გაკვეთილი 32
დამაჯერებლობა
როდესაც ადამიანი დამაჯერებლად ლაპარაკობს, სხვები ხედავენ, რომ მას მტკიცედ სჯერა ის, რასაც ამბობს. პავლე მოციქული დამაჯერებლობას ავლენდა მსახურებაში. მან თესალონიკელ მორწმუნეებს მისწერა: „სასიხარულო ცნობა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ, თქვენ შორის გამოჩნდა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ . . . სრული დამაჯერებლობით“ (1 თეს. 1:5). პავლე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ცხადყოფდა, რომ სჯეროდა ის, რასაც ქადაგებდა. როდესაც ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვქადაგებთ, ჩვენც უნდა ცხადვყოთ, რომ მტკიცედ გვჯერა, რის შესახებაც ვლაპარაკობთ.
დამაჯერებლობა მეტისმეტ თავდაჯერებულობას, დოგმატურობასა და ქედმაღლობას არ ნიშნავს. როდესაც ადამიანი დამაჯერებლად ლაპარაკობს ღვთის სიტყვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მტკიცე რწმენას ავლენს (ებრ. 11:1).
როდესაც დამაჯერებლობა გვჭირდება. დამაჯერებლად ლაპარაკი მნიშვნელოვანია ქადაგების დროს. ლაპარაკის მანერას ადამიანები ზოგჯერ ისეთივე ყურადღებას აქცევენ, როგორსაც სიტყვებს. ისინი გრძნობენ, შენ თვითონ რას ფიქრობ შენს ნათქვამზე. როდესაც შენს დამაჯერებლობას დაინახავენ, ეს სიტყვებზე უკეთესად ეტყვის მათ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ცნობას უზიარებ.
დამაჯერებლობა მაშინაც საჭიროა, როდესაც თანამორწმუნეების წინაშე გამოდიხარ. პეტრე მოციქულმა თავისი პირველი წერილი დაწერა „გასამხნევებლად და ღვთის ჭეშმარიტი წყალობის შესახებ გულმოდგინებით დასამოწმებლად“. მან ძმებს მოუწოდა: „მტკიცედ იდექით ამაში“ (1 პეტ. 5:12). რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქული დამაჯერებელი მსჯელობით დაეხმარა თანამორწმუნეებს. მან დაწერა: „დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“ (რომ. 8:38, 39). წერილში პავლემ დამაჯერებლად იმსჯელა ქადაგების აუცილებლობაზეც. მისი მონდომება ნათლად ადასტურებდა იმას, რომ თავადვე იყო დარწმუნებული ქადაგების მნიშვნელობაში (საქ. 20:18—21; რომ. 10:9, 13—15). დღესაც ასეთივე დამაჯერებლობით უნდა შეძლონ ქრისტიანმა უხუცესებმა ღვთის სიტყვიდან სწავლება.
მშობლებსაც სჭირდებათ დამაჯერებლად ლაპარაკი ოჯახური შესწავლისას თუ ნებისმიერ დროს, როდესაც შვილებთან სულიერ საკითხებზე საუბრობენ. ამისათვის მათ თავადვე გულით უნდა შეიყვარონ იეჰოვა და მისი გზები. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ სულითა და გულით, დამაჯერებლად ლაპარაკს, „რადგან გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს“ (ლუკ. 6:45; კან. 6:5—7). ასეთ შემთხვევაში მშობლები „უთვალთმაქცო რწმენის“ მაგალითის მიცემასაც შეძლებენ (2 ტიმ. 1:5).
დამაჯერებლად ლაპარაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ვინმე შენი მრწამსის შესახებ გეკითხება. შეიძლება თანაკლასელს, მასწავლებელს ან თანამშრომელს გაუკვირდეს, რომ რაიმე დღესასწაულს არ აღნიშნავ. კარგად აწონ-დაწონილი, დამაჯერებელი პასუხი დაეხმარება მას, დააფასოს შენი პოზიცია, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული. რა უნდა გააკეთო, როდესაც ვინმე არასწორი მოქმედებისკენ — მაგალითად სიცრუისკენ, ნარკოტიკების მიღებისკენ ან სქესობრივი უზნეობისკენ — გიბიძგებს? აუცილებელია, გარკვევით აუხსნა, რომ ასეთ რამეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებ და ვერაფერი შეგაცვლევინებს აზრს. უარის თქმის დროს საჭიროა მტკიცედ, დამაჯერებლად ლაპარაკი. იოსებმა ფოტიფარის ცოლს, რომელიც მას უზნეობისკენ უბიძგებდა, მტკიცედ უთხრა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ როდესაც ქალმა თავისი დაიჟინა, იოსები „გარეთ გავარდა“ (დაბ. 39:9, 12).
რაში გამოიხატება დამაჯერებლობა. სიტყვები, რომლებსაც ლაპარაკის დროს იყენებ, ცხადყოფს, რამდენად დაჯერებული ხარ შენს ნათქვამში. სანამ მნიშვნელოვან აზრს იტყოდა, იესო ხშირად ამბობდა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები“ (იოან. 3:3, 5, 11; 5:19, 24, 25). პავლეს დამაჯერებლობა გამოიხატებოდა სიტყვებში: „დარწმუნებული ვარ“, „დარწმუნებული ვარ უფალ იესოში“ და „მართალს გეუბნებით, არ ვცრუობ“ (რომ. 8:38; 14:14; 1 ტიმ. 2:7). იმის ხაზგასასმელად, რომ მისი სიტყვა უდავოდ შესრულდებოდა, ზოგჯერ იეჰოვა წინასწარმეტყველებს აღძრავდა, გამოეყენებინათ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „უეჭველად შესრულდება“ (აბაკ. 2:3). როდესაც ასეთი წინასწარმეტყველებები მოგყავს, მსგავსი ენა უნდა გამოიყენო. თუ საკუთარ თავზე კი არა, იეჰოვაზე იქნები მინდობილი და ადამიანებს პატივისცემით დაელაპარაკები, მსგავსი დამაჯერებლობის გამომხატველი სიტყვები იმის დამადასტურებელი იქნება, რომ მტკიცე რწმენა გაქვს.
დამაჯერებლობა იმითაც გამოიხატება, თუ რამდენად სერიოზულად და როგორი შემართებით ლაპარაკობ. სახის გამომეტყველება, ჟესტები და სხეულის მოძრაობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს; თუმცა ამ მხრივ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. თუნდაც ბუნებით მორცხვი იყო ან რბილი ხმა გქონდეს, დამაჯერებლად ილაპარაკებ, თუ დარწმუნებული იქნები, რომ ის, რასაც ამბობ, ჭეშმარიტებაა და საჭიროა, სხვებმა მოისმინონ.
ცხადია, დამაჯერებლად ლაპარაკის დროს აუცილებელია გულწრფელობა. თუ მთელი გულით არ ვილაპარაკებთ და ადამიანები ჩვენში არაბუნებრიობას დაინახავენ, იფიქრებენ, რომ სანდო არაა ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ. ამიტომ ჩვეულებრივად ილაპარაკე. თუ დიდი აუდიტორია გეყოლება, ალბათ, უფრო ხმამაღლა და მეტი შემართებით ლაპარაკი დაგჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შენი მიზანი გულწრფელად და ბუნებრივად ლაპარაკი უნდა იყოს.
რა დაგეხმარება დამაჯერებლად ლაპარაკში. დამაჯერებლობაზე გავლენას ახდენს განსახილველი საკითხისადმი შენი დამოკიდებულება, ამიტომაც მნიშვნელოვანია მომზადება. საკმარისი არ არის პუბლიკაციაში მასალის მოძებნა და შინაარსის მოკლედ გადმოცემა. მასალა კარგად უნდა გესმოდეს და აზრების საკუთარი სიტყვებით გამოხატვა შეგეძლოს. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის, რასაც ლაპარაკობ, ჭეშმარიტებაა და მსმენელისთვის ნამდვილად ღირებულია. ამისათვის მომზადების დროს მხედველობაში უნდა მიიღო მსმენელი — მათი მდგომარეობა და პირობები, აგრეთვე ის, თუ რა იციან განსახილველ საკითხზე და რას ფიქრობენ ამის შესახებ.
მსმენელი უფრო მეტად იგრძნობს შენს დამაჯერებლობას, თუ გამართულად იმეტყველებ. ამიტომაც კარგი მასალის მომზადების გარდა საჭიროა ვარჯიში. მონაკვეთებს, რომლებსაც მეტი სერიოზულობით გადმოცემა სჭირდება, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე, რათა ლაპარაკის დროს ნაკლებად იყო ჩანაწერებზე დამოკიდებული. არ დაგავიწყდეს, ლოცვაში სთხოვო იეჰოვას, აკურთხოს შენი მონდომება. ამგვარად მოქმედების შედეგად ‘ღვთის დახმარებით გაბედულებას მოიკრებ’ და დამაჯერებლად ილაპარაკებ სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტებისა და მნიშვნელობის შესახებ (1 თეს. 2:2).