი ცნობის წარმატებით ქადაგებას (ფსალმუნი 22:1–4).
რთული დავალება
4, 5. რატომ არის კეთილი ცნობის ქადაგება რთული დავალება?
4 ნოეს დროს კიდობნის მშენებლობა, ხოლო პირველ და XX საუკუნეებში სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა, გრანდიოზულ პროექტს წარმოადგენს. ადამიანებამდე ნებისმიერი ცნობის მიტანა იოლი საქმე არ არის, მაგრამ ეს, ქადაგებასთან დაკავშირებული დავალება განსაკუთრებით რთული იყო. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ საუკუნეში მოწაფეები შედარებით ცოტანი იყვნენ; მათი წინამძღოლი იესო ავაზაკთა მსგავსად აწამეს; იუდეველთა რელიგია საკმაოდ მტკიცე იყო; იერუსალიმს საუცხოო ტაძარი ამშვენებდა; ხმელთაშუა ზღვის შემოგარენში არსებული არაიუდაური რელიგიებიც თავისი ტაძრებითა და სამღვდელოებით საკმაო ძლიერებას ფლობდნენ. ‘ბოლო ჟამისას’, რომელიც 1914 წელს დაიწყო, იგივე განმეორდა, ცხებული ქრისტიანებიც ცოტანი იყვნენ, ხოლო სხვა რელიგიების მიმდევრები, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ღვთის მსახურებს წარმოადგენენ — საკმაოდ ბევრი (დანიელი 12:9).
5 იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები, რომ დევნილ იქნებოდნენ. მან თქვა: „მაშინ გადაგცემენ თქვენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9). არსებული პრობლემები, განსაკუთრებით „უკანასკნელ დღეებში“, დაანახვებდა ქრისტიანებს, რომ ‘საზარელ ჟამში’ ცხოვრობენ (2 ტიმოთე 3:1). სამუშაოს გრანდიოზულობა, დევნის გარდაუვალობა და არსებული სიდუხჭირე სამქადაგებლო საქმიანობას რთულს ხდის. ამიტომ მის დასაძლევად უდიდესი რწმენაა საჭირო.
6. რის საფუძველზე იყვნენ იეჰოვას მსახურები წარმატებაში დარწმუნებული?
6 იეჰოვამ იცოდა, რომ იქნებოდა სიძნელეები, მაგრამ მისთვის ისიც ნათელი იყო, რომ სამქადაგებლო საქმიანობას ვერაფერი შეაჩერებდა. წარმატება ნაწინასწარმეტყველები იყო როგორც პირველ, ისე XX საუკუნეში შესრულებულ საკმაოდ ცნობილ წინასწარმეტყველებაში: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს“ (მათე 24:14).
7. რამდენად ფართო მასშტაბით მიმდინარეობდა სამქადაგებლო საქმიანობა პირველ საუკუნეში?
7 რწმენითა და სულიწმიდით ავსილი პირველი საუკუნის ღვთის მსახურები ერთგულად ასრულებდნენ დავალებულს. მათ იეჰოვას მხარდაჭერით მიაღწიეს იმაზე მეტ წარმატებებს, ვიდრე ელოდნენ. კოლასელთა მიმართ წერილში, იესოს სიკვდილიდან დაახლოებით 27 წლის შემდეგ, პავლეს შეეძლო თამამად ეთქვა, რომ კეთილი ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). დღეს კი, XX საუკუნის მიწურულს, კეთილი ცნობა 233 ქვეყანაშია ნაქადაგები.
8. როგორ პირობებში მიიღო ბევრმა კეთილი ცნობა? მოიყვანეთ მაგალითები.
8 უკანასკნელ წლებში მილიონობით ადამიანმა მთელი გულით მიიღო კეთილი ცნობა და ბევრმა ეს ნაბიჯი, მართლაც, საშინელი პირობების დროს გადადგა, მაშინ, როცა ომები, აკრძალვები და მკაცრი დევნა იყო. იგივე მდგომარეობა მეფობდა პირველ საუკუნეშიც. ერთხელ, პავლე და სილა უმოწყალოდ გაროზგეს და საპყრობილეში ჩაყარეს. რა არახელსაყრელი შემთხვევაა ხალხის დასამოწაფებლად! მაგრამ იეჰოვამ სწორედ ეს მდგომარეობა გამოიყენა. პავლე და სილა გაათავისუფლეს, საპყრობილის ზედამხედველი კი თავისი ოჯახითურთ მორწმუნე გახდა (საქმეები 16:19–33). ასეთი შემთხვევები გვიჩვენებს, რომ კეთილი ცნობის გავრცელების შეჩერება მოწინააღმდეგეებს არ შეუძლიათ (ესაია 54:17). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქრისტიანობის ისტორია მხოლოდ ულმობელ მოპყრობასა და დევნებს არ მოიცავს. ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთ ფაქტორზე, რომელმაც კეთილი ცნობის წარმატებით ქადაგებას შეუწყო ხელი როგორც პირველ, ისე XX საუკუნეში.
რელიგიური ატმოსფერო
9, 10. როგორ აავსო იეჰოვამ კეთილი ცნობის მოსმენის მოლოდინით გულები როგორც პირველ, ასევე XX საუკუნეში?
9 გადავხედოთ, რა დროს დაიწყო მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა. რაც შეეხება პირველ საუკუნეს, წინასწარმეტყველება წლებისგან შემდგარი 70 შვიდეულის შესახებ, რომელიც დანიელის 9:24–27-შია მოყვანილი, მიუთითებდა ახ. წ. 29-ე წელზე, როდესაც მესია უნდა მოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი საუკუნის ისრაელში ზუსტად ვერ განსაზღვრეს ამ მოვლენების დრო, ისინი მაინც ელოდნენ მესიას (ლუკა 3:15). ერთ-ერთ ფრანგულ ნაშრომში ნათქვამია: „ხალხმა იცოდა, რომ დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები სამოცდაათი კვირა, რომელიც წლებისგან შედგებოდა, იწურებოდა; ამიტომ, არავის გაჰკვირვებია იოანე ნათლისმცემლისგან ღვთის სამეფოს მოახლოების შესახებ ცნობის მოსმენა“ (Manuel Biblique).
10 რა შეიძლება ითქვას XX საუკუნეზე? ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო იესოს ზეცაში გამეფება, რაც სამეფო ძალაუფლებით მის თანდასწრებას ნიშნავდა. ბიბლიის წინასწარმეტყველება გვიჩვენებს, რომ ეს მოხდა 1914 წელს (დანიელი 4:10–14). ამ მოვლენის მოლოდინში იყო ჩვენი ეპოქის ზოგი მორწმუნეც. მის მოლოდინში იყვნენ ბიბლიის გულწრფელი მკვლევარებიც, რაც კარგად ჩანს მათ მიერ 1879 წლიდან გამოცემული წინამდებარე ჟურნალის თავდაპირველი სახელწოდებიდან, — „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნე“. ამგვარად, როგორც პირველ საუკუნეში, ასევე ჩვენს ეპოქაში შექმნილმა რელიგიურმა ფონმა ნიადაგი მოამზადა კეთილი ცნობის საქადაგებლადa.
11. როგორი იყო რელიგიური საფუძველი კეთილი ცნობის ქადაგების მხარდასაჭერად?
11 ორივე ეპოქის ქრისტიანული საქმიანობის კიდევ ერთ ხელის შემწყობ ფაქტორს ის წარმოადგენდა, რომ ბევრისთვის უცხო არ იყო წმინდა წერილები. პირველ საუკუნეში იუდეველები მეზობელ ქვეყნებში მიმოიფანტნენ და გახსნეს სინაგოგები, სადაც ხალხი წმინდა წერილების კითხვისა და განხილვის მოსასმენად რეგულარულად იკრიბებოდა. ამგვარად ადრინდელი ქრისტიანები „აშენებდნენ“ იმ რელიგიურ ცოდნაზე, რომელიც ხალხს უკვე ჰქონდა (საქმეები 8:28–36; 17:1, 2). ჩვენი ეპოქის დასაწყისშიც მრავალ ქვეყანაში იეჰოვას ხალხის მოღვაწეობასთან დაკავშირებით იგივე შეიძლება ითქვას. ქრისტიანულ სამყაროში, განსაკუთრებით პროტესტანტულ ქვეყნებში, ბიბლია ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყო. მას მრავალ ტაძარში კითხულობდნენ; ბევრსაც პირადი ეგზემპლარი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდებული წიგნი მათ ხელში იყო, მისი ფასეულობის გასაგებად ახსნა ესაჭიროებოდათ.
კანონის სიკეთე
12. როგორ იცავდა რომის კანონი პირველ საუკუნეში ადამიანის უფლებებს?
12 ქრისტიანთა ქადაგებას ხშირად ხელს უწყობდა სახელმწიფო კანონები. პირველ საუკუნეში მსოფლიოში უძლიერესი რომის იმპერიის კანონმდებლობა დიდ გავლენას ახდენდა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქ გათვალისწინებული იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები, რითაც ადრინდელი ქრისტიანები სარგებლობდნენ. მაგალითად, როდესაც პავლემ კანონს მიმართა, ის გაათავისუფლეს საპყრობილიდან და მოგვიანებით გაროზგვის სასჯელიც მოუხსნეს (საქმეები 16:37–39; 22:25, 29). ეფესოში რომის კანონმდებლობის სისტემაზე დაყრდნობამ დააწყნარა განრისხებული ბრბო (საქმეები 19:35–41). ერთხელ იერუსალიმში პავლე სიკვდილს გადაარჩინა იმ ფაქტმა, რომ რომის მოქალაქე იყო (საქმეები 23:27). მოგვიანებით ამ სისტემამ საშუალება მისცა მას, თავისი რწმენა კანონით დაეცვა კეისრის წინაშე (საქმეები 25:11). მიუხედავად იმისა, რომ ზოგი კეისარი მართლაც ტირანივით მმართველობდა, პირველ საუკუნეში მომქმედი კანონები, ჩვეულებრივ, ‘სახარების დაცვისა და განმტკიცების’ საშუალებას იძლეოდა (ფილიპელთა 1:7).
13. როგორ უწყობს ხელს დღეს არსებული კანონმდებლობა სამქადაგებლო საქმიანობას?
13 ეს დღესაც მრავალ ქვეყანაში ასეა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ‘კანონის საწინააღმდეგოდ უსამართლობის ჩამდენნი’, უმეტეს ქვეყნებში კანონმდებლობა რელიგიის არჩევნის თავისუფლებას ერთ-ერთ მთავარ უფლებად მიიჩნევს (ფსალმუნი 93:20). როგორც კი გაიცნობიერეს ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეები საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, ბევრ სახელმწიფოში კანონით აღიარეს ჩვენი მსახურება. შეერთებულ შტატებში, სადაც იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურის უმეტესი ნაწილი იბეჭდება, არსებულმა კანონმდებლობამ ჟურნალი „საგუშაგო კოშკის“ გამოშვება ჯერ კიდევ 120 წლის წინათ დაუშვა, რომელსაც ხალხი მთელ მსოფლიოში კითხულობს.
მშვიდობისა და შემწყნარებლობის პერიოდები
14, 15. როგორ შეუწყო ხელი სამქადაგებლო საქმიანობას პირველ საუკუნეში შედარებით სტაბილურმა სოციალურმა მდგომარეობამ?
14 სამქადაგებლო საქმიანობა შედარებით მშვიდობიან დროსაც შესანიშნავად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ, იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ორივე ეპოქაში ‘ერი ერის წინააღმდეგ’ მიდიოდა, იყო სტაბილური შუალედებიც, რაც სამეფოს შესახებ აქტიური ქადაგების საშუალებას იძლეოდა (მათე 24:7). პირველი საუკუნის ქრისტიანები ცხოვრობდნენ მშვიდობიან პერიოდში, „რომაული ზავის“ დროს (Pax Romana). ერთი ისტორიკოსი წერდა: „რომმა დაიმონა ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში თითქმის მუდმივი ბრძოლა დასჭირდა“. ასეთმა სტაბილურმა პირობებმა საშუალება მისცა ადრინდელ ქრისტიანებს, რომის იმპერიის ფარგლებში შედარებით უსაფრთხოდ ემოგზაურათ.
15 რომის იმპერია მკაცრი მმართველობის ქვეშ სხვადასხვა ხალხის გაერთიანებას ცდილობდა. ასეთმა პოლიტიკამ არა მხოლოდ მოგზაურობა, შემწყნარებლობის განვითარება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გააადვილა, არამედ საერთაშორისო ძმობის ცნების აღიარებასაც შეუწყო ხელი. წიგნში „გზა ცივილიზაციისკენ“ (On the Road to Civilization) ნათქვამია: „[რომის] იმპერიის ერთიანობამ შესანიშნავი ნიადაგი მოამზადა [ქრისტიანების სამოღვაწეოდ] და ეროვნული ბარიერი მოხსნა. რომის მოქალაქე მსოფლიოს მოქალაქე იყო. . . გარდა ამისა, რელიგია, რომელიც ძმობას ასწავლიდა სავსებით მისაღები აღმოჩნდა იმპერიაში, სადაც უკვე არსებობდა მსოფლიო მოქალაქის ცნება“ (შეადარეთ საქმეების 10:34, 35; 1 პეტრეს 2:17).
16, 17. რამ შეუწყო ხელი ჩვენს ეპოქაში მშვიდობას და რა დასკვნამდე მივიდა ბევრი?
16 რა შეიძლება ითქვას ჩვენს საუკუნეზე? XX საუკუნეში ისტორიაში არნახული ომები მოხდა, ზოგ ქვეყანაში სამოქალაქო ომები დღემდე მძვინვარებს (გამოცხადება 6:4). მაგრამ ზოგჯერ შედარებით სტაბილური პერიოდებიც დგება. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები აღარ ომობენ, მსოფლიო ომი 50 წელზე მეტია აღარ მომხდარა. სწორედ ამ მდგომარეობამ შეუწყო ხელი ამ ქვეყნებში კეთილი ცნობის ქადაგებას.
17 ჩვენი საუკუნის ომების საშინელებებმა ბევრს დაანახვა მსოფლიო მთავრობის არსებობის აუცილებლობა. მსოფლიო ომის შიშმა დააარსებინა ხალხს როგორც ერთა ლიგა, ისე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გამოცხადების 13:14). ორივე ორგანიზაციის აღიარებულ მიზანს საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესება და მშვიდობის დამყარება წარმოადგენდა. ხალხი, რომელიც მშვიდობის დამყარების აუცილებლობას ხედავს, ხშირად ეხმაურება კეთილ ცნობას მსოფლიო მთავრობასთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილ და მარადიულ მშვიდობას მოიტანს. ეს მსოფლიო მთავრობა ღვთის მთავრობაა.
18. რელიგიის მიმართ როგორმა დამოკიდებულებამ შეუწყო ხელი სამქადაგებლო საქმიანობას?
18 მიუხედავად იმისა, რომ როგორც პირველ, ისე XX საუკუნეში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ, იყო რელიგიური შემწყნარებლობის პერიოდებიც (იოანე 15:20; საქმეები 9:31). რომაელები თავისუფლად აღიარებდნენ დაპყრობილი ქვეყნების ღმერთებსა და ქალღმერთებს. პროფესორი როდნი სტარკი წერდა: „მრავალ საკითხში რომმა ისეთი რელიგიური თავისუფლება დაუშვა, როგორიც მხოლოდ ამერიკის რევოლუციის შემდეგ იყო“. დღეს მრავალ ქვეყანაში ხალხი უფრო შეწყნარებით ისმენს სხვადასხვა აზრს, რის გამოც უფრო მონდომებით ღებულობენ იეჰოვას მოწმეების მიერ შეთავაზებულ ბიბლიურ ცნობას.
ტექნიკის როლი
19. როგორ გამოიყენეს ადრინდელმა ქრისტიანებმა წიგნად აკინძული ხელნაწერები?
19 ბოლოს, განვიხილოთ, როგორ შეაძლებინა იეჰოვამ თავის ხალხს, ესარგებლა თანამედროვე ტექნიკის მიღწევებით. მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი ქრისტიანები ტექნიკის სწრაფი განვითარების ეპოქაში არ ცხოვრობდნენ, ისინიც სარგებლობდნენ მაშინდელი მიღწევით — წიგნად აკინძული წმინდა წერილების ხელნაწერებით, ანუ ფურცლებიანი წიგნით, რომელმაც მოუხერხებელი გრაგნილები შეცვალა. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ქრისტიანებმა ყველასგან განსხვავებით სწრაფად და ფართოდ დაიწყეს წიგნად აკინძული ხელნაწერების გამოყენება მაშინ, როცა საერო ლიტერატურაში ნელა და თანდათან ცვლიდა ასეთი წიგნები გრაგნილებს“ (The Birth of the Codex). იმავე ნაშრომში ნათქვამია: „მეორე საუკუნეში იმდენად ფართოდ იყენებდნენ ქრისტიანები ხელნაწერ წიგნებს, რომ ახ. წ. 100 წლამდე უკვე ფართოდ გავრცელებული უნდა ყოფილიყო“. ასეთი ხელნაწერის გამოყენება გრაგნილთან შედარებით უფრო ადვილი იყო, ბიბლიის ტექსტის სასურველი მონაკვეთების ნახვაც უფრო სწრაფად შეიძლებოდა. უთუოდ ეს დაეხმარა ადრინდელ ქრისტიანებს, რომლებიც პავლეს მსგავსად ბიბლიურ ტექსტებს მარტავდნენ ბიბლიიდან და ‘ამტკიცებდნენ’ ყველაფერს, რასაც კი ასწავლიდნენ (საქმეები 17:2, 3).
20. როგორ იყენებს იეჰოვას ხალხი თანამედროვე ტექნიკის მიღწევებს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის და რატომ?
20 ჩვენს საუკუნეში ტექნიკის წინსვლა გამაოგნებელია. სწრაფი საბეჭდი დანადგარები ბიბლიური ლიტერატურის ერთდროულად მრავალ ენაზე გამოშვების საშუალებას იძლევა. თანამედროვე ტექნიკამ ბიბლიის თარგმნის საქმეც დააჩქარა. სატვირთო მანქანებს, მატარებლებს, გემებსა და თვითმფრინავებს განუწყვეტლივ გადააქვთ ბიბლიური ლიტერატურა მსოფლიოს მრავალ კუთხეში. ტელეფონმა და ფაქსმა მყისიერი კავშირი რეალობად აქცია. იეჰოვა თავისი სულით ეხმარება თავის ხალხს, რომ სათანადოდ გამოიყენონ ასეთი ტექნიკა კეთილი ცნობის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად. ისინი იმიტომ კი არ იყენებენ ასეთ ტექნიკას, რომ უახლეს მიღწევას გაეცნონ და საქმეში გამოიყენონ, არამედ იმიტომ რომ, ის მათ უპირველესი და უმთავრესი მიზნის, სამქადაგებლო საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში ეხმარება.
21. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?
21 „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“, — იწინასწარმეტყველა იესომ (მათე 24:14). როგორც ადრინდელმა ქრისტიანებმა იხილეს ამ წინასწარმეტყველების შესრულება, ასევე ვხედავთ მის შესრულებას დღესაც, მხოლოდ — უფრო ფართო მასშტაბით. სამუშაოს გრანდიოზულობისა და სირთულეების მიუხედავად, ხელსაყრელ თუ არახელსაყრელ დროს, კანონებისა და მდგომარეობის ცვლილებებისას, არეულობისა და მშვიდობიანობის დროს თუ ტექნიკის პროგრესისას კეთილ ცნობას ქადაგებდნენ და ქადაგებენ დღესაც. აღმაფრთოვანებელი არ არის იეჰოვას სიბრძნე და გასაოცარი შორსმჭვრეტელობა? ჩვენ შეგვიძლია სავსებით დარწმუნებული ვიყოთ, რომ სამქადაგებლო საქმიანობა დასრულდება იეჰოვას მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს და მისი სიყვარულით სავსე განზრახვის შესრულება მართალთათვის კურთხევა იქნება. ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ (ფსალმუნი 36:29; აბაკუმი 2:3). თუ ცხოვრებას იეჰოვას ნებისამებრ წარვმართავთ ჩვენც მათ შორის ვიქნებით (1 ტიმოთე 4:16).
[სქოლიოები]
a ამ ორ მესიანურ წინასწარმეტყველებაზე უფრო დაწვრილებითი ცნობებისთვის იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ 36, 97 და 98—107 (გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ).
გასამეორებელი საკითხები
◻ რატომ არის კეთილი ცნობის ქადაგება რთული დავალება?
◻ როგორ შეუწყო ხელი ქრისტიანების მოღვაწეობას სახელმწიფო ღონისძიებებმა და შედარებით სტაბილურმა სოციალურმა პირობებმა?
◻ რაში გვარწმუნებს ის ფაქტი, რომ იეჰოვა სამქადაგებლო საქმიანობისთვის კურთხევებს არ იშურებს?