სამეფო
განმარტება: ბიბლიის თანახმად, ფრაზა „ღვთის სამეფო“ * მოიცავს ყოველივეს, რითაც ვლინდება იეჰოვას უზენაესობა მის ქმნილებებთან ურთიერთობაში. ამ ფრაზაში ძირითადად იგულისხმება ხელისუფლება, რომლის მეშვეობითაც ვლინდება ღვთის უზენაესობა და რომლის სათავეშიც მისი ძე, იესო ქრისტეა. „სამეფოში“ შეიძლება აგრეთვე იგულისხმებოდეს ღვთის მიერ დანიშნული მეფის მმართველობა ან ზეციერი ხელისუფლების სამფლობელო დედამიწაზე (* ბიბლიაში სიტყვა „სამეფოს“ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ქართულ „სამეფოს“. ბერძნული სიტყვა „ბასილეია“, რომელიც „სამეფოდ“ არის ნათარგმნი, ნიშნავს „სამეფოს; სამფლობელოს; ტერიტორიას ან ქვეყანას, რომელსაც მართავს მეფე; მეფობას; მეფის ხელისუფლებას, მმართველობას, ძალაუფლებას, საბრძანებელს; მეფის ღირსებას“ („The Analytical Greek Lexicon“, 1908, გვ. 67).
ნამდვილი ხელისუფლება იგულისხმება ღვთის სამეფოში?
თუ ადამიანთა გულებშია ღვთის სამეფო?
ლუკ. 17:21, სსგ: «ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია [აგრეთვე ბსგ, ბთი; „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“, აქ; „შორის თქუჱნსა არს“, აა, „შორის თქუენსა არს“, უპ, ვეგ]» (მე-20 მუხლიდან ჩანს, რომ იესომ ამ სიტყვებით მიმართა ფარისევლებს, რომლებსაც თვალთმაქცები უწოდა. აქედან გამომდინარე, იესო არ იგულისხმებდა იმას, რომ სამეფო მათ გულებში იყო. ღვთის სამეფო მათ შორის იყო მისი წარმომადგენლის, ქრისტეს სახით).
ჩანს ბიბლიიდან, რომ ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა?
ეს. 9:6, 7, სსგ [9:5, 6]: «შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა [„მთავრობაჲ“, მხ „მთავრობა“, ბსგ, ძვო (თ-ვ); „ხელმწიფობა“, აქ] იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის».
ვინ არიან მმართველები ღვთის სამეფოში?
გამოცხ. 15:3: „დიდი და საოცარია შენი საქმენი, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო. მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები, მარადიულობის მეფეო“.
დან. 7:13, 14: „ცის ღრუბლებზე მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის მსგავსი [იესო ქრისტე, იხილეთ მარკოზის 14:61, 62]. მას ძველ დღეთასთან [იეჰოვა ღმერთთან] მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს. მას [იესო ქრისტეს] მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“.
გამოცხ. 5:9, 10: „შენ [იესო ქრისტე] ღირსი ხარ, რომ აიღო გრაგნილი და ახსნა მისი ბეჭდები, რადგან დაკლულ იქენი და შენი სისხლით იყიდე ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან, ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადების 14:1—3-ის თანახმად, კრავს ზეციერი სიონის მთაზე ეყოლებოდა „დედამიწიდან ნაყიდი“ 144 000 თანამმართველი).
რა გავლენას მოახდენს ეს სამეფო ადამიანთა მმართველობაზე?
დან. 2:44: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.
ფსალმ. 2:8, 9: „მთხოვე, რომ მოგცე ხალხები მემკვიდრეობად და დედამიწის კიდეები — საკუთრებად. დალეწავ მათ რკინის კვერთხით და მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“.
რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
განწმენდს იეჰოვას სახელს და განამტკიცებს მის უზენაესობას.
მათ. 6:9, 10: «ამიტომ, ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო“» (აქ ღვთის სახელის განწმენდა მისი სამეფოს მოსვლასთან არის დაკავშირებული).
ეზეკ. 38:23: „განვდიდდები და განვიწმინდები მრავალი ხალხის თვალწინ, თავს გავუმჟღავნებ მათ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ღვთის სახელს აღარავინ შეურაცხყოფს. ის ყველასთვის წმინდა იქნება. ყველა სიხარულით დაუჭერს მხარს იეჰოვას უზენაესობას და შეასრულებს მის ნებას. იეჰოვას სახელის განწმენდაზე მთელ სამყაროში მშვიდობის არსებობა და ყველას კეთილდღეობაა დამოკიდებული).
ბოლოს მოუღებს სატანის მმართველობას დედამიწაზე.
გამოცხ. 20:2, 3: „[ზეციერმა მეფემ, იესო ქრისტემ] შეიპყრო დრაკონი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებოჭა იგი ათასი წლით. ჩააგდო ის უფსკრულში, რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ ათასი წელი არ დასრულდება. ამის შემდეგ კი ცოტა ხნით უნდა გათავისუფლდეს“ (ამგვარად, კაცობრიობაზე ვეღარ მოახდენს გავლენას სატანა, რომელიც ცხოვრებას ურთულებს მათ, ვისაც სწორად მოქცევა სურს. ბოლო მოეღება ეშმაკისა და დემონების ზეგავლენას, რის შედეგადაც ხალხი შიშში ცხოვრობს და მხეცური ქმედებების მომსწრე ხდება).
ყველა ქმნილებას გააერთიანებს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლობაში.
გამოცხ. 5:13; 15:3, 4: «მოვისმინე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც ზეცაში, დედამიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაზეა, და ყოველივე, რაც მათშია, ამბობდნენ: „ტახტზე მჯდომსა [იეჰოვა ღმერთს] და კრავს [იესო ქრისტეს] კურთხევა, პატივი, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად!“» „დიდი და საოცარია შენი საქმენი, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო. მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები, მარადიულობის მეფეო. ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს? მხოლოდ შენა ხარ ერთგული. ყველა ხალხი თაყვანსაცემად მოვა შენ წინაშე, რადგან ცხადი გახდა შენი სამართალი“.
ადამიანებს დაეხმარება ღმერთთან დაკარგული ურთიერთობის აღდგენაში.
რომ. 8:19—21: „მთელი ქმნილება [კაცობრიობა] მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების გამოცხადებას [როცა ცხადი გახდება ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილთა მმართველობის შედეგები], ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის ნებით იმ იმედის საფუძველზე, რომ თვით ქმნილებაც [კაცობრიობა] გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“.
ბოლოს მოუღებს ომებს.
ფსალმ. 46:8, 9: „მოდით, იხილეთ იეჰოვას საქმეები! რა საოცრებები მოახდინა დედამიწაზე. ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“.
ეს. 2:4: „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“.
დედამიწაზე აღმოფხვრის ჩაგვრას და ბოლოს მოუღებს არაკეთილსინდისიერ ადამიანთა მმართველობას.
ფსალმ. 110:5: „იეჰოვა იქნება შენს მარჯვენასთან და შემუსრავს მეფეებს თავისი რისხვის დღეს“.
ფსალმ. 72:12—14: „ის [იეჰოვას მიერ დანიშნული მეფე] დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“.
ყველა ადამიანს უზრუნველყოფს საკვებით.
ფსალმ. 72:16: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“.
ეს. 25:6: „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ამ მთაზე [ზეციერი სიონის მთა, ღვთის სამეფოს სიმბოლური ადგილსამყოფელი, საიდანაც ეს სამეფო იზრუნებს მიწიერ ქვეშევრდომებზე] ნადიმს გაუმართავს ყველა ხალხს მსუყე კერძებით, ნადიმს საუკეთესო ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, თხლედალექილი, დაწმენდილი ღვინით“.
ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ავადმყოფობას.
ლუკ. 7:22; 9:11: „წადით და მოუყევით იოანეს, რაც იხილეთ და მოისმინეთ: უსინათლოებს თვალები ეხილებათ, კოჭლები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა ეუწყებათ“. „იესო თბილად შეხვდა მათ და ღვთის სამეფოზე ელაპარაკებოდა, ხოლო ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა“ (ამით იესომ გვაჩვენა, თუ რას გააკეთებდა ადამიანებისთვის, როცა ზეციერი მეფე იქნებოდა).
ყველას უზრუნველყოფს კარგი საცხოვრებლით.
ეს. 65:21, 22: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“.
იზრუნებს, რომ ყველას ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი სამუშაო.
ეს. 65:23: „ტყუილუბრალოდ არ იშრომებენ, არც უბედურებისთვის გააჩენენ შვილებს, რადგან იეჰოვასგან კურთხეული შთამომავლები არიან და მათთანვეა მათი მოდგმა“.
იზრუნებს უსაფრთხოებაზე და არავის სიცოცხლეს ან ქონებას არ დაემუქრება საფრთხე.
მიქ. 4:4: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ, რადგან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას“.
ფსალმ. 37:10, 11: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“.
ხელს შეუწყობს ყველგან სიმართლისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.
2 პეტ. 3:13: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“.
ეს. 11:3—5: „სიამოვნებას მოჰგვრის მას [ღვთის სამეფოს მეფეს] იეჰოვას შიში. შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის . . . თეძო სიმართლით ექნება შემოსარტყლული, წელი კი — ერთგულებით“.
დაიცავს ადამიანებს სტიქიური უბედურებებისგან.
მარ. 4:37—41: «უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა. ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა . . . მან [იესომ] გაიღვიძა, ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა . . . მათ ძალიან შეეშინდათ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“» (ამით ქრისტემ გვაჩვენა, რომ ის შეძლებს ბუნების ძალების გაკონტროლებას).
აღადგენს მკვდრებს.
იოან. 5:28, 29: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [გამეფებული ქრისტეს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“.
გამოცხ. 20:12: „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ [რასაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გააკეთებენ; შეადარეთ რომაელების 6:7]“.
ბოლოს მოუღებს ადამის ცოდვით გამოწვეულ სიკვდილს.
ეს. 25:8: „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“.
გამოცხ. 21:4: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.
შექმნის ქვეყნიერებას, სადაც ადამიანებს გულწრფელად ეყვარებათ ერთმანეთი.
იოან. 13:35: „ჩემი მოწაფეები [იმის მიუხედავად, ზეციერ სამეფოში იესოს თანამმართველები იქნებიან თუ ამ სამეფოს ქვეშევრდომები დედამიწაზე] რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“.
იზრუნებს იმაზე, რომ ადამიანებმა და ცხოველებმა აღარ შეუქმნან ერთმანეთს საფრთხე.
ეს. 11:6—9: „მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს ხოლმე, ჯიქი თიკნის გვერდით დაწვება, ხბო, ლომი და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად მოძოვენ და მათი ნაშიერები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან. ლომიც კი ხარივით შეჭამს ბზეს. ძუძუთა ბავშვი კობრას ხვრელთან ითამაშებს; ძუძუს მოწყვეტილი შხამიანი გველის სოროს დააფარებს ხელს. ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე“ (აგრეთვე ესაიას 65:25).
ოს. 2:18: „იმ დღეს მათთვის შეთანხმებას დავუდებ მინდვრის მხეცებს, ცის ფრინველებსა და ქვეწარმავლებს . . . უსაფრთხოდ ვაცხოვრებ მათ“.
დედამიწას სამოთხედ გადააქცევს.
ლუკ. 23:43: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“.
ფსალმ. 98:7—9: „იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია, მიწამ და მასზე მცხოვრებლებმა! ტაში შემოჰკრან მდინარეებმა და ყველა მთამ ერთად შესძახოს სიხარულით იეჰოვას წინაშე, რადგან მოვიდა ის დედამიწის გასასამართლებლად! ის სიმართლით გაასამართლებს ქვეყნიერებას და სამართლიანად — ხალხებს“.
შეადარეთ დაბადების 1:28; 2:15; ესაიას 55:11.
როდის უნდა დაწყებულიყო ღვთის სამეფოს მმართველობა?
პირველ საუკუნეში?
კოლ. 1:1, 2, 13: „პავლე, ქრისტე იესოს მოციქული ღვთის ნებით, და ძმა ტიმოთე, ქრისტესთან ერთობაში მყოფ წმინდებს [ზეციერი სამეფოს მემკვიდრეებს] . . . მან [ღმერთმა] დაგვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისგან და გადაგვიყვანა [წმინდები, ქრისტიანული კრების წევრები] თავისი საყვარელი ძის სამეფოში“ (ასე რომ, ამ სიტყვების დაწერამდე, პირველ საუკუნეში ქრისტეს დაწყებული ჰქონდა ქრისტიანული კრების ხელმძღვანელობა. მაგრამ ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო დამყარებული სამეფო, რომელიც მთელ დედამიწას უხელმძღვანელებდა).
1 კორ. 4:8: „უკვე გაძეხით? უკვე გამდიდრდით? ჩვენ გარეშე გამეფდით? ნეტავ მართლა გამეფებულიყავით, რომ ჩვენც გვემეფა თქვენთან ერთად“ (ზოგ კორინთელს მოციქული პავლე საყვედურობს იმის გამო, რომ არასწორი თვალსაზრისი ჰქონდათ).
გამოცხ. 12:10, 12: „ახლა მოვიდა ხსნა ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება და სამეფო და მისი ქრისტეს ძალაუფლება, რადგან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ბრალმდებელი, რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე! ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (ამ მუხლებში ღვთის სამეფოს დამყარება დაკავშირებულია სატანის ზეციდან გადმოგდებასთან. როგორც იობის 1-ლი და მე-2 თავებიდან ჩანს, ეს არ მომხდარა ედემის ბაღში განვითარებული მოვლენების დროს. „გამოცხადება“ ახ. წ. 96 წელს დაიწერა და, როგორც გამოცხადების 1:1-დან ვიგებთ, მასში აღწერილი მოვლენები მომავალს ეხებოდა).
ყველა უნდა გახდეს მორწმუნე იმისათვის, რომ ღვთის სამეფომ ხელში აიღოს ძალაუფლება?
ფსალმ. 110:1, 2: «იეჰოვამ ჩემს უფალს [იესო ქრისტეს] უთხრა: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“. იეჰოვა შენი ძლიერების კვერთხს გამოგიგზავნის სიონიდან და გეტყვის: „იბატონე შენს მტრებს შორის“» (ამგვარად, იესოს მოუწევდა მტრების დამორჩილება. მის მმართველობას ყველა არ დაემორჩილებოდა).
მათ. 25:31—46: „როცა მოვა კაცის ძე [იესო ქრისტე] ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან . . . და ესენი [ვინც არ ეხმარებოდა მის ცხებულ ძმებს] მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ“ (აშკარაა, რომ ყველა ადამიანი არ გახდებოდა მორწმუნე ტახტზე ქრისტეს ასვლამდე; ყველა არ აღმოჩნდებოდა მართალი).
შეიძლება ბიბლიიდან იმის გაგება, თუ როდის უნდა დაწყებულიყო ღვთის სამეფოს მმართველობა?
იხილეთ გვერდები 74—78 („ბოლო დღეები“), აგრეთვე 166—168 („თარიღები“).
თუ ვინმე გეუბნება. . .
„მე ამას მაინც ვერ მოვესწრები“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „მაგრამ ვიღაცა უნდა მოესწროს. ეცოდინება მას, რომ ეს მის სიცოცხლეში მოხდება? იესოს მოციქულებს აინტერესებდათ, ვინ მოესწრებოდა ამ მოვლენებს. რაც იესომ უთხრა მათ ამასთან დაკავშირებით, ჩვენთვისაც საყურადღებოა“ (მათ. 24:3—14).
ან შეგიძლია უთხრა: „დღეს ბევრი ფიქრობს ასე. მაგრამ იეჰოვას მოწმეები ბიბლიის საფუძველზე დარწმუნებულნი არიან, რომ ღვთის სამეფო უკვე მმართველობს ზეცაში. დღეს ჩვენი საქმეებით უნდა ვაჩვენოთ, გვსურს თუ არა ცხოვრება იმ დროს, როცა დედამიწას ღვთის სამეფო უხელმძღვანელებს. სწორედ ამ საკითხზე მსურდა საუბარი. ნახეთ, რა წერია მათეს 24:14-ში“.