სინდისი
ბიბლიაში „სინდისად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სინიდესის შედგება ორი ნაწილისგან, „სინ“ (თანა-, ერთად) და „იდესის“ (ცოდნა), და მიუთითებს თანდაყოლილ ცოდნაზე. სინდისი თვითშეფასებისა და თვითგანსჯის უნარია. ის ჩვენი შინაგანი მოწმეა. მოციქული პავლე შემდეგნაირად აღგვიწერს თავის სინდისს: „ჩემი სინდისი მემოწმება წმინდა სულში“ (რმ. 9:1).
სინდისი ღვთისგან ბოძებული თანდაყოლილი თვისებაა. ეს არის საკუთარი საქციელის ავკარგიანობის შინაგანი შეფასების უნარი. ის მოსამართლის როლს ასრულებს და ხან განსჯის და ხან ამართლებს ადამიანს. მისი გაწაფვა შესაძლებელია სწავლითა და გამოცდილებით შეძენილი აზროვნების, ჩვევების, შეხედულებებისა თუ ნორმების შედეგად. ამის საფუძველზე სინდისი აფასებს ამა თუ იმ ქმედებას ან ჩანაფიქრს. თუ კონკრეტული ქმედება ეწინააღმდეგება მის ნორმებს, სინდისი განგაშს ტეხს. მაგრამ ეს ასე არ ხდება, როცა ადამიანი მუდმივად ახშობს მის ხმას, რაც სინდისს დადაღულს ანუ უგრძნობს ხდის. სინდისი ზნეობრივი დამცავი მექანიზმის როლს ასრულებს, რადგან კმაყოფილებას გვგვრის ან ტკივილს გვაყენებს იმისდა მიხედვით, კარგს ვაკეთებთ თუ ცუდს.
ადამიანს სინდისი დასაბამიდანვე ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ ღვთის კანონი დაარღვიეს, ისინი დაიმალნენ, რადგან სინდისმა შეაწუხა (დბ. 3:7). რომაელების 2:14, 15-ში ვკითხულობთ: „როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია, ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ. ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“. ასე რომ, სინდისი მათაც აქვთ, ვინც ქრისტიანულ რწმენას არ იზიარებს. და ეს იმიტომ, რომ ყველა თანდაყოლილი სინდისით დაჯილდოებული ადამისა და ევას შთამომავალია. მრავალი ერის კანონები ეთანხმება ქრისტიანული პრინციპებით განსწავლულ სინდისს მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ამ ერებსა და მათ კანონმდებლებს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი ჰქონიათ. ეს კანონები მათი სინდისით არის ნაკარნახევი. სინდისი ყველას აქვს, ამიტომაც ახდენს გავლენას ქრისტიანული ცხოვრების წესი და ქადაგება ადამიანებზე (2კრ. 4:2).
სინდისს აღზრდა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეცდომაში შეგვიყვანს. თუ მას სწორი ნორმებით, ჭეშმარიტებისამებრ არ აღვზრდით, ის ცუდ მეგზურობას გაგვიწევს. სინდისზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს გარემომ, ადათ-წესებმა, რელიგიურმა შეხედულებებმა და ჩვევებმა. დამახინჯებული ნორმების ან ფასეულობების საფუძველზე სინდისმა შეიძლება სათანადოდ ვერ შეაფასოს სწორი და არასწორი. ამის მაგალითია იოანეს 16:2-ში ჩაწერილი იესოს წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც ზოგიერთები ღვთის მსახურების დახოცვაზეც არ დაიხევდნენ უკან იმაში დარწმუნებულნი, რომ ასე ღმერთს შეუსრულებდნენ მსახურებას. სავლეს (მოგვიანებით მოციქული პავლე) სჯეროდა, რომ ღვთისადმი მოშურნეობას ავლენდა, როცა ქრისტეს მოწაფეების განადგურებას ლამობდა (სქ. 9:1; გლ. 1:13—16). იუდეველები, რომლებსაც ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა არ ჰქონდათ, შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, ამიტომაც ისინი ღვთის წინააღმდეგ იბრძოდნენ (რმ. 10:2, 3; ოს. 4:1—3; სქ. 5:39, 40). მხოლოდ ღვთის სიტყვით აღზრდილი სინდისის წყალობით შეუძლია ადამიანს, ცხოვრებისეული საკითხები სწორად შეაფასოს და ცვლილებები მოახდინოს (2ტმ. 3:16; ებ. 4:12). ქრისტიანმა ურყევი და სწორი ნორმებით ანუ ღვთის ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.
სუფთა სინდისი. ქრისტიანი იეჰოვას სუფთა სინდისით უნდა მიუახლოვდეს (ებ. 10:22). ის მუდამ უნდა ცდილობდეს, რომ ნებისმიერ საქმეში სუფთა სინდისი შეინარჩუნოს (ებ. 13:18). პავლე ამბობდა: „ყოველთვის ვცდილობ, გათვითცნობიერებული მქონდეს, რომ ცუდი არაფერი გავაკეთო ღვთისა და ადამიანების წინაშე“ (სქ. 24:16). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლე გამუდმებით ცდილობდა, თავისი ცხოვრება ღვთის სიტყვისა და ქრისტეს სწავლებისთვის შეესაბამებინა, რადგან იცოდა, საბოლოო ჯამში საკუთარი სინდისი კი არა, ღმერთი განსჯიდა (1კრ. 4:4). ბიბლიით განსწავლული სინდისით მოქმედება ზოგჯერ შეიძლება დევნის მიზეზი გახდეს. მაგრამ პეტრეს სიტყვები გვანუგეშებს: „თუ ვინმე ღვთის წინაშე თავისი სინდისის გამო იტანს მრავალ მწუხარებასა და უსამართლო ტანჯვას, ეს ღვთისთვის მისაღებია“ (1პტ. 2:19). წინააღმდეგობის დროს ქრისტიანს სუფთა სინდისი უნდა ჰქონდეს (1პტ. 3:16).
კანონი და მასში გათვალისწინებული ცხოველური შესაწირავები სინდისს სრულყოფილად ვერ განწმენდდა. აქედან გამომდინარე, ყოველმხრივ ბრალდაუდებლად თავს ვერავინ ჩათვლიდა. მაგრამ ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე მორწმუნეებს შეუძლიათ თავიანთი სინდისის განწმენდა (ებ. 9:9, 14). როგორც პეტრე ამბობს, კაცს გადარჩენისთვის სუფთა და შეუბღალავი სინდისი სჭირდება (1პტ. 3:21).
სხვების სინდისის გათვალისწინება. სინდისმა ყველაფრის სათანადოდ შეფასება რომ შეძლოს, ღვთის სიტყვის ზუსტი და საფუძვლიანი ცოდნაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება სუსტი აღმოჩნდეს ანუ მისი ხმა შეიძლება ადვილად ჩაიხშოს. ასეთი სინდისის პატრონი შეიძლება ადვილად განაწყენდეს სხვისი საქციელითა თუ სიტყვებით მაშინაც კი, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. პავლე აღგვიწერს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სუსტი სინდისის მქონეთ საჭმელ-სასმლისა თუ სხვადასხვა დღის აღნიშვნის მიმართ (რმ. 14:1—23; 1კრ. 8:1—13). მოწიფულ და სინდისგანსწავლულ ქრისტიანებს პავლე მოუწოდებდა, გაეთვალისწინებინათ სუსტი სინდისის მქონენი, მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვაზე არ ეფიქრათ და ყოველთვის საკუთარი სურვილისამებრ არ ემოქმედათ (რმ. 15:1). ვინც თანაქრისტიანის სუსტ სინდისს ჭრილობას აყენებს, „ქრისტეს წინააღმდეგ სცოდავს“ (1კრ. 8:12). პავლეს არ უნდოდა, სუსტი ძმა გაენაწყენებინა და მისი განსასჯელი გამხდარიყო, მაგრამ, თავის მხრივ, სუსტ ძმებსაც მოუწოდებდა, გაეთვალისწინებინათ სხვები და ცოდნისა და გამოცდილების მიღებით მოწიფულობისკენ ესწრაფათ. ამგვარად გაწაფული სინდისის წყალობით ისინი ადვილად არ განაწყენდებოდნენ და კრიტიკული თვალით არ დაუწყებდნენ სხვებს ყურებას (1კრ. 10:29, 30; რმ. 14:10).
შებღალული სინდისი. სინდისი შეიძლება ისე შეიბღალოს, რომ უწმინდური და უგრძნობი გახდეს. ამ შემთხვევაში ის ვერც განგაშს ატეხს და ვერც სანდო მეგზურობას გასწევს (ტიტ. 1:15). ასეთი ადამიანის ქმედებას მხილებისა და დასჯის შიში განსაზღვრავს და არა სუფთა სინდისი (რმ. 13:5). პავლეს მიერ მოხსენიებული დადაღული სინდისი დამწვრობით მიყენებულ ნაიარევს ჰგავს, რომელსაც ნერვული დაბოლოებების დაზიანების გამო მგრძნობელობა დაკარგული აქვს (1ტმ. 4:2). ასეთი სინდისის მქონე ადამიანი კარგსა და ცუდს ვერ არჩევს. ის არ აფასებს ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას, ეურჩება მას და თავის შებღალულ სინდისს ემონება. სინდისი ადვილად იბღალება. ამიტომ ყველა ქრისტიანი უნდა ესწრაფოს, რომ მის შემთხვევაშიც გამართლდეს საქმეების 23:1-ში ჩაწერილი სიტყვები: „ძმებო, დღემდე სრულიად სუფთა სინდისით დავდივარ ღვთის წინაშე“.