აღდგომა
ბერძნული სიტყვა ანასტასის სიტყვასიტყვით წამოდგომას, ადგომას ნიშნავს. ეს სიტყვა ხშირად გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მკვდრეთით აღდგომის მნიშვნელობით. პავლე მოციქულს ებრაული წერილებიდან, კერძოდ, ოსიას 13:14-დან მოჰყავს ციტატა (1კრ. 15:54, 55), სადაც საუბარია სიკვდილის გაუქმებაზე და შეოლისთვის ძალის წართმევაზე (ებრ. შე’ოლ; ბერძ. ჰადეს). ბიბლიის მრავალ თარგმანში შე’ოლი „საფლავად“ და „ორმოდ“ არის გადმოთარგმნილი. ეს არის ადგილი, სადაც მკვდრები ხვდებიან (დბ. 37:35; 1მფ. 2:6; ეკ. 9:10). ბიბლიაში შე’ოლისა და მისი ბერძნული ეკვივალენტის ჰადესის გამოყენების შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ ამ სიტყვაში გარდაცვლილთა საერთო სამარე, სამყოფელი იგულისხმება და არა ერთი კონკრეტული საფლავი (ეზკ. 32:21—32; გმც. 20:13; იხ. ჰადესი; შეოლი). შეოლისთვის ძალის წართმევა ნიშნავს მათ გათავისუფლებას, ვინც მასშია, ეს კი თავისთავად სამარის დაცარიელებას გულისხმობს. რასაკვირველია, ამისათვის აღდგომაა საჭიროა, ასე ვთქვათ, უსიცოცხლო მდგომარეობიდან ანუ საფლავიდან წამოდგომა.
იესო ქრისტეს მეშვეობით. ზემოთქმულიდან გამომდინარე აღდგომის შესახებ სწავლებას ებრაულ წერილებშიც ვხვდებით. მაგრამ სიცოცხლისა და უხრწნელობისთვის შუქი იესო ქრისტეს უნდა მოეფინა სასიხარულო ცნობით (2ტმ. 1:10). იესომ თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (ინ. 14:6). იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობამ ნათელი მოჰფინა იმას, თუ როგორ მიიღწევა მარადიული სიცოცხლე, ზოგიერთისთვის კი უხრწნელობა. პავლე მოციქული დამაჯერებლად მსჯელობს მკვდრეთით აღდგომის საიმედოობაზე: „თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო? თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც. თუ მართლა არ აღდგებიან მკვდრები, ცრუმოწმენი გამოვდივართ ღმერთზე, რადგან ღვთის წინააღმდეგ ვამოწმებთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია ... და თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა და ჯერ კიდევ თქვენს ცოდვებში ხართ ... მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი. როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც“ (1კრ. 15:12—21).
დედამიწაზე ყოფნისას იესო მკვდრებს აცოცხლებდა (ლკ. 7:11—15; 8:49—56; ინ. 11:38—44). მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი მკვდრეთით აღდგომა, შემდგომში კი მარადიული სიცოცხლე (ინ. 5:26).
ღვთის უცილობელი განზრახვა. იესო ქრისტემ სადუკეველთა სექტის წევრებს, რომელთაც არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა, უთხრა, რომ მოსეს წიგნები, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომი და სარწმუნო იყო, ადასტურებდა მკვდრეთით აღდგომას. იესომ არგუმენტად მოიყვანა იეჰოვას ნათქვამი, რომ ის იყო „აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“ (უკვე დაღუპულთა), რითაც აჩვენა, რომ ღვთის თვალში ეს ადამიანები ცოცხლები იყვნენ, რადგან ღმერთმა, რომელიც „მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა“, მათთვის მკვდრეთით აღდგომა გაითვალისწინა. პავლე აბრაამის რწმენაზე მსჯელობისას ამბობს, რომ ღმერთი თავისი ძალით „მკვდრებს აცოცხლებს და ისე მიმართავს არარსებულს, თითქოს არსებობდეს“ (მთ. 22:23, 31—33; რმ. 4:17).
ღმერთს ძალუძს მკვდრების აღდგენა. მისთვის, ვინც ადამიანი თავის ანარეკლად შექმნა, მისცა სრულყოფილი სხეული და არაჩვეულებრივი თვისებების სრულყოფილად გამოვლენის უნარი, მკვდრის აღდგენა არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თუ მეცნიერებს ღვთის მიერ შექმნილი მეცნიერული პრინციპების საფუძველზე შეუძლიათ შეინახონ და აღადგინონ ვინმეს ხმა და გამოსახულება, რამდენად ადვილი იქნება სამყაროს უზენაესი სუვერენისა და შემოქმედისთვის, რომ დაღუპული ადამიანი, თავისი პიროვნული თვისებებით, ახალ სხეულში აღადგინოს. როცა ანგელოზმა აბრაამს ამცნო, რომ სარას სიბერეში შვილიერობა აღუდგებოდა, დასძინა: „არის რამე იეჰოვასთვის შეუძლებელი?!“ (დბ. 18:14; იერ. 32:17, 27).
რატომ გახდა აღდგომა საჭირო. თავიდან აღდგომის აუცილებლობა არ არსებობდა. ღვთის განზრახვაში არ შედიოდა მკვდრეთით აღდგომა, რადგან სიკვდილი არ ყოფილა ბუნებრივი, ადამიანთა მოდგმისთვის გათვალისწინებული მოვლენა. ღმერთმა გაამჟღავნა, რომ სურდა დედამიწაზე ცოცხალ და არა მოკვდავ ადამიანებს ეცხოვრათ. მისი ნამოქმედარი უნაკლო, სრულყოფილი და ჯანსაღი იყო (კნ. 32:4). იეჰოვამ აკურთხა პირველი ადამიანები და უთხრა, გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა (დბ. 1:28). ეს იყო კურთხევა, რომელიც გამორიცხავდა ავადმყოფობასა და სიკვდილს; ღმერთს არ შეუზღუდავს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. მან ადამი გააფრთხილა, რომ მხოლოდ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოკვდებოდა. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ადამიანს მარადიულად უნდა ეცოცხლა. დაუმორჩილებლობა ღვთის კეთილგანწყობის, კურთხევების დაკარგვისა და წყევლის მიზეზი გახდებოდა (დბ. 2:17; 3:17—19).
მაშასადამე, ადამიანთა სიკვდილის მიზეზი ადამის ცოდვა გახდა (რმ. 5:12). ცოდვისა და მისით გამოწვეული არასრულყოფილების გამო, კაცობრიობა ადამისგან მემკვიდრეობად არათუ მარადიულ სიცოცხლეს, მარადიული სიცოცხლის იმედსაც კი ვერ მიიღებდა. „ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს“, — თქვა იესომ (მთ. 7:17, 18; იობ. 14:1, 2). ადამის იმ შთამომავლებისთვის, რომლებიც ღვთის მორჩილები იქნებოდნენ, ღმერთმა ახალი ღონისძიება, აღდგომა, გაითვალისწინა.
აღდგომის მიზანი. აღდგომა არა მარტო იეჰოვას უსაზღვრო ძალასა და სიბრძნეზე მეტყველებს, არამედ მის სიყვარულსა და გულმოწყალებაზე. ეს იმასაც ამტკიცებს, რომ იეჰოვა თავის მსახურთა მაცოცხლებელია (1სმ. 2:6). ვინაიდან მკვდრეთით აღდგენის ძალა აქვს, მან შეიძლება დაუშვას, რომ მათი ერთგულება სიკვდილით გამოიცადოს. ამგვარად, ის პასუხს სცემს სატანის ბრალდებას, რომელიც ირწმუნებოდა: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობ. 2:4). იეჰოვას შეუძლია, რომ სატანას თავისი უსაფუძვლო ბრალდებების დასამტკიცებლად ვინმეს მოკვლის უფლებაც კი მისცეს (მთ. 24:9; გმც. 2:10; 6:11). იეჰოვას მსახურები მზად არიან, სიცოცხლე გაწირონ იეჰოვას საქმისთვის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი სიყვარულით ემსახურებიან მას და არა ეგოისტური მიზნებით (გმც. 12:11). ეს იმაზეც მეტყველებს, რომ ისინი მას ყოვლისშემძლედ, სამყაროს უზენაესად და სიყვარულის ღმერთად აღიარებენ, რომელსაც მათი გაცოცხლება შეუძლია. გარდა ამისა, ისინი განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენენ იეჰოვას მიმართ მისი საოცარი თვისებების და არა პირადი გამორჩენის გამო (წაიკითხეთ ღვთის მსახურთა გამონათქვამები რმ. 11:33—36-სა და გმც. 4:11; 7:12-ში). ამავე დროს, აღდგომის მეშვეობით იეჰოვა განახორციელებს დედამიწასთან დაკავშირებულ იმ განზრახვას, რომელიც ადამს განუცხადა (დბ. 1:28).
მნიშვნელოვანია ადამიანთა ბედნიერებისთვის. მკვდრეთით აღდგომა, რომელიც ღვთის წყალობის მაჩვენებელია, აუცილებელი პირობაა ადამიანთა ბედნიერებისთვის, რადგან აღდგომის შემდეგ ადამიანები უბედურების, ტანჯვისა და ჩაგვრისგან თავისუფლები იქნებიან. ეს ყოველივე ადამიანებს თავს ატყდებათ არასრულყოფილების, ავადმყოფობის, ომების, მკვლელობებისა და არაადამიანური საქციელის გამო, რომელსაც ბოროტი ხალხი სატანა ეშმაკის წაქეზებით სჩადის. მკვდრეთით აღდგომის რწმენის გარეშე ბოლომდე ბედნიერნი ვერ ვიქნებით. მოციქულმა პავლემ ასე გამოხატა ეს აზრი: „თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველაზე საცოდავები ვყოფილვართ“ (1კრ. 15:19).
როდის გაჩნდა მკვდრეთით აღდგომის იმედი. მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა და სასიკვდილოდ გაიმეტა საკუთარი თავი და თავისი შთამომავლები, ღმერთმა გველს უთხრა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დბ. 3:15).
სიკვდილის გამომწვევის მოსპობა. იესომ თავის მოწინააღმდეგე იუდეველებს უთხრა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ. ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება“ (ინ. 8:44). აქედან გამომდინარე, ეშმაკი იყო ის, ვინც გველის მეშვეობით საუბრობდა. ის კაცისმკვლელი გახდა, როგორც კი ტყუილისა და ურჩობის გზას დაადგა. მოგვიანებით ქრისტემ იოანეს ხილვაში ამცნო, რომ სატანა ეშმაკს „ძველი გველიც“ ეწოდება (გმც. 12:9). სატანამ თავის ძალაუფლებაში მოაქცია ადამის შვილები, რადგან მათი წინაპარი ღმერთს აუმხედრა. ამიტომ დაბადების 3:15-ში ჩაწერილ პირველ წინასწარმეტყველებაში იეჰოვამ კაცობრიობა დააიმედა, რომ გველს ბოლოს მოუღებდა (შდრ. რმ. 16:20). გარდა იმისა, რომ სატანას თავი გაეჭეჭყებოდა, მისი საქმეებიც დაიმსხვრეოდა (1ინ. 3:8). ეს წინასწარმეტყველება ვერ შესრულდება, თუ ადამის მიზეზით გამოწვეული ცოდვა არ გაუქმდება და მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგად შეოლში (ჰადესში) მოხვედრილი მისი შთამომავლები არ აღდგებიან (1კრ. 15:26).
გათავისუფლების იმედში აღდგომაც იგულისხმება. პავლე მოციქული საუბრობს იმ მდგომარეობაზე, რომელიც ღმერთმა ადამის შეცოდების შემდეგ დაუშვა და მის საბოლოო მიზანზე: „ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა [ადამის შთამომავლები ვერაფერს გახდებოდნენ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონიათ] ამაოებას [ცოდვასა და სიკვდილს] არამედ მისი დამმორჩილებლის [ღვთის, რომელიც სიბრძნით მოქმედებს] ნებით იმ იმედის საფუძველზე, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რმ. 8:20, 21; ფს. 51:5). დიდებული თავისუფლების მისაღწევად გარდაცვლილები უნდა აღდგნენ, მათ თავი უნდა დააღწიონ სიკვდილსა და სამარეს. ამრიგად, ღმერთმა, რომელმაც პირობა დადო, რომ „შთამომავალი“ გველს თავს გაუჭეჭყავდა, არაჩვეულებრივი იმედი მისცა კაცობრიობას (იხ. შთამომავალი).
აბრაამის რწმენის საფუძველი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როცა აბრაამი თავის ძეს, ისაკს, მსხვერპლად სწირავდა, სჯეროდა, რომ ღმერთს შეეძლო და განზრახულიც ჰქონდა მკვდრების აღდგენა. როგორც ებრაელების 11:17—19-დან ვიგებთ, აბრაამმა სიკვდილიდან დაიბრუნა ისაკი, რასაც „სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა“ (დბ. 22:1—3, 10—13). ღვთის მიერ დაპირებული „შთამომავალი“ აბრაამს აღდგომის რწმენის საფუძველს აძლევდა (დბ. 3:15). გარდა ამისა, სარამ და აბრაამმა თავად გამოსცადეს აღდგომის მსგავსი რამ, როცა შვილების ყოლის უნარი აღუდგათ (დბ. 18:9—11; 21:1, 2, 12; რმ. 4:19—21). მკვდრეთით აღდგომის რწმენა მრავალტანჯულმა იობმაც გამოხატა: „ნეტავ დამმალავდე სამარეში, ... დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე! თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? .. დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობ. 14:13—15).
აღდგომის შემთხვევები გამოსასყიდის გაღებამდე. მკვდრეთით აღდგომა ძველადაც მომხდარა, რაშიც წვლილი წინასწარმეტყველ ელიასა და ელისეს მიუძღოდათ (1მფ. 17:17—24; 2მფ. 4:32—37; 13:20, 21). მაგრამ მათ მიერ აღდგენილები, იმ ადამიანების მსგავსად, რომლებიც იესომ და მოციქულებმა აღადგინეს, ისევ დაიხოცნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა აღდგომა მარადიული სიცოცხლისთვის აღდგომას არ გულისხმობს.
ვინაიდან ლაზარე თავისმა მეგობარმა იესომ აღადგინა, სავარაუდოდ, ის ცოცხალი იქნებოდა ახ. წ. 33 წელს, როცა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ზეციური მოწოდების მქონე ადამიანთა პირველ ჯგუფზე (ებ. 3:1) წმინდა სული გადმოვიდა და ისინი სულით იშვნენ (სქ. 2:1—4, 33, 38). ლაზარეს აღდგომა ჰგავდა მათ აღდგომას, ვინც ელიამ და ელისემ აღადგინეს. მაგრამ ამ აღდგომამ ლაზარეს იმის საშუალება მისცა, რომ ქრისტეს მსგავსად ზეციერი ცხოვრებისთვის აღმდგარიყო, რაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. სიყვარულის რაოდენ დიდი გამოვლინება იყო ეს იესოს მხრიდან! (ინ. 11:38—44).
„უკეთესი აღდგომა“. ძველი დროის ღვთის ერთგულ მსახურებზე პავლე წერდა: „ქალებს თავიანთი მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ. ზოგს აწამებდნენ, რადგან უარს ამბობდნენ ნებისმიერი გამოსასყიდით გათავისუფლებაზე, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ“ (ებ. 11:35). ამ ხალხს ჰქონდა აღდგომის იმედი და იცოდნენ, რომ იმ დროს მათი ცხოვრება არ იყო პირველხარისხოვანი. უკეთესი აღდგომა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ქრისტე აღდგა, ზეცაში მამის წინაშე წარდგა და თავისი მსხვერპლის საფასური წარუდგინა. ამგვარად, მან ადამიანებს მოუპოვა სიცოცხლის უფლება და მათი „მარადიული მამა“ გახდა (ებ. 9:11, 12, 24; ეს. 9:6). ის არის „მაცოცხლებელი სული“ (1კრ. 15:45). მას აქვს „სიკვდილისა და სამარის გასაღებები“ (გმც. 1:18, სქ.). ხალხისთვის მარადიული სიცოცხლის მიცემის უფლებამოსილებით აღჭურვილი იესო, ღვთის მიერ დანიშნულ დროს, „უკეთეს აღდგომას“ განახორციელებს, რადგან ამჯერად აღდგენილებს მიეცემათ მარადიული სიცოცხლის საშუალება. თუ ღვთის მორჩილები იქნებიან, ისინი არასოდეს მოკვდებიან.
ზეციერი აღდგომა. იესო ქრისტეს ეწოდება „პირმშო მკვდრებს შორის“ (კლ. 1:18). ის იყო პირველი, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის აღდგა. ის „სულში“ აღდგა ზეცაში ცხოვრებისთვის (1პტ. 3:18). უფრო მეტიც, აღდგომის შემდეგ ის სიცოცხლის აღმატებულ ფორმაში გადავიდა და იმაზე მაღალი მდგომარეობა დაიკავა, ვიდრე დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა. მას მიეცა უკვდავება და უხრწნელობა, რაც არც ერთ ფიზიკურ ქმნილებას არ გააჩნია. იგი „ცათა ზემოთ“ ამაღლდა და ახლა სამყაროში მდგომარეობით მხოლოდ იეჰოვა ღმერთს ჩამოუვარდება (ებ. 7:26; 1ტმ. 6:14—16; ფლ. 2:9—11; სქ. 2:34; 1კრ. 15:27). ის თავად იეჰოვა ღმერთმა აღადგინა (სქ. 3:15; 5:30; რმ. 4:24; 10:9).
აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში იესო თავის მოწაფეებს სხვადასხვა სხეულში ეცხადებოდა ისევე, როგორც ძველად ანგელოზები ეცხადებოდნენ ადამიანებს ფიზიკურ სხეულში. ანგელოზების მსგავსად, მას შეეძლო სურვილისამებრ ხორცის შესხმა და კვლავ სულიერი სხეულის დაბრუნება. იესო ფიზიკურ სხეულში ხალხს იმიტომ ევლინებოდა, რომ თავისი აღდგომა დაემტკიცებინა (მთ. 28:8—10, 16—20; ლკ. 24:13—32, 36—43; ინ. 20:14—29; დბ. 18:1, 2; 19:1; იეს. 5:13—15; მსჯ. 6:11, 12; 13:3, 13). მისი მრავალგზისი გამოცხადება, განსაკუთრებით ის შემთხვევა, როცა 500-ზე მეტ ადამიანს ერთდროულად ეჩვენა, მისი აღდგომის უტყუარობის საფუძვლიანი მტკიცება იყო (1კრ. 15:3—8). მისი აღდგომის უტყუარობა მომავალი განკითხვის დღის გარდაუვალობაში არწმუნებს ყველას (სქ. 17:31).
ქრისტეს „ძმების“ აღდგომა. „მოწოდებულთ, რჩეულთ და ერთგულთ“, ქრისტეს კვალის მიმყოლ მის „ძმებს“, რომლებიც „ღვთის შვილებად“ სულით იშვნენ, დაპირებისამებრ, ქრისტეს მსგავსი აღდგომა ელით (გმც. 17:14; რმ. 6:5; 8:15, 16; ებ. 2:11). პეტრე მოციქული თანამორწმუნეებს სწერდა: „კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა, რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ცოცხალი იმედი გვქონოდა და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა. ის ზეცაში ინახება თქვენთვის“ (1პტ. 1:3, 4).
პეტრემ ამ იმედს უწოდა „ძვირფასი და დიდებული დაპირებები“, რომელთა დახმარებითაც სულითცხებულები „ღვთის ბუნების მოზიარენი“ ხდებიან (2პტ. 1:4). ისინი უნდა შეიცვალონ — დათმონ ადამიანის ბუნება, რათა „ღვთის ბუნება“ მიიღონ და ქრისტეს დიდებას ეზიარონ. ისინი ქრისტეს მსგავსად უნდა დაიხოცონ — ბოლომდე შეინარჩუნონ ერთგულება და სამუდამოდ შეელიონ დედამიწაზე ცხოვრებას, რის შემდეგაც ისინი უკვდავ, უხრწნელ სხეულებს მიიღებენ — ისეთს, როგორიც ქრისტემ მიიღო ადგომის შემდეგ (რმ. 6:3—5; 1კრ. 15:50—57; 2კრ. 5:1—3). პავლე დათესილი და აღმოცენებული მარცვლის მაგალითით განმარტავს, რომ ღმერთი მათ „ისეთ სხეულს აძლევს, როგორიც ნებავს“. სხეული კი არ აღდგება (1კრ. 15:35—40), არამედ სული, ანუ პიროვნება, იმ გარემოსთვის შესაფერისი სხეულით, რომელშიც ღმერთი აღადგენს.
იესო ქრისტემ ადამიანური სიცოცხლე კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად დათმო. „ებრაელების“ ღვთივშთაგონებული დამწერი იესოს უკავშირებს მე-40 ფსალმუნს, რომელშიც „ქვეყნიერებაში მოსული“ მესია ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე, მაგრამ სხეული გამიმზადე“ (ებ. 10:5). იესომ თავად თქვა: „ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ“ (ინ. 6:51). აქედან გამომდინარე, ქრისტე აღდგომის შემდეგ ვერ დაიბრუნებდა თავის სხეულს, რადგან ეს კაცობრიობისთვის გაღებული შესაწირავის უკან დაბრუნება გამოვიდოდა. გარდა ამისა, ქრისტეს აღარ უნდა ეცხოვრა დედამიწაზე. მისი სამყოფელი ზეცაში მამასთან იყო, რომელიც სულია და არა ხორცი (ინ. 14:3; 4:24). ამრიგად, იესო ქრისტემ მიიღო დიდებული უკვდავი და უხრწნელი სხეული, რადგან „ის არის მისი [იეჰოვას] დიდების ანარეკლი და ზუსტად წარმოგვიდგენს მას და მისი ძლიერი სიტყვის წყალობით განაგრძობს არსებობას ყოველივე. მას შემდეგ, რაც დაასრულა ჩვენი ცოდვების განწმენდა, ის სიდიადის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში. ის ანგელოზებზე [ძლიერ სულიერ ქმნილებებზე] უკეთესი გახდა იმდენად, რამდენადაც მათზე აღმატებული სახელი დაიმკვიდრა“ (ებ. 1:3, 4; 10:12, 13).
ქრისტეს ერთგული ძმები, რომლებიც უფალს ზეცაში უერთდებიან, ასევე თმობენ ადამიანურ სიცოცხლეს. პავლე მოციქული ამბობს, რომ მათი სხეულები უნდა გარდაიქმნას ახალ გარემოსთან შესაგუებლად: „ჩვენი მოქალაქეობა კი ზეცაშია, საიდანაც მოუთმენლად ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ჩვენს დამცირებულ სხეულს თავისი დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნის თავისი ძალის მოქმედებით“ (ფლ. 3:20, 21).
ზეციერი აღდგომის დრო. ქრისტეს თანამემკვიდრეთა ზეციერი აღდგომა მას შემდეგ იწყება, რაც იესო ქრისტე ბრუნდება ზეციერი დიდებით, რათა პირველ რიგში თავის სულიერ ძმებს მიაქციოს ყურადღება. იესოს ეწოდება „სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი“. პავლე დასძენს, რომ თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით აღდგება, „ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება“ (1კრ. 15:20, 23). ამ უკანასკნელთა ანუ „ღვთის სახლის“ წევრების გასამართლება ხდება მათი დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში. ამათგან პირველები ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იყვნენ მოწოდებულნი (1პტ. 4:17). ისინი არიან „ერთგვარი პირველი ნაყოფი“ (იაკ. 1:18; გმც. 14:4). იესო ქრისტე განასახიერებს ქერის პირველნაყოფს, რომელსაც ისრაელები 16 ნისანს სწირავდნენ („ქრისტე, პირველი ნაყოფი“), ხოლო მისი სულიერი ძმები, როგორც „პირველი ნაყოფი“ („ერთგვარი პირველი ნაყოფი“), განასახიერებენ ხორბლის პირველნაყოფს, რომელსაც ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სწირავდნენ, 16 ნისანიდან 50 დღის გასვლის შემდეგ (ლვ. 23:4—12, 15—20).
ვინაიდან სიცოცხლეშივე სამართლდებიან, ქრისტეს დაბრუნებისას ერთგული სულითცხებულები ჯილდოს მიიღებენ იმ დაპირებისამებრ, რომელიც იესომ თავის 11 ერთგულ მოციქულს მისცა სიკვდილის წინა საღამოს: „მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ ... კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“ (ინ. 14:2, 3; ლკ. 19:12—23; შდრ. 2ტმ. 4:1, 8; გმც. 11:17, 18).
„კრავის ქორწილი“. ქრისტეს თანამემკვიდრეთა ჯგუფს „პატარძალი“ ეწოდება (გმც. 21:9); ისინი ქრისტეზე არიან დანიშნული და უნდა აღდგნენ ზეცაში „კრავის ქორწილში“ მონაწილეობის მისაღებად (2კრ. 11:2; გმც. 19:7, 8). პავლე მოციქული მოუთმენლად ელოდა ზეცაში აღდგომას (2ტმ. 4:8). ქრისტეს „მოსვლისას“ „კრავის საქორწინო ვახშამზე მიწვეულ“ მის სულიერ ძმათაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება დედამიწაზე, ისინი კი, ვინც ცოცხლები აღარ იქნებიან, პირველ აღდგომას დაექვემდებარებიან (გმც. 19:9). 1 თესალონიკელების 4:15, 16 ამას ასე განმარტავს: „ამას გეუბნებით იეჰოვას სიტყვით: ჩვენ, ვინც ცოცხლად დავრჩებით იმ დრომდე, როცა უფალი მოსული იქნება, ვერ დავასწრებთ სიკვდილის ძილით მიძინებულებს, რადგან უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმითა და ღვთის საყვირით და პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან“.
პავლე განაგრძობს: „შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა უფალს შევეგებოთ ჰაერში, რის შემდეგაც მუდამ უფალთან ვიქნებით“ (1თს. 4:17). მაშასადამე, ეს დარჩენილები, რომლებმაც მოწვევა მიიღეს „კრავის საქორწინო ვახშამზე“, მიწიერი სიცოცხლის ერთგულად დასრულებისთანავე აღდგებიან და შეუერთდებიან ზეცაში პატარძლის კლასს. ისინი არ დაიძინებენ „სიკვდილის ძილით“, ანუ მოციქულებივით მათ არ მოუწევთ დიდხანს ლოდინი, არამედ სიკვდილისთანავე შეიცვლებიან, „უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე, რადგან გაისმება საყვირის ხმა და მკვდრები უხრწნელად აღდგებიან“ (1კრ. 15:51, 52). თუმცა, სავარაუდოდ, „კრავის ქორწილი“ იქამდე არ დაიწყება, სანამ „დიდი ბაბილონი“ არ გასამართლდება (გმც. 18). ამ „დიდი მეძავის“ განადგურების აღწერის შემდეგ გამოცხადების 19:7-ში ვკითხულობთ: „ვიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ მას, რადგან დადგა კრავის ქორწილის დრო და მისი პატარძალი გაემზადა“. როცა 144 000-ის ყველა ერთგულ წარმომადგენელს ბეჭედი დაესმება და ზეცაში აღდგება, კრავის ქორწილი გაიმართება.
პირველი აღდგომა. გამოცხადების 20:5, 6-ში მათ აღდგომას, ვინც ქრისტესთან ერთად უნდა იმეფოს, „პირველი აღდგომა“ ეწოდება. პავლე მოციქულიც ლაპარაკობს მათზე, ვინც „პირველები აღდგებიან მკვდრეთით“ (ფლ. 3:11, აქ, Ro, Int). ბერძნული ორიგინალის ამ მუხლში „აღდგომისა“ და „მკვდრების“ წინ დგას წინდებული ექს (-გან, -დან). პავლეს მიერ გამოყენებულ ამ ფრაზასთან დაკავშირებით რობერტსონი თავის წიგნში წერს: „როგორც ჩანს, პავლე მხოლოდ მორწმუნეთა აღდგომას გულისხმობს მკვდართაგან და იყენებს ორ ექსს [-გან] (ტენ ექსანასტასინ ტენ ეკ ნეკრონ). ამ სიტყვებით პავლე არ უარყოფს საყოველთაო აღდგომას, არამედ ხაზს უსვამს მორწმუნეების აღდგომას“ (Word Pictures in the New Testament, 1931, ტ. IV, გვ. 454). ჩარლზ ელიკოტს თავის ნაშრომში ფილიპელების 3:11-ზე შემდეგი მინიშნება აქვს დართული: „მკვდრეთით აღდგომა; კონტექსტიდან გამომდინარე ეს არის პირველი აღდგომა (გმც. 20:5), როცა უფლის მოსვლისას პირველები მასში დახოცილები აღდგებიან (1 თს. 4:16) და ატაცებულნი იქნებიან ღრუბლებში მასთან შესაგებებლად (1 თს. 4:17); შეადარე ლუკას 20:35. პირველი აღდგომა მხოლოდ ჭეშმარიტ მორწმუნეებს ეხება და დროის მიხედვით შესაძლოა წინ უსწრებს მეორე აღდგომას, ანუ ურწმუნოთა და უღმრთოთა აღდგომას ... ამ შემთხვევაში გამორიცხულია უბრალოდ სულიერი გაცოცხლების, აღორძინების (კოკცეიუს) აზრი“ (Commentaries, 1865, ტ. II, გვ. 87). სიტყვა ექსანასტასის ძირითადად დილაადრიან საწოლიდან წამოდგომის მნიშვნელობით გამოიყენება; ამრიგად, ეს სიტყვა კარგად გადმოსცემს ადრეული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „პირველი აღდგომის“ აზრს.
მიწიერი აღდგომა. იესოს გვერდით ძელზე გაკრულმა ბოროტმოქმედმა, რომელმაც იესოს უდანაშაულობა აღიარა, მას სთხოვა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლკ. 23:42, 43). ფაქტობრივად, იესოს ნათქვამი ამას ნიშნავდა: მართალია, ამ შავბნელ დღეს ჩემი მეფობა დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ შენ მიწამე მე. ამიტომ გაგიხსენებ, როცა ჩემს სამეფოში მოვალ (იხ. სამოთხე). ეს დაპირება რომ შესრულდეს, ბოროტმოქმედი მკვდრეთით უნდა აღდგეს. ის არ ყოფილა იესო ქრისტეს ერთგული მიმდევარი. ის იყო ბოროტმოქმედი და კანონდამრღვევი, რისთვისაც სიკვდილს იმსახურებდა (ლკ. 23:40, 41). აქედან გამომდინარე, მას ვერ ექნებოდა იმის იმედი, რომ პირველ აღდგომას დაექვემდებარებოდა. გარდა ამისა, ის იესოს ზეცად ამაღლებამდე 40 დღით ადრე მოკვდა და შესაბამისად ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე, რომელიც იესოს ამაღლებიდან 10 დღის შემდეგ აღინიშნა. სწორედ ამ დღეს სცხო ზეციერი აღდგომის მოიმედეთა პირველ წარმომადგენლებს ღმერთმა იესოს მეშვეობით წმინდა სული (სქ. 1:3; 2:1—4, 33).
იესო ბოროტმოქმედს დაჰპირდა, რომ სამოთხეში იქნებოდა. სამოთხე ნიშნავს პარკს ან წალკოტს. სეპტუაგინტაში ბაღის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა (გან), რომელიც გამოყენებულია დაბადების 2:8-ში, ნათარგმნია ბერძნულ სიტყვად პარადისოს. სამოთხე, რომელშიც ბოროტმოქმედი იცხოვრებს, არ არის „ღვთის სამოთხე“, რომელსაც ღმერთი გამოცხადების 2:7-ში მძლეველს ჰპირდება, ვინაიდან ბოროტმოქმედი არ ყოფილა ქვეყნიერების მძლეველი იესო ქრისტესთან ერთად (ინ. 16:33). ასე რომ, ის არ იქნება ზეციური სამეფოს წევრი (ლკ. 22:28—30), არამედ ამ სამეფოს ქვეშევრდომი იმ დროს, როცა „პირველ აღდგომას“ დაქვემდებარებულები ტახტებზე დასხდებიან, რათა ქრისტესთან ერთად იმეფონ ათას წელს (გმც. 20:4, 6).
„მართლებისაც და უმართლოებისაც“. მოციქულმა პავლემ იმ ებრაელებს, რომლებსაც მასავით მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდათ, უთხრა, „რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (სქ. 24:15).
ბიბლიაში ნათლად არის ნაჩვენები, ვინ არიან „მართლები“. პირველ რიგში, მართლებად არიან აღიარებული ისინი, ვინც ზეციერ აღდგომას დაექვემდებარებიან (რმ. 8:28—30).
ბიბლია მართლებს უწოდებს ძველ დროში მცხოვრებ ღვთის მსახურებსაც, მაგალითად, აბრაამს (დბ. 15:6; იაკ. 2:21). მრავალი მათგანი მოხსენიებულია ებრაელების მე-11 თავში, რომელშიც ვკითხულობთ: „თუმცა თავიანთი რწმენით მიეცათ დამოწმება, არც ერთ მათგანს არ მიუღია დანაპირები, რადგან ღმერთმა უკეთესი გაითვალისწინა ჩვენთვის [სულით შობილი, პავლეს მსგავსად ცხებული ქრისტიანებისთვის], რათა ისინი უჩვენოდ არ გასრულყოფილებულიყვნენ“ (ებ. 11:39, 40). ასე რომ, მათი გასრულყოფილება მოხდება „პირველი აღდგომის“ შემდეგ.
გარდა ამისა, გამოცხადების მე-7 თავში საუბარია „უამრავ ხალხზე“, რომლებიც არ არიან 144 000 ბეჭედდასმულთა შორის და რომლებსაც საწინდრად არ მიუღიათ წმინდა სული (ეფ. 1:13, 14; 2კრ. 5:5). მათზე ნათქვამია, რომ ისინი „დიდი გასაჭირიდან მოსულები“ და გადარჩენილები არიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ჯგუფის შეკრება ბოლო დღეებში, დიდი გასაჭირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხდება. ისინი რწმენის საფუძველზე არიან მართლებად აღიარებული და შემოსილი კრავის სისხლში გარეცხილი თეთრი სამოსლით (გმც. 7:1, 9—17). ამ ჯგუფის ყველა წევრის აღდგომის აუცილებლობა არ იქნება. ღვთის მიერ დანიშნულ დროს აღდგებიან ამ ჯგუფის მხოლოდ ის წარმომადგენლები, რომლებიც დიდ გასაჭირამდე ღვთის ერთგულები დაიხოცნენ.
გარდა ამისა, შეოლში (ჰადესი) ანუ კაცობრიობის საერთო სამარეში და „ზღვაში“ ანუ წყალში, მრავალი უმართლო განისვენებს. გამოცხადების 20:12, 13-ში აღწერილია, თუ როგორ გასამართლდებიან ისინი დედამიწაზე აღდგენილ „მართლებთან“ ერთად: „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ. ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“.
დედამიწაზე აღდგომის დრო. როგორც დავინახეთ, ბიბლია სასამართლოს დროს უკავშირებს იმ მოვლენებს, რომლებიც ქრისტეს, 144 000 მეფისა და მღვდლის ათასწლიანი მეფობის დროს განვითარდება. პავლე მოციქულმა თქვა, რომ ეს მეფეები და მღვდლები გაასამართლებდნენ ქვეყნიერებას (1კრ. 6:2). ყველა ჯურის ხალხი, „დიდები და პატარები“, მიუკერძოებლად გასამართლდებიან. ისინი გასამართლდებიან „გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით“, რომლებიც იმ დროს გაიშლება. ამ გრაგნილებში არც მათი წარსულია ჩაწერილი და არც ის კანონები, რომელთა მიხედვითაც ადრინდელი საქმეებისთვის გასამართლდებიან, ვინაიდან „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“. მათ სიკვდილით უკვე მიეზღოთ წარსულში ჩადენილი ცოდვებისთვის (რმ. 6:7, 23). აღდგომა მათ საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ღვთის მიმართ და აჩვენონ, სურთ თუ არა ყველასთვის გაღებული იესო ქრისტეს გამოსასყიდის დაფასება (მთ. 20:28; ინ. 3:16). მართალია, ძველი ცოდვები არ მოეკითხებათ, მაგრამ სრულყოფილების მისაღწევად გამოსასყიდი მაინც დასჭირდებათ. მათ უნდა შეიცვალონ აზროვნება და ღვთის ნებასა და იმ მოთხოვნებს უნდა შეუსაბამონ, რომლებიც ღმერთს დედამიწის მკვიდრთათვის ექნება დადგენილი. შესაბამისად, ამ გრაგნილებში ჩაწერილი იქნება ღვთის ნება და კანონები, რომლებსაც ისინი უნდა დაემორჩილონ სასამართლო დღის დროს. ისინი იმის მიხედვით გასამართლდებიან, ირწმუნებენ და დაემორჩილებიან თუ არა გრაგნილებში ჩაწერილს. ასე გადაწყდება, ჩაიწერება თუ არა მათი სახელები საბოლოოდ „სიცოცხლის გრაგნილში“.
აღდგომა სიცოცხლისა და სასამართლოსთვის. იესომ ასეთი სიტყვებით ანუგეშა კაცობრიობა: „მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და, ვინც ყურად იღებს, იცოცხლებს ... ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (ინ. 5:25—29).
გამამტყუნებელი განაჩენი. იესოს მიერ გამოყენებული სიტყვა „სასამართლო“ არის თარგმანი ბერძნული სიტყვისა კრისის. პარკჰერსტის ლექსიკონის თანახმად ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ეს სიტყვა შემდეგი მნიშვნელობებით არის გამოყენებული: „1) სასამართლო ... 2) სასამართლო, სამართალი (მთ. 23:23. შდრ. 12:20)... 3) გამამტყუნებელი განაჩენი, მსჯავრი, წყევლა (მრ. 3:29. ინ. 5:24, 29)... 4) მსჯავრის დადების ან დასჯის საფუძველი (ინ. 3:19); 5) იუდეველთა კონკრეტული სასამართლო ... (მთ. 5:21, 22)“ (A Greek and English Lexicon to the New Testament, ლონდონი, 1845, გვ. 342).
თუ იესო საუბრობდა იმ სასამართლოზე, რის შედეგადაც ადამიანი სიცოცხლეს მიიღებდა, გამოდის, რომ „სასამართლოს აღდგომასა“ და „სიცოცხლის აღდგომას“ შორის სხვაობა არ ყოფილა. კონტექსტიდან ჩანს, რომ იესო „სასამართლოში“ გამამტყუნებელ განაჩენს გულისხმობდა.
„მკვდრები“, რომლებმაც დედამიწაზე იესოს ხმა მოისმინეს. იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მის ხმას „მკვდრებიც“ მოისმენდნენ. მსგავსი მეტაფორა პეტრემაც გამოიყენა: „მკვდრებსაც ამიტომ ეხარათ სასიხარულო ცნობა, რომ ადამიანური თვალსაზრისით გასამართლებულიყვნენ ხორცის მიხედვით, ხოლო ღვთის თვალსაზრისით ეცხოვრათ სულის მიხედვით“ (1პტ. 4:6). პეტრემ ეს იმიტომ თქვა, რომ ქრისტეს მსმენელები მკვდრები იყვნენ თავიანთ „დანაშაულსა და ცოდვებში“, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასიხარულო ცნობა იწამეს, სულიერად გაცოცხლდნენ (ეფ. 2:1; შდრ. მთ. 8:22; 1ტმ. 5:6).
იოანეს 5:29 სასამართლო დროის დასრულებაზე მიუთითებს. სიცოცხლის აღდგომისა და სასამართლოს აღდგომის დროის დადგენაში დიდ დახმარებას გვიწევს იოანეს 5:25, რომელშიც იესო საუბრობს ფიზიკურად ცოცხალ, მაგრამ სულიერად მკვდარ ადამიანებზე (განხილულია ქვესათაურში „სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლა“): „მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და, ვინც ყურად იღებს [სიტყვასიტყვით „ვინც მოისმენს“, Int], იცოცხლებს“. იესო აქ მხოლოდ ყურით მოსმენას კი არ გულისხმობდა, არამედ მოსმენილის ჭეშმარიტებად აღიარებასა და შესმენას. სიტყვები „გაგონება“ და „მოსმენა“ ბიბლიაში ხშირად გამოიყენება ყურის გდებისა და მორჩილების მნიშვნელობით (იხ. მორჩილება). ვინც მორჩილი აღმოჩნდება, იცოცხლებს (იხ. ინ. 6:60; 8:43, 47; 10:3, 27, რომლებშიც გამოყენებულია იგივე ბერძნული სიტყვა [აკუო], „გაგონება, მოსმენა“). ისინი გასამართლდებიან არა იმის საფუძველზე, რასაც იესოს ხმის მოსმენამდე აკეთებდნენ, არამედ იმის მიხედვით, რასაც მოსმენის შემდეგ აკეთებენ.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, იესო „კარგის მოქმედთა“ და „ცუდის მოქმედთა“ ქმედებებს სასამართლოს დასასრულის გადმოსახედიდან აფასებს ანუ იმის მიხედვით, რას აკეთებდნენ ისინი მას შემდეგ, რაც „გრაგნილებში ჩაწერილის“ დაცვის შესაძლებლობა მიეცათ. მხოლოდ ამ სასამართლოს დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვინ აკეთებდა კარგს და ვინ ცუდს. „კარგის მოქმედნი“ („გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით“) სიცოცხლით დაჯილდოვდებიან, „ცუდის მოქმედთ კი“ მსჯავრი დაედებათ. აღდგომა ზოგისთვის სიცოცხლის მომტანი იქნება, ზოგისთვის კი — მსჯავრის.
მოსახდენი მოვლენები ბიბლიაში ხშირად ისეა წარმოდგენილი, როგორც უკვე მომხდარი, ვინაიდან ღმერთია ის, ვინც „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ეს. 46:10). იუდა ამავე გადმოსახედიდან ლაპარაკობს კრებაში შემოპარულ გახრწნილ ხალხზე: „ვაი მათ, რადგან კაენის გზით წავიდნენ და საზღაურის მისაღებად ბალაამის მცდარ გზას დაადგნენ და დაიღუპნენ [სიტყვასიტყვით თავი გაინადგურეს], რადგან კორახის მსგავსად ურჩობისკენ აქეზებდნენ სხვებს!“ (იუდ. 11). თხრობის მსგავს სტილს ზოგიერთ სხვა წინასწარმეტყველებაშიც ვხვდებით (შდრ. ეს. 40:1, 2; 46:1; იერ. 48:1—4).
მაშასადამე, იოანეს 5:29 და საქმეების 24:15 სხვადასხვა პერსპექტივიდან არის განხილული. საქმეების 24:15-ში პავლე ლაპარაკობს „მართლებისა და უმართლოების“ აღდგომაზე და აშკარად მათ გულისხმობს, ვინც თავის სიცოცხლეში იყო ღვთის წინაშე მართალი ან უმართლო და ვინც აღდგომას დაექვემდებარება. ესენი „სამარხებში არიან“ (ინ. 5:28; იხ. სამახსოვრო სამარხი). იოანეს 5:29-ში იგულისხმება სამახსოვრო სამარხებიდან უკვე გამოსული ადამიანები და მათი საქმეები, რასაც ისინი გააკეთებენ იესო ქრისტესა და მის გვერდით მყოფი მეფეებისა და მღვდლების მმართველობის დროს. მორჩილების შემთხვევაში ისინი სიცოცხლეს დაიმსახურებენ, ურჩობის შემთხვევაში კი მსჯავრს დაიტეხენ.
შეოლიდან აღდგენილი სული. ისრაელის მეფე დავითი წერდა: „წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი ... ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად. რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს [შეოლს], გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას“ (ფს. 15:8—10, სსგ [16:8—11, აქ]). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ ეს ფსალმუნი იესო ქრისტეს დაუკავშირა, როცა ებრაელებს ქრისტეს აღდგომის უტყუარობაზე ესაუბრებოდა (სქ. 2:25—31). როგორც ებრაული, ისე ბერძნული წერილები ცხადყოფს, რომ აღდგა იესო ქრისტეს „სული“. ქრისტე „მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში“ (1პტ. 3:18). „ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს“, — წერდა მოციქული პავლე (1კრ. 15:50). იმავეს თქმა შეიძლება ძვლებზეც. ხორციც და ძვლებიც უსისხლოდ მკვდარია, რადგან „სული“ სისხლშია და ის აცოცხლებს ხორციელ სხეულს (დბ. 9:4).
მთელი წმინდა წერილიდან ნათლად ჩანს, რომ არ არსებობს სხეულისგან განცალკევებული, დამოუკიდებლად არსებული „უსხეულო სული“. სხეულის სიკვდილთან ერთად კვდება სულიც. იესო ქრისტეზე წერია, რომ მან „სიკვდილს გადასცა თავისი სული“. მისი სული შეოლში იყო — ის აღარ არსებობდა როგორც სული ანუ პიროვნება (ეს. 53:12; სქ. 2:27; შდრ. ეზკ. 18:4; იხ. სული (I)). მაშასადამე, აღდგომის დროს სული და სხეული ერთმანეთს არ ერწყმის. მაგრამ სულიერად აღდგება პიროვნება თუ ხორციელად, ნებისმიერ შემთხვევაში მას სხეული ანუ ორგანიზმი უნდა ჰქონდეს, რადგან ყველას, ზეციერ თუ მიწიერ არსებას, აქვს სხეული. გარდაცვლილი კვლავ პიროვნებად რომ იქცეს, უნდა ჰქონდეს ფიზიკური ან სულიერი სხეული. ბიბლიაში ნათქვამია: „თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც“ (1კრ. 15:44).
მაგრამ აღდგომისას ძველი სხეულით აღდგება ადამიანი და იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც გარდაცვალებამდე იყო? არა, რადგან ბიბლიაში ქრისტეს ცხებული ძმების ზეციერ აღდგომაზე ნათქვამია: «მაგრამ ვიღაც იტყვის: „როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?“ უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა, და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც წარმოიქმნება, არამედ მხოლოდ მარცვალს, ხორბლისა იქნება თუ სხვა რამის. ღმერთი კი მას ისეთ სხეულს აძლევს, როგორიც ნებავს — თითოეულ მარცვალს თავის სხეულს» (1კრ. 15:35—38).
ზეცაში აღდგენილები იღებენ სულიერ სხეულს, რადგან ღმერთს ნებავს, რომ მათ ჰქონდეთ ზეციერი გარემოსთვის შესაფერისი სხეულები. მაგრამ როგორ სხეულებს მისცემს იეჰოვა მათ, ვისაც დედამიწაზე აღადგენს? ეს არ იქნება იმავე ატომებისგან შემდგარი ძველი სხეული. როცა ადამიანი კვდება და იმარხება, ხრწნის შედეგად მისი სხეული იშლება ქიმიურ ელემენტებად, რომლებსაც მცენარეები ითვისებენ. ამ მცენარეებით კი ადამიანები იკვებებიან. გარდაცვლილის სხეულის შემადგენელი ქიმიური ელემენტები ან ატომები უკვე მრავალი ადამიანის სხეულშია. ცხადია, სხვადასხვა ორგანიზმში გაფანტული ძველი სხეულის ატომები ვერ იქნება აღმდგარი ადამიანის სხეულში.
არც ის არის აუცილებელი, რომ ადამიანი ზუსტად ისეთივე სხეულში აღდგეს, როგორიც უშუალოდ სიკვდილის მომენტში ჰქონდა. თუ ადამიანი სიკვდილამდე დასახიჩრებული იყო, ასეთივე სხეულით აღდგება? ეს ალოგიკური იქნება, რადგან ასეთ მდგომარეობაში მან შეიძლება ვერ მოისმინოს და ვერ აკეთოს ის, რაც „გრაგნილებში“ წერია (გმც. 20:12). დავუშვათ, ადამიანი სისხლისგან დაიცალა და მოკვდა. აღდგება მისი სხეული სისხლის გარეშე? არა, რადგან ფიზიკურ სხეულს უსისხლოდ არსებობა არ შეუძლია (ლვ. 17:11, 14). მას ღმერთი მისცემს ისეთ სხეულს, როგორიც ნებავს. ვინაიდან ღმერთს ნებავს, აღმდგარი ადამიანი დაემორჩილოს „გრაგნილებში“ ჩაწერილს, აღდგენილს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი, უნაკლო სხეული (მართალია, ლაზარეს სხეული ნაწილობრივ გახრწნილი იყო, მაგრამ იესომ ის ჯანსაღ სხეულში აღადგინა [ინ. 11:39]). ამრიგად, ყველას სამართლიანად მოეკითხება პასუხი იმისთვის, თუ როგორ მოიქცევა სასამართლოს პერიოდში. აღსანიშნავია, რომ აღდგომისას ადამიანი არ იქნება სრულყოფილი. მან რწმენა უნდა გამოავლინოს ქრისტეს გამოსასყიდის მიმართ და ქრისტესა და „სამეფო სამღვდელოების“ დახმარებით ისარგებლოს (1პტ. 2:9; გმც. 5:10; 20:6).
სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლა. იესო ლაპარაკობდა მათზე, ვისაც „მარადიული სიცოცხლე აქვთ“, რადგან რწმენით ისმენენ მის სიტყვებს, ემორჩილებიან და სწამთ მამის, მისი გამომგზავნელის. ასეთებზე იესომ თქვა: „მისი გასამართლება არ ხდება, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეშია გადასული. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და, ვინც ყურად იღებს, იცოცხლებს“ (ინ. 5:24, 25).
სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასულებში იესო არ გულისხმობდა სამარხებში მყოფ გარდაცვლილებს, რაზეც ფრაზა „უკვე მოვიდა კიდეც“ მეტყველებს. როცა იესო ამას ამბობდა, მთელ კაცობრიობას სასიკვდილო მსჯავრი ჰქონდა გამოტანილი ღვთის, ყველას მოსამართლის, წინაშე. აქედან გამომდინარე, იესო გულისხმობდა სულიერად მკვდარ ადამიანებს. მას, როგორც ჩანს, ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა ერთ-ერთ ებრაელს, რომელმაც სახლში დაბრუნება სთხოვა მამის დასამარხავად, უთხრა: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები“ (მთ. 8:21, 22).
ისინი, ვინც ნამდვილად ერწმუნა ქრისტეს, ერთ დროს სულიერად მკვდრებს შორის იყვნენ. სწორედ ეს შეახსენა პავლე მოციქულმა ერთ-ერთი კრების წევრებს: „თქვენ კი ღმერთმა გაგაცოცხლათ, თუმცა მკვდრები იყავით თქვენს დანაშაულსა და ცოდვებში, რომლებშიც ერთ დროს დადიოდით ქვეყნიერების გავლენით ... გულმოწყალებით მდიდარმა ღმერთმა კი თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც შეგვიყვარა, ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა, როცა მკვდრები ვიყავით შეცოდებებში (წყალობით ხართ გადარჩენილნი), ერთად აღგვადგინა და დაგვსხა ზეცაში ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (ეფ. 2:1, 2, 4—6).
ვინაიდან აღარ დადიან დანაშაულსა და ცოდვებში და სწამთ ქრისტე, იეჰოვამ დაიხსნა ისინი მსჯავრისგან, სულიერად გააცოცხლა და მისცა მარადიული სიცოცხლის იმედი (1პტ. 4:3—6). მოციქულმა იოანემ შემდეგი სიტყვებით აღწერა ერთ დროს სულიერად მკვდარ დამნაშავეთა და ცოდვილთა სულიერ სიცოცხლეში გადასვლის პროცესი: „ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, ქვეყნიერებას რომ სძულხართ. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან ძმები გვიყვარს“ (1ინ. 3:13, 14).
ღვთის წყალობა. მკვდრეთით აღდგომა უდიდესი წყალობაა იეჰოვა ღმერთისგან, რადგან ის არ იყო ვალდებული, მკვდრები აღედგინა. კაცობრიობის სიყვარულმა უბიძგა მას, რომ მხოლოდშობილი ძე გაეწირა, რათა მილიონობით ადამიანს, რომლებიც არ იცნობდნენ ღმერთს, მისცემოდა ღვთის გაცნობისა და შეყვარების საშუალება, ხოლო მათ, ვისაც უყვარს ღმერთი და ემსახურება მას, ჰქონოდათ იმედი და სიკვდილამდე ერთგულების შენარჩუნების სტიმული (ინ. 3:16). მოციქული პავლე თესალონიკელ თანამორწმუნეებს აღდგომის იმედით ანუგეშებდა, როცა მათი კრების გარდაცვლილ და ზეციერი აღდგომის იმედის მქონე წევრებზე წერდა: „გარდა ამისა, არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ სიკვდილის ძილით მიძინებულთა შესახებ, რათა არ წუხდეთ დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ. თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ მათაც, ვინც სიკვდილის ძილით დაიძინეს იესოსთან ერთობაში, ღმერთი მასთან ერთად მოიყვანს“ (1თს. 4:13, 14).
ქრისტიანები არ უნდა წუხდნენ უიმედოთა მსგავსად ღვთის იმ ერთგულ მსახურებზე, რომლებიც მესიანური სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე აღდგომის იმედით დაიღუპნენ, აგრეთვე მათზე, ვინც ღვთისგან გაუცხოებული მოკვდა. შეოლი (ჰადესი) პირს გახსნის და მასში მყოფნი გამოვლენ. ბიბლია მოიხსენიებს შეოლში წასულებს, რომელთა შორის არიან ძველი ეგვიპტის, ასურეთის, ელამის, მეშექის, თუბალის, ედომისა და სიდონის მკვიდრნი (ეზკ. 32:18—31). იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ სასამართლო დღეს ბეთსაიდის, ქორაზინისა და კაპერნაუმის ზოგიერთი მოუნანიებელი მკვიდრიც მოესწრებოდა. მათ მიეცემათ მონანიების საშუალება, თუმცა ადრინდელი დამოკიდებულების გამო შეიძლება ეს გაუჭირდეთ (მთ. 11:20—24; ლკ. 10:13—15).
გამოსასყიდით ისარგებლებს ყველა, ვისთვისაც ის იყო გაღებული. ღვთის უდიდესი სიყვარული და წყალობა, რომელიც მან თავისი ძის შემოწირვით გამოავლინა, რათა ვისაც მისი სწამს, სიცოცხლე ჰქონდეს, იმის გარანტიას იძლევა, რომ გამოსასყიდი მხოლოდ ღვთის მიერ ზეციური მოწოდებისთვის არჩეულებს არ შეეხება (ინ. 3:16). ფაქტობრივად, იესო ქრისტეს გამოსასყიდი ბოლომდე ვერ იქნება გამოყენებული, თუკი მისით მხოლოდ სამეფოს ზეციერი წევრები ისარგებლებენ. ის სრულად ვერ მოემსახურება ღვთის განზრახვის ბოლომდე შესრულებას, რადგან ამ განზრახვის თანახმად ზეციერ სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები უნდა ჰყავდეს. იესო ქრისტე მღვდელმთავარია არა მარტო ზეციერი მღვდლებისთვის და მეფეებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც დედამიწაზე იცხოვრებს მათი მმართველობის დროს (გმც. 20:4, 6). ის „ჩვენსავით [მისი ცხებული ძმებივით] გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო“. ამიტომ შეუძლია თანაუგრძნოს სისუსტეებში მათ, ვინც კეთილსინდისიერად ცდილობს, ემსახუროს ღმერთს. მასთან ერთად მომსახურე მეფეები და მღვდლები მასავით გამოიცადნენ (ებ. 4:15, 16; 1პტ. 4:12, 13). ვისთვის უნდა გასწიონ მათ მღვდლობა ათასწლიანი მეფობისა და სასამართლოს პერიოდის დროს, თუ არა კაცობრიობისთვის, რომელშიც მკვდრეთით აღდგენილებიც შედიან?
ღვთის მსახურები მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როცა აღდგომა იეჰოვას განზრახვის შესრულებას მოემსახურება. სხვა განზრახვების მსგავსად ღმერთს აღდგომისთვისაც აქვს გამოყოფილი სათანადო დრო. მაშინ ყველა დარწმუნდება ღვთის სიბრძნესა და სულგრძელობაში (ეკ. 3:1—8). ღმერთს და მის ძეს შეუძლიათ და სურთ მკვდრების აღდგენა, რასაც ისინი დანიშნულ დროს გააკეთებენ კიდეც.
იეჰოვა სიხარულით ელის აღდგომას. იეჰოვა და მისი ძე, ალბათ, მოუთმენლად და სიხარულით ელიან იმ დროს, როცა აღდგომასთან დაკავშირებულ განზრახვას განახორციელებენ. ის, რომ იესოს ამის მზადყოფნაც აქვს და სურვილიც, კარგად გამოჩნდა მისი რეაქციიდან, როცა კეთროვანი შეევედრა: «„თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. იესოს გული დაეწვა, ხელი გაუწოდა, შეეხო და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“ მას მაშინვე გაუქრა კეთრი და განიწმინდა». ადამიანებისადმი იესოს სიყვარულის დამადასტურებელი ეს გულის ამაჩუყებელი შემთხვევა სამ სახარებაშია მოხსენიებული (მრ. 1:40—42; მთ. 8:2, 3; ლკ. 5:12, 13). იეჰოვას სიყვარულსა და ადამიანთა დახმარების სურვილზე ფიქრისას გვახსენდება ღვთისმოშიში იობის სიტყვები: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? .. დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობ. 14:14, 15).
ზოგიერთი არ აღდგება. მართალია, ქრისტემ მსხვერპლი მთელი კაცობრიობისთვის გაიღო, მაგრამ იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ამ გამოსასყიდით ყველა არ ისარგებლებდა: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მთ. 20:28). იეჰოვას აქვს სრული უფლება, არ მიიღოს გამოსასყიდი მათთვის, ვისაც უღირსად ჩათვლის. ქრისტეს გამოსასყიდი ფარავს ადამისგან შთამომავლობით მიღებულ ცოდვებს, მაგრამ თუ ადამიანი თავის ცოდვილ მდგომარეობას განზრახ ჩადენილ ცოდვებს უმატებს, ის შეიძლება დაიღუპოს ასეთი ცოდვების გამო, რადგან გამოსასყიდი აღარ იმოქმედებს მასზე.
წმინდა სულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა. როგორც იესო ქრისტემ თქვა, წმინდა სულის წინააღმდეგ შემცოდეს არ ეპატიებოდა არც ახლა და არც მომავალში (მთ. 12:31, 32). თუკი ადამიანი სიცოცხლეში ისეთ ცოდვას სჩადის, რომელსაც ღმერთი წმინდა სულის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვად თვლის, ის აღდგომას არ დაექვემდებარება, რადგან მისი ცოდვა მიუტევებელია. იესომ მსჯავრი დასდო იუდა ისკარიოტელს, როცა მას „დაღუპვის ძე“ უწოდა. ის უკვე მსჯავრდადებულია, ამიტომ მასზე გამოსასყიდი ვერ იმოქმედებს და ის აღდგომას არ დაექვემდებარება (ინ. 17:12).
თავის მოწინააღმდეგე ებრაელ რელიგიურ წინამძღოლებს იესომ უთხრა: „როგორ გაექცევით გეენის [მარადიული განადგურების სიმბოლო] სასჯელს?“ (მთ. 23:33; იხ. გეენა). მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ თუ ეს ადამიანები სიკვდილამდე ღმერთს არ დაუბრუნდებოდნენ, მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი იქნებოდა გამოტანილი. ასეთ შემთხვევაში მათ აღდგომა არ შეეხებოდა. ეს სიტყვები „უკანონობის კაცსაც“ ეხება (2თს. 2:3, 8; იხ. უკანონობის კაცი).
პავლე საუბრობდა მათზე, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, ეზიარა წმინდა სულს, მაგრამ ჩამოშორდა ღმერთს და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა შეუძლებელია „კვლავ გამოაცოცხლო მოსანანიებლად, რადგან ასეთები ღვთის ძეს ხელახლა აკრავენ ბოძზე და სახალხოდ არცხვენენ“. გამოსასყიდი მათ ვეღარ უშველის, ამიტომ ისინი არ აღდგებიან. მოციქული მათ ადარებს უვარგის მიწას, რომელზეც მხოლოდ ეკალი და ნარი ამოდის და რომლის ბოლოც დაწვაა. როგორც ამ შედარებიდან ჩანს, მათ მარადიული განადგურება ელით (ებ. 6:4—8).
პავლე საუბარს აგრძელებს მათზე, ვინც ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად სცოდავს. ის ამბობს, რომ მათთვის „აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის, არამედ სასამართლოს შიშის მომგვრელი მოლოდინი და რისხვის ცეცხლი, რომელიც მზად არის მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად“. ამის შემდეგ დასძენს: „ვინც არაფრად აგდებს მოსეს კანონს, დაუნდობლად ისჯება სიკვდილით, როცა ორი ან სამი კაცი მოწმობს მის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, რამდენად უფრო მკაცრ სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ღვთის ძე და სათანადოდ არ დააფასა შეთანხმების სისხლი, რომლითაც განიწმინდა, და ვინც ზიზღით შეურაცხყო წყალობის სული? .. საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა“. ასეთები უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებენ, რადგან სიკვდილის შემდეგ მოსეს კანონის დამრღვევთა მსგავსად შეოლში კი არ ხვდებიან, არამედ გეენაში, საიდანაც არ არის აღდგომა (ებ. 10:26—31).
პეტრე შეახსენებდა თავის ძმებს, რომ როგორც „ღვთის სახლი“ გასამართლებას ექვემდებარებოდნენ. მათთვის ურჩობის საფრთხის დასანახვებლად ის ციტირებდა იგავების 11:31 (LXX) და აფრთხილებდა, რომ ეს გასამართლება შეიძლება მათი მარადიული განადგურებით დასრულებულიყო, რის შესახებ პავლეც წერდა (1პტ. 4:17, 18).
მოციქული პავლე მოიხსენიებდა მათ, ვინც „სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ, გაქრებიან უფლის სახისგან და მისი ძლიერების დიდებისგან იმ დროს, როცა ის მოვა, რათა განდიდდეს თავის წმინდებს შორის“ (2თს. 1:9, 10). ისინი ვერ იცხოვრებენ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს და მკვდრეთით არ აღდგებიან, რადგან მათი განადგურება მარადიულია.
აღდგომა 1 000-წლიანი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენ ადამიანს უცხოვრია დედამიწაზე, მაგრამ იეჰოვამ 20 მილიარდიც (20 000 000 000) რომ აღადგინოს, თავშესაფრითა და საკვებით მათი უზრუნველყოფა მაინც არ გაჭირდება. დღეს ხმელეთის ფართობი დაახლოებით 148 000 000 კმ2 -ია (დაახლოებით 14 800 000 000 ჰა). ამ ტერიტორიის ნახევარი სხვა მიზნითაც რომ იყოს გამოყენებული, თითო ადამიანს ჰექტარის მესამედზე მეტი მაინც შეხვდება. თუ გავითვალისწინებთ დედამიწის მოსავლიანობას, ჰექტარის მესამედზე მოყვანილი პროდუქტის რაოდენობა საკმარისზე მეტი იქნება ერთი ადამიანის გამოსაკვებად, მით უმეტეს, თუ ღმერთი აკურთხებს მიწას, როგორც ისრაელის შემთხვევაში იყო (1მფ. 4:20; ეზკ. 34:27).
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მეთოდების ოდნავი გაუმჯობესების შედეგად, დედამიწას, განვითარებადი რეგიონების ჩათვლით, შეუძლია თავისუფლად დააპუროს 2000 წლისთვის მცხოვრებ მოსახლეობაზე ცხრაჯერ მეტი (Land, Food and People, რომი, 1984, გვ. 16, 17).
ვინ მიაქცევს სათანადო ყურადღებას მილიარდობით აღდგენილს, მათი უმეტესობა ხომ არ იცნობდა ღმერთს და არც ღვთის კანონებს ემორჩილებოდა? პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ბიბლიის თანახმად ქვეყნიერების სამეფო „ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა და ის იმეფებს მარადიულად“ (გმც. 11:15). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიბლიური პრინციპის თანახმად „სიმართლეს ისწავლიან მიწის მკვიდრნი, როცა გაასამართლებ [იეჰოვა] დედამიწას“ (ეს. 26:9). თავის დროზე იეჰოვა გაუცხადებს თავის მსახურებს, როგორ აქვს ჩაფიქრებული ამის გაკეთება (ამ. 3:7).
რამდენად რეალურია 1000 წლის განმავლობაში მილიარდობით მიცვალებულის აღდგომა და მათი განსწავლა?
მოდი წარმოვიდგინოთ, რა მარტივად და პრაქტიკულად შეიძლება განახორციელოს იეჰოვამ თავისი განზრახვა. მოვიყვანოთ ერთი მარტივი მაგალითი: დავუშვათ, დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილი მართალი ადამიანებისგან შემდგარი „უამრავი ხალხის“ (გმც. 7:9, 14) რაოდენობა არის 6 000 000 (დღევანდელი მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1⁄1000). თუ ღმერთი, ვთქვათ, 100 წელს მისცემს მათ სწავლისა და დედამიწის გარკვეული ნაწილის „დაპატრონებისთვის“ (დბ. 1:28), შემდეგ კი მკვდრეთით აღადგენს მათი რაოდენობის სამ პროცენტს, გამოვა, რომ თითოეულ აღდგენილზე 33 ადამიანი იზრუნებს. თუ ყოველწლიურად მიცვალებულთა სამი პროცენტი აღდგება, დაახლოებით ყოველ 24 წელიწადში მათი რიცხვი გაორმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად 20 მილიარდი (20 000 000 000) აღდგება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის 400-წლიან მონაკვეთში. ეს საკმარისი დროა იმისათვის, რომ მიცვალებულები დედამიწაზე მშვიდობისა და წესრიგის დაურღვევლად განისწავლონ და გასამართლდნენ. ამრიგად, ღმერთს თავისი ძლევამოსილებითა და სიბრძნით, იმ კანონებისა და ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც კაცობრიობის გაჩენის დღიდან ჰქონდა გათვალისწინებული, შეუძლია ბოლომდე შეასრულოს თავისი დიდებული განზრახვა, რაშიც მისი კიდევ ერთი წყალობა, მკვდრეთით აღდგომა შედის (რმ. 11:33—36).