ბიბლიის წიგნი 53 — 2 თესალონიკელები
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: კორინთი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 51
1. საიდან ჩანს, როდის და სად დაიწერა „მეორე თესალონიკელები“ და რამ აღძრა პავლე ამ წერილის დასაწერად?
პირველი წერილის შემდეგ პავლემ მალევე მისწერა თესალონიკელებს მეორე წერილი. მან ეს წერილიც კორინთში დაწერა. ამაზე მეტყველებს ის, რომ პავლესთან ერთად თესალონიკეს კრების წევრებს ისევ სილვანუსი და ტიმოთე უთვლიან სალამს. ისინი ქრისტიანული კრების მიმომსვლელი მსახურები იყვნენ და ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ კორინთის გარდა სამივეს სხვაგანაც მოუწიათ ერთად ყოფნა (2 თეს. 1:1; საქ. 18:5, 18). პავლეს მსჯელობის თემა და სტილი ცხადყოფს, რომ კრებაში გარკვეული პრობლემა იყო, რის გამოც მან სასწრაფოდ გადაწყვიტა წერილის დაწერა.
2. რა ამტკიცებს „მეორე თესალონიკელების“ კანონიკურობას?
2 „პირველი თესალონიკელების“ მსგავსად, ამ წერილის კანონიკურობაც კარგად არის დასაბუთებული. მას ციტირებენ ირინეოსი (ახ. წ. II საუკუნე) და სხვა ადრინდელი მწერლები, მათ შორის იუსტინე წამებული (ახ. წ. II საუკუნე). იუსტინეს, როგორც ჩანს, 2 თესალონიკელების 2:3 აქვს მხედველობაში, როცა მოიხსენიებს „უკანონობის [ცოდვის] კაცს“. ის ყველა იმ უძველეს ნუსხაში გვხვდება, რომლებშიც „პირველი თესალონიკელებია“ შეტანილი. მართალია, ეს წერილი არ არის ჩესტერ ბიტის პაპირუსში (№2, P46), მაგრამ იგი უდავოდ უნდა ყოფილიყო შვიდი დაკარგული ფრაგმენტიდან პირველ ორში. ფრაგმენტები დაკარგულია „პირველი თესალონიკელების“ შემდეგ.
3, 4. ა) რა პრობლემა გაჩნდა თესალონიკის კრებაში? ბ) სად, როდის და რა მიზნით დაიწერა ეს წერილი?
3 რა მიზნით დაიწერა ეს წერილი? როგორც პავლეს მიერ თესალონიკელებისთვის მიცემული რჩევიდან ვხედავთ, კრებაში ზოგი ამტკიცებდა, რომ უფალი ძალიან მალე მოვიდოდა. ისინი სხვებსაც ახვევდნენ თავიანთ აზრს, რითაც განხეთქილება შეჰქონდათ კრებაში. ზოგი, როგორც ჩანს, თავს ამით იმართლებდა და არ მუშაობდა (2 თეს. 3:11). თავის პირველ წერილში პავლე უკვე შეეხო უფლის მოსვლას. უდავოა, რომ კრების წევრები, რომლებიც არასწორ შეხედულებებს ავრცელებდნენ, დაამახინჯებდნენ პავლეს სიტყვებს და თავისებურად ახსნიდნენ. იმის დასამტკიცებლად, რომ „უკვე დადგა იეჰოვას დღე“, ისინი შესაძლოა იშველიებდნენ წერილს, რომელიც თითქოსდა პავლეს დაწერილი იყო (2:1, 2).
4 ეს ამბავი, როგორც ჩანს, პავლემაც გაიგო, სავარაუდოდ მისგან, ვისაც პირველი წერილი გაატანა თესალონიკეში. ამიტომ მას ძალიან სურდა, გამოესწორებინა ძმების აზროვნება, რომლებიც ასე უყვარდა. ახ. წ. 51 წელს, პავლემ თავის ორ თანამსახურთან ერთად კორინთიდან წერილი გაუგზავნა თესალონიკელებს. გარდა იმისა, რომ რჩევები მისცა არასწორი აზროვნების გამოსასწორებლად, პავლემ გაამხნევა ისინი და მოუწოდა, მტკიცედ მდგარიყვნენ ჭეშმარიტებაში.
შინაარსი
5. რისთვის მადლობენ ღმერთს პავლე და მისი თანამსახურნი, რაში არწმუნებენ თესალონიკელებს და რისთვის ლოცულობენ?
5 უფალ იესოს გამოცხადება (1:1—12). პავლე და მისი თანამსახურები ღმერთს მადლობენ იმისათვის, რომ იზრდება თესალონიკელების რწმენა და მრავლდება მათი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. დევნების დროს მათი მოთმინება და რწმენა ღვთის სამართლიანი სასამართლოს დადასტურებაა, რის გამოც ისინი „ღვთის სამეფოს ღირსად“ ჩაითვლებიან. ღმერთი გასაჭირს მიუზღავს მათ, ვინც კრებას აგდებს გასაჭირში და შვებას მისცემს გასაჭირში ჩაცვენილებს. ეს მოხდება მაშინ, „როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება . . . როცა ის მოვა, რათა განდიდდეს თავის წმინდებს შორის“ (1:7, 10). პავლე და მისი თანამსახურები ყოველთვის ლოცულობენ იმისთვის, რომ ღმერთმა თესალონიკელები მოწოდების ღირსად ჩათვალოს და განდიდდეს უფალ იესოს სახელი მათში და ისინი — მასთან ერთობაში.
6. რა უნდა მოხდეს იეჰოვას დღის დადგომამდე?
6 განდგომილების მოსვლა (2:1—12). ძმები არ უნდა შეაშფოთოს ცნობებმა იმის შესახებ, რომ თითქოს უკვე დადგა იეჰოვას დღე. „ის დღე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოვლინდება უკანონობის კაცი, დაღუპვის ძე“. მათ ახლა იციან, „რა აკავებს მას“, მაგრამ უკანონობის საიდუმლო უკვე მოქმედებს. როცა შემკავებელი აღარ იქნება, „გამოვლინდება უკანონობის მოქმედი, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავისი ბაგის სულით და ბოლოს მოუღებს თავისი მოსვლის გამოცხადებით“. უკანონობის მოქმედის მოსვლას თან ახლავს სატანის მოქმედება ყოველგვარი სასწაულითა და ცდუნებით. ღმერთი უშვებს, რომ მცდარმა მოქმედებამ გავლენა მოახდინოს მათზე, ვინც არ შეიყვარა ჭეშმარიტება (2:3, 6, 8).
7. როგორ უნდა შეინარჩუნონ ძმებმა სიმტკიცე და დაიცვან თავი ბოროტისგან?
7 სიმტკიცე რწმენაში (2:13—3:18). პავლე განაგრძობს: „ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის ძმებო, იეჰოვასთვის საყვარელნო, რადგან ღმერთმა დასაწყისიდანვე ამოგირჩიათ ხსნისთვის სულით განწმენდითა და ჭეშმარიტებისადმი თქვენი რწმენის საფუძველზე“. ამიტომ გაუცხადა ღმერთმა მათ სასიხარულო ცნობა. ძმები მტკიცედ უნდა იდგნენ და მიჰყვნენ იმ წესებს, რომლებიც უსწავლიათ, რათა იესო ქრისტემ და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მარადიული ნუგეში და იმედი მოგვცა, განამტკიცოს ისინი „ყოველ კარგ საქმესა და სიტყვაში“ (2:13, 17). პავლე ძმებს სთხოვს, ილოცონ მათთვის, რათა „იეჰოვას სიტყვა სწრაფად გავრცელდეს და განდიდდეს“ (3:1). ერთგული უფალი განამტკიცებს მათ და დაიცავს ბოროტისგან. პავლე ლოცულობს, რომ უფალმა წარმართოს მათი გულები ღვთის სიყვარულსა და ქრისტესთვის მოთმინებაში.
8. რას ეუბნება პავლე თესალონიკელებს და რა მაგალითი მისცეს მათ პავლემ და მისმა თანამსახურებმა?
8 პავლე შეაგონებს თესალონიკელებს: „მითითებებს გაძლევთ, ძმებო, უფალ იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს არღვევს და ჩვენ მიერ გადმოცემული წესების მიხედვით არ დადის“ (3:6). პავლე შეახსენებს თესალონიკელებს, რომ ის და მისი თანამსახურები დღედაღამ შრომობდნენ, რათა დიდი ხარჯებით არ დაეტვირთათ ისინი. ამიტომაც აძლევდნენ ასეთ მითითებას: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“. მაგრამ ისინი იგებენ, რომ ზოგი წესრიგს არღვევს, არ მუშაობს და იმაში ერევა, რაც მათ არ ეხებათ. ასეთებმა საკუთარი შრომით მოპოვებული უნდა ჭამონ (2 თეს. 3:10; 1 თეს. 4:11).
9. რისი კეთება არ უნდა მოიშალონ ძმებმა, როგორ უნდა მოექცნენ ურჩებს და როგორ ამთავრებს პავლე თავის წერილს?
9 ძმებმა არ უნდა მოიშალონ იმის კეთება, რაც სწორია. მაგრამ, თუ ვინმე არ დაემორჩილება პავლეს წერილში ჩაწერილ სიტყვებს, კრებამ ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს მასთან, რათა შერცხვეს; ამასთანავე, კრებამ უნდა შეაგონოს, როგორც ძმას. პავლე ლოცულობს, რომ მშვიდობის უფალმა მისცეს მათ „მშვიდობა ყოველთვის და ყველაფერში“. ბოლოს ის საკუთარი ხელით სწერს მათ მოკითხვებს (2 თეს. 3:16).
რატომ არის სასარგებლო
10. რა საკითხებს ეხება „მეორე თესალონიკელები“?
10 ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს პატარა წერილი ქრისტიანულ რწმენასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს ეხება, რომელთა განხილვაც ნამდვილად სასარგებლოა. მაგალითად, მოვიხსენიებთ შემდეგ საკითხებს: იეჰოვა ღმერთი ზრუნავს ადამიანთა ხსნაზე და მათ განწმენდაზე სულით და „ჭეშმარიტებისადმი რწმენის . . . საფუძველზე“ (2:13); ქრისტიანებმა უნდა გაუძლონ ტანჯვას, რათა ღვთის სამეფოს ღირსად ჩაითვალონ (1:4, 5); ქრისტიანები უფალ იესო ქრისტესთან შეიკრიბებიან იმ დროს, როცა ის მოსული იქნება (2:1); იეჰოვა სამართლიანად გაასამართლებს მათ, ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას (1:5—8); მოწოდებულების მიმართ ღმერთი გამოავლენს წყალობას და ისინი განდიდდებიან ქრისტე იესოსთან ერთობაში (1:12); ისინი ‘მოწოდებულნი არიან სასიხარულო ცნობით’ (2:14); რწმენის გამოვლენა აუცილებელი პირობაა (1:3, 4, 10, 11; 2:13; 3:2); ქრისტიანი უნდა მუშაობდეს, რათა მსახურებაც შეძლოს და თავის რჩენაც; თუ ადამიანი არ მუშაობს, ის შეიძლება გაზარმაცდეს და ჩაერიოს იმაში, რაც მას არ ეხება (3:8—12); ღვთის სიყვარული უკავშირდება მოთმინებას (3:5). ამ ერთ პატარა წერილში ბევრი გამამხნევებელი აზრის პოვნა შეგვიძლია.
11. სამეფოსთან დაკავშირებულ რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვხვდებით ამ წერილში და რაში გვარწმუნებს ის?
11 ამ წერილიდან ჩანს, რომ პავლე დაინტერესებული იყო თესალონიკელი თანამორწმუნეების სულიერი კეთილდღეობით, კრების წინსვლითა და ერთიანობით. იეჰოვას დღის მოსვლის დროსთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ ჯერ უნდა გამოვლენილიყო „უკანონობის კაცი“. მის შესახებ პავლემ თქვა: „ღვთის ტაძარში ჯდება და თავი ღმერთად მოაქვს“. დაე, ყველას, ვინც „ღვთის სამეფოს ღირსად“ ჩაითვლება, მტკიცედ სწამდეს, რომ უფალი იესო ზეციდან გამოცხადდება და აბრიალებული ცეცხლით იძიებს შურს „იმ დროს, როცა ის მოვა, რათა განდიდდეს თავის წმინდებს შორის და აღაფრთოვანოს ყველა, ვისაც სწამს“ (2:3, 4; 1:5, 10).