-
ფილოსოფია [განთავსდება მოგვიანებით]წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ფილოსოფია [განთავსდება მოგვიანებით]
-
-
ტრადიციაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იესო და მისი მოწაფეები არასდროს ციტირებდნენ იუდეველთა ზეპირ გადმოცემებს თავიანთი სწავლებების მხარდასაჭერად. ისინი ყოველთვის ღვთის დაწერილ სიტყვას მიმართავდნენ (მთ. 4:4—10; რმ. 15:4; 2ტმ. 3:15—17). ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ არაბიბლიური იუდაური ადათ-წესების დაცვა «მამა-პაპის ადათ-წესებით დამკვიდრებული [ბერძ. პატროპარადოტუ, „მამების გადმოცემული“] უსარგებლო საქციელი» იყო (1პტ. 1:18). გაქრისტიანების შემდეგ იუდეველებმა მიატოვეს ასეთი ადათ-წესები. როცა კოლოსეში ზოგი ცრუმასწავლებელი მოუწოდებდა სხვებს, გაჰყოლოდნენ თაყვანისცემლობის ამ ფორმას, პავლემ გააფრთხილა თანაქრისტიანები, არ ყოფილიყვნენ გატაცებულნი „ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებს“. როგორც ჩანს ის, ძირითადად, იუდაურ ადათ-წესებს გულისხმობდა (კლ. 2:8, 13—17).
-
-
ქვეყნიერებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
„ქვეყნიერების პრინციპები“. როგორც მოციქულმა პავლემ გალატელების 4:1—3-ში თქვა, ბავშვი იმ გაგებით ჰგავს მონას, რომ ზრდასრულ ასაკამდე სხვების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. „ასევე ჩვენც, სანამ ბავშვები ვიყავით, ქვეყნიერების პრინციპების [სტექეა] მონები ვიყავით“. შემდეგ პავლე დასძენს, რომ ღვთის ძე მოვიდა, როცა „დრო გასრულდა“, და კანონისგან გაათავისუფლა თავისი მოწაფეები, რათა ღვთის შვილები გამხდარიყვნენ (გლ. 4:4—7). მსგავსად, კოლოსელების 2:8, 9, 20-ში მან გააფრთხილა კოლოსელი ქრისტიანები, რომ არავის გაეტაცებინა „ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს [სტექეა] და არა ქრისტეს, რადგან მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“. მან აღნიშნა, რომ ისინი ქრისტესავით მკვდრები იყვნენ „ქვეყნიერების პრინციპებისთვის“.
პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა სტექეას (მხ. რ-ში სტექეიონ) შესახებ ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ძირითადი მნიშვნელობიდან (ბოძების მწკრივი) გამომდინარე ... ამ სიტყვას [სტექეა] იყენებდნენ ჩამწკრივებული ანბანის მიმართ და, შესაბამისად, მეტყველების ძირითადი ნაწილების მიმართ, შემდეგ კი ბუნების ძირითადი ელემენტების, მაგალითად, ოთხი სტიქიის მიმართ (იხ. 2პტ. 3:10, 12), და ცოდნის ნებისმიერი დარგის საფუძვლების ანუ საწყისების მიმართ. ეს ბოლო მნიშვნელობაა გამოყენებული ებრაელების 5:12-ში“ (The Pulpit Commentary, კ. სპენსის რედაქციით, ლონდონი, 1885, „გალატელები“, გვ. 181). მონათესავე ზმნა სტექეო ნიშნავს „წესის შესაბამისად სიარულს“ (გლ. 6:16).
გალატელებისა და კოლოსელების მიმართ მიწერილ წერილებში მოციქული პავლე ფიზიკური სამყაროს შემადგენელ ნაწილებს კი არ გულისხმობდა, არამედ როგორც გერმანელმა ბიბლეისტმა ჰაინრიხ მაიერმა აღნიშნა, იმ საფუძვლებს, ანუ ძირითად პრინციპებს, რომლებითაც კაცობრიობის არაქრისტიანული ნაწილი ხელმძღვანელობდა (Critical and Exegetical Hand-Book, 1884, „გალატელები“, გვ. 168). პავლეს წერილებიდან ჩანს, რომ მათში იგულისხმება სხვადასხვა ფილოსოფია და მაცდუნებელი სწავლება, რომლებიც სრულად ეფუძნება ადამიანთა ნორმებს, შეხედულებებს, მსჯელობასა და მითოლოგიას, და რომლებითაც ბერძნები და სხვა წარმართი ერები იკვებებოდნენ (კლ. 2:8). აშკარაა, რომ პავლე ამ სიტყვას იუდაისტური სწავლებების მიმართაც იყენებდა და ასკეტური ცხოვრებისა და „ანგელოზების თაყვანისცემის“ შესახებ იუდაისტთა არაბიბლიური სწავლებების გარდა გულისხმობდა სწავლებას, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს მოსეს კანონის დაცვა ევალებოდათ (კლ. 2:16—18; გლ. 4:4, 5, 21).
მართალია, მოსეს კანონი ღვთისგან იყო, მაგრამ ის ქრისტემ შეასრულა. იესო ქრისტე იყო სინამდვილე, კანონი კი — მისი ჩრდილი. ამიტომ ის გაუქმებულად ითვლებოდა (კლ. 2:13—17). ამასთან, კარავი (მოგვიანებით, ტაძარი) დედამიწაზე ნაგები ანუ ამქვეყნიური იყო (ბერძ. კოსმიკონ; ებ. 9:1, აფ, კს, სსგ). ის ადამიანთა ყოფა-ცხოვრების ნაწილი იყო და არა ზეციერი ანუ სულიერი სამყაროს ნაწილი. ამ წმინდა ადგილთან დაკავშირებული „დადგენილებები ხორცს ეხებოდა და დაწესებული იყო გამოსწორებისთვის დანიშნულ დრომდე“. მაგრამ იესო ქრისტე შევიდა „უფრო დიდ და უფრო სრულყოფილ კარავში, რომელიც ხელთქმნილი არ არის, ანუ სხვაგვარადაა შექმნილი“ და ზეცაშია (ებ. 9:8—14, 23, 24). მან უთხრა სამარიელ ქალს, რომ დადგებოდა დრო, როცა იერუსალიმის ტაძარი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი აღარ იქნებოდა და „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემდნენ თაყვანს (ინ. 4:21—24). ასე რომ, იესო ქრისტეს სიკვდილის, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ აღარ არსებობდა ადამიანთა ყოფა-ცხოვრებიდან აღებული „სიმბოლოების“ გამოყენების საჭიროება, რომლებიც უბრალოდ განასახიერებდნენ უფრო დიდებულ ზეციურ სინამდვილეს (ებ. 9:23).
ამგვარად, გალატელ და კოლოსელ ქრისტიანებს შეეძლოთ უფრო აღმატებული სახით, იესო ქრისტეს მეშვეობით ეცათ ღვთისთვის თაყვანი. სრულყოფილ სტანდარტად, რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერი სწავლების ან ცხოვრების წესის სისწორის დადგენა, უნდა ეღიარებინათ იესო ქრისტე და არა სხვა ადამიანები, მათი პრინციპები, სწავლებები და თუნდაც კანონის შეთანხმებით გათვალისწინებული დადგენილებები, რომლებიც ხორცს ეხებოდა (კლ. 2:9). ისინი არ უნდა დამსგავსებოდნენ ბავშვებს და საკუთარი ნებით არ უნდა დაქვემდებარებოდნენ მოსეს კანონს, რომელიც შედარებულია აღმზრდელთან (გლ. 3:23—26). ღმერთთან მათი ურთიერთობა ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც ზრდასრულ შვილსა და მამას შორის. ქრისტიანულ მოძღვრებასთან შედარებით კანონი ელემენტარული, „რელიგიის ანაბანა“ იყო (Critical and Exegetical Hand-Book, ჰ. მაიერი, 1885, „კოლოსელები“, გვ. 292). ცხებული ქრისტიანები, როგორც ზეციერი ცხოვრებისთვის შობილნი, დაიხოცნენ და ბოძზე გაეკვრნენ კოსმოსისთვის ანუ ადამიანთა ყოფა-ცხოვრებისთვის, რომელზეც სხვადასხვა დადგენილება, მათ შორის წინადაცვეთის მოთხოვნა ვრცელდებოდა. ისინი „ახალი ქმნილება“ გახდნენ (2კრ. 5:17; კლ. 2:11, 12, 20—23; შდრ. გლ. 6:12—15; ინ. 8:23). მათ იცოდნენ, რომ იესოს სამეფო ადამიანთა დაფუძნებული არ იყო (ინ. 18:36). ამიტომ ისინი არ უნდა დაბრუნებოდნენ ადამიანთა ყოფა-ცხოვრების „სუსტ და უბადრუკ პრინციპებს“ (გლ. 4:9) და არ უნდა დაეთმოთ „გაგების სრული სიმდიდრე“ და „საფუძვლიანი ცოდნა ღვთის წმინდა საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესახებ“, რომელშიც „არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“ (კლ. 2:1—4).
-