იეჰოვას შეუძლია გაგაძლიეროს
„ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს“ (ესაია 40:29).
1, 2. რომელია იეჰოვას სიძლიერის ზოგიერთი მტკიცება?
იეჰოვა არის „დიდძალოვანი“ ღმერთი. ღმერთის ‘მარადიული ძალისა და ღვთაებრიობის’ მტკიცება ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მის მიერ შექმნილი ფიზიკური ქმნილებების სიდიადით. ღმერთის შემოქმედებითი ძალის ასეთი მტკიცების უარმყოფელებს გამართლება არა აქვთ (ფსალმუნი 146:5; რომაელთა 1:19, 20).
2 მეცნიერები რაც უფრო ღრმად იკვლევენ ასობით მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმულ სამყაროსა და მის ურიცხვ გალაქტიკებს მით უფრო ცხადი ხდება იეჰოვას ძალა. ბნელ, უღრუბლო ღამეს შეხედე ზეცას და შესაძლოა, იგრძნო ის, რასაც გრძნობდა ფსალმუნმომღერალი: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნი 8:4, 5). და მართლაც რაოდენ დიდი სიყვარულით ზრუნავს იეჰოვა ადამიანებზე, ჩვენზე! მან პირველი მამაკაცი და ქალი დაასახლა უმშვენიერეს დედამიწაზე. თვით ნიადაგს შესწევდა ძალა, რომ აღმოეცენებინა ნოყიერი, საღი ნაყოფის მომცემი მცენარეულობა. ადამიანები და ცხოველები ენერგიას ღებულობენ სწორედ ამ ნოყიერი საკვებისგან, რომელიც ღმერთის ძალის გამოვლენაა (დაბადება 1:12; 4:12; პირველი მეფეთა 28:22).
3. სამყაროში არსებული ფიზიკური ქმნილებების გარდა, კიდევ რა მტკიცებები არსებობს ღმერთის ძალის შესახებ?
3 შთამბეჭდავი ზეცის გარდა თვალწარმტაცია დედამიწის ფლორა და ფაუნა, რაც ცხადყოფს ღმერთის ძალას. პავლე მოციქული წერდა: „მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება ქვეყნიერების დასაბამიდან ქმნილებათა განხილვით დაინახება“ (რომაელთა 1:20). მაგრამ კიდევ არსებობს მისი ძალის მტკიცება, რომელიც ჩვენს ყურადღებასა და მადლიერებას იმსახურებს. შესაძლოა გაინტერესებს: „სამყაროს გარდა კიდევ რა ადასტურებს ღმერთის ძალას?“ — იესო ქრისტე. ფაქტია, რომ ღმერთის მიერ ინსპირირებულმა პავლე მოციქულმა თქვა, რომ ძელზე გაკრული ქრისტე არის ‘ღმერთის ძალა და ღმერთის სიბრძნე’ (1 კორინთელთა 1:24). შესაძლოა კვლავ იკითხო: „რატომ? რა კავშირი აქვს ახლა ამას ჩვენს სიცოცხლესთან?“
ძალა გამოვლინდა ძის მეშვეობით
4. როგორ გამოავლინა ღმერთმა ძალა თავის ძესთან დაკავშირებით?
4 პირველად ღმერთის ძალა მაშინ გამოვლინდა, როდესაც შექმნა თავისი მსგავსი მხოლოდშობილი ძე. მისი სულიერი ძე ემსახურებოდა, როგორც „ოსტატი“ და ღმერთის ძალას იყენებდა სხვა არსებების შექმნაში (იგავნი 8:22, 30). პავლემ თავის ქრისტიან ძმებს კოლასეში მისწერა: „მასში [მისი საშუალებით, აქ] შექმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი. . . ყველაფერი მის მიერ [მისი მეშვეობით, აქ] და მისთვის არის შექმნილი“ (კოლასელთა 1:15, 16).
5-7. ა) როგორ ვლინდებოდა ღმერთის ძალა წარსულში ადამიანების მეშვეობით? ბ) რა მიზეზით შეგვიძლია გვწამდეს, რომ დღესაც შეიძლება გამოვლინდეს ღმერთის ძალა ქრისტიანებში?
5 ჩვენ მივეკუთვნებით იმას, ‘რაც. . . დედამიწაზეა’. მაგრამ შეუძლია თუ არა ღმერთის ძალას მოგვწვდეს ჩვენ, ადამიანებს? — როდესაც ურთიერთობა ჰქონდა თავის არასრულყოფილ მიწიერ მსახურებთან, იეჰოვა დროდადრო დამატებით ძალას აძლევდა მათ იმ მიზნით, რომ განეხორციელებინა თავისი განზრახვები. მოსემ იცოდა, რომ საერთოდ, არასრულყოფილი ადამიანები ცხოვრობენ 70–80 წელი (ფსალმუნი 89:10). რამდენ ხანს იცოცხლა თავად მოსემ? — 120 წელი, ‘არც თვალს აკლდა, ძალაც არ გამოლევია’ (მეორე რჯული 34:7, აქ). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი თითოეულ მსახურს აძლევს ასე დიდი ხნის სიცოცხლის უნარს ან იმის უნარს, რომ შეინარჩუნოს ძალ-ღონე, მოსეს მაგალითი ცხადყოფს, რომ იეჰოვას ძალუძს ადამიანების გაძლიერება.
6 შემდგომი მტკიცება იმისა, რომ ღმერთს შესწევს უნარი გააძლიეროს როგორც მამაკაცი, ასევე ქალი, არის აბრაამის ცოლის მაგალითი. „სარამაც, რომელიც უნაყოფო იყო, მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგარდასულმა შვა, ვინაიდან ერთგულად მიიჩნია აღმთქმელი“. ან გავიხსენოთ, თუ როგორ აძლიერებდა ღმერთი მსაჯულებსა და სხვა ადამიანებს ისრაელში: ‘გედეონს, ბარაკს, სამსონს, იეფთაეს, დავითს, სამუელსა და წინასწარმეტყველებს, რომლებიც. . . ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან [უძლური მდგომარეობიდან ძლიერი ხდებოდნენ, აქ]’ (ებრაელთა 11:11, 32–34).
7 ასეთმა ძალამ, შესაძლოა, იმოქმედოს შენზეც. არა, ჩვენ სასწაულით არ ველით შთამომავლობას და შეუძლებელია ისეთი ძალა გამოვავლინოთ, როგორიც ჰქონდა სამსონს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერები, რადგან პავლემ მისწერა ჩვეულებრივ ადამიანებს კოლასეში. დიახ, პავლემ მისწერა ისეთ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს, როგორსაც დღეს ვხედავთ კრებებში და მან თქვა, რომ ისინი ‘გაძლიერდნენ მთელი ძალით’ (კოლასელთა 1:11).
8, 9. როგორ გამოავლინა პირველ საუკუნეში იეჰოვამ ძალა ჩვენი მსგავსი ადამიანების მიმართ?
8 დედამიწაზე იესოს მსახურების დროს, იეჰოვამ ნათელი მოჰფინა იმას, რომ მისი ძალა მოქმედებდა მისი ძის მეშვეობით. მაგალითად, იმ დროს როდესაც დიდძალი ხალხი შეიკრიბა იესოსთან კაპერნაუმში „ძალა ღმერთისა იყო მასში განსაკურნავად“ (ლუკა 5:17).
9 მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ დაარწმუნა თავისი მიმდევრები, რომ ‘მიიღებდნენ ძალას, როდესაც მოვიდოდა სულიწმიდა მათზე’ (საქმე 1:8). ეს ჭეშმარიტება იყო! ისტორიკოსი გვამცნობს, რომ ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდაათიანიდან რამდენიმე დღის შემდეგ „მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას“ (საქმე 4:33). თავად პავლეც იყო გაძლიერებული, განეხორციელებინა ის დავალება, რომელიც ღმერთმა დააკისრა. მას შემდეგ, რაც პავლემ შეიცვალა რელიგია და მხედველობა დაუბრუნდა „თანდათან სულ უფრო ძლიერდებოდა და დაბნეულობაში მოჰყავდა დამასკოში მცხოვრები იუდეველები და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე“ (საქმე 9:22).
10. როგორ დაეხმარა ღმერთის ძალა პავლეს?
10 თუკი გადავხედავთ მის სულიერ და გონებრივ გამძლეობას, რომელიც აუცილებელი იყო ათასობით კილომეტრი მანძილის სამი მისიონერული მოგზაურობის დროს, რა თქმა უნდა, პავლეს ესაჭიროებოდა გაძლიერება. ის ასევე, უძლებდა სხვადასხვა გასაჭირს, აიტანა ციხეში ყოფნა და წამება. როგორ გაუძლო ყოველივე ამას? მან თქვა: „უფალი დამიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი საშუალებით აღსრულდეს ქადაგება“ (2 ტიმოთე 4:6–8, 17; 2 კორინთელთა 11:23–27).
11. რა იმედი მოიხსენია პავლემ ღმერთის ძალასთან დაკავშირებით კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში?
11 არ არის გასაკვირი, როცა პავლე კოლასეში მყოფ „მორწმუნე ძმებს ქრისტეში“ სწერდა, არწმუნებდა მათ, რომ ისინი ‘გაძლიერდებოდნენ მთელი ძალით მისი [იეჰოვას] დიდების სიძლიერისამებრ, ყოველგვარი მოთმინებით, სულგრძელობით და სიხარულით’ (კოლასელთა 1:2, 11). მიუხედავად იმისა, რომ პავლე ამ სიტყვებით პირდაპირ სულითცხებულ ქრისტიანებს მიმართავდა, ეს სიტყვები სასარგებლოა ყველასთვის, ვინც მიჰყვება ქრისტეს ნაკვალევს.
გაძლიერებული კოლასელები
12, 13. რამ განაპირობა, რომ პავლემ მისწერა ეპისტოლე კოლასელებს და როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამას?
12 კრება კოლასეში, რომელიც რომის აზიურ პროვინციაში მდებარეობდა, შესაძლოა, ჩამოყალიბდა ერთგული ქრისტიანის, სახელად ეპაფრას, ქადაგებით. როგორც ჩანს, როდესაც მან გაიგო რომ პავლე დააპატიმრეს რომში ახალი წელთაღრიცხვით 58 წელს, გადაწყვიტა, მოენახულებინა მოციქული და კოლასელი ძმების სიყვარულითა და სიმტკიცით გაემხნევებინა. ეპაფრამ, როგორც ჩანს, ასევე გააგებინა სიმართლე კოლასელთა კრებაში არსებული ზოგიერთი პრობლემის შესახებ, რომელთა გამოსწორება აუცილებელი იყო. ამის შედეგად პავლეს აღეძრა სურვილი, კრებისთვის გამამხნევებელი და შემაგონებელი წერილი მიეწერა. შესაძლოა, შენც ძლიერ გამხნევდე ამ წერილის პირველი თავის წაკითხვით, რადგან ეს წერილი ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ აძლიერებს იეჰოვა თავის მსახურებს.
13 შენ შეგიძლია წარმოიდგინო, თუ როგორი გრძნობა დაეუფლებოდათ ძმებსა და დებს კოლასეში, როდესაც პავლემ მათ უწოდა ‘მორწმუნე ძმები ქრისტეში’. მათ დაიმსახურეს ქება ‘ყველა წმიდანის მიმართ თავიანთი სიყვარულითა’ და „სახარების ჭეშმარიტი სიტყვით“ იმ დროიდან, რაც გახდნენ ქრისტიანები! შეიძლება თუ არა ეს ითქვას ჩვენი კრების შესახებ ან პირადად ჩვენზე? (კოლასელთა 1:2–8).
14. როგორი სურვილები ჰქონდა პავლეს კოლასელთა მიმართ?
14 პავლეზე იმდენად იმოქმედა იმ სიტყვებმა, რომელიც მოისმინა, რომ მისწერა კოლასელებს, არ წყვეტდა ლოცვასა და თხოვნას, ‘აღვსებულიყვნენ მისი [ღმერთის] ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოქცეულიყვნენ უფლის ღირსად’. ის ლოცულობდა, რომ კვლავ გაეგრძელებინათ ‘ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანა და ღმერთის შემეცნებაში ზრდა; გაძლიერებულიყვნენ მთელი ძალით მისი დიდების სიძლიერისამებრ, ყოველგვარი მოთმინებით და სულგრძელობით, სიხარულით’ (კოლასელთა 1:9–11).
დღესაც გაძლიერებულები
15. როგორ შეგვიძლია, ჩვენც გამოვავლინოთ იგივე განწყობილება, როგორიც არის პავლეს მიერ გაგზავნილ ეპისტოლეში კოლასელთა მიმართ?
15 რაოდენ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა პავლემ! მთელ მსოფლიოში ჩვენი ძმები საჭიროებენ ჩვენს ლოცვას, რომ ტანჯვის მიუხედავად მოითმინონ და შეინარჩუნონ სიხარული. პავლეს მსგავსად, ჩვენც კონკრეტულად უნდა მოვიხსენიოთ ძმები ლოცვის დროს როდესაც ვგებულობთ, რომ მათ სხვა კრებაში ან სხვა ქვეყანაში აქვთ პრობლემები. შესაძლოა ახლომდებარე კრება განიცდის კრიზისს სტიქიური უბედურების ან რაიმე სულიერი პრობლემის გამო. ან შესაძლებელია, რომ ქრისტიანები იტანჯებიან სამოქალაქო ომის ან ტომთა შორის გამართული ხოცვა-ჟლეტით. ლოცვაში უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ დაეხმაროს ჩვენს ძმებს ‘მოიქცნენ უფლის ღირსად’, მიუხედავად იმისა, რომ განსაცდელს ითმენენ, კვლავ გამოიღონ სამეფოს საქმეში ნაყოფი და გაიზარდონ შემეცნებაში. ამ გზით, ღმერთის მსახურები ღებულობენ ღმერთის სულის ძალას, ‘ძლიერდებიან მთელი ძალით’. შენ შეგიძლია იყო დარწმუნებული, რომ შენი მამა მოგისმენს და გამოგეხმაურება (1 იოანე 5:14, 15).
16, 17. ა) პავლეს ეპისტოლის თანახმად რატომ უნდა ვიყოთ მადლიერნი? ბ) რა აზრით მიეტევა და რა აზრით გათავისუფლდა ღმერთის ხალხი?
16 პავლემ მისწერა კოლასელებს: „უმადლოდეთ მამას, რომელმაც წმიდანთა მემკვიდრეობაში მონაწილეობის ღირსი გაგვხადა ნათელში“. დაე, ჩვენც გამოვთქვათ მადლიერება ჩვენი ზეციერი მამის მიმართ, რომ გვაქვს ადგილი ღმერთის ორგანიზაციაში, სამეფოს ან ზეციერ, ან მიწიერ სამფლობელოში. რატომ არის ღმერთის თვალში არასრულყოფილი ადამიანი მისაღები? პავლემ სულითცხებულ ძმებს მისწერა: „გვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომელშიც ჩვენ გვაქვს მისი სისხლით გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება“ (კოლასელთა 1:12–14).
17 როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი იმედი, ზეციერი თუ მიწიერი, ჩვენ ყოველდღიურად ვმადლობთ ღმერთს, რომ გაგვათავისუფლა სიბნელის ბოროტი სისტემისგან, რაც შესაძლებელი გახდა იეჰოვას ძის ძვირფასი გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ ჩვენი რწმენით (მათე 20:28). სულითცხებული ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული გზით იყო გაღებული სასარგებლო გამოსყიდვა, რომ ‘შესულიყვნენ ღმერთის საყვარელი ძის სასუფეველში’ (ლუკა 22:20, 29, 30). მაგრამ ‘სხვა ცხვრებისთვის’ დღესაც სასარგებლოა გამომსყიდველური მსხვერპლი (იოანე 10:16). შესაძლოა, მათ მიიღონ ღმერთისგან მიტევება, და როგორც მისი მეგობრები, უმწიკვლონი დადგნენ მის წინაშე. უკანასკნელ დღეებში ისინი ღებულობენ დიდ მონაწილეობას ‘სასუფევლის შესახებ სახარების’ ქადაგებაში (მათე 24:14). ყოველივე ამასთან ერთად, მათ აქვთ მშვენიერი იმედი, რომ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დასასრულს გახდებიან სავსებით უმწიკვლოები და ფიზიკურად სრულყოფილები. გამოცხადების 7:13–17-ის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, დაეთანხმები, რომ ყოველივე ეს ნამდვილად ხსნა და კურთხევა იქნება.
18. კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში რომელი შერიგებაა მოხსენიებული, რომელსაც ღმერთი ჯერ კიდევ ახორციელებს?
18 პავლეს წერილი გვეხმარება გავიცნობიეროთ, თუ რამდენად დავალებული ვართ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის წინაშე. რა განახორციელა ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით? ‘მის მიერ შეირიგა თავისთან ყველაფერი, დაამშვიდა მის მიერ, მისი ჯვრის სისხლით [წამების ძელზე დაღვრილი სისხლით, აქ], დედამიწაზე თუ ზეცაში’. ღმერთის განზრახვაა, რომ ყველა ქმნილებას შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდეს მასთან, ისეთი, როგორიც ედემში მომხდარ აჯანყებამდე იყო. იმ პიროვნების მეშვეობით, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა ყოველივეს შექმნაში, ახლაც მიმდინარეობს შერიგება (კოლასელთა 1:20).
გაძლიერებულნი — რა მიზნით?
19, 20. რაზეა დამოკიდებული ჩვენი უბიწოება და უბრალოება?
19 მათ, რომლებიც შეურიგდნენ ღმერთს პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ოდესღაც ჩვენ ვიყავით ცოდვილები და ღმერთისგან ჩამოცილებული. მაგრამ ახლა, როდესაც გვაქვს იესოს მსხვერპლის მიმართ რწმენა და გონება აღარ არის ბოროტი საქმეებით გაჟღენთილი, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმტკიცე, რომ წარვდგეთ ღმერთის წინაშე „წმიდანები, უბიწონი და უბრალონი“ (კოლასელთა 1:21, 22). ღმერთს არ რცხვენოდა თავისი წარსული დროის ერთგული მოწმეების გამო, მას არც ჩვენს გამო რცხვენია, და არ მიაჩნია სამარცხვინოდ, რომ ჩვენი ღმერთი ჰქვია (ებრაელთა 11:16). დღეს, არავის შეუძლია ბრალი დაგვდოს და ვერ გვეტყვის, რომ არასწორად ვატარებთ მის დიდებულ სახელს ან გვეშინია დედამიწის კიდეებამდე ვამცნოთ ეს სახელი!
20 ყურადღება მიაქციე იმ გაფრთხილებას, რომელიც პავლემ დაურთო კოლასელთა მიმართ ეპისტოლეს 1:23-ში: ‘ოღონდ, დარჩით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვიოთ სახარების იმედს, რომელიც თქვენ ისმინეთ და ექადაგა ყოველ ქმნილებას ცის ქვეშ’. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, დავრჩებით თუ არა იეჰოვასადმი რწმენაში ერთგული, მივყვებით თუ არა მისი ძვირფასი ძის ნაკვალევს. იეჰოვამ და იესომ ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენთვის! დაე, გამოვავლინოთ სიყვარული მათ მიმართ იმით, რომ მივყვებით პავლეს რჩევას.
21. რა უდიდესი მიზეზი არსებობს დღეს, რის გამოც სიხარულით აღსავსენი უნდა ვიყოთ?
21 კოლასელ ქრისტიანებს გაეხარდებოდათ, როდესაც გაიგებდნენ, რომ ‘სახარება რომელიც მათ ისმინეს’ უკვე „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცის ქვეშ“. დღეს უფრო მეტად სასიხარულოა იმის მოსმენა, რომ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება ოთხ მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანის მიერ 230-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს. აი, ამიტომ, ყოველწლიურად ყველა ერიდან თითქმის 300 000 ადამიანი ურიგდება ღმერთს! (მათე 24:14; 28:19, 20).
22. რა შეუძლია ღმერთს გააკეთოს ჩვენთვის, თუ ვიტანჯებით?
22 თუმცა, როგორც ჩანს პავლე ციხეში იყო, როდესაც მისწერა ეპისტოლე კოლასელებს, მაგრამ ის არ წუწუნებდა თავისი ხვედრის გამო. პირიქით, მან თქვა: „ახლა კი ვხარობ ჩემი ტანჯვებით თქვენთვის“. პავლემ იცოდა, თუ რას ნიშნავდა ‘ყოველგვარი მოთმინება და სულგრძელობა, სიხარულით’ (კოლასელთა 1:11, 24). მაგრამ, მან იცოდა, რომ ეს თავისი ძალით არ გაუკეთებია. იეჰოვამ გააძლიერა ის! ასევეა დღესაც. ათასობით მოწმე, რომლებსაც აპატიმრებენ და დევნიან, იეჰოვასადმი მსახურებაში არ კარგავს სიხარულს. პირიქით, მათ შეიგნეს, რომ უნდა დააფასონ ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტება, როგორც ეს წერია ესაიას 40:29–31-ში: „ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს. . . უფლის [იეჰოვას, აქ] მოსავნი კი განიახლებენ ძალას“.
23, 24. რა საიდუმლოა მოხსენიებული კოლასელთა 1:26-ში?
23 კეთილი ცნობის გავრცელებისთვის მსახურება, რომლის ცენტრში დგას იესო, ძალიან ბევრს ნიშნავდა პავლესთვის. მას სურდა, რომ სხვებსაც დაეფასებინათ ღმერთის განზრახვაში ქრისტეს როლის მნიშვნელობა, ასე რომ, მან აღწერა ეს, როგორც ‘საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და მოდგმებისაგან’. მაგრამ ეს ყოველთვის საიდუმლო არ უნდა ყოფილიყო. პავლემ დაუმატა: „ახლა გაემხილათ მის წმიდანებს“ (კოლასელთა 1:26). როდესაც ედემის ბაღში მოხდა აჯანყება, იეჰოვამ წარმოთქვა აღთქმა, რომ მომავალში იქნებოდა უკეთესობა, მან იწინასწარმეტყველა: ‘დედაკაცის თესლი თავს გაუჭეჭყავს გველს’ (დაბადება 3:15). რას ნიშნავდა ეს? თაობიდან თაობაში, საუკუნეების მანძილზე ეს იყო საიდუმლო. მაგრამ მოვიდა იესო და „სახარებით გაანათლა ცხოვრება და უხრწნელობა“ (2 ტიმოთე 1:10).
24 დიახ, ‘საიდუმლოში’ ყურადღება მახვილდება ქრისტესა და მესიანურ სამეფოზე. პავლემ მოიხსენია „ყველაფერი. . . ზეცაში“, ეს ეხებოდა მათ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ქრისტესთან ერთად სამეფოს მმართველობაში. ეს იქნება იმის ხელშემწყობი, რომ საუცხოო კურთხევა იყოს მათთვის ვინც დატკბება მარადიული სამოთხით აქ, „დედამიწაზე“. შენ ალბათ ხვდები, თუ რამდენად შესაფერისი იყო იმ დროისთვის, რომ პავლემ მიუთითა ‘დიდების სიმდიდრის საიდუმლოზე’ (კოლასელთა 1:20, 27).
25. როგორც კოლასელთა 1:29-შია ნაჩვენები, როგორი განწყობილება უნდა გვქონდეს ახლა?
25 პავლე მოუთმენლად ელოდა თავის ადგილს სამეფოში. მაგრამ, მან იცოდა, რომ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მხოლოდ იმედი ჰქონოდა და არაფერი ეკეთებინა. „მეც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც მძლავრად მოქმედებს ჩემში“ (კოლასელთა 1:29). ყურადღება მიაქციე იმას, რომ იეჰოვამ, იესოს მეშვეობით ძლევამოსილი გახადა პავლე, რათა შეესრულებინა სიცოცხლის გადამრჩენი მსახურება. იეჰოვას იმავეს გაკეთება შეუძლია დღესაც. მაგრამ ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „მაქვს თუ არა მახარებლის სულისკვეთება, ისეთი, როგორიც მქონდა მაშინ, როდესაც გავიგე ჭეშმარიტება?“ როგორია შენი პასუხი? რას შეუძლია დაგვეხმაროს, რომ გავაგრძელოთ ‘შრომა და ვიღვაწოთ იეჰოვას ძალით’? შემდეგი სტატია შეეხება სწორედ ამ საკითხებს.
გაამახვილე თუ არა ყურადღება?
□ რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა გამოავლენს თავის ძალას ადამიანთა სასარგებლოდ?
□ რა იყო პავლეს სიტყვების საფუძველი კოლასელთა მიმართ ეპისტოლის პირველ თავში?
□ როგორ განახორციელა იეჰოვამ შერიგება, რომელიც მოხსენიებულია კოლასელთა 1:20-ში?
□ ჩვენი მეშვეობით რა შეუძლია განახორციელოს თავისი ძალით იეჰოვამ?
[რუკა/სურათი მე-7 გვერდზე]
კოლასი