-
იეჰოვას დღეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იეჰოვას დღე
დროის განსაკუთრებული პერიოდი და არა 24-საათიანი დღე, როცა იეჰოვა მტრების წინააღმდეგ გაილაშქრებს თავისი ხალხის დასაცავად. ამ დღეს იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ბოროტებზე და გაიმარჯვებს მოწინააღმდეგეებზე. ეს დღე აგრეთვე არის მართლების ხსნისა და გადარჩენის დღე, როცა იეჰოვა, როგორც უზენაესი, დიდად განდიდდება. ამ ორი მიზეზის გამო ამ დღეს შეგვიძლია მართებულად ვუწოდოთ იეჰოვას დიდი დღე.
ბიბლიაში ეს დღე აღწერილია ბრძოლის, დიდი და შიშის მომგვრელი სიბნელისა და მრისხანების დღედ, რისხვის, გასაჭირის, ტანჯვის, გაპარტახებისა და განგაშის დღედ. ღმერთმა წინასწარმეტყველი ამოსის პირით თავნება ისრაელს ჰკითხა: „რას მოგიტანთ იეჰოვას დღე?“. და იქვე უპასუხა: „ბნელი იქნება ის და არა ნათელი, თითქოს კაცი ლომს გაექცა და დათვი გადაეყარა, სახლში შევიდა, კედელს ხელით მიეყრდნო და გველმა დაგესლა“ (ამ. 5:18—20). ღმერთმა ესაიას უთხრა: „აი, მოდის იეჰოვას დღე, სასტიკი რისხვითა და მრისხანებით“ (ეს. 13:9). „რისხვის დღეა ის, გასაჭირისა და ტანჯვის დღე, ქარიშხლისა და გაპარტახების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ღრუბლისა და მწუხრის დღე“ (სფ. 1:15). ასეთი გასაჭირის დროს ფულს არავითარი ფასი არ ექნება. „ქუჩებში გადაყრიან თავიანთ ვერცხლს ... ვერც მათი ვერცხლი და ვერც მათი ოქრო ვერ დაიხსნის მათ იეჰოვას რისხვის დღეს“ (ეზკ. 7:19; სფ. 1:18).
წინასწარმეტყველები, რომლებიც გამუდმებით აფრთხილებდნენ ხალხს იეჰოვას დღის მოახლოების შესახებ, აღნიშნავდნენ, რომ ის ძალიან ახლოს იყო. „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სფ. 1:14). „ვაი, მოდის ის დღე! ახლოსაა იეჰოვას დღე“. „აფორიაქდეს მიწის ყველა მკვიდრი, რადგან მოდის იეჰოვას დღე, ახლოს არის ის!“ (იოლ. 1:15; 2:1, 2).
გამანადგურებელ განაჩენთა აღსრულების მაგალითები. წინასწარმეტყველებების შინაარსიდან და მოგვიანებით განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ ფრაზა „იეჰოვას დღე“ გარკვეულწილად მიუთითებდა ძველ დროში უზენაესი ღვთის მიერ არაერთი გამანადგურებელი განაჩენის აღსრულებაზე. მაგალითად, ესაიამ ხილვაში იხილა, რა დაემართებოდა ორგულ იუდასა და იერუსალიმს ლაშქართა ღვთის, იეჰოვას დღეს, რომელიც დაატყდებოდა ყოველ პატივმოყვარესა და მედიდურს (ეს. 2:11—17). ეზეკიელმა გააფრთხილა ისრაელის ორგული წინასწარმეტყველები, რომ ვერ გაამაგრებდნენ თავიანთ ქალაქებს „იეჰოვას დღეს“ ბრძოლაში სიმტკიცის შესანარჩუნებლად (ეზკ. 13:5). სოფონიას პირით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ იუდასა და იერუსალიმის წინააღმდეგ გაიწვდიდა ხელს და არ დაინდობდა არც მთავრებსა და არც უფლისწულებს (სფ. 1:4—8). ფაქტები ცხადყოფს, რომ იერუსალიმელებს „იეჰოვას დღე“ ძვ. წ. 607 წელს დაუდგა.
იუდასა და იერუსალიმის გასაჭირის დროს მეზობელმა ხალხებმა, მაგალითად ედომელებმა, სიძულვილი გამოავლინეს იეჰოვასა და მისი ხალხის მიმართ, რის გამოც აბდიამ (მუხლები 1, 15) მათ წინააღმდეგ იწინასწარმეტყველა: „ახლოს არის იეჰოვას დღე ყველა ხალხის წინააღმდეგ. როგორც შენ მოიქეცი, შენც ისე მოგექცევიან“. მსგავსად, „იეჰოვას დღე“ მთელი სისასტიკითა და სიმძლავრით ბაბილონსა და ეგვიპტეს დაატყდა თავს ზუსტად ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო (ეს. 13:1, 6; იერ. 46:1, 2, 10).
მოგვიანებით მალაქიამ იეჰოვას კიდევ ერთი „დიდი და შიშის მომგვრელი დღის“ შესახებ იწინასწარმეტყველა, რომლის დადგომამდეც „ელია წინასწარმეტყველი“ მოვიდოდა (მლ. 4:5, 6). თუმცა ელია ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმამდე დაახლოებით 500 წლით ადრე ცხოვრობდა, ახ. წ. პირველ საუკუნეში იესომ აღნიშნა, რომ ეს წინასწარმეტყველება იოანე ნათლისმცემელზე შესრულდა (მთ. 11:12—14; მრ. 9:11—13). ასე რომ, იმ დროს „იეჰოვას დღე“ ახლოს იყო. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ ახსნა, რომ მაშინ შესრულდა იოელის წინასწარმეტყველება ღვთის სულის გადმოღვრის შესახებ (იოლ. 2:28—32) და რომ ესეც „იეჰოვას დიდი და დიდებული დღის მოსვლამდე“ უნდა მომხდარიყო (სქ. 2:16—21). იეჰოვას ეს დღე ახ. წ. 70 წელს დადგა, როცა თავისი სიტყვის შესასრულებლად იეჰოვამ რომის ჯარი გამოიყენა თავის ერზე განაჩენის აღსასრულებლად, რომელმაც ღვთის ძე უარყო და უტიფრად იძახდა: „არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა“ (ინ. 19:15; დნ. 9:24—27).
ბიბლია იეჰოვას კიდევ ერთ დღეზე საუბრობს. ბაბილონის გადასახლებიდან იერუსალიმში იუდეველთა დაბრუნების შემდეგ იეჰოვამ ზაქარიას პირით იწინასწარმეტყველა (14:1—3), რომ დადგებოდა „იეჰოვას დღე“, როცა ის მხოლოდ ერთ ერს კი არა, „ყველა ხალხს იერუსალიმთან საბრძოლველად“ შეკრებდა. ამ დღის კულმინაციურ მომენტში „გამოვა იეჰოვა და შეებრძოლება ამ ხალხებს“ მათდა დასაღუპავად. ღვთივშთაგონებით მოციქულმა პავლემ „იეჰოვას დღე“ ქრისტეს მოსვლას დაუკავშირა (2თს. 2:1, 2), პეტრე კი მას აკავშირებდა „ახალი ცისა და ახალი დედამიწის“ დამყარებასთან, სადაც დამკვიდრებული იქნებოდა სიმართლე (2პტ. 3:10—13).
-
-
შთაგონებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ჭეშმარიტი და ცრუ „შთაგონებული სიტყვები“. მოციქულთა ზოგ წერილში ბერძნული სიტყვა პნევმა (სული) განსაკუთრებული მნიშვნელობით არის გამოყენებული. მაგალითად, 2 თესალონიკელების 2:2-ში მოციქული პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებს: „არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეგაშფოთოთ არც შთაგონებულმა სიტყვამ [სიტყვასიტყვით, „სულმა“], არც სიტყვიერად გადმოცემულმა ცნობამ და არც წერილმა, ვითომ ჩვენგან გამოგზავნილმა, რომ თითქოს უკვე დადგა იეჰოვას დღე“. აშკარაა, რომ პავლემ აქ პნევმა (სული) ინფორმაციის გადაცემის საშუალებებთან, ზეპირ ცნობასა და წერილთან ერთად მოიხსენია. ლანგეს ბიბლიის კომენტარში ამ მუხლთან დაკავშირებით აღნიშნულია: „ამ სიტყვაში მოციქული გულისხმობს სპირიტულ მინიშნებას, ყალბ წინასწარმეტყველებას, წინასწარმეტყველის განაცხადს“ (Commentary on the Holy Scriptures, მთარგმნელი და რედაქტორი ფ. შაფი, 1976, გვ. 126). სხვა ნაშრომში ნათქვამია: «„სული“ — ქრისტიანულ შეკრებებზე ვინმეს მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველურმა სიტყვები, რომლებიც ვითომდა ღვთისგან ჰქონდა მიღებული» (Word Studies in the New Testament, მ. ვინსენტი, 1957, ტ. IV, გვ. 63). ზოგ თარგმანში ამ და მსგავს შემთხვევებში პნევმა სულად ითარგმნა, სხვა თარგმანებში კი — „სულის ცნობად“ (AT), „წინასწარმეტყველებად“ (JB), „შთაგონებად“ (დ’ოსტერვალდი; სეგონი) და „შთაგონებულ სიტყვად“ (აქ).
-