შეიმოსეთ სულგრძელობით
„შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით... და სულგრძელობით“ (კოლასელთა 3:12, აქ).
1. მოჰყევით სულგრძელობის გამოვლენის სამაგალითო შემთხვევა.
რეჟი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ცხოვრობს, 1952 წელს მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. წლების განმავლობაში მისი ცოლი რას აღარ აკეთებდა, რომ როგორმე იეჰოვასთვის მსახურებაში შეეშალა მისთვის ხელი. მან მეუღლის ავტომანქანის საბურავების გახვრეტაც კი სცადა, რათა შეხვედრებზე ვეღარ წასულიყო ის. ერთხელ, როდესაც რეჟი ბიბლიურ ცნობას ქადაგებდა კარდაკარ, მალულადაც კი აედევნა და იმ დროს, როცა ქმარი მობინადრეებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაზე ესაუბრებოდა, ცოლი მასხარად იგდებდა მას. გამუდმებული წინააღმდეგობების მიუხედავად, რეჟი არ წყვეტდა სულგრძელობის გამოვლენას. ასე რომ, რეჟის საქციელი სამაგალითოა ყველა ქრისტიანისთვის; რადგან იეჰოვაც სწორედ იმას მოელის ყველა თავისი თაყვანისმცემლისგან, რომ მათ სულგრძელობა გამოიჩინონ სხვა ადამიანებისადმი.
2. რა არის „სულგრძელობად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა და რა დატვირთვა აქვს ამ სიტყვას?
2 ბერძნული სიტყვა, რომელიც „სულგრძელობად“ ითარგმნება, სიტყვასიტყვით „სულის სიგრძეს“ ნიშნავს. „ახალი აღთქმისა და ფსალმუნების“ კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანში ეს ბერძნული სიტყვა თორმეტჯერ „სულგრძელობად“ არის ნათარგმნი და თითო-თითოჯერ — „სახიერებად“ და „დიდსულოვნებად“. „სულგრძელობად“ თარგმნილ როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ გამოთქმებს მოთმინების, შემწყნარებლობის და რისხვისგან თავშეკავების დატვირთვა აქვს.
3. როგორ განსხვავდებოდა ქრისტიანებისა და პირველი საუკუნის ბერძნების თვალსაზრისი სულგრძელობაზე?
3 პირველი საუკუნის ბერძნები სულგრძელობას არ მიიჩნევდნენ ღირსების გამოვლენად. სტოიკოსი ფილოსოფოსები ამ სიტყვას არასოდეს იყენებდნენ. ბიბლეისტ უილიამ ბარკლის სიტყვების თანახმად, სულგრძელობა „სრულიად საპირისპიროა ღირსებაზე ბერძნების წარმოდგენისა“. სხვა ყველაფერთან ერთად, მათთვის „ნებისმიერი შეურაცხყოფისა და ზიანის მიყენების შეუწყნარებლობაც“ ღირსება იყო და სატრაბახოდ ითვლებოდა. იგი დასძენს: „ბერძნები ღირსეულად იმ ადამიანს მიიჩნევდნენ, რომელიც შურისძიების მიზნით არაფერზე დაიხევდა უკან. ქრისტიანებისთვის კი ღირსეული ის ადამიანია, ვინც მაშინაც კი უარს ამბობს შურისძიებაზე, როდესაც ამის გაკეთების ძალა შესწევს“. ბერძნები, შეიძლება, სისუსტის გამოვლენად თვლიდნენ სულგრძელობას, მაგრამ, როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც შეიძლება ითქვას, რომ „უგუნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია, და სისუსტე ღვთისა — ადამიანებზე უძლიერესი“ (1 კორინთელთა 1:25).
ქრისტეს სულგრძელობის მაგალითი
4, 5. სულგრძელობის გამოვლენის რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა იესომ?
4 იეჰოვას შემდეგ სულგრძელობის ყველაზე შესანიშნავი მაგალითი იესო ქრისტემ მოგვცა. განსაცდელების დროს იესომ გასაოცარი თავშეკავებულობა გამოიჩინა. მის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო: „ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე“ (ესაია 53:7).
5 იესომ მართლაც რომ საოცარი სულგრძელობა გამოავლინა დედამიწაზე მსახურებისას! ის იტანდა მტრების მიერ დასმულ მზაკვრულ შეკითხვებსა და მოწინააღმდეგეების მხრიდან შეურაცხყოფას (მათე 22:15—46; 1 პეტრე 2:23). იგი მოთმინებით ეპყრობოდა თავის მოწაფეებს — მაშინაც კი, როდესაც ისინი განუწყვეტლივ დაობდნენ იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის დიდი (მარკოზი 9:33—37; 10:35—45; ლუკა 22:24—27). და რაოდენ დიდი თავშეკავებულობა გამოიჩინა იესომ, როდესაც თავისი გაცემის ღამეს პეტრე და იოანე მძინარენი ნახა, მიუხედავად მისი თხოვნისა — ‘ეფხიზლათ’! (მათე 26:36—41).
6. როგორ ისარგებლა პავლემ იესოს სულგრძელობით და რას ვსწავლობთ აქედან?
6 სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო კვლავ განაგრძობდა სულგრძელობის გამოვლენას. მოციქული პავლე განსაკუთრებით კარგად აცნობიერებდა ამას, რადგან უწინ ის ქრისტიანების მდევნელი იყო. პავლემ დაწერა: „სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა წუთისოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ. სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჩემში პირველად ეჩვენებინა მთელი სულგრძელობა მათდა სანიმუშოდ, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის“ (1 ტიმოთე 1:15, 16). როგორიც უნდა იყოს ჩვენი წარსული, თუ იესოს ვიწამებთ, იგი ჩვენდამიც გამოავლენს სულგრძელობას — იმავდროულად კი, რა თქმა უნდა, დაიმედებული იქნება, რომ „მონანიების ღირს საქმეებს“ გავაკეთებთ (საქმეები 26:20; რომაელთა 2:4). მცირე აზიაში მდებარე შვიდი კრებისადმი ქრისტეს მიერ გაგზავნილი ცნობები კარგად გვანახებს ერთ რამეს — თუმცა იესო სულგრძელობას იჩენს, იგი ქრისტიანებისგან სულიერ წინსვლასაც მოელის (გამოცხადება, მე-2 და მე-3 თავები).
სულის ნაყოფი
7. რა კავშირი არსებობს სულგრძელობასა და სულიწმიდას შორის?
7 გალატელთა მიმართ თავისი წერილის მე-5 თავში პავლე სულის ნაყოფს ხორცის საქმეებს უპირისპირებს (გალატელთა 5:19—23). რადგან სულგრძელობა იეჰოვას ერთ-ერთი თვისებათაგანია, ეს თვისება მისგან მომდინარეობს და მისი სულის ნაყოფია (გამოსვლა 34:6, 7). მართლაც, სულის ნაყოფთან დაკავშირებულ პავლესეულ ჩამონათვალში სულგრძელობა მეოთხე ადგილზეა მოხსენიებული სხვა ისეთ თვისებებთან ერთად, როგორებიცაა: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა... სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23). ამიტომ, როდესაც ღვთის მსახურები ისეთივე მოთმინებას ანუ სულგრძელობას ავლენენ, როგორსაც — ღმერთი, ისინი სულიწმიდის ძალით აკეთებენ ამას.
8. რისი წყალობით შეგვიძლია სულის ნაყოფის — მათ შორის სულგრძელობის — გამომუშავება?
8 მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა ძალდატანებით აქცევს ადამიანებს თავისი სულის მოქმედების ქვეშ. ჩვენ ნებაყოფლობით უნდა დავემორჩილოთ მის გავლენას (2 კორინთელთა 3:17; ეფესელთა 4:30). თუ გვინდა, რომ ღვთის სულს ჩვენს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება მივცეთ, ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, მისი ნაყოფების გამომუშავებას უნდა შევეცადოთ. ხორცის საქმეებისა და სულის ნაყოფის ჩამოთვლის შემდეგ პავლემ დასძინა: „თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს“ (გალატელთა 5:25; 6:7, 8). თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ სულგრძელობის გამომუშავებაში, სულის ნაყოფის ის დანარჩენი თვისებებიც უნდა გამოვიმუშავოთ, რომლებსაც ქრისტიანები სულიწმიდის დახმარებით იძენენ.
„სიყვარული სულგრძელია“
9. როგორც ჩანს, რატომ უთხრა პავლემ კორინთელებს, რომ „სიყვარული სულგრძელია“?
9 პავლემ დაგვანახვა, რომ სიყვარულსა და სულგრძელობას შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს. მან თქვა: „სიყვარული სულგრძელია“ (1 კორინთელთა 13:4). როგორც ბიბლეისტი ალბერტ ბარნზი ვარაუდობს, როდესაც პავლემ ამაზე გაამახვილა ყურადღება, მას კორინთის ქრისტიანულ კრებაში არსებული შუღლი და განხეთქილება ჰქონდა მხედველობაში (1 კორინთელთა 1:11, 12). ბარნზი ამბობს: „აქ ეს სიტყვა [სულგრძელობა] წინდაუხედავ მოქმედებასთან — ცხელ გულზე რაიმეს წამოსროლასთან და დასკვნების გაკეთებასთან, ადვილად გაღიზიანებასთან — არის დაპირისპირებული. იგი ისეთ განწყობაზე მიუთითებს, როდესაც ადამიანს შევიწროებისა და გაჯავრების მიუხედავად მდგომარეობის დიდხანს ატანა შეუძლია“. სიყვარული და სულგრძელობა კვლავაც მშვიდობის ბურჯია ქრისტიანულ კრებაში.
10. ა) როგორ გვეხმარება სიყვარული სულგრძელობის გამოვლენაში, და რა რჩევას გვაძლევს პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით? ბ) რას ამბობს ერთი ბიბლეისტი ღვთის სულგრძელობასა და სიკეთეზე? (იხილეთ სქოლიო).
10 «სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია [„კეთილია“, აქ],.. თავისას არ ეძიებს, არ რისხდება». აქედან გამომდინარე, სიყვარული მრავალმხრივ გვეხმარება სულგრძელობის გამოვლენაშიa (1 კორინთელთა 13:4, 5). სიყვარული აღგვძრავს, მოთმინებით მოვეკიდოთ ერთმანეთს და გვახსოვდეს, რომ ყველანი არასრულყოფილები ვართ და ნაკლოვანებები და სისუსტეები გვაქვს. იგი გვეხმარება, ყურადღებიანები და მიმტევებლები ვიყოთ. პავლე მოციქული მოგვიწოდებს: „მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულით. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (ეფესელთა 4:1—3).
11. რატომ არის სულგრძელობის გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნებისმიერი სახის ქრისტიანულ ჯგუფში?
11 ქრისტიანული ჯგუფის — იქნება ეს კრებები, ბეთელის ოჯახი თუ მისიონერთა სახლები, სამშენებლო ბრიგადები თუ სკოლები — წევრების მიერ სულგრძელობის გამოვლენა ხელს უწყობს მათ შორის მშვიდობისა და სიხარულის გამეფებას. რადგან ეს ქრისტიანები სხვადასხვანაირად არიან აღზრდილი და მათი პიროვნული თვისებები, გემოვნება, შეხედულება თავაზიანობასა და თვით ჰიგიენაზეც კი განსხვავებულია, დროდადრო ისინი შეიძლება ერთმანეთის საქციელმა გააღიზიანოს. იგივე შეიძლება მოხდეს ოჯახებშიც. სულგრძელობის გამოვლენა ძალზე მნიშვნელოვანია (იგავნი 14:29; 15:18; 19:11). სულგრძელობა — დიდსულოვნად მოთმინება მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის იმედით — ყველამ უნდა გამოავლინოს (რომაელთა 15:1—6).
სულგრძელობა განსაცდელების გადატანაში გვეხმარება
12. რატომ არის მნიშვნელოვანი განსაცდელების დროს სულგრძელობის გამოვლენა?
12 სულგრძელობა იმ მძიმე სიტუაციების გადატანაში გვეხმარება, რომლებიც თითქოსდა გაუთავებლად იწელება ან მალე არ გვარდება. სწორედ ასე იყო დასაწყისში მოხსენიებული რეჟის შემთხვევაში. ცოლი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა მას იეჰოვასთვის მსახურებაში. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, იგი ატირებული მივიდა მასთან და უთხრა: „ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა. შენი დახმარება მჭირდება. მინდა, ბიბლია შევისწავლო“. გარკვეული ხნის შემდეგ იგი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. რეჟი ამბობს: „ყოველივე ამან ცხადყო, რომ იეჰოვამ აკურთხა დავიდარაბის, თავშეკავებისა და მოთმინების წლები“. მისი სულგრძელობა დაჯილდოვდა.
13. რა დაეხმარა პავლეს განსაცდელების გადატანაში და ჩვენ როგორ დაგვეხმარება მისი მაგალითი?
13 პავლე მოციქულმა სულგრძელობის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ახ. წ. პირველ საუკუნეში (2 კორინთელთა 6:3—10; 1 ტიმოთე 1:16). სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პავლემ რჩევა მისცა თავის ახალგაზრდა მეგობარ ტიმოთეს და გააფრთხილა, რომ განსაცდელების გადატანა ყველა ქრისტიანს მოუწევდა. პავლემ საკუთარი მაგალითი მოუყვანა და იმ ძირითადი ქრისტიანული თვისებების შეძენა ურჩია, რომლებიც გამძლეობის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი. მან დაწერა: «მე მომყევი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, ჭეშმარიტებაში [„სულგრძელობაში“, აქ], დიდსულოვნებაში, სიყვარულში, მოთმინებაში, დევნებში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა მე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში. რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისაგან მიხსნა უფალმა. და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება» (2 ტიმოთე 3:10—12; საქმეები 13:49—51; 14:19—22). განსაცდელების გადატანა რომ შევძლოთ, ყველას გვჭირდება რწმენა, სიყვარული და სულგრძელობა.
სულგრძელობით შემოსილები
14. რას შეადარა პავლემ ღვთისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, სულგრძელობა და რა რჩევა მისცა კოლასელ ქრისტიანებს?
14 პავლე მოციქულმა სულგრძელობა და ღვთისთვის დამახასიათებელი სხვა თვისებები ტანსაცმელს შეადარა, რომელიც ქრისტიანმა ‘ძველი ადამიანისთვის’ დამახასიათებელი ჩვეულებების შემოძარცვის შემდეგ უნდა ჩაიცვას (კოლასელთა 3:5—10). მან დაწერა: „როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია“ (კოლასელთა 3:12—14).
15. რა შედეგები მოაქვს იმას, როდესაც ქრისტიანები სულგრძელობითა და ღვთისთვის დამახასიათებელი სხვა თვისებებით ‘იმოსებიან’?
15 როდესაც კრების წევრები მოწყალებით, სახიერებით, თავმდაბლობით, სიმშვიდით, სულგრძელობითა და სიყვარულით ‘იმოსებიან’, ადვილად უმკლავდებიან პრობლემებს და გაერთიანებულად მიიწევენ წინ იეჰოვასთვის მსახურებაში. ქრისტიან ზედამხედველებს განსაკუთრებით მოეთხოვებათ სულგრძელობის გამოვლენა. ზოგჯერ შეიძლება რომელიმე ქრისტიანის შეგონება იყოს საჭირო, მაგრამ ამის გასაკეთებლად სხვადასხვა საშუალება არსებობდეს. ტიმოთესადმი წერილში პავლემ შენიშნა, თუ როგორი დამოკიდებულება იქნებოდა საუკეთესო ამ შემთხვევაში: „ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლებით“ (2 ტიმოთე 4:2). დიახ, იეჰოვას ცხვრებს ყოველთვის სულგრძელობით, ღირსეულად და თანაგრძნობით უნდა მოეპყრან (მათე 7:12; 11:28; საქმეები 20:28, 29; რომაელთა 12:10).
სულგრძელნი ყველას მიმართ
16. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ‘ყველასადმი სულგრძელობის გამოჩენამ’?
16 იეჰოვას მიერ კაცობრიობისადმი გამოვლენილი სულგრძელობა მორალურ ვალდებულებას გვაკისრებს, ‘სულგრძელნი ვიყოთ ყველას მიმართ’ (1 თესალონიკელთა 5:14). ეს იმას ნიშნავს, რომ მოთმინებით უნდა მოვეპყროთ ოჯახის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, მეზობლებს, თანამშრომლებს და თანაკლასელებს. იეჰოვას მოწმეებმა მრავალი არასწორი წარმოდგენა გაუქარწყლეს თანამშრომლებსა და თანასკოლელებს, რომელთა მხრიდანაც სარკასტულ შენიშვნებსა თუ დაუფარავ წინააღმდეგობას ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაში ითმენდნენ (კოლასელთა 4:5, 6). პეტრე მოციქული წერდა: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს“ (1 პეტრე 2:12).
17. როგორ შეგვიძლია იეჰოვას მივბაძოთ სიყვარულისა და სულგრძელობის გამოვლენაში, და რატომ უნდა მოვიქცეთ ასე?
17 იეჰოვას სულგრძელობის წყალობით მილიონობით ადამიანი გადარჩება (2 პეტრე 3:9, 15). თუ იეჰოვას მივბაძავთ სიყვარულისა და სულგრძელობის გამოვლენაში, შევძლებთ, მოთმინებით განვაგრძოთ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და სხვა ადამიანებისთვის ქრისტეს სამეფოს მმართველობისადმი მორჩილების სწავლება (მათე 28:18—20; მარკოზი 13:10). ქადაგება რომ შეგვეწყვიტა, ეს იმის მსგავსი იქნებოდა, თითქოსდა იეჰოვას სულგრძელობის შემოკლება მოგვიწადინებია და ვერ მივმხვდარვართ, რა მიზნით ავლენს მას, — რათა მოსანანიებლად აღძრას ხალხი (რომაელთა 2:4).
18. როგორ ლოცულობდა პავლე კოლასელებისთვის?
18 მცირე აზიაში, კოლასელი ქრისტიანებისადმი გაგზავნილ წერილში, პავლე წერს: „ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღვთის შეცნობაში ზრდით, მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ, ყოველგვარ მოთმინებაში და სულგრძელობაში სიხარულით“ (კოლასელთა 1:9—11).
19, 20. ა) რა დაგვეხმარება იმაში, რომ იეჰოვას ხანგრძლივი სულგრძელობა დაბრკოლებად არ მივიჩნიოთ? ბ) რა კურთხევებს მივიღებთ, თუ სულგრძელობას გამოვავლენთ?
19 იეჰოვას ხანგრძლივი სულგრძელობა, ანუ მოთმინება, დაბრკოლებად არ გვექცევა, თუკი ‘მისი ნების შეცნობით ვიქნებით აღვსილი’; მისი ნება კი ის არის, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). უნდა განვაგრძოთ ‘ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღება’, განსაკუთრებით კი ‘სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის’ (აქ) ქადაგების საქმეში (მათე 24:14). თუ ერთგულად განვაგრძობთ ყოველივე ამის კეთებას, იეჰოვა ‘გაგვაძლიერებს მთელი სიძლიერით’ და შეგვაძლებინებს, რომ ‘ყველაფერს გავუძლოთ და სულგრძელნი ვიყოთ სიხარულით’ (აქ). თუ ასე ვიმოქმედებთ, ‘უფლის ღირსად მოვიქცევით’ და გვექნება მშვიდობა, რომელსაც იმის გაცნობიერება გვანიჭებს, რომ ‘ყველაფერში ვაამებთ მას’.
20 მოდი, სრულიად დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ იეჰოვას მიერ სულგრძელობის გამოვლენა სიბრძნის გამოხატულებაა. მისი სულგრძელობა ჩვენი და იმ ადამიანების სახსნელადაა გამიზნული, რომლებიც ჩვენს ქადაგებასა და სწავლებას ისმენენ (1 ტიმოთე 4:16). სულის ნაყოფის — სიყვარულის, სახიერების, სიკეთის, სიმშვიდისა და თავშეკავების — გამომუშავება სულგრძელობის სიხარულით გამოვლენაში დაგვეხმარება. უფრო უკეთ შევძლებთ, რომ ოჯახის წევრებთან მშვიდობიანად ვიცხოვროთ და კრებაში, ჩვენს ძმებთან და დებთანაც, მშვიდობიანი დამოკიდებულება გვექნება. სულგრძელობა იმაშიც დაგვეხმარება, რომ თანამშრომლებსა და თანაკლასელებს მოთმინებით მოვეკიდოთ. და ჩვენი მიზანი, რისთვისაც სულგრძელობას ვავლენთ, შემცოდველების ხსნა და სულგრძელი ღმერთის, იეჰოვას, განდიდება იქნება.
[სქოლიოები]
a ბიბლეისტი გორდონ ფი პავლეს ნათქვამთან — სიყვარული სულგრძელია და კეთილია — დაკავშირებით წერს: „პავლეს ეპისტოლეებში ისინი [სულგრძელობა და სიკეთე] კაცობრიობისადმი ღვთის დამოკიდებულების ორ მხარეს ასახავს (შეადარეთ რომ. 2:4). ერთი მხრივ, ღმერთმა სიყვარულით აღსავსე თავშეკავება გამოავლინა, როდესაც ადამიანთა აჯანყებისას თავი შეიკავა რისხვისგან; მეორე მხრივ კი, მის სიკეთეს ვხედავთ მის გულმოწყალებაში, რომელიც ათასგვარი სახით ვლინდება. ამრიგად, პავლე სიყვარულის აღწერას ღვთისთვის დამახასიათებელი ორი თვისებით იწყებს; ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით დაგვანახვა, რომ იგი თავშეკავებული და კეთილია მათდამი, ვინც მის სასჯელს იმსახურებს“.
შეგიძლიათ განმარტოთ?
• რატომ არის ქრისტე სულგრძელობის შესანიშნავი მაგალითი?
• რა დაგვეხმარება სულგრძელობის გამომუშავებაში?
• როგორ ეხმარება სულგრძელობა ოჯახებს, ქრისტიანთა ჯგუფებსა და უხუცესებს?
• როგორ მოგვიტანს სულგრძელობის გამოვლენა კურთხევებს როგორც ჩვენ, ისე სხვა ადამიანებს?
[სურათი 15 გვერდზე]
მძიმე განსაცდელის დროსაც კი იესო მოთმინებით ეპყრობოდა თავის მოწაფეებს.
[სურათი 16 გვერდზე]
ქრისტიან ზედამხედველებს ბიბლია მოუწოდებს, სამაგალითონი იყვნენ ძმებთან სულგრძელობით მოპყრობაში.
[სურათი 17 გვერდზე]
თუ იეჰოვას სიყვარულისა და სულგრძელობის გამოვლენაში მივბაძავთ, არ შევწყვეტთ სასიხარულო ცნობის ქადაგება.
[სურათი 18 გვერდზე]
პავლე ლოცულობდა, რომ ქრისტიანებს ‘სიხარულით გამოევლინათ სულგრძელობა’.